მთავარი,სიახლეები

„ჩემი შემოსავალი ეს იყო, რა ვქნა ახლა?“ – კვადროციკლის