მთავარი,რეკლამა,სიახლეები

დააგემოვნეთ „ბათუმარანში” ბორანო და სხვა აჭარული კერძები პირველი ივნისიდან

27.03.2019
დააგემოვნეთ „ბათუმარანში” ბორანო და სხვა აჭარული კერძები პირველი ივნისიდან

ადუღებულ კარაქში ჩამდნარ ყველს ცხელი მჭადის კვერებთან ერთად მიირთმევენ. დარბილებული ყველი და ცხელი კარაქი ერთგვაროვან მასად იქცევა და ნაზად იწელება.

ეს აჭარაში განთქმული, სტუმრიანობისა და ოჯახური სადილების პირველი კერძია – ბორანო. მისი მომზადების წესსა და ტრადიციას ცოტა ხნის წინ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ამ კერძის მომზადების ავთენტურ რეცეპტს „ბათუმარანის“ დახელოვნებული მზარეული გვთავაზობს:

მასალად საჭიროა მთის დაწნული, უცხიმო აჭარული ყველი და კარაქი, იგივე იაღი, როგორც მას აჭარაში უწოდებენ.

ყველი აუცილებლად ცხიმმოხდილი უნდა იყოს, ბორანოსთვის იდეალურია ცოტათი დაძველებული, ნაკლებმარილიანი ყველი, თუმცა სიძველისგან სიმწარე არ უნდა ეპარებოდეს. კარაქი ნაღების სჯობს. როგორც მზარეული გვეუბნება, საუკეთესოა გაზაფხულზე ახალდამზადებული, კაიმაღისგან (ნაღებისგან) მიღებული „შერეკილი“ კარაქი.

ბორანოს მოსამზადებლად სულ რაღაც 10 წუთია საჭირო. დაწნულ ყველს ვჭრით და ვათავსებთ ემალის, სპილენძის ან მინის ცეცხლგამძლე ჭურჭელში. ვასხამთ მდუღარე წყალს, ცოტა ხნით ვაჩერებთ და გადავწურავთ. იმავეს ვიმეორებთ ორჯერ ან სამჯერ, იმის მიხედვით, თუ რამდენად მარილიანია ყველი.

ცეცხლზე ვადნობთ კარაქს მანამ, სანამ არ წამოდუღდება და მუქ ოქროსფერს არ მიიღებს. მნიშვნელოვანია, რომ კარაქი არ გაშავდეს და ზედმეტად არ დაიწვას, ასეთ შემთხვევაში ბორანო გამწარდება. ადუღებულ კარაქს ვასხამთ დარბილებულ ყველს და ცხლად მიგვაქვს სუფრასთან. ბორანო ასევე ცხლად უნდა მიირთვათ მჭადთან ერთად. ეს აუცილებელი პირობაა, რადგან ცხელ კარაქში ყველი უნდა დნებოდეს და იწელებოდეს.

ნამდვილი ბორანოს დასაგემოვნებლად თუ აჭარის მთებში წასვლას ვერ ახერხებთ, მთიდან ჩამოტანილი პროდუქტებით მომზადებულ ამ უგემრიელეს კერძს „ბათუმარანში“ დააგემოვნებთ.

ყველა ინგრედიენტი, რაც აჭარული კერძებისთვისაა საჭირო, საგანგებოდ ირჩევა მთაში და „ბათუმარანის“ სამზარეულოში უგემრიელეს არომატებად იქცევა.

გასინჯეთ ბორანო „ბათუმარანში“, რესტორანში, სადაც პირველი ივნისიდან მრავალფეროვანი აჭარული სამზარეულოს კერძებს დააგემოვნებთ.

 


ვიდეოში გამოყენებულია VIP – GEORGIA -ს სარესტორნო ჭურჭელი. მის.: ბათუმი, დ. თავდადებულის N11

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: