Batumelebi | ბათუმში ქიმიური ტერმინალის მოწინააღმდეგეები აქციას მართავენ ბათუმში ქიმიური ტერმინალის მოწინააღმდეგეები აქციას მართავენ – Batumelebi
RU | GE  

ბათუმში ქიმიური ტერმინალის მოწინააღმდეგეები აქციას მართავენ

ამ წუთებში [15:30] ბათუმში, „ვარდების სკვერში“, იმ მოქალაქეების საპროტესტო აქცია იმართება, რომლებიც ბათუმის პორტში ქიმიური ტერმინალის მშენებლობის წინააღმდეგნი არიან.

ბათუმის მერიისა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლების განმარტებების მიუხედავად, საზოგადოების ნაწილი ქიმიური ტერმინალის ფუნქციონირებაში საფრთხეებს ხედავს. მათი აზრით, ქიმიური ნივთიერებები, რომელთა გადაზიდვაც დახურული წესით უნდა მოხდეს, მაინც გამოიწვევს ჯანრთელობისთვის საშიში გარემოს შექმნას ქალაქის მცხოვრებლებისთვის.

საპროტესტო აქცია ვარდების სკვერში ქიმიური ტერმინალის წინააღმდეგ.

„ჩვენთვის ის განმარტებები, რაც მთავრობამ გააკეთა, საკმარისი არ არის. ჩვენ მათ არ ვენდობით. ამბობენ, რომ კარბამიდს შემოვიტანთ მხოლოდო, მაგრამ ეს არის მულტიმოდალური ტერმინალი და შემდეგ მოხდება სხვა ქიმიური ნივთიერებების შემოტანაც, რაც ჯანმრთელობისთვის მავნეა“, – ამბობს აქციის მონაწილე ელენე სურგულაძე.

კიდევ ერთი მონაწილე ზაალ ლუხუტაშვილი ამბობს, რომ ჯანმრთელობისთვის ნებისმიერი ქიმიური ტერმინალია სახიფათო. „ეგვიპტეში, ჩინეთშიც აფეთქდა მსგავსი ქიმიური ტერმინალები. ის, რომ კარბამიდი საშიში არ არის, ზღაპარია და არ გვჯერა“.

კიდევ ერთი მონაწილე გელა გორგაძე, რომელიც ამბობს, რომ აქციის გამო სოფელ ჭარნალიდან ჩამოვიდა, წინააღმდეგია ქიმიური ტერმინალის მშენებლობის.

ქიმიური ტერმინალის საწინააღმდეგო აქცია ვარდების სკვერში.
ფოტო: ლელა დუმბაძის

„ტერმინალი გამოიწვევს ჯათნმრელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს… ელემენტარულ პრობლემებს ვერ აგვარებენ და ეს ტერმინალიც არის საშიშროების შემცველი“,- ამბობს გელა გორგაძე.

ბათუმში ახალი ქიმიური ტერმინალის მშენებელობას აჭარის მთავრობასა და ამერიკულ  კორპორაცია Tramm0-სა და Wondernet Exspress Investment Group-ს შორის 14 იანვარს მოეწერა ხელი. ქიმიური ტერმინალის მოწინააღმდეგეთა საპასუხოდ, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ვლადიმერ მგალობლიშვილმა, ნივთიერება კარბამიდი, რომელიც უნდა გადაზიდონ ახალი ტერმინალის გავლით, პირდაპირ ეთერში შეჭამა იმის სადემონსტრაციოდ, რომ აღნიშნული ნივთიერება ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიში არ არის.

ქიმიური ტერმინალის საწინააღმდეგო აქცია ვარდების სკვერში.
ფოტო: ლელა დუმბაძის

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com