ბათუმში ბრიტანეთის საზღვაო ძალების ხომალდი შემოვიდა

დღეს, 29 დეკემბერს, ბათუმის პორტში ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების ჰიდროგრაფიული ხომალდი HMS ECHO შემოვიდა.  დახვედრის ცერემონიალი მე-10 ნავმისადგომზე გაიმართა. ბრიტანული გემი ბათუმის პორტში პირველად იმყოფება.

ბრიტანული ხომალდის ეკიპაჟს პორტში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე დახვდა.

სტუმრებს პორტში დახვდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე. შესრულდა საქართველოსა და ბრიტანეთის სახელმწიფო ჰიმნები. ფოლკლორულმა ანსამბლმა ხალხური ცეკვები შეასრულა, ვაჟთა გუნდმა კი „მრავალჟამიერი“ იმღერა.

ბრიტანელ სტუმრებს ქართული ღვინო მიართვეს.

ბრიტანელ სტუმრებს ქართული ღვინით გაუმასპინძლდნენ.
ფოტო: ლელა დუმბაძის

როგორც ბრიტანული მხარე აცხადებს, HMS ECHO-ს შავი ზღვის აკვატორიაში შემოსვლა  დიდი ბრიტანეთის მიერ საერთაშორისო წყლებში თავისუფალი ნავიგაციის პრინციპების მხარდაჭერას უკავშირდება. „აღნიშნული ვიზიტით, დიდი ბრიტანეთი გამოხატავს შავი ზღვის უსაფრთხოების მტკიცე მხარდაჭერას“.

ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების ჰიდროგრაფიული ხომალდი HMS ECHO ბათუმში.

„ბათუმი ტრადიციულად მასპინძლობს ჩვენი სტრატეგიული პატრნიორების გემებს როგორც ევროკავშირის, ასევე, დიდი ბრიტანეთიდან და ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს დინამიკურ და ღრმა ურთიერთობებს, რომელიც ჩვენ გვაქვს ევროპის ქვეყნებთან“-განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

გემი ძირითადად პატრულირებს შავი ზღვის აკვატორიაში და როგორც თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, ეს არის გეგმიური ვიზიტი.

ბრიტანული გემი შავი ზღვის აკვატორიაში პატრულირებს.

ორი ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე

დღეს, 29 დეკემბერს, დილით, ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ორი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. პირველი ავარიის დროს ერთი ადამიანი დაშავდა.

როგორც შსს-ში „ბათუმელებს“ უთხრეს, პირველ შემთხვევაში გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება.

მეორე ავარიის დროს კი, როგორც შსს-ში აცხადებენ, არავინ დაშავებულა და გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მუხლით წარმოებს.

როგორც ერთ-ერთმა მოქალაქემ „ბათუმელებს“ უთხრა, შემოვლით გზაზე არა ორი, არამედ სამი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დილით. „პირველი შემთხვევა იყო ქობულეთთან ახლოს და ჩვენ როცა გამოვიარეთ, უკვე იღებდნენ ავტომანქანის ნამსხვრევებს, მეორე შემთხვევა ხიდთან ახლოს მოხდა, ავტომანქანა იყო გადავარდნილი და სულ ტალახში იყო ამოსვრილი და ამოყავდათ, მესამე კი მახინჯაურს რომ ვუახლოვდებით, იქ იყო“.

მოქალაქის თქმით, ავტობანზე გზის გარკვეული მონაკვეთები მოყინულია და საკმარისად არ არის დაცული უსაფრთოება. მოქალაქის თქმით, შემოვლითი გზაზე გარკვეული ხნით მოძრაობა შეჩერებული იყო.

როგორც შსს-ში გვეუბნებიან, გზის გადაკეტვა ავარიებმა გამოიწვია. „ნაავარიები ავტომანქანები სანამ გადაჰყავდათ, უსაფრთხოების მიზნით სხვა გზაზე გადართეს მოძრაობა. როგორც კი გადაიყვანეს ავტომანქანები, მოძრაობა აღდგა“.

ბათუმში 8 ქუჩის კეთილმოწყობა გადაიდო – სასამართლომ მერიის ტენდერი შეაჩერა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ქალაქის მერიის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამმართველოს ტენდერი შეაჩერა. სასამართლოს ამ მოთხოვნით კომპანიამ „ზიმო 7“ მიმართა, რომელიც მიიჩნევს, რომ ტენდერში გამარჯვებულად სხვა კომპანია უსამართლოდ გამოაცხადეს.

8 ქუჩის კეთილმოწყობაზე ტენდერი ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამმართველომ ივლისში გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 6 მილიონ 587 866 ლარი იყო. ამ ტენდერზეა დამოკიდებულია შემდეგი ქუჩების მოწესრიგება: ბაგრატიონის შესახვევი, გურამიშვილის ქუჩა, გურამიშვილის შესახვევი, მელიქიშვილის I შესახვევი, ოსტროვის I შესახვევი, სააკაძის ქუჩა, სააკაძის შესახვევი, ჩოლოყაშვილის II შესახვევი.

ელექტრონულ ტენდერში ორი კომპანია – „დაგი“ და „ზიმო 7“ მონაწილეობდა. ქუჩების კეთილმოწყობას „დაგი“ 6 294 702 ლარად სთავაზობს მერიას, ხოლო „ზიმო 7“ – 6 521 175 ლარად. დაბალი ფასის მიუხედავად, კომპანია „დაგი“ თავდაპირველად გამარჯვებულად არ გამოაცხადეს – მას სატენდერო კომისიამ დისკვალიფიკაცია მისცა, რადგან მას საბიუჯეტო დავალიანება ჰქონდა. „დაგმა“ მერიის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭოში გაასაჩივრა. აქ მისი მოთხოვნა დააკმაყოფილეს.

დავების საბჭოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამმართველოს სატენდერო კომისიამ გადაწყვეტილება შეცვალა და „დაგი“, რომელსაც ადრე დისკვალიფიკაცია მისცა, გამარჯვებულად გამოაცხადა და ხელშეკრულების გასაფორმებლად მიიწვია.

„ჩვენ ვითხოვთ სასამართლოში იმ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას, რომლითაც „დაგი“ გამოცხადდა გამარჯვებულად,“ – ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი, კომპანია „იურიდიული მრჩევლის“ ხელმძღვანელი. ის სასამართლოში „ზიმო 7“-ის ინტერესებს იცავს.

სასამართლოში „ზიმო 7“-მა დავის დასრულებამდე სატენდერო პროცედურების შეჩერება მოითხოვა, რადგან თუკი კომპანია „დაგი“ ხელშეკრულების პირობებს შეასრულებდა, სასამართლოს გადაწყვეტილება აზრს დაკარგავდა. მოსამართლე ირაკლი შავაძემ „ზიმო 7“-ის ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა. სასამართლო დავის დასრულებამდე ხელშეკრულებას ბათუმის მერია კომპანია „დაგთან“ ვეღარ გააფორმებს.

„ზიმო 7“ სასამართლოში საქმის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს. ეს, სავარაუდოდ, საქმის ერთ თვეში განხილვას გულისხმობს.

„ჩვენი მიმართვის შემდეგ ამ პროცესში ჩაერთო ბიზნესომბუდსმენი, რომელმაც გამოსცა რეკომენდაცია და დადასტურებულად ჩათვალა ის სადავო საკითხი, რომ კომპანიას ერიცხებოდა დავალიანება. ამ საკითხის მოკვლევა ასევე დაიწყო სახალხო დამცველმა. ამის მიუხედავად, დავების საბჭომ მაინც ჩათვალა, რომ ჩვენი მოთხოვნა არ იყო დასაბუთებული,“ – გვითხრა გიორგი ხიმშიაშვილმა.

„ზიმო 7“-ის მოპასუხე სასამართლოში შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭოა, ასევე ბათუმის მერია. გიორგი ხიმშიაშვილის აზრით, მერიის სამმართველოს დავების საბჭოს გადაწყვეტილების მიუხედავად, შეეძლო განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, რადგან დავების საბჭო მერიის ზემდგომი ორგანო არ არის.

სასამართლო პროცესში ჩართული იქნება კომპანია „დაგიც“, როგორც დაინტერესებული პირი. ამ კომპანიაში გვითხრეს, რომ კომენტარს ვერ გააკეთებენ, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ ჩაჰბარებიათ. სატელეფონო გასაუბრების დროს კომპანიის იურისტმა თქვა ისიც, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება უპრეცედენტოა, რადგან აქამდე არ შეჩერებულა ის ტენდერი, სადაც გამარჯვებული უკვე გამოცხადებულია.

რესტორანი „პორტა ბათუმი”- ქალაქის სავიზიტო ბარათი

ბათუმის შემოსასვლელში – პორტის მოპირდაპირე მხარეს, თანამედროვე ტიპის ქართული რესტორანი „პორტა ბათუმი“ გაიხსნა. რესტორანი საზეიმოდ გუშინ, 27 დეკემბერს, გაიხსნა.

რესტორანი ზონებადაა დაყოფილი. აქ მოსულ სტუმარს შეუძლია იმ დარბაზში გაატაროს საღამო, რაც მის გემოვნებასა და განწყობას შეეფერება. სტუმრების განკარგულებაშია კლასიკური და თავისუფალი დარბაზები, სახინკლე, სადაც მხოლოდ ხინკალს მიირთმევენ და მარანი ტრადიციული ატრიბუტებით, სადეგუსტაციო ღვინოებით.

რესტორნის საზეიმო გახსნის საღამოს მუსიკალურად ბენდი „სისაიდი”აფორმებდა.

„პორტა ბათუმი“ უცხოელ სტუმრებსა და ქალაქის მცხოვრებლებს ტრადიციულ ქართულ სამზარეულოს სთავაზობს, განსაკუთრებით მრავალფეროვანი მენიუთი იქნება წარმოდგენილი თევზის კერძები.

„პორტა ბათუმის“ სტუმრებს რესტორანში სასიამოვნო გარემო, მაღალი დონის სერვისი და იმ მზარეულების მიერ მომზადებული კერძები დახვდებათ, ვისთვისაც სამზარეულოში ფუსფუსი შემოქმედებაა და არა სამსახური.

„ჩვენთან დემოკრატიული ფასებია და ყველა შესაძლებლობის სტუმარი მოახერხებს დროის სასიამოვნოდ გატარებას. საკმარისია ერთხელ გვეწვიოთ, რომ ამაში დარწმუნდეთ. ფასები საზღვაო სეზონის მიხედვით არ შეიცვლება, წლის ნებისმიერ დროს ერთსადაიმავე ფასს შევთავაზებთ სტუმრებს.

ძირითადი დარბაზი 120 კაცზეა გათვლილი, ღია ვერანდა გვაქვს, 60 – 70 ადამიანს იტევს, ეს სივრცე მწეველებისთვისაა. პირველ სართულზე 40, 50 ადამიანის სამყოფი ადგილია, მარანი კი 20, 30 სტუმარზეა გათვლილი.

დარწმუნებული ვარ, „პორტა ბათუმი“ ქალაქში საუკეთესო ადგილად იქცევა კორპორაციული წვეულებების, დაბადების დღეების, ფურშეტების მოსაწყობად. აუცილებლად დავაინტერესებთ ქალაქის უცხოელ სტუმრებს და ადგილობრივ მცხოვრებლებს.

ჩვენს დიდი დარბაზში წვეულებებზე შეგვიძლია 200 სტუმარს ვუმასპინძლოთ ერთდროულად“, –  ამბობს რესტორნის მენეჯერი, ნანა მარგალიტაძე.

ნანა მარგალიტაძე. რესტორან „პორტა ბათუმის” მენეჯერი

„პორტა ბათუმი“ ერთ-ერთ მოწინავე სამშენებლო-დეველოპერულ კომპანია „გუმბათი ჯგუფს“ ეკუთვნის. კომპანიამ ბიზნესის გაფართოების მიზნით გადაწყვიტა სარესტორნო მიმართულებითაც ეცადა ძალები და ბათუმში შეექმნა სასიამოვნო სივრცე, რაც ტურისტებისა და ქალაქის სტუმრებისთვის სავიზიტო ბარათად იქცეოდა.

„გუმბათი ჯგუფის“ დირექტორის, ამირან ბერიძის თქმით, რესტორან „პორტა ბათუმის“ ინვესტიცია 2 მილიონი ლარია.

„გავაკეთილშობილეთ ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე უსახური ადგილი. დასაქმდება 50-ზე მეტი ადამიანი. გაიზრდება ბიუჯეტის შემოსავალი“, – ამბობს ამირან ბერიძე.

კომპანია „გუმბათი ჯგუფის“ სამომავლო გეგმებში სასტუმროების ქსელის შექმნა და მომხმარებლისთვის შესაბამისი მომსახურების შეთავაზება შედის. თუმცა მისი ძირითადი საქმიანობა – მშენებლობა და დეველოპმენტი, კვლავ კომპანიის მთავარ პრიორიტეტად რჩება.

 


რესტორანი პორტა ბათუმი – PORTA BATUMI
მისამართი:
ბათუმი, თ. მაქაცარიას ქუჩა №3
მობ.:+995 577 09 75 75
FB.: PortaBatumi

 

ყველაზე სამარცხვინო მოვლენიდან ფრანკფურტის წიგნის ბაზრობამდე – ლიტერატურული წლის შეფასება

ფილოლოგ ლევან ბერძენიშვილს „ბათუმელებმა“ სთხოვა დაესახელებინა, მისი აზრით, 2018 წელს ქართულ ენაზე გამოცემული საუკეთესო წიგნები. მან არა მხოლოდ წიგნებზე, არამედ ზოგადად, წლის ლიტერატურულ პროცესებზე და ყველაზე სამარცხვინო ლიტერატურულ მოვლენაზეც კი ისაუბრა. 

ლევან ბერძენიშვილი: საქართველოსთვის წლის მთავარი, 21-ე საუკუნის უმნიშვნელოვანესი კულტურული მოვლენა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა იყო. როცა მსოფლიოს ეუბნები, როგორი მაგარი იყავი წარსულში, ფიქრობენ, რომ ეს დრო გასულია. გვეგონა, არავის ვაინტერესებდით ახლა ვინ ვართ, აღმოჩნდა, რომ ვაინტერესებთ. საქართველოს არასდროს ასე არ გამართლებია. ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ მსოფლიო ასპარეზზე ლიტერატურით უნდა გავდიოდეთ და არა წარსულის დიდებით. მალე საქართველო პარიზის წიგნის ბაზრობაზეც იქნება წარდგენილი და ამ ჯაჭვურ რეაქციას ვეღარაფერი შეაჩერებს.

  • თემურ ბაბლუანი – „მზე, მთვარე და პურის ყანა“

რეჟისორის მიერ დაწერილმა პირველმა წიგნმა ჩვენთვის დამალული სამყარო გახსნა. „მზე, მთვარე და პურის ყანა“ წლის დიდი ლიტერატურული მოვლენა იყო. ბაბლუანი წერს სამყაროზე, რომელიც ბევრისთვის უხილავია, მაგრამ ავტორმა ის დაინახა. აჩვენა ენა,  კულტურა და ხალხი, რომელსაც ყველა ვერ ხედავს.

  • „ლუკრეციო ბაქანიძე – ახალგაზრდული ლიტერატურის აფეთქება“

ახალგაზრდული ლიტერატურის აფეთქებად მიმაჩნია ლუკრეციო ბაქანიძის გამოჩენა, რომელმაც გვაჩვენა, რომ ტრადიციული კლასიკური მწერლობა გააგრძელებს არსებობას და არასდროს მოკვდება. ბაქანიძე რომ არ გამოჩენილიყო თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში, თითქოს არც არაფერი დაშავდებოდა, მაგრამ არ გვეცოდინებოდა ახალი ადამიანების მთელი კლასის შესახებ, რომელიც შეიძლება ვიღაცისთვის სამყაროს მიღმაა.

მამარდაშვილის სიტყვებია, რომ ადამიანი სამყაროდან თავს ვერ გაიძევებს, თუმცა მას შეუძლია სამყაროს კუთხეში დადგეს. ლუკა ბაქანიძის შემოქმედება არის ლიტერატურა სამყაროს კუთხეში მდგომებზე.  ტრადიციული ლიტერატურის კითხვისას ლუკრეციოს მიერ აღწერილი გმირების მსგავსი ადამიანები შეიძლება გამოგრჩეს, რადგან ისინი არ არიან რესპექტაბელურები, მეინსტრიმიდან არიან. მაგრამ როგორ უნდა განვსაზღვროთ რა არის მეინსტრიმი და რა არა?! თუ თითოეული ადამიანი სამყაროს იტევს, ვინ განსაზღვრავს ვინ არის მეინსტრიმიდან და ვინ არა?! თითოეული ადამიანი სამყაროა და ჩვენ, საზოგადოება და ადამიანები ვყოფთ, უბრალოდ, რაღაცებს. ლუკრეციო გვაჩვენებს, რომ სამყაროს ცენტრია თითოეული ადამიანი.

  • აკა მორჩილაძე – „კუპიდონი კრემლის კედელთან“

 

გვყავს მწერალი, რომელიც მუდმივად ფორმაშია, აკა მორჩილაძეს ვგულისხმობ. მისი ბოლო რომანი ძალიანაც სახალისო, გასართობი და კარგი საკითხავია. ლიტერატურას ბევრი დროის სახალისოდ გასაყვანად მიმართავს. მაგრამ როგორც კი ლიტერატურულ ქსელში ერთვები, არავინ იცის, ამ ქსელში მერე რა სიმძლავრის ენერგია გაივლის. შეიძლება მსუბუქი ლიტერატურით დაიწყო კითხვა და თანდათან მძლავრ ელექტრულ ველში აღმოჩნდე.

  • ანდრეი პლატონოვიქვაბული“, „ჯანი“, „ჩევენგური“, მთარგმნელი გივი კიკილაშვილი
  • ფიოდორ დოსტოევსკი – „ძმები კარამაზოვები“, მთარგმნელი გივი კიკილაშვილი

 

გამოჩნდა ახალი ტენდენცია, რაც ჩემი თაობის სტერეოტიპულ შეხედულებებს ამსხვრევს.  იმ თაობიდან ვარ, რომელიც რუსული ლიტერატურის თარგმნას სირცხვილად მიიჩნევდა – რუსული უნდა გცოდნოდა და ორიგინალში გეკითხა.

ერთხელაც ლიტერატურის საქმეში პოლიტიკა ჩაერია და  განათლების ერთ-ერთმა მინისტრმა ისიც კი მითხრა, ჩვენ დავადგინეთ – დოსტოევსკი არ არის დიდი მწერალიო. „ჩვენში” ის საკუთარ თავს და საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტს გულისხმობდა.

რუსეთის ოკუპანტობის გამო ვერ გაუქმდება დოსტოევსკის, ჩეხოვის, ტოლსტოის და თუნდაც გოგოლის სიდიადე. ამ ლოგიკით არასდროს უნდა წავიკითხოთ გერმანული ლიტერატურა, მათ ბავშვისგან საპონი გააკეთეს.

წლის წიგნად შეიძლება დავასახელოთ გივი კიკილაშვილის თარგმანი, პლატონოვის უზარმაზარი ტრილოგია – „ქვაბული“, „ჯანი“ და „ჩევენგური“. პლატონოვის თარგმნა შეუძლებლად მიიჩნეოდა. აღმოჩნდა, რომ შესაძლებელი ყოფილა და, ვფიქრობ, ამ წიგნის ქართული თარგმანი ბევრად სჯობს ფრანგულ თარგმანს. გივი კიკილაშვილმა იდეალურად გადმოაქართულა ყველაფერი, რაც რუსული სინტაქსის წიაღში ხდება.

გვაქვს „ძმები კარამაზოვების“ ახალი თარგმანი, ასევე, გივი კიკილაშვილის.

ჩვენ, უბრალოდ, მთარგმნელებისთვის ვერ ვიმეტებთ სიტყვებს: „გენიოსი”, „დიდებული“.

მთარგმნელებს სვავებივით გვიყურებენ, რომლებიც დიდი ლიტერატურის ნასუფრალით იკვებებიან, მაგრამ ჩვენთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს, საქმეს მაინც გავაგრძელებთ.

  • წლის სერია – „აკრძალული წიგნების თარო”, გამომცემლობა ინტელექტი

 

„ვფიქრობ, აკრძალული წიგნების თარო” წლის ყველაზე მნიშვნელოვანი სერია იყო. ზემოთ ნახსენები პლატონოვიც ამ სერიაში შევიდა. მას არასდროს დაუწერია წიგნები საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ, ისინი, უბრალოდ, ასეთები აღმოჩნდნენ, საბჭოთა კავშირი იყო ასეთი წყობა – მასზე დაწერილი გულწრფელი წიგნები ანტისაბჭოთა გამოდიოდა. პლატონოვს ეს ჩანაფიქრი არ ჰქონია, საკუთარი თავი ჩვეულებრივ საბჭოთა ადამიანად მიაჩნდა და ვერაფრით ხვდებოდა, რატომ არ უბეჭდავდნენ არაფერს. ციხეში ვიჯექი, როცა პლატონოვის მრავალმილიონიანი ტირაჟით გამოცემა დაიწყო, პერესტროიკის დროს. ჩემთან ერთად იხდიდა სასჯელს ადამიანი, რომელიც პლატონოვის 2 წიგნის გავრცელებისთვის 7 წელი იჯდა. აპროტესტებდა ეს კაცი, მე რაღატომ ვზივარო, მაგრამ ამშვიდებდნენ, სოლჟენიცინის „გულაგსაც“ ხომ ავრცელებდი და ეგ არასდროს გამოიცემაო. ერთი თვეც არ გასულა და ისიც გამოიცა, ჩვენ კი მაინც ვიჯექით.

  • წლის ყველაზე სამარცხვინო მოვლენა – ზვიად რატიანის საქმე

საქართველო პატარა ქვეყანაა, აქ მწერლები გმირები არიან, წერით ვერავინ ვერაფერს იშოვის.

მეტიც, ჩვენს ერთ-ერთ საუკეთესო პოეტს, ზვიად რატიანს სახელმწიფომ თავად შეამთხვია უბედურება და ქვეყნიდან გააქცია. ეს მთელი სახელმწიფო სისტემისთვის სამარცხვინო მოვლენა იყო. სასამართლო პროცესს ვესწრებოდი, მოსამართლე შენიშვნებს გვაძლევდა, როცა პოლიციელების აბსურდულ, ერთმანეთისგან დაზეპირებულ ჩვენებებზე გვეცინებოდა. მოსამართლე მათკენ იყო. ყველა იყო ადამიანის, ჰუმანიზმისა და პოეზიის წინააღმდეგ.

ასეთია ჩვენი ქვეყნის დამოკიდებულება მწერლებისადმი. იმ მოსამართლისთვის, მაგალითად, პოლიციელი სასარგებლო ვინმეა, პოეტი – ზედმეტი ფიგურა, რომელიც ქვეყნის განვითარებას, მართლწესრიგს უშლის ხელს.

ქართულ მწერლობას გაუჩნდა ამბიცია, რომ მას რაღაც შეუძლია და დამოუკიდებლობის 25, 30 წლისთავზე გაგვიჩნდა სერიოზული ლიტერატურა, მერე როგორც ჩანს, გაჩნდება დემოკრატიაც.

ლიტერატურული პროცესი სწორი და კარგი გზით მიდის, თუმცა ქვეყანა და საზოგადოება ამაში არაფრით არ არის ჩართული.

საინტერესო ავტორების მთელი თაობა გვყავს. წარმოუდგენელი ამბავია, რომ ახლა, როცა ჩვენ ვსაუბრობთ, სადღაც სხვაგან ზის ბესიკ ხარანაული და შეიძლება რამე ახალს წერს.

საიდან მოდის სუნი, რომელიც ბათუმში პერიოდულად აწუხებთ

ბათუმში, განსაკუთრებით ადლიისა და ანგისის დასახლებაში, პერიოდულად აწუხებთ მძაფრი სუნი. ზაფხულში ამ პრობლემაზე ინასარიძის ქუჩაზე მცხოვრებლებიც საუბრობდნენ. მოსახლეობა ვარაუდობდა, რომ სუნი საკანალიზაციო სისტემებზე მიერთებული გამწმენდი ნაგებობებიდან მოდიოდა. თუმცა, ბათუმის მერის ინფორმაციით, სინამდვილეში ეს სუნი არა გამწმენდი ნაგებობიდან, არამედ გონიოს ნაგავსაყრელად ქცეული პოლიგონიდან მოდის.

„ჩვენ ჩავატარეთ ინსპექტირება და იქ, ძირითადად, არის ნაგავსაყრელის სუნი. ვფიქრობთ, რომ ნაგავსაყრელის პრობლემის მოწესრიგებასთან ერთად ეს პრობლემაც მოგვარდება. განსაკუთრებით ქარიან ამინდში, როდესაც აქითკენ უბერავს…“ – აცხადებს ბათუმის მერი ლაშა კომახიძემ.

გონიოს პოლიგონზე არსებული უკანონო ნაგავსაყრელის კონსერვაციას აჭარის მთავრობა ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცეცხლაურში დაგეგმილი ახალი მშენებლობის პარალელურად გეგმავს. პროექტის შესახებ 2009 წელს დაიწყო საუბარი და შემდეგ, რიგი პრობლემების გამო, პროექტი გაიწელა – ნაგავსაყრელის მშენებლობა ამ დრომდე არ დაწყებულა.

პროექტის გაგრძელებასა და ახალ ეტაპზე გადასვლაზე დღეს, 28 დეკემბერს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, გასვლით სხდომაზე ისაუბრა. თორნიკე რიჟვაძე  აჭარის მთავრობის მეოთხე თავმჯდომარეა, რომელიც რეგიონის მოსახლეობას ამ პროექტის დასრულებას დაჰპირდა.

თორნიკე რიჟვაძის ინფორმაციით, მთავრობა მიმართავს ევროპის რეკონსტრუქციის ბანკს გონიოში არსებული  ნაგავსაყრელის დახურვისა და ტექნიკის შეძენისთვის დახმარების მისაღებად.

ვისზეა დამოკიდებული ბათუმის ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობის დაწყება

ბათუმის პორტში ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების ხომალდი შემოვა

29 დეკემბერს ბათუმის პორტში ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების ჰიდროგრაფიული ხომალდი HMS ECHO შემოვა. დახვედრის ცერემონიალი მე-10 ნავმისადგომზე, 11 საათზე გაიმართება.

“ბრიტანული ხომალდის ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთი დასტურია ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთოების სფეროში არსებული წარმატებული და მრავლისმომცველი ურთიერთობებისა. HMS ECHO-ს შავი ზღვის აკვატორიაში შემოსვლა  დიდი ბრიტანეთის მიერ საერთაშორისო წყლებში თავისუფალი ნავიგაციის პრინციპების მხარდაჭერას უკავშირდება. აღნიშნული ვიზიტით, დიდი ბრიტანეთი გამოხატავს შავი ზღვის უსაფრთხოების მტკიცე მხარდაჭერას,”- ნათქვამია საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ რელიზში.

ხომალდი HMS ECHO ბათუმს 30 დეკემბერს დატოვებს.

ბათუმში, რუსთაველზე ერთმანეთს სამი მანქანა შეეჯახა

რამდენიმე წუთის წინ ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე სამი ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს. როგორც შსს-ში „ბათუმელებს“ უთხრეს, ავარიის შესახებ მათთან ინფორმაცია არ შესულა.

ინფორმაცია ავარიის შესახებ არც სასწრაფო დახმარების სამსახურში აქვთ.

ავარიის შედეგად სამი ავტომანქანა დაზიანდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ავტომობილი დაზიანდა

ახალი წლის ღამეს მუნიციპალური ტრანსპორტი 03:00 საათამდე იმოძრავებს და უფასო იქნება

ბათუმის მერიის განცხადებით, ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბერს, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა უფასო იქნება. გახანგრძლივდება ავტობუსების მუშაობის განრიგიც – 22:00 საათიდან 03:00 საათამდე.

ავტობუსები სამარშუტო ხაზებზე  – #4, #6, #15 იმოძრავებენ 30-წუთიანი ინტერვალით.

#4 ავტობუსი აღმაშენებლის, კობალაძის, ინასარიძის, ფიროსმანის, გორგილაძის, ბარათაშვილის, მაიაკოვსკისა და სვიშევსკის ქუჩებზე იმოძრავებს.

#6 ავტობუსი ასათიანის, ლერმონტოვის, ჯავახიშვილის, გორგილაძის ქუჩებსა და თბილისის მოედანზე.

#15 ავტობუსი კი ზედაღელედან მამია ვარშანიძის, გენერალ ასლან აბაშიძის, ორბელიანის, სელიმ ხიმშიაშვილის, ბაგრატიონის, მელიქიშვილის, რუსთაველის, გოგებაშვილისა და მაიაკოვსკის ქუჩების გავლით ბარცხანის დასახლებამდე იმოძრავებს.

 

ქედაში 6 წლის ბიჭის დაღუპვის საქმე – უწყების პასუხი, რომელმაც აფეთქების ნებართვა გასცა

ქედაში, სოფელ ჭინკაძეებში კლდის აფეთქების საქმეზე „ბათუმელებმა“ დღეს კიდევ ერთი უწყებიდან მიიღო საჯარო ინფორმაცია. 7 ნოემბერს გაგზავნილ წერილზე „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ პასუხი 26 დეკემბერს გამოგვიგზავნა [მაქსიმალური ვადა კანონით 10 დღეა]. სააგენტოდან წერილი საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემასა და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელმა პირმა, ნუნუ მემარნიშვილმა მოგვწერა – ინტერნეტით გამოგზავნილ წერილზე სწრაფად ფოსტით გამოგზავნილი ბეჭდური ვერსია მივიღეთ.

„სააგენტო ახორციელებს სამშენებლო საქმიანობაზე სანებართვო პირობების შესრულების კონტროლსა და ზედამხედველობას“, – აღნიშნულია სააგენტოს წერილში. თუმცა წერილის  შინაარსის სრული გაცნობის შემდეგაც ისევ პასუხგაუცემელი რჩება კითხვა – რომელმა სახელმწიფო უწყებამ უნდა აგოს პასუხი იმაზე, რომ კონკრეტული კომპანია კლდეს ქედაში შესაბამისი ნებართვის გარეშე აფეთქებდა და თანაც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში [ბათუმში ზღვის სანაპიროს ამაგრებენ].

ჭინკაძეებში კლდის აფეთქების შედეგად 6 წლის ბიჭი 31 ოქტომბერს დაიღუპა. აფეთქების შემდეგ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ აფეთქება მათთან შეთანხმებული არ ყოფილა. „ბათუმელებმა“ მაშინ საჯარო ინფორმაცია 6 საჯარო უწყებიდან გამოითხოვა სახელმწიფო ორგანოების პასუხისმგებლობის გამოსაკვეთად. მიღებული ინფორმაციით გავარკვიეთ, რომ პასუხისმგებლობას არავინ იღებს. შესაბამისი სტატია – „რა გაირკვა აფეთქებიდან 42 დღის შემდეგ“, „ბათუმელებმა“ 12 დეკემბერს გამოაქვეყნა.

რა ირკვევა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოდან დღეს, 28 დეკემბერს მიღებული წერილით – სააგენტო იმას ადასტურებს, რომ სამშენებლო საქმიანობას თვითონ აკონტროლებს და ნებართვაც ამ უწყებამ გასცა ქედაში კლდის აფეთქებაზე – 2017 წლის 23 იანვარს.

სააგენტო აღნიშნავს, რომ სამშენებლო საქმიანობას ზედამხედველობას უწევს ტენდერით შერჩეული დამოუკიდებელი იტალიური კომპანია „ტექნიკალი“. „რომელმაც სააგენტოში უნდა წარმოადგინოს საბოლოო დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება ობიექტის სრული შესაბამისობა საპროექტო დოკუმენტაციასთან, ნორმებთან და სტანდარტებთან“, – ვკითხულობთ სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოდან მიღებულ ინფორმაციაში.

ამავე წერილის მიხედვით, ასევე, ირკვევა, რომ სააგენტოსთვის უცნობი იყო რა სტანდარტით ტარდებოდა სამუშაოები, რადგან ნებართვის გაცემიდან თითქმის ორი წლის შემდეგ სააგენტოს ნაპირგამაგრების, ან კლდის აფეთქების სამუშაოების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტები არ აქვს. სწორედ მიღება-ჩაბარების აქტებით ნაწილობრივ მაინც გამოჩნდებოდა, რა სტანდარტითა და ნორმებით ატარებდნენ ქედაში სამუშაოებს.

სააგენტომ მოგვწერა, რომ „მშენებლობადამთავრებულ ობიექტებს სააგენტო იღებს ექსპლუატაციაში“.

ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ აფეთქებები სოფელ ჭინკაძეებში აღარ განახლებულა. იქედან ახლა მძიმე ტექნიკას ისევ წინა აფეთქების შედეგად ჩამოშლილი მასალა გააქვს.

 

 

რიჟვაძე ციტრუსზე: „ჩემი კონტროლის ქვეშ მოხდა ამ საკითხების უმოკლეს ვადაში გადაჭრა“

ციტრუსის მოსავლის რეალიზების პრობლემაზე განცხადება თორნიკე რიჟვაძემ გააკეთა. მან დღეს, 28 დეკემბერს, აჭარის მთავრობის სხდომა კურორტ „გოდერძიზე“ გამართა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ დრომდე ქობულეთში არასტანდარტული მანდარინის ჩაბარების მსურველთ უწყვეტი რიგია და მეციტრუსეები დღეების განმავლობაში ელიან კილოგრამი მანდარინის 20 თეთრად ჩაბარებას, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ამბობს, რომ „პრობლემა გადაჭრილია“.

„იყო საკითხები ბოლო დღეებში, რომლებიც საჭიროებდა ძალიან ოპერატიულ გადაჭრას. სამინისტროს ჩართულობით და ჩემი კონტროლის ქვეშ მოხდა ამ საკითხების უმოკლეს ვადაში გადაჭრა. ის პრობლემები, რომელთა გადაჭრა აწუხებდა მიმღებ პუნქტებს, უკვე არის დარეგულირებული. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს სუბსიდირების პროგრამა. ეს გვაძლევს საშუალებას არასტანდარტული მანდარინის რეალიზებასთან დაკავშირებით არ გვქონდეს რაიმე მნიშვნელოვანი შეფერხებები,“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

მნიშვნელოვან შეფერხებაზე, ანუ მეციტრუსეთა სადღეღამისო ცოცხალ რიგზე „ბათუმელები“ გუშინაც წერდა. აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ჯამბულ ხოზრევანიძემ გუშინ, 27 დეკემბერს, გვითხრა, რომ ახალ წლამდე რიგში მდგომი და აღწერილი ადამიანები ციტრუსს ჩააბარებენ. „თხოვნა იქნება გლეხებისადმი – ახალ წლამდე ნუღარ დაემატებიან, რადგან ფიზიკურად ვეღარ შეძლებს ქარხანა გადამუშავებას. იქ ვთხოვეთ მძღოლებს და აღწერეს ავტომანქანები. ასე, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც ახლა დგას რიგში, ახალ წელს შეხვდება სახლში,“ – განაცხადა ჯამბულ ხოზრევანიძემ.

დღევანდელ სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ ასევე თქვა, რომ აჭარაში წელს ციტრუსის ყველაზე დიდი მოსავალი მოვიდა.

„მინდა აღვნიშნო, რომ წელს, ზოგადად, მოსავალი არის 30 პროცენტზე მეტი. ამ ტიპის და ამ მასშტაბის რთველი არ ჰქონია აჭარას, რაც არის ძალიან კარგი. ამავე დროს ექსპორტირებულია 11-ჯერ მეტი, რაც იყო გასულ წელს,“ – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალური განმარტებით, წელს აჭარაში ციტრუსის სავარაუდო მოსავალი 55 – 60 ათასი ტონაა. უფრო მაღალ ციფრს ასახელებდა სამინისტრო წინა წლებში. მაგალითად, 2014 წელს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, აჭარაში 73 ათასი ტონა ციტრუსის მოსავალი მოვიდა.

აჭარის მთავრობის სხდომა დღესაც დახურეს. საზოგადოებისთვის ღია მხოლოდ სხდომის დასაწყისი იყო – 7 წუთი და 31 წამი, სადაც თორნიკე რიჟვაძე საუბრობს. პირდაპირი ჩართვა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ფეისბუქით განახორციელა. ჩართვა მაშინვე შეწყდა, როცა საუბარი აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა გრიპის ვირუსთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობაზე დაიწყო. თორნიკე რიჟვაძე ამავე ჩართვაში ამბობს, რომ დღევანდელ სხდომაზე მთავრობა 40-მდე საკითხს განიხილავს.

მთავარი ფოტო: მანდარინით დატვირთული  მანქანების რიგი გადამამუშავებელ საწარმოსთან. ფოტო გადაღებულია 22 დეკემბერს.

ამ თემაზე:

რატომ ვერ ყიდიან ქობულეთელები მანდარინს

ბეშუმი შესაძლოა ზამთრის კურორტიც გახდეს – ნახევარი მილიონი განაშენიანების გეგმისთვის

„ჩვენ დავიწყეთ ბეშუმის განაშენიანების გენგეგმაზე მუშაობა. დარწმუნებული ვარ, განაშენიანების დოკუმენტის შექმნით ახალ სიცოცხლეს, ახალ ეკონომიკურ დატვირთვას შევძენთ ბეშუმს,“ – თქვა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ. დღეს, 28 დეკემბერს, მთავრობის სხდომა გოდერძიზე გაიმართა, სადაც სათხილამურო სეზონი გაიხსნა.

რა სამუშაოებია დაწყებული გენგეგმის შესამუშავებლად და რამდენი დაიხარჯება ამისთვის – თორნიკე რიჟვაძეს მთავრობის სხდომაზე ამის შესახებ არ უთქვამს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გვითხრეს, რომ ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა, თუმცა განაშენიანების გენგეგმის შესამუშავებლად აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტში დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარია გამოყოფილი.

„ამ ეტაპზე ვმუშაობთ უცხოურ კომპანიებთან, გვაქვს მიმოწერა რამდენიმე ორგანიზაციასთან. გვინდა, რომ საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთონ ამ საკითხში. სატენდერო დოკუმენტაცია დაახლოებით წლის პირველ კვარტალში გვექნება მზად,“ – ამბობს არჩილ ვანაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.

რის განვითარება სურს აჭარის მთავრობას ბეშუმში? – არჩილ ვანაძის თქმით, ყველა ტიპის კონცეფცია განიხილება, მათ შორის, ბეშუმის ზამთრის კურორტად ჩამოყალიბებაც.

აჭარის მთავრობის დღევანდელი სხდომა ხულოში დახურული იყო. საზოგადოებისთვის ღია მხოლოდ სხდომის დასაწყისი იყო – 7 წუთი და 31 წამი, სადაც თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ სხდომაზე დღეს 40-მდე საკითხი განიხილება. პირდაპირი ჩართვა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ფეისბუქით განახორციელა. ჩართვა მაშინვე შეწყდა, როცა საუბარი აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა გრიპის ვირუსთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობაზე დაიწყო.

 

Beauty House გთავაზობთ საახალწლო აქციას სახისა და სხეულის მოვლის პროცედურებზე

კლინიკა „ბიუთი ჰაუსი“ გთავაზობთ საახალწლო აქციას ბიორევიტალიზაციაზე სახისა და სხეულის მოვლის პროცედურებზე:

[checklist]

  • ბიორევიტალიზაციის მასაჯის სრული კურსი 290 ლარის ნაცვლად 220 ლარი
  • აქცია გრძელდება 14 იანვრამდე

[/checklist]

შეხვდი ახალ წელს განსაკუთრებულად!

მისამართი: ბათუმი, კლდიაშვილის ქუჩა N25.

წინასწარ ჩასაწერად დარგვიკავშირდით : 571 39 18 81

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე: „ბაბილონ თაუერისა“ და „კემპინსკის“ საკითხი გადაწყდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ინფორმაციით, აჭარაში რამდენიმე გაჩერებული მშენებლობის საკითხი დადებითად გადაწყდა და მომავალი წლიდან კომპანიები მშენებლობას განაახლებენ. მთავრობის თავმჯდომარემ „კემპინსკისა“ და „ბაბილონ თაუერის“  პროექტები დაასახელა. მისივე განმარტებით, კომპანიებმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საბანკო გარანტია [200 000 ლარი] წარუდგინეს. შესაბამისად, მთავრობა მათ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს ვადებთან დაკავშირებით გადახედავს.

ამ ყველაფერზე თორნიკე რიჟვაძემ კურორტ „გოდერძიზე“ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. სხდომა ჟურნალისტებისთვის დახურული იყო და თორნიკე რიჟვაძის საუბრის მხოლოდ ის ნაწილი მოვისმინეთ, რომელიც მისი „ფეისბუქის“ გვერდზე ლაივში გაუშვეს.

„ბაბილონ თაუერის“ მშენებელი კომპანია აჭარის მთავრობისგან მშენებლობის დასასრულებლად ვადას 2021 წლამდე ითხოვდა. არაოფიციალური ინფორმაციით, კომპანიას პროექტის შესყიდვა რამდენიმე ინვესტორმა შესთავაზა. შედგა თუ არა რაიმე სახის გარიგება „ბაბილონ თაუერის“ მფლობელ „TAM GEO LLC“-სა და რომელიმე ინვესტორს შორის, ამის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ გვაქვს. ამასთან დაკავშირებით კომენტარს არც კომპანიაში აკეთებენ. „მხოლოდ ის შეგვიძლია გითხრათ, რომ რაც მთავრობის თავმჯდომარემ თქვა სიმართლეა. კომპანიაში არაფერი შეცვლილა, დირექტორიც იგივეა და მფლობელებიც, სხვა საკითხებზე საუბრისგან თავს შევიკავებთ“, – განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა ნინო ლიკუჩოვამ.

რაც შეეხება „კემპინსკის“, ამ სასტუმროს მშენებლობა ბათუმის ბულვარში, ყოფილი საფეხბურთო სტადიონის ტერიტორიაზე 2009 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ამ დრომდე დაუმთავრებელია. ძირითადი შენობა უკვე აშენებულია, დარჩენილია მხოლოდ მოსაპირკეთებელი სამუშაოები. ეს ტერიტორია 2006 წლის ოქტომბერში, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ორ მილიონ დოლარად გაასხვისა. მყიდველმა აიღო ვალდებულება, რომ განახორციელებდა 35 მილიონი დოლარის ინვესტიციას და დაასაქმებდა საქართველოს 500 მოქალაქეს.

კომპანია GIMG-ს 100% წილის მფლობელი ავსტრიაში რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება GAB-Resort – ია.

„ბაბილონ თაუერი“, რომელიც არ აშენდა

 

ტერიტორიაზე, სადაც სკვერი უნდა გაშენდეს, მერიამ შენობა ჩადგა

ტერიტორიაზე, სადაც ახალი სკვერი უნდა გაშენდეს, მერიამ ადმინისტრაციული შენობა ჩადგა. სკვერის გაშენებაზე გადაწყვეტილება ბათუმის მერიამ გასულ წელს მიიღო, ხოლო ტენდერი 2018 წლის ნოემბერში გამოაცხადა.

მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ შენობა-ნაგებობა სკვერისგან გამიჯნულია.

„სერვისცენტრი და სკვერის პროექტი ერთმანეთს ხელს არ უშლის, სკვერის პროექტი არ იცვლება და მათი საზღვრები ერთმანეთს არ კვეთს“, – აცხადებენ აღნიშნულ სამსახურში.

სკვერის ესკიზი მერიამ სექტემბრის დასაწყისში გამოაქვეყნა, თუმცა ამ მაკეტზე არსად არ არის დატანილი ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობა.

პროექტის მიხედვით კი, რომელიც სატენდერო დოკუმენტაციას ახლავს, იმ ადგილზე, სადაც მერიამ ადმინისტრაციული შენობა ჩადგა, ფერადი დეკორატიული ფილების დაგება იყო გათვალისწინებული:

სკვერის პროექტი / წყარო: სატენდერო დოკუმენტაცია

წლების განმავლობაში აღნიშნული ტერიტორია, რომელიც ბათუმში თავდადებულისა და ზუბალაშვილის ქუჩების კვეთაში მდებარეობს, ერთ სივრცედ იყო შემოსაზღვრული.

ტერიტორია, სადაც სკვერი უნდა მოეწყოს, ჯამში 3 518 კვ.მეტრია. ბათუმის ბიუჯეტიდან სკვერის მოსაწყობად 1 375 451 ლარი გამოიყო. სკვერის მოწყობას კი, ტენდერში მონაწილე კომპანია მერიას 1 100 363 ლარად სთავაზობს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი ხელშეკრულების მომზადება. სკვერი ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 დღეში უნდა მოეწყოს.

მერიის სერვისცენტრის მშენებლობაზე ასი ათასი ლარი დაიხარჯება. ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე, სულ 14 ასეთი სერვისცენტრი უნდა განთავსდეს.

ხელოვნების უნივერსიტეტის წინ არსებულ ტერიტორიაზე, სადაც სკვერი უნდა გაშენდეს, მერიამ სერვისცენტრის შენობა ჩადგა.

გრიპის ვირუსის გამო მოქალაქეებს უქმე დღეებშიც მოემსახურებიან

გრიპის სეზონთან დაკავშირებით, მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებას 29-30 დეკემბერსაც (შაბათ-კვირა) გაუწევენ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქეებს მომსახურების მიღება შეუძლიათ ბათუმის ყველა პირველადი ჯანდაცვის ცენტრში, მათ შორის მახინჯაურისა და ხელვაჩაურის სამედიცინო დაწესებულებები პაციენტებს მიიღებენ 10:00 საათიდან – 14:00 საათამდე.

სამინისტროს ცნობით, „საჭიროების შემთხვევაში მორიგეობა სხვა დღეებშიც გაგრძელდება“.

ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, გრიპის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დროულად მიმართოს ოჯახის ექიმს.

სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის 28 დეკემბრის მდგომარეობით, აჭარის რეგიონში გრიპისა და გრიპისმაგვარ დაავადებათა შემთხვევების რაოდენობა ყოველ 100 ათას მოსახლეზე (ინციდენტობა) შეადგენს 166-ს, შედარებითი მატების ტენდენციით.
51-ე კვირის მდგომარეობით დაავადებათა გავრცელება თითქმის იდენტურია 2016-2017 წლების სეზონთან შედარებით.

„ჰოსპიტალური შემთხვევების წილი ყოველწლიურად შეადგენს საერთო ჰოსპიტალიზაციის 4-15%-ს, ეპიდემიოლოგიური პიკის დროს 20 პროცენტს აღწევს.

დღეის მდგომარეობით, რესპირაციული სინდრომით 126 ჰოსპიტალური შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან 80 შემთხვევაში ბავშვია, რეანიმაციაში 11 პაციენტი იმყოფება, მათ შორის აპარატზე 7 მოზრდილია მიერთებული“.

ოფიციალური ინფორმაციით, მიმდინარე პერიოდში საყრდენი ბაზებით მოპოვებული მონაცემებით, აჭარაში ლაბორატორიულად აღებულია 21 ნიმუში. დადასტურებულია (A – H1/N1) 3, 14 კი კვლევის ფაზაშია. მათ შორის ერთი შემთხვევა დასრულდა ლეტალური შედეგით.

დღეიდან გამკაცრდა კანონი ოჯახში ძალადობაზე 

დღეიდან ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილება ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულების შესახებ, რომელიც შემაკავებელი და დამცავი ორდერებით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევის პირველივე შემთხვევისას, მის დამრღვევს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობას აკისრებს.

ცვლილების თანახმად, პირის მიერ წარსულში ოჯახური დანაშაულის ან/და ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქტი გათვალისწინებულია, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება.

შსს-ს ინფორმაციით, გამკაცრდა სასჯელი არასრულწლოვნის თანდასწრებით ჩადენილი ოჯახური და დისკრიმინაციული დანაშაულისათვის. „ასევე, ოჯახში ძალადობა ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად, სასჯელად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“.

ასევე, გენდერის ნიშანი მკვლელობის, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისა და თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანა განისაზღვრა დამამძიმებელ გარემოებად და გენდერული ნიშნით ზემოაღნიშნული დანაშაულების ჩადენა ისჯება უფრო მკაცრად.

 

 

თორნიკე რიჟვაძე: მომზადდება კვლევა გონიოს ხიდისა და ბულვარის გაგრძელებაზე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, მთავრობის სხდომას კურორტ „გოდერძიზე“ მართავს. თორნიკე რიჟვაძემ 2019 წლის „მნიშვენლოვან სიახლეებად“ ბულვარის გაგრძელება და გონიოს ხიდის მშენებლობა დაასახელა.

„მიღებულია გადაწყვეტილება, რომ აზიის განვითარების ბანკს ვთხოვთ, მოამზადოს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, გონიოს ხიდისა და ბულვარის გაგრძელების თაობაზე. შემდეგ წელს მომზადდება სატენდერო დოკუმენტაცია და მეორე ფაზაზე დაიწყება მშენებლობა.

ეს იქნება ერთ-ერთი ისტორიული და სტრატეგიული პროექტი, რომელიც ახალ განვითარებას შესძენს აჭარას და ჩვენს ქალაქს,“ – განაცხადა რიჟვაძემ.

როგორც აჭარის მთავრობის პრესსამსახურში განმარტეს, აღნიშნული ხიდი არ შედის გონიოს განვითარების კონცეფციაში და ბულვარის გაგრძელებაზეა გათვალისწინებული.

„გონიოს განვითარების კონცეფცია სულ სხვა ტერიტორიაა, ეს ეხება გონიოს ციხის მოპირდაპირე მხარეს, ეს ტერიტორია ასათვისებელია იმისთვის, რომ ბულვარი გაგრძელდეს. ამისთვის კი ხიდია საჭირო. ახალი ხიდის მშენებლობაზეა საუბარი. ყოფილ პოლიგონს ეხება და ბათუმთან დაკავშირების მიზნით კეთდება,“ – გვითხრეს პრესსამსახურში.

არსებობს გონიოს განვითარების კიდევ ერთი გეგმა/კონცეფცია, რომელიც ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიასაც მოიცავს. ამ გეგმაზე მუშაობა 2014 წელს დაიწყო. ეს გეგმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების საინვესტიციო პროექტების  ჩამონათვალშია.

ფოტო გონიოს განვითარების კონცეფციიდან, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროს დაკვეთით მომზადდა.

 

ბათუმში წიგნის მაღაზია „სანტა ესპერანსა“ გაიხსნა

„ქალაქი იზომება ბევრი კრიტერიუმით, მაგრამ თუ გახსოვთ, ერთმა დიდმა მწერალმა, როდესაც განიზრახა კარგი წიგნი დაეწერა, თქვა, რომ თუ გინდათ ქალაქი გაიგოთ, უნდა იცოდეთ, როგორ უყვართ, როგორ კვდებიან და რა წიგნებს კითხულობენო. ეს ალბერ კამიუა, „შავი ჭირი“, მაგარი წიგნია მოგეხსენებათ და ისიც ზღვისპირა ქალაქზეა დაწერილი, თუმცა ჩვენ სილამაზით ქალაქი ორანი ვერ შეგვეჯიბრება, ნამყოფი ვარ და დიდი არაფერი“, – თქვა ლევან ბერძენიშვილმა 27 დეკემბერს წიგნის მაღაზია „სანტა ესპერანსას“ გახსნაზე, ბათუმში.

„სანტა ესპერანსა“ ბათუმში ლევან ხარანაულის ნახატების პირველი პერსონალური გამოფენით, მისი ნამუშევრების ალბომის წარდგენითა და ლევან ბერძენიშვილის მიერ თარგმნილი ესქილეს „ორესტეას“ ახალი თარგმანის პრეზენტაციით გაიხსნა.

„სანტა ესპერანსა“ ბათუმში

წიგნების ახალი მაღაზია „სანტა ესპერანსა“ ბათუმში კონსტანტინე გამსახურდიასა და კოსტავას ქუჩების კვეთაში [გამსახურდიას 17/19 – კოსტავას 34] მდებარეობს.  წიგნის მაღაზიაში მცირე სივრცეც არის, სადაც, სამომავლოდ, მუშაობის, შეხვედრების გარდა დისკუსიებისა და გამოფენების გამართვაც იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის დირექტორმა, თინა მამულაშვილმა ისაუბრა:

„ძალიან გვინდა „სანტა ესპერანსა“ ბათუმში თქვენი საყვარელი ადგილი გახდეს, არა მხოლოდ როგორც წიგნის მაღაზია, არამედ თუნდაც, როგორც საგამოფენო სივრცე, სადაც შეგიძლიათ დასხდეთ და მეგობრებს გაუზიაროთ შთაბეჭდილებები, იმუშაოთ, გამართოთ დისკუსიები და ა.შ. ამ სივრცეს თანდათან მოვაწყობთ ისე, რომ სტუდენტებისთვის, პროფესორებისთვის, დაინტერესებული ადამიანებისთვის სამუშაო სივრცედ იქცეს“.

თინა მამულაშვილმა ასევე ისაუბრა იმაზეც, თუ რას უკავშირდება მაღაზიის სახელწოდება.

„სანტა ესპერანსა არის აკა მორჩილაძის ერთ-ერთი საუკეთესო რომანის სათაური. აკა მორჩილაძემ წარმოიდგინა, როგორი იქნებოდა საქართველო დამოუკიდებლობის შენარჩუნების შემთხვევაში, დაარქვა სანტა ესპერანსა და დაასახლა შავ ზღვაში არსებულ არარსებულ კუნძულებზე. სანტა ესპერანსა ნიშნავს წმინდა იმედს. ჩვენი მაღაზიის იდეაც აქედან გაჩნდა, მაღაზიის სიმბოლო, ღუზა, სწორედ იმედთან არის დაკავშირებული. ჩვენ ამ ზაფხულს დავიწყეთ ზრუნვა, რომ გაგვეხსნა მაღაზია ბათუმში, აქამდე ძალიან პატარა ფართზე ვიყავით განთავსებული, ლიტკაფეში, ვიფიქრეთ, ცოტა უფრო დიდ სივრცეში დაგვედო ბინა და ძალიან გვიხარია, რომ ეს მოხერხდა,“ – განაცხადა თინა მამულაშვილმა.

მაღაზიათა ქსელი „სანტა ესპერანსა“ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ დააარსა 2005 წელს. ქსელის მაღაზიები მდებარეობს თბილისში, ქუთაისში, გორში და ახლა უკვე ბათუმშიც.

ლევან ბერძენიშვილი
ლევან ბერძენიშვილი

მაღაზიის გახსნაზე მოსულ მკითხველებს ლევან ბერძენიშვილმა ესქილეს „ორესტეა“ წარუდგინა, ახალი თარგმანი, რომლის შეძენის საშუალება პირველად ბათუმელ მკითხველებს მიეცათ.

„ჩვენ დღეს ამ მაღაზიასთან ერთად გვაქვს წარმოდგენილი ეს წიგნი, რომელიც პირველად იხილება აქ და ძალიან მიხარია. ჩვენი ქალაქი იმითაც არის გამორჩეული, რომ ჩვენ წიგნის მოყვარული ქალაქი ვართ, ამ ქალაქს ასეთი მაღაზიები სჭირდება და მით უმეტეს სჭირდება ასეთი წიგნების წარდგენა“, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა. მან ვრცლად ისაუბრა წიგნზე და აუდიტორიის შეკითხვებსაც უპასუხა.

ხულოს 15 სოფელთან მისასვლელი გზა უამინდობის გამო ჩაკეტილია

ხულოში ამ დრომდე გრძელდება ინტენსიური თოვა. ხულოს მერიის ინფორმაციით, 16 სოფელთან მისასვლელი გზა ჩაკეტილია და გაწმენდაზე სპეციალური ტექნიკა მუშაობს. თხილვანას თემში კი 4 სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ხულოს მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი დაახლოებით ნახევარი მეტრია.

ხულოს მერიის ადმინისტრაციულ ერთეულებთან და მუნიციპალურ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი, თენგიზ ტუნაძე ამბობს, რომ ხულოს მუნიციპალიტეტში ცენტრალური გზები გაწმენდილია და ახლა ღორჯომის თემის 12 სოფელთან, ასევე, აგარას, ფუშრუკაულისა და დიოკნისის მიმართულებით იწმინდება გზები. თენგიზ ტუნაძემ გვითხრა, რომ გზებზე საკმარისი რაოდენობის ტექნიკა მუშაობს.

რაც შეეხება ელექტროენერგიის მიწოდებას, თენგიზ ტუნაძის თქმით, თხილვანას ოთხივე სოფელში დენის მიწოდება დღის განმავლობაში აღდგება.

ბაგა-ბაღი „აისი“ გილოცავთ შობა-ახალ წელს

ბაგა-ბაღი „აისი“ გილოცავთ შობა-ახალ წელს, განსაკუთრებით  პატარებს, გისურვებთ ჯანმრთელობას, მხიარულ, ლაღ და თავისუფალ ბავშვობას!

ბაგა-ბაღი „აისი“ 2016 წლის დასაწყისში გაიხსნა. ორი წლის განმავლობაში ათეულობით ბავშვმა მიიღო აქ სკოლამდელი განათლება. ძირითადი ფაქტორი, რატომაც ბავშვები ჩვენთან მოჰყავთ, არის ოჯახური, თბილი გარემო, მზრუნველი და ბავშვების მოსიყვარულე ძიძებით.

მეტი ინფორმაციისთვის გვეწვიეთ: ბათუმი, სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩა N24;

ან დაგვირეკეთ: 577 53 65 65.

სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი მოქალაქე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი მოქალაქე დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით დაარწმუნა მოქალაქე, რომ 5 000 აშშ დოლარის გადახდის შემთხვევაში უზრუნველყოფდა მის დასაქმებას ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე.

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებული მოქალაქისგან თანხის, 5 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, აღების ფაქტზე დააკავეს“.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 28 დეკემბრის 21 საათიდან 29  დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, 29 დეკემბერს, დღის განმავლობაში, ძირითადად უნალექო ამინდი იქნება, ღამით ზოგან დროგამოშვებით  წვიმა, მთაში – თოვა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 8 – 13 გრადუსი
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 0 – 3 გრადუსი
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა 

სინოპტიკოსების ცნობით, 30-31 დეკემბერს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

2019 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

2019 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის ასტროლოგ რამაზ გიგაურისგან.

ვერძი

იანვარში სასიკეთო იქნება ადრე დაწყებული პროექტების დასტაბილურება ან დასრულება. იანვრის ბოლოდან წარმატებული პერიოდი დაიწყება და აპრილის მეორე დეკადამდე გასტანს. ამ დროს შეძლებთ საქმიან კავშირების დამყარებას, სამსახურთან და ფინანსებთან წარმატებების მიღწევას. მოიმატებს მოგზაურობის ალბათობა (თუმცა თებერვლის ბოლოს და მარტის პირველ ნახევარში შესაძლოა ძველი შეცდომების გამოსწორება მოგიწიოთ). აპრილის ბოლო და მაისი ყურადღებით გაიარეთ. ამ დროს გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და მაქსიმალურად მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს. მაისის ბოლოდან საერთო სიტუაცია დაბალანსდება და ივნისში შეძლებთ ძველი პოზიციების დაბრუნებას. ამ დროს მოიმატებს პირად ცხოვრებაში ცვლილებების ალბათობა. ეს კარგი პერიოდია ქორწინებისთვის.

ივლისი ემოციური პერიოდი იქნება. ნუ იქნებით ამ დროს იმპულსური და ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ. აგვისტო შედარებით სასიკეთო იქნება, განსაკუთრებით სასიყვარულო ურთიერთობებისთვის და ბავშვებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისთვის. სექტემბერში გააკონტროლეთ საკუთარი ჯანმრთელობა. შეეცადეთ დაისვენოთ და ძალები აღიდგინოთ. სექტემბრის ბოლოდან – ოქტომბრის ჩათვლით მოსალოდნელია დადგეთ არჩევანის წინაშე. გადაწყვეტილების მიღებისას რჩევა ახლობელ ადამიანებს ჰკითხეთ. ნოემბერი შედარებით პასიური იქნება, თუმცა ნოემბრის ბოლოს და დეკემბერში იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას და ბევრი საკითხის თქვენდა სასარგებლოდ მოგვარებას შეძლებთ.

კურო

იანვრის პირველი ნახევარში გააანალიზეთ წარსული და დაგეგმეთ მომავალი. იანვრის მეორე ნახევარში და თებერვალში მეტი შემოქმედებითობა გამოავლინეთ. ურთიერთობებში ნუ იქნებით ჯიუტი, პრობლემების მოგვარებისთვის კი არასტანდარტულ მეთოდებს მიმართეთ. მარტში და აპრილში მოიმატებს თქვენი მიზიდულობა და შარმი, რაც გაააქტიურებს სასიყვარულო ურთიერთობებს. აპრილის ბოლოდან მოიმატებს წარმატების მიღწევის ალბათობა და ეს სასიკეთო პერიოდი მაისშიც გაგრძელდება. მოსალოდნელია განვითარდეს სამსახურთან და ფინანსებთან დაკავშირებულ პერსპექტივები.

მაისის ბოლოს და ივნისში გააქტიურდება უძრავ ქონებასთან და მოგზაურობასთან დაკავშირებული საკითხები. ივლისში მოსალოდნელია მოგიწიოთ წარსულის გადახედვა და მათში ცვლილებების შეტანა. ეს შესაძლოა ფინანსურ სფეროსაც შეეხოს. ამ დროს მოერიდეთ ფულის სესხება-გასესხებას. აგვისტოში მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. მეტი დაისვენეთ და ემოციურად განიტვირთეთ. აგვისტოს ბოლოდან – სექტემბრის ჩათვლით შესაძლოა „მეორე სუნთქვა“ გაგეხსნათ. გაიცნობთ საინტერესო ადამიანებს, დაამყარებთ მომგებიან კავშირებს და შეძლებთ არა მხოლოდ დაშვებული შეცდომების გამოსწორებას, არამედ დაწინაურებას. ოქტომბრის მეორე ნახევარი და ნოემბერი ფრთხილად გაიარეთ. შეეცადეთ ემოციურად არ გადაიღალოთ და იზრუნოთ ჯანმრთელობაზე. წლის ბოლო პირადი ცხოვრებისთვის იქნება მნიშვნელოვანი, ამ კუთხით ძირეული ცვლილებაც არ გამოირიცხება.

ტყუპი

წლის დასაწყისში დაიწყებთ ძველი კრიზისების მოგვარებას. ამაში მეგობრები და პარტნიორები დახმარებიან. იანვრის ბოლოს და თებერვალში დაძლევთ შინაგან დაპირისპირებებს და დაიწყებთ რეალურ განვითარებას. ეს განსაკუთრებით საგრძნობი გახდება საქმიან სფეროში – სამსახურში, ბიზნესსა და ფინანსებში. მარტში თქვენი აზროვნების პროცესი უფრო დინამიკური და ენერგიული გახდება. აიღებთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას და გამოავლენთ ახალ ინიციატივებს, რაც უკვე მარტის ბოლოსა და აპრილში სასიკეთო შედეგებს მოიტანს. აპრილის ბოლოს და მაისში გააქტიურდება სასიყვარულო ურთიერთობები, მოიმატებს ქორწინების ალბათობაც. ეს კარგია დროა პირად ცხოვრებაში ცვლილებების შეტანისთვის.

ივნისსა და ივლისის პირველ ნახევარში თქვენი თავდაჯერებულობა და მიზანსწრაფვა მოიმატებს, ეს საშუალებას მოგცემთ წარმატებას მიაღწიოთ და ახალი რეალობის ფორმირება შეძლოთ. ივლისის ბოლო და აგვისტო დასვენებისთვის გამოიყენეთ. ამ პერიოდში მატულობს მოტყუების ალბათობა, ამიტომ ინფორმაცია გადაამოწმეთ ხოლმე. შემოდგომის დასაწყისში პრაქტიკულობა და რაციონალიზმი მიტოვებული საქმეების დასრულების საშუალებას მოგცემთ. ოქტომბერი იოლად შეძლებთ განვითარებასა და წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. ნოემბერი და დეკემბრის პირველი ნახევარი შედარებით რთული იქნება, ამიტომ ენერგია ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს მოახმარეთ.

კირჩხიბი

იანვარსა და თებერვალში მნიშვნელოვანი ძველი პროექტები და პრობლემური ურთიერთობები იქნება, ამიტომ, შეეცადეთ ეს ყველაფერი დაასტაბილუროთ. თქვენგან განსაკუთრებულ ყურადღებას პირადი ცხოვრება, ასევე მშობლებთან, ბავშვებთან და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები მოითხოვენ. პოზიტიური პერიოდი თებერვლის ბოლოდან დაიწყება და აპრილის შუა რიცხვებამდე გასტანს. ამ დროს იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას და შეძლებთ მიზნების ჩამოყალიბებასაც, რაც დაგეხმარებათ წარმატებისკენ კონკრეტული ნაბიჯები გადადგათ. მაისში მოსალოდნელია გააქტიურდეს ცოდნის მიღებასთან და საქმიან ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები. შესაძლოა მიიღოთ ახალი შემოთავაზებაც. ივნისში გაასაიდუმლოეთ თქვენი მიზნები და მოსალოდნელ ცვლილებებზე წინასწარ ნუ ისაუბრებთ. ივლისში გააქტიურდება სასიყვარულო სფერო. ეს კარგი დროა პირადი ცხოვრების დარეგულირებისთვის და ქორწინებისთვის.

ივლისის ბოლოს და აგვისტოში შეეცადეთ ფინანსური სფერო გააკონტროლოთ. მოერიდეთ მსხვილი ხარჯების გაწევას. სექტემბერსა და ოქტომბრის პირველ ნახევარში ახალი შესაძლებლობები გაგიჩნდებათ, თუმცა მოგიწევთ ბევრი წვრილმანი და მოსაწყენი საქმის კეთება. ნუ დაიღლებით რუტინისგან. თუ ყველაფერს შეძლებისდაგვარად თავს გართმევთ, მაშინ ნოემბერში სასიკეთო შედეგების მიღებას შეძლებთ. წლის ბოლოს მოერიდეთ ექსტრემალურ სიტუაციებს და გაუფრთხილდით ჯანმრთელობას

ლომი

იანვარში იგრძნობთ ფიზიკური ენერგიის მოზღვავებას, მოიმატებს თქვენი ამბიციურობაც, რაც დაგეხმარებათ წინა წლიდან გადმოყოლილი პრობლემების მოგვარებაში. იანვრის ბოლო და თებერვლის პირველი ნახევარი შედარებით წინდახედულად გაიარეთ. განსაკუთრებული ყურადღება სამსახურს, ფინანსებს და ხელმძღვანელობასთან ურთიერთობებს მიაქციეთ. ნუ იჩქარებთ, რათა შეცდომები აირიდოთ. შედარებით სასიკეთო პერიოდი მარტის მესამე მეორე ნახევარში დაიწყება და მაისამდე გასტანს. ამ დროს თქვენ თავს კვლავ ყველასთვის საჭირო ადამიანად იგრძნობთ. ხელსაყრელი იქნება სამსახურებრივი ცვლილებები, ფინანსური ოპერაციები, უძრავი ქონების თუ სხვა ქონების ყიდვა-გაყიდვა. ივნისი შედარებით პასიური იქნება, თუმცა ენთუზიაზმის და სხვა ადამიანების დახმარების ხარჯზე შედარებით უდანაკარგოდ გაივლით. ივლისი მეორე ნახევრიდან ფორტუნა კვლავ თქვენს მხარეს გადმოვა შეძლებთ ბევრი რთული საკითხის გადაჭრას.

სასიკეთო იქნება უცხოეთში მოგზაურობა და უცხოელებთან ურთიერთობები აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის პირველ ნახევარში დაისვენეთ, განვლილი ეტაპი გააანალიზეთ და დაშვებული შეცდომები გამოასწორეთ. ოქტომბერში მოსალოდნელია ახალი შესაძლებლობების გაჩენა, თუმცა თქვენი მხრიდან აუცილებელი იქნება აქტიური მოქმედებები. ნუ დაელოდებით სხვა ადამიანებს, განსაკუთრებით საქმიან სფეროში. ნოემბერი და დეკემბერი გარდამავალი პერიოდი იქნება და მთლიანად თქვენზე იქნება დამოკიდებული რამდენად პოზიტიურად დაამთავრებთ ამ წელს.

ქალწული

წლის დასაწყისიდანვე აქტიურად დაიწყეთ თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება. ორგანიზებულობის და დისციპლინირებულობის ხარჯზე შეძლებთ წარმატებების მიღწევას. თებერვლის მეორე ნახევარში და მარტში მოსალოდნელია რიგ საკითხებთან მიმართებაში შინაგანი წინააღმდეგობა გაგიჩნდეთ. დადგეთ გარკვეული არჩევანის წინაშეც. შეეცადეთ რაციონალური გადაწყვეტილებები მიიღოთ. აპრილში იოლად შეძლებთ პირად ცხოვრების და სასიყვარულო ურთიერთობების მოწესრიგებას. მაისში მოიმატებს თქვენი ამბიციურობა და გაგიჩნდებათ სურვილი წამოიწყოთ ახალი საქმეები, მოძებნოთ ახალი მოკავშირეები და გაზარდოთ თქვენი შემოსავლები.

მაისის ბოლო და ივნისი შედარებით კრიზისული იქნება, თუმცა მონდომების და შრომისმოყვარეობის ხარჯზე დიდი ალბათობით ამ პერიოდს უდანაკარგოდ გაივლით. ივლისი გადადებული საქმეების დასრულებისთვის და დასვენებისთვის გამოიყენეთ. აგვისტოს ბოლოს და სექტემბერში მოსალოდნელია ახალი კავშირები დამყარება, რომლებიც უცხოეთთან, მოგზაურობასთან ან სწავლასთან იქნება დაკავშირებული. ოქტომბერსა და ნოემბერში სტრატეგიულად დაგეგმეთ თქვენი საქმიანი თუ პირადი ცხოვრება, გაასაიდუმლოეთ მომავალი გეგმები. მაქსიმალურად მოერიდეთ ისეთ სიტუაციებს, სადაც მაღალი იქნები ჭორების და ინტრიგების ალბათობა. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია სერიოზულად დაზარალდეთ. წლის ბოლო კარიერული და პიროვნული ზრდისთვის გამოიყენეთ – დაესწარით სემინარებს და ტრენინგებს, შეისწავლეთ უცხო ენა ან ახალი უნარები.

სასწორი

წლის დასაწყისში შექმნილი სირთულეები ნუ შეგაშინებთ. საერთო მდგომარეობის გამოსწორება იანვრის მეორე ნახევარშივე დაიწყება და შეძლებთ ფსიქოემოციური მდგომარეობის გაუმჯობესებას. თებერვალში განვითარებული მოვლენები თქვენგან გარკვეულ ცვლილებებს მოითხოვენ და შეეცადეთ, ამ დროს მტკიცედ და მიზანმიმართულად იმოქმედოთ. მარტსა და აპრილის პირველ ნახევარში შეეცადეთ პირად ცხოვრებაში შეცდომები არ დაუშვათ. სასიყვარულო პარტნიორის დამთმობი და დიპლომატიური იყავით. ეს დაპირისპირებებისგან და გაუგებრობებისგან გიხსნით. აპრილის მეორე ნახევარში შეეცადეთ ემოციური და ფიზიკური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. მაისი და ივნისი პოზიტიური უნდა აღმოჩნდეს. ამ პერიოდში შეძლებთ სამსახურთან, კარიერასთან, ფინანსურ შემოსავლებთან დაკავშირებული საკითხების გაუმჯობესებას.

ივლისში და აგვისტოს პირველ ნახევარში თუ თავშეუკავებლობას გამოიჩინეთ, არ მიიღებთ შენიშვნას და სამართლიან კრიტიკას, მოსალოდნელია ურთიერთობებში სერიოზული პრობლემები გაგიჩნდეთ. აგვისტოს მეორე ნახევარში და სექტემბერში გაჩნდება სასიყვარულო ურთიერთობების და ფინანსური საკითხების დალაგების შესაძლებლობა. ამ პერიოდში არ გამოირიცხება სამსახურებრივი ცვლილებებიც. ოქტომბერში და ნოემბერში მოსალოდნელია ცხოვრების ახალ ეტაპზე გადახვიდეთ და ან შეიცვალოთ იმიჯი. ეს კარგი პერიოდია ცვლილებების განხორციელებისთვის და რეფორმების გატარებისთვის. წლის ბოლოს მოსალოდნელია მოგიწიოთ რაიმე ტიპის შეთანხმებების მიღწევა ან ხელშეკრულების გაფორმება.

მორიელი

იანვარში მოგიწევთ ენერგიული მოქმედებები, რათა წინა წლის საქმიანი პერსპექტივების განვითარება შეძლოთ და ლოგიკურ შედეგამდე მიყვანა შეძლოთ. თებერვლის პირველი ნახევარში მოერიდეთ სიჯიუტის და აგრესიის გამოვლენას. მოვლენები თებერვლის ბოლოდან დალაგდება და მარტის ბოლომდე პოზიტიურად განვითარდება. სამსახურთან, ხელოვნებასთან და ფინანსებთან დაკავშირებით წარმატების მიღწევას შეძლებთ. აპრილი თქვენგან შექმნილი რეალობის გაცნობიერებას და შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას მოითხოვს. აპრილის ბოლო და მაისი სასიკეთო იქნება საქმიანი ცხოვრებისთვის.

მაისის ბოლოსა და ივნისში მოიმატებს თქვენი შარმი და სექსუალურობა, რაც სასიკეთო გავლენას მოახდენს სასიყვარულო ურთიერთობებზე. ამ დროს მოიმატებს ქორწინების ალბათობაც. ივლისში შესაძლოა მიიღოთ ახალი შემოთავაზება, მიაღწიოთ შეთანხმებას ან გააფორმოთ მომგებიანი ხელშეკრულება. აგვისტოში მოსალოდნელია თქვენს წინააღმდეგ გააქტიურდნენ ოპონენტები და ფარული მტრები, ამიტომ ფრთხილად იმოქმედეთ. სექტემბერი და ოქტომბერი გარდამავალი პერიოდი იქნება. არ არის გამორიცხული მოგიწიოთ გარკვეულ დათმობებზე წასვლა. ცვლილებები ფრთხილად განახორციელეთ. ნოემბერში გააქტიურდება იურისპრუდენციასთან დაკავშირებული საკითხები. საჭიროების შემთხვევაში რჩევისთვის გამოცდილ ადამიანებს მიმართეთ. დეკემბერში გააქტიურდება სასიყვარულო სფერო. ამასთანავე, სასიკეთო პერიოდი იქნება ხელოვნებაში მოღვაწეობისთვის, მოგზაურობისთვის და ახალი შთაბეჭდილებების მიღებისთვის.

მშვილდოსანი

იანვრიდანვე იგრძნობთ, რომ თქვენი საერთო მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა, თუმცა საქმიან ცხოვრებაში მაინც წინდახედულად იმოქმედეთ. თებერვალში და მარტის პირველ ნახევარში შეძლებთ ძველი პრობლემების მოგვარებას და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას. მარტის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია პერსპექტივები გარკვეულწილად დამუხრუჭდეს, მაგრამ ნუ შეშინდებით, იღბალი მაინც თქვენს მხარეზე იქნება. აპრილში გაგიჩნდებათ შანსი დაიწყოთ გრძელვადიანი პროექტები. აპრილის ბოლოდან მაისის ჩათვლით ურთიერთობებში მეტი მოთმინების და დიპლომატიურობის გამოვლენა გმართებთ, რათა უბრალო გაუგებრობა განხეთქილებამდე და სკანდალამდე არ მივიდეს. ივნისში მოგიწევთ გარკვეული არჩევანის გაკეთება. ამ დროს სხვა ადამიანებზე მეტად შინაგან ხმას მოუსმინეთ.

ივლისი პასიური პერიოდი იქნება, ამიტომ ნაკლებად გარისკეთ. ეს კარგი დროა დასვენებისთვის. აგვისტოში განვითარებული საქმიანი კავშირები და პერსპექტივები სასიკეთო შედეგებს შემოდგომით მოიტანს. სექტემბერსა და ოქტომბერში გაგიჩნდებათ წინსვლის, დაწინაურების, გამდიდრების და მოგზაურობის შანსი. ამ დროს სასიკეთო იქნება ქორწინებაც. ნოემბერში შეეცადეთ დაშვებული შეცდომები გაანალიზოთ და გამოასწოროთ. ნოემბრის ბოლოდან თქვენი აღმასვლა კვლავ დაიწყება. თქვენში მოიმატებს ამბიციურობა და დიდი შანსი იქნება, რომ ამ პერიოდში თქვენი ცხოვრება ბევრად წარმატებული და ჰარმონიული გახდეს.

თხის რქა

იანვარსა და თებერვალში შეეცადეთ ძველი პრობლემები გააანალიზოთ და მათი მოგვარებისთვის ორგანიზებულად იშრომოთ. ეს ეხება როგორც საქმიან, ისე პირად ცხოვრებას. თებერვლის ბოლოდან აპრილის პირველ ნახევრამდე მეტი დრო დაუთმეთ პარტნიორულ ურთიერთობებს. იყავით კომუნიკაბელური, რადგან დოგმატურობა და სიჯიუტე ხელს შეგიშლით. ამ პერიოდში არ არის რეკომენდებული პრობლემური ურთიერთობების გარკვევა და კავშირების გაწყვეტა. ყურადღება გამოიჩინეთ სადაო და იურიდიული საკითხების მიმართ. აპრილის ბოლოდან მაისის ჩათვლით სიტუაცია შედარებით დაბალანსდება და გაგიჩნდებათ შესაძლებლობა, რომ ფინანსებში და პირად ცხოვრებაში კრიზისული სიტუაციები აღმოფხვრათ. ივნისი სასიკეთო იქნება საკუთარ თავში ჩაღრმავებისთვის, დასვენებისთვის, განტვირთვისთვის და ასევე პიროვნული თვისებების განვითარებისთვის. ივლისში დაიკლებს თქვენი ტონუსი და ენერგიულობა, ამიტომ ნუ გადაიღლებით და გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.

აგვისტოს ბოლოდან სექტემბრის ჩათვლით თქვენ მიზანსწრაფვა და ორგანიზებულობა მოიმატებს. ეს საშუალებას მოგცემთ გაიაზროთ და გამოასწოროთ დაშვებული შეცდომები, დაალაგოთ ურთიერთობები, დაიწყოთ განვითარება. ოქტომბერში ნუ იქნებით ჯიუტი და შეეცადეთ ახლობელთა რჩევებს მოუსმინოთ, რადგან ერთპიროვნული გადაწყვეტილებებით შესაძლოა სერიოზული შეცდომები დაუშვათ. ნოემბერი და დეკემბერი მთლიანობაში პოზიტიური უნდა გამოდგეს. წინ წამოიწევს სამსახურებრივი საკითხები და არ არის გამორიცხული დაწინაურდეთ ან სამსახური შეიცვალოთ.

მერწყული

იანვრის პირველ ნახევარში შეეცადეთ გაიაზროთ და მოაგვარეთ წინა წლიდან გადმოყოლილი პრობლემები. იანვრის მეორე ნახევრიდან დაიწყება პოზიტიური პერიოდი და თებერვლის ჩათვლით გასტანს. ამ დროს შესაძლოა დაიწყოთ ახალი საქმეები, გაიცნოთ საინტერესო ადამიანები, გაიჩინოთ თანამოაზრეები და შეიცვალოთ იმიჯიც კი. მარტში მნიშვნელოვანი ფინანსურო სფერო იქნება, ამიტომ ყურადღება გამოიჩინეთ ფინანსური ვალდებულებების მიმართ, მათ შორის სესხებთან და კრედიტებთან დაკავშირებულ საკითხებში. აპრილის მეორე ნახევარში და მაისში უფრო მეტად მომთმენი იყავით და შეეცადეთ კონფლიქტურ სიტუაციებს მაქსიმალურად აარიდოთ თავი.

ივნისი პოზიტიური იქნება, შესაძლოა დაგროვილი პრობლემების გადაჭრა სწორედ ამ ამ დროს მოახერხოთ, ეს ეხება სამსახურს, ფინანსურ შემოსავლებს, უცხოეთს და სწავლა-განათლებას. ივლისი და აგვისტო პასიური იქნება. ამიტომ უფრო მეტად დაისვენეთ, მიხედეთ ჯანმრთელობას და გამაჯანსაღებელი პროცედურები ჩაიტარეთ. აგვისტოს ბოლოდან ოქტომბრის ჩათვლით გააქტიურდით და თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხები გადაწყვიტეთ. თუმცა წარმატების მიღწევისთვის ოჯახის წევრების და მეგობრების დახმარება დაგჭირდებათ, ამიტომ საჭიროების შემთხვევაში მათ მიმართეთ. ნოემბერი არც თუ ჰარმონიული იქნება, ამიტომ წინდახედულება გამოიჩინეთ. ნუ გარისკავთ და მოერიდეთ ექსტრემალურ სიტუაციებს. წლის ბოლო ჰარმონიული იქნება და შესაძლოა სასიამოვნო სიურპრიზიც მიიღოთ.

თევზები

იანვარში მოგიწევთ ძველი, გადადებული პრობლემების მოგვარება. შეეცადეთ გაარკვიოთ პრობლემური ურთიერთობები, დარწმუნდეთ პარტნიორთა და თანამოაზრეთა ერთგულებაში, რათა მომავალში მათ გაბედულად დაეყრდნოთ. სასიკეთო პერიოდი თებერვლიდან დაიწყება და მარტის ბოლომდე გასტანს. გაგიჩნდებათ ახალი პერსპექტივები, განსაკუთრებით სამსახურთან, ბიზნესთან და კომერციულ გარიგებებთან მიმართებაში. აპრილი და მაისიც მთლიანობაში პოზიტიური უნდა გამოდგეს. ეს ეხება როგორც საქმიან, ისე პირად ცხოვრებას. ამ პერიოდში გაძლიერდება თქვენი ინტუიცია, ამიტომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები სწორედ მასზე დაყრდნობით მიიღეთ. ივნისში გააქტიურდება უცხოეთთან, უცხოელებთან და ასევე სწავლასთან დაკავშირებული საკითხები. ივლისში შეძლებთ კრიზისული სიტუაციების მოგვარებას და ვალების გასტუმრებას. აგვისტოს ბოლოდან სექტემბრის ჩათვლით მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინეთ. ნუ იქნებით ფანტაზიორი და საკუთარ თავს შეცდომაში ნუ შეიყვანთ.

ინფორმაცია, რომელზე დაყრდნობით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას აპირებთ, აუცილებლად გადაამოწმეთ. ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ნოემბრის ჩათვლით გააქტიურდით და თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხები გადაწყვიტეთ. წარმატებას მკაფიო გეგმებით და კარგად დაგეგმილ მოქმედებებით მიაღწევთ. ეს კარგია დროა მოკავშირეების მოძიებისთვის, სამსახურის მოძიებისთვის და ფინანსური შემოსავლების ზრდისთვის. დეკემბრის პირველ ნახევარი უფრო კონფლიქტური იქნება, თუმცა მეორე ნახევრიდან შეძლებთ სიტუაციის თქვენდა სასარგებლოდ შემოტრიალებას.

საახალწლო კონცერტები ბათუმში მაყურებლის გარეშე

ბათუმის მერიის მიერ დაანონსებული საახალწლო კონცერტები ევროპის მოედანზე 25 დეკემბრიდან დაიწყო. ამ დღესვე ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აანთეს. შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთადერთი საღამო იყო, როცა საახალწლო ღონისძიებას მაყურებელი თვალს ადევნებდა. გუშინ, 26 დეკემბერს, შემსრულებლებს ევროპის მოედანზე მსმენელი არ ჰყოლიათ.   მთელი დღე გადაუღებლად წვიმდა, თუმცა მუსიკოსებს გამოსვლა მაინც არ შეუჩერებიათ.

იგივე ვითარებაა ახლაც [20:50 საათი] – ბათუმში გადაუღებლად წვიმს და სიცივეა. ევროპის მოედანზე, სცენასთან კი მხოლოდ რამდენიმე ადამიანი დგას და გამომსვლელ ჯგუფებს უსმენს.

ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

საახალწლო კონცერტებისთვის, რომელიც ბათუმში იმართება, მერია 106 875 ლარს დახარჯავს ბიუჯეტიდან – თანხას ბათუმის კულტურის ცენტრი იმ ინდივიდუალურ შემსრულებლებსა და ბენდებზე გადაანაწილებს, რომლებიც კონცერტებში უკვე მონაწილეობენ. ჯერჯერობით, არ გვაქვს დაზუსტებული ინფორმაცია, რომელ შემსრულებელს რამდენს გადაუხდიან.

დაზუსტებით მხოლოდ ის ვიცით, რომ 2 იანვარს დაგეგმილია ნინო ქათამაძის კონცერტი – ამ კონცერტისთვის კულტურის ცენტრი 35 000 ლარს გადაიხდის.

როგორც დაანონსებული იყო, საახალწლო ღონისძიებები, ყოველდღიურად, დილის 12 საათიდან იწყება – სცენაზე ჯერ ბავშვები გამოდიან, საღამოს რვა საათიდან კი უფროსი ასაკის შემსრულებლების ჯერი დგება.

მერიის ინფორმაციით, ხვალ, 28 დეკემბერს, რვა საათიდან ევროპის მოედანზე გიორგი სუხიტაშვილისა და მისი ბენდის კონცერტი იქნება. ხვალვე გამოვლენ ჯგუფები „ასეა სულ“ და „ოთხი სეზონი“.

  • 29 დეკემბერს საღამოს რვა საათიდან სცენა დაეთმობა ბენდებს: „MELOMANIAC“, „ FREE SPACE“  და  „BABILON“
  • 30 დეკემბერს გამოვლენ – „ELROV“, „BLUE SAILS“, „ROAD RADIO“

31 დეკემბერს, გალა კონცერტზე ჯგუფი „მარტივი გამოსავალი“ [იგივე „გამოუვალი მდგომარეობა“]  და სხვა ბათუმური ჯგუფები გამოვლენ მაყურებლის წინაშე. თუ, რა თქმა უნდა, წვიმა არ იქნება.

ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

რიგები მანდარინის ჩასაბარებლად და სამინისტროს განმარტება

ორ კვირაზე მეტია ქობულეთში, ციტრუსის მიღება-გადამუშავების საწარმოების წინ მანდარინით დატვირთული მანქანების კილომეტრიანი რიგი დგას. ფერმერებს ციტრუსის ჩასაბარებლად, სამი, ოთხი და ზოგჯერ ხუთი დღითაც კი უწევთ რიგში დგომა და ლოდინი.

არასტანდარტულ მანდარინს, რომელიც ექსპორტზე ვერ გააქვთ, ქობულეთში ორი ქარხანა – TCF Georgia და GM GROUP იბარებს. თუმცა დღეისათვის ერთი ქარხანა TCF Georgia გაჩერებულია. GM GROUP-ს კი დღეში მხოლოდ 300 ტონა მანდარინის მიღება შეუძლია.

„სიტუაცია არც ისე ცუდია, თუ შევხედავთ ოფიციალურ მონაცემებს, დღეის მდგომარეობით არც ისე ცოტაა გატანილი ექსპორტზე. 25 186 ტონა მანდარინი გავიდა. გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით დაახლოებით 6 068 ტონით მეტი არის გატანილი. გასულ წელს ექსპორტზე 19 118 ტონა მანდარინი გავიდა,“ -ასე დაიწყო საუბარი აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ჯამბულ ხოზრევანიძემ. ხოზრევანიძე ამავდროულად ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელიცაა.

მინისტრის მოადგილის თქმით, ყველა ფერმერი, რომელიც 27 დეკემბრის მდგომარეობით ქარხნის წინ დგას და მანდარინის ჩასაბარებლად თავის რიგს ელის, 1 იანვრამდე შეძლებს პროდუქციის ჩაბარებას.

„ყველა ჩააბარებს ახალ წლამდე მანდარინს, ვინც ახლა დგას ქარხანასთან. თხოვნა იქნება გლეხებისადმი – ახალ წლამდე ნუღარ დაემატებიან, რადგან ფიზიკურად ვეღარ შეძლებს ქარხანა გადამუშავებას. იქ ვთხოვეთ მძღოლებს და აღწერეს ავტომანქანები. ასე რომ ყველა ის ადამიანი, ვინც ახალა დგას რიგში ახალ წელს შეხვდება სახლში,“ – აცხადებს ჯამბულ ხოზრევანიძე.

მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ მანდარინის მიღება განახლდება 2 იანვრიდან. „ქარხნის მეპატრონე, რეზო გოგიტიძე შეგვპირდა, რომ 2 რიცხვის შემდგომ ქარხანა განაახლებს მუშაობას“, – ამბობს ჯამბულ ხოზრევანიძე.

ფერმერები რიგში GM GROUP -ის ქარხნის წინ
ფერმერები რიგში GM GROUP -ის ქარხნის წინ
ფერმერები რიგში GM GROUP -ის ქარხნის წინ
ფერმერები რიგში GM GROUP -ის ქარხნის წინ
ფერმერები რიგში GM GROUP -ის ქარხნის წინ
ფერმერები რიგში GM GROUP -ის ქარხნის წინ

 

საკრებულოს გადაწყვეტილებით, მრავალშვილიან ოჯახს საცხოვრებელი ბინა საკუთრებაში გადაეცემა

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე დღეს მიღებული განკარგულებით ქალაქ ბათუმის
მერს მიეცა თანხმობა კახიძეების მრავალშვილიან ოჯახს საკუთრებაში გადასცეს ქ.
ბათუმში, შ. ხიმშიაშვილის ქ. N1-ში არსებული 129,00 კვ/მ ფართის N11 საცხოვრებელი ბინა. განკარგულების პროექტს საკრებულოს სხდომაზე დამსწრე დეპუტატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.

განკარგულების მიხედვით, ქ. ბათუმის მერიას, ასევე დაევალა უზრუნველყოს
აღნიშნული საცხოვრებელი ბინის სარემონტო სამუშოების ფულადი ანაზღაურება 32 250 ლარის ოდენობით.

კახიძეების ოჯახზე საცხოვრებელი ბინის გადაცემა „მრავალშვილიანი ოჯახების
საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის“ ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

ბათუმის საკრებულო

გერმანია, სავარაუდოდ, ბათუმში 25 საბავშვო ბაღის ენერგოეფექტურად გარდაქმნას დააფინანსებს

ბათუმის მერიის ინფორმაციით, პროექტი, რომელიც ჯერ კიდევ მოსამზადებელ ეტაპზეა, ითვალისწინებს სხვადასხვა უახლესი ტექნოლოგიის ტესტირებას, ძირითადად, საბავშვო ბაღების ენერგოეფექტურად გარდაქმნას. გერმანიასა და საქართველოს შორის ფინანსური თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, პროექტს გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი [KFW] დააფინანსებს.

ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ, დღეს, 27 დეკემბერს, საკრებულოს სხდომაზე დააზუსტა, რომ „ეს იქნება გრანტი, ყოველგვარი პროცენტების გარეშე.“

პროექტის მოსამზადებელ ეტაპზე შეარჩიეს 25 ბაღი და  კულტურული მემკვიდრეობის ერთი ძეგლი. KFW -ის კონსულტანტებმა მოამზადეს დაინტერესებული მხარეებისა და ბათუმის მერიის ინსტიტუციონალური შესაძლებლობების კვლევა.

მერიის ინფორმაციით, KFW-თან ერთად შეხვედრები გაიმართა პროექტის ყველა შესაძლო დაინტერესებულ მხარესთან, შემდეგ კი მოამზადეს საპროექტო წინადადება, რომელიც გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკმა, გერმანიის მთავრობას დაფინანსების დამტკიცების მიზნით უნდა წარუდგინოს. მერიის ინფორმაციით, საპროექტო წინადადება უკვე გაგზავნილია.

დაფინანსების შემთხვევაში გათვალისწინებულია ხუთი მილიონი ევროს გამოყოფა გრანტის სახით. ამ თანხით ჩატარდება 25 საბავშვო ბაღის შენობის ენერგოეფექტურად გარდაქმნისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურულ-სარეაბილიტაციო სამუშაოები.

რაც შეეხება ბათუმის ბიუჯეტს – მერიის ინფორმაციით, 2019 წელს ლერმონტოვისა და ხიმშიაშვილის ქუჩების მიმდებარედ [ფერაძის ქუჩაზე] N27 საბავშვო ბაღის საძირკველს გაამაგრებენ და შენობას სარეაბილიტაციო სამუშაოებს ჩაუტარებენ. სამუშაოები შესრულდება სკოლამდელი აღზრდისა  და განათლების ქვეპროგრამით – „საბავშვო ბაღების შენობების მშენებლობა და კაპიტალური რეაბილიტაცია“.

გარდა ამისა, ა(ა)იპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს“ უკვე მომზადებული აქვს ერთი საბავშვო ბაღის მშენებლობისა და ორის ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.

მომავალ წელს დაგეგმილია:

  • ლერმონტოვის N96-ის მიმდებარედ საბავშვო ბაღის მშენებლობა
  • აღმაშენებლის ქუჩაზე N10 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები
  • ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე N14 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები

 

საკრებულომ ბათუმის 2019 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია – ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს საკრებულოს წევრთა უმრავლესობამ დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე მხარი დაუჭირა. მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტულ მიმართულებებად კვლავ რჩება მუნიციპალური იფრასტრუქტურის განვითარება, ქალაქის დასუფთავება, ეკოლოგიური მდგომარეობისა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარება, განათლება, კულტურა, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, ქალაქის ეკონომიკური და ურბანული განვითარება, მუნიციპალური სერვისების განვითარება, წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება.

ბათუმის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელმა ჯამში 156,761.600 ლარი შეადგინა, ხოლო გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებლებმა –  73,153.600 ლარი.

ფინანსური დახმარების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 29,900.0 ათასი ლარით. მათ შორის: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან მისაღები კაპიტალური ტრანსფერი შეადგენს  29,900.0 ათასი ლარს. ადგილობრივი ბიუჯეტის სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი კი 43,008.0 ათასი ლარის ოდენობით განისაზღვრა.

პრიორიტეტული მიმართულებებიდან ქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტიდან ყველაზე მეტი, 66,623,9 ლარი, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე დაიხარჯება, ქალაქის დასუფთავებაზე, ეკოლოგიური მდგომარეობისა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე – 13,487,7 ლარი, განათლებაზე – 15,626,0 ლარი, კულტურაზე, ახალგაზრდობის ხელშეწყობასა და სპორტზე – 13,398,4 ლარი, ჯანმრთელობის დაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფაზე – 16,056,5 ლარი, ქალაქის ეკონომიკურ და ურბანულ განვითარებაზე – 1,050,0 ლარი, მუნიციპალური სერვისების განვითარებაზე – 2,922,9 ლარი.

საკრებულოს სხდომას ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, ვიცე მერი თენგიზ პეტრიძე, მერიის სამსახურების ხელმძღვანელები, არასამტავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

წელს გონიოს ციხეს 118 ათასზე მეტი ვიზიტორი ეწვია, სხვა მუზეუმებს ჯამში – 37 585 

2018 წელს გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალს 118 719 ვიზიტორი ეწვია, ხოლო ბათუმში არსებულ სხვა მუზეუმებს – 37 585 ვიზიტორი.

აჭარის მთავრობის სსიპ-ის – აჭარის მუზეუმის მიერ მოწოდებული სტატისტიკის თანახმად, 2018 წელს ხელოვნების მუზეუმს 10 750 ვიზიტორი ჰყავდა, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმს – 11 791, არქეოლოგიურ მუზეუმს – 13 049, ხოლო ნობელების მუზეუმს – 1 995 ვიზიტორი.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2018 წელს იანვარ-ნოემბრის პერიოდში, აჭარას 1 830 888 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია.

 

2 იანვარს ბათუმში ნინო ქათამაძე იმღერებს – ჰონორარი 35 000 ლარია

2 იანვარს ბათუმში, ევროპის მოედანზე, მთავარ საახალწლო სცენაზე, მომღერალ ნინო ქათამაძის კონცერტი გაიმართება. ნინო ქათამაძესთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება ბათუმის კულტურის ცენტრმა ექსკლუზიური უფლებით, გამარტივებული შესყიდვის ფორმით მოითხოვა. შესყიდვის ასეთ ფორმას სახელმწიფო სტრუქტურები ინტელექტუალური საკუთრების შესყიდვისას იყენებენ. შესყიდვის ღირებულება 35 000 ლარია.

შესყიდვების სააგენტო  თანხმობისთვის დაზუსტებულ ხარჯთაღრიცხვას ითხოვს. თუმცა ასეთი ხარჯთაღრიცხვა, ჯერჯერობით, კულტურის ცენტრში არ აქვთ.

კულტურის ცენტრის დირექტორის, ჯონი საბაშვილის ინფორმაციით, პროგრამა დაახლოებით საათნახევრიანი იქნება, რეპერტუარზე კი ხელშეკრულების გაფორმებამდე შეთანხმდებიან: „გვინდა, რომ პროგრამა იყოს განსხვავებული“.

შესყიდვების სააგენტოს მიერ კულტურის ცენტრისთვის მიწერილ წერილში ნათქვამია, რომ კულტურის ცენტრს მას შემდეგ შეუძლია მოთხოვნილი სტატუსი მიანიჭოს შესყიდვას, რაც ხარჯთაღრიცხვას დააზუსტებს.

 

მუზეუმი სკოლის ტუალეტში [ფოტო]

ბათუმის ფიზიკა-მათემატიკის მე-6 საჯარო სკოლის დარაჯს უკვე აღარ უკვირს უცხო ადამიანის გამოჩენა სკოლაში. იცის, რომ ადამიანებმა ამ სკოლაში ტუალეტის სანახავად დაიწყეს სიარული. ტუალეტი ამ სკოლაში ჩვეულებრივი არ არის – იქ პატარა მუზეუმია მოწყობილი.

ტუალეტი სკოლის მეორე  და მესამე სართულებზეა. ორივეგან კარის შეღებისთანავე თქვენს ყურადღებას ნახატების მწკრივი მიიქცევს, სხვადასხვა ფერად შეღებილ კედლებზე რომ დაუმაგრებიათ. აქ ნახავთ მოსწავლეების ნახატებს, მასწავლებლებისაც და ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის ექსპონატების ფოტოებს.

გამოფენა სკოლის ორივე ტუალეტში დაგხვდებათ

„10 წელია აქ ვმუშაობ, ახლა უფრო სისუფთავეა, აღარ ფუჭდება, წარწერებსაც აღარ ტოვებენ, აღარ ვწვალობ, მაგრამ მაინც ვეღარ ვშორდები აქაურობას,“ – გვიყვება ეთერ მიქელაძე ღიმილით. ის სკოლის დამლაგებელია და სათითაოდ მიდის თითოეულ ნახატთან მტვრის მოსაწმენდად. თქვენ რომელი მოგწონთ-მეთქი, ვეკითხები და მოსწავლის ნახატთან ჩერდება: „ეს ყველაზე კარგია, თან ისეთი კარგი ბავშვია… ჩემს შვილიშვილსაც დავათვალიერებინე ამას წინათ – მობილური სურათები გადავიღეთ. დამპირდა, მეც დავხატავ ასეთსო“.

ეთერ მიქელაძეს განსაკუთრებით მოსწავლის მიერ შესრულებული ნახატი მოსწონს

მიუხედავად იმისა, რომ უკვე ბევრჯერ ნახეს, ტუალეტში შესული მოსწავლეები ისევ ჩერდებიან ნახატებთან. არატრადიციულმა ტუალეტმა ჩვენი ქცევა შეცვალაო, ყვებიან ისინი.

„როდესაც შედიხარ, არ გრძნობ იმას, რომ რაღაც ბინძურ გარემოში შედიხარ. ჰარმონიული და კომფორტული გარემოა. ახლა ყველას მოსწონს სარკესთან დგომა და გაპრანჭვა, ბიჭებიც იპრანჭებიან. ფოტოებსაც აქ ვიღებთ“, – გვითხრა ბათუმის მე-6 სკოლის მოსწავლემ, ქეთი გიორგაძემ.

„ტუალეტში შესვლა აღარ ეზარება არავის. ჩემთვის ხელოვნება ბევრს ნიშნავს. თვალს სიამოვნებს ასეთი გარემო და აქედან როცა გაკვეთილზე შედიხარ, სხვანაირი ხან… მეც მინდა დავხატო რამე და აქ გამოვფინო,“ – ამბობს ეკატერინე ხინთიბიძე, მე-10 კლასის მოსწავლე.

ეკატერინე ხინთიბიძე

შაბლონური და თეთრი ტუალეტის გადაკეთების იდეა ამ სკოლაში თავდაპირველად მაგდა გოგიტიძეს გაუჩნდა. ის ბათუმის მე-6 სკოლაში ხელოვნებას ასწავლის. იდეა სკოლის დირექციამ მოიწონა და ერთ მშვენიერ დღეს ტუალეტი გადაღებეს, მერე – ნახატები შეარჩიეს, რომელსაც ტუალეტში მოწყობილ მუზეუმში გამოფენდნენ.

„ერთხელ ბავშვებმა ჩამაფიქრეს, რომლებიც დამღლელი 45-წუთიანი გაკვეთილის შემდეგ ტუალეტში შედიოდნენ… მომინდა, რომ მათთვის ტუალეტს სხვა დატვირთვა ჰქონოდა, მოწესრიგებულ გარემოში შესულიყვნენ, რომლის დაზიანების სურვილი აღარ გაუჩნდებოდათ და იქედან სულ სხვა განწყობით გამოსულიყვნენ…“ – გვიყვება მაგდა გოგიტიძე. მაგდამ საჯარო სკოლაში არატრადიციული საპირფარეშოს მოწყობის თემაზე, მასწავლებელთა აჭარის რეგიონულ კონფერენციაში, რამდენიმე დღის წინ, მონაწილეობა მიიღო.

ხელოვნების მასწავლებელმა, მაგდა გოგიტიძემ საპირფარეშოში საკუთარი ნახატიც გამოფინა

მე-6 საჯარო სკოლის ტუალეტში მოწყობილ მუზეუმში მაგდა გოგიტიძის რამდენიმე ნახატიცაა გამოფენილი. ამბობს, რომ ხატვის ნიჭი ყველას აქვს და ერთ-ერთ ნამუშევართან ჩერდება, რომელიც მათემატიკის მასწავლებელს შეუსრულებია – მოსწავლე გეომეტრიული ფიგურებით.

თამარ ჩაგანავა

„მე დავხატე კი, არ მეგონა, ასე თუ დაინტერესდებოდით ამით… მოსწავლე მათემატიკური ფიგურებით ავაწყე. მოსწავლე ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის,“ – აღნიშნა თამარ ჩაგანავამ, რომელიც მე-6 სკოლის სასწავლო ნაწილის ხელმძღვანელიცაა.

მე-6 სკოლაში აპირებენ, რომ პერიოდულად განაახლონ საპირფარეშოს მუზეუმი იმ ნახატებით, რასაც მოსწავლეები წლის განმავლობაში დახატავენ.

ტუალეტებში ჰიგიენის დაცვა საქართველოში ბევრ საჯარო სკოლაში გადაუჭრელ პრობლემად რჩება.

 

მაშველებმა 54 წლის კაცი მდინარე ჭოროხიდან გამოიყვანეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დღეს, 27 დეკემბერს, მეხანძრე-მაშველებმა 54 წლის კაცი მდინარე ჭოროხიდან უვნებლად გამოიყვანეს.

სამსახურის ცნობით, მოქალაქე მდინარეში შეშის გამოსატანად მანქანით შევიდა, თუმცა წყლის ნაკადის მომატების გამო, გამოსვლა ვეღარ შეძლო. კაცი გადაყვანილია უსაფრთხო ადგილას და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მეხანძრე-მაშველებმა მდინარიდან გამოიტანეს ავტომანქანაც.

ადგილზე იმყოფებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო და საზღვაო ჯგუფები.

მრავალპროფილური კლინიკა „საგიტარიუსი“ გილოცავთ დამდეგ შობა – ახალ წელს

კლინიკა „საგიტარიუსი“ სრულიად საქართველოს გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს. ჯანმრთელობას, ბედნიერებას და ეკონომიკურ სიძლიერეს გისურვებთ!

სამედიცინო ცენტრი „საგიტარიუსი“ 2005 წელს პირველად გაიხსნა როგორც თვალის დაავადებათა კლინიკა. იმ დროისთვის ის იყო ერთ-ერთი პირველი კერძო კლინიკა საქართველოში. „საგიტარიუსი“ დებმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორებმა, პროფესორებმა, ოფთალმოლოგმა ელიდა ხვედელიძემ და ეკატერინე გვარიშვილმა დააარსეს. ეს უკანასკნელი ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში.

2010 წელს კლინიკის მომსახურების სპექტრი გაფართოვდა და ამჟამად მისი მთავარი მიმართულებები არის ოფთალმოლოგიური და ოტორინოლარინგოლოგიური ქირურგია. აქვე არის ლაბორატორია, რენტგენოგრაფია, შესაძლებელია ჩაიტარო ექოსკოპიური გამოკვლევები, დიპლეროგრაფია, ასევე, მიიღო ნევროლოგის, ენდოკრინოლოგის, თერაპევტისა და კარდიოლოგის კონსულტაცია. ხორციელდება მეზღვაურთა პროფესიული სამედიცინო შემოწმებები.

მისამართი: ბათუმი, გორგილაძის ქუჩა N91

ბათუმის საკრებულო „სილქ როუდ ჯგუფისთვის“ გეგმარებითი დავალების მიცემას დაეთანხმა

ამ წუთებში ბათუმის საკრებულოს სხდომაზე „სილქ როუდ ჯგუფისთვის“ გეგმარებითი დავალების მიცემის საკითხს საკრებულოს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანიამ ბათუმში, „ჭაჭის კოშკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საკუთარი ექვსი ჰექტარის გარდა, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ფართობიც უნდა დააპროექტოს.

25 დეკემბერს საკრებულოში „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარემ, ნატალია ზოიძემ ფრაქციის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ საკრებულოს წევრებისთვის კომპანიას პროექტის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ წარუდგენია: „ჩვენ არაფერი ვიცით, ჩვენთვის არაფერი წარმოუდგენიათ.“

ამის მიუხედავად, საკრებულოს წევრებმა გეგმარებით დავალებას მხარი დაუჭირეს. ნატალია ზოიძემ საკრებულოს წევრების ქცევა ასე ახსნა: საკრებულოს 20 დღეში წარუდგენენ კვლევის შედეგებს, სადაც გამოჩნდება, რას აპირებს კომპანია. ამის საფუძველზე აპირებს საკრებულო შეაფასოს, რამდენად დასაშვებია ამ მასშტაბის მშენებლობა ბათუმის სანაპიროზე.

კომპანია „სილქ როუდ ჯგუფი“ ბათუმში, ჭაჭის თაუერის გვერდით, ექვსი კოშკის აშენებას გეგმავს. მათგან ყველაზე მაღალი 130 მეტრი სიმაღლის 42-სართულიანი აპარტოტელი „სილქ თაუერი“ იქნება, რომელსაც 2012 წელს დაანონსებული „ტრამპ თაუერის“ ნაცვლად ააშენებენ. გარდა ამისა, კომპანია გეგმავს სასტუმროს, ბინებისა და სავაჭრო ობიექტების მშენებლობას. ამის შესახებ 17 დეკემბერს, პროექტის პრეზენტაციაზე ბათუმში, კომპანიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, გიორგი მარიმ ისაუბრა. პრეზენტაციას „რედისონში“ „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი გიორგი რამიშვილიც ესწრებოდა.

მშენებლობას ბათუმში არც თუ ისე ცოტა მოწინააღმდეგე ჰყავს. მათ მიაჩნიათ, რომ ამ მასშტაბის მშენებლობა ქალაქს ბევრი თვალსაზრისით დააზარალებს.

 

კონცეფცია

„ტრამპ თაუერი“ 44 სართული, „სილქ თაუერი“ – 42? -„რივიერას“ ტერიტორიაზე გეოლოგიური კვლევა დაიწყო

მთავრობა კურორტ გოდერძიზე გასვლით სხდომას მართავს, რომელიც მედიისთვის ისევ დახურული იქნება

ხვალ, 28 დეკემბერს, აჭარის მთავრობის გასვლითი სხდომა კურორტ გოდერძიზე გაიმართება. როგორც “ბათუმელებს” აჭარის მთავრობის პრესსამსახურში განუცხადეს, სხდომა ამჯერადაც დახურული იქნება.

“ხვალინდელი გასვლითი სხდომა გაიმართება არსებული რეგლამენტის მიხედვით,” – განმარტეს პრესსამსახურში.

მედიისთვის სხდომა მხოლოდ პირველი 10 წუთი იქნება ღია. სხდომის შემდეგ კი გაკეთდება კომენტარები.

მთავრობის სხდომები ჟურნალისტებისთვის მას შემდეგ დაიხურა, რაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გახდა.

ეს მეორე გასვლითი სხდომა იქნება მას შემდეგ, რაც აჭარის მთავრობას თორნიკე რიჟვაძე ხელმძღვანელობს. პირველი გასვლითი სხდომა მთავრობას ქედაში ჰქონდა.

„გასვლითი სხდომები ხომ იმიტომ არის, რომ მეტი საჯაროობა იყოს?“ – ეს შეკითხვა „ბათუმელებმა“ თორნიკე რიჟვაძეს 30 ნოემბერს, ქედაში მთავრობის სხდომის დაწყებამდე დაუსვა. ამაზე მთავრობის თავმჯდომარემ გვიპასუხა, რომ „გასვლითი სხდომები იმიტომ არის, რომ იყოს ახლო კონტაქტი მოსახლეობასთან ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა დონეზე“.

Exit mobile version