კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

„სილქ როუდ ჯგუფის“ ბრიფინგი ძველი ბათუმის დამცველების ბრიფინგის საპასუხოდ

29.03.2019 • 2679
„სილქ როუდ ჯგუფის“ ბრიფინგი ძველი ბათუმის დამცველების ბრიფინგის საპასუხოდ

დღეს, 29 მარტს, „ბათუმი რივიერას“ დირექტორმა, გიორგი კაპანაძემ, ბრიფინგი გამართა. იგი საინიციატივო ჯგუფ „დაიცავი ბათუმისა“ და საზოგადოება „ბათომის“ მიერ დღეს გავრცელებულ ბრიფინგს გამოეხმაურა. მისი თქმით, „ბათუმი რივიერას“ პროექტთან დაკავშირებით ვრცელდება არასწორი ან არასაკმარისი ინფორმაცია და მან აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელსა და ნებისმიერ დაინტერესებულ მედიას ამ თემაზე დისკუსიის გამართვა შესთავაზა.

„ბათუმი რივიერას“ დირექტორის განცხადებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ კი „რივიერას“ ტერიტორია ისტორიული დაცვის ზონაში მოექცევა, მათ მიერ წარმოდგენილი პროექტი კანონის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს.

„საზოგადოებრივი ორგანიზაციები ამბობენ, რომ ამ ტერიტორიაზე უნდა გავრცელდეს ისტორიული დაცვის ზონა და ეს პროექტი აღარ აშენდება. რომც ჰქონდეს დღეს ამ ტერიტორიას ისტორიული დაცვის ზონის სტატუსი, პროექტი, რომელიც ჩვენ მოვამზადეთ, არ ეწინააღმდეგება კანონს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.

კანონში წერია, რომ ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონაში მშენებლობა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საპროექტო ობიექტის კონფიგურაცია, პროპორციები და გეგმარებითი სტრუქტურა შეესაბამება საპროექტო ტერიტორიის ირგვლივ ისტორიულად ჩამოყალიბებულ ტიპს. ისტორიულად არ ნიშნავს პრეისტორიულ, დინოზავრების ხანას. ეს ტერიტორია ყოველთვის იყო განაშენიანებული, აქ იყო გემთსარემონტო ქარხანა და ბარაკები, შემდეგ დაანგრიეს ეს ყველაფერი და ამ ტერიტორიის ირგვლივ აშენდა „პორტა ბათუმი“, ყოფილი უნივერსიტეტის შენობა, სხვა მაღლივი შენობები… განაშენიანების მასშტაბი, რაც აქ გვაქვს, უკვე არის საკმაოდ მაღალი. ჩვენს ტერიტორიაზე არაფერი არ დგას, კანონს ჩვენ არ ვარღვევთ,“ – განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

მან ხაზგასმით თქვა, რომ სხვა კომპანიებისგან გასხვავებით, „სილქ როუდ ჯგუფი“ არ ითხოვს K2 კოეფიციენტის მომატებას და ზონის სტატუსის ცვლილებას.

კითხვას, როგორია კომპანიის პოზიცია, უნდა შედიოდეს თუ არა რივიერას ტერიტორია ძველი ბათუმის ისტორიული განაშენიანების ზონაში, გიორგი კაპანაძემ უპასუხა, რომ მას არ მიაჩნია, რომ ეს ტერიტორია უნდა შედიოდეს ამ ზონაში. „მაგრამ თუ სპეციალისტებს სხვაგვარად მიჩნიათ, კი ბატონო. ამ შემთხვევაშიც არ ვარღვევთ ჩვენ კანონს და გვაქვს იმ მშენებლობის განხორციელების უფლება, რომელიც წარმოვადგინეთ,“ – დასძინა მან.

გიორგი კაპანაძემ ასევე განაცხადა, რომ კომპანია არ განიხილავს სხვა, ალტერნატიულ ვარიანტს, ცვლილებებს პროექტში ან პროექტის სხვა ადგილას განხორციელებას.

