ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე ორმოცდაათ წლამდე ქალი მრავალბინიანი სახლის მეთერთმეტე სართულიდან გადმოვარდა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებს ის გარდაცვლილი დახვდათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევა დაახლოებით ღამის სამი საათის შემდეგ მოხდა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.
2019 წელს, დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართულ საჯარო უწყებებში დასაქმებულ პირებს, თავიანთ საპენსიო ანგარიშზე შესატანი ხელფასის 2%-ს ის უწყებები გადაურიცხავენ, სადაც არიან დასაქმებულები. ორგანიზაცია თანხას დასაქმებულის სახელით გადარიცხავს ამავე მოხელის პირად საპენსიო ანგარიშზე. ანუ, საჯარო მოხელეს მხოლოდ დაუბეგრავი ხელფასის 2% ჩამოეჭრება. ეს ეხება ყველას, ვინც მუშაობს სახელმწიფო, აჭარის, თუ მუნიციპალური ბიუჯეტებიდან დაფინანსებულ დაწესებულებებში.
დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართულ პირს, დამატებით, თავისი დაუბეგრავი ხელფასის 2% დამსაქმებელმაც უნდა გადაურიცხოს საპენსიო ანგარიშზე, ხოლო 2% – სახელმწიფომ.
შესაბამისად, 2019 წლის განმავლობაში, კერძო სექტორში დასაქმებულებისგან განსხვავებით, საჯარო უწყებაში დასაქმებულების [სამინისტრო, დეპარტამენტი, მერია, სახელმწიფო თუ მუნიციპალური ააიპ და აიპ-ები, სკოლები, ბაღები და სხვა უწყებები] საპენსიო თანხის 4%-ს, ყოველთვიურად, სახელმწიფო ხაზინა გადარიცხავს [დამსაქმებლის 2%-ს და სახელმწიფოს მხრიდან გადასარიცხ 2%-ს].
ანუ, საჯარო მოხელეს საპენსიო ანგარიშზე წელს, ყოველთვიურად, ჩაერიცხება თავისი დაუბეგრავი ხელფასის 6%. აქედან 2% პირადად მას ჩამოეჭრება ხელფასიდან, 4%-ს კი სახელმწიფო ხაზინა გადაიხდის.
დაგროვებითი პენსიის სქემაში თანამონაწილეობისთვის, 2019 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 90 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ამაში შედის სახელმწიფოს მიერ საჯარო მოხელისთვის გადასახდელი 4% და ასევე სხვა დასაქმებულების, თუ თვითდასაქმებულებისთვის გადასახდელი 2%.
„ბათუმელებს“ აჭარის ხაზინაში უთხრეს, რომ დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის საპენსიო ანგარიშზე გადასარიცხ 2%-ს, საჯარო უწყებები/საბიუჯეტო ორგანიზაციები თავიანთ [ანუ ორგანიზაციის] ბიუჯეტებში 2020 წლიდან გაითვალისწინებენ.
დეტალურად დაგროვებითი პენსიის სქემის შესახებ იხილეთ ბმულზე:
დაბა ოჩხამურსა და სოფელ ზენითში ადმინისტრაციული შენობების მოსაწყობად ქობულეთის მუნიციპალიტეტმა ტენდერები გამოაცხადა. ორთავე შენობის ასაშენებლად საჭირო სავარაუდო თანხა ჯამში 221 680 ლარია. შენობები ერთსართულიანი იქნება.
ადმინისტრაციულ შენობაში პროექტით გათვალისწინებულია სამი სამუშაო ოთახი, სააქტო დარბაზი, ორი საპირფარეშო [ერთი საპირფარეშო გათვლილია შშმ პირთატვის]. შენობაში მოეწყობა ერთიანი გათბობის სისტემა. შენობის უკან მოეწყობა ასევე სეპტიკური სალექარი, რომელზეც დაერთდება შენობაში არსებული სანიტარული კვანძები.
შენობის წინ მოეწყობა დეკორატიული ფილა. შენობის წინ შესასვლელის ორივე მხარეს მოეწყობა ასევე გაზონები მარადმწვანე მცენარეებითა და ბაღის სკამებით. მასალების ფერი და ტექსტურა კონტრაქტორის მიერ უნდა შეთახმდეს ქობულეთის მუნიციპალიტეტთან, პროექტის მიმდინარეობის დროს.
ტენდერებში წინადადებების მიღება 2019 წლის 24 იანვარს დაიწყება და 29 იანვარს დასრულდება. ადმინისტრაციული შენობები, ხელშეკრულებების გაფორმებიდან, 180 დღეში უნდა აშენდეს. საგარანტიო ვადა ხუთი წელია.
ოჩხამურში ასაშენებელი შენობისთვის სატენდერო თანხა 106 893 ლარია, ხოლო მეორე ტენდერში, ზენითის შენობისთვის – 114 787 ლარი.
მთავარი ფოტო: ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა / ფოტო არქივიდან
ბათუმში კაზინო „ლიბერთი ინტურისტი“ 2019 წლის 5 იანვრიდან აღარ მუშაობს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მიზეზი ლიცენზიის ვადის გასვლაა და კაზინო შესაბამისი ნებართვის მიღების შემდეგ გაიხსნება. სავარაუდოდ, სამორინეს გახსნაზე ნებართვას ახალი კომპანია მიიღებს და არა ის [სს „ლიბერთი“], რომელიც ამ დრომდე ამუშავებდა კაზინოს სასტუმრო „ინტურისტში“.
კაზინო „ლიბერთი ინტურისტის“ თანამშრომლებმა 2019 წლის 4 იანვარს საპროტესტო აქცია გამართეს. მათი თქმით, დამსაქმებელი სამსახურიდან თითქმის 180 თანამშრომლის გაშვებას გეგმავდა. როგორც მაშინ „ბათუმელებმა“ გაარკვია, კაზინოს თანამშრომლების შემცირება მართლაც იგეგმება.
კაზინოს თანამშრომლები მაშინ იმასაც აცხადებდნენ, რომ მათ მისაღები აქვთ 2018 წლის დეკემბრის თვის ხელფასიც. ადმინისტრაციის არაოფიციალური ინფორმაციით, დასაქმებულები ამ ხელფასს მიიღებენ, მიუხედავად იმისა, რომ „ინტურისტში“ სამორინეს მოწყობის ნებართვის მიღებას, სავარაუდოდ, ახალი კომპანია გეგმავს. განახლებული კაზინო კი, შესაძლოა, 2019 წლის იანვრის ბოლოს გაიხსნას“.
სასტუმრო და კაზინო „ინტურისტი“ კომპანია „მეტროს“ საკუთრებაა.
სათამაშო ბიზნესის ნებართვების ოფიციალურ რეესტრში დღეს, 13 იანვრის მდგომარეობით, 10 კომპანიაა რეგისტრირებული, რომლებსაც ბათუმში სამორინეს მოწყობის მოქმედი ნებართვა აქვთ. ამ ნებართვებს ვადა 2020-23 წლებში გასდის.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პრეპარატ „ტამიფლუს“ გაცემა აჭარის რეგიონში უკვე დაიწყო. მოქალაქეებს რეცეპტის საფუძველზე მედიკამენტის მიღება შეუძლიათ ბათუმსა და ქობულეთში არსებულ შემდეგ ფარმაცევტულ აფთიაქებში:
ბათუმში:
[checklist]
აფთიაქი „ფარმადეპო“, მის: ინასარიძის ქ. N14
აფთიაქი „ჯი-პი-სი“, მის: გორგილაძის ქ. N66
აფთიაქი „პე-ეს-პე“, მის: ჭავჭავაძის ქ. N 46
[/checklist]
ქობულეთში:
[checklist]
აფთიაქი „პე-ეს-პე“, მის: აღმაშენებლის ქ.N 4
აფთიაქი „პე-ეს-პე“, მის: აღმაშენებლის ქ.N 159
[/checklist]
სამინისტროს ინფორმაციით პრეპარატის გამცემი აფთიაქების ჩამონათვალი იზრდება, მოქალაქეებს ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება კი შუძლიათ ნომერზე -15 05.
ანტივირუსულ მედიკამენტ „ტამიფლუს“ უფასოდ მიღება ფორმა N100-ის საფუძველზე აჭარის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში შეუძლიათ: სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს; ორსულებს; ბავშვებს; ასაკით პენსიონერებს; გულსისხლძარღვთა, დიაბეტით, ონკოლოგიური და სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე მოქალაქეებს.
„ჭკვიანი“ კამერების მეშვეობით, 2019 წლის 14 იანვრიდან, ავტომატურ რეჟიმში მოხდება იმ ავტომობილების დაჯარიმება, რომლებსაც კანონის შესაბამისად არ გაუვლიათ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება – ეს ინფორმაცია დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
„ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის N510 დადგენილებით, 2019 წლის პირველი იანვრიდან პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას დაექვემდებარა „საქართველოს ტერიტორიაზე დადგენილი წესით რეგისტრირებული ყველა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალება, არაუგვიანეს რეგისტრაციის მოწმობაში მითითებული რეგისტრაციის თვისა და რიცხვისა“.
„ავტომობილის ინსპექტირების ბოლო ვადა განისაზღვრება ავტომობილის რეგისტრაციის რიცხვისა და თვის შესაბამისად. მაგალითად, თუ ავტომობილის რეგისტრაციის თარიღია 15 აპრილი, ავტომობილს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება გავლილი უნდა ჰქონდეს მიმდინარე წლის 15 აპრილის ჩათვლით. ინსპექტირების პროცესის შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით, მოქმედებს ცხელი ხაზი – 1484, რომელიც მუშაობს ყოველ სამუშაო დღეს 09:00 – 18:00 სთ-ებში”, – ვკითხულობთ სამინისტროს განცხადებაში.
ტექდათვალიერების თარიღი შეგიძლიათ გაიგოთ ასევე ბმულზე.
ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელები შსს-ს მომსახურების სააგენტოს მომხმარებელთა სატელეფონო მონაცემების ბაზაში დაფიქსირებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას ვიდეოჯარიმის გამოწერის შესახებ.
შეტყობინების მიღებიდან 10 დღის განმავლობაში ჯარიმის გადახდის შემთხვევაში, მოქალაქე სარგებლობს 20% -იანი შეღავათით.
იმ შემთხვევაში, თუ პირი ვიდეოჯარიმას მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში არ გადაიხდის, საჯარიმო ქვითარი, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, მას ფოსტის მეშვეობით ეგზავნება, ხოლო ვიდეოჯარიმის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, 30-დან 60 დღის ვადაში, პირს ვიდეოჯარიმა განმეორებით ეგზავნება.
საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებას ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.police.ge. აღნიშნული წესი ამოქმედდა 2017 წლის 1 ნოემბრიდან ძალაში შესული რეგულაციით, რომლის თანახმად, ვიდეოჯარიმის ქვითარი სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე – police.ge-ზე საჯაროდ ქვეყნდება.
შსს-ს ინფორმაციით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკვე დაამონტაჟებულია და ეფექტიანად მოქმედებს 1 441 ვიდეოკამერა, რომლებიც სამინისტროს ერთიან ქსელშია ჩართული. მათ შორის 795 არის ზოგადი ხედვის, 646 კი – ე.წ. „ჭკვიანი“ ვიდეოკამერა. ამ დროისთვის, ვიდეოკამერები თბილისის და საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა გადანაწილებული.
2019 წლის პირველი იანვრიდან ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური დათვალიერება სავალდებულო გახდა:
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით პოპულარული, კულინარიული ვებგვერდ „Tasteatlas“-ის რეიტინგში აჭარული ხაჭაპური მსოფლიოს 100 საუკეთესო კერძს შორის პირველ ადგილზეა.
„Tasteatlas“-ის აღწერით „ყველიანი პური, ხაჭაპური, საქართველოში ყველაზე ცნობილი კერძია. ტრადიციულად, მას გამდნარი ყველით, კვერცხით, კარაქითა და ფქვილით ამზადებენ. საქართველოში ხაჭაპურის რამდენიმე სახეობაა და მიუხედავად იმისა, რომ მისი მომზადება მოცარელათი ან ფეტათიც შესაძლებელია, ქართველები მას სულგუნით ან იმერული ყველით ამზადებენ. ხაჭაპურის ყველაზე გავრცელებული ფორმები იმერული და აჭარული ხაჭაპურებია.
კერძების ატლასის მიზანია “ადგილობრივი” სამზარეულოს პოპულარიზაცია ტურისტებსა და გურმანებში, ასევე მათი ინფორმირება,სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციული კერძებისა და ინგრედიენტების შესახებ.
ატლასი შეიცავს 10 000-ზე მეტ კერძს, სასმელს, ინგრედიენტსა და საკვებ პროდუქტს, მათ შორის 41 დასახელების საკვებსა და ინგრედიენტს საქართველოდან. აჭარიდან რუკაზე, ჯერჯერობით, მხოლოდ აჭარული ხაჭაპურია, სხვა კუთხეებიდან კი – ფელამუში, ლობიო, საცივი, ბაჟე და სხვა კერძები.
TasteAtlas-ის შემქმნელები წერენ, რომ ეს არ არის დასრულებული პროექტი და რომ ატლასზე კერძები ყოველ დღე ემატება. პროექტი საინტერესოა რესტორნების მფლობელებისთვისაც, რადგანაც ატლასზე რესტორნების შესახებაც ნახავთ რეკომენდაციებს.
Mashable.com-ი წერს, რომ ხორვატიულ პროექტზე სამი წლის განმავლობაში ავტორებისა და მკვლევარების 30-კაციანი გუნდი მუშაობდა.
ნებისმიერი დასაქმებული, ვისაც 2018 წლის 6 აგვისტოსთვის არ შესრულებია 60 წელი – კაცების შემთხვევაში და 55 წელი – ქალების შემთხვევაში, 2019 წლის იანვრის თვის ხელფასის მიღებისთანავე ავტომატურად ხდება დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილე. შესაბამისად, ის ვალდებულია გადაიხადოს საპენსიო შენატანი – თავისი დაუბეგრავი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით. თუმცა, ამ 2%-ს [დასაქმებულის ხელფასიდან] იხდის დამსაქმებელი და დასაქმებულს გადახდის პროცედურასთან შეხება არ აქვს. ის ჩვეულებრივ აიღებს ხელფასს ხელზე, როგორც იღებდა – საშემოსავლო გადასახადისა და უკვე, საპენსიო შენატანის გამოკლებით.
დასაქმებული, რომელზეც 2019 წლის პირველ იანვრამდე გაცემული იყო ავანსი, „დაგროვებით საპენსიო სქემაში ავტომატურად გაწევრიანდება ავანსად გაცემული თანხის სრულად გამომუშავების თარიღისთვის, რომელიც უნდა იყოს 2018 წლის 31 დეკემბრის შემდეგ ან 2019 წლის 31 იანვარს, რომელიც უფრო ადრე დადგება“.
იმისათვის, რომ წვდომა გქონდეთ საკუთარ საპენსიო ანგარიშზე, ბუნებრივია, ჯერ საჭიროა საპენსიო სქემაში გაწევრიანება, შემდეგ კი აუცილებელია რეგისტრაცია შესაბამის ელექტრონულ სისტემაში.
[highlight color=”red”]დასაქმებულის გაწევრიანება [/highlight] დაგროვებით საპენსიო სქემაში ხდება მას შემდეგ, რაც კერძო დამსაქმებელი დასაქმებულის სახელით პირველ საპენსიო შენატანს განახორციელებს.
სახელმწიფო დამსაქმებლის შემთხვევაში კი, თქვენი, [როგორც საჯარო მოხელის] გაწევრიანება ხდება სახაზინო სამსახურის მიერ განხორციელებული საპენსიო შენატანის საფუძველზე.
სქემაში გაწევრიანების შემდეგ, საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში იქმნება დასაქმებულის ინდივიდუალური საპენსიო ანგარიში და მასზე პირველად აისახება საპენსიო შენატან[ებ]ი [რომელსაც დამსაქმებელი რიცხავს].
ამ ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე წვდომისთვის კი აუცილებელია დასაქმებულის რეგისტრაცია საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში.
[highlight color=”red”]დასაქმებულის რეგისტრირებისთვის [/highlight], საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა აგენერირებს სისტემაში შესასვლელ მომხმარებლის სახელს და დროებით პაროლს, რომელიც ელექტრონული ფორმით გადაეცემა დამსაქმებელს [მის უფლებამოსილ წარმომადგენელს].
დამსაქმებელი [მისი წარმომადგენელი] ვალდებულია მკაცრად დაიცვას ამ ინფორმაციის კონფიდენციალურობა და გადასცეს აღნიშნული ინფორმაცია დასაქმებულს პირადად, ან დასაქმებულის მიერ სათანადოდ ავტორიზებულ წარმომადგენელს.
დასაქმებულისთვის საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში შესასვლელი მომხმარებლის სახელი წარმოადგენს მის პირად ნომერს.
სახელმწიფო დამსაქმებლის შემთხვევაში დროებით პაროლს სახაზინო სამსახური გადასცემს საპენსიო სააგენტოს და ასევე სახელმწიფო დამსაქმებლების შესაბამის უფლებამოსილ წარმომადგენლებს. სახელმწიფო დამსაქმებელიც ვალდებულია მკაცრად დაიცვას ინფორმაციის კონფიდენციალურობა და გადასცეს დროებითი პაროლი დასაქმებულს პირადად, ან დასაქმებულის მიერ სათანადოდ ავტორიზებულ წარმომადგენელს.
საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის გასავლელად დასაქმებული უნდა შევიდეს შესაბამის გვერდზე მომხმარებლის სახელით [პირადი ნომრით], დროებითი პაროლით და შეცვალოს ეს დროებითი პაროლი ახალი პაროლით.
თუ დასაქმებულს ყავს ერთზე მეტი დამსაქმებელი და დასაქმებულის მიერ რეგისტრაციის გავლამდე დაგენერირდა ერთზე მეტი პაროლი, საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში შესასვლელად დასაქმებულმა უნდა შეიყვანოს მომხმარებლის სახელი და ერთზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს ორი პაროლი [ორზე მეტი დამსაქმებლის შემთხვევეში საკმარისია ნებისმიერი ორი პაროლის შეყვანა]. ამის შემდგომ, დასაქმებული ვალდებულია შეცვალოს პაროლი.
ამ პროცესის წარმატებით დასრულების შედეგად დასაქმებულს გაუაქტიურდება წვდომა მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე.
