რა ხდება კარიერზე, რომლის დახურვასაც კვირიკეს მოსახლეობა ითხოვს


ქობულეთის სოფელ კვირიკეში მოსახლეობის ერთი ნაწილი მთის კარიერზე სამუშაოების შეჩერებას ითხოვს – აქედან ქვის ლოდებს ეზიდებიან. 13 მარტს მოსახლეობას დაჰპირდნენ, რომ საკითხს სამთავრობო კომისია განიხილავდა, თუმცა, როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ასეთი კომისია აჭარის მთავრობაში შექმნილი არ არის. სოფელში სხვადასხვა პრობლემაზე საუბრობენ, ლიცენზიანტ კომპანიაში კი აცხადებენ, რომ  მოსახლეობა კანონიერ საქმიანობაში ხელს უშლის და მათ პრეტენზიებს პასუხი ხელისუფლებამ უნდა გასცეს.

„დამიკავშირდა კვირიკეს მოსახლეობა და, როგორც მითხრეს, ხელწერებს აგროვებენ კარიერის დაკეტვის თაობაზე. მოსახლეობა ამბობს, რონ სახლები დაზიანდა, წყალი გაქრა, გზები ნადგურდება… მე ხელშეკრულებასაც არ ვიცნობ და მინდა ჩავიხედო, რა ვალდებულებებით არიან საერთოდ ეს კომპანიები შესული, როცა ვალდებულებებს აძლევენ, იქ გზებიც უნდა აღადგინონ, თუ გარემოს ადგება ზიანი, იქ გარემოს დაცვაც უნდა ჩაერთოს საქმეში და აბსოლუტურად ყველა… სესიებზე ვარ თბილისში, ჩამოვალ და იმ კვირაში ყველა საკითხს გავივლი დეტალურად“, – გვითხრა ქობულეთის მაჟორიტარმა საქართველოს პარლამენტში კობა ნაკაიძემ.

დეპუტატი 13 მარტს შეხვდა კვირიკეში მოსახლეობას. მაშინ კობა ნაკაიძე „ბათუმელებს“იმაზე ესაუბრა, რას დაჰპირდა მოსახლეობას ქობულეთის მერის მოადგილე – „საკითხი გადაცემულია აჭარის მთავრობაზე, მას შესაბამისი კომისია შეისწავლის და ამ კომისიის დასკვნის საფუძველზე მიიღებენ გადაწყვეტილებასო“.

ამ თემაზე: სოფელ კვირიკეში ლოდებით დატვირთული სატვირთო გადაბრუნდა

დეპუტატის ინფორმაციას, რომელსაც ის ქობულეთის გამგებლის მოადგილისგან ფლობდა, არ ადასტურებენ აჭარის მთავრობაში. აქ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ კვირიკეს საკითხზე კომისია შექმნილი არ არის. იგივე განაცხადა ჩვენთან ქობულეთის მერის მოადგილემ.

„კომისია არა, არ არის შექმნილი. ჩვენ დავპირდით მოსახლეობას, რომ ვუშუამდგომლებთ შესაბამის უწყებებთან, ვისაც კარიერზე ზედამხედველობა ევალება. მოსახლეობის მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია მიწოდებულია ამ უწყებებზე და კონტროლზე ჰყავს მერიას ეს საკითხი აყვანილი“, – გვითხრა დავით ვერულიძემ, ქობულეთის მერის მოადგილემ.

მერის მოადგილის თქმით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი იმ უწყების, რომელიც სალიცენზიო საქმიანობას აკონტროლებს, მაქსიმალურად ჩართულობა იქნება საჭირო, რომ კარიერი გაკონტროლდეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით ეს უწყება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროა.

„მოსახლეობის ერთი ნაწილი სამუშაოების გაჩერებასაც ითხოვს, მაგრამ ეს სალიცენზიო საქმიანობაა – კონკრეტულ სუბიექტს ლიცენზია აქვს მოპოვებული და სამართლებრივად მისი სამუშაოები კანონიერია… ვცდილობთ, ეს ურთიერთობა რაღაც ჩარჩოებში მოექცეს და მოწესრიგდეს“, – ამბობს დავით ვერულიძე.

ზედა კვირიკეს მიმდებარედ ანდეზიტო-ბაზალტის საბადოდან 51 000 კუბური მეტრი საღორღე ნედლეულის მოპოვების ლიცენზიაზე აუქციონი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2014  წელს გამოაცხადა. აუქციონი, სადაც ორი პრეტენდენტი მონაწილეობდა, ამავე წლის ნოემბერში დასრულდა. ლიცენზია 1356-ე ბიჯზე, 979 012 ლარად გაიყიდა. საწყისი ფასი 7 167 ლარი იყო.

ლიცენზიანტი კომპანია არის შპს „ქობულეთი მ“, რომელიც 2013 წელს დააფუძნა ქობულეთში ნუგზარ მახარაძემ. ის კომპანიის ერთპიროვნული მფლობელი და დირექტორია.

„5 წელია ნაყიდი მაქვს და ვალის გარდა არაფერი მრჩება. მოსახლეობა არ გვაძლევს მუშაობის საშუალებას, არადა ნებართვით, ოფიციალურად და კანონიერად ვაკეთებ ყველაფერს აფეთქების ჩათვლით. თან არანაირი გვირაბული, პატარ-პატარა აფეთქებებს ვახდენთ. ხელისუფლებამ მომყიდა ლიცენზია, მოსახლეობა კი გამოდის და – არ გაიაროთ, გზა გაფუჭდა, სახლი დამეშალა… მოსახლეობას პასუხი ხელისუფლებამ უნდა გასცეს და მე მუშაობის საშუალება უნდა მომცენ. გზა სადაც დაზიანდა, ჩემმა კომპანიამ გააკეთა. 1,5 წელი დამრჩა და ასეთ პირობებში როდის გამოვიტან იმ მოცულობის ნედლეულს არ ვიცი. ავტომანქანის ერთ ღერძზე მაქსიმუმ 10 ტონა ტვირთს ვდებთ – რამდენღერძიანიცაა მანქანა, იმის მიხედვით. ეს შეთანხმებულია აჭარის საგზაოსთან და ამასთან ყველა შესაბამის უწყებასთან მაქვს ხელშეკრულება გაფორმებული“, – გვითხრა ნუგზარ მახარაძემ.

ლიცენზიანტს ამჟამად ჰყავს ქვეკონტრაქტორი კომპანია „კონსორციუმი“, რომელიც უშუალოდ ეზიდება ლოდებს ბათუმში, სადაც ზღვის ნაპირდამცავი სამუშაოები ტარდება. კვირიკეს მოსახლეობა ამბობს, რომ ტექნიკური ნორმები დაცული არ არის და მანქანებს 20-30 ტონის ნაცვლად 45-50 ტონა და მეტი ტვირთი გადააქვს.

„ვინ აწონა? ყოველდღიური და ყოველსაათობრივი კონტროლი გვაქვს ტვირთის. მანქანა ყოველდღე ადის სასწორზე, იწონება და rs.ge-ზე [შემოსავლების სამსახური-ავტ.] იტვირთება ყველაფერი – ოფიციალურად გადააქვს ტვირთი. გადაიტანო ზედმეტი და მიუთითო ნაკლები, არ ხდება ასე. მოსახლეობას თუ აქვს პრეტენზია, ჟურნალისტი რა შუაშია, რატომ უნდა გავცე თქვენს კითხვებს პასუხი, ვერ ვხვდები. ხელშეშლაა ის, როცა გვერდზე ვიღაცა რაღაცას იტყვის და ჩვენ სერიოზულად უნდა მივიღოთ“, – გვითხრა სატელეფონო საუბარში გოდეძი გოგიბერიძემ, შპს „კონსორციუმის“ დირექტორმა.

მისივე თქმით, „ასეთი ფაქტი – ზედმეტი ტვირთი გადაჰქონდა მანქანას, რომ ყოფილიყო, ის დაჯარიმდებოდა. მანქანის პატრონიც არ იზამს 30-ის ნაცვლად 40 ტონა დადოს და სასწორზე ნაკლები გაატაროს. ასეთი არ ხდება. არის ისეთი მანქანები 50-და 60 ტონის გადატანა შეუძლიათ, მაგრამ მასეთზე უნდა მივიღოთ სპეციალური ნებართვა საპატრულოში, თუმცა ასეთი მანქანა არ მუშაობს ჩვენთან და არც ასეთი ტვირთი გადის“.

კომპანიის დირექტორს სოფლის გზის დაზიანებაზეც ვკითხეთ. „გზის პრობლემა იყო, აღმოვფხარით და როცა გაფუჭდება, ყოველთვის უნდა გავარემონტოთ. ჯერჯერობით, მთავარია გზა შევინარჩუნოთ სამუშაო მდგომარეობაში. ბოლოს კი, როცა მუშაობას დავამთავრებთ, უნდა აღვადგინოთ, გავაკეთოთ ახალი გზა. ეს ვალდებულება აღებული გვაქვს აჭარის მთავრობასთან შეთანხმებით“, – გვითხრა გოდერძი გოგიბერიძემ.

კითხვაზე, როდის დაასრულებს კომპანია მუშაობას? – გოდერძი გოგიბერიძე ამბობს, რომ მას კონტრაქტი 2021 წლამდე აქვს.

„როგორც ვიცით, საპატრულო პოლიცია აკონტროლებს ავტომანქანებზე ტვირთის წონას“, – გვითხრეს აჭარის მთავრობის პრესსამსახურში.

არის თუ არა შეთანხმება საპატრულო პოლიციასთან, კონტროლდება თუ არა ტვირთის წონა, ან იყო თუ არა დარღვევები – ამ კითხვებზე პასუხს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მეოთხე დღეა ველოდებით.

ტვირთის გადაადგილებას სოფლის გზაზე არ აკონტროლებს არც ქობულეთის მუნიციპალიტეტი. „ჩვენ არ ვაკონტროლებთ. რამდენადაც ვიცი, მათ აჭარის ეკონომიკის სამინისტროსგან სპეციალური ზედამხედველი ჰყავთ“, –  გვითხრა მინდია რომანაძემ, ქობულეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა.

მოსახლეობა ამბობს, რომ კვირიკედან ქვა არალიცენზიანტ კომპანიებსაც გააქვთ და არავინ აკონტროლებს. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ კვირიკეს კარიერის საკითხი მათ არ ეხებათ.

წიაღის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით კი, ნებისმიერ კარიერს ამოწმებენ როგორც გეგმიურად, ასევე არაგეგმიურად. თუმცა, მოიპოვებენ თუ არა კვირიკეს მიმდებარედ ქვას უკანონოდ, ინფორმაცია ვერ მივიღეთ.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ კვირიკეს მიმდებარედ ნედლეულის მოპოვებაზე ლიცენზია სამ კომპანიას ჰქონდა. ამჯერად იქ მხოლოდ ერთი ლიცენზიანტი, შპს „ქობულეთი მ“ მუშაობს: „კომპანია „ლიბერთიმ“ დაასრულა მუშაობა, ლიცენზია ჰქონდა კიდევ ერთ კომპანიას „ჯორჯტრანსს“, მაგრამ არ უმუშავია და არც მუშაობს. მთის კარიერებს, სადაც ლიცენზია ჩვენი სამინისტროს მიერ არის გაცემული, ზედამხედველობს ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილება. თუ რაიმე გონივრული ეჭვი იქნება ან შემოვა შეტყობინება, განყოფილება იმ შეთხვევაში სწავლობს საკითხს“.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, „ქობულეთი მ“ კარიერამდე მისული არ არის: „კომპანიას ამ ეტაპზე კარიერამდე მისასვლელი გზა გაჰყავს. დაახლოებით სამი წლის წინ მოხდა ინსპექტირება ჩვენ მიერ და გზის სამუშაოების მოწყობაზე ეს კომპანია 1000 ლარამდე დაჯარიმდა – გზის საზღვრების 1-1,5 მეტრომდე ცდომილებისთვის“.

საქართველოს შინაგან საქმეთა და ეკონომიკური განვითარების მინისტრების ერთობლივი ბრძანება:

  • ზენორმატიულად დატვირთულ (მძიმეწონიან) ავტოსატრანსპორტო საშუალებად ითვლება ისეთი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის თითოეულ ღერძზე დატვირთვა აღემატება 10 ტონას (გარდა ერთწამყვანღერძიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, რომლის წამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს 11,5 ტონას) ან/და გადასაზიდი წონა აღემატება ქარხანა-დამამზადებლის მიერ მოცემული ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილ ტვირთამწეობის ზღვარს ან/და მისი საერთო წონა – 44 ტონას.
  • საავტომობილო ტრანსპორტით არაგაბარიტული და ზენორმატიული ტვირთების გადაზიდვა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მათი საგაბარიტო პარამეტრების კორექტირება შეუძლებელია ან/და ტვირთი არ ექვემდებარება დაშლა-დანაწილებას. არაგაბარიტული და ზენორმატიული ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებული ხარჯები (საავტომობილო გზებისა და ხელოვნური ნაგებობების შესაძლო ნაწილობრივი რეკონსტრუქციის ღონისძიებების და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ხარჯები) ეკისრება გადამზიდველს.
  • გზის ან საგზაო ნაგებობების დაზიანებისათვის, რომელიც გამოიწვია საგზაო მოძრაობის წესების და ამ წესის მოთხოვნების დაუცველობამ, პასუხისმგებლობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ეკისრებათ ტვირთის გადამტან ორგანიზაციას და ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლს.

საქართველოს მთავრობის დადგენილება:

  • ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე საავტომობილო ტრანსპორტით არაგაბარიტული და ზენორმატიული ტვირთის გატარება დასაშვებია საპატრულო პოლიციასა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან შეთანხმებით (რეკომენდაციით).
  • საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე საავტომობილო ტრანსპორტით არაგაბარიტული და ზენორმატიული ტვირთის გატარება ხორციელდება საპატრულო პოლიციასა და საავტომობილო გზების დეპარტამენტთან შეთანხმებული მარშრუტით.

მთის კარიერი სოფელ კვირიკესთან / ფოტო სატელიტიდან, 2018 წ.

მთავარი ფოტო: სოფელ კვირიკეში, ძველ მეჩეთთან/ჯამესთან ახლოს, ლოდებით დატვირთული სატვირთო ავტომანქანა გადაბრუნდა / 16.03.2019
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com