მთავარი,სიახლეები

უნიკალური ნივთების ახალი სიცოცხლე

30.03.2019 • 2638
უნიკალური ნივთების ახალი სიცოცხლე

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე არქეოლოგიურ მუზეუმში აჭარის ტერიტორიაზე აღმოჩენილი უნიკალური მასალაა დაცული. აქ ნივთები ბრინჯაოს ხანიდან ახ. წ. შუასაუკუნეების ჩათვლით თარიღდება. ესაა ქართული და უცხოური წარმომავლობის მონეტები, ბრინჯაოს, მინისა და კერამიკის ჭურჭელი, სამკაულები და სხვა. ყველა ნივთს თავისი ისტორია აქვს. არქეოლოგები ამ ნივთებს მიწას აცლიან, ხოლო რესტავრატორები ახალ სიცოცხლეს ანიჭებენ.

26 წლის მერი ყულეჯიშვილი რესტავრატორია. იგი ყვება, რომ ისტორია და ძველი ამბები ბავშვობიდანვე იტაცებდა.  სულ ორი წელია, რაც ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში მუშაობს, სამსახურის დაწყების თარიღი ზუსტად ახსოვს – 2016 წლის 15 დეკემბერი.

„სტუდენტი ვიყავი მაშინ, მაგისტრატურაში არქეოლოგიას ვსწავლობდი. პროფესიით რესტავრატორი არ ვარ, მაგრამ მეტ-ნაკლებად ახლოს არის არქეოლოგიასთან. პრაქტიკა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, რესტავრაცია-კონსერვაციის ლაბორატორიაში გავიარე. გარკვეული პრაქტიკა დავაგროვე აქაც, ვმონაწილეობდი ექსპედიციებში და ეს ყველაფერი დამეხმარა ამ მიმართულებით განვითარებაში“, – გვიამბობს მერი.

იგი არქეოლოგიური გათხრების შედეგად მუზეუმში შესული ნივთების რესტავრაციას აკეთებს. ძირითადად ეს არის კერამიკის რესტავრაცია. პერიოდულად სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარება უშუალოდ არქეოლოგიური გათხრების  დროსაც უწევს.

„ყველაზე საინტერესო სამუშაო იყო ქვევრი, რომელიც მოცულობით დიდია და მისი დამოუკიდებლად რესტავრირება ძალიან გაჭირდებოდა. ეს იყო 2017 წელს ჩაისუბანში, სადაც არქეოლოგიური გათხრების დროს მარანი აღმოაჩინეს. ამოღებული ქვევრები გაირეცხა, შემდეგ მუზეუმში მოვიტანეთ და აქ ვიმუშავეთ,“ – ყვება მერი.

რესტავრაციის დროს ყველა დეტალი მნიშვნელოვანია და დიდ ყურადღებას მოითხოვს, რომ უძველეს ნივთს ახალი სიცოცხლე რაც შეიძლება ზუსტად შესძინო. პროცესი ხანგრძლივია, თუმცა საინტერესო. „როცა იმ პერიოდის მასალას აღადგენ, წარმოიდგენ ხელოსანს, რომელიც ამ ნივთს აკეთებდა, წარმოიდგენ, როგორ მუშაობდა და როცა ნატეხების გაერთიანებით ნივთს აძლევ პირვანდელ სახეს, ამ შეგრძნებას ვერაფერი შეედრება“, – ამბობს მერი.

ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში ოქროს საგანძურის გამოფენაზე წარმოდგენილი ზოგიერთი ნიმუშის მსგავსი და მინანქრით შესრულებული თანამედროვე სამკაულების შეძენაცაა შესაძლებელი. ამ სამკაულებზე ილია ჩაკვეტაძე მუშაობს. ის იუველირია. პროფესიით მხატვარმა ხელსაქმედ ოქრომჭედლობა შეისწავლა და უკვე 7-8 წელია არქეოლოგიური მუზეუმისთვისაც მუშაობს.

„ყველაზე რთული, რა თქმა უნდა, ზუსტი ასლის გაკეთებაა. ზომა, წონა, ფორმა… ყველაფერი დასაცავია. ერთი-ერთში ძალიან რთულია განმეორება, მაგრამ ძალიან ვცდილობ”, – ამბობს ის. – „სულ სხვა ტექნოლოგია იყო მაშინ მუშაობის, ვიდრე დღეს. მაგალითად, შედუღების ტექნოლოგია, რომელიც დაკარგულია, თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც იკვლევენ და მუშაობენ ამ თემაზე”.

ყველაზე მნიშვნელოვანი ასლი, რაც ილიას შეუქმნია, ფიჭვნარის არქეოლოგიური გათხრების დროს ნაპოვნი საყურეებია: „სულ პატარ-პატარა ბურთებით არის გაკეთებული, „ცვარი“ ჰქვია, ძველი ტექნოლოგიით დამზადებული საყურეებია. ორიგინალი თბილისშია. მისი მსგავსი გავაკეთე, ძალიან რთული იყო. დაახლოებით ერთი კვირა ვმუშაობდი მასზე”, – ამბობს ის.

 

გადაბეჭდვის წესი