რაც შეეხება თვითდასაქმებულს, კანონის მიხედვით „თვითდასაქმებულის გაწევრიანება დაგროვებით საპენსიო სქემაში ხდება ნებაყოფლობით და შესაძლებელია 2019 წლის 1 იანვრის შემდეგ გამომუშავებულ შემოსავალთან დაკავშირებით საშემოსავლო დეკლარაციის წარდგენის შემდგომ.
თვითდასაქმებული, რომელიც გახდება დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილე, მოცემული ინსტრუქციის შესაბამისად წარუდგენს საპენსიო სააგენტოს ინფორმაციას საკუთარი შემოსავლის შესახებ საპენსიო დეკლარაციის შევსების გზით“.
– – – – – – – – – – – – – – – – –
დასაქმებულს, რომელსაც 2018 წლის 6 აგვისტომდე შეუსრულდა 40 ან მეტი წელი და არ სურს იყოს სქემის მონაწილე, შეუძლია სქემაში ავტომატურად გაწევრიანებიდან 5 თვის ვადაში [მაგრამ არაუადრეს გაწევრიანებიდან 3 თვისა] წერილობით მიმართოს საპენსიო სააგენტოს და გავიდეს სქემიდან. თუ ამ ვადას დაარღვევს, დასაქმებული რჩება სქემის მონაწილედ. ანუ, ასეთ დასაქმებულს უფლება აქვს გავიდეს სქემიდან 2019 წლის 1 აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით პერიოდში, რისთვისაც განცხადებით მიმართავს საპენსიო სააგენტოს.
რაც შეეხება საპენსიო შენატანს [ხელფასის 2% თვეში], რომელიც დამსაქმებელს შეაქვს დასაქმებულის სახელით მის საპენსიო ანგარიშზე – სქემიდან გასვლის შემთხვევაში, შეტანილი თანხა, შესაბამისი ხარჯების გამოკლებით დაიბეგრება და უკან დაუბრუნდება დასაქმებულს. თანხის დაბრუნების წესს საპენსიო სააგენტო განსაზღვრავს.
საპენსიო სააგენტომ თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა საპროგნოზო საპენსიო მთვლელი, რომლის მიხედვითაც, დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეს შეუძლია გამოთვალოს, დაახლოებით რამდენ პენსიას მიიღებს ყოველთვიურად, როცა საპენსიო ასაკს მიაღწევს.
არასამთავრობო ორგანზიაცია “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” (GDI) კი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს საპენსიო სისტემაში მოქალაქეების იძულებით ჩართვის გაუქმებისა და საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე მისი მოქმედების შეჩერების მოთხოვნით.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 12 იანვრის მდგომარობით, სატაციონარებში გრიპის ვირუსით 200-მდე პაციენტი მკურნალობს, ოცამდე პაციენტი კი რეანიმაციაშია მოთავსებული. საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელის რუსუდან შავიშვილის ინფორმაციით, ეს ციფრი დინამიურია, გარდა ამისა ამბულატორიულმა მიმართვიანობამ იკლო, რაც დადებით ტენდენციაზე მიუთითებს.
იგივე მდგომარეობაა ბავშვთა საავადმყოფოშიც. რუსუდან შავიშვილის ინფორმაციით, მშობლები პრევენციის მიზნით ინტენსიურად მიმართავენ საავადმყოფოებს, თუმცა მიმართვიანობის ყველა შემთხვევაში გრიპის ვირუსი არ ფიქსირდება.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გუშინ, 11 იანვარს გამართულ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს გრიპის ვირუსის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ ოჯახის ექიმს.
საქართველოს ჯანდაცვის სამინიტრომ მოქალაქეებისთვის უფასოდ გადასაცემად აფთიაქებს „ტამიფლუ“ ნაწილობრივ უკვე გადასცა. PSP-ში გვითხრეს, რომ პრეპარატი სამინისტროსგან უკვე მიიღეს, თუმცა ქსელში ჯერ არ გადაუნაწილებიათ, გადაცემული ანტივირუსული პრეპარატის გადანაწილება უკვე დაწყებულია და ხვალ საღამოს წამალი აფთაქებში PSP -ს მომხმარებლისთვის უკვე მისაწვდომი იქნება.
„ავერსისა“ და „ფარმადეპოს“ ინფორმაციით კი, მედიკამენტს სამინისტროსგან ჯერ კიდევ ელოდებიან.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ანტივირუსული მედიკამენტი „ტამიფლუ“ საქართველოს ყველა მოქალაქეზე უფასოდ გაიცემა. ამის შესახებ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე განაცხადა.
პრეპარატ „ტამიფლუს“ მოსახლეობისთვის სახელმწიფო სუბსიდირებით გაცემაზე გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მიიღო.
გარდა აფთიაქებისა ანტივირუსული მედიკამენტი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებსა და სააფთიაქო ქსელებში გაიცემა. მოქალაქე პრეპარატს ექიმის დანიშნულებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის ფორმა #100-ის წარდგენის შემდეგ, სრულიად უფასოდ მიიღებს. ამ დრომდე, ანტივირუსული პრეპარატი „ტამიფლუ“ უფასოდ მხოლოდ ასაკით პენსიონერებზე, ორსულებზე, ბავშვებზე, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებსა და სოციალურად დაუცველებზე გაიცემოდა.
აფთიაქებში კი „ტამიფლუს“ ფასი 50-დან 100 ლარამდე ღირდა, თუმცა ბოლო პერიოდში ის დეფიციტური გახდა.
გარდა ამისა დღეიდან, 12 იანვრიდან, საქართველოს ყველა მოქალაქეს გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება სრულად დაუფინანსდება. ამ დრომდე, სახელმწიფო აღნიშნულ სერვისს 100%-ით მხოლოდ მიზნობრივი ჯგუფისთვის აფინანსებდა, სხვა მოქალაქეებისთვის კი თანაგადახდის პრინციპი მოქმედებდა. ინიციატივა მოქალაქეთა სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობის ხელშეწყობას ემსახურება და გაზრდილი ავადობის პერიოდში იმოქმედებს.
2019 წელში უპატრონო ცხოველების „მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის რეგულირების ღონისძიებების გასატარებლად“ ბათუმის მერიამ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.
ქალაქის ტერიტორიაზე 2600 ცხოველის დაჭერაში და სტერილიზაციისთვის ვეტერინალურ კლინიკამდე ავტომანქანით ტრანსპორტირებაში, ასევე 2000 დაბირკული, გასტერილებული ცხოველის რევაქცინაციისთვის, ქალაქის მერიას 314 ათასი ლარი აქვს ბიუჯეტში გათვალისწინებული.
ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 18 იანვარს დაიწყება და 21 იანვარს შეწყდება. სატენდერო პირობების თანახმად, ტენდერში გამარჯვებულმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 წლის 25 დეკემბრამდე პერიოდში უნდა უზრუნველყოს:
[checklist]
ქალაქის ტერიტორიაზე 2600 ზრდასრული ძაღლის, ლეკვის [4 თვიდან], კატის დაჭერა და ტრანსპორტირება ვეტერინალურ კლინიკამდე ავტომანქანით. სტერილიზაცია, კასტრაცია, კვება, ვაქცინაცია, დაბირკვა (ნუმერაცია), კატების ტატუირება, გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში ევთანაზია, შემხვედრი აუცილებლობიდან გამომდინარე ტრავმირებული ცხოველის დროული გამოყვანა და მკურნალობა;
უკვე დაბირკული გასტერილებული 2000 ცხოველის ეტაპობრივი გამოყვანა ქალაქის ტერიტორიიდან და ტრანსპორტირება ვეტერინალურ კლინიკაში რევაქცინაციასთან დაკავშირებული პროცედურების ჩასატარებლად; ასევე ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ცხოველების ლეშის დროული გამოტანა სპეციალური ტრანსპორტით და „ბეიკერის“ ორმოში დამარხვა. მოზარდი ცხოველების [ლეკვი, კნუტი] დაჭერა ქალაქის ტერიტორიაზე და ტრანსპორტირება თავშესაფარში [ვეტერინალური კლინიკა] მოვლა-პატრონობის მიზნით;
ჩატარებული პროცედურების შესაბამისად წარმოებული უნდა იქნეს ელექტრონული ბაზა [აყვანილი და გაშვებული ცხოველის ადგილმდებარეობის, ფერის, სქესის, კლიპის ნომრის შესაბამისად];
ვოლიერების სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვა, დასუფთავება სველი წესით დღის განმავლობაში 2-ჯერ მათ შორის ერთჯერ სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით დილით და საღამოს.
ნაოპერაციები ცხოველების მოთავსება დროებითი დაყოვნების [საკარანტინო] ვოლიერში მორიგე პერსონალის დაკვირვების პირობებში;
ევთანაზია ხორციელდება უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე და მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ ცხოველების მიმართ, რომლებსაც კლინიკური კვლევებით ან დაკვირვების შესაბამის პირობებში და სპეციალური მეთოდიკით, ვეტერინარის და კინოლოგის სავალდებულო მონაწილეობით შემდგარი კომისია [ფორმდება კომისიის აქტი] დაუდგენს: აგრესიულ ქცევას, რომელიც არ იძლევა ცხოველის თანაარსებობის საშუალებას ადამიანთან ან სხვა ცხოველებთან ურთიერთობის პირობებში, მათ შორის იდიოპათიურ აგრესიას [უცაბედი სიბრაზის სინდრომი]; ადამიანებისა ან/და ცხოველებისათვის საშიშ დაავადებას; ძლიერ ტრავმებს ან/და დაზიანებებებს, ასევე პათოლოგიები, რომლებიც არათავსებადია სიცოცხლესთან; შეუქცევად დაუძლურებას, მათ შორის სიბერის პროცესის გაღრმავების შედეგად;
გაუვნებელყოფილი ცხოველების მოთავსება ხდება ტომრებში და შემდეგ დამარხვა „ბეიკერის“ ორმოში, რომელსაც უნდა გააჩნდეს ჰერმეტული თავსახურავი. „ბეიკერის“ ორმოების დეზინფექცია უნდა წარმოებდეს [დაქლორვა] კვირაში არანაკლებ ორჯერ.
[/checklist]
აუცილებელი მოთხოვნაა, ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს გააჩნდეს ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე თანამედროვედ აღჭურვილი სპეციალური ზოოვეტერინალური კლინიკა; სპეციალური ავტომანქანა; სპეციალური საპროცედურო კაბინეტები და საშხაპე; ძაღლსამყოფი ვოლიერები არანაკლებ 50 – შესაბამისი ნუმერაციით.
პრეტენდენტს ასევე უნდა ჰყავდეს მაღალკვალიფიციური ვეტერინარი სპეციალისტი და კინოლოგი, რომელთაც გააჩნიათ მსგავს სფეროში საქმიანობის გამოცდილება.
დღეს, 12 იანვარს ბათუმში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი. 12 იანვრის 21 საათიდან 13 იანვრის 21 საათამდე კი, გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, აჭარის მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ.
აღნიშნულ პერიოდში ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში ღამით 1-6, დღისით 8-13 გრადუსი სითბო, მთიან რაიონებში კი – ღამით 3-8 გრადუსი ყინვა, დღისით 0-5 გრადუსი სითბო.
შავ ზღვაზე იქროლებს სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11 მ/წმ, უმეტესად უნალექოდ. ხილვადობა კარგი. ტალღის სიმაღლე 7-12 [2-3 ბალი]. ზღვის წყლის ტემპერატურა 8.8 გრადუსი.
14 და 15 იანვარს ბათუმსა და აჭარის მთელ ტერიტორიაზე, სინოპტიკოსთა პროგნოზით მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით დღეიდან, 12 იანვრიდან, საქართველოს ყველა მოქალაქეს, მიუხედავად იმისა შედის თუ არა ის რისკ ჯგუფში, გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება სრულად დაუფინანსდება.
ამ დრომდე, სახელმწიფო აღნიშნულ სერვისს 100%-ით მხოლოდ მიზნობრივი ჯგუფისთვის აფინანსებდა, სხვა მოქალაქეებისთვის კი თანაგადახდის პრინციპი მოქმედებდა.
ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ინიციატივა მოქალაქეთა სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობის ხელშეწყობას ემსახურება და გაზრდილი ავადობის პერიოდში იმოქმედებს.
გუშინ, 11 იანვარს, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა დაადასტურა ინფრომაცია H1N1 ვირუსით გარდაცვალების შემთხვევის 15-მდე გაზრდის შესახებ, აქედან ხუთი შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა. მინისტრის თქმით, არის კლება, თუმცა, განსაკუთრებით საყურადღებოა ის პაციენტები, რომლებიც დღემდე სტაციონარებში რჩებიან, რადგან დაავადება რთულად მიმდინარეობს.
17 იანვარს, საქართველოს უნივერსიტეტის ბათუმში მდებარე აჭარის რეგიონულ ოფისში აბიტურიენტებისთვის ქართულ ენასა და ლიტერატურაში იმიტირებული გამოცდა ჩატარდება.
უნივერსიტეტის ინფორმაციით იმიტირებულ გამოცდებში მონაწილეობის მიღება უფასოა და მხოლოდ მე-12 კლასელებს შეუძლიათ, მონაწილეების რაოდენობა კი, შეზღუდულია.
აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ, „ეროვნული გამოცდების დაწყებამდე, შეამოწმონ საკუთარი თავი და გადალახონ გამოცდის ფსიქოლოგიური შიში. ტესტები მომზადებულია საქართველოს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის მიერ, საგამოცდო ტესტის ოფიციალური ნიმუშების მიხედვით“ – აცხადებს საქართველოს უნივერსიტეტი.
გამოცდის ჩატარების ადგილია ბათუმი, ჯავახიშვილის ქუჩა N5, 17 იანვარი, 14:00 საათი. მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ამ ბმულზე.
12-13 იანვარს ბათუმის პირველადი ჯანდაცვის ცენტრები პაციენტებს 10:00-დან – 17:00 საათამდე მოემსახურებიან. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით უქმე დღეებში პოლიკლინიკების მუშაობა, გრიპის სეზონთან დაკავშირებით, სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა.
გრიპის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში პაციენტებმა უნდა მიმართონ შემდეგ პირველად ჯანდაცვის ცენტრებს:
► შპს ,,ქ. ბათუმის N1 პოლიკლინიკა”
მისამართი: ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. N2 ☎ ტელ: (0422) 27-92-47
► შპს ,,საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი”
მისამართი: ქ. ბათუმი, ბარათაშვილის ქ.N30 ☎ ტელ: (0422) 27-73-03, მობ: 595 46 27 27
►შპს ,,თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრი”
მისამართი: ქ. ბათუმი, ტბეთის ქ.N4 ☎ ტელ: (0422) 25-20-08
► სს „სამედიიცნო კორპორაცია ევექსის ბათუმის პოლიკლინიკა“
მისამართი: სელიმ ხიმშიაშვილის ქ. N20
მობ: 595 95-76-32
► შპს ,,მახინჯაურის მრავალპროფილური პოლიკლინიკა”
მისამართი: ქ. ბათუმი, თამარ მეფის III შესახვევი N17
მობ: 514 89-55-89
► შპს ,,ქ. ბათუმის N4 პოლიკლინიკა”
მისამართი: ქ. ბათუმი, ტაბიძის ქ. N 7 ☎ ტელ: (0422) 24-0-503
► შპს ,,ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრი”
მისამართი: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი ქ.#7
მობ: 599 23-29-88
ბათუმში, ევროპის მოედანზე, ჯერ კიდევ დგას საახალწლო ნაძვის ხე და ბევრი ბავშვიც ირევა. აქვეა სხვადასხვა გამოფენა თუ საახალწლოდ გასაყიდად გამოტანილი პროდუქცია. ერას მოედანი კი, რომელსაც კვეთს მემედ აბაშიძის გამზირი, ერთ-ერთი მთავარი სასეირნო ადგილია ბათუმში. ამის მიუხედავად, უკვე ნახევარი საათია ამ ტერიტორიაზე მოპედები დაქრიან და ტრიუკებს ატარებენ.
მემედ აბაშიძის ქუჩაზე, ევროპის მოედნის გვერდით, გამაყრუებელი ხმაური და გამონაბოლქვია.
მემედ აბაშიძის გამზირზე გადაადგილება ნებადართულია როგორც ავტომანქანებით, ისე ველოსიპედითა და მოტოციკლეტებით.
გაზეთ The New York Times-ის 2019 წლის ტურისტულ გზამკვლევში 52 ქვეყანასა და ქალაქს შორის ბათუმიც მოხვდა. აუცილებლად მოსანახულებელი ქალაქებისა და ქვეყნების სიაში ბათუმი 38 ადგილზეა.
The New York Times-ი ბათუმთან დაკავშირებით წერს: „ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოს მომხიბვლელ დედაქალაქ თბილისში ტურისტების ნამდვილი ბუმია. მაგრამ, ამ ქვეყნის პატარა ქალაქი ბათუმი, სადაც ხასხასა მთები უკავშირდება შავი ზღვის გლუვ ქვიშიან სანაპიროს, გვთავაზობს სრულიად განსხვავებულ გამოცდილებას. ბათუმი უკვე პოპულარული კურორტია რუსეთის, ირანის, თურქეთისა და ისრაელის მოქალაქეებისთვის. გარდაუვალია, რომ ეს ქალაქი მსოფლიოს სხვა ქვეყნების ვიზიტორებისთვისაც ასევე იქნება აღმოჩენა.
აღორძინებას იწყებს ბათუმის ახალი სასტუმროები, მათ შორის Le Meridien Batumi და ბათუმური ყაიდის დიზაინზე აგებული სასტუმროების ხაზი – Rooms hotel line. ბათუმის საბაგირო გზა კი სანაპიროდან პირდაპირ ბოტანიკური ბაღის მწვერვალზე აგიყვანთ. აქ ღვინის წარმოება ცალკე გატაცებაა – ოჯახური BQ Wine ბარი და ყარალაშვილის მიწისქვეშა ღვინის მარანი (Karalashvili’s Wine Cellar) ვარდისფერ და ქარვისფერ ღვინოებს ზუსტად იმ ინგრედიენტებით ამზადებს, რომელსაც იოსებ სტალინი აღმერთებდა“.
The New York Times-ის მიერ მომზადებული გზამკვლევის პირველი ათეული ასე გამოიყურება: პუერტო რიკო, ინდოეთის სოფელი ჰამპი კარნატაკის შტატში, ამერიკის ქალაქის სანტა-ბარბარა, პანამა, გერმანიის ქალაქი მიუნხენი, ისრაელის ქალაქი ეილათი წითელი ზღვის სანაპიროზე, იაპონიაში, დანია, პორტუგალია და კანადა.
ქობულეთის მერიის პროგრამა, რომელიც მესამე, მეოთხე და ყოველ მომდევნო შვილზე ერთჯერად მატერიალურ დახმარებას ითვალისწინებდა, 2018 წელს ბენეფიციარების რაოდენობას ვერ აუვიდა, ბიუჯეტი წლის მეორე ნახევარში ამოიწურა და დახმარების გარშე რამდენიმე ათაეული ოჯახი დარჩა.
ქობულეთის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მერაბ ცინცაბაძე ამბობს, რომ უპასუხოდ ორმოცდაათამდე განაცხადი დატოვეს. მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის, ხათუნა მამასახლისის ინფორმაციით კი – ოცდაათამდე, თუმცა საფინანასო სამსახურის უფროსმა გვითხრა ისიც, რომ ციფრი ზუსტად არ ახსოვს.
მერაბ ცინცაბაძის ინფორმაციით ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე დაპირდა მოსახლეობას, რომ 2019 წლისთვის პროგრამის ბიუჯეტი გაზრდებოდა და გაითვალისწინებდნენ თანხას იმ ოჯახებისთვისაც, რომლებმაც დახმარება ვერ მიიღეს. მიუხედავად ამ დაპირებისა 2019 წლის ბიუჯეტში პროგრამის დაფინანსება შემცირებულია.
გასულ წელს სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მე-3, მე-4, მე-5 და მომდევნო შვილის დაბადებასთან დაკავშირებით მატერიალური დახმარების გასაცემად ბიუჯეტში 97 500 ლარი იყო გათვალისწინებული, [თუმცა ამ შემთხვევაშიც გათვალისწინებული ყოფილა წინა, 2017 წლის დაუფინანასებელი ვალდებულება] 2019 წლის ბიუჯეტში კი – 50 000 ლარია.
მერიის ჯანმრთელობისა და სიციალური დაცვის სამსახურის უფროსის განმარტებით ეს ყველაფერი სიმართლეა და მერია ნამდვილად აპირებს 2019 წლის ბიუჯეტიდან გასულ წელს შემოსული განაცხადების დაკმაყოფილებას, მისივე განმარტებით, მათთვის თანხა ბიუჯეტში პროგრამისთვის გათვალისწინებული 50 000 ლარიდან გაიცემა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2019-ში პროგრამის ბიუჯეტი კიდევ შემცირდება.
სამსახურის უფროსი განმარტავს, რომ ბიუჯეტში თანხა საჭიროებისამებრ გაიზრდება, თუმცა როგორც ირკვევა 2019 წელს პროგრამით სარგებლობას წელს ბევრად ნაკლები ოჯახი შეძლებს, ვიდრე ეს გასულ წელს მოახერხეს, რადგან პროგრამის კრიტერიუმები შეიცვალა:
„წელს შეიცვალა კრიტერიუმი, მხოლოდ ნულიდან 200 000 ქულის ჩათვლით მქონე ოჯახები მიიღებენ დახმარებას. ვინაიდან ეს არის სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის გათვალისწინებული პროგრამა“ – ამბობს ხათუნა მამასახლისი.
მისივე ინფორმაციით კრიტერიუმების შეცვლა მერის, მირიან ქათამაძის მოთხოვნა არ იყო და გადაწყვეტილებამდე ერთობლივად მივიდნენ: „ ეს საერთო აზრი იყო“.
2018 წელს „მუნიციპალიტეტში დემოგრაფიული ფონის გაჯანსაღებისათვის“ პროგრამა ითვალისწინებდა ერთჯერად მატერიალურ დახმარებას მესამე ახალშობილზე 500 ლარის ოდენობით, მეოთხე ახალშობილზე 700 ლარის ოდენობით, მეხუთე და მომდევნო ახალშობილზე 900 ლარის ოდენობით.
წელს კი პროგრამა მესამე ახალშობილზე 600 ლარით დახმარებას ითვალისწინებს, მეოთხე ახალშობილზე – 800 ლარით, მეხუთე და ყოველ მომდევნო ახალშობილზე კი – 1000 ლარით დახმარებას.
თუმცა, 2019 წელს ამ პროგრამით არა ყველა, არამედ უკვე მხოლოდ ნულიდან 200 000 ქულის ჩათვლით მქონე ოჯახები ისარგებლებენ.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ინფორმაციით, საქართველოს ყველა მოქალაქე, არის თუ არა ის რისკის ჯგუფში, პრეპარატ „ტამიფლუს“ უფასოდ მიიღებს. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერმა მამუკა ბახტაძემ მიიღო. „ბოლო დღეებში ნათელი გახდა, რომ მოსახლეობის სხვა ჯგუფებისთვისაც [მათთვისაც, ვინც არ არის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ რისკჯგუფებში] ამ მედიკამენტის შეძენა გარკვეულ ფინანსურ თუ რაიმე სხვა სახის ბარიერს შეადგენს“, – განაცხადა მინისტრმა ბრიფინგზე.
რისკის ჯგუფებში შედიან სოციალურად დაუცველები, პენსიონერები, ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები, ბავშვები და ორსულები.
გარდა ამისა, სერგეენკოს ინფორმაციით, მთავრობა საკუთარ თავზე აიღებს გადაუდებელი ამბულატორიის სრულად დაფინანსებას. ამ დრომდე ამბულატორიულ მომსახურებას ასი პროცენტით მხოლოდ მიზნობრივი ჯგუფებისთვის აფინანსებდა სახელმწიფო, სხვები კი თანადაფინანსებით იღებდნენ ამ მომსახურებას.
სერგეენკოს ინფორმაციით, გრიპით ავადობა შემცირებულია, თუმცა მძიმედ მიმდინარეობს, ამიტომ განსაკუთრებით საყურადღებოა იმ პაციენტების მდგომარეობა, რომლებიც ამ დროისთვის სტაციონარებში მკურნალობენ.
11 იანვარს, ბათუმში, H1N1 – ვირუსით კიდევ ერთი პირი, შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა, რაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ლაბორატორიულად დადასტურებულია.
ეს, გრიპის მიმდინარე სეზონზე, H1N1 ვირუსით გარდაცვალების მეხუთე შემთხვევაა აჭარაში. ღორის გრიპით მიმდინარე წლის 3 იანვრისთვის აჭარაში ოთხი პირი იყო გარდაცვლილი.
ამ დროისთვის ასევე ლაბორატორიულად დადასტურებულია, რომ საქართველოს მასშტაბით H1N1 ვირუსით სულ 15 პირია გარდაცვლილი.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ინფორმაციით, საქართველოს ყველა მოქალაქე, არის თუ არა ის რისკჯგუფში, პრეპარატ „ტამიფლუს“ უფასოდ მიიღებს. სერგეენკოს თქმით, ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს, თუმცა მთავრობამ წამლის უფასოდ დარიგების გადაწყვეტილება მაინც მიიღო.
დღეს ბათუმში შუახნის კაცი გარდაიცვალა, ექიმებმა ვერ გადაარჩინეს ასევე 27 წლის კაცი, რომელიც ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით ორივე შემთხვევაში ლაბორატორიულად დადასტურდა H1N1 ვირუსი.
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით ამ დროითვის ლაბორატორიულად დადასტურებული ინფორმაციით საქართველოში H1N1 ვირუსით 15 პირია გარდაცვლილი .
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლებაში საჯარო სკოლის შენობის მშენებლობაზე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 1 801 230 ლარია. სკოლის მშენებლობა 2021 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.
მშენებლობისთვის შესაბამისი პროექტი და ხარჯთაღრიცხვა ტენდერის პირობებშია. მიმწოდებელი ვალდებული იქნება სკოლის მშენებლობასთან ერთად მოაგვაროს გარე კომუნიკაციების [საჭიროების შემთხვევაში] მიერთება/ნებართვის მოპოვება [წყალი, დენი, გაზი]. მის მიერ გადახდილი თანხები კი ანაზღაურდება სარეზერვო თანხიდან, სამინისტროსთან წინასწარი შეთანხმებით.
სამინისტრომ ტენდერი გუშინ, 10 იანვარს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2019 წლის 26 იანვარს დაიწყება და 31 იანვარს დასრულდება.
ხულოს სოფელ განახლების საჯარო სკოლის შენობა / ფოტომონტაჟი სატენდერო დოკუმენტებიდან
ახლახანს, ბათუმში, კლინიკა „მედინას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, 25-წლამდე კაცს ავტომანქანა დაეჯახა. თვითმხილველების თქმით, დაზარალებული კონტაქტურია და ის „მედინაში“ მოათავსა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ.
თვითმხილველების თქმით, დაზარალებული გადადიოდა ქუჩის იმ მონაკვეთში, სადაც ინტენსიური მოძრაობაა. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია.
ბათუმში ზღვისპირას, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სარგებლობაში 2 552 კვ.მ მიწის ნაკვეთი გადასცეს. ნაკვეთი, რომელიც „მაკდონალდსის“ მიმდებარედაა, ადრე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში იყო, 2016 წლიდან კი ის სახელმწიფო საკუთრებაშია.
სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ეს ნაკვეთი შს სამინისტროს, არსებობის ვადით სარგებლობაში, გუშინ, 2019 წლის 9 იანვარს გადასცა.
შსს-ში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო გეგმავს ახალი საპოლიციო ინფრასტრუქტურის მოწყობას. რა ინფრასტრუქტურის მოწყობაზეა საუბარი, სამინისტროში არ დაგვიკონკრეტეს.
ამ ნაკვეთზე დღეს მიწისქვეშა სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, აქ ჯავახიშვილის ქუჩის სანიაღვრე არხის ერთი მონაკვეთი შენდება, რომელიც იქვე, არდაგანის ტბასთან მშენებარე სატუმბ სადგურს დაუკავშირდება. ამ სატუმბი სადგურის მშენებლობა 2020 წელში უნდა დასრულდეს.
მიმართა თუ არა შსს-მ მშენებლობის ნებართვის [ან რაიმე თანხმობის] მისაღებად ბათუმის მერიას და რა ტიპის მშენებლობა იქნება დაშვებული ნაკვეთზე, სადაც მიწის ქვეშ რეაბილიტირებული, ქალაქის ერთ-ერთი მთავარი სანიაღვრე არხი გაივლის?
ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაკვეთთან დაკავშირებით ქალაქის მერიისთვის ამ დროისთვის არ მიუმართავს. „სანიაღვრე არხის ამ ნაკვეთზე მშენებლობა კი სახელმწიფოსთან თავის დროზე შეთანხმებული იყო“, – გვითხრეს ქალაქის მერიაში.
ჯავახიშვილის სანიაღვრე არხის მშენებლობა / ბათუმი, ხიმშიაშვილის ქუჩა / ამ ნაკვეთზე შსს საპოლიციო ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს / თედო ჯორბენაძის ფოტო, 09.01.2019.სატუმბი სადგურის მშენებლობა არდაგანის ტბასთან / ბათუმი / 09.01.2019
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი გრიპის ვირუსის პრევენციის მიზნით, სასწავლო პროცესს 21 იანვრამდე შეაჩერებს. უნივერსიტეტის პრესსამსახურში განმარტეს, რომ ასეთი გადაწყვეტილება ადმინისტრაციამ საქართველოს განათლების სამინისტროს რეკომენდაციით მიიღო.
რაც შეეხება ბათუმის საზღვაო აკადემიას, ამ დროისთვის აკადემიაშიც საგამოცდო პერიოდია. რექტორის მოადგილის ირაკლი კაცაძის ინფორმაციით, აკადემიაში ჯერჯერობით მუშაობა არ შეუჩერებიათ: „ისედაც არ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი და ინტენსიური შეხვედრები არ გვაქვს. მხოლოდ ის დადის, ვისაც გამოცდა აქვს ჩასაბარებელი“.
ბათუმის მერია იანვრის ბოლომდე კიდევ ერთ სერვისცენტრს გახსნის, რომელიც ლუკა ასათიანის №36-ში მდებარეობს. ეს იქნება მეორე ახალი სერვისცენტრი. გასულ წელს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მოქალაქეთა მომსახურების ახალი სერვისცენტრი ვაჟა-ფშაველას 93-ში გაიხსნა. მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს კიდევ ერთი ახალი სერვისცენტრის შენობის მშენებლობა.
ბათუმის ადმინისტრაციულ ერთეულებში ახალი სერვისცენტრების მშენებლობა ქალაქის მერიამ 2018 წლის ნოემბერში დააანონსა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, თითო ცენტრის მშენებლობაზე დაახლოებით ასი ათასი ლარი დაიხარჯება და ქალაქში სულ 14 სერვისცენტრი აშენდება.
„ახალ სერვისცენტრში მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ თავიანთ უბანში, სწრაფად და კომფორტულად, „ერთი ფანჯრის“ პრინციპით მიიღონ მერიის სერვისები.
სერვიცენტრებში მოქალაქეებს შეუძლიათ: წარადგინონ განცხადებები; მიიღონ პასუხი განცხადებებზე; მიიღონ პირველადი კონსულტაცია ან ინფორმაცია მუნიციპალური პროგრამებისა და მიმდინარე თუ დაგეგმილი პროექტების შესახებ.“ – აცხადებენ სერვისების სააგენტოში – „ახალი სერვისცენტრების მშენებლობა ეტაპობრივად გაგრძელდება, რომლებშიც ბათუმის ადმინისტრაციული ერთეულების ადმინისტრაციები განთავსდება“.
2019 წლის განმავლობაში მუნიციპალური სერვისების სააგენტოსა და მუნიციპალური სერვისების ადმინისტრაციული შენობების დალაგება-დასუფთავებაზე ორი დღის წინ სააგენტომ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 45 ათასი ლარია.
სააგენტოსა და მუნიციპალური სერვისების ადმინისტრაციული შენობები ბათუმში შემდეგ მისამართებზეა განთავსებული:
წერეთლის ქ. №2; დიდაჭარის N21; ფრიდონ ხალვაშის გამზირი N12/2; თამარ მეფის გამზირი N42; აფსაროსის გზადკეცილი მე-3 შესახვევი N22; აეროპორტის გზატკეცილი N55; აეროპორტის გზატკეცილი N257; აღმაშენებლის ქ. №19; ჯავახიშვილის ქ. №70; მაიაკოვსკის ქ. №23; გრიშაშვილის ქ. №11-13; ლერმონტოვის ქ. №8; აბუსერიძის ქ. № 7; ვაჟა ფშაველას ქ. №93; ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ №36.
მთავარი ფოტო: ახალი სერვისცენტრი ლუკა ასათიანის ქუჩაზე, რომელიც 2019 წლის იანვრის ბოლომდე გაიხსნება / სააგენტოს ფოტო.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით 2018 წელს საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობამ რეგიონში 1 931 179 შეადგინა, რაც 14,7%-ით აღემატება 2017 წლის მონაცემებს.
საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის პროცენტული ზრდის მაჩვენებლის მიხედვით ისევ ლიდერობს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი, საიდანაც აჭარაში 2017 წელთან შედარებით 23,7%-ით მეტი მოგზაურის ვიზიტი დაფიქსირდა.
საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის ზრდის დადებითი დინამიკა ნარჩუნდება როგორც ტრადიციული ბაზრებიდან, ასევე ევროკავშირის წევრი ახალი სამიზნე ქვეყნებიდან, სადაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სარეკლამო კამპანიებს 2017 წლიდან ანხორციელებს.
ესტონეთი +88,2%
გერმანია +79,2%
დიდი ბრიტანეთი +33.9%
ლიეტუვა +33,2%
პოლონეთი +11,5%
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში განმარტავენ, რომ ორ მილიონამდე საერთაშორისო მოგზაური რეგიონში უპრეცედენტო რაოდენობაა:
„ასეთი ციფრები პირველად გვაქვს. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ არსებული მონაცემები საქართველოს საზღვრის აჭარის სამი ადმინიტრაციული მონაკვეთის მონაცემებს ითვალისწინებს [სარფი, ბათუმის აეროპორტი, ბათუმის პორტი]. მათ შორის ჩვენი სამიზნე ქვეყნებიდან შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების წილი 86,74%-ს შეადგენს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.“
დეპარტამენტის ინფორმაციით BBC, Euronews, CNN, Deutsche Welle – ის ტელეკომპანიებია, რომელთა მეშვეობით აჭარის საიმიჯო ვიდეორგოლები და რეგიონის შესახებ მომზადებული სიუჟეტები მსოფლიო მასშტაბით მილიონობით მაყურებელმა ნახა.
„რეგიონის პოპულარობაზე მეტყველებს ისიც, რომ Airbnb-იმ 2019 წლის 19 ყველაზე ტრენდულ ქალაქს შორის ბათუმი დაასახელა. Airbnb არის პლატფორმა, რომელსაც 500 000 000 მომხმარებელი ჰყავს და ეს არის პრაქტიკულად რეკომენდაცია მათთვის. განხორციელებული ვიზიტების პერიოდის ანალიზი გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ აჭარა უკვე არა მხოლოდ ზაფხულში, არამედ ოთხივე სეზონზე მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად ყალიბდება, რაც ჩვენი მთავარი მიზანია“ – აცხადებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10 იანვარს აჭარის მთელ ტერიტორიაზე შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი.
ობსერვატორიის პროგნოზით, 10 იანვრის 21 საათიდან 11 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი10-15მ/წმ.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება ღამით 1-6, დღისით 7-12 გრადუსი სითბო, მთიან რაიონებში კი, ღამით 3-8 გრადუსი ყინვა, დღისით 0-5 გრადუსი სითბო.
ზღვაზე იქროლებს სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11 მ/წმ-ში შიჩქარით, უნალექოდ, ხილვადობა კარგი. ტალღის სიმაღლე 7-12 [2-
3 ბალი]. ზღვის წყლის ტემპერატურა 9 გრადუსი.
12 და 13 იანვარს აჭარაში ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
„ბათუმელებმა“ მოიპოვა ბათუმის ნავსადგურსა და კომპანია „ვონდერნეტს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ბათუმის პორტის ტერიტორიაზე ასაშენებელი ახალი ტერმინალიდან შემდეგი სახის სატრანზიტო ტვირთებს გადაიტანენ:
[highlight color=”green”]აზოტის მინერალური სასუქები:[/highlight] კარბამიდი; ამიაკის სელიტრა; ამონიუმის სულფატი; კიროვან-ამიაკური სელიტრა; ასეთი სასუქების განსაკუთრებული სახეობები.
[highlight color=”yellow”]ფოსფატის სასუქები:[/highlight] მონოამონიუმსულფატი; ფოსფატის დიამონიუმი; ამო და ნიტრო ფოსფატების სხვადასხვა სახეობები; სამმაგი სუპერფოსფატი; ცალკეული სუპერფოსფატი.
„ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა“ ახალი ტერმინალის ასაშენებლად კომპანია „ვონდერნეტ ექსფრეს ინვესთმენთ გრუფს“ ბათუმის პორტში 15 128 კვ/მ მიწის ნაკვეთი აღნაგობის უფლებით 14 დეკემბერს გადასცა. „ვონდერნეტი“ 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის ჩადებას და ამ ტერიტორიაზე მშრალი ტვირთების საწყობისა და სატრანზიტო ტერმინალის აშენებას გეგმავს. კომპანიაში და ნავსადგურში აცხადებენ, რომ ახალი ტერმინალი აზოტის მინერალური სასუქების, ძირითადად, კარბამიდის გადასაზიდად შენდება.
ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ Trammo AG-მ, ბათუმის პორტმა და „ვონდერნეტმა“ განზრახულობათა მემორანდუმი პორტის ტერიტორიაზე ახალი სატრანზიტო ტერმინალის მშენებლობის დაფინანსების შესაძლებლობის შესახებ, ჯერ კიდევ 2017 წლის მაისში გააფორმეს „კარბამიდის და სხვა სახის მინერალური სასუქებისა და ქიმიური პროდუქტების მიღების, შენახვისა და გადატვირთვისთვის“.
ბათუმის საზღვაო ნავსადგურსა და „ვონდერნეტს“ შორის აღნაგობის ხელშეკრულება 2018 წლის 14 დეკემბერს დაიდო და ძალაშია ახალი ტერმინალის ექსპლუატაციაში შეყვანის დღიდან 10 წლის გასვლამდე. „ვონდერნეტს“ უფლება აქვს, გააგრძელოს ხელშეკრულების მოქმედების ვადა დამატებითი 10 წლამდე, ბათუმის პორტი კი ვალდებულია გააგრძელოს ხელშეკრულება.
ბათუმის პორტის ტერიტორიაზე აღნაგობის უფლებით გადაცემული მიწის ნაკვეთის ყოველწლიური საზღაური, ხელშეკრულებით, 300 ათასი ლარითაა განსაზღვრული [დღგ-ს გარეშე], რომელსაც „ვონდერნეტი“ პორტს გადაუხდის [ყოველთვიურად და თანაბარწილად].
ბათუმის პორტის ერთ-ერთი ვალდებულებაა აღნაგობით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე მოახდინოს ამწეების დემონტაჟი, გაიტანოს მოწყობილობა და მიწის ნაკვეთი 2019 წლის 15 იანვრამდე გადასცეს „ვონდერნეტს“ სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად გამზადებულ მდგომარეობაში.
„ვონდერნეტმა“ კი, სატრანზიტო ტერმინალისა და საწყობის შტატის ფორმირებისას, პრიორიტეტულად უნდა განიხილოს ბათუმის პორტის თანამშრომლები [რომლებიც გათავისუფლებულები იქნებიან ახალი ტერმინალის ექსპლუატაციაში შეყვანის მიზეზით] და ქალაქ ბათუმში მცხოვრები სხვა პირები.
ბათუმის პორტი ვალდებულია, ასევე, მომსახურების ხელშეკრულების შესაბამისად, ყოველთვის მისცეს „ვონდერნეტს“ და მის ნომინირებულ გემებს N7 ნავმისადგომზე წვდომისა და მისი გამოყენების უპირატესი უფლება.
ბათუმის პორტი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება თუ „ვონდერნეტი“ არსებითად და რეგულარულად არღვევს საქართველოს კანონმდებლობას, მათ შორის, რაც დაკავშირებულია მშენებლობასთან, ტექნიკურ და სახანძრო უსაფრთხოებასთან, ეკოლოგიურ მოთხოვნებთან“.
ხელშეკრულების მიხედვით, „ვონდერნეტი“ აცხადებს, რომ „ტერმინალის მშენებლობის პროექტი დამუშავდება საწარმოო უსაფრთხოების ყველა სამართლებრივი მოთხოვნის გათვალისწინებით, მათ შორის ეკოლოგიისა და ტერმინალების საქმიანობის სხვა მარეგულირებელი საექსპლუატაციო პირობების გათვალისწინებით ტვირთების გადაზიდვისას“.
ბათუმის პორტი კი „აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ მან სათანადოდ მიიღო ყველა საჭირო ნებართვა და თანხმობა სამეთვალყურეო საბჭოსგან და/ან მმართველი კომპანიისა და სახელმწიფო ორგანოებისგან [საჭიროების შემთხვევაში] წინამდებარე ხელშეკრულების დასადებად. სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ ბათუმის პორტს მისცა ნებართვა წინამდებარე აღნაგობის ხელშეკრულების დადებაზე“.
როგორც ცნობილია, ბათუმის პორტი ყაზახურ კომპანიაზე, ექსკლუზიური მართვის უფლებით, საქართველოს მთავრობას 2055 წლის 22 ივლისამდე აქვს გადაცემული.
აღნაგობის ხელშეკრულებით მხარეები ადასტურებენ, რომ ბათუმის პორტმა ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოს წარუდგინა საწყობისა და სატრანზიტო ტერმინალის არქიტექტურული პროექტი სამშენებლო ნებართვის მისაღებად. თუმცა, ვინაიდან პროექტი მომზადებულია ვონდერნეტის მიერ, მასვე აკისრია ყველა პასუხისმგებლობა ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით.
„მერიაში შემოვიდა განაცხადი კარბამიდის საწყობის მშენებლობის I ეტაპთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების განსაზღვრას. კორესპონდენცია გადაიგზავნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, აღნიშნულთან დაკავშირებით მოსაზრების მიღების მიზნით. სამინისტროს მხრიდან მოთხოვნილი იქნა დამატებითი დოკუმენტაცია [ტექნიკური მონაცემები]. წერილი დამატებითი მონაცემების მიღებაზე გადაგზავნილია პორტში“ – ეს კი ბათუმის მერიის პრესსამსახურის განმარტებაა.
– – – – – – – – – – – – –
ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობის წინააღმდეგ, პერიოდულად, სოციალურ ქსელებში მიმდინარეობს კამპანია, რომ ახალი ტერმინალით ჯანმრთელობისთვის საშიში ქიმიური ნივთიერებების გადაზიდვა იგეგმება. საქართველოს ხელისუფლება ამ ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს, პორტის ადმინისტრაცია კი აცხადებს, რომ ეს ტყუილია და ტერმინალით ორგანული მინერალური სასუქის – კარბამიდის გადაზიდვა იგეგმება.
ბათუმში მცხოვრებთა ერთმა ჯგუფმა ტერმინალის მშენებლობა აქციითაც გააპროტესტა. სოციალურ ქსელში ბათუმის პორტთან კიდევ ერთი საპროტესტო აქცია კი 20 იანვრისთვის დააანონსეს, სლოგანით – „არა! ქიმიურ საწყობს ბათუმში!“.
„სატრანზიტო ტვირთებში სხვა მინერალური სასუქებიც წერია და შესაძლოა ამან გამოიწვია გაუგებრობა, ვერ გეტყვით. კარბამიდის გადაზიდვა სრულიად უსაფრთხოა. მითუმეტეს, ეს იქნება დახურული ტიპის ტერმინალი და არა ღია. ამდენად, იმაზე 90%-ით უფრო უსაფრთხო იქნება, ვიდრე დღეს გადააქვთ ტვირთები“, – გვითხრეს კომპანიაში.
ამ პროექტის უკან, როგორც „ბათუმელებმა“ დოკუმენტებზე დაყრდნობით გაარკვია, დგას გიორგი ზარიძე, დიმიტრი აბდუშელიშვილი [რომელიც ვონდერმენტის 66,7% წილის მფლობელია], ასევე უზბეკეთის მოქალაქე ალიშერ იკრამოვი. ისინი სხვა კომპანიაში „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძის პარტნიორები არიან.
ახალი ტერმინალის მშენებლობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან 8 თვეში კი, ბათუმში, „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელმა, გიორგი რამიშვილმა ბათუმის პორტის არსებული სახით შენარჩუნებისა და ნავსადგურის ტერიტორიაზე კიდევ ერთი ტერმინალის მშენებლობის წინააღმდეგ გააკეთა განცხადება.
აქ მნიშვნელოვანი ისაა, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალბიუჯეტიანი კომპანიის ერთ-ერთი მფლობელი, რომლის პარტნიორიც ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „თანაინვესტირების ფონდია“, ღიად ამბობს, რომ ამის თაობაზე „ყველა მაღალ დონეზე“ ისაუბრა.
დოკუმენტებისა და ყველა შესაბამისი ინფორმაციის მიხედვით, შეიძლება ითქვას, რომ ბათუმის პორტთან დაკავშირებით ორი მსხვილი ბიზნესჯგუფის ინტერესები გამოიკვეთა. ამ დროისთვის პორტი ყაზახეთის სახელმწიფო კომპანიის მართვაშია და თავის დროზე ის 49-წლით გაიცა. „ვონდერნეტი“ თუ „სილქ როუდი“ [რომლის პარტნიორიც ბიძინა ივანიშვილია]? – ამ კითხვაზე პასუხი იმაზეა დამოკიდებული, რას მოიმოქმედებს საქართველოს მთავრობა.
ბათუმის პორტსა და „ვონდერნეტს“ შორის ახლახანს დადებული აღნაგობის ხელშეკრულებით კი, ფორს-მაჟორად, იმ სხვადასხვა მოვლენებთან [„ომი, სტიქია, ბუნტი, სამოქალაქო მღელვარება, გაფიცვა…“] ერთად, რომელიც „არ ექვემდებარება მხარეთა გონივრულ კონტროლს და რომელიც ხელს უშლის მხარის ვალდებულებების შესრულებას“, მიჩნეულია ასევე „პოლიტიკური ან საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ხელს უშლის მხარეს მისი საკონტრაქტო ვალდებულების შესრულებაში“.
მხარეთა შეთანხმებით, აღნაგობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა, განიხილება საქართველოს სასამართლოების მიერ.
ახალი ტერმინალი ბათუმის პორტის N7 ნავმისადგომთან / ფოტომონტაჟი აღნაგობის ხელშეკრულების დანართებიდან
ბათუმის ბულვარის მოადგილეების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღების ბოლო დღე 5 იანვარი იყო. აჭარის მთავრობამ გამარტივებული კონკურსის წესით ბულვარის ადმინისტრაციის დირექტორის პირველი მოადგილე და კიდევ ორი მოადგილე უნდა შეარჩიოს.
ბულვარის ადმინისტრაციის ზემდგომი სტრუქტურის, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საკონკურსო კომისიაში 82 განაცხადია შესული, აქედან 57-მა პრეტენდენტმა განაცხადი მოადგილის თანამდებობაზე შეიტანა, 25-ს კი პრეტენზია პირველ მოადგილეობაზე აქვს.
ბულვარის დირექტორის პირველი მოადგილის ხელფასი 2600 ლარია. საკონკურსო პირობების მიხედვით, პირველი მოადგილის თანამდებობაზე პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს მუშაობის ექვსწლიანი გამოცდილება, იცნობდეს საქართველოს შესაბამის კანონებს და ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს.
თითქმის იგივე მოთხოვნებია კიდევ ორი მოადგილის მიმართაც, მათი ხელფასი კი 2500 ლარი იქნება.
ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, სააღმზრდელო პროცესი 15 იანვარს არ განახლდება. გრიპის ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით პროცესი სკოლების მსგავსად 21 იანვრამდე ბაღებშიც გადაიდო.
სწავლების პროცესის გადადებამდე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრმა გამოაქვეყნა რეკომენდაცია, ბავშვთა სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში გრიპისმაგვარი დაავადებების პრევენციის არაპირდაპირი ღონისძიებების გატარების შესახებ. ამ რეკომენდაციით, გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომების მქონე პირები არ უნდა დაიშვან დაწესებულებებში.
სასწავლო და სააღმზრდელო სივრცეებში უნდა გააქტიურდეს განიავების რეჟიმი ყოველი შესვენებისას ან ნებისმიერ შემთხვევაში, როცა სივრცე თავისუფალია ადამიანებისგან; სისტემატურად უნდა განხორციელდეს სველი წესით დალაგება, გამკაცრდეს ხელების ჰიგიენის წესების დაცვის მონიტორინგი და საინფორმაციო აქტივობები.
იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულებაში ყოფნისას განვითარდება გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომი, სკოლის ან სააღმზრდელო დაწესებულების პერსონალმა სასწრაფოდ უნდა უზრუნველყოს დაავადებულის იზოლირება დანარჩენი კონტიგენტისგან. ასევე უნდა უზრუნველყოს მისი გადაყვანა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ასევე, თუ სკოლაში ავადმყოფობის გამო გაცდენის ინტენსივობა გადააჭარბებს 20%-ს, სკოლა ვალდებულია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს წარუდგინოს ინფორმაცია ამის შესახებ.
„ამასთან, სკოლებს სააღმზრდელო დაწესებულებებს მოვუწოდებთ ინტენსიურად იმუშაონ მშობლებთან და მისცენ რეკომენდაციები, რომ გრიპის სიმპტომების პირველივე ნიშნების შემჩნევისას, დაავადებული ბავშვი არ გაუშვან სკოლაში/ბაღში, დროულად მიმართონ ექიმს – დიაგნოსტირებისა და ადეკვატური მკურნალობის მიღების მიზნით. ამით ხელს შეუწყობთ, მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი გრიპის გავრცელების რისკი“, – ნათქვამია განცხადებაში.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის რეგიონული მთავარი სამმართველოს (სუს) ხელმძღვანელი, ირაკლი ერისთავი თანამდებობიდან გადადგა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესცენტრში აცხადებენ, რომ „ყველა რეგიონში მიმდინარეობს საკადრო ცვლილებები“.
ირაკლი ერისთავი აჭარაში სუს-ის უფროსის თანამდებობაზე, ფაქტობრივად, ამ უწყების შექმნიდანვე, 2015 წლის სექტემბრიდან მუშაობდა.
აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით გრიპის ვირუსის გავრცელების გამო სკოლებში საახალწლო არდადგები 21 იანვრამდე გახანგრძლივდება.
გადაიდება თუ არა სამუშაო პროცესის განახლება ბათუმის საბავშვო ბაღებში ამის შესახებ ბაღების გაერთიანების დირექტორს , მამუკა შამილიშვილს დაზუსტებული ინფორმაცია ჯერ კიდევ არ აქვს, ამ საკითხთან დაკავშირებით ისევ აჭარის ჯანმრთელობისა და განათლების სამინიტროების რეკომენდაციებს ელოდებიან.
„ამ პერიოდის განმავლობაში კვლავ დავაკვირდებით არსებულ მდგომარეობას და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე შევატყობინებთ საზოგადოებას მომავალ ერთობლივ გადაწყვეტილებას.“ – ნათქვამია საქარველოს განათლების სამინისტროს განცხადებაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით სასწავლო პროცესის დაწყების გადადებასთან დაკავშირებით.
გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სასწავლო დაწესებულებებს განათლების სამინისტრომ რეკომენდაცია მისცა არდადეგების პერიოდი დამატებით გამოიყენონ სკოლის შენობებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩასატარებლად, სასწავლო პროცესის აღდგენის შემდგომ სისტემატურად დალაგდეს სველი წესით საკლასო ოთახები და დერეფნები, შესაბამისი ხსნარებით გაიწმინდოს მერხები და სკამები, სასკოლო ინვენტარი.
ასევე, უზრუნველყონ სკოლის ექიმების სრულფასოვანი ჩართულობა პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას და დაიცვან ყველა ის რეკომენდაცია, რაც დაავადების თავიდან ასაცილებლად ღონისძიებებს უკავშირდება და რომელსაც ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს.
ნახევრად დაჟანგულ, 1953 წელს გამოშვებულ „პაბედას“ გასხვისებაზე აჭარის ფინანსთა ეკონომიკის სამინისტროს ელექტრონული აუქციონი ჰქონდა გამოცხადებული. ავტომანქანის საწყისი ფასი 600 ლარი იყო, ბიჯის ოდენობა კი 120 ლარი. მისი შეძენის მსურველებმა ფასი 777- ჯერ გაზარდეს. ელექტრონულ ვაჭრობაზე ერთმანეთს მანქანის შეძენის შვიდი მსურველი ეპაექრებოდა, საბოლოოდ კი გამარჯვება „ობო მოტორსს“ დარჩა, ის გახდა მანქანის მფლობელიც.
სამინისტროს ინფორმაციით, ავტომანქანა „GAZ M20 POBEDA” არამუშა მდგომარეობაშია და ჟანგი აქვს მოდებული. გარდა ამისა, დაზიანებული აქვს სავალი ნაწილი და ძრავი. მანქანას აქვს სახელმწიფო ნომერი: BB 194 BT, ძარა N; 40842, ძრავი N: 258972.
ცნობილი საბჭოთა მანქანის – „პაბედას“ გამოშვება 1946 წელს დაიწყო. ეს სახელი მანქანას საბჭოთა ბელადის, იოსებ სტალინის ინიციატივით დაარქვეს.
აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების სოფლებში თოვს, თოვლის საფარი სოფლებში 60-დან 80 სანტიმეტრამდეა. მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების ინფორმაციით, თოვლის საფარს პრობლემები არ შეუქმნია, გზები გახსნილია და ელექტრონერგიაც სრულად მიეწოდებათ აბონენტებს.
სოფელი თხილვანახულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანაში თოვლის საფარი 80 სანტიმეტრს აღწევს. ფოტო: მამუკა ქამაშიძესოფელი თხილვანა. ფოტო: მამუკა ქამაშიძესოფელი თხილვანა. ფოტო: მამუკა ქამაშიძექედის მუნიციპალიტეტი, სოფელი მერისი, ამ დროისთვის მერისში თოვს, თოვლის საფარი ათ სანტიმეტრს აღწევს. ფოტო: ირინა დიასამიძესოფელი მერისი. ფოტო: ირინა დიასამიძე