Batumelebi | რეფერალურთან განახლდა 29 წლის გარდაცვლილი ქალის ახლობლების საპროტესტო აქცია რეფერალურთან განახლდა 29 წლის გარდაცვლილი ქალის ახლობლების საპროტესტო აქცია – Batumelebi

რეფერალურთან განახლდა 29 წლის გარდაცვლილი ქალის ახლობლების საპროტესტო აქცია

“შემდეგი შეიძლება შენ იყო,” “უსამართლობაზე თვალის დახუჭვა უსამართლობის მხარდაჭერაა,” “ჩვენ არ გავჩერდებით, სანამ სამართალი არ იზეიმებს,” – ეს ტრანსპარანტები ბათუმში 21 მარტს გარდაცვლილი მელანო ფუტკარაძის ახლობლებმა რეფერალური საავადმყოფოს ეზოში გამოფინეს. საპროტესტო აქციაზე შეკრებილებმა გამოძიების დროულად დასრულება, ასევე, პროცესის გამჭვირვალედ წარმართვა მოითხოვეს.

„ამ დრომდე გარდაცვლილის ოჯახი დაზარალებულად არ მიუჩნევიათ. ჩვენ ვერ ვიღებთ ინფორმაციას ვის კითხავენ, რა გააკეთეს, რა დადგინდა ექსპერტიზით,” – ამბობს გარდაცვლილი მელანო ფუტკარაძის ახლობელი, ტარიელ ქათამაძე.

მელანო ფუტკარაძე მწვავე აპენდიციტის დიაგნოზით 21 მარტს ღამით ბათუმის „მედცენტრში“ გარდაიცვალა. ოჯახი ბრალს ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალს სდებს, სადაც მელანო ფუტკარაძე თავდაპირველად მივიდა.

გარდაცვლილის ახლობლებმა აქამდეც გამართეს რამდენიმე საპროტესტო აქცია რეფერალურ საავადმყოფოსთან.

მათ საპასუხოდ აქცია გამართეს ბათუმში მოქმედი სხვადასხვა კლინიკის ექიმებმა და განაცხადეს, რომ მათი უფლებები ირღვევა.

მელანო ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის შესაბამისად გრძელდება, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.

ამ თემაზე:

ექიმმა უფლებამოსილება შეიჩერა – გარდაცვლილი გოგოს ახლობლებმა აქცია შეწყვიტეს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი