„დრიმლენდ ოაზისი“ ჩაქვის პლაჟს, 12 320 კვადრატულ მეტრ ტერიტორიას ათწლიანი იჯარით ითხოვს. ამ კომპანიას უკვე ეკუთვნის პლაჟის მიმდებარე ტერიტორია, სადაც მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს. პლაჟის კომპანიაზე გადაცემას ადგილობრივი მოსახლეობა ეწინააღმდეგება, ისინი მიიჩნევენ, რომ პლაჟის ინვესტორზე გადაცემის შემდეგ მათთვის ზღვაზე გასასვლელი ჩაიკეტება და ისინი ზღვის სეზონზე დამსვენებელს დაკარგავენ.
ადგილობრივები მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელებისგან ითხოვენ არ მიიღონ დადებითი გადაწყვეტილება ამ საკითხზე. მათივე ინფორმაციით, ისინი ამ მოთხოვნით რამდენჯერმე შეხვდნენ ქობულეთის მერს, მირიან ქათამაძეს და საკრებულოს „ქართული ოცნების“ უმრავლესობის თავმჯდომარეს გიორგი გოგიტიძეს, თუმცა ვერ მიიღეს დაზუსტებული პასუხი, გაითვალისწინებენ თუ არა მათ მოთხოვნას.
მიუხედავად მოსახლეობის წინააღმდეგობისა, ქობულეთის მერიას, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი აქვს მოთხოვნილი ტერიტორიის ათწლიანი იჯარით „დრიმლენდ ოაზისისთვის“ გადაცემა. მერიამ შესაბამისი დოკუმენტები საკრებულოს დასამტკიცებლად უკვე გადაუგზავნა, საკრებულომ საკითხი განიხილა და მომავალი სხდომის დღის წერიგში შეიტანა.
ქობულეთის მერიის მიზანშეწონილობის კომისიის ოქმის მიხედვით, რომელიც საკრებულოში გადაგზავნილ დოკუმენტებს თან ერთვის, „დრიმლენდ ოაზისი“ მოთხოვნილ ტერიტორიაზე მერიას ბულვარული ტიპის დასასვენებელი ადგილის მოწყობას სთავაზობს, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ქობულეთის მუნიციპალიტეტში ტურისტების მოზიდვას. ოქმში ნათქვამია ისიც, რომ ტერიტორია ღია იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის, მაგრამ ამის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას არ სჯერა:
„რატომ უნდა დავიჯეროთ, როცა გვქონდა შემთხვევები, რომ ზღვაზე გასასვლელი ბილიკი დაგვიკეტეს და ადგილობრივის წინააღმდეგ, რომელიც მათი ტერიტორიის წინ თევზაობდა, პოლიციაც გამოიძახეს“.
კომპანიის წარმომადგენელი ნონა ხუჯაძე „ბათუმელებთან“ ირწმუნება, რომ პლაჟზე გადაადგილება შეზღუდული არ არის, არც მომავალში იქნება, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე მათი დამსვენებლისთვის. თუმცა მან დაადასტურა ისიც, რომ ტერიტორიაზე როგორც უფასო, ასევე ფასიანი ზონები მოეწყობა. კომპანია იჯარით გადაცემულ პლაჟზე განათავსებს ზღვაზე დასვენებისთვის საჭირო ინვენტარს – შეზლონგებს და ე.წ. კანოპეებს, რომლებსაც გააქირავებენ.
„…ასევე იქნება უფასო სარგებლობის ზონა დატოვებული, რაც უფასო იქნება გამოსაყენებლად მათ შორის კომპლექსში არ მცხოვრები ადამიანებისთვისაც. ანუ კომპანია მოუვლის ამ პლაჟს, თუმცა მთელ ტერიტორიას კომერციული მიზნებისთვის არ ითხოვს“, – განმარტავს ნონა ხუჯაძე.
ადგილობრივებისთვის არც ის აუხსნიათ, გადაცემული ტერიტორიის რა ნაწილის ათვისებას გეგმავს ინვესტორი კომერციული მიზნებისთვის – კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ ფასიან შეზლონგებს და კანოპეებს გადაცემული ტერიტორიის 60 პროცენტზე განათავსებენ.
საგულისხმოა ისიც, რომ კომპანია პლაჟის ტერიტორიას პირდაპირი წესით ითხოვს, მერია კი ქონების ამ ფორმით გადაცემას ინვესტორის კეთილსინდისიერებით ასაბუთებს.
„…სრულიად კეთილსინდისიერად შეასრულებს მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი წესით განკარგვისას დადგენილ პირობებს“, – ნათქვამია მერიის მიზანშეწონილობის კომისიის ოქმში, რომელიც საკრებულოში გადაგზავნილ დოკუმენტებს თან ერთვის.
ამავე ოქმით ირკვევა, კომპანიამ მერიას პლაჟით სარგებლობის სანაცვლოდ წელიწადში 10 000 ლარის გადახდა შესთავაზა. დადგენილი ნორმატიული ფასის მიხედვით კი, 12 320 ლარი გამოუთვალეს. კომისიის ცხრავე წევრმა საკითხს მხარი დაუჭირა, მათ შორის – კომისიის თავმჯდომარემ, ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ.
შპს „დრიმლენდ ოაზისი“ 2007 წელს დააფუძნეს. კომპანიის 82,7 პროცენტი ავსტრიაში დაფუძნებულ კომპანიას „ალბერეტა, ავსტრიას“ ეკუთვნის; 8,3 პროცენტის მფლობელი კი, ყოფილი პარლამენტარი გოდერძი ბუკიას შვილი, ნათია ბუკიაა. დარჩენილ ცხრა პროცენტს კომპანიის დირექტორი ნიკოლოზ გეგუჩაძე ფლობს.
„დრიმლენდ ოაზისი“ იგივე „საქტურ კურორტია“ – ამ კომპანიის 33,30 პროცენტს 2010 წელს ბიზნესმენ გოდერძი ბუკიას ოჯახის საკუთრებაში არსებული კომპანია „მგ კომპანი“ ფლობდა. დარჩენილი 66,70 პროცენტის მფლობელი კი ავსტრიაში, ვენაში დაფუძნებული კომპანია „ისთინ ფორვარდინგ ჰოლდინგი“ იყო.
დოკუმენტების მიხედვით, „მგ კომპანის“ მფლობელებმა კომპანიის 66, 70 პროცენტი ავსტრიულ კომპანიაზე 2010 წელს გაასხვისეს. შესყიდვის ღირებულებად 2000 ლარია მითითებული.
გოდერძი ბუკია 2008-2012 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, უფრო ადრე, 2004-2008 წლებში კი ის ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ბლოკ – „ახალ საქართველოს“ წარმოადგენდა პარლამენტში.
2016 წელს გოდერძი ბუკიამ „ქართულ ოცნებასთანაც“ მოახერხა დაახლოება – 2016 წელს ხობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ის პირადად გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა, თუმცა მოგვიანებით პარტიაში ეს გადაწყვეტილება შეცვალეს, რაც იმით ახსნეს, რომ ბუკიამ დიდ ბიზნესში დაბრუნება გადაწყვიტა.
„დრიმლენდ ოაზისი“ ის კომპანიაა, რომელსაც უნდა შეემუშავებინა ბათუმის ბულვარის კონცეფცია, რომელიც სამი ხეივნიდან ერთის გაუქმებას ითვალისწინებდა. გადაწყვეტილება აჭარის მთავრობამ საზოგადოების პროტესტის შემდეგ შეაჩერა. ამ თემაზე იხილეთ აქ.