სიახლეები

ქობულეთში მიწას ითხოვს საკრებულოს წევრის ძმა, რომელსაც ივანიშვილის ხეები გადააქვს

29.03.2019 • 2452
ქობულეთში მიწას ითხოვს საკრებულოს წევრის ძმა, რომელსაც ივანიშვილის ხეები გადააქვს

ბიძინა ივანიშვილის ხეების გადამზიდავი ერთ-ერთი კომპანია – შპს „ჯორჯტრანსი“ ქობულეთში, კლდიაშვილის ქუჩაზე, #2 – ის მიმდებარედ, მიწის ნაკვეთს  15-წლიანი იჯარით ითხოვს. ქობულეთის მერიის მიზანშეწონილობის კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით, კომპანია კლდიაშვილის ქუჩაზე არსებულ დაურეგისტრირებელ ფართობს – 23 472 კვადრატულ მეტრს ითხოვს. გარდა ამისა, როგორც საჯარო რეესტრის მონაცემებით ირკვევა, მოთხოვნილი ნაკვეთის გვერდით შპს „ჯორჯტრანსი“ საკუთრებაში ფლობს 4 444 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს, სადაც ამ დროისთვის საწარმო აქვს.

კომპანიის დირექტორის, თენგიზ შავიშვილის თქმით, ის ამ ადგილზე სასტუმროს მშენებლობას და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს, სადაც ადგილობრივებს დაასაქმებს, მიმდებარე ტერიტორია კი სასტუმროს შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად სჭირდება.

ქობულეთის მერიის მიზნობრიობის კომისიის ოქმის მიხედვით, კომისიამ საკითხი განიხილა, თუმცა გადაწყვეტილება ვერ მიიღო, რადგან აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან კომისიას არ მიუღია ინფორმაცია „მოთხოვნის მიზნობრიობის“ თაობაზე.

ოქმში ასევე ნათქვამია იმის შესახებ, რომ  ქობულეთის გენერალური გეგმის მიხედვით, ტერიტორია მიეკუთვნება საცხოვრებელ „ზონა 3“-ს, რაც მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონაა. ამიტომაც კომისიას დამატებითი ინფორმაცია სჭირდება ამ ტერიტორიაზე ბიზნესმენის გეგმებთან დაკავშირებით.

შპს „ჯორჯტრანსი“ ერთ-ერთი კომპანიაა მათ შორის, რომელმაც ბიძინა ივანიშვილისგან ხეების გატანაზე შეკვეთა რამდენჯერმე მიიღო. გარდა ამისა, კომპანიის 100 პროცენტის მფლობელი ქობულეთის საკრებულოს წევრის, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომრის – ვაჟა შავიშვილის ძმისშვილი, დავით შავიშვილია, ხოლო დირექტორი – თენგიზ შავიშვილი, მისი ძმა.

მთავრობასა და წარმატებულ ბიზნესმენებს შორის კავშირებზე, მაშინ, როცა საქმე უშუალოდ ნათესავებს ეხება, მუდმივად ინტერესდება არასამთავრობო სექტორი. მათივე შეფასებით, ვინ როგორ ახერხებს სასურველ წინადადებაზე დაითანხმოს ხელისუფალი და რამდენად დასაბუთებულია უარი მათთვის, ვინც ამას ვერ ახერხებს, ჯერ კიდევ გაურკვეველია. მიუხედავად ამისა, საკრებულოს წევრს – ვაჟა შავიშვილს ბიზნესმენი ძმის მოთხოვნა – ქობულეთში მიწის ნაკვეთის შპს „ჯორჯტრანსისთვის“ გადაცემაზე, მას, როგორც საკრებულოს თანამდებობის პირს, უხერხულობას არ უქმნის.

„გამოვრიცხავ ჩემს ყოველგვარ გავლენას ამ საქმესთან მიმართებაში. საკრებულო ამ საკითხს არ განიხილავს, გადაწყვეტილებას არ მიიღებენ ჩემი კოლეგები, რადგან ეს საკითხები არ შედის საკრებულოს კომპეტენციაში და არც მერიაა ანგარიშვალდებული იმ ქონებებზე, რომლებიც არ არის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში“, – ამბობს ვაჟა შავიშვილი.

მისივე განმარტებით, ძმის კომპანიის ამ მოთხოვნის შესახებ მან „ბათუმელებისგან“ გაიგო და ის, როგორც საკრებულოს თანამდებობის პირი, პროცესზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს, რადგან გადაწყვეტილებას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, ქონების ეროვნულ სააგენტოსთან მოლაპარაკებების გზით იღებენ და არა ქობულეთის მერიაში ან საკრებულოში. ასევე,  თენგიზ შავიშვილი ქონებას პირდაპირი წესით ვერ მიიღებს და აუქციონში უნდა მიიღოს მონაწილეობა.

„არის ცენტრალური მთავრობის ქვემდებარე ქონებები, რომელსაც ქონების ეროვნული სააგენტო განკარგავს, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქვემდებარე ქონება და მუნიციპალური ქონება. ადგილობრივი აღმასრულებლისგან  მხოლოდ ინფორმაციას ითხოვენ, ხომ არ არის რაიმე შემაფერხებელი გარემოება. თუ ასეთი არ არის და წინადადება ინვესტიციის განხორციელებაზე კონკრეტული ადგილის განვითარებას გულისხმობს, მერია ვალდებულია ამაზე აუცილებლად მისცეს თანხმობა“, – განმარტავს ვაჟა შავიშვილი.

შპს „ჯორჯტრანსის“ დირექტორის, თენგიზ შავიშვილის ინფორმაციით, საინვესტიციო წინადადებით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წერილობით ორი წლის წინ მიმართა. მისივე ინფორმაციით, მანამდე ეს ნაკვეთი მთავრობას გასაყიდად აუქციონზე ჰქონდა გატანილი, თუმცა აუქციონი არ შედგა. შემდეგ სამინისტროს აუქციონის პირობები შეუცვლია:

„ამჯერად ისევ მივმართე, იქნებ მიიღოთ რაიმე გადაწყვეტილება-მეთქი. მას შემდეგ რვა თვე გავიდა და არც ვიცოდი, თუ იმსჯელეს ამ საკითხზე – თქვენგან გავიგე. გარწმუნებთ, ჩემი ძმის საკრებულოში ყოფნა არასდროს გამომიყენებია.“

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: