მთავარი,სიახლეები

ომბუდსმენი: სამედიცინო პერსონალის საქმიანობაზე მოქალაქეთა განცხადებების შესწავლა ჭიანურდება

02.04.2018 • 1748
ომბუდსმენი: სამედიცინო პერსონალის საქმიანობაზე მოქალაქეთა განცხადებების შესწავლა ჭიანურდება

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას 2017 წლის საპარლამენტო ანგარიშში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, აღნიშნულია, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული პროფესიული განვითარების საბჭოში ჭიანურდება მოქალაქეთა განცხადებების შესწავლა.

საბჭოს, რომელსაც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ხელმძღვანელობს,  მოქალაქეები სამედიცინო პერსონალის საქმიანობასთან დაკავშირებულ განცხადება-საჩივრებით მიმართავენ.

„მოქალაქეებს ასევე არ აქვთ საშუალება, მონაწილეობა მიიღონ განცხადების განხილვა/შესწავლის პროცესში, არც საბჭოს სხდომაზე იბარებენ, თუმცა გადაწყვეტილების მიღებისას მხარეებს აქვთ დასწრების უფლება.

აუცილებელია საბჭომ გონივრულ ვადაში შეატყობინოს განმცხადებელს სხდომის ადგილისა და დროის შესახებ და უზრუნველყოს კანონმდებლობით პაციენტებისათვის გარანტირებული უფლებების რეალიზაცია. ეს ხელს შეუწყობს არა მარტო მხარეთა უფლებების დაცვას ადმინისტრაციული წარმოებისას, არამედ უფრო დასაბუთებული გადაწყვეტილებების გამოტანასაც, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს შეეძლება უკეთ გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები,“ – აღნიშნულია საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში.

სახალხო დამცველის აპარატმა 646 განცხადება შეისწავლა, რომლებიც შეეხებოდა გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხსა და ჯანმრთელობის უფლებით სარგებლობის სავარაუდო შეზღუდვის ფაქტებს და მათ მიერ პროფესიული განვითარების საბჭოში წარდგენილი განცხადებების განხილვას.

„ჩვენს ხელთ არსებული მონაცემები მიუთითებს, რომ პრობლემად კვლავ რჩება პაციენტების ინფორმირება მათი უფლებების, ხოლო სამედიცინო პერსონალისა – მათი მოვალეობების შესახებ.

განმცხადებლები ხშირ შემთხვევაში მიუთითებენ სამედიცინო პერსონალის დაბალ პროფესიულ კვალიფიკაციაზე და პასუხისმგებლობაზე. საკმაოდ მაღალია იმ ექიმთა რიცხვი, რომლებსაც სხვადასხვა ვადით შეუჩერდათ სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება ან პროფესიული პასუხისმგებლობის სხვა ზომები დაეკისრათ.“ – აღნიშნულია ანგარიშში.

საქართველოს სახალხო დამცველი სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს  რეკომენდაციას აძლევს, შეიმუშაოს საქმისწარმოების პროცედურის განმსაზღვრელი ნორმები, რომლითაც განისაზღვრება მოქალაქეთა განცხადება/საჩივრების შესწავლის და პროფესიული საბჭოსათვის მათი განსახილველად მიწოდების გონივრული ვადები, ასევე,  დაინტერესებული მხარეებისათვის შეიმუშაოს პროფესიული განვითარების საბჭოს დაგეგმილი სხდომის შესახებ ინფორმაციის წინასწარ შეტყობინების წესი.

ამავე თემაზე: თემურ გაბაიძის დაღუპვიდან 14 თვე გავიდა, საბჭოს კი ექიმების პასუხისმგებლობაზე არ უმსჯელია 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: