მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერიამ „იაფი სახლის“ მშენებლობა უკვე მეორედ დაიწყო

25.04.2018 • 3008
ბათუმის მერიამ „იაფი სახლის“ მშენებლობა უკვე მეორედ დაიწყო

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, ქალაქის მერიამ ე.წ. იაფი სახლის მშენებლობა მეორედ დაიწყო. სამუშაოებს ამჯერად ტენდერში გამარჯვებული კომპანია „მტმ“-ი ასრულებს. მასთან მერიამ ხელშეკრულება 2 349 999 ლარზე მიმდინარე წლის აპრილის დასაწყისში გააფორმა. სატენდერო თანხა კი 2 478 444 ლარი იყო. ტენდერში 4 კომპანია მონაწილეობდა.

ბათუმში, ჯავახიშვილის N78ა-ს მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით გათვალისწინებულია ოთხი [„ა-ბ-გ-დ“ კორპუსი] ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. მოცემული ეტაპისათვის კი, დაგეგმილია ორი ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლის [„გ“ და „დ“ კორპუსები] მშენებლობა და „ბ“ კორპუსის საძირკვლის მოწყობა.

სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 360 დღეში [2019 წლის 28 მარტის ჩათვლით] უნდა დასრულდეს.

„იაფი სახლის“ ტენდერში გამარჯვებული კომპანია აქამდეც ჰყავდა ბათუმის მერიას, თუმცა „კონვენტ ჯორჯია“, რომელსაც „იაფი სახლი“ უნდა აეშენებინა, მერიასთან ხელშეკრულების გაფორმებიდან ცოტა ხანში გაუჩინარდა. მშენებლობის დაწყებამდე მერიამ კომპანიას ავანსის სახით, ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, 1 643 785 ლარი გადაურიცხა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ ხელშეკრულების პირობები დაარღვია, მერია ამ თანხის დაბრუნებას ვერ ახერხებს. 

კუთვნილი თანხა არ მიუღიათ „კონვენტ ჯორჯიას“ მიერ დაქირავებულ მუშებსაც. „ეს ადამიანები ჩემთანაც იყვნენ მოსული. მე მათ ვუთხარი, რომ მიმართონ მერიას ან პროკურატურას. ხელშეკრულებით მე რაიმე დავალიანების დაფარვა არ მევალება. ჩვენი კომპანია აქ არაფერ შუაშია,“ – გვითხრა შპს „მტმ“-ის დირექტორმა, მევლუდ გეწაძემ.

მისივე თქმით, ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებას „მტმ“-ი გაწერილ დროში აუცილებლად შეასრულებს: „მშენებლობაზე ჩვენი კომპანია მუშაობს და ქვეკონტრაქტორი არ გვყავს. რაც შეეხება იქ უკვე შესრულებულ სამუშაოებს, რაც არის გაკეთებული, ხარისხიანადაა და ვაგრძელებთ მშენებლობას. პროექტში ერთადერთი ცვლილებაა მხოლოდ – თავდაპირველად არ ვიცი, რატომ მაგრამ, გამოყენებული იყო ლითონის კარკასული და მზიდი კონსტრუქციები, რაც ახლა შეიცვალა რკინაბეტონით“.

„იაფი სახლის“ აშენების შესახებ ბათუმის მერიამ 2014 წელს განაცხადა, თუმცა პროექტი დღემდე ვერ განახორციელა.

„ბათუმის მერიამ დაგეგმა და დაიწყო პროექტის განხორციელება იმ პირობებში, როდესაც არ ჰქონდა განსაზღვრული კონკრეტული სამიზნე ჯგუფები და პროგრამაზე მოთხოვნის დონე. არ ჰქონდა განსაზღვრული სამშენებლო პროექტის შესაბამისობა პროგრამის მოთხოვნებთან,“ – აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში.

„იაფი სახლის“, იგივე „ხელმისაწვდომი საცხოვრისით“ სარგებლობის მსურველთა შერჩევის კრიტერიუმები ბათუმის მერიამ 2016 წელს „სოციალური კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტის“ დახმარებით შეიმუშავა და მხოლოდ ერთი თვის წინ გაასაჯაროვა.

მერიის განმარტებით, „ხელმისაწვდომი საცხოვრისი [Affordable Housing] არის იზოლირებული, კეთილმოწყობილი ბინა მრავალსართულიან კორპუსში, რომელსაც მუნიციპალიტეტი გადასცემს აპლიკანტ ოჯახს, განსაზღვრულ პერიოდში ბინის თვითღირებულების ქირის სახით დაფარვის და ბინის საბოლოო გამოსყიდვის უფლებით.

შემუშავებული დოკუმენტით, პროგრამის სამიზნე ჯგუფი არის საზოგადოების ის ფენა, რომელმაც სიღარიბეს თავი დააღწია, მაგრამ ვერ ჩამოყალიბდა სტაბილურ საშუალო ფენად, რათა საკუთარი ძალისხმევის საფუძველზე, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე, შეძლოს ისეთი მოთხოვნების დაკმაყოფილება, როგორიცაა ადეკვატური საცხოვრებლით სარგებლობა.

კრიტერიუმების შესახებ დეტალურად იხილეთ აქ:

ბათუმის მერიამ იაფი სახლის კრიტერიუმები გაასაჯაროვა

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: