სიახლეები

“სიტყვის კაცები” – აჭარაში ჰესების მშენებლობის საწინააღმდეგო მოძრაობა დაფუძნდა

09.02.2019
“სიტყვის კაცები” – აჭარაში ჰესების მშენებლობის საწინააღმდეგო  მოძრაობა დაფუძნდა

დღეს, 9 თებერვალს, მაჭახელას ხეობაში ჰესების მშენებლობის საწინააღმდეგო  მოძრაობა “სიტყვის კაცები” დაფუძნდა. მოძრაობის წევრები  სოფელ ზედა ჩხუტუნეთში, დღის 12 საათზე შეიკრიბნენ. “სიტყვის კაცებში” მაჭახლის ხეობის ყველა ასაკის მცხოვრები გაწევრიანდა, მათ შორის ქალები და ბავშვები. მოქალაქეები ამ ფორმით ხეობაში შესაძლო ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. როგორც “სიტყვის კაცების” აქტივისტებმა “ბათუმელებს” უთხრეს, მოძრაობაში მაჭახლის ხეობის ხუთი სოფლის –  ზედა ჩხუტუნეთის, ქედქედის, აჭარის აღმართის, ცხემლარასა და  ქვედა ჩხუტუნეთის მცხოვრებლები გაწევრიანდნენ. ისინი მაჭახლის ხეობაში ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გაერთიანდნენ.

ჰესების საწინააღმდეგო მოძრაობა “სიტყვის კაცებში” მახაჭლის ხეობის ყველა სოფლის მცხოვრები გაერთიანდება            ფოტო: უშანგი ნაგერვაძე

გუშინ, 8 თებერვალს, მაჭახლის ხეობის მცხოვრებლებს მხარდაჭერა გამოუცხადა  ეთნიკურად ქართველმა მომღერალმა ბაიარ შაჰინმა [გუნდარიძე]. მომღერალმა ფეისბუქზე ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა და ჰესების საწინააღმდეგო აქციას შეუერთდა.

“მაჭახლელებო! აქ უამრავი ტურისტი ჩამოდის, ვითარდება ეკონომიკა და სოფელი, დამიჯერეთ, მთელ თურქეთში მაჭახლის ხალხს საქმიან და სიტყვის კაცებად გვიცნობენ, ვიცი, რომ თქვენც არ გინდათ, მაქ თქვენც გაერთიანდით და ერთად დადექით. თუ ერთად იქნებით, ჩვენც თქვენთან ერთად ვიქნებით, ჩვენც დაგეხმარებით, გვერდში დაგიდგებით და ჩვენს გამოცდილებას გაგიზიარებთ.

ჩვენ, აქაური მაჭახლელები ვუერთდებით მოძრაობას, მაჭახელა ჩვენია, არა ჰესების მშენებლობას მაჭახლის ხეობაში. აბა თქვენ იცით, ჩვენ თქვენთან ვართ,“ – აცხადებს მომღერალი თავის ვიდეომიმართვაში.

მოძრაობა “სიტყვის კაცებში” ქალები და ბავშვებიც გაწევრიანდნენ
ფოტო: უშანგი ნაგერვაძე

ჰესის აშენებას მაჭახელას ხეობაში მთავრობასთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე კომპანია „მაჭახელა ჰესი“ გეგმავს. ამ კომპანიის 100-პროცენტიან წილს „სილქ როუდ ენერჯი“ ფლობს. კომპანიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „მიმდინარეობს კონცეპტუალურ პროექტზე მუშაობა, რომელიც საჭიროებს წინასაინჟინრო კვლევების წარმოებას [ტოპოგრაფია, ჰიდროლოგია, გეოლოგია].  „სილქ როუდ ენერჯიში“ ირწმუნებიან, რომ ჰესი დაცული ტერიტორიისგან მოშორებით აშენდება.

აქტივისტებმა მკლავზე “სიტყვის კაცების” წარწერიანი ლენტები შეიბეს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: