საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 17.8 მილიარდი აშშ დოლარია

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 17.8 მლრდ აშშ დოლარი [47.5 მლრდ ლარი] შეადგინა [2018 წლის მშპ-ს 109.6 პროცენტი].

2018 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, მთლიანი საგარეო ვალი 17.2 მილიარდი აშშ დოლარი [45.1 მლრდ ლარი] იყო.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2018 წლის მეოთხე კვარტალში ოპერაციული ცვლილებების გამო საგარეო ვალი 616.5 მლნ აშშ დოლარით, ხოლო სხვა ცვლილებების გამო – 7.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. ამავდროულად, საკურსო და ფასის ცვლილებების გამო ვალი შესაბამისად 65.7 და 25.3 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.

საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი მოიცავს სახელმწიფო [სამთავრობო სექტორი, სახელმწიფო საწარმოები და ეროვნული ბანკი] და კერძო სექტორის [საბანკო და სხვა სექტორები] საგარეო ვალს.

მთლიანი საგარეო ვალიდან, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 7.4 მლრდ აშშ დოლარი [19.9 მლრდ ლარი], რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალი 5.4 მლრდ აშშ დოლარია [14.4 მლრდ ლარი], ეროვნული ბანკის ვალდებულებები – 369.2 მლნ აშშ დოლარი [988.2 მლნ ლარი], ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 790.6 მლნ აშშ დოლარი [2.1 მლრდ ლარი] და 874.0 მლნ აშშ დოლარი [2.3 მლრდ ლარი].

საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 4.3 მლრდ აშშ დოლარი [11.4 მლრდ ლარი;], სხვა სექტორების საგარეო ვალმა – 5.3 მლრდ აშშ დოლარი [14.3 მლრდ ლარი] და კომპანიათაშორისო ვალმა – 2.4 მლრდ აშშ დოლარი [6.4 მლრდ ლარი]. მთლიანი საგარეო ვალის 90.0 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

ამ თემაზე:

თქვენ ხუთი ათასი ლარი ვალი გაქვთ

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 29  მარტის  21 საათიდან  30 მარტის  21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, წვიმა, მაღალ მთაში მოთოვს. 29 მარტს კი დღის მეორე ნახევრიდან უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 8 – 13 გრადუსი
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 0-3 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2-7 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

_____________

ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი

ქობულეთში პოლიციელებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

გუშინ, 27 მარტს, ქობულეთში პოლიციის ორ თანამშრომელს სცემეს. გავრცელებული ინფორმაციით, მათ ფიზიკური შეურაცხყოფა ახალგაზრდების გაშველებისას მიაყენეს. პოლიციელების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, შს სამინისტროს ცნობით, ისინი საავადმყოფოში არ იმყოფებიან.

შსს-ს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით [პოლიციელზე თავდასხმა], მეორეს დასაკავებლად კი სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

შს სამინისტროში უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ამ ორ პოლიციელს შორის ერთ-ერთი დაზარალებული ქალაქ ქობულეთის პოლიციის განყოფილების უფროსია.

ბათუმის ციხეში პატიმრები წყალს ითხოვენ

ბათუმის ციხეში წყლისა და ხელოვნური ვენტილაციის პრობლემაზე პაატა დიასამიძე საუბრობს, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი. ის სასჯელაღსრულების მესამე დაწესებულებაში, ანუ ბათუმის ციხეში დღეს, 28 მარტს, იმყოფებოდა.

„პატიმრებს, განსაკუთრებით დეესკალაციის ოთახში მყოფებს, აწუხებთ წყლისა და ვენტილაციის პრობლემა. მათი თქმით, წყალი ციხეს გრაფიკით მიეწოდება. ეს განსაკუთრებით გაუსაძლისი ბოლო პერიოდში გახდა, როცა ხელოვნური ვენტილაციაც ითიშება – დეესკალაციის ოთახში საპირფარეშო საკნისგან იზოლირებული არ არის,“ – გვიყვება პაატა დიასამიძე.

იურისტის მიერ დასახელებულ პრობლემებს ადასტურებენ იურისტიციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის პრესცენტრში. ამ უწყებიდან მიღებულ წერილობით ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ციხესთან ახლოს მცხოვრებ ოჯახებს უფრო აწუხებთ წყლის პრობლემა, ხოლო ვენტილაციის სისტემას მხოლოდ ღამით თიშავენ ორი საათით.

„წყლის პრობლემა არ უკავშირდება პენიტენციურ დაწესებულებას. N3 პენიტენციურ დაწესებულების მიმდებარედ მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიეწოდება. პენიტენციური დაწესებულების წყალმომარაგება მოსახლეობაზე ბევრად უკეთესია იქიდან გამომდინარე, რომ ხდება რეზერვუარების გამოყენება… რაც შეეხება ვენტილაციას, უსაფუძვლოა განცხადება, რომ უსაფრთხო საკნებში ვენტილაციის პრობლემა არსებობს, რადგან ამ საკნების ვენტილაცია  24-საათიან რეჟიმში, უწყვეტად ხორციელდება.

რაც შეეხება მთლიანად დაწესებულების ვენტილაციას, იმისათვის, რომ სავენტილაციო მოწყობილობა არ გადაიწვას, ღამით მხოლოდ 2 საათით ხდება ვენტილაციის გამორთვა. ესეც იმ საკნებში, რომლებსაც აქვთ ბუნებრივი ვენტილაციის საშუალება, ანუ სადაც შესაძლებელია ფანჯრის გახსნა და საკნების ბუნებრივად განიავება,“ – მოგვწერეს პენიტენციური დაწესებულებიდან.

„ეს არის არაადამიანური მოპყრობა,“ – ასე აფასებს საია-ს იურისტი, პაატა დიასამიძე პენიტენციური სამსახურის დამოკიდებულებას პატიმრების მიმართ. მისი განმარტებით, პატიმრის უფლებები არ უნდა ირღვეოდეს იმის გამო, რომ სასჯელაღსრულებით დაწესებულებას წყალი შეზღუდვით მიეწოდება.

„არასწორია მოსახლეობასთან შედარება. მოსახლეობამ შესაძლოა წყალი დაზოგოს, ან ეზოში მდებარე ტუალეტით ისარგებლოს. რა უნდა ქნას პატიმარმა, რომელსაც ბოთლის შეტანის უფლებაც კი არ აქვს საკანში? ვენტილაციის სისტემაც დაწესებულებაში ერთიანია. არ არის ეს სისტემა ისე მოწყობილი, რომ დეესკალაციის ოთახში დატოვონ და სხვაგან გათიშონ. დეესკალაციის ოთახში ფანჯარა არ იღება, ის ჩაცემენტებულია,“ – გვითხრა პაატა დიასამიძემ.

საია-ს იურისტი ასევე ამახვილებს ყურადღებას დეესკალაციის ოთახში პატიმრების მოთავსებაზე. ამ ოთახში პატიმრები მაშინ უნდა ხვდებოდნენ, თუკი ისინი საფრთხეს უქმნიან საკუთარ თავს ან სხვებს. პაატა დიასამიძე იმ პატიმრების პოზიციას იზიარებს, რომლებიც ამბობენ, რომ ხშირად განმარტოებით, დეესკალაციის ოთახში მხოლოდ დასჯის გამო სვამენ.

„იყო შემთხვევა, როცა პატიმარი დეესკალაციის ოთახიდან წაიყვანეს სასამართლო პროცესზე. პროცესმა ისე ჩაიარა, რომ მოსამართლეს შენიშვნაც კი არ მიუცია ამ პატიმრისთვის. პროცესიდან წაყვანილი პატიმარი პირდაპირ, ისევ დეესკალაციის ოთახში მოათავსეს,“ – დასძენს საია-ს იურისტი, პაატა დიასამიძე.

 

 

 

 

„დრიმლენდ ოაზისი“ პლაჟზე ითხოვს ერთ ჰექტარზე მეტ ტერიტორიას – მერი თანახმაა

„დრიმლენდ ოაზისი“ ჩაქვის პლაჟს, 12 320 კვადრატულ მეტრ ტერიტორიას ათწლიანი იჯარით ითხოვს. ამ კომპანიას უკვე ეკუთვნის პლაჟის მიმდებარე ტერიტორია, სადაც მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს. პლაჟის კომპანიაზე გადაცემას ადგილობრივი მოსახლეობა ეწინააღმდეგება, ისინი მიიჩნევენ, რომ პლაჟის ინვესტორზე გადაცემის შემდეგ მათთვის ზღვაზე გასასვლელი  ჩაიკეტება და ისინი ზღვის სეზონზე დამსვენებელს დაკარგავენ.

ადგილობრივები მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელებისგან ითხოვენ არ მიიღონ დადებითი გადაწყვეტილება ამ საკითხზე. მათივე ინფორმაციით, ისინი ამ მოთხოვნით რამდენჯერმე შეხვდნენ ქობულეთის მერს, მირიან ქათამაძეს და საკრებულოს „ქართული ოცნების“ უმრავლესობის თავმჯდომარეს გიორგი გოგიტიძეს, თუმცა ვერ მიიღეს დაზუსტებული პასუხი, გაითვალისწინებენ თუ არა მათ მოთხოვნას.

ქობულეთის საკრებულოს „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე მოსახლეობასთან აქციაზე

მიუხედავად მოსახლეობის წინააღმდეგობისა, ქობულეთის მერიას, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი აქვს მოთხოვნილი ტერიტორიის ათწლიანი იჯარით „დრიმლენდ ოაზისისთვის“ გადაცემა. მერიამ შესაბამისი დოკუმენტები საკრებულოს დასამტკიცებლად უკვე გადაუგზავნა, საკრებულომ საკითხი განიხილა და მომავალი სხდომის დღის წერიგში შეიტანა.

ქობულეთის მერიის მიზანშეწონილობის კომისიის ოქმის მიხედვით, რომელიც საკრებულოში გადაგზავნილ დოკუმენტებს თან ერთვის, „დრიმლენდ ოაზისი“ მოთხოვნილ ტერიტორიაზე მერიას ბულვარული ტიპის დასასვენებელი ადგილის მოწყობას სთავაზობს, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ქობულეთის მუნიციპალიტეტში ტურისტების მოზიდვას. ოქმში ნათქვამია ისიც, რომ ტერიტორია ღია იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის, მაგრამ ამის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას არ სჯერა:

„რატომ უნდა დავიჯეროთ, როცა გვქონდა შემთხვევები, რომ ზღვაზე გასასვლელი ბილიკი დაგვიკეტეს და ადგილობრივის წინააღმდეგ, რომელიც მათი ტერიტორიის წინ თევზაობდა, პოლიციაც გამოიძახეს“.

კომპანიის წარმომადგენელი ნონა ხუჯაძე „ბათუმელებთან“ ირწმუნება, რომ პლაჟზე გადაადგილება შეზღუდული არ არის, არც მომავალში იქნება, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე მათი დამსვენებლისთვის. თუმცა მან დაადასტურა ისიც, რომ ტერიტორიაზე როგორც  უფასო, ასევე  ფასიანი ზონები მოეწყობა. კომპანია იჯარით გადაცემულ პლაჟზე განათავსებს ზღვაზე დასვენებისთვის საჭირო ინვენტარს – შეზლონგებს და ე.წ. კანოპეებს, რომლებსაც გააქირავებენ.

„…ასევე იქნება უფასო სარგებლობის ზონა დატოვებული, რაც უფასო იქნება გამოსაყენებლად მათ შორის კომპლექსში არ მცხოვრები ადამიანებისთვისაც. ანუ კომპანია მოუვლის ამ პლაჟს, თუმცა მთელ ტერიტორიას კომერციული მიზნებისთვის არ ითხოვს“,  – განმარტავს ნონა ხუჯაძე.

ადგილობრივებისთვის არც ის აუხსნიათ, გადაცემული ტერიტორიის რა ნაწილის ათვისებას გეგმავს ინვესტორი კომერციული  მიზნებისთვის – კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ ფასიან შეზლონგებს და კანოპეებს გადაცემული ტერიტორიის 60 პროცენტზე განათავსებენ.

საგულისხმოა ისიც, რომ კომპანია პლაჟის ტერიტორიას პირდაპირი წესით ითხოვს, მერია კი ქონების ამ ფორმით გადაცემას ინვესტორის კეთილსინდისიერებით ასაბუთებს.

„…სრულიად კეთილსინდისიერად შეასრულებს მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი წესით განკარგვისას დადგენილ პირობებს“, – ნათქვამია მერიის მიზანშეწონილობის კომისიის ოქმში, რომელიც საკრებულოში გადაგზავნილ დოკუმენტებს თან ერთვის.

ამავე ოქმით ირკვევა, კომპანიამ მერიას პლაჟით სარგებლობის სანაცვლოდ წელიწადში 10 000 ლარის გადახდა შესთავაზა. დადგენილი ნორმატიული ფასის მიხედვით კი, 12 320 ლარი გამოუთვალეს. კომისიის ცხრავე წევრმა საკითხს მხარი დაუჭირა, მათ შორის – კომისიის თავმჯდომარემ, ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ.

შპს „დრიმლენდ ოაზისი“ 2007 წელს დააფუძნეს. კომპანიის 82,7 პროცენტი ავსტრიაში დაფუძნებულ კომპანიას „ალბერეტა, ავსტრიას“ ეკუთვნის; 8,3 პროცენტის მფლობელი კი, ყოფილი პარლამენტარი გოდერძი ბუკიას შვილი, ნათია ბუკიაა. დარჩენილ ცხრა პროცენტს კომპანიის დირექტორი ნიკოლოზ გეგუჩაძე ფლობს.

„დრიმლენდ ოაზისი“ იგივე „საქტურ კურორტია“ – ამ კომპანიის 33,30 პროცენტს 2010 წელს ბიზნესმენ გოდერძი ბუკიას ოჯახის საკუთრებაში არსებული კომპანია „მგ კომპანი“ ფლობდა. დარჩენილი 66,70 პროცენტის მფლობელი კი ავსტრიაში, ვენაში დაფუძნებული კომპანია „ისთინ ფორვარდინგ ჰოლდინგი“ იყო.

დოკუმენტების მიხედვით, „მგ კომპანის“ მფლობელებმა კომპანიის 66, 70 პროცენტი ავსტრიულ კომპანიაზე 2010 წელს გაასხვისეს. შესყიდვის ღირებულებად 2000 ლარია მითითებული.

გოდერძი ბუკია 2008-2012 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, უფრო ადრე, 2004-2008 წლებში კი ის ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის  ბლოკ – „ახალ საქართველოს“ წარმოადგენდა პარლამენტში.

2016 წელს გოდერძი ბუკიამ „ქართულ ოცნებასთანაც“ მოახერხა დაახლოება – 2016 წელს ხობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ის პირადად გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა, თუმცა მოგვიანებით პარტიაში ეს გადაწყვეტილება შეცვალეს, რაც იმით ახსნეს, რომ ბუკიამ დიდ ბიზნესში დაბრუნება გადაწყვიტა.

„დრიმლენდ ოაზისი“ ის კომპანიაა, რომელსაც უნდა შეემუშავებინა ბათუმის ბულვარის კონცეფცია, რომელიც სამი ხეივნიდან ერთის გაუქმებას ითვალისწინებდა. გადაწყვეტილება აჭარის მთავრობამ საზოგადოების პროტესტის შემდეგ შეაჩერა. ამ თემაზე იხილეთ აქ.

მოსახლეობამ გადაწვეტიელების გასაპროტესტებლად აქციის ფორმასაც მიმართა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე: ექიმები თავდასხმისგან დაცვას ითხოვენ

„ისეთ განვითარებულ ქვეყანაშიც კი, როგორც ამერიკის შეერთებული შტატებია, ასეულობით ათასი პაციენტი კვდება სამედიცინო შეცდომების გამო… ამით იმის თქმა მინდა, რომ არსებობს შეცდომები, რომლებიც გარდაუვალია. ჩვენ გვჭირდება პროაქტიული სისტემის განვითარება, რაც გულისხმობს მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილებას, როცა ეს შესაძლებელია,“ – ამბობს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, მარინა დარახველიძე. მას ვკითხეთ ე.წ. „სამედიცინო შეცდომებზე“ სახელმწიფო რეაგირების პოლიტიკა რამდენად ადეკვატურია და ეფექტური.

ექიმების პროფესიული თუ სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხზე მსჯელობა ძირითადად მხოლოდ კონკრეტულ ტრაგიკულ შემთხვევებში აქტიურდება. ბოლო ასეთი შემთხვევა 29 წლის მელანო ფუტკარაძის გარდაცვალება იყო. ის მწვავე აპენდიციტის დიაგნოზით „მედცენტრში“ გარდაიცვალა, თუმცა გარდაცვლილის ოჯახი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალს ადანაშაულებს, სადაც მელანო თავდაპირველად მივიდა. ამ საქმეს სამედიცინო რეგულირების სააგენტო უკვე სწავლობს. მიმდინარეობს გამოძიებაც.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, მარინა დარახველიძე ფიქრობს, რომ არსებული რეგულაცია, როცა თითოეულ ინდივიდუალურ შემთხვევას სამედიცინო რეგულირების სააგენტოს პროფესიული განვითარების საბჭო განიხილავს, მტკიცებულებაზე ორიენტირებული სისტემაა. იგი ასევე არ ეთანხმება შეფასებას, რომ ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხის განხილვა დროში გაწელილია.

„საბჭო გადაწყვეტილებას იღებს მტკიცებულებების შესაბამისად. ის არა ვარაუდებს, არამედ მხოლოდ საექსპერტო დასკვნებს ეყრდნობა. საბჭო იკრიბება თვეში ერთხელ და მსჯელობის საგანი ხდება ასევე არსებული გაიდლაინები; განიხილება, კლინიკური თვალსაზრისით გაწეული სამედიცინო დახმარება შეესაბამებოდა თუ არა ქვეყანაში არსებულ გაიდლაინებს, თითოეული ექიმის საქმე წყდება ამ გზით… შესაბამისად, დასკვნა უნდა იყოს ზუსტი და მისი განხილვა არ უნდა ემსახურებოდეს ფორმალიზაციის პროცესს… ვინც არ ეთანხმება საბჭოს გადაწყვეტილებას, შეუძლია მიმართოს სასამართლოს,“ – გვითხრა მარინა დარახველიძემ.

რატომ აქვთ ადამიანებს განცდა, რომ რეალურად არ ისჯებიან ექიმები? ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს ოფიციალური სტატისტიკაც შევახსენეთ, რომელიც „ბათუმელებს“ სამედიცინო რეგულირების სააგენტომ მოაწოდა და რომლის მიხედვითაც, 2018 წელს 348 ექიმის საქმიდან მხოლოდ ორს შეუჩერდა სრულად სახელმწიფო სერტიფიკატი.

„ის, რაც ჩვენთვის არის სტატისტიკა, კონკრეტული ადამიანისთვის არის სახელი და გვარი, ემოციური ფონი ძალიან მაღალია და ეს გასაგებია. პროფესიულმა საბჭომ პერსონალურად უნდა იმსჯელოს. არ ვლინდება ყოველთვის პაციენტის ან მისი ახლობლის განცხადებაში მოყვანილი ფაქტები… ზოგჯერ პაციენტის ან მისი ოჯახის შეხედულება არ ემთხვევა პროფესიული საზოგადოების შეხედულებას. პაციენტი ფიქრობს, რომ ექიმი უნდა მოქცეულიყო ასე და ასე, მაგრამ მას ხშირად სამედიცინო ცოდნა არ გააჩნია,“ – ამბობს მარინა დარახველიძე.

ჯანდაცვის ექსპერტის, თენგიზ ვერულავას თქმით, ევროპის ქვეყნებში უკვე მიღებული პრაქტიკაა სამედიცინო ინტერნეტპორტალზე კლინიკებისა და კონკრეტული ექიმების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის განთავსება. მისივე თქმით, პორტალზე პაციენტი ნახულობს ინფორმაციას ექიმების წარმატებისა და შეცდომების შესახებ.

„კულტურული თავისებურებების გათვალისწინების გარეშე, პირდაპირ გადმოღება არ იქნება მიზანშეწონილი… სავალდებულო არ არის ზუსტად გავიმეოროთ რომელიმე ქვეყნის მოდელი, თუ ის არ იქნება ადაპტირებული ჩვენი ქვეყნისთვის,“ – მიიჩნევს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მარინა დარახველიძე. მან ასევე გვითხრა, რომ ამ იდეაზე შესაძლოა პროფესიულმა წრეებმა იმსჯელონ.

განიხილავს თუ არა ხელისუფლება და კონკრეტულად ჯანდაცვის სამინისტრო ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის რეაგირების სხვა მოდელს? – მარინა დარახველიძის თქმით, ამ ეტაპზე რაიმე სხვა მოდელი არ განიხილება.

„მაგალითად, სამედიცინო პერსონალი მიიჩნევს, რომ ისინი თავდასხმის მსხვერპლნი არიან, მათ შორის, ფიზიკური. ისინი ითხოვენ დაცვას… ასე რომ ჩვენ ბევრი გვაქვს სამსჯელო,“ – დასძინა „ბათუმელებთან“ საუბრის დროს მარინა დარახველიძემ.

______________

მთავარ ფოტოზე: მარინა დარახველიძე. ფოტო: FB

ამავე თემაზე: 

ომბუდსმენი: სამედიცინო პერსონალის საქმიანობაზე მოქალაქეთა განცხადებების შესწავლა ჭიანურდება

მისამართები აჭარაში, სადაც შეგიძლიათ დაწეროთ განცხადება დაგროვებითი პენსიიდან გასვლაზე

საპენსიო სქემის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც 2018 წლის 6 აგვისტოს უკვე იყვნენ 40  ან მეტი წლის. თუ პირს 40 წელი 2018 წლის 7 აგვისტოს ან შემდეგ შეუსრულდა, მას საპენსიო სქემიდან გამოსვლის უფლება კანონით აღარ აქვს. 

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დატოვების შესახებ განცხადების დაწერა ნებისმიერ პირს, ვისაც სქემის დატოვების უფლება აქვს, შეუძლია საპენსიო სააგენტოს ოფისში, რომლის მისამართია თბილისი, ყიფშიძის 7ბ, ან სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად. მისამართების ნახვა შეგიძლიათ მოცემულ ბმულზე: https://ssa.gov.ge/index.php სამუშაო საათებია: 9-დან 18 საათამდე.

აჭარაში სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალების მისამართები, სადაც დაინტერესებულ პირს შეუძლია მივიდეს პირადად და დაწეროს განცხადება სქემიდან გამოსვლაზე:

[checklist]

  • სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალი. მისამართი: ქალაქი ბათუმი, ტაბიძის ქ. N2ა. ტელ: (0422)  24 01 78; 24 01 85; 24 01 86; 24 01 75, ცხელი ხაზი: 1505
  • სააგენტოს ქობულეთის რაიონული განყოფილება. მისამართი: ქობულეთი, თავისუფლების ქ. №13; ტელ: (0 426) 26 69 25; 26 67 18; 26 67 16
  • სააგენტოს ხელვაჩაურის რაიონული განყოფილება. მისამართი: ბათუმი, დიდაჭარის 23; ტელ: 25 83 50; 25 83 51;
  • სააგენტოს ქედის რაიონული განყოფილება. მისამართი: დაბა ქედა, მ. კოსტავას ქ. №1; ტელ: (0 425) 25 00 24; 25 00 68.
  • სააგენტოს შუახევის რაიონული განყოფილება. მისამართი: დაბა შუახევი,  რუსთაველის ქ. №25; ტელ: (0 424) 26 00 18; 26 00 87.
  • სააგენტოს ხულოს რაიონული განყოფილება. მისამართი: დაბა ხულო, ტბ. აბუსერიძის ქ. N5;

[/checklist]

დაგროვებითი საპენსიო სქემის დატოვების შესახებ განცხადების დაწერა ნებისმიერ პირს, ვისაც სქემის დატოვების უფლება აქვს, შეუძლია სქემაში ჩართვიდან სამი თვის შემდეგ.

დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართვიდან სამი თვის შემდეგ განცხადების დასაწერად [სქემის დატოვების თაობაზე] გაქვთ მხოლოდ ორი თვე. თუ ამ ორი თვის განმავლობაში არ დატოვებთ სქემას, რჩებით დაგროვებითი საპენსიო სისტემის მონაწილედ და ამ სქემიდან ვეღარ გამოხვალთ.

განცხადების დაწერა შეუძლია მინდობილ პირს ნოტარიალურად დამოწმებული მინდობილობის საფუძველზეც.

როდის იწყება სამთვიანი პერიოდის ათვლა? დაგიბრუნდებათ თუ არა საპენსიო ანგარიშზე ამ სამ თვეში გადარიცხული თანხა და როგორ გავიგოთ დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართვისა და გასვლის თარიღები? – ამის გასაგებად გადადით ბმულზე:

როგორ დავტოვოთ დაგროვებითი საპენსიო სქემა – მოკლედ

 

 

 

 

პირველი საქმე, რომელსაც ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ – 21 პირიდან 16-მა მსაჯულობა არ ისურვა

“მძევლად ხელში ჩაგდების საქმეზე” ნაფიც მსაჯულებს პროკურორები და ადვოკატები დღევანდელ პროცესზე არჩევენ. პროცესი დღის სამ საათზე დაიწო და ამ დრომდე გრძელდება.

არჩევანი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შერჩეული 150 კანდიდატიდან კეთდება, თუმცა სასამართლო პროცესზე მხოლოდ 21 მოვიდა. აქედან 16-მა მსაჯულობაზე უარი თქვა და მათი მოთხოვნა სასამართლომ დააკმაყოფილა.

“თქვენ ხართ, ფაქტობრივად, მოსამართლე. მადლობა, რომ მოხვედით სასამართლოში,” – მიმართა ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატებს მოსამართლე ლევან გელოვანმა, ვიდრე ისინი უარს იტყოდნენ მსაჯულობაზე. ეს მოსამართლე ხელმძღვანელობს დღევანდელ სხდომას სასამართლოს ყველაზე დიდ დარბაზში, რომელიც 2013 წელს მოაწყვეს  ნაფიცი მსაჯულებისთვის, თუმცა აქამდე ამ მიზნით იგი არავის გამოუყენებია – ეს პირველი შემთხვევაა, როცა საქმეზე განაჩენი ნაფიცმა მსაჯულებმა უნდა გამოიტანონ.

საუბარია „მძევლად ხელში ჩაგდების საქმეზე“ – შემთხვევა 2018 წლის დეკემბერში მოხდა.

პროკურატურის დადგენილების მიხედვით, მძევლად ხელში ჩაგდების ამბავი ქობულეთის ერთ-ერთ ქუჩაზე 20 დეკემბერს დაიწყო. რეზო მ. შეხვდა გიგა ბ.-ს და თანხის – 18 ათასი ამერიკული დოლარის დაბრუნება მოსთხოვა. გიგამ მას უთხრა, რომ ფული არ ჰქონდა და ვალს ვერ უბრუნებდა. დაზარალებულად ცნობილი გიგა ბ. ბრალდებულებმა თავდაპირველად შუახევში, სოფელ ნენიაში იძულებით წაიყვანეს, ერთ-ერთი ბრალდებულის ბიძის სახლში. გამოძიების ვერსიით, გატაცებულს ფიზიკურადაც შეურაცხყოფდნენ და მას დამოუკიდებლად გადაადგილების საშუალება არ ჰქონდა. მეორე დღეს გატაცებული ქობულეთში წაიყვანეს ისევ ახლობლის სახლში. მესამე დღეს კი, გიგა ბ. ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე ნაქირავებ ბინაში მიიყვანეს.

24 დეკემბერს ერთ-ერთ ბრალდებულს, ირაკლი დ.-ს, შეხვდა გატაცებული კაცის ცოლი და მას 900 ლარი გადასცა. ამ ბრალდებულს გამოძიება ახლა ძარცვის მუხლითაც ედავება, რადგან დაზარალებულის ცოლი ამბობს, რომ შეხვედრის დროს მას ძვირადღირებული მობილური ტელეფონი „აიფონი“ წაართვეს. იმავე დღეს გატაცებული გიგა ბ.-ს ცოლმა პოლიციას მიმართა. 25 დეკემბერს სამართალდამცველებმა კობალაძის ქუჩაზე ბინაში გამოკეტილი გიგა იპოვეს.

დღევანდელ პროცესზე მსაჯულობის 21 კანდიდატს აცილების შესახებ ჰკითხა მოსამართლემ. კანონი კონკრეტულ შემთხვევებს განსაზღრავს, როცა კანდიდატად შერჩეულ პირს შეუძლია მსაჯულობაზე უარი თქვას. 16-მა პირმა თქვა, რომ ჯანმრთელობის პრობლემა აქვს.

“პირადი საკითხის მოტივით” თვითაცილების შემთხვევები ინდივიდუალურად განიხილა მოსამართლემ პროკურორებთან და ადვოკატებთან ერთად ისე, რომ დარბაზში მყოფ პირებს საუბრის შინაარსი არ გაუგიათ – ისინი მოსამართლის ტრიბუნასთან შეიკრიბნენ.

მსჯელობის შემდეგ პროკურორებმა მსაჯულობის კანდიდატების თვითაცილებას მხარი დაუჭირეს.

“ჩემი აზრით, თვითაცილების მოთხოვნა უსაფუძვლოა, გარდა იმ ერთი შემთხვევისა, როცა კანდიდატი, რეალურად, ბრალდებულის ახლობელია,” – მიმართა მოსამართლეს ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმა.

მოსამართლემ კანდიდატების თვითაცილება დააკმაყოფილა თუ არა, მსაჯულობის მსურველმა თექვსმეტივე კანდიდატმა ერთად დატოვა სასამართლო სხდომის დარბაზი.

მხარეები ამჯერად კითხვებს უსვამენ ნაფიცი მსაჯულობის ხუთ კანდიდატს, ვინც დარბაზში დარჩა. გასაუბრების შემდეგ შესაძლოა პროკურორმა ან ადვოკატმა რომელიმე კანდიდატის აცილება მოითხოვოს და ეს დაასაბუთოს.

მხარეებს კანონის მიხედვით ასევე შეუძლიათ დამატებით 6-6 კანდიდატის აცილება ყოველგვარი დასაბუთების გარეშე.

“ისევ შეირჩევა 150 კაცი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით და იქედან  შევარჩევთ კანდიდატებს,” – განმარტავს პროკურორი, რამაზ შავაძე.

შენიშვნა: დღეს, 28 მარტს, სასამართლო სხდომა ისე დასრულდა [20:00 საათი], რომ მხარეებმა მსაჯულობის ვერც ერთი კანდიდატი ვერ შეარჩიეს.

ამ თემაზე:

კაცმა $18 ათასისთვის დეიდაშვილი გაიტაცა – ნაფიცი მსაჯულების პირველი საქმე ბათუმში

ბათუმი რივიერა – ისტორია, დეტალები და „სილქ როუდ ჯგუფის“ გეგმები

„სილქ როუდ ჯგუფის“ მიერ და „საქართველოს თანაინვესტირების ფონდის“ მხარდაჭერით, ქალაქ ბათუმში „ბათუმი რივიერას“ პროექტის განხორციელება იგეგმება. ეს იქნება თანამედროვე, მაღალი დონის არქიტექტურის ნიმუში, რომელიც გამორჩეულ ადგილზე მდებარეობს. კომპლექსი ქალაქის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს და ადგილობრივ მცხოვრებლებს დასაქმების საშუალებას მისცემს. პირველი ფაზის მშენებლობა 2019 წელს იგეგმება და დაახლოებით სამ წელიწადს გაგრძელდება. მისი სრული ღირებულება დაახლოებით 73.5 მილიონი დოლარია, ხოლო პროექტირების ფასი – 2,5 მილიონ დოლარზე მეტი იქნება (ფასადების, ლადნშაფტური დიზაინის, ინტერიერების და ირიგაციის პროექტების ჩათვლით).

„სილქ როუდ ჯგუფმა“ „ბათუმი რივიერას“ პროექტის არქიტექტურულ დიზაინსა და ურბანულ დაგეგმარებაზე ისეთ წამყვან კომპანიასთან იმუშავა, როგორიც არის “Chapman Taylor”-ი.

პროექტის კონცეფცია და იერსახე „სილქ როუდ ჯგუფისთვის“ თავიდანვე მნიშვნელოვანი ეტაპი იყო. სწორედ ამიტომ ჩატარდა ტენდერი, რომელშიც 25-მა საერთაშორისო კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. შედეგად, სამუშაოს შესრულება Chapman Taylor-ს დაევალა. კომპანიას გააჩნია 60-წლიანი გამოცდილება და დაჯილდოებულია  250-ზე მეტი საერთაშორისო პრიზით, როგორიც არის: MIPIM Awards-ი, International Property Awards-ი, The Global RLI Awards-ი, ICSC European Shopping Center Awards-ი და კიდევ სხვა მრავალი.

საპროექტო ტერიტორია შედგება „სილქ როუდ ჯგუფის“ საკუთრებაში არსებული 6 ჰექტარი ფართობისგან და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 2 ჰექტარი პარკისგან, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაშივე რჩება. ტერიტორია გახდება ბულვარის შემადგენელი ნაწილი და შეუნარჩუნდება რეკრეაციული ზონის სტატუსი. „სილქ როუდ ჯგუფი“ მხოლოდ მის ლანდშაფტურ დიზაინს შექმნის. ასევე, პროექტის ნაწილად მოიაზრება 20-წლიანი იჯარით აღებული იახტკლუბის ტერიტორია (12.000 მ2).

პროექტის თანახმად, ამ ტერიტორიაზე ეტაპობრივად აშენდება საცხოვრებელი და სასტუმრო შენობები, თანამედროვე სტანდარტების იახტკლუბი, კეთილმოწყობილი პარკი, განსხვავებული კონცეფციის კაზინო – ნათელი, ღია ვიტრაჟებით, ზღვის და იახტკლუბის ხედებით, 2000 სტუმარზე გათვლილი მულტიფუნქციური კონგრესცენტრი, სადაც შესაძლებელი იქნება სპორტული შეჯიბრებების, კონცერტების, გამოფენების და სხვა ღონისძიებების მოწყობა. მცხოვრებლების და მათი სტუმრების ყურადღებას ზღვის ბუნებრივი წყლით შევსებული, ხელოვნური ლაგუნა მიიპყრობს, სადაც მათ მცირე ზომის იახტები  მოემსახურება და გარშემო კაფეები და რესტორნები მიიზიდავთ.

პროექტი „ბათუმი რივიერა“ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში საკმაოდ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. პროექტის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ აჭარის ბიუჯეტი, ქონების გადასახადის სახით, ყოველწლიურად დამატებით დაახლოებით 1.2 მლნ დოლარს მიიღებს, პროექტის სრულად დამთავრების შემდეგ კი, ქონების გადასახადის შენატანი ყოველწლიურად დაახლოებით 7 მლნ დოლარი იქნება. აღსანიშნავია, რომ საბიუჯეტო შენატანები გაიზრდება საშემოსავლო გადასახადის ზრდის ხარჯზეც. გამომდინარე იქიდან, რომ „ბათუმი რივიერას“ მშენებლობაზე და ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ 1000 ადამიანზე მეტი დასაქმდება, მათ ხელფასებზე კომპანია საშემოსავლოს სახით წლიურად მინიმუმ 3 მლნ ლარს გადაიხდის. გარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა, მნიშვნელოვნად შეივსება ქვეყნის ბიუჯეტიც.

მიგვაჩნია, რომ ბათუმში, მაღალ და საშუალოშემოსავლიანი ტურისტული სეგმენტის გაზრდასა და ოთხივე სეზონის განვითარებაზე უნდა დავიწყოთ ზრუნვა.  „ბათუმი რივიერა“ გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებების მიზიდულობის ცენტრი გახდება. ქალაქის პირველი კონვენციის ცენტრი, რომელიც თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი მრავალფუნქციური სივრცე იქნება, წლის განმავლობაში დიდ აუდიტორიაზე გათვლილ სხვადასხვა კონფერენციას, გამოფენასა და კონცერტს უმასპინძლებს და, შესაბამისად, აქტიური სეზონის ხანგრძლივობას გაზრდის. ეს დამატებით შემოსავალს გულისხმობს როგორც აჭარის ბიუჯეტისთვის, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.

გაზაფხულ-ზაფხულში „ბათუმი რივიერა“ იახტების მოყვარულებით დაიტვირთება და მაღალი შემოსავლის მქონე ტურისტებს მოიზიდავს, რომელთა რაოდენობა, სათანადო ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო, საქართველოში, ჯერჯერობით მცირეა. იახტკლუბი 30 მეტრის სიგრძის იახტების მიღებას შეძლებს. აქ იქნება რესტორნები, გასართობი ცენტრი და ზღვის წყლით ავსებული ღია აუზი. რაც შეეხება ზამთარს, ამ პერიოდის აჭარაში გატარება კიდევ უფრო საინტერესო გახდება. „სილქ თაუერის” სახურავზე ვერტმფრენის დასაჯდომი მოედანი მოეწყობა და „ბათუმი რივიერა“ მის მცხოვრებლებს გოდერძისა და მესტიის სამთო-სათხილამურო კურორტების მიმართულებით ფრენებს შესთავაზებს.

6 ჰექტარ ფართობზე გადანაწილებული 6 კოშკი, რომელიც საერთაშორისო ბრენდების საცხოვრებელ ფართობებსა და სასტუმროებს მოიცავს, თანამედროვე ელემენტებისა და ურბანული მწვანე ლანდშაფტისგან შედგება. კომპანია „სილქ როუდ ჯგუფის“ გადაწყვეტილებთ, კომპლექსში შემავალი ყველა შენობის ფასადი და პოდიუმის სახურავები გამწვანდება. Chapman Taylor-ის სპეციალისტების ჩართულობით კი, გათვალისწინებული იქნა კოშკებს შორის მანძილის დაგეგმარება ისე, რომ  ძველ ქალაქსა და ბულვარს შორის სივრცე არ ჩაიკეტოს. აღსანიშნავია, რომ შენობებს შორის დაშორება 80-120 მეტრს შეადგენს.

ძველად ამ ტერიტორიაზე მდებარეობდა ბურუნთაბიეს ციხე-სიმაგრე. შემდგომში მის ნაცვლად საცხოვრებელი სახლები და გემთსარემონტო ქარხანა აშენდა. ასლან აბაშიძის მმართველობის პერიოდში არსებული ტერიტორიაზე მცხოვრებლები ალტერნატიული ფართობებით დააკმაყოფილეს, ხოლო გემთსარემონტო ქარხანა დაიშალა.

გათავისუფლებულ ტერიტორიაზე მულტიფუნქციური შენობის კარკასი აიგო, რომელიც ექსპლუატაციაში არ შესულა და ის ვარდების რევოლუციის შემდგომ დაინგრა. დღეს ეს ტერიტორია, რომელიც „სილქ როუდ ჯგუფმა“ გაამწვანა, არ არის განაშენიანებული. 2018 წელს, „სილქ როუდ ჯგუფმა“ აჭარის არქეოლოგიის ინსტიტუტთან ხელშეკრულება გააფორმა და ჩატარდა სამუშაოები, რომლის შედეგადაც ისტორიული შენობის კვალი არ აღმოჩნდა.

აღნიშნული მიწის „სილქ როუდის“ საკუთრებაში გადმოსვლის შემდეგ პერიოდში, მიმდებარე ტერიტორიაზე, აღიმართა ახალი თანამედროვე მაღლივი შენობები, მათ შორისაა: „პორტა ბათუმი“, „ტექნიკური უნივერსიტეტი“, „კემპინსკის“ დაუმთავრებელი მშენებლობა, ანბანის კოშკი და „რედისონ ბლუ“ ბათუმი. აქედან გამომდინარე, „ბათუმი რივიერას“ მშენებლობა ქალაქის ისტორიულ ნაწილს არანაირ საფრთხეს არ უქმნის. პირიქით, ის ქალაქის ძველ და ახალ ნაწილს ერთმანეთთან დააკავშირებს და მიმდებარე ტერიტორიას ახალ ფუნქციასაც კი შესძენს. აქვე აღვნიშნავთ, რომ „სილქ როუდ ჯგუფის“ პროექტი კანონთან შესაბამისობაშია. ის არ არის მაქსიმალურ ფართობზე ორიენტირებული.

ზოგადად, კომპანია ყოველთვის ცდილობს გარემოსთან მაქსიმალურად მორგებული პროექტების განვითარებას. ამის დასტურია „მწვანე კონცხის“ პროექტი, რომლის ფარგლებშიც მოთხოვნილი კ2 კოეფიციენტი სამჯერ ნაკლებია კანონით მინიჭებულ მაჩვენებელზე.

„სილქ როუდ ჯგუფი“ თავისი საქმიანობის მნიშვნელოვან ნაწილს ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვას უთმობს. ჯგუფის მთავარი და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი წინანდალის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის კომპლექსია. ფაქტობრივად, ეს არის პირველი პრეცედენტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის კერძო კომპანიისთვის იჯარით გადაცემისა, როდესაც ზედმიწევნით ზუსტად იქნა დაცული ძეგლის ინტერესები. წინანდალი თანამედროვე კულტურის უმნიშვნელოვანესი კერაა, რომელიც ითავსებს ისტორიულ მემკვიდრეობასა და კულტურის თანამედროვე სიახლეებს.

კომპანია პასუხისმგებელია კულტურული მემკვიდრეობის ისეთ გამორჩეულ უძრავ ძეგლებზე, როგორიც არის მელიქ აზარიანცის შენობა თბილისში და ბარატინკის, სიბირიაკოვის, რატიშვილების აგარაკები მახინჯაურსა და მწვანე კონცხზე. აღსანიშნავია ის, რომ აზარიანცის შენობაზე შედგა სარესტავრაციო დეტალური პროექტი და შენობის მძიმე ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ეტაპობრივად განხორციელდება სარესტავრაციო სამუშაოები. ასევე, კომპანიის ინიციატივით, რატიშვილების სასახლე, რომელსაც არანაირი სტატუსი არ ჰქონია, ამჟამად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად არის მიჩნეული.

„სილქ როუდ ჯგუფი“ იწყებს მუშაობას აჭარის რეგიონში ორი უმნიშვნელოვანესი ისტორიული შენობის აღდგენა-განახლებაზე, როგორიც არის ბარიანტინსკისა და თითქმის სრულად დანგრეული სიბირიაკოვის აგარაკები. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სწორედ კომპანიის ინიციატივით შეჩერდა ბარიანტინსკის მიმდებარედ კულტურული მემკვიდრეობის ინდივიდუალურ დამცავ ზონაში მაღალსართულიანი შენობის მშენებლობის პროექტი.

გარდა კულტურულ მემკვიდრეობისა, კომპანია ინიციატორია ქვეყნისთვის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტისა, როგორიც არის წინანდლის ფესტივალი, არაერთი მხატვრის გამოფენა, კონცერტი თუ სხვა.

დასასრულს, დავამატებთ, რომ პროექტი „ბათუმი რივიერა“ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ინვესტორისთვის, არამედ ბათუმისთვის, აჭარის რეგიონისა და მთლიანად საქართველოსთვის.

როგორ დავტოვოთ დაგროვებითი საპენსიო სქემა – მოკლედ

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დატოვების შესახებ განცხადების დაწერა ნებისმიერ პირს, ვისაც სქემის დატოვების უფლება აქვს, შეუძლია საპენსიო სააგენტოს ოფისში, რომლის მისამართია თბილისი, ყიფშიძის 7ბ.

განცხადების დაწერა ასევე შესაძლებელია სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალებში საქართველოს მასშტაბით, რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად.

მისამართების ნახვა შეგიძლიათ მოცემულ ბმულზე: https://ssa.gov.ge/index.php სამუშაო საათებია: 9-დან 18 საათამდე.

  • საპენსიო სქემის დატოვება შეუძლიათ იმ პირებს, რომლებიც 2018 წლის 6 აგვისტოს უკვე იყვნენ 40 წლის ან მეტის.
  • საპენსიო სააგენტოს განცხადებით, „მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ განცხადების დაწერა შესაძლებელია სქემაში ჩართვიდან სამი თვის შემდეგ. სამი თვის ათვლა კი იწყება იმ თარიღიდან, როდესაც ბუღალტერმა თქვენი პირველი საპენსიო შენატანი განახორციელა და დეკლარაცია დახურა“.

მაგალითად, დასაქმებული, რომელმაც 2019 წლის იანვარში აიღო იანვრის თვის ხელფასი, ბუღალტერი იანვრის თვის დეკლარაციას კანონმდებლობით ხურავს [აბარებს შემოსავლების სამსახურს] მომდევნო თვის, ანუ, თებერვლის 15 რიცხვამდე. შესაბამისად, დასაქმებული სქემაში ჩართულად ითვლება ვთქვათ, 10 თებერვლიდან, თუ დეკლარაცია ბუღალტერმა შემოსავლების სამსახურში გადააგზავნა 10 თებერვალს [ან ნებისმიერი რიცხვიდან, ვთქვათ 11 ან 15 თებერვლიდან, როცა ბუღალტერი აგზავნის დეკლარაციას].

ამიტომ იმ დასაქმებულისთვის სქემაში ჩართვის სამთვიანი პერიოდის ათვლა, რომლის ბუღალტერმაც 10 თებერვალს დახურა დეკლარაცია, იწყება 10 თებერვლიდან და მთავრდება 10 მაისს. ამიტომ, საპენსიო სააგენტოს განმარტებით, ამ დასაქმებულს განცხადების დაწერა სქემიდან გასვლაზე შეუძლია დაწეროს 2019 წლის 11 მაისიდან, მაგრამ აუცილებლად 11 ივლისამდე.

  • დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართვიდან სამი თვის შემდეგ განცხადების დასაწერად [სქემის დატოვების თაობაზე] გაქვთ მხოლოდ ორი თვე. თუ ამ ორი თვის განმავლობაში არ დატოვეთ სქემა, რჩებით დაგროვებითი საპენსიო სისტემის მონაწილედ და ამ სქემიდან ვეღარ გამოხვალთ.

განცხადების დაწერა შეუძლია მინდობილ პირს ნოტარიალურად დამოწმებული მინდობილობის საფუძველზეც.

  • საპენსიო სააგენტოს განცხადებით, საპენსიო სქემის დატოვების შემდეგ, დაგროვილი თანხა დაუბრუნდებათ შემომტანებს [სახელმწიფოს, დამსაქმებელს, დასაქმებულს].

დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართვისა და გასვლის თარიღი, საპენსიო სააგენტოს განცხადებით, შეგიძლიათ შეამოწმოთ ამავე  სააგენტოს ვებ-გვერდზე არსებულ თქვენს პირად პროფილზე. 

პირად პროფილზე შესასვლელად გჭირდებათ მომხმარებლის სახელი და პაროლი, რომელიც ბუღალტრისგან უნდა მიიღოთ. თუ ორი დამსაქმებელი გყავთ, პირად გვერდზე შესასვლელად დაგჭირდებათ ორი პაროლი.

თუმცა, სააგენტოს ვებ გვერდზე ეს მონაცემები ჯერ კიდევ მუშავდება. მაგალითად:

ამ მაგალითის შემთხვევაში საპენსიო სააგენტოს ვებ-გვერდზე მოქალაქის პირად პროფილზე მითითებულია მხოლოდ გაწევრიანების თარიღი, გასვლის პერიოდი კი არა. სააგენტოს განმარტებით თუ ვიხელმძღვანელებთ, აღნიშნული მოქალაქის სქემიდან გასვლის პერიოდი იქნება 17.05.2019 – 16.07.2019. მხოლოდ ამ პერიოდში შეეძლება ამ მოქალაქეს დაწეროს განცხადება სქემიდან გასვლაზე. ის ვერც 17 მაისამდე დაწერს განცხადებას გასვლაზე და ვერც 17 ივლისის შემდეგ.

ამ თემაზე: როგორ გადაიხდით საპენსიო შენატანს და რა გზით მიიღებთ წვდომას საკუთარ საპენსიო ანგარიშზე

დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასულ მოქალაქეს აქვს საშუალება ნებისმიერ დროს დაუბრუნდეს სქემას, თუმცა ასეთ შემთხვევაში მას სქემის დატოვების უფლება აღარ ექნება.

 

დასაქმება, ბინა და განათლება – რას სთავაზობენ ნორვეგიაში ყოფილ პატიმრებს [კვლევა]

ნორვეგიული ციხეები ერთ-ერთ ყველაზე ჰუმანურ საპატიმრო დაწესებულებად მიიჩნევა მსოფლიოში. აქვთ ყოფილ პატიმართა სარეაბილიტაციო პროგრამებისა და განაჩენის გამოტანის ეფექტური პრაქტიკა. პენიტენციური სისტემის გამართულობასა და ეფექტურობაზე მიუთითებს ის, რომ ნორვეგიაში განმეორებითი დანაშაულის ყველაზე მცირე მაჩვენებელია მსოფლიოში.

არასამთავრობო ორგანიზაცია „არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი“-ის (ASB) 2017 წლის კვლევაში „ყოფილ პატიმართა და პრობაციონერთა რეაბილიტაცია: საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა“ დაწვრილებითაა განხილული, თუ როგორ მუშაობს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო პენიტენციური სისტემა ნორვეგიაში.

სამართალდამრღვევს, რომელიც სასჯელს იხდის, აქვს ყველა ის უფლება, რაც ნორვეგიაში მცხოვრებ სხვა ადამიანს. სისტემა ცდილობს შექმნას ისეთი პირობები, რაც დაეხმარება სამართალდამრღვევებს, საკუთარი ინიციატივით შეცვალონ დანაშაულებრივი ქცევა და თავი აარიდონ განმეორებით დანაშაულს.

2016 წლის მონაცემებით, ნორვეგიაში 100 000 მოსახლეზე 74 პატიმარი მოდის.

ქვეყანაში ჯამში 43 სასჯელაღსრულების დაწესებულებაა. ნორვეგიაში არ არსებობს სპეციალური ციხეები წინასწარი დაკავებისათვის.

იმ პატიმართა 99 %, ვისაც ციხის დროებით დატოვების უფლება ეძლევა, დანიშნულ დროზე ბრუნდება საპატიმროში. ციხის სისტემაში 3600 ადამიანი მუშაობს. პერსონალს მიღებული აქვს ორწლიანი განათლება აკადემიაში, სადაც სწავლობენ ფსიქოლოგიას, კრიმინოლოგიას, სამართალს, ადამიანის უფლებებსა და ეთიკას. ყველა პატიმარს ენიშნება საკონტაქტო პირი – ოფიცერი, რომელიც პატიმრებს ეხმარება მესამე მხარესთან – სერვისის მიმწოდებლებთან ან პენიტენციურ სისტემასთან კონტაქტის დამყარებაში. ციხის პერსონალი ნორვეგიაში შეუიარაღებელია და მის 40 %-ს ქალები შეადგენენ.

 

რეაბილიტაცია და განაჩენის გამოტანის პრაქტიკა

 

რაც უფრო დახურულია სისტემა, მით რთულია რესოციალიზაცია – ამ დასკვნამდე მივიდა საბოლოოდ ნორვეგიაში პენიტენციური სისტემა. მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პირები გათავისუფლების მოახლოებისას ნაკლებად მკაცრი რეჟიმის ან სამკურნალო-სარეაბილიტაციო დაწესებულებაში გადადიან.

თუკი სასჯელი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, პირი შეიძლება მოთავსდეს მეტად ან ნაკლებად მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში. გარდა ამისა, შესაძლებელია სამართალდამრღვევმა სასჯელის ნაწილი ან მთელი სასჯელი მოიხადოს სამკურნალო ან სპეციალური დანიშნულების დაწესებულებაში. შესაძლებელია პირობით ვადამდე გათავისუფლება სასჯელის ორი მესამედის მოხდის შემდეგ, რაც მინიმუმ 74 დღეს უნდა შეადგენდეს. სამართალდამრღვევს მოუწევს რეგულარულად გამოცხადდეს პრობაციის ოფიცერთან, თავი შეიკავოს ალკოჰოლის მოხმარებისგან და დაიცვას სხვა განსაზღვრული სპეციალური პირობები.

თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადა, რასაც სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს, 30 წელია, სასჯელის საშუალო ხანგრძლივობა კი – 8 თვე. იმ სასჯელთა 60 %-ის ხანგრძლივობა, რომლებიც თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, 3 თვეს არ სცილდება, ხოლო 90 %-ისა ერთ წელზე ნაკლებია.

 

 რეაბილიტაციის სერვისების მოდელი

რეაბილიტაციისა და რეინტეგრაციისთვის გადამწყვეტ სერვისებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრებს გარედან აწვდიან ადგილობრივი და მუნიციპალური მიმწოდებლები. თავად სასჯელაღსრულების დაწესებულებებს არ ჰყავს პერსონალი, რომელიც პატიმრებს მიაწვდის ჯანდაცვის, განათლების, დასაქმებისა თუ ბიბლიოთეკის სერვისებს. ამ სერვისებს საზოგადოებისგან იღებენ პატიმრები, რასაც დადებითი შედეგი მოაქვს – სამართალდამრღვევი ციხეშივე ამყარებს კონტაქტს სერვისის მიმწოდებელთან, პენიტენციურ სისტემაში საზოგადოების ჩართულობა კი უზრუნველყოფს ციხისა და პატიმართა იმიჯის გაუმჯობესებას. სერვისები, რომლებსაც სახელმწიფო არ აფინანსებს, სხვა მხარეების მიერ ფინანსდება.

 

 რეინტეგრაციის გარანტია

                                         

ნორვეგიის მთავრობამ გადაწყვიტა, იმ პირებს, ვინც სასჯელი მოიხადა, მისცეს რეინტეგრაციის გარანტია. მათ გარანტირებულად ექნებათ დასაქმებისა და განათლების მიღების საშუალება, მოსახერხებელი საცხოვრისი, შემოსავალი, მიეწოდებათ ჯანდაცვისა და დამოკიდებულების [ნარკოტიკები, ალკოჰოლი] მკურნალობის სერვისები და ვალის მართვის კონსულტაცია.

__________

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

დაზიანდა თუ არა ივანიშვილის ხის გადატანის გამო გზა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 2 მილიონი დაიხარჯა

ქობულეთში, ალამბარი-ზენითის გზა, რომლის შეკეთებაში 2018 წელს აჭარის ბიუჯეტიდან 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯა, ზოგიერთ ადგილზე უკვე დაზიანებულია. ამ გზით გადაიტანეს სოფელ ზენითში ბიძინა ივანიშვილის დენდროპარკისთვის განკუთვნილი მრავალწლოვანი ხე. მოსახლეობის თქმით, ახალგაკეთებული გზა და რკინის მოაჯირი სწორედ გიგანტური ხის ტრანსპორტირებისას დაზიანდა; რკინის მოაჯირი კი ერთ ადგილზე მოხსნეს და სხვა ადგილზე, დაზიანებულის ნაცვლად დაამონტაჟეს.

აჭარის გზების დეპარტამენტის წარმომადგენელი გიგანტური ხის გადატანის გამო გზის დაზიანებას არც უარყოფს და არც ადასტურებს. გზის შემკეთებელი კომპანია კი, რომელსაც სხვა ტენდერებიც აქვს მოგებული, უარყოფს გზის დაზიანებას ხის ტრანსპორტირების გამო.

„დაზიანების შესახებ ვიცით. გაბიონი გადახრილია და ასფალტის საფარზეც არის დაზიანება. მაგრამ კომპანიას, რომელმაც გააკეთა ეს გზა, აქვს მისი მოვლა-შენახვის ვალდებულება სამი წლის განმავლობაში. ასე, რომ ეს პრობლემა არაა. კომპანიამ გაბიონთან დაკავშირებით იცის. ასფალტის რაღაც კუთხეა ჩამოტეხილი –  ამინდში გავლა, ამას უნდა აზომვა და იმის მიხედვით იქნება რეაგირება“, – გვითხრა ერეკლე კახიძემ, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ქობულეთის განყოფილების უფროსმა.

ალამბარი-ზენითის გზის შეკეთებაზე, აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტსა და ტენდერში გამარჯვებულ შპს „სამკუთხედს“ შორის ხელშეკრულება 2018 წლის 29 ივნისს გაფორმდა, ჯამური ღირებულებით [ანუ გადასახადების ჩათვლით] 1 943 999 ლარზე. ხელშეკრულებაში ცვლილება სამჯერ შევიდა და, შესაბამისად, დოკუმენტების მიხედვით, საბოლოოდ კომპანიას შესრულებული სამუშაოსთვის თანხა – 1 931 315 ლარი სრულად აუნაზღაურდა.

ხელშეკრულების მიხედვით, საგარანტიო ვადა 3 წელია [2021 წლის ჩათვლით], რომლის განმავლობაშიც კომპანიამ საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს დეფექტების აღმოფხვრა მიმართვიდან 30 დღეში.

უკავშირდება თუ არა გზის დაზიანება ბიძინა ივანიშვილისთვის სოფელ ზენითში მოთხრილი გიგანტური ხის ტრანსპორტირებას? – გზების დეპარტამენტის ქობულეთის განყოფილების უფროსი ამბობს, რომ მას ამის არც დადასტურება შეუძლია და არც უარყოფა.

„მაგ გზაზე ახლა  მოძრაობს მძიმე ტექნიკა და რაღაცამ გამოიწვია დაზიანება. კონკრეტული ფაქტის მომსწრე რომ ვყოფილიყავი, რაღაცას დაგიდასტურებდით. ვისი ბრალიც არ უნდა იყოს, კომპანიამ რა საფარიც მოაწყო, იმან უნდა გაუძლოს დატვირთვას. თუ უარყოფს კომპანია და იტყვის ჩემი ბრალი არ არისო, მაშინ უნდა დაიწყოს მოკვლევა, დამტკიცება… მაგრამ არ არის ისეთი საგანგაშო დაზიანებები“, – გვითხრა ერეკლე კახიანმა.

მისივე თქმით, არაგაბარიტული და მძიმეწონიანი ტვირთის აღნიშნულ გზაზე ტრანსპორტირება მის განყოფილებასთან შეთანხმებული არ ყოფილა: „ამიტომ ვერ გეტყვით იმ კომპანიას, რომელმაც ხე გადაიტანა. არაგაბარიტული ტვირთის გატანას შესაბამის უწყებებს შეათანხმებდა. ეს გზა გათვლილია ნებისმიერ ტვირთზე, რაც სოფელში გადაადგილდება, მაგრამ  ზუსტი წონის და გაბარიტების შესახებ ვერ გეტყვით. ახლა ხეების ტრანსპორტირების საკითხია, თორემ მაქ შეიძლება მშენებლობა ჰქონდეს ვინმეს და ტრაილერით გაიტან-გამოიტანოს ტვირთი, ყველაფერს ხომ არ შეათანხმებს“.

„ბათუმელები“ შპს „სამკუთხედის“ დირექტორს, ზაზა ჩხაიძეს დაუკავშირდა, რომელმაც ჩვენს ხელთ არსებული ფოტოების მისთვის გადაგზავნა გვთხოვა.

„ხის გადატანის მიზეზი ეს არ უნდა იყოს. არც რკინის მოაჯირები მოგვიხსნია და გადაგვიტანია სხვა ადგილზე. გაბიონს რაც შეეხება, მაქ მთიდან ნიაღვარი მოდის და შეიძლება სტიქია იყოს მიზეზი. საგანგაშო მდგომარეობას ვერ ვხედავ, აღვადგენთ. ასფალტის საფარიც არ მგონია დაზიანებული იყოს. ამ ფოტოების მიხედვით, რაც გადმომიგზავნეთ, მეტს ვერაფერს გეტყვით. გავალ ადგილზე და დავათვალიერებ… 3 წლის განმავლობაში მაქვს გზის მოვლის ვალდებულება“, – გვითხრა შპს „სამკუთხედის“ დირექტორმა ზაზა ჩხაიძემ.

შპს „სამკუთხედმა“ ბათუმში, „ჭაობის უბანში“ მდებარე ქუჩების რეაბილიტაციაზე გამოცხადებულ ტენდერშიც გაიმარჯვა. 7 068 657 ლარზე ხელშეკრულება კომპანიასთან ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ 2019 წლის 22 მარტს გააფორმა. ამ ხელშეკრულებით „სამკუთხედმა“ 19 ქუჩაზე სამუშაოები 2020 წლის 14 ივნისამდე უნდა დაასრულოს.

ეს ქუჩებია: ჰ. აბაშიძის, ლუკა ასათიანის, ვაჟა-ფშაველას, აჭარისწყლის შესახვევი, ბაგრატიონის ჩიხი, გონიოს, თ. გორგილაძის, ლადო ასათიანის ჩიხი, ლუკა ასათიანის შესახვევი, მ. ვარშანიძის შესახვევი, პ. მელიქიშვილის ჩიხი, ლ. გელაძის, პ. მელიქიშვილის მე-2 შესახვევი, ნ. გვარიშვილის, ს. ხიმშიაშვილის ქუჩის N109-113, ურეხის ქუჩა, ურეხის ჩიხი, დ. თავდადებულის შესახვევი და მ. ვარშანიძის 1-ლი შესახვევი.

„სამკუთხედმა“ უნდა მოაწყოს ქობულეთში მუხაესტატე-ბათნიძეების გზაზე ასფალტბეტონის საფარიც. აჭარის გზების დეპარტამენტსა და კომპანიას შორის ხელშეკრულება ღირებულებით – 368 688 ლარი, 2019 წლის 4 თებერვალს გაფორმდა.

სოფელ ზენითიდან ზენითი-ალამბარის გზით კიდევ რამდენიმე გიგანტური ხეა გადასატანი.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, „ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე საავტომობილო ტრანსპორტით არაგაბარიტული და ზენორმატიული ტვირთის გატარება დასაშვებია საპატრულო პოლიციასა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან შეთანხმებით [რეკომენდაციით]“.

რომელმა კომპანიამ გადაიტანა ხე, არც ქობულეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურში გვითხრეს: „ჩვენთან ტვირთის ტრანსპორტირებაზე შეთანხმება არ ყოფილა“.

საქართველოს კანონმდებლობით, „გზის ან საგზაო ნაგებობების დაზიანებისთვის, რომელიც გამოიწვია საგზაო მოძრაობის წესების და ამ წესის მოთხოვნების დაუცველობამ, პასუხისმგებლობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ეკისრებათ ტვირთის გადამტან ორგანიზაციას და ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლს“.

„ბათუმელები“ საპატრულო პოლიციას არ დაკავშირებია, ვინაიდან შსს-დან ტვირთის გატარების შეთანხმება-არშეთანხმებაზე [კვირიკეს კარიერის შემთხვევაში], ჩვენს კითხვებზე პასუხები მეთორმეტე დღეა არ მიგვიღია.

ასე გამოიყურება ალამბარი-ზენითის ახალშეკეთებული გზა დღეს:
სოფელ ზენითის გზაზე ასფალტის საფარი ბიძინა ივანიშვილის პარკში გადასატანი ხის ტრანსპორტირებისას დაზიანდა / მარტი, 2019
ალამბარი-ზენითის გზაზე გაბიონები 2018 წელს მოეწყო და უკვე დაზიანებულია / 28.03.2019
ალამბარი-ზენითის გზაზე, მოსახლეობის თქმით, ამ ადგილზე ლითონის მოაჯირი მოხსნეს და იქ გადაიტანეს სადაც მოაჯირი ივანიშვილის პარკში გადასატანი ხის ტრანსპორტირებისას დაზიანდა / 28.03.2019
ალამბარი-ზენითის გზა, რომლის გაკეთებაში [მათ შორის გაბიონების მოწყობაში] 2018 წელს 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯა აჭარის ბიუჯეტიდან / 27.03.2019

აჭარის ექვს საჯარო სკოლაში მანდატურები შევიდნენ

მანდატურის სამსახურის ინფორმაციით, აჭარის ექვს საჯარო სკოლაში მანდატურები შევიდნენ. დღეიდან მანდატურები იმუშავებენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ოთხ სკოლაში, კერძოდ: სალიბაურის, ჭარნალის, ახალსოფლის და ფერიის საჯარო სკოლებში. ასევე, მანდატური იმუშავებს ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ლეღვას საჯარო სკოლაში და დაბა ქედის საჯარო სკოლაში. ამ სკოლებში მანდატურები აქამდე არ იყვნენ.

როგორც მანდატურის სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, ზოგიერთ სკოლაში 2-2 მანდატური იმუშავებს, ზოგან კი – სამიც.

მანდატურის სამსახურის ინფორმაციით, აჭარის გარდა მანდატურები კახეთის, გურიის, სამეგრელოს, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სკოლებშიც დაემატა.

„მანდატურებმა უკვე დაიწყეს მუშაობა აღნიშნულ სკოლებში და აღჭურვილი არიან შესაბამისად“ – გვეუბნებიან მანდატურის სამსახურში.  მათი ინფორმაციით, მანდატურებმა გადამზადება გაიარეს ეფექტური კომუნიკაციისა და კონფლიქტების მართვის უნარებში და მოზარდის განვითარების ფსიქოლოგიური ასპექტებიც შეისწავლეს.

ამ დროისთვის მანდატურები 233 საჯარო სკოლაშია წარმოდგენილი.

____________________

მთავარი ფოტო: მანდატურების წარდგენა ლეღვას საჯარო სკოლაში. ფოტო: მანდატურის სამსახური FB

ქართული ხორბალი საქართველომ იუნესკოში წარადგინა

ქართული ხორბლის კულტურა (ხორბლის ენდემური სახეობების და ხალხური სელექციით მიღებული ჯიშები საქართველოში) სახელმწიფომ იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის „მსოფლიო გადაუდებელი დაცვის საჭიროების მქონე ნუსხაში“ წარადგინა.

იუნესკოში წარსადგენ შესაბამის განაცხადს ხელი დღეს, 28 მარტს მოაწერეს ხელი განათლების, მეცნიერების და კულტურის და  გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, „ქართული ხორბლის, როგორც გადაუდებელი დაცვის საჭიროების მქონე ელემენტის საერთაშორისო აღიარება მის გადასარჩენად ქვეყნის შიგნით სამთავრობო და არასამთავრობო ინსტიტუციების, დარგობრივი ექსპერტების, სამეცნიერო, საგანმანათლებლო დაწესებულებების, მეხორბლე ფერმერების, მეხორბლე ოჯახების ჰარმონიზებულ საქმიანობას უზრუნველყოფს“.

სქესობრივი განათლება სკოლაში სასულიერო პირების ჩართულობით – ჯაშის კომენტარი კილაძის ინიციატივაზე

საქართველოს პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ არ იცნობს ბავშვთა კოდექსში იმ ჩანაწერს, რომელიც მოზარდის სქესობრივ აღზრდას უკავშირდება და რომელზეც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი მუშაობს.

„აღნიშნულ ჩანაწერს მე არ ვიცნობ, როგორც კი დავბრუნდები პარლამენტში, მექნება კონსულტაცია სოფო კილაძესთან და ვეცდები ჩემი გამოცდილება, გაეროს ბავშვთა ფონდში მოღვაწეობის დროს, მათ შორის რეპროდუქციული ჯანმრთელობის განათლების თვალსაზრისით, გავუზიარო და შევჯერდეთ იმ მიდგომაზე, რომელიც იქნება როგორც საზოგადოებისთვის მისაღები, ასევე იქნება მნიშვნელოვანი და აუცილებელი ინფორმაცია ბავშვებისთვის შესაბამის კონტექსტში მისაწოდებელი“.

„ბათუმელების“ კითხვაზე, მისი აზრით, უნდა იყოს თუ არა მხოლოდ მშობლის სურვილზე დამოკიდებული, მიიღოს მოზარდმა სქესობრივი განათლება? მარიამ ჯაში ამბობს, რომ მშობლის ჩართულობა სასწავლო პროცესში არის მნიშვნელოვანი, „მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა გავეცნო საფუძვლებს, რის ბაზაზეც მოხდა შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. ალბათ არსებობს ისეთი სენსიტიური საკითხები, სადაც მშობელთა უფრო აქტიური ჩართულობა სასურველი იქნება. არ ვიცნობ დეტალებს, ამიტომ როცა გავეცნობი დამატებით კომენტარს შემდეგ გავაკეთებ“.

საქართველოს პარლამენტი აპირებს „ბავშვთა კოდექსში“ ჩანაწერის გაკეთებას, რომლის მიხედვით, მიიღოს თუ არა მოზარდმა სქესობრივი განათლება, ამის გადაწყვეტილებას მშობელი იღებს.

გუშინ, 27 მარტს, ამის შესახებ განცხადება გააკეთა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ კომიტეტის სხდომაზე „ბავშვთა კოდექსზე“ საუბრის დროს.

მან თქვა, რომ „სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები დასაშვები იქნება მხოლოდ და მხოლოდ მშობლის თანხმობით“.

ასევე, თუ ოჯახი მოითხოვს კონკრეტულ კრიზისულ შემთხვევებში მართლმადიდებელ ეკლესიას და სხვა კონფესიებს (ვისაც მოითხოვს ოჯახი), „უფლება ექნებათ, ჩაერთონ და კონსულტაციები გაიარონ ამ კონკრეტულ საკითხთან მიმართებით”.

არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან კრიტიკული გამოხმაურების შემდეგ, აღნიშნულ კომიტეტში განმარტეს, რომ სოფო კილაძე საუბრობდა სასულიერო პირების ჩართვაზე სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან დაკავშირებით, რამაც კიდევ უფრო მეტი კითხვები გააჩინა.

როგორც მარიამ ჯაში ამბობს, ბავშვთა კოდექსთან დაკავშირებით, განათლების კომიტეტს არ უმსჯელია.

ბათუმელი ექიმი მეთერთმეტედ გახდა საქართველოს ჩემპიონი მკლავჭიდში

29 წლის ბათუმელი ექიმი, ორთოპედ-ტრავმატოლოგი დარინა ცეცხლაძე მკლავჭიდში საქართველოს ჩემპიონი მეთერთმეტედ გახდა.

2019 წლის 20-24 მარტს გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე მკლავჭიდში დარინამ ტრავმების მიუხედავად იასპარეზა და აბსოლუტურ წონაში გახდა ჩემპიონი.

„ტრავმები მქონდა ვარჯიშის და გადატვირთული გრაფიკის გამო. ექიმი ვარ, ძალიან დატვირთული რეჟიმი მქონდა, იმდენს ვერ ვვარჯიშობდი, რამდენიც საჭირო იყო, რაც სამ-ოთხ თვეში იყო გასაკეთებელი, მინდოდა ერთ თვეში მიმეღწია და ამან გამოიწვია ტრავმები“, – გვითხრა დარინამ.

დარინა მკლავჭიდით უნივერსიტეტში სწავლის დროს დაინტერესდა, პირველად საქართველოს ჩემპიონი 2009 წელს გახდა და იქედან მოყოლებული დღემდე ეს ტიტული არ დაუთმია.

„თავის დროზე უნივერსიტეტში ჩატარდა შეჯიბრი, თვითმმართველობის სახელით მივიღე მონაწილეობა და ჩემპიონი გავხდი. დღევანდელი ჩემი ტრენერი უყურებდა შეჯიბრს, მოვეწონე და მითხრა, რომ ერთ კვირაში უნდა წავსულიყავით საქართველოს ჩემპიონატზე. პირველად ოთხი ოქრო ჩამოვიტანე მარჯვენა-მარცხენაში გამოვდიოდი, 60 კგ.წონით კატეგორიაში და აბსოლუტურ წონაში. მას შემდეგ სპორტის ამ სახეობის მიმართ ინტერესი არ გამნელებია. მეუღლეც მიწყობს ხელს“, – გვითხრა დარინამ.

2014-2016 წლებში დარინა უკრაინაში სწავლობდა და სწავლის პარალელურად საერთაშორისო ტურნირებშიც მონაწილეობდა, სადაც ხუთი ოქრის მედალი მოიპოვა.

დარინა ამჟამად ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში მუშაობს, მისი კოლეგებისთვის ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ იგი საქართველოს ჩემპიონია მკლავჭიდში.

_______

მთავარ ფოტოზე: დარინა ცეცხლაძე, ფოტო FB

10 შეკითხვა USAID-ის მისიის დირექტორს საქართველოში – ინტერვიუ

რა მიმართულებებია პრიორიტეტული USAID-ისათვის (ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო) საქართველოში, როგორ მონაწილეობს USAID-ი ანაკლიის პროექტში, რა ეტაპზეა სასამართლო რეფორმა, რა არის მთავარი გამოწვევა დღეს ქართული მედიისა და არასამთავრობო სექტორისთვის – ამ და სხვა თემებზე „ბათუმელები“ გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს USAID-ის საქართველოს მისიის დირექტორთან, პიტერ ვიბლერთან.

  • რა სფეროებია ამჟამად პრიორიტეტული USAID-ისთვის საქართველოში  და რა საქმიანობას ახორციელებთ ამ პრიორიტეტების ხელშესაწყობად?

ფართოდ თუ შევხედავთ, USAID-ს დღეს აქვს ორი მთავარი პრიორიტეტი – ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის  და დემოკრატიისა და მმართველობის ხელშეწყობა. დემოკრატიისა და მმართველობის კონტექსტში ჩვენ ხელს ვუწყობთ მარგინალიზებული ადამიანების ჩართულობას და, ზოგადად, სოციალურ განვითარებას. ჩვენი ხედვით, ეს ორი პრიორიტეტი საკვანძოა საქართველოსთვის, რომელსაც ევროკავშირის წევრობა და დასავლეთთან მჭიდრო ინტეგრაცია სურს.

ჩვენი უმთავრესი მიზანია, საქართველო ყოველმხრივ დაუახლოვდეს ევროპას, როგორც ეკონომიკურად, ისე მმართველობის თვალსაზრისით. ასევე ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ საქართველოს, თვითონ დაგეგმოს და წარმართოს საკუთარი განვითარების პროცესი. ყველა აქტივობა, რომელსაც მხარს ვუჭერთ ამ ქვეყანაში, სწორედ მისი პოტენციალის გაძლიერებას ემსახურება.

  • სასამართლო რეფორმის ფარგლებში როგორ უწყობს USAID ხელს სასამართლოს გაძლიერებას?

ჩვენი სტრატეგიაა სასამართლო სისტემის ორივე მხარესთან მუშაობა – საზოგადოებასთან, რომელსაც სასამართლო სჭირდება და სასამართლოსთან, რომლის დამკვეთიც საზოგადოებაა. მოსამართლეებს ვაცნობთ ევროპულ და ამერიკულ პრაქტიკას, იქაურ პროცედურებს; ვეხმარებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და იუსტიციის უმაღლეს სკოლასაც. ერთი სიტყვით, ჩვენი მხარდაჭერა აქვს სასამართლო ხელისუფლებას, რომელიც ახორციელებს მართლმსაჯულებას ამ ქვეყანაში და სამოქალაქო საზოგადოებასაც, რომელიც სასამართლო სისტემის რეფორმაზე სხვადასხვა ფორმით მუშაობს. ეს ორი მიმართულება ერთობლიობაში ქმნის პროგრამას, რომელიც ხელს უწყობს სასამართლო რეფორმას და, ამავე დროს, მოიცავს როგორც სამოქალაქო საზოგადოებას და სასამართლო სისტემის მიღმა არსებულ ჯგუფებს, რომლებიც რეფორმების ადვოკატირებას ეწევიან, ასევე იმ ჯგუფებს, რომლებიც თავად ახორციელებენ ამ რეფორმებს.

  • ბოლო თვეებია, საქართველოში აქტიურად განიხილება სასამართლო რეფორმა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში, მოხსენიებულია სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები. როგორ ხედავთ თქვენი მხარდაჭერის შედეგს სასამართლო სისტემაში?

სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების შესახებ იმ კვლევისა და ანალიზის საფუძველზე მზადდება, რომელიც ტარდება როგორც საქართველოში, ჩვენს საელჩოში, ისე ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტში. სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ იმით, თუ როგორი საზოგადოებრივი დისკუსია გამოიწვია ამ ანგარიშმა. ვნახე მოსამართლეების, მთავრობის წევრების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების განსხვავებული რეაქციები. ეს კარგია, აშკარაა, რომ მიმდინარეობს დემოკრატიული დისკუსია და ეს პოზიტიური რამაა, მიუხედავად იმისა, თუ რას ფიქრობენ კონკრეტული ადამიანები ანგარიშში მოყვანილ ფაქტებსა და ანალიზზე.

რაც შეეხება ჩვენი პროგრამების შედეგებს – ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ბატონი უილსონი, საელჩოს სხვა თანამშრომლები, პირადად მეც, საჯაროდ აღვნიშნავთ, რომ საქართველოს სასამართლო სისტემის რეფორმაში უდავო პროგრესია, თუმცა ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ზოგადად, სასამართლო რეფორმა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან ერთად მის ეკონომიკაზეც აისახება, რადგან დამოუკიდებელი სასამართლო ინვესტორისთვის კაპიტალის უსაფრთხოდ დაბანდებას ნიშნავს. საქართველო ინვესტირებისა და ბიზნესის განვითარების მიმზიდველი და უსაფრთხო ადგილი უნდა იყოს ინვესტორისთვის, სულერთია, ქართველი იქნება ის თუ უცხოელი. ამგვარი შედეგის მისაღწევად, როგორც უკვე აღვნიშნე, ჯერ კიდევ ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან მთავრობასა და პარლამენტში, რომ სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა რაც შეიძლება სწრაფად წავიდეს წინ. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ საქმე არა მხოლოდ სწრაფად, არამედ სწორადაც გაკეთდეს. ჩვენ მრავალმხრივი მხარდაჭერა აღმოვუჩინეთ პარლამენტს და ჩვენს პარტნიორებს ამ მიმართულებით და ამ მხარდაჭერას მომავალშიც გავაგრძელებთ.

10 შეკითხვა USAID-ის მისიის დირექტორს საქართველოში – ინტერვიუ

  • ადრე სასამართლო რეფორმაზე ელიტა მსჯელობდა, ახლა განხილვებში საზოგადოება მეტად ჩაერთო. საზოგადოება შიშობს, რომ ერთი გავლენიანი ჯგუფის ხელში აღმოჩნდება სასამართლო სისტემა. რაში ხედავს გამოსავალს USAID, როგორ შეიძლება გაძლიერდეს სასამართლო სისტემა?

ჩვენ რეფორმების ხელშეწყობა, ცხადია, ახლა არ დაგვიწყია, ბოლო ათი წელია, ვეხმარებით საქართველოს, თვითონ შეძლოს მართლმსაჯულების ეფექტიანად განხორციელება და მიაღწიოს შედეგს. აქტიურად ვთანამშრომლობთ პარტნიორებთან საქართველოს პარლამენტში, მთავრობაში, ვმუშაობთ საერთაშორისო პარტნიორებთანაც, მათ შორის ევროპის საბჭოსთან და ევროკავშირთან. ელჩი უილსონი ხშირად ესაუბრება სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს, რათა  საქმე სწრაფად წავიდეს წინ. ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ ისეთ საკითხებზე, რომლებიც პრიორიტეტულად მიგვაჩნია და რომლებიც ასე შეიძლება შევაჯამოთ:  წარდგენისა და შერჩევის პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე, შეძლებისდაგვარად ღია და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი; კანდიდატები და უზენაეს სასამართლოში წარდგენილი პირები უნდა შეირჩნენ კარგად განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე, ეს კრიტერიუმები კი უზენაესი სასამართლოს მოსამართლისთვის საჭირო კვალიფიკაციას უნდა მოითხოვდეს. შერჩევის კრიტერიუმებში ისიც უნდა აისახოს, რომ ადამიანები სასამართლო სისტემაში სხვადასხვა გზით შეიძლება მოხვდნენ, ასეთი მიდგომა ევროპულ პრაქტიკაში მიღებულია, ვგულისხმობ იმას, რომ იმისთვის, რომ გახდე კარგი მოსამართლე, არ არის აუცილებელი უკვე გქონდეს მოსამართლეობის გამოცდილება.

  • როგორ აფასებს USAID საქართველოში მდგომარეობას ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, თუ ადევნებთ თვალს ისეთ საქმეებს, როგორიცაა აფგან მუხთარლის, ვიტალი საფაროვის საქმეები?

რა თქმა უნდა, თვალყურს ვადევნებთ იმას, რაც ხდება. ამერიკის საელჩომ, რომლის ნაწილიც არის USAID, უკვე გააკეთა კომენტარი ამ კონკრეტულ საქმეებზე და მე ამაზე  აღარ ვისაუბრებ. USAID მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობაში არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ჩვენ ამაზე ვმუშაობდით ყველა მისიაში, სადაც კი მე მიმსახურია. პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში მხარს ვუჭერთ სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებს, ჟურნალისტებს, თავისუფალ მედიაზე ხელმისაწვდომობას, სიტყვის თავისუფლებას, რელიგიის თავისუფლებას, ტოლერანტობას უმცირესობების და მარგინალიზებული ხალხის მიმართ. ამ  ყველაფერს ვაკეთებთ ადამიანის უფლებების მხარდასაჭერად. მე ვამაყობ იმ სამუშაოთი, რაც საქართველოში გავწიეთ, როგორც ტოლერანტობის ხელშეწყობის კუთხით, ასევე ადამიანის უფლებების  დამცველთა მხარდაჭერით. ეს არიან ადამიანები, რომლებიც აქ საქართველოში უშიშრად იცავენ სხვა ადამიანების უფლებებს. მათ შორისაა “ ბათუმელებიც”.

  • ანაკლიის პროექტზე მინდა გკითხოთ – როგორ მონაწილეობს USAID ანაკლიის პროექტში? TBC ბანკის ირგვლივ მიმდინარე პროცესები რა გავლენს იქონიებს ამ პროექტზე?

რამდენიმე კვირის წინ ვიყავი ანაკლიაში, სადაც ღონისძიება გვქონდა ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ერთად. მაშინ ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ USAID ამაყობს ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან პარტნიორობით. USAID არ მონაწილეობს პორტის მშენებლობაში, ჩვენ არ ვართ ინვესტორები, ჩვენი მიზანია ანაკლიის მიმდებარე დასახლებების ეკონომიკური თვითგანვითარებისა და ზრდის მხარდაჭერა. ეს დასახლებები საკმაოდ მარგინალიზებულია, ისინი  ხომ აფხაზეთთან ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარეობენ. აქ მოსახლეობის დიდი ნაწილი საკმაოდ ხელმოკლედ ცხოვრობს. მათ ნამდვილად სჭირდებათ ყურადღება და ეკონომიკური შესაძლებლობები.

ჩვენი პროექტი „ზრდა“, ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან თანამშრომლობით, ანაკლიის მიმდებარე დასახლებებს სთავაზობს ტრენინგებს და საგრანტო შესაძლებლობებს, რითაც ხელს ვუწყობთ ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც თავის მხრივ, დაეხმარება ანაკლიის პორტის მუშაობას მისი აშენების შემდეგ. რაც შეეხება TBC ბანკის თემას, როგორც ანაკლიაშიც აღვნიშნე და როგორც ელჩმა უილსონმაც თქვა, მსოფლიო აკვირდება, თუ როგორ მოიქცევა ამ შემთხვევაში საქართველო. ამას აკვირდებიან არა მხოლოდ სხვა ქვეყნების მთავრობები, არამედ ბიზნესები, საერთაშორისო ბანკები და ინვესტორები. ინვესტორებმა თავი უსაფრთხოდ უნდა იგრძნონ და უნდა ჰქონდეთ სისტემის ნდობა. თუ ისინი ჩადებენ ფულს რომელიმე ქვეყანაში ან ეკონომიკურ პროექტში, უნდა იცოდნენ, როგორ დაიცვან საკუთარი ინვესტიცია და როგორ მიიღონ შესაბამისი სამართლებრივი ზომები თუკი საქმე ცუდად წავა. ეს ყველაფერი ასე სწორხაზოვანია. ამ შემთხვევაში, მთელი რიგი ნიშნები გამოჩნდა, რამაც კითხვები აღძრა პოტენციურ ინვესტორებში. უნდა გვახსოვდეს, რომ მნიშვნელოვანია როგორც უცხოური ინვესტიციები, ასევე ადგილობრივი ბიზნესის განვითარება, რადგან სწორედ ინვესტიციები ქმნის სამუშაო ადგილებს და ხელს უწყობს ეკონომიურ განვითარებას, ეს კი საქართველოში ყველას სურს.

  • ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესს წარუდგინა ახალი წლის ბიუჯეტი, რომელშიც USAID-ისთვის დაფინანსების შემცირებას სთავაზობს. ელით თუ არა რომ თქვენი ბიუჯეტი შემცირდება და, თუკი შემცირდება, როგორ ასახება ეს საქართველოზე?

თბილისში ჩამოსვლამდე, USAID-ის საბიუჯეტო ოფისის დირექტორის მოვალეობას ვასრულებდი, ასე რომ, ამ კითხვის პასუხი კარგად ვიცი. ამერიკის შეერთებულ შტატებში ბიუჯეტის სისტემა ასე მუშაობს – თეთრი სახლი ან ადმინისტრაცია კონგრესს სთავაზობს ბიუჯეტს  და კონგრესი განიხილავს მას. პრეზიდენტმა ტრამპმა, როგორც აღმასრულებელი შტოს ხელმძღვანელმა, კონგრესს გადასცა საკუთარი ხედვა. უკვე მესამე წელია, თეთრი სახლი კონგრესს სახელმწიფო დეპარტამენტის და USAID-ის ბიუჯეტის შემცირებას და პრეზიდენტისთვის პრიორიტეტული სფეროების დაფინანსების გაზრდას სთავაზობს. პრეზიდენტის ვადის პირველი ორი წლის განმავლობაში, კონგრესი არ დათანხმდა შემცირებას და შეინარჩუნა დაფინანსების ადრინდელი დონე სახელმწიფო დეპარტამენტისა და USAID-ისთვის მთელ მსოფლიოში.

ბოლო ბიუჯეტში დახმარების პროგრამებისთვის საქართველოს დაფინანსება კონგრესმა გაზარდა კიდეც. ეს ასახავს ამერიკის კონგრესის მხარდაჭერას საქართველოს  და მისი დემოკრატიული რეფორმების მიმართ. ყურადღება ექცევა იმასაც, რომ საქართველო რთულ და სახიფათო სამეზობლოში მდებარეობს. კონგრესი შეაფასებს 2019 წლის ბიუჯეტს და ვნახავთ თუ რა დაფინანსდება. როგორც უკვე მოგახსენეთ, ბოლო ორი წლის განმავლობაში კონგრესმა თეთრი სახლის წინადადებას ბიუჯეტის შემცირების შესახებ მხარი არ დაუჭირა.

  • USAID საქართველოში დიდი ხანია მხარს უჭერს მედიას, როგორ უწყობთ ხელს მედიას საქართველოში ამჟამად და, თქვენი აზრით, რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა მედიისთვის?

ჩვენ ახლა მხარს ვუჭერთ რეგიონულ მედიას საქართველოში და ამას  ჩვენი  შესანიშნავი პარტნიორის მეშვეობით ვაკეთებთ, ჩვენ ადგილობრივ მედია საშუალებებს, იქნება ეს ონლაინმედია თუ რადიო, ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ ტექნიკურ დახმარებას და, ზოგიერთ შემთხვევაში, საგრანტო მხარდაჭერას ან მატერიალურ დახმარებას ვაწვდით, რათა მათ გააფართოვონ აუდიტორია, გაძლიერდნენ და წვლილი შეიტანონ ინფორმაციის თავისუფალ მიმოცვლაში. დამოუკიდებელი მედია სასიცოცხლო როლს თამაშობს ნებისმიერ დემოკრატიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში იქნება ეს, ევროკავშირში თუ აქ, საქართველოში. დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერა არის ჩვენი სტრატეგიის საკვანძო ნაწილი.

საქართველოში ყველაზე დიდი გამოწვევა მედიისთვის ისაა, რომ აქ პოლარიზებული სისტემაა, ასეთ გარემოში კი ორგანიზაციების ობიექტურობის ხარისხი იკლებს და მათ სულ უფრო მეტად უძნელდებათ დამოუკიდებლობის შენარჩუნება. მეორე გამოწვევა უფრო გლობალური ხასიათისაა. მედია ინდუსტრია ძალზე დინამიური ინდუსტრიაა, ხდება მედია კომპანიების კონსოლიდაცია გლობალურ დონეზე, მცირე მედია საშუალებებს კი სულ უფრო და უფრო უჭირთ შემოსავლების მოზიდვა და თვითკმარ ორგანიზაციებად ჩამოყალიბება.

  • USAID-ის შეფასებით, რა მიმართულებით სჭირდება გაძლიერება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს?

ეს საკითხი ძალიან ახლოსაა ჩემს გულთან. მე ბევრ ქვეყანაში ბევრი მიმუშავია სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაზე. პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა, ვისაც კი შევხვდი და ვისთანაც კი ვიმუშავე იმ მოკლე დროში, რაც საქართველოში ვარ. მთელ რიგ ორგანიზაციებს დედაქალაქში, ვისთანაც USAID მჭიდროდ თანამშრომლობს, აქვთ გამორჩეული ტექნიკური ცოდნა, ჰყავთ მაღალკვალიფიციური თანამშრომლები, ინსტიტუციურადაც საკმაოდ ძლიერები არიან. ძალიან მინდა, რომ მსგავსი ორგანიზაციები მრავლად იყოს ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისსა და მთელ საქართველოში.

მეორე რაც ამ ქვეყანას სჭირდება, არის ის, რომ უფრო მეტმა ორგანიზაციამ იმუშაოს ერთად. თუმცა არა მხოლოდ მედია, სამოქალაქო საზოგადოებაც კი პოლარიზებულია. კარგი იქნება თუ გვექნება მეტი ქსელი, კოალიცია, ფორუმი, სადაც ერთმანეთისგან განსხვავებული ორგანიზაციები ერთად იმუშავებენ საერთო საზრუნავზე და საერთო მიზნისთვის, აი, თუნდაც ბათუმში რომ გაერთიანებულიყვნენ კულტურული სივრცეების დასაცავად. ამის მაგალითია კოალიცია მართლმსაჯულების რეფორმისთვის.

და მესამე – საქართველოში უნდა განვითარდეს ადგილობრივი ქველმოქმედება. ქვეყანაში არიან შეძლებული ადამიანები და ძლიერი კომპანიები. კარგი იქნება, თუ ისინი მხარს დაუჭერენ  სამოქალაქო მიზნების მისაღწევად აუცილებელ აქტივობებს.

  • თქვენ თუ ხედავთ პრობლემას იმაში, რომ მთავრობა აკრიტიკებს არასამთავრობო ორგანიზაციებს? ცოტა ხნის წინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ის ფაქტები მოხვდა, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეაგროვეს. ის, რომ ეს ფაქტები სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა, ნიშნავს თუ არა იმას, რომ ისინი, უბრალოდ, ფაქტები კი არ არის, არამედ მინიშნებაა სისტემურ პრობლემაზე?

სახელმწიფო დეპატამენტის ანგარიშზე ადამიანის უფლებების შესახებ ისაუბრებენ სახელმწიფო დეპარტამენტი და ჩემი კოლეგები ამერიკის საელჩოდან. USAID-ის პარტნიორია საქართველოს მთავრობა, ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოს სასამართლო სისტემასთან, პარლამენტთან, მთელ რიგ სამინისტროებთან, მათ შორის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, ეკონომიკის სამინისტროსთან, ფინანსთა სამინისტროსთან, იუსტიციის სამინისტროსთან. ჩვენ პარტნიორები ვართ, ძლიერი პარტნიორები და ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება.

ჩვენ აგრეთვე ვართ სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორები, იმიტომ, რომ გვჯერა, რომ სამოქალაქო საზოგადოება, დამოუკიდებელი ინსტუტუტები, როგორებიცაა არასამთავრობო ორგანიზაციები, საგამოძიებო ჟურნალისტიკა, ზოგადად, თავისუფალი მედია, სასიცოცხლო და არსებით როლს თამაშობენ დემოკრატიის განვითარებაში.

რაც შეეხება კრიტიკას, ის ორმხრივია, სამოქალაქო საზოგადოება აკრიტიკებს ლიდერებს პარლამენტსა და მთავრობაში, ხოლო მთავრობა აკრიტიკებს სამოქალაქო საზოგადოებას. მთავარია, კრიტიკა იყოს კონსტრუქციული და პროფესიონალური. ასეთი კრიტიკა მისაღებია. ვიმედოვნებთ, რომ არცერთი მხარე არ გადაკვეთს ზღვარს და არ მიაწებებს ერთმანეთს დაუმსახურებელ იარლიყებს, არ გამოიყენებს ისეთ რიტორიკას როგორიც ვნახეთ საპრეზიდენტო არჩევნებზე და ზოგიერთ სხვა სიტუაციაში.

აქ საკვანძო სიტყვაა “კონსტრუქციული“. კონსტრუქციული კრიტიკა არის დემოკრატიული ცხოვრების ჯანსაღი ნაწილი. ორგანიზაციებს, რომლებიც დამოუკიდებლები არიან, უნდა ჰქონდეთ უფლება, აკრიტიკონ მთავრობა თუკი მიიჩნევენ, რომ ის, რასაც მთავრობა აკეთებს არ შედის საზოგადოების ინტერესებში, ზუსტად ისევე, როგორც მთავრობას აქვს უფლება და ვალდებულება, გააკეთოს ის რის გასაკეთებლადაც აირჩიეს. USAID-ში იმედი გვაქვს, რომ კრიტიკა იქნება კონსტრუქციული.

 

USAID-ის საქართველოს მისიის დირექტორის, პიტერ ვიბლერის შესახებ: პიტერ ვიბლერი USAID-ის საქართველოს მისიის დირექტორი გახდა 2018 წლის ივლისში. სანამ საქართველოში შეუდგებოდა საქმიანობას, პიტერ ვიბლერი იყო USAID-ის ვაშინგტონის ოფისში ბიუჯეტისა და რესურსების მართვის ოფისის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.

პიტერ ვიბლერი, საგარეო საქმეთა სამსახურის უფროსი მოხელეა. მას დიდი გამოცდილება აქვს დემოკრატიის განვითარების სფეროში. სანამ ამჟამინდელ თანამდებობაზე დაიწყებდა მუშაობას, ის ხელმძღვანელობდა დემოკრატიის და მმართველობის მიმართულებას USAID-ის სხვადასხვა მისიაში. პიტერ ვიბლერი მუშაობდა ავღანეთში, დასავლეთ სანაპიროზე/ღაზას სექტორში, სერბეთში, უკრაინაში, ბელარუსსა და მოლდოვაში.

სანამ USAID-ს შეუერთდებოდა 2002 წელს, ის 7 წლის განმავლობაში უძღვებოდა ფრიდომ ჰაუსის ბუდაპეშტის რეგიონულ ოფისს.

პიტერ ვიბლერი ფლობს გერმანულ, რუსულ და სერბულ ენებს.

„ძველი ბათუმი საფრთხეშია“ – ბათუმში პრემიერსა და პრეზიდენტს პროკლამაციები გადააყარეს

დღეს, 27 მარტს, ბათუმის დრამატული თეატრის რეაბილიტირებული შენობის გახსნაზე მოსულ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძესა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს სპექტაკლის დასრულების შემდეგ პროკლამაციები გადააყარეს.

„ამხანაგებო! ძველი ბათუმი საფრთხეშია! ვერაგი მთავრობა თავისი ცემენტიანი ხელებით ეპოტინება ბათუმს, მაგრამ ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს ქალაქს! ქუდზე კაცი და კოლგოტზე ქალი ძველი ბათუმის დასაცავად“ – ეწერა პროკლამაციაში.

პროკლამაცია

აქცია-პერფორმანსის ავტორი ბათუმელი სტუდენტი, სამოქალაქო აქტივისტი მარი მუთიძეა.

„პროტესტი მიზანი იყო, რომ კიდევ ერთხელ მიგვეტანა მთავრობამდე ის პრობლემა, რაც ჩვენს ქალაქში ძალიან მნიშვნელოვანია“ – ამბობს მარი.

სპექტაკლის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ამ თემაზე კომენტარი გააკეთა მარიამ ჯაშმა, საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ.

„ჩვენ ვიხილეთ ძალიან საინტერესო საპროტესტო აქცია სპექტაკლის დასრულების შემდეგ და მე ვფიქრობ, ბათუმი აგრძელებს ინოვაციურ მიდგომებს. სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით არის აუცილებლად გასათვალისწინებელი ჩვენი საზოგადოების თითოეული წევრის მოსაზრება“ – განაცხადა მან.

ამავე თემაზე: 

ვინ და რატომ იცავს ბათუმს

 

დააგემოვნეთ „ბათუმარანში” ბორანო და სხვა აჭარული კერძები პირველი ივნისიდან

ადუღებულ კარაქში ჩამდნარ ყველს ცხელი მჭადის კვერებთან ერთად მიირთმევენ. დარბილებული ყველი და ცხელი კარაქი ერთგვაროვან მასად იქცევა და ნაზად იწელება.

ეს აჭარაში განთქმული, სტუმრიანობისა და ოჯახური სადილების პირველი კერძია – ბორანო. მისი მომზადების წესსა და ტრადიციას ცოტა ხნის წინ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ამ კერძის მომზადების ავთენტურ რეცეპტს „ბათუმარანის“ დახელოვნებული მზარეული გვთავაზობს:

მასალად საჭიროა მთის დაწნული, უცხიმო აჭარული ყველი და კარაქი, იგივე იაღი, როგორც მას აჭარაში უწოდებენ.

ყველი აუცილებლად ცხიმმოხდილი უნდა იყოს, ბორანოსთვის იდეალურია ცოტათი დაძველებული, ნაკლებმარილიანი ყველი, თუმცა სიძველისგან სიმწარე არ უნდა ეპარებოდეს. კარაქი ნაღების სჯობს. როგორც მზარეული გვეუბნება, საუკეთესოა გაზაფხულზე ახალდამზადებული, კაიმაღისგან (ნაღებისგან) მიღებული „შერეკილი“ კარაქი.

ბორანოს მოსამზადებლად სულ რაღაც 10 წუთია საჭირო. დაწნულ ყველს ვჭრით და ვათავსებთ ემალის, სპილენძის ან მინის ცეცხლგამძლე ჭურჭელში. ვასხამთ მდუღარე წყალს, ცოტა ხნით ვაჩერებთ და გადავწურავთ. იმავეს ვიმეორებთ ორჯერ ან სამჯერ, იმის მიხედვით, თუ რამდენად მარილიანია ყველი.

ცეცხლზე ვადნობთ კარაქს მანამ, სანამ არ წამოდუღდება და მუქ ოქროსფერს არ მიიღებს. მნიშვნელოვანია, რომ კარაქი არ გაშავდეს და ზედმეტად არ დაიწვას, ასეთ შემთხვევაში ბორანო გამწარდება. ადუღებულ კარაქს ვასხამთ დარბილებულ ყველს და ცხლად მიგვაქვს სუფრასთან. ბორანო ასევე ცხლად უნდა მიირთვათ მჭადთან ერთად. ეს აუცილებელი პირობაა, რადგან ცხელ კარაქში ყველი უნდა დნებოდეს და იწელებოდეს.

ნამდვილი ბორანოს დასაგემოვნებლად თუ აჭარის მთებში წასვლას ვერ ახერხებთ, მთიდან ჩამოტანილი პროდუქტებით მომზადებულ ამ უგემრიელეს კერძს „ბათუმარანში“ დააგემოვნებთ.

ყველა ინგრედიენტი, რაც აჭარული კერძებისთვისაა საჭირო, საგანგებოდ ირჩევა მთაში და „ბათუმარანის“ სამზარეულოში უგემრიელეს არომატებად იქცევა.

გასინჯეთ ბორანო „ბათუმარანში“, რესტორანში, სადაც პირველი ივნისიდან მრავალფეროვანი აჭარული სამზარეულოს კერძებს დააგემოვნებთ.

 


ვიდეოში გამოყენებულია VIP – GEORGIA -ს სარესტორნო ჭურჭელი. მის.: ბათუმი, დ. თავდადებულის N11

ხელსაქმით გაყვანილი 7 წელი საპატიმროში

„ქუთაისში სადაც დასაქმება მოვინდომე, ხელფასი ყველაგან 300 ლარია, როგორ უნდა იცხოვრო ამ ხელფასით? ბაზარში ორჯერ წასვლას არ ეყოფა, თან თუ ორი მცირეწლოვანი გყავს შინ“ – ამბობს ყოფილი პატიმარი და ამით ხსნის, რომ თვითდასაქმება ურჩევნია. 62 წლის ფოთოლა ხისგან ჩარჩოებს, საქანელებს, სკამებს ამზადებს, თექაზე მუშაობს, ქსოვს, ქარგავს და ნამუშევრებს შეძლებისდაგვარად ყიდის. 7 წელი გაატარა საპატიმროში და ხელსაქმით დააღწია თავი უიმედობას და რთულად გასაყვან დროს.

„ჩემი მეუღლე სოციალურად დაუცველთა კავშირის თავმჯდომარე იყო, ეს ხელს უშლიდა ვარდების რევოლუციის შემდეგ მაშინდელ ხელისუფლებას. ერთ-ერთი ამერიკული კორპორაციის, „ოქროს საწმისის“ თავმჯდომარეც იყო, კომპანიაში ერთად ვმუშაობდით. ერთ დღეს ჩვენს სახლში, გვიან ღამით 12 შეიარაღებული სპეცრაზმელი შემოიჭრა, არ ვიცი საიდან ჩამიდეს ნარკოტიკი, ჩანთაშიც, ღამის პერანგის ჯიბეშიც კი. ხელები შემიკრეს და მითხრეს, რომ ნარკომოვაჭრე ვიყავი და თურქეთიდან შემომქონდა ნარკოტიკი. თვალითაც არ მქონდა ნანახი ეს ნივთიერება, ვერ ვხვდებოდი რას და რატომ მაბრალებდნენ. შვიდწლიანი პატიმრობისას დავფიქრდი და მივხვდი, რომ ჩემი დაკავება არჩევნებს, ბიზნესის დატერორებას და წილების წართმევის პერიოდს დაემთხვა, ამ პერიოდს შეეწირა ჩვენი ოჯახიც. ქმარი ინსულტით გარდაიცვალა, დავკარგეთ ბინა, ქონება და შვიდი წლით ჩამსვეს ციხეში” – ამბობს ფოთოლა ლაგვილავა.

ყვება, რომ ნარკოტიკის შეძენა, შენახვა, გასაღების მუხლით გაასამართლეს. 2012 წლამდე საკანში რამდენიმე ქალთან ერთად ცხოვრობდა საკანში. ამნისტიის შემდეგ საკანში მარტო დარჩა და დღედაღამ ქარგავდა. ცდილობს ყველა გამოფენაზე წავიდეს, სადაც ნამუშევრების ჩვენებას შეძლებს, მაგრამ მიუხედავად ამისა ამბობს, რომ ნამუშევრების გაყიდვა ჭირს.

ქუთაისში რძალთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს.

„ხან ნამუშევრებს ვყიდი, ხან პენსია წამოგვეწევა და ასე გადის წუთისოფელი. ქუთაისში ვცხოვრობთ, ნაქირავებ ბინაში. ჩემი რძალი ვერ მუშაობს, ბავშვებს ვერ ტოვებს“ – ამბობს ყოფილი პატიმარი.

„ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში მას ხის დასამუშავებელი დაზგა გადაეცა, იმედოვნებს, რომ მომავალში ელექტროშალაშინისა და სახელოსნოსთვის აუცილებელი სხვა ხელსაწყოების შეძენასაც შეძლებს.

 

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

ბათუმში საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შეძახილებით დახვდნენ

დღეს, 27 მარტს, საქართველოს პრემიერ – მინისტრი მამუკა ბახტაძე და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რეაბილიტირებული ბათუმის თეატრის გახსნაზე შეძახილების ფონზე შევიდნენ. თეატრთან აქცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამართა.

„კორუფცია! კორუფცია!“ – სკანდირებდნენ „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის“ წევრები. მათ აქციაზე ის ბანერები მიიტანეს, რომელზეც აჭარაში დაწყებული, მაგრამ დაუმთავრებელი პროექტები იყო გამოსახული.

„თეატრის წინ აქცია იმიტომ გავაკეთეთ, გვეჩვენებინა ხალხისთვის, რომ აჭარაში კორუფციაა“ – გვითხრა აქციის მონაწილე ანრი გუბაევმა.

ბათუმში დღეს დრამატული თეატრის რეაბილიტერებული შენობა გაიხსნა.

აქცია ბათუმის თეატრთან
აქცია ბათუმის თეატრთან

 

კამელიები ბათუმის ბოტანიკური ბაღიდან [ფოტო]

27 მარტს ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, იაპონურ კუთხეში, კამელიების გამოფენა გაიმართა, სადაც კამელიების 70-მდე ჯიში და 30-მდე ჰიბრიდული ფორმა იყო წარმოდგენილი.

კამელიების გამოფენა ბოტანიკურ ბაღში. ფოტო: ბოტანიკური ბაღი
კამელიების გამოფენა ბოტანიკურ ბაღში. ფოტო: ბოტანიკური ბაღი
კამელიების გამოფენა ბოტანიკურ ბაღში. ფოტო: ბოტანიკური ბაღი
კამელიების გამოფენა ბოტანიკურ ბაღში. ფოტო: ბოტანიკური ბაღი
კამელიების გამოფენა ბოტანიკურ ბაღში. ფოტო: ბოტანიკური ბაღი
კამელიების გამოფენა ბოტანიკურ ბაღში. ფოტო: ბოტანიკური ბაღი
კამელიების გამოფენა ბოტანიკურ ბაღში. ფოტო: ბოტანიკური ბაღი
კამელიების გამოფენა ბოტანიკურ ბაღში. ფოტო: ბოტანიკური ბაღი

ბეტონი დეკორატიული ფილების ნაცვლად – ბათუმის მერიის განმარტება

ბათუმში, კათოლიკური ეკლესიის მიმდებარედ, ტროტუარზე ამოცვენილი დეკორატიული ფილების ნაცვლად ბეტონია დაგებული. ტროტუარის ეს ნაწილი საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაზე მოსაცდელი კონსტრუქციის ქვეშაა.

რატომ დაზიანდა ფილების საფარი და ვინ არის მის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი? – ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით „მოსაცდელების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელია შპს „ალმა“. დაზიანებული ფილების ნაცვლად ბეტონი კომპანიამ დროებით დააგო“.

ქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ „უახლოეს მომავალში ბეტონის საფარი დეკორატიული ფილებით ჩანაცვლდება“.

ბეტონი ფილების ნაცვლად / ბათუმი, ბაქოს ქუჩა / 26.03.2019
ბეტონი ფილების ნაცვლად / ბათუმი, ბაქოს ქუჩა / 26.03.2019

 

„ოცნების ქალაქში“ ენერგო-პროსგან სადენებისა და აღრიცხვიანობის მოწესრიგებას ითხოვენ

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლები ამბობენ, რომ დასახლებაში მოუწესრიგებელია ელექტროგაყვანილობები, მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვის სისტემა და „ენერგო-პრო ჯორჯიასგან“ პრობლემის მოგვარებას ითხოვენ.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხელვაჩაურის ოფისს არაერთხელ მივმართეთ, ფოტოებიც კი გადავუგზავნეთ, მაგრამ პრობლემა დღემდე მოუგვარებელია. ხარვეზებია, ხან ერთი სახლი იწვის, ხან – მეორე. ზედმეტსაც გვახდევინებენ“, – გვითხრა ერთ-ერთმა მცხოვრებმა.

„ბათუმელები“ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დაუკავშირდა.

„აღნიშნულ დასახლებაში ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ ელქსელს არ ფლობს. დასახლებაში მცხოვრებლებს კი არ გააჩნიათ საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი. კომპანია ხელმძღვანელობს მოქმედი კანონმდებლობით. შესაბამისად, მათი ინდივიდუალურ აბონენტებად დარეგისტრირება ვერ მოხერხდება. იმისთვის, რომ მოსახლეობას ელენერგიით სარგებლობის შესაძლებლობა მისცემოდა, ,,ენერგო-პრო ჯორჯიამ“ გამოიჩინა კეთილი ნება და დაამონტაჟა რამდენიმე მრიცხველი.

ამ ეტაპზე მოქალაქეები აღნიშნული საერთო მრიცხველებით იღებენ ელენერგიას. კომპანიამ ასევე გაითვალისწინა, რომ მათ საკუთრებაში არსებული მოუწესრიგებელი ქსელის გამო შესაძლო იქნებოდა დანაკარგის არსებობაც, ამიტომ ისინი სარგებლობენ პირველი საფეხურის, ანუ ყველაზე დაბალი ტარიფით – 14,23 თეთრით კილოვატ საათზე. რაც შეეხება კომპანიის საკუთრებაში არსებულ მრიცხველებს, მათი შემოწმება ინტენსიურად ხორციელდება, ამ დრომდე და ამჟამადაც მრიცხველები გამართულად მუშაობს.

ახალი წლის პერიოდში ,,ენერგო-პრო ჯორჯიამ“ სატრანსფორმატორო პუნქტში და მათი საერთო მოხმარების მრიცხველებზე, ავტომატური ამომრთველები შეცვალა, თუმცა მოსახლეობის მფლობელობაში არსებული მოუწესრიგებელი ქსელის გამო ისევ დაზიანდა, რაც ამ ეტაპზე შეცვლას საჭიროებს. სამუშაოების შესასრულებლად მისულ ტექნიკურ ჯგუფებს ადგილობრივებმა მუშაობის შესაძლებლობა არ მისცეს“, – მოგვწერეს „ენერგო-პრო ჯორჯიადან“.

ელექტროსადენები და ავტომატური ამომრთველები „ოცნების ქალაქში“

ამავე თემაზე „ბათუმელების“ არქივიდან:

165 აბონენტი ერთ მრიცხველზე – რას ითხოვენ „ოცნების ქალაქში“

მთავრობა მეჯინისწყლის დასახლებაში, „ოცნების ქალაქთან“ საცხოვრებელი კომპლექსის აშენებას გეგმავს, სადაც ბინები „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებ ოჯახებს უნდა გადასცენ. საცხოვრებელი კომპლექსის პროექტირებაზე ხელშეკრულება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ამხანაგობა „ინჟარქიტექტისთან“ უკვე გააფორმა. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 320 ათას ერთი ლარია.

ამ თემაზე:

„ოცნების ქალაქში“ კორპუსს სპორტსკოლის დამპროექტებელი კომპანია დააპროექტებს

რას აჩვენებს ჯანდაცვის სამინისტრო სოცმუშაკებისადმი დამოკიდებულებით – ინტერვიუ ანა დოლიძესთან

მესამე დღეა სოცმუშაკები საპროტესტო აქციას მართავენ.  გაფიცული სოცმუშაკები სისტემურ ცვლილებებს ითხოვენ იმისთვის, რომ ცარიელი ხელებით არ მივიდნენ ადამიანებთან, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ სახელმწიფოს ზრუნვა.

სახელმწიფო ანუ ჯანდაცვის სამინისტრო სოცმუშაკების მიერ დასახელებულ მოთხოვნებს ნაწილობრივ ეთანხმება, თუმცა სოცმუშაკების მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარს ამბობს. დავით სერგეენკოს უწყება პრობლემას ვერც გაფიცვაში ხედავს. სამინისტროში აცხადებენ, რომ სოცმუშაკების ფუნქციას ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლები შეასრულებენ.

ჯანდაცვის სამინისტრო შრომითი უფლებების დაცვაზეცაა პასუხისმგებელი. რა ჩანს საკუთარი თანამშრომლების მიმართ სამინისტროს ამგვარი დამოკიდებულებით? – „ბათუმელებმა“ რამდენიმე კითხვა იურისტს ანა დოლიძეს დაუსვა.

  • ქალბატონო ანა, თქვენ რა დაინახეთ ჯანდაცვის სამინისტროს საკუთარი თანამშრომლების, ამ შემთხვევაში, სოცმუშაკების მიმართ დამოკიდებულებაში? ეს სამინისტრო პასუხისმგებელია შრომითი უფლებების დაცვაზეც. 

სახელმწიფო უნდა იყოს სტანდარტების დამდგენი საზოგადოებისა და კერძო სექტორისთვის, როგორ უნდა მოუფრთხილდეს დასაქმებულ ადამიანს და უზრუნველყოს კარგი სერვისი. ჩვენ ვიღებთ პირიქით: ეს სფერო არ არის ჯანდაცვის სამინისტროსთვის პრიორიტეტი, მიგდებული და მარგინალიზებულია ეს სფერო. ამიტომაც არ აქვთ ამ თანამშრომლებს რესურსები. მეორეა, უშუალოდ გაფიცვასთან მიმართ დამოკიდებულება – ეს არის რეალურად ბარბაროსული დამოკიდებულება, რადგან თუნდაც კაპიტალისტურ ქვეყანაში, როგორიცაა ამერიკა და რომელსაც მე ძალიან კარგად ვიცნობ, იქაც კი, გაფიცულების მიმართ არის პატივსაცემი დამოკიდებულება, მათ უსმენენ განსაკუთრებით, როცა ადამიანები შრომითი უფლებებისთვის იბრძვიან. ჩვენთან კი, არის დამოკიდებულება, რომ თითქოს ვინც ხმა ამოიღო, დამნაშავეა. ხელისუფლება ამბობს, რომ მისი ლოზუნგი არის ადამიანი და ადამიანის უფლებების დაცვა. ამ დროს სოციალური მუშაკები მუშაობენ ყველაზე მოწყვლად, სოციალურად დაუცველ ჯგუფებთან და ეს ადამიანები გეუბნებიან, ცარიელი ხელებით ნუ მიშვებ მათთანო. ამ ადამიანებსაც კი არ უსმენს ხელისუფლება.

  • ქვეყანაში, სადაც სიღარიბის მაჩვენებელი მაღალია, რატომ შეიძლება არ ინტერესდებოდეს ხელისუფლება იმ პრობლემებით, რაზეც სოცმუშაკები საუბრობენ? 

მარტივი ახსნაა: ჩვენ გვაქვს არადემოკრატიული პოლიტიკა. მაგალითად, რატომ ვერ კრძალავს პარლამენტი აზარტული თამაშების რეკლამას? იმიტომ, რომ ამის უკან დგას უდიდესი ლობი, ვის დაკრულზეც დადიან ჩვენი პარლამენტარები. ადამიანები, ვისაც ემსახურებიან სოცმუშაკები, არიან მარგინალიზებულები და ჩვენ ხელისუფლებას მათი აზრი არ აინტერესებს. მათი დიდი ნაწილი არჩევნებზეც არ დადის, მათ ფული არ აქვთ და პირიქით, სახელმწიფოსგან სჭირდებათ მხარდაჭერა. ამ თემაში უნდა ჩაერთოს რაც შეიძლება მეტი ადამიანი. ეს უნდა გახდეს აქტიური დისკუსიის საგანი.

  • რატომ ვერ გახდა სოცმუშაკების გაფიცვა აქტუალური თემა? სოციალური ქსელის გამოხმაურებიდან ჩანს, რომ საზოგადოების ნაწილს არც იმაზე აქვს ინფორმაცია, რომ სოციალური მუშაკი არ არის აგენტი, რომელიც სოციალურად დაუცველების ქულებს ითვლის, რის მიხედვითაც შემდეგ სტატუსს ანიჭებენ ან არ ანიჭებენ?

ამ თემას ნამდვილად სჭირდება საზოგადოებრივი ცნობიერება… ჩვენ უნდა ვუთხრათ საზოგადოებას, რომ არ მოხდებოდა, მაგალითად, იგივე ხორავას ქუჩის ინციდენტი, თუკი მსგავს სიტუაციას სოცმუშაკები პირველები გაიგებდნენ, რომ არსებობს დაძაბულობა მოზარდებს შორის და საჭიროა პრევენციული ღონისძიებები. ნორმალურ ქვეყნებში, როგორც წესი, ოჯახი, როცა მას რაიმე პრობლემა ექმნება, პირველ რიგში, მიმართავს სოციალურ მუშაკს, ამ სამსახურს…

ჩვენ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რაზე საუბრობენ სოცმუშაკები, მაგალითად, ქუჩაში დარჩენილი ბავშვი, რომელიც მშიერია და არსად წასასვლელი არ აქვს. სოცმუშაკი გეუბნება, რომ მას ხშირად არ აქვს არანაირი სერვისი, ამ ბავშვს შესთავაზოს. ის ბავშვს ვერაფრით ეხმარება. უნდა გავიაზროთ, რომ თუ არ გვინდა უბედურება უბედურებაზე გვქონდეს, გვჭირდება ძლიერი სოციალური სამსახური. ამის გარეშე წარმოუდგენელია.

  • ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ინტერესი თუ გამოიწვია ამ გაფიცვამ? 

ვერა და აქაც პრობლემაა: მთელი პოლიტიკური სპექტრი არის სოციალურად გაუცნობიერებელი, ჩვენი პოლიტიკოსები, ძირითადად, ელაპარაკებიან ერთმანეთს. ვინმეს აინტერესებს ქვეყანაში, რას ფიქრობს მდინარაძე ბესელიაზე ან ბესელია მდინარაძეზე? რამდენ ხანს შეიძლება ამაზე და მსგავს თემებზე ვილაპარაკოთ ქვეყანაში, სადაც არსებობს უამრავი გამოწვევა ტრანსპორტით დაწყებული, ბავშვების სიკვდილიანობით დასრულებული.

მტირალას ეროვნულ პარკში „თოკების პარკი“ იხსნება

28 მარტს მტირალას ეროვნულ პარკში ახალი ტურისტული ატრაქცია „თოკების პარკი“ გაიხსნება.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, „თოკების პარკი“ ეკო-საგანმანათლებლო ატრაქციაა და განსხვავდება ზიპლაინისგან, რომლის საშუალებითაც ხიდან ხეზე დაშვებაა შესაძლებელი.

„თოკების პარკი წარმოადგენს წინაღობათა ჯგუფს, თოკებიდან, ხიდებიდან, ხის მორებიდან, ბადეებიდან და სხვა საგნებიდან, რომელიც სხვადასხვა სიმაღლეზეა დამონტაჟებული. სიგრძე სულ 209 მეტრია, არის ორი მარშრუტი – ბავშვებისთვის და უფროსებისთვის,“ – გვითხრეს მტირალას ეროვნულ პარკში.

რა ეღირება „თოკების პარკში“ შესვლა, მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში ჯერ არ იციან.

_______________________________________________

მთავარ ფოტოზე: ზიპლაინი, ტურისტები მტირალას ეროვნულ პარკში. ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი 

მამუკა ბახტაძე: ქობულეთში ახალი ქალაქი აშენდება

ქობულეთში ახალი ქალაქი აშენდება. “მწვანე ქალაქი” – ასე ერქმევა 180 ჰექტარზე გაშენებულ ქალაქს, რომელზეც საფეხბურთო სტადიონები, საჩოგბურთო კორტები და გოლფის მოედნები იქნება განთავსებული. ჯამში პროექტის განხორციელება ნახევარი მილიარდი ლარი დაჯდება.

„ვიწყებთ უპრეცედენტო მასშტაბის პროექტს. ვსაუბრობ ნახევარმილიარდიან ინვესტიციაზე. ეს არის ყველაზე დიდი ინვესტიცია, რაც კი ოდესმე განხორციელებულა აჭარაში, ჩვენს ტურისტულ ინფრასტრუქტურაში. ჩვენ ვსაუბრობთ ახალი ქალაქის, ახალი მწვანე ქალაქის მშენებლობაზე, რომელიც გახდება სავიზიტო ბარათი მთელი საქართველოსთვის. ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ მასშტაბურ ინვესტიციაზე, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ აჭარა გახდება ოთხსეზონიანი კურორტი. ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ მასშტაბურ პროექტზე, რომელიც იქნება ნამდვილი მარგალიტი შავიზღვისპირეთში. რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველო დაიმკვიდრებს ადგილს, როგორც ლიდერი ქვეყანა ტურიზმში.

ჩვენი პროექტი იქნება მულტიფუნქციური. ჩვენ ვსაუბრობთ ფიფას სტანდარტების საფეხბურთო სტადიონებზე, საჩოგბურთო კორტებზე და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე კარგ გოლფის ინფრასტრუქტურაზე.

ეს პროექტი მოგვცემს საშუალებას, რომ საქართველოში მოვიზიდოთ ის ტურისტები, რომლებიც დღეს ვერ განიხილავენ საქართველოს ტურისტულ ცენტრად იმის გამო, რომ ჩვენ არ გვაქვს ეს ინფრასტრუქტურა. მინდა მადლობა გადავუხადო ინვესტორებს, რომლებმაც მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოში ეს გაკეთებულიყო.

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ინვესტიციები იზრდება ევროკავშირის ქვეყნებიდან. ის თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი, რომელიც არსებობს საქართველოსა და  ევროკავშირს შორის, იძლევა უპრეცენდენტო შესაძლებლობას, რომ კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია მოვიძიოთ ევროპიდან.

ეს ინვესტიცია საშუალებას მოგვცემს აჭარაში შევქმნათ ხუთასი ახალი სამუშაო ადგილი. მშენებლობის დროს, ისევე როგორც შემდგომ, როდესაც დაიწყება ამ უნიკალური პროექტის ფუნქციონირება, საშუალება გვექნება მცირე ბიზნესმაც სარგებელი მიიღოს ამ ინვესტიციიდან. ამ ტერიტორიაზე სამ წელიწადში იქნება გაშენებული მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კურორტი და ჩვენ ყველანი ვიამაყებთ ამით,” – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმა ბახტაძემ ამ იდეების შესახებ დღეს ქობულეთში ყოფნისას განაცხადა, სადაც გოლფის მოედნის პროექტის პრეზენტაციას ესწრება.

ამავე თემაზე:

ბათუმის დრამატული თეატრის დახურული გახსნა

 

21 პროექტი, რომლებიც ენმ-ის განცხადებით, მთავრობამ ვერ დაასრულა [ვიდეო]

დღეს, 27 მარტს, აჭარის მთავრობის სახლის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, ასევე, მათ მიერ შექმნილმა „აჭარის ალტერნატიული მთავრობის“ წარმომადგენლებმა, აქცია გამართეს.

აქციაზე გამოფენილი იყო იმ 21 პროექტის ფოტო, რომლებიც, მათი განცხადებით, „ქართული ოცნების“ მთავრობამ დაიწყო, მაგრამ ვერ დაასრულა.

 

„ეს ფოტოები ასახავს ბიძინა ივანიშვილის კორუფციულ პროექტებს აჭარაში. ამ პროექტებზე მთლიანობაში დახარჯულია ასი მილიონი ლარი და ყველა საქმე გადაგზავნილია პროკურატურაში შესასწავლად.

გახარჯულია ხალხის ფული, თუმცა ამ ყველაფერზე მთავრობისგან პასუხი არ არის“, – ამბობს „აჭარის ალტერნატიული მთავრობის“ წარმომადგენელი, ანრი გუბაევი.

„აჭარის ალტერნატიული მთავრობის“ აქცია ბათუმში.
ფოტო: ლელა დუმბაძის

აქცია დღის ბოლომდე გაგრძელდება მთავრობის სახლის წინ. ანრი გუბაევის თქმით, მსგავსი აქციების გამართვა ყველა სამთავრობო უწყების წინ იგეგმება.

ენმ-ის წევრები აქციაზე, მთავრობის სახლის წინ.
ფოტო: ლელა დუმბაძის

მთავარი ფოტო: აქციაზე გამოფენილია იმ 21 პროექტის ფოტო, რომლებიც, ორგანიზატორების თქმით, მთავრობამ ვერ დაასრულა.

“იქნებ, პრემიერმა თეატრიდან მაინც გადმოგვხედოს” – კვადროციკლის მფლობელების აქცია

კვადროციკლებისა და ელექტრომობილების მფლობელები დღეს, 26 მარტს, ბათუმის დრამატულ თეატრთან ახლოს, საოცრებათა სკვერში, მოულოდნელად შეიკრიბნენ. მათ პრემიერთან შეხვედრის იმედი აქვთ.

“იქნებ პრემიერთან მოვახერხოთ შეხვედრა, ან იქნებ თეატრიდან მაინც გადმოგვხედოს – იკითხოს, რა უნდა აქ ამდენ ხალხსო,” – ამბობენ აქციაზე შეკრებილები.

კვადროციკლის მფლობელები ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც ელექტრომობილები ბულვარის ტერიტორიაზე პირველი მაისიდან ვეღარ იმოძრავებენ. ინიციატორი ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია იყო.

“ჩვენ პირობას ვდებთ, რომ 300-მდე კვადროციკლი დარჩება ბულვარში, დაბალი სიჩქარით ვიმუშავებთ და მხოლოდ ამ ზაფხულს გვამუშაონ… გაფრთხილებული არ ვყოფილვართ, ისე გვტოვებენ ლუკმა-პურის გარეშე, საბანკო სესხებით,“ – გვითხრა მამუკა დავითაძემ.

20 მარტს კვადროციკლების მფლობელებმა საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობის აპარატის შენობასთან გამართეს. არჩილ ჩიქოვანი, აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი, აქციის მონაწილეებს ბათუმის საკრებულოსთან შუამდგომლობას დაჰპირდა.

აქციის მონაწილეების თქმით, მათ საკრებულოდან და აჭარის მთავრობიდან პასუხი ჯერ არ მიუღიათ, ისე გამართეს მორიგი საპროტესტო აქცია.

“პასუხი არ მიგვიღია, მაგრამ რამდენ ხანს უნდა ველოდოთ… ჩვენი მოსმენა არავის უნდა,” – ამბობს აქციის კიდევ ერთი მონაწილე, ჯაბა გოხიძე.

“კვადროციკლების მფლობელების წერილი გადაგზავნილია საკრებულოსა და ბულვარის ადმინისტრაციაში შემდგომი რეაგირებისთვის,” – გვითხრეს აჭარის მთავრობის პრესცენტრში.

“ამ ეტაპზე სამუშაო პროცესი მიმდინარეობს და მიღებული გადაწყვეტილებები უახლოეს პერიოდში გახდება  ცნობილი,” – ეს კი ბათუმის საკრებულოს პრესცენტრში გვითხრეს.

„ჩემი შემოსავალი ეს იყო, რა ვქნა ახლა?“ – კვადროციკლის გამქირავებლები აქციას გეგმავენ

პოლიციამ აჭარაში ორი პირი ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 1964 წელს დაბადებული ჯ.პ. და 1989 წელს დაბადებული თ.პ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა მიმდინარე წლის 12 მარტს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე ახლო ნათესავებს: ე.პ.-სა და ა.პ.-ს. ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.

ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებულების განაწყენება გამოიწვია სასამართლოს მიერ გამოტანილმა გამამტყუნებელმა განაჩენმა, რომლის თანახმადაც მათ ნათესავს – ე.პ.-ს ოჯახში ჩადენილი ძალადობისთვის ერთი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

სამართალდამცველებმა ჯ.პ. იმ დროს დააკავეს, როდესაც ის თურქეთის რესპუბლიკაში გადასვლას ცდილობდა. თ.პ. კი მოსამართლის განჩინების საფუძველზე იქნა დაკავებული.

გამოძიება სამართალწარმოების მონაწილის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 365-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მე-5 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბათუმში დრამატული თეატრის გახსნას პრემიერი და პრეზიდენტი დაესწრებიან

დღეს, 27 მარტს, ბათუმში ილია ჭავჭავაძის რეაბილიტირებული დრამატული თეატრი გაიხსნება.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, თეატრის გახსნას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც დაესწრებიან.

დრამატულ თეატრში გაიმართება სპექტაკლის – „KLDIASHVILI.GE“ პრემიერა დავით კლდიაშვილის ნაწარმოებების მიხედვით, რომლის რეჟისორია ანდრო ენუქიძე.

თეატრის რეაბილიტაცია ფონდმა „ქართუმ“ 2015 წელს დაიწყო. შეცვლილია თეატრის მთავარი სცენის ინტერიერი, რესტავრაცია ჩაუტარდა სკამებს, შეიცვალა იატაკი და გათბობის სისტემა. შენობა მთლიანად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. თეთრის ნაცვლად ღია ნაცრისფერით შეცვლილია იარუსების ფერიც.

ბათუმის რეაბილიტირებული დრამატული თეატრი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ერთხელ უკვე გახსნა 2018 წლის 25 ნოემბერს, თუმცა არ შემდგარა გახსნის ოფიციალური ცერემონია, რომელსაც ფართო საზოგადოება დაესწრებოდა – შეხვედრა მედიისთვისაც დახურული იყო. ჟურნალისტები შენობის გარეთ დარჩნენ, მათ თეატრის გახსნის და მსახიობებთან შეხვედრის გაშუქების შესაძლებლობა არ მიეცათ.

მთავრობამ გოლფის მოედნის მოსაწყობად ინვესტორი იპოვა – პრემიერი დღეს პრეზენტაციას დაესწრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ქობულეთში დღეს, 14:00 საათზე, მწვანე ქალაქისა და გოლფის მოედნის „Green Resort“-ის მშენებლობის ადგილს დაათვალიერებს. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის პრემიერი აღნიშნული პროექტის პრეზენტაციას დაესწრება.

გოლფის მოედნისა და ე.წ. მწვანე ქალაქის მოსაწყობად აჭარის მთავრობამ კომპანია „გრინ რეზორტს“ ქობულეთში 180 ჰექტარამდე მიწა, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით გადასცა. მიწის ნაკვეთები ზღვიდან 700 მეტრში, ფიჭვნარის თავისუფალ ტურისტულ ზონასა და ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალთან მდებარეობს.

ქობულეთში მდებარე სამ ნაკვეთზე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ „გრინ რეზორტსთან“ ნასყიდობის ხელშეკრულებები 2019 წლის 21 მარტს გააფორმა. ნაკვეთების საერთო ფართობი 1 796 308 კვ.მ-ია.

შპს „გრინ რეზორტსი“, რეგისტრაციის დროს, როგორც „გოლფ რეზორტი“,  2018 წლის ივნისში დაარეგისტრირეს ლევან შერაზადიშვილმა, სლოვაკეთის მოქალაქემ [კომპანიის წილის 25%-ის მესაკუთრემ და კომპანიის დირექტორმა], ასევე ჩეხეთის მოქალაქეებმა: რედეკ ბრაზდამ [25%] და მარეკ საკიმ[50%].

2018 წლის ოქტომბერში შეიცვალა საფირმო სახელწოდება და ამასთან მარეკ საკიმ კუთვნილი წილის ნახევარი 1 ლარად მიჰყიდა ასევე ჩეხეთის მოქალაქე რომან ვივოდას. შესაბამისად, „გრინ რეზორტსის“ წილებს დღეს თანაბრად ფლობს ეს ოთხი პიროვნება. კომპანიის დირექტორი კვლავ ლევან შერაზადიშვილია.

ლევან შერაზადიშვილი 50% წილს ფლობს ასევე შპს „ელერ კომპანიში“ და ამავე კომპანიის ერთ-ერთი დირექტორია.

ქობულეთში გოლფის საკურორტო კომპლექსის ასაშენებლად ინვესტორებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო გასული წლიდან ეძებს. „ბათუმელები“ წერდა, რომ მაშინ აჭარის მთავრობა ინვესტორისთვის 240 ჰექტარი ტერიტორიის გადაცემას ჰპირდებოდა.

ინვესტორს ასევე ჰპირდებოდნენ:

  • ხელმისაწვდომ მიწის ნაკვეთებს [შესაბამისი გარანტიის საფუძველზე];
  • რომ ტერიტორია დაკავშირებული იყო ქობულეთის თავისუფალ ტურისტულ ზონასთან;
  • კომუნალური სისტემის მოწესრიგებას;
  • მუნიციპალური მომსახურების უზრუნველყოფას.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, გოლფის მოედნებისა და „მწვანე ქალაქის“ [მათ შორის სასტუმროების] მშენებლობის პირობით, აჭარის მთავრობამ ქობულეთში მიწის ნაკვეთები „გრინ რეზორტსს“ 6 040 265 ლარად გადასცა. სახელშეკრულებო პირობით, კომპანიამ ამ ტერიტორიაზე 250 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. 

ამ თემაზე: 

240 ჰექტარი ზღვასთან გოლფის მოედნისთვის – აჭარის მთავრობა ინვესტორს ეძებს

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბათუმში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესსაც გაეცნობა.

დღესვე, საღამოს 7 საათზე, პრემიერ-მინისტრი ბათუმის ილია ჭავჭავაძის დრამატული თეატრის საზეიმო გახსნის ცერემონიას დაესწრება. დღეს თეატრში გაიმართება სპექტაკლი პრემიერა დავით კლდიაშვილის ნაწარმოებების მიხედვით – „KLDIASHVILI.GE“ 

თეატრის გახსნას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც დაესწრება.

ბათუმის რეაბილიტირებული დრამატული თეატრი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ერთხელ უკვე გახსნა.

ოფიციალური ცნობით, პრემიერმა თეატრი 2018 წლის 25 ნოემბერს, დილის 11 საათზე გახსნა, თუმცა არ შემდგარა გახსნის ოფიციალური ცერემონია, რომელსაც ფართო საზოგადოება დაესწრებოდა – შეხვედრა მედიისთვისაც დახურული იყო. ჟურნალისტები შენობის გარეთ დარჩნენ, მათ თეატრის გახსნის და მსახიობებთან შეხვედრის გაშუქების შესაძლებლობა არ მიეცათ.

ამ თემაზე:

ბათუმის დრამატული თეატრის დახურული გახსნა

 

მოსალოდნელია მოღრუბლული და წვიმიანი ამინდი – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 27  მარტის  21 საათიდან  28  მარტის  21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი და წვიმა, მთაში – თოვა.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 8 – 13 გრადუსი
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 0-5 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2-7 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 29 მარტს ბათუმში წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება, მთაში – თოვა, მომდევნო ორ დღეს კი მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

_____________

მთავარი ფოტო: „ბათუმელები“, არჩილ კახაძე

მემედ აბაშიძის #44-ში ბელეტაჟს კულტურული ობიექტის სტატუსი მიანიჭეს

ბათუმში, მემედ აბაშიძის #44-ში არსებულ ერთსართულიან სახლს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის სტატუსი მიანიჭა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ კონკრეტული ობიექტების მიმართ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კანონით გათვალისწინებული ყველა დამცავი რეჟიმი ამუშავდება.

ეროვნული სააგენტოს იურისტის, ალექსანდრე ჩიხრაძის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ უკვე გაცემულია რაიმე სახის სამშენებლო ნებართვა შენობასთან მიმართებაში, მერიამ გადაწყვეტილება უნდა შეაჩეროს, ვიდრე სააგენტო შენობაზე სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

ამ ადგილზე მესაკუთრე ბელეტაჟის დემონტაჟის ხარჯზე მშენებლობის უფლებას ითხოვდა. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, შენობა და მიწის ნაკვეთი გელა დევაძეს ეკუთვნის.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, მემედ აბაშიძის #44-ში მდებარე სახლზე მხოლოდ სახლის რეაბილიტაციაზეა შეთანხმება გაცემული. გადაწყვეტილება კულტურული მემკვიდრეობის ზონალურმა საბჭომ მიიღო.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს კვლევის სამსახურს ექვსი თვე აქვს იმის დასადგენად, ღირებულია თუ არა სახლი არქიტექტურული თვალსაზრისით ან აქვს თუ არა მას ისტორიული ღირებულება. ამის შემდეგ სააგენტოს საბჭო იმსჯელებს და გადაწყვეტს, მიანიჭოს თუ არა სახლს ძეგლის სტატუსი.

 

როგორ აგებენ ექიმები პასუხს დარღვევებზე ევროპაში

„თქვენ შეგიძლიათ გაიხსენოთ საქმე, როცა პაციენტი მოკვდა და ამის შემდეგ ექიმ დაისაჯა?“ – ეს აჭარის პოლიციის უფროსს, კონსტანტინე ანანიაშვილს ერთ-ერთმა მოქალაქემ ჰკითხა საპროტესტო აქციაზე, სადაც ექიმების სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვდნენ. პოლიციის უფროსი ობიექტურ გამოძიებას დაჰპირდა აქციის მონაწილეებს. აქცია არ შეწყდა. იმავე საღამოს რეფერალური საავადმყოფოს ერთ-ერთმა ექიმმა უფლებამოსილება საკუთარი სურვილით შეიჩერა. ბათუმში ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების ფაქტზე ამ დრომდე სოციალურ ქსელში მოქალაქეები აქტიურად მსჯელობენ. იმის მიუხედავად, რომ ფაქტის შესწავლა დაიწყო სამედიცინო რეგულირების სააგენტომ და დაწყებულია გამოძიებაც, საზოგადოების ნაწილს აქვს განცდა, რომ ექიმებს არავინ „დასჯის“.

საპროტესტო აქცია გამართეს ექიმებმაც. მათი თქმით, ბრალეულობის დადგენამდე ექიმის ვინაობა არ უნდა დასახელდეს.

რეაგირების რა მექანიზმი არსებობს ევროპის ქვეყნებში, როცა ექიმების პროფესიული გადაცდომა დასტურდება ან ე.წ. „საექიმო დანაშაული“?

„მზის სხივია ყველაფრის წამალი, ანუ გასაჯაროვება… თუკი სისტემა პაციენტზეა ორიენტირებული, მას უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია, როგორია იმ ექიმის პროფესიული წარსული, ვისთანაც სამკურნალოდ მიდის,“ – ამბობს თენგიზ ვერულავა, მედიცინის აკადემიური დოქტორი.

თენგიზ ვერულავას აღწერით, ევროპის ქვეყნებში უკვე მიღებული პრაქტიკაა სამედიცინო ინტერნეტპორტალზე კლინიკებისა და კონკრეტული ექიმების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის განთავსება. ექსპერტის თქმით, პორტალზე პაციენტი ნახულობს ინფორმაციას ექიმების წარმატებისა და შეცდომების შესახებ.

„შეცდომა არ ნიშნავს იმას, რომ მას საექიმო საქმიანობის უფლება აღარ აქვს. მედიცინა არ არის ზუსტი მეცნიერება და არც ერთი კლინიკა არ არსებობს, სადაც ერთი შეცდომა მაინც არ დაუშვიათ. მთავარია, ამას მოჰყვეს რეაგირება, თავად სამედიცინო საზოგადოება იზრდებოდეს ამ კონკრეტული შემთხვევების განხილვით და პაციენტს ჰქონდეს არჩევანის უფლება,“ – გვიყვება თენგიზ ვერულავა.

ექიმების პასუხისმგებლობის დაზღვევა – თენგიზ ვერულავა აღნიშნავს, რომ ევროპის ქვეყნებში და კონკრეტულად ამერიკის შეერთებულ შტატებში, ექიმი კლინიკაში ვერ დასაქმდება, თუ ის პასუხისმგებლობას არ დააზღვევს.

„თუ განზრახ არ ჩაიდენს რაიმეს, მსგავს შემთხვევაში სამართლებრივი დავის ხარჯებს დაზღვევა ანაზღაურებს… ეს ხანგრძლივი პროცესია ევროპის ქვეყნებშიც. მაგალითად, ბოლოს გერმანიაში ვნახე, რომ მესამე წელი განიხილებოდა ერთი კონკრეტული ექიმის შემთხვევა,“ – დასძინა თენგიზ ვერულავამ.

გარდაცვლილი პაციენტის, თემურ გაბაიძის დედის მიმართვა ექიმებს, მოქალაქეებსა და მთავრობას

2017 წელს კურორტ გოდერძიზე დაშავებული და ბათუმში გარდაცვლილი თემურ გაბაიძის დედა, ნაირა დიასამიძე 29 წლის მელანო ფუტკარაძის გარდაცვალებასა და ჯანდაცვის სისტემაში არსებულ სიტუაციას წერილით ეხმაურება. „ბათუმელები“ სტილის დაცვით, მცირე შემოკლებით გთავაზობთ წერილს, რომელიც ნაირა გაბაიძემ თავად მოგვაწოდა. 

ნაირა დიასამიძე, თემურ გაბაიძის დედა 

კიდევ ერთი ლამაზი სიცოცხლე შეიწირა ექიმების გულგრილობამ და უცოდინარობამ. ვიზიარებ 29 წლის მელანო ფუტკარაძის ოჯახის მწუხარებას, უდიდეს სინანულს გამოვთქვამ მომხდარის გამო.

გამიახლდა ორი წლის წინ მიღებული ტკივილი. როგორც ცნობილია, მელანოს ექიმმა უფლებამოსილება შეიჩერა. ჩემს შემთხვევაში ჩემი შვილის – თემურ გაბაიძის გარდაცვალების გამო დასჯილ ექიმებს  ეყოთ თავხედობა და მომმართეს განადგურებულ დედას – თითქოს თემურისთვის გაწეული „მკურნალობა იყო ადეკვატური და რეგულირების სააგენტოს დასკვნა იყო მცდარი და არაზუსტი“. გათამამებულები პროფესიული საბჭოს სხდომას არც კი დაესწრნენ – ეგონათ დაუსჯელები დარჩებოდნენ ან რამდენიმე თვით შეუჩერებდნენ  საქმიანობას. როგორც ეს მიღებულია ექიმების დასჯად, რასაც კატეგორიულად არ ვეთანხმები…

2 ექიმი დაისაჯა, სერტიფიკატები გაუუქმეს, მაგრამ რა… როგორც გავიგე, ერთი ისევ საავადმყოფოში მუშაობს ექიმად. ეს არის დასჯა? რატომ მოხდა სამსახურიდან ასეთი მძიმე ფაქტის გამო დათხოვნილი ექიმის ისევ აყვანა ექიმად სხვა საავადმყოფოში? სწორად მიუმართავს მელანო ფუტკარაძის ერთ-ერთ ახლობელს პოლიციის უფროსისთვის: „თქვენ შეგიძლიათ გაიხსენოთ საქმე, როცა პაციენტი მოკვდა და ამის გამო ექიმი დასაჯეს?“ მე ვეთანხმები მათ მოთხოვნას, რომ განყოფილების გამგე უნდა დაისაჯოს.

განყოფილების გამგე უნდა იყოს საქმის კურსში, თუ რა ხდება მის განყოფილებაში. ჩემი შვილის შემთხვევაში რეანიმაციულის გამგე სრულად დაუსჯელი დარჩა და ყველაფერი ახალგაზრდა ექიმების თავზე გადატყდა. წარმოუდგენელი რაღაც მოხდა თემურის შემთხვევაში. პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა ანესთეზიის მინიმალურზე დაბალი დოზით. ოპერაცია მიმდინარეობდა ტკივილის ფონზე და ოპერაციიდან შვიდი დღის განმავლობაში პაციენტისთვის მორფი არ გაუკეთებიათ. სხვა რამე სახის მკურნალობაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ჩემს შვილს გამაყუჩებელი დაამადლეს – ამ ცოდვას სად წაუვლენ?! როგორც კი დაზღვევის თანხა ამოწურეს, იმ დღეს დალია სული ჩემმა შვილმა. ასეთი რაღაცები როცა ხდება, კლინიკამ უკან უნდა დააბრუნოს თანხა. თანხას ვიხდით მკურნალობისთვის და არა ჩვენი სიცოცხლის მოსასპობად. ეს მძიმე ფაქტი საავადმყოფოს  უფროსობამ რეაგირების გარეშე დატოვა. პირიქით, ჩვენ დავიცავთ ჩვენს ექიმებსო – ურცხვად გამოვიდნენ ტელევიზიით. სირცხვილი მათ… მათი შვილები რომ ყოფილიყვნენ, მაშინაც ასე იტყოდნენ?

პარლამენტის წინაშე უნდა დაისვას საკითხი – გათავხედებული კერძო კლინიკები უნდა ემორჩილებოდნენ ჯანდაცვის სამინისტროს… ისე კი არა, სასამართლოს უწყების გარეშე  შესვლის უფლება რომ არ აქვთ – ჯანდაცვის სამინისტრო უნდა იყოს უმაღლესი ორგანო. მე ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე და დაზარალებული გახლავართ. ბევრის უფლება არა მაქვს, მაგრამ საქმე დღითიდღე უკან მიდის. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება.

არ დაიჯეროთ თითქოს სამართალი აღსრულდება. 2 წელი და 3 თვე გავიდა ჩემი შვილის გარდაცვალებიდან. მწარე სიმართლე გარდაცვალებიდან 8 თვის შემდეგ გავიგე. საქმე კომისიური ექსპერტიზისთვის გასული წლის ივნისში გადაეგზავნა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს. ორი თვის შემდეგ ჩემი წერილით მიმართვის პასუხად მივიღე შემდეგი: „ექსპერტის წინაშე დასმული საკითხების გადასაწყვეტად საჭირო გახდა შესაბამისი ექიმი-სპეციალისტების მოწვევა ანესთეზია-რეანიმატოლოგიის დარგში, ნეიროქირურგიის და ინფექციონისტი ექიმ სპეციალისტების მოწვევა.“

უაზრო ლოდინით გაბეზრებულმა ამა წლის 8 თებერვალს განმეორებით მივმართე ექსპერტიზის ბიუროს წერილობით, საიდანაც მიპასუხეს, რომ „ექსპერტიზა წარმოების პროცესშია. ამ ეტაპზე ექსპერტიზის დასკვნის სავარაუდო ვადის განსაზღვრა შეუძლებელია“.  ასე მპასუხობს 8 თვის ძიების შემდეგ იურიდიული სამმართველოს უფროსი – ტარიელ ზამბახიძე. 2 წელი და 3 თვე გავიდა და არანაირი შედეგი. ასე ვპოულობთ სამართალს. კიდევ რამდენი წელი დამჭირდება? მე ეჭვი მაქვს, რომ საქმე ხელოვნურად ჭიანურდება. აი, ამდენი დრო რომ სჭირდება ასეთი გახმაურებული საქმის ძიებას (ტელევიზიები და ჟურნალისტები გვერდში მედგნენ) და ექიმები დაუსჯელად რომ იძვრენენ თავს დანაშაულიდან (რამდენიმე ხნით შეჩერება საქმიანობის, რაც მათთვის კურორტზე დასვენების ტოლფასია) – ამიტომ გახშირდა პაციენტების სიკვდილი.

საზოგადოებამ, მთავრობამ – ყველამ ერთად უნდა ვებრძოლოთ გულგრილობას, უპასუხისმგებლობას და უვიცობას. ხვალ, ზეგ იქნებ თქვენც აღმოჩნდეთ ჩვენს მდგომარეობაში. იქნებ თქვენს შვილებსაც ასე გაიმეტებენ. ასეთი ლამაზი, სიცოცხლითა და ენერგიით სავსე ახალგაზრდები რამდენ კარგს გააკეთებდნენ ქვეყნისთვის… თემურ გაბაიძე, ზუკა ფაღავა, მელანო ფუტკარაძე და კიდევ რამდენი სხვა…

ორი წლის წინ სათანადო რეაგირება რომ მოჰყოლოდა ჩემი შვილის გარდაცვალების საქმეს, სხვა ახალგაზრდების სიცოცხლეც არ გაქრებოდა.

სამართალი და სასამართლო არ არსებობს. მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. ჩემი შვილის უაზრო დაღუპვაში არავინ თავს დამნაშავედ არ გრძნობს. არც ის, ვინც ასეთი მძიმე ტრავმა მიაყენა… უბრალოდ ბოდიშიც კი არ მოუხდიათ… ხალხო, რამ გაგიყინათ გულები? მე ეჭვი გამიჩნდა, რომ ჩემი შვილის აშკარა მკვლელებს ხელს აფარებენ.

მე არ გავჩერდები, გვერდით დაგიდგებით. უნდა გამომზეურდეს რაც ხდება რეფერალურ საავადმყოფოში და სხვა საავადმყოფოებში.

პასუხი უნდა აგონ დამნაშავეებმა და საავადმყოფოს (უფრო სწორად, „სასაკლაოს“) უფროსობამაც. ვის უხდის მთავრობა ჩვენს კუთვნილ დაზღვევას და რისთვის?

ძალიან გამიგრძელდა, მაგრამ ჩემს გულისტკივილს სხვანაირად ვერ გადმოვცემდი, საერთო სენს ერთად უნდა ვებრძოლოთ.

Exit mobile version