მთავარი,სიახლეები

„ვახტანგ ბერიძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენა“ – გამოძიება ხულოს მერის წინააღმდეგ

30.03.2019 • 4234
„ვახტანგ ბერიძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენა“ – გამოძიება ხულოს მერის წინააღმდეგ

ხულოში, სოფელ დიაკონიძეებში მცხოვრები მადონა სოლომონიძე პროკურატურისგან პასუხს ითხოვს. საქმე ხულოს მერის მოვალეობის შემსრულებელს, ვახტანგ ბერიძეს ეხება, რომელიც წინა წლებში ხულოს მუნიციპალიტეტის პოლიციის უფროსი იყო. მოქალაქე ირწმუნება, რომ 2016 წლის 8 მაისს, ხულოში გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავების დროს, ვახტანგ ბერიძე მას ფიზიკურად გაუსწორდა.

„ეს იყო აქცია არა ჰესების წინააღმდეგ, არამედ ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით. ჩემი სახლიც დაიბზარა მაშინ გვირაბის გაყვანის შედეგად“, – გვიყვება მადონა სოლომონიძე. – „საპროტესტო აქციაზე გავედით ხალხი და მე დამაკავეს, ხმაურობდიო. აბა, ხმა თუ არ ამოიღე აქციაზე, იდგები და იქნები, ვინ მოგაქცევს ყურადღებას… მე ვეგონე მაგათ აქციის მომწყობი. სინამდვილეში მე არ ვიყავი. რომ ვყოფილიყავი, არც უარვყოფდი.

დამაკავა ვახტანგ ბერიძემ და კიდევ რამდენიმე პოლიციელი იყო იქ. ვახტანგ ბერიძე მაშინ ხულოს პოლიციის უფროსი იყო. ხელზე და ფეხზე ისე მომკიდეს ხელი, რომ სისხლჩაქცევები მქონდა, ძალით ჩამსვეს მანქანაში. მერე წამიყვანეს და მანქანაში დამტოვეს. იქედან გადმოსვლის უფლება არ მქონდა. ნახევარი საათი ასე ვიჯექი. მერე გენინსპექციაში დავრეკე და წამიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. ჩვენების მიცემის შემდეგ ექსპერტიზაც მოვითხოვე და ჩამიტარდა.

ვიცი, რომ ექსპერტიზის პასუხებიც არსებობს, ის პროკურატურაში გამომძიებელ გიორგი კვარაკვახიძეს აქვს და გამოძიებაც დაიწყო, მაგრამ სამი წლის გასვლის მიუხედავად, არაფერი გამოუძიებიათ. აჭარის მთავარ პროკურორ ნათია სონღულაშვილსაც მივწერე, მაგრამ პასუხი არ მიმიღია. პოლიციელის წინააღმდეგ დაიწყო გამოძიება და რამის გარკვის ნაცვლად პირიქით, ვახტანგ ბერიძე დააწინაურეს – ხულოს მერის მოვალეობას ახლა ის ასრულებს. ჩემთვის ბოდიშიც არ მოუხდია ვინმეს. ახლა იმიტომ ვსაუბრობ ამ თემაზე, რომ ვახტანგ ბერიძე ხულოს მერის მოვალეობის შემსრულებელი გახდა,“ – გვითხრა მადონა სოლომონიძემ.

რა გაარკვია შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციამ? – ამ უწყების პრესცენტრში ზეპირ განმარტებაზე უარი გვითხრეს და ინფორმაციის წერილობით გამოთხოვა მოგვთხოვეს.

რატომ არ დასრულდა ამ დრომდე გამოძიება ან რა გაირკვა გამოძიების შედეგად? – კითხვაზე პასუხი ამ დრომდე არც პროკურატურისგან მიგვიღია.

რა არის ცნობილი თავად ვახტანგ ბერიძისთვის, რომელიც 2019 წლის მაისის შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატია ხულოს მერობის პოსტზე და ამჟამად მერის მოვალეობას ასრულებს?

„მაგ საკითხზე მე ბევრს არ ვისაუბრებ. მიმართეთ გენინსპექციას და პროკურატურას, მე არ ვარ საქმის კურსში. ვიცი, რომ მოქალაქემ მიმართა ინსპექციას; ვიცი, რომ დაიწყო გამოძიება, მაგრამ დეტალები არ ვიცი… “ – გვითხრა ვახტანგ ბერიძემ. მან არც ის გვითხრა, გამოკითხეს თუ არა ამ საქმეზე.

ვახტანგ ბერიძემ სატელეფონო გასაუბრების დროს ჩვენი ყურადღების გადატანა სცადა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც 2016 წლის საპროტესტო აქციაზე მადონა სოლომიძის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი დადასტურდა. ხულოს მერის მოვალეობის შემსრულებელს შევახსენეთ, რომ მოქალაქის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა არ გამორიცხავდა პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას.

2016 წლის 8 მაისის საპროტესტო აქციაზე მოქალაქის ადმინისტრაციული წესით დაკავების შესახებ ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს იმავე წლის 19 მაისს მიუღია გადაწყვეტილება. მოსამართლე ლეილა გურგუჩიანმა სამართალდამრღვევად ცნო მადონა სოლომონიძე, თუმცა იგი პასუხისგებლობისგან გაათავისუფლა.

„ქმედების მცირე მნიშვნელობის გამო იგი გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან და მიეცეს სიტყვიერი შენიშვნა,“ – აღნიშნავს მოსამართლე თავის გადაწყვეტილებაში.

მოქალაქის დაკავების დროს გაფორმებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, პოლიცია მადონა სოლომონიძის 500 ლარით დაჯარიმებას ითხოვდა.

„მაბრალებდნენ ვითომ ვიხულიგნე. სინამდვილეში, პროცესზე წარმოვადგინეთ მობილური ტელეფონით გადაღებული ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ არაფერს ვაშავებ,“ – განმარტავს მადონა სოლომონიძე.

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ პოლიციამ ადეკვატურად ვერ შეაფასა მოქალაქის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის სიმძიმე?

„ჩვენ რას ვითხოვდით ერთია, მთავარია, სასამართლომ დაადგინა სამართალდარღვევა. მეტს ვერ გიპასუხებთ,“ – დაგვემშვიდობა ვახტანგ ბერიძე.

მთავარი ფოტო: ვახტანგ ბერიძე. ფოტო გამოქვეყნებულია ხულოს მუნიციპალიტეტის FB გვერდზე

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: