მთავარი,სიახლეები

პირველმა არხმა საშობაო წირვის უნებართვო ტრანსლირებისთვის აჭარის ტელევიზიას უჩივლა

31.03.2019
პირველმა არხმა საშობაო წირვის უნებართვო ტრანსლირებისთვის აჭარის ტელევიზიას უჩივლა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს“ ადმინისტრაციული გაფრთხილება მისცა საზოგადოებრივი მაუწყებლის [პირველი არხი] პირდაპირ ეთერში გასული საშობაო ლიტურგიის ტრანსლაციის განთავსებისთვის.

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას პირველმა არხმა მიმართა განცხადებით, რომლის თანახმად სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიომ“ 2019 წლის 6 და 7 იანვარს საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევით, ნებართვის გარეშე საკუთარ ეთერში განათავსა პირველი არხის პირდაპირ ეთერში გასული საშობაო ლიტურგიის ტრანსლაცია და ისე შეცვალა კადრი, რომ დაიკარგა პირველი არხის ლოგო. „ბათუმელების“ ინფორმაციით, გაცხადებას ხელს პირველი არხის გენერალური დირექტორი, ვასილ მაღლაფერიძე აწერს.

ეროვნული კომისიის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის მონიტორინგის თანახმად, საშობაო ლიტურგიის ტრანსლირებას სჭირდებოდა შესაბამისი ნებართვა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლისგან“.

21 თებერვალს გამართულ სხდომაზე, სადაც აღნიშნული საკითხი განიხილებოდა, „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ წარმომადგენელმა, ზვიად ქორიძემ განაცხადა, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ მიერ საშობაო ლიტურგიის ტრანსლირებისას არ დარღვეულია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი. აჭარის ტელევიზიის მიერ, ტრადიციულად განხორციელდა საშობაო ლიტურგიის ტრანსლირება, რა დროსაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში გამოყენებული იყო ასევე „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სიგნალი.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ წარმომადგენლის განმარტებით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ხორციელდება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში განთავსებული საშობაო ლიტურგიიდან ჩართვა, თუმცა სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“  წინა წლებში აღნიშნულთან დაკავშირებით საწინააღმდეგო მოსაზრება არ ჰქონია.

ზვიად ქორიძემ აღნიშნა, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ასევე ახორციელებს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ გადაცემ(ებ)ის გადაცემას საკუთარ ეთერში წინასწარი ნებართვის გარეშე, რაზეც არასდროს ტელევიზიას პრეტენზია არ განუცხადებია, ვინაიდან ორივე არხი არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, დაფინანსებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან და საქმე ეხება საზოგადოებისთვის დიდი მნიშვნელობის მქონე ღონისძიებას, რომლის გადაღება/პირდაპირ ეთერში ტრანსლირება არ წარმოადგენს რომელიმე არხის მიერ მოპოვებულ ექსკლუზიურ უფლებას.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებში აღნიშნულია, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე არ დაკისრებია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მსგავსი/ანალოგიური სამართალდარღვევისთვის, ამიტომაც მაუწყებელს  უნდა დაეკისროს გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

საბოლოოდ, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ მიეცა გაფრთხილება „ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის” ბერნის კონვენციის  მე-11bis  მუხლის, „საავტორო უფლებების შესახებ” ისმო-ს ხელშეკრულების მე-8 მუხლის, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტის, 37-ე, 38-ე და 42-ე მუხლების, 50-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ა) ქვეპუნქტის დარღვევის გამო.

„პირველმა არხმა“ საშობაო წირვის უნებართვო ტრანსლირებისათვის „პალიტრა TV“-საც უჩივლა, რომელსაც კომისიამ ასევე გაფრთხილება მისცა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: