მთავარი,სიახლეები

1,6 მილიონი ლარის ზარალი ბიუჯეტს – ბათუმის მერია „ბაზისბანკს“ სასამართლოში უჩივის

31.03.2019 • 3325
1,6 მილიონი ლარის ზარალი ბიუჯეტს – ბათუმის მერია „ბაზისბანკს“ სასამართლოში უჩივის

„იაფი სახლის“ მშენებლობის საწყის ეტაპზე ბათუმის ბიუჯეტს, ოფიციალური მონაცემებით, 1 644 341 ლარის ზიანი მიადგა. ქალაქის მერია ამ თანხის ანაზღაურებას სასამართლოში „ბაზისბანკისგან“ ითხოვს.

„იაფი სახლის“ მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია „კონვენტ ჯორჯია“  2016 წელს, მას შემდეგ გაუჩინარდა, როცა მერიას მისთვის ავანსად 1 430 342 ლარი უკვე გადარიცხული ჰქონდა. შესაბამის ტენდერში წარდგენილი საბანკო გარანტია ფორმალურად ავიზირებული იყო სს „ბაზისბანკის“ მიერ. გარანტორი კი ბრიტანული კომპანია POINT BANK Ltd-ი იყო.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამზადებელი სხდომა 2019 წლის 2 აპრილსაა ჩანიშნული, თუმცა ამავე სხდომაზე ბათუმის მერიამ დამატებითი ვადის დაწესება უნდა მოითხოვოს შესაბამისი მტკიცებულებების წარსადგენად. მტკიცებულებების მოსაპოვებლად კი ბათუმის მერიას დამატებით 2 500 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი [დაახლოებით 10 ათასი ლარი] დასჭირდება, შპს „ფლექსიჯობსთან“ შესაბამისი ხელშეკრულების ტენდერის გარეშე გასაფორმებლად.

„ფლექსიჯობსთან“ ამავე თანხაზე [მაშინ – დაახლოებით 10 489 ლარი] იურიდიული მომსახურების მიზნით ხელშეკრულება მერიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით, ადრეც, 2017 წელსაც გააფორმა.

ეს ხელშეკრულება ბათუმის მერიის ინფორმაციით: „მიზნად ისახავდა იმის გარკვევას, თუ რამდენად პერსპექტიული იქნებოდა POINT BANK-ის მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების დაწყება დიდ ბრიტანეთში, კერძოდ, მიმწოდებლის მიერ უნდა გადამოწმებულიყო ინფორმაცია რამდენად ასრულებდა აღნიშნული ბანკი თავის ვალდებულებებს, გააჩნდა თუ არა ქონება და საწესდებო კაპიტალი იმისათვის, რომ მომხდარიყო საბანკო გარანტიების ფარგლებში გადასახდელი თანხების ამოღება. „ფლექსიჯობსიდან“ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე კი, ჩვენთვის მოულოდნელად დადგინდა, რომ POINT BANK არ წარმოადგენდა ისეთ სუბიექტს, რომელიც უფლებამოსილი იყო გაეცა საბანკო გარანტია [ მეტიც, არ წარმოადგენდა არც საბანკო დაწესებულებას და არც სხვა საფინანსო ინსტიტუტს].“

სწორედ ამის შემდეგ შეიტანა მერიამ სარჩელი სასამართლოში „ბაზისბანკის“ წინააღმდეგ. თუმცა, როგორც ბათუმის მერიის მიერ შესყიდვების სააგენტოში გაგზავნილ ინფორმაციაშია აღნიშნული: „ამ საქმეზე, ჩვენთვის მოულოდნელად, სს „ბაზისბანკმა“ წარმოდგენილი შესაგებლით განმარტა, რომ შპს „ფლექსიჯობსის“ მიერ მერიისთვის მიწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს მათ სუბიექტურ შეხედულებას და აღნიშნულით არ დასტურდებოდა ის გარემოება, რომ POINT BANK-ი არ წარმოადგენდა უფლებამოსილ სუბიექტს, გაეცა საბანკო გარანტიები [ანუ სს „ბაზისბანკისათვის“ არა თუ გარანტიების ავიზირებისას, არამედ დღესაც უცნობია, წარმოადგენდა და წარმოადგენს თუ არა „პოინტ ბანკი“ საბანკო დაწესებულებას ან ისეთ საფინანსო ინსტიტუტს, რომელიც უფლებამოსილი იქნებოდა, გაეცა საბანკო გარანტია“.

