მთავარი,სიახლეები

„დრიმლენდ ოაზისი“ ჩაქვში, ზღვის პირას, კიდევ ორ ნაკვეთს რიჟვაძის შუამდგომლობით ითხოვს

29.03.2019 • 3452
„დრიმლენდ ოაზისი“  ჩაქვში, ზღვის პირას, კიდევ ორ ნაკვეთს რიჟვაძის შუამდგომლობით ითხოვს

შპს „დრიმლენდ ოაზისი“ ჩაქვში, ზღვის პირას, ბათუმის ქუჩის მიმდებარედ კიდევ ორ ნაკვეთს [ჯამში 12 598 კვ. მ.] ნორმატიულ ფასად ითხოვს. როგორც ქობულეთის მერიის მიზანშეწონილობის კომისიის ოქმშია ნათქვამი, ამ საკითხზე ქობულეთის მერიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, 2019 წლის 19 თებერვალს ოფიციალურად, წერილობით აცნობა და მოთხოვნილი ნაკვეთების აჭარის მთავრობისთვის გადაცემა მოითხოვა სწორედ იმ მიზნით, რომ მომავალში ამ ნაკვეთებს შპს „დრიმლენდ ოაზისს“ გადასცემენ.

ოქმში ნათქვამია ასევე, რომ „დრიმლენდ ოაზისს“ ზემოთ აღნიშნული ნაკვეთები უკვე მიმდინარე საინვესტიციო პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის სჭირდება.  ქობულეთში, ბათუმის ქუჩაზე, კომპანიას მოქმედი სასტუმრო აქვს.  გარდა ამისა, „დრიმლენდ ოაზისი“ ჩაქვში მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს.

საკითხი დღეს, 29 მარტს, ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე დადებითად გადაწყვიტეს. გარდა ამისა,  საკრებულოს წევრები დაეთანხმენ „დრიმლენდ ოაზისის“ წინადადებას, რომლის თანახმადაც კომპანიას მიმდინარე სამშენებლო პროექტის გასწვრივ, 12 ჰექტარი ტერიტორია, ჩაქვის ზღვისპირა პლაჟი გადაეცა. ამ გადაწყვეტილებას ადგილობრივები ეწინააღმდეგებოდნენ, მოსახლეობა მიიჩნევს, რომ პლაჟი იჯარით გაცემის შემდეგ მათთვის და მათი დამსვენებლებისათვის ჩაიკეტება. გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებოდა საკრებულოს ოპოზიციაც, კენჭისყრის შემდეგ მათ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

„დრიმლენდ ოაზისი“ პლაჟზე ითხოვს ერთ ჰექტარზე მეტ ტერიტორიას – მერი თანახმაა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: