მთავარი,სიახლეები

ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ბათუმის უნივერსიტეტში არ შეუშვეს – ბსუ-ში უარყოფენ

30.03.2019
ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ბათუმის უნივერსიტეტში არ შეუშვეს – ბსუ-ში უარყოფენ

პოლიტიკური ორგანიზაცია „გირჩის“ დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში ლექციის წასაკითხად არ შეუშვეს. დაახლოებით ერთი საათის წინ ფეისბუკ ლაივში ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც უნივერსიტეტის ეზოში ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად იყო, ამბობდა, რომ მას უნივერსიტეტში შესვლის უფლებას არ აძლევენ.

„ბათუმში ვარ ჩამოსული, აუდიტორიას რა გვიღებენ, რომ ლექცია ჩავუტარო ახალგაზრდებს, პოლიტიკოსების შემოსვლა არ შეიძლებაო. სასაცილოა, მაგრამ ჩვეულებრივი საბჭოთა კავშირია. ახალგაზრდები უნდა დაიცვან პოლიტიკისგან თუ რაღაცისგან.

სინამდვილეში პოლიტიკა რა არის, გარეთ რომ გამოდიხარ ხომ უნდა იცხოვრო რეალურ ცხოვრებაში და ეს რეალური ცხოვრება პოლიტიკით წარიმართება. როგორ შეიძლება გამზადებდნენ ამ ცხოვრებისთვის და თან არ გასწავლიდნენ მთავარ რაღაცას, რომ გარეთ რაც ხდება, რომ პოლიტიკა არის ყველაფერი, რაშიც თქვენ ცხოვრობთ“, – ეუბნება ის უნივერსიტეტის ეზოში შეკრებილ ახალგაზრდებს.

„ბათუმელები“ ბსუ-ს რექტორს მერაბ ხალვაშს დაუკავშირდა და ჰკითხა, ნამდვილად არ შეუშვეს თუ არა ზურაბ ჯაფარიძე უნივერსიტეტში ლექციის ჩასატარებლად და რატომ?

მერაბ ხალვაში ამბობს, რომ ზურაბ ჯაფარიძის ლექციასთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ინფორმირებული არ ყოფილა.

„დაცვამ დამირეკა, მე გადავამოწმე ინფორმაცია და ჩვენთან არანაირი მოთხოვნა, მომართვა ლექციის ჩატარებასთან დაკავშირებით არ შემოსულა, არც „გირჩის“ მხრიდან და არც ბაჩო ფარტენაძის მხრიდან. არანაირი ღონისძიებების სიაში არ ყოფილან. მათ არ მოუთხოვიათ აუდიტორიის გამოყოფა. როგორც ვიცი, ზურაბ ჯაფარიძე იყო უნივერსიტეტში და შეეძლო რომელიმე აუდიტორიაში შესულიყო.

რამდენიმე აუდიტორია არის ღია, საკონფერენციო და სააქტო დარბაზი იკეტება მხოლოდ, სადაც ტექნიკაა.  აუდიტორიები არის ღია და შეუძლიათ იქ ჩაატარონ“, – ამბობს ხალვაში.

მერაბ ხალვაშის თქმით, ზურაბ ჯაფარიძეს ლექციის ჩატარება შესთავაზეს კიდეც აუდიტორიაში, მაგრამ უარი თქვა. „დაცვა მითხრა, არ შევიდა, აქ მირჩევნიაო, ასე უთქვამს“, – ამბობს რექტორი.

 

https://www.facebook.com/japaridzez/videos/575348926300558/

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: