პოლიეთილენის პარკების წარმოების აკრძალვის გამო საწარმოების უმეტესობა გაჩერდა, ნაწილი კი სატესტო რეჟიმში, ისიც მცირე დატვირთვით მუშაობს. მეწარმეები ამბობენ, რომ საწარმოების გადაიარაღებისთვის სახელმწიფომ მათ საკმაოდ მცირე დრო მისცა, მაშინ, როცა თავად სახელმწიფომ ამ დროში ვერ უზრუნველყო ისეთი ლაბორატორიის ამოქმედება, სადაც შემოწმდება პარკი არის თუ არა ნამდვილად ბიოდეგრადირებადი. პირველი აპრილიდან ანუ დღეიდან,საქართველოში მხოლოდ ასეთი [ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი] პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაციაა დაშვებული.
ირაკლი ნემსაძე, რომელსაც ქობულეთში ცელოფნის პარკების საწარმო აქვს, „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მუშაობა შეაჩერა.
„ვეცდებით გადავაიარაღოთ, მაგრამ ეს საკმაოდ რთული, ძვირი და ხანგრძლივი პროცესია. ბოლო თვეებია მიმდინარეობდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეხვედრა-კონსულტაციები, იყო დაპირებები და მოლოდინი, რომ გადაავადებდნენ ამ კანონის ამოქმედებას, ვინაიდან თვითონაც აცნობიერებდნენ, რომ არალოგიკურად მოკლე დრო ჩანიშნეს ასამოქმედებლად. ელემენტარულად, ჩვენგან მოითხოვეს საკმაოდ ძვირადღირებული დანადგარების ჩამოწერა, ახლების შეძენა, კადრების გადამზადება, ძალიან ძვირადღირებული და დეფიციტური პროდუქციის მოპოვება და იმპორტი და ამ ყველაფრის საწარმოო პროცესში გაშვება. ეს მაშინ, როცა ამ თარიღისთვის სახელმწიფომ ვერ მოასწრო ერთი ლაბორატორიის შექმნა, რომელიც ადგილზე გადაამოწმებდა ქვეყანაში წარმოებულ თუ იმპორტირებულ საქონელს“, – ამბობს ირაკლი ნემსაძე.
ცელოფნის პარკის მწარმოებლები ამბობენ, რომ „კეთილსინდისიერმა ბიზნესოპერატორმა ვერ გარისკა, ვერ შეძლო და ვერ მოასწრო კანონის შესაბამისად შეეცვალათ პოლიეთილენის წარმოება და დაეწყოთ მუშაობა. თუ ვინმე გამოუშვებს პოლიეთილენის პარკს და დააწერს, რომ არის ბიოდეგრადირებადი, სახელმწიფოს არ აქვს რესურსი, რომ გადაამოწმოს არის თუ არა ეს პარკი ნამდვილად ბიოდეგრადირებადი. კეთილსინდისიერი მწარმოებელი ვერ ბედავს ფალსიფიკაცია მოახდინოს, ფალსიფიკატორები კი, რომლებიც უხვად გვყავს ყველა სექტორში, აკეთებენ ამას და გააკეთებენ მანამ, სანამ გაუვათ. ჩვენ კი ქარხნები დავხურეთ“.
როგორც მეწარმეებმა „ბათუმელებთან“ განაცხადეს, 30-ზე მეტი ცელოფნის მწარმოებელი ქარხანა დაიხურა, შედარებით მსხვილი ქარხნები კი მცირე დატვირთვით მუშაობენ.
„ჩვენი საწარმოც ფაქტობრივად დახურულია. წარმოების 90% გავაჩერეთ და 10% დატვირთვით სატესტო რეჟიმში ვმუშაობთ. გადაიარაღების ეტაპზე ვართ, მაგრამ მივალთ თუ არა ბოლომდე ვერ გეტყვით. ყველაფერი დეტალურად უნდა დავთვალოთ და ჩამოვყალიბდეთ. ფასებიც მაშინ დარეგულირდება, როცა მთლიანად გადაიარაღდება საწარმო. მაგალითად, 1 კილოგრამი პოლიეთილენის პარკის გაყიდვის ფასი თუ იყო 7 ლარი, იგივე რაოდენობის ბიოდეგრადირებადი პარკის გაყიდვის ფასი ამ ეტაპზე 18 ლარია. ამასთან, 1 კილოგრამში 100 ცალი ცელოფნის პარკი იყო, ბიოდეგრადირებადის შემთხვევაში კი 66 ცალი გამოდის ერთი კილოგრამი“, – გვითხრა „გვგ პლასტის“ დამფუძნებელმა გელა გელაშვილმა, ვისი საწარმოც თბილისშია განთავსებული და ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელია.
მისივე ინფორმაციით, საწარმოში 115 ადამიანი ჰყავდა დასაქმებული, სატესტო რეჟიმში კი დღეს, მხოლოდ 10 ადამიანს ამუშავებენ.
ბიზნესმენები ვერც იმას ამბობენ, ღირს თუ არა მთლიანად გადაიარაღება და იმ სტანდარტის პარკების წარმოება, რა მოთხოვნებიც სახელმწიფოს აქვს. შესაბამისად, მათივე თქმით, ეს ბიზნესი უკვე საფრთხეშია. გამორიცხული არაა ადგილზე წარმოებული ბიოდეგრადირებადი პარკების ნაცვლად ბაზარი მთლიანად იმპორტმა ჩაანაცვლოს. მეწარმეების თქმით, „უკვე არის ბაზარზე ბიოდეგრადირებადი პარკები, მაგრამ იქვე აწერია, რომ შეიცავს პოლიეთილენსაც. ამიტომ ასეთი პარკები სახელმწიფო სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. წარმოებას ისიც გააძვირებს, რომ ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოების დროს არ ხდება დიდი რაოდენობის ნარჩენების ხელახლა გამოყენება და არც სახელმწიფოს აქვს ისეთი დანადგარი, რომ ეს ნარჩენები ხელახლა გადამუშავდეს.“
ბიზნესმენების თქმით,როცა 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პოლიეთილენის პარკები აიკრძალა, სასურველი იყო, მეორე ეტაპი ყოფილიყო 50 მიკრონზე ნაკლები სისქის პარკების აკრძალვა. „შესაძლოა სამინისტრომ იშუამდგომლოს მთავრობასთან და რაღაც გამოსავალი გამოინახოს“, – ამბობენ მეწარმეები.
შესაძლო კომპრომისს გამორიცხავენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
„2019 წლის პირველი აპრილიდან კანონი შევიდა ძალაში. იქნება გაფრთხილება და შემდეგ დაჯარიმება. წარმოება ყველა შემთხვევაში აკრძალულია და ასევე აკრძალულია პოლიეთილენის პარკების საზღვარგარეთიდან შემოტანა“, – გვითხრეს სამინისტროს პრესსამსახურში.
რაც შეეხება კონტროლს, სამინისტროში გვითხრეს, რომ „შესაბამისი ლაბორატორია მართლაც არ აქვთ. „თუმცა გვაქვს მოლაპარაკებები გარკვეულ ქვეყნებთან, სადაც არის ასეთი ლაბორატორიები. იქ შესაძლებელია გადავაგზავნოთ ნიმუში და სამ დღეში გვექნება პასუხი. ასე რომ კონტროლის კუთხით დაბრკოლება ამ მხრივ არ იქნება. ჩვენი ლაბორატორიაც 2019 წლის ბოლომდე იქნება გამართული – შესაბამისი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს“.
„ტექნიკური რეგლამენტის − პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილება 2018 წლის 17 სექტემბერს გამოქვეყნდა და ძალაში ამავე წლის პირველ ოქტომბერს შევიდა. საქართველოში 2018 წლის პირველი ოქტომბრიდანვე აიკრძალა 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია;
ამ რეგლამენტით, „საქართველოში წარმოებული, იმპორტირებული ან რეალიზებული პლასტიკის პარკები, ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს“.
საქართველოს ტერიტორიაზე დღეიდან, ანუ 2019 წლის პირველი აპრილიდან მთლიანად აკრძალულია:
[crosslist]
- ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია;
- ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია.
[/crosslist]
აღნიშნული რეგლამენტით:
პლასტიკის პარკი − ეს არის პლასტიკისგან დამზადებული პარკი, ხელსაკიდით ან ხელსაკიდის გარეშე, რომელიც მიეწოდება მომხმარებელს საქონლის ან პროდუქტის გაყიდვის ადგილზე; თავად პლასტიკი კი არის სინთეზური ორგანული პოლიმერი [ქიმიური ნივთიერება], რომელიც პლასტიკის პარკის მთავარ სტრუქტურულ კომპონენტს წარმოადგენს და რომელსაც შეიძლება დაემატოს დანამატები და სხვა ნივთიერებები;
ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკი − არის პლასტიკის მასალისგან დამზადებული პარკი, რომელიც შეიცავს დანამატებს, რაც ხელს უწყობს პლასტიკის მასალის მიკროფრაგმენტებად დაშლას;
ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკი − ეს არის მთლიანად ან ნაწილობრივ ბიოლოგიური, განახლებადი ნედლეულის საფუძველზე წარმოებული, ბიოდეგრადაციასა და კომპოსტირებას დაქვემდებარებული პარკი, რომელიც აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს და აქვს შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
პარკების წარმოებაში დასაქმებულთა თქმით, საქართველოში დაშვებულია კვების პროდუქტებისთვის განკუთვნილი ისეთი ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების წარმოება-რეალიზაცია და იმპორტი, რომელიც საერთოდ არ შეიცავს პოლიეთილენს: „ასეთი პარკები ერთი შეხედვით ჰგავს ცელოფნის პარკს, თუმცა ხელის შეხებითაც მიხვდები, რომ ის არ არის ცელოფანი“.
ამ თემაზე:
რა ელის ცელოფნის პარკების ბიზნესს – აკრძალვა ძალაშია პირველი ოქტომბრიდან