„ჩვენ რომ ვიყოთ ათი წლის წინანდელ ბათუმში, ეს პროექტი სხვაგვარი იქნებოდა, ამის დასტურია სასტუმრო „რედისონი“. მაშინაც შეგვეძლო აგვეშენებინა „პორტა ბათუმის“ ხელა, რა გვიშლიდა ხელს, მაგრამ მაშინდელი ბათუმი სხვანაირი იყო და ჩვენი ქმედება იყო ადეკვატური. დღეს რეალობა შეცვლილია, თავს ვერ მოვიტყუებთ, რომ დღეს ბათუმი არის დაბალი განაშენიანების ქალაქი,“ – განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

„სილქ როუდ ჯგუფს“ ბათუმის მერიაში უკვე წარდგენილი აქვს ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმა, თუმცა კომპანიას მერიისგან პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. გიორგი კაპანაძე ამბობს, რომ არ იცის, რა არის ამის მიზეზი.

„ოფიციალურად წერილი არაერთხელ გავგზავნე და პასუხი არ მიმიღია. ვითხოვთ [გრგ] გადაიგზავნოს საკრებულოში, რატომ ჩერდება ეს პროცესი, არ ვიცი. გვინდა მივიღოთ პასუხი, ვინ სად რა თქვა, მე ამაზე ვერ ვილაპარაკებ. მინდა ვიცოდე უწყების ოფიციალური პოზიცია… მე მინდა დისკუსია გაიმართოს, თუ კი ვინმე დასაბუთებულ არგუმენტს გვეტყვის, მაშინ ჩვენ გავითვალისწინებთ,“ – განაცხადა მან.

კითხვას, ვისგან ელის არგუმენტებს, გიორგი კაპანაძემ უპასუხა, რომ პროფესიონალებისგან: „ურბანისტები და არქიტექტორები. მე არ ვამბობ, რომ ჩემ მიერ მოყვანილი ექსპერტები უნდა განიხილავდნენ ამას. აი, არსებობს არქიტექტორთა კავშირი…“

მან ასევე განაცხადა, რომ ტერიტორიის შესასწავლად 2018 წელს “სილქ როუდ ჯგუფმა” აჭარის არქეოლოგიის ინსტიტუტთან ხელშეკრულება გააფორმა და ჩატარდა სამუშაოები, რომლის შედეგადაც ისტორიული შენობის კვალი არ აღმოჩნდა.

„სილქ როუდ ჯგუფის“ საკუთრებაში არსებული ტერიტორია, ე.წ. რივიერა, ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონებში უნდა მოექცეს – ეს რეკომენდაცია კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ საბჭოს ეკუთვნის, რომელმაც ზონები უნდა დაამტკიცოს. უკვე დამტკიცებულ ზონაში კი დასაშვებია მხოლოდ იმ მასშტაბის მშენებლობები, რომელთა არსებობაც იქ ისტორიულად დადასტურებულია. შესაბამისად, უფრო მასშტაბურ პროექტებზე ზონის საზღვრებში ბათუმის მერია ნებართვას ვეღარ გასცემს.

დღეს საინიციატივო ჯგუფმა „დაიცავი ბათუმი“ და საზოგადოება „ბათომმა“ საქართველოს პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს და ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს ღია წერილით მიმართეს. ძველი ბათუმის დამცველები მოითხოვენ ბათუმის მერმა დაუყონებლივ გააგზავნოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონების  დამტკიცებასთან დაკავშირებული დოკუმენტები კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში.

„დაიცავი ბათუმი“ და საზოგადოება „ბათომი“ თითქმის წელია აქტიურად ვითხოვთ რივიერას ტერიტორია მოექცეს ბათუმის ისტორიული ზონის საზღვრებში, რომელიც სპეციალისტების კვლევითაა დადგენილი. ჯერჯერობით სახეზეა მხოლოდ ზეპირი განცხადებები, რომ „სილქ როუდ ჯგუფის“ დაანონსებული ცათამბჯენები „სავარაუდოდ“ ვერ აშენდება“ – აღნიშნულია ღია წერილში.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: