ქალაქი ქალაქში – თევზის სამყარო „მელკიმორიაზე”


ბათუმშიც, ისევე როგორც სხვა ზღვისპირა ქალაქებში, როცა ადგილობრივი გემოების აღმოჩენაზე ფიქრობ, ზღვის პროდუქტები გახსენდება, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ქალაქში თევზის ბევრი რესტორანია, სადაც მხოლოდ ზღვის პროდუქტებისგან დამზადებული კერძების მრავალფეროვნებაა. თუ სტამბოლში ბოსფორის სანაპიროზე გალათას ხიდთან გისეირნიათ, აუცილებლად მოგხვდებოდათ თვალში სანაპიროზე გამწკრივებული უამრავი ღია კაფე, სადაც იქვე წვავენ ახალდაჭერილ თევზს. ასეთი კაფე და რესტორანი სტამბოლში უამრავია, თევზი იქ ბათუმისგან განსხვავებით ერთ-ერთი ყველაზე იაფი პროდუქტია და კვირაში ერთხელ რესტორანში გრილზე შემწვარი ორაგულის მირთმევა საშუალოსტატისტიკური სტამბოლელისთვის ერთგვარი ჩვევაც კია.

უცნაურია, მაგრამ ზღვისპირა ბათუმში ასე არ არის.

თუმცა ზღვის პროდუქტების მოყვარულებმა ბათუმში იციან სადაც უნდა მიაშურონ: „მელკიმორიას“ უბანში, თევზის ბაზრობაზე. აქ ახლა გაზაფხულზე 15-მდე სახეობის თევზი იყიდება – როგორც შავ ზღვაში დაჭერილი, ასევე აუზის თევზები. ყველაზე ძვირად ბათუმის თევზის ბაზრობაზე შავი ზღვის კამბალა ფასობს – კილოგრამის ფასი 60 ლარია, შავ ზუთხს 30 ლარად იყიდით. ყველაზე იაფი ბაზარზე ამჯერად საშუალო ზომის ბარაბულია – 8 ლარი ღირს, მოზრდილები კი 15 ლარი.

თევზის ფასები ბაზრობაზე (2019 წლის მარტის მონაცემებით)

ზუთხი – 30 ლ.

კამბალა – 60 ლ.

პატარა ბარაბული 8 ლ.

დიდი ბარაბული – 15 ლ.

დორადო – 22 ლ.

მოლუსკები – 10 ლ.

ზღვის ორაგული – 22 ლ.

აუზის ორაგული – 15 ლ.

სტავრიდა – 10 ლ .

კალმახი – 12 ლ.

მერლანგი – 8 ლ.

სარგანი – 30 ლ.

კიბორჩხალა – თითო ცალი 1 ლ.

კრევეტები – თითო ცალი 3 ლ.

                                            

შავი ზღვის კამბალა ბათუმის თევზის ბაზრობაზე

ბაზრობა დიდი არ არის, მაგრამ თავისი შემოგარენით პატარა ქალაქს მოგაგონებთ: თევზის გამყიდველებით, თევზის მრეცხავებითა და მწმენდავებით, ბაზრობის უკან, სანაპიროზე განლაგებული მეთევზეების ფარდულებით და ახლომახლო თევზის კაფეებით.

75 წლის ნათელა მარკოიძემ 20 წლის წინ დაიწყო თევზის გაყიდვა. მისი ქმარ-შვილი მეთევზეები არიან. დილით ბადეებს კიდებენ ზღვაში, მეორე დღეს უკან თევზით ბრუნდებიან. ნათელა ამ თევზს რეცხავს და დახლებზე მწყობრ მწკრივებად ალაგებს.

გარეცხე, გაყიდე, შეალაგე, გამოალაგე, გაავლე – რთულია აქ მუშაობა. მთელი ოჯახი ამ შრომაში ვართ ჩართული“, – ამბობს ნათელა მარკოიძე.

ნათელა მარკოიძე, მოვაჭრე თევზის ბაზრობიდან

ეთერ მაჭუტაძეც თევზით ვაჭრობს, 26 წელია ბაზრობაზე მუშაობს. გვეუბნება, რომ ბათუმელების საყვარელი თევზი სტავრიდაა, რომელიც დიდი ზომით არ გამოირჩევა, მაგრამ ქორჭილასებრთა ჯიშის ეს თევზი უგემრიელესია. როგორც ეთერი გვიხსნის, არსებობს მუდმივი და  სეზონური თევზის ჯიშები: „ლიფორი, მაგალითად, მხოლოდ სექტემბერ-ოქტომბრის თევზია, მერე აღარ არის, ახალდაჭერილი სკუმბრია მხოლოდ ნოემბერში, დეკემბერსა და იანვარში გვაქვს. კეფალს, სტავრიდას და ბარაბულს კი ბათუმის თევზის ბაზრობაზე ყოველთვის ნახავთ, მთელი წელი იჭერენ“.

ეთერ მაჭუტაძე

იშვიათად ნახავთ, რომ თევზი ამ ბაზრობიდან მყიდველმა გაუსუფთავებლად წაიღოს. კილო თევზის გაწმენდა 1 ლარი ღირს. ბაზრობას 7 – 10 თევზის გამსუფთავებელი ემსახურება, თევზის გამყიდველებთან ერთად ისინი აქ ყოველ დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით დილის რვიდან საღამოს 10, 11 საათამდე მუშაობენ.

ნარგიზ ბერიძეც თევზის გამსუფთავებელია, თევზს ზამთარ-ზაფხულ ცივი წყლით რეცხავს და წმენდს, ოდნავ თბილი წყალიც კი თევზის ნაზ ხორცს აზიანებს. ნარგიზ ბერიძე ამბობს, რომ ყველა, ვინც აქ ყიდულობს თევზს, მის ადგილზევე გაწმენდას არჩევს. ასე გროვდება დღის მანძილზე თითო ლარით შეგროვებული მისი შემოსავალი.

ბაზრობაზე ნაყიდ ახალდაჭერილ თევზს ტურისტები და ბათუმელები ხშირად აქვე აწვევინებენ და მიირთმევენ. ბაზრობასთან ახლოს რამდენიმე ასეთი კაფეა, სადაც წელიწადის ნებისმიერ დროს ხალხმრავლობაა.

ნარგიზ ბერიძე

„ისრაელიდან ჩამოსულები, იაპონელები, უკრაინელები, გერმანელები და ჩინელები – ყველა ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტები გვსტუმრობენ, მოაქვთ თევზი და ვუწვავთ, როგორც გაუხარდებათ, ან ჩვენ ვთავაზობთ ჩვენსას, რა თქმა უნდა, ყოველთვის ახალ თევზს“, – ამბობს ,,მელკიმორიას“ თევზის ერთ-ერთი რესტორნის შეფ-მზარეული, მზია თავდგირიძე და ძალიან სასარგებლო თევზის წვნიანის, უხას კეთებისას დასაცავ აუცილებელ წესებს გვაცნობს: საუკეთესო უხა დიდი ჯიშის თევზის ასორტისგან გამოდის, ან მხოლოდ ორაგულისგან. თევზი არ უნდა ჩაიშალოს და წვნიანს მწვანილებიდან მხოლოდ ნიახურის რამდენიმე ღერს თუ დავამატებთ. უხასთან ერთად, გემოს გასამრავალფეროვნებლად შეგვიძლია მთლიანი სტაფილო და ცოტა კარტოფილიც მოვხარშოთ.

თევზის პატარა ქალაქში ყველაზე დატვირთული დღე პარასკევია, ამ დროს უამრავი მყიდველი და სტუმარი ირევა თევზის ბაზარში და მის ახლომახლო რესტორნებში.

რა უპირატესობა აქვს აქ ზღვის პროდუქტების დაგემოვნებას? ის, რომ კრევეტებს და შემწვარ თევზს ზღვის პირას მიირთმევთ, მეთევზეების ფარდულებს და ნავებსაც შეავლებთ თვალს და ნახავთ, რომ ბათუმის თევზის ბაზრობა არის ქალაქში – პატარა ქალაქი, რომელიც სულ თევზის სუნითაა გაჟღენთილი, სურნელით, რომელიც ცოტათი მაინც ასდის ხოლმე ყველა ზღვისპირა ქალაქს, სურნელით, რომელიც ზოგს სძულს, ზოგს კი ძალიან უყვარს.

მეთევზე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თამარ ნერგაძე არის "ბათუმელების" რეპორტიორი 2017 წლის ოქტომბრიდან