მერიის მიერ შესყიდვების სააგენტოში წარდგენილ განაცხადში აღნიშნულია, რომ „ფლექსიჯობსთან“ ამჯერად ხელშეკრულება სწორედ მტკიცებულებების მოსაპოვებლად უნდა გაფორმდეს.

„საქმე ეხება დიდი ბრიტანეთის შესაბამის უწყებებთან კონსულტაციების წარმოებას შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, რომ „პოინტ ბანკი“ არ წარმოადგენს არც საბანკო დაწესებულებას და არც სხვა რაიმე საფინანსო ინსტიტუტს. შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტების მოპოვების მიზნით, სათანადო ღონისძიებების განხორციელება აუცილებლად მოითხოვს დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობისა და ენის ცოდნას, ასევე, დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო და სასამართლო დაწესებულებებთან ურთიერთობის პრაქტიკულ გამოცდილებას. გარდა აღნიშნულისა, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მერიასა და შპს „ფლექსიჯობს“ შორის არსებობს საქმიანი გამოცდილება და ამასთან, აღნიშნული კომპანია უკვე იცნობს საქმეს,“ – აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

მტკიცებულებების მოსაპოვებლად კი საჭიროა:

[checklist]

  • შესაბამისი კონსულტაციების წარმოება დიდი ბრიტანეთის ცენტრალურ ბანკთან და საფინანსო ზედამხედველთან „პოინტ ბანკის“ თაობაზე ოფიციალური მასალების მისაღებად; დიდი ბრიტანეთის საფინანსო ზედამხედველისაგან ოფიციალური ცნობის მოძიება იმის თაობაზე, რომ „პოინტ ბანკი“ არ არის რეგისტრირებული როგორც რაიმე საფინანსო ინსტიტუტი;
  • დიდი ბრიტანეთის ცენტრალური ბანკიდან ოფიციალური ცნობის მოძიება იმის თაობაზე, რომ „პოინტ ბანკი“ არ არის რეგისტრირებული როგორც ბანკი; დედანი დოკუმენტების [ინგლისურ ენაზე] ქ. ბათუმის მერიაში გადაგზავნა დაზღვეული ფოსტის მეშვეობით;
  • „აპოსტილის შესახებ“ ჰააგის 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენციის გათვალისწინებული წესების თანახმად, მოპოვებული დედანი დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში;
  • ოფიციალური თარგმანისა და დამოწმების გაფორმება მოპოვებულ დოკუმენტებზე.

[/checklist]

ამ ყველაფრისთვის „ფლექსიჯობსთან“ უნდა გაფორმდეს ხელშეკრულება სავარაუდო ღირებულებით – 2500 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი.

ბათუმის მერიის მიერ „იაფი სახლის“ მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერის საკითხი სახელმწიფო აუდიტის მასალებშიც მოხვდა.

„მერიის შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირების მხრიდან, გადაწყვეტილებების მიღების დროს, გარემოებათა არაჯეროვანი გამოკვლევისა და მოსალოდნელი რისკების შეუფასებლობის გამო, მუნიციპალიტეტს მიადგა არანაკლებ 1 430 342 ლარის ზიანი“, – აღნიშნული იყო აუდიტის ანგარიშში.

დეტალურად ამ თემაზე:

დაკარგული 1,4 მილიონი – „იაფი სახლის“ პროექტში გარანტორ ბანკს შემოსავლები არ ჰქონდა 

„იაფი სახლის“ აუდიტის მასალები მთავარ პროკურატურაშიცაა გადაგზავნილი. 

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, ქალაქის მერიამ ე.წ. იაფი სახლის მშენებლობა მეორედ დაიწყო. ორი კორპუსის მშენებლობის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „მტმ“-ი ასრულებს. მასთან მერიამ ხელშეკრულება 2 349 999 ლარზე გააფორმა.

დამატებით კიდევ ორი „იაფი სახლის“ მშენებლობაზე მერიამ ცალკე ტენდერი 2,4-მილიონი ლარით გამოაცხადა. ამ ტენდერში გამარჯვებულ შპს „ქრიათივ იმფრეშენს კავკასუს“-თან ხელშეკრულება 2 317 747 ლარზე 2019 წლის 22 მარტს გაფორმდა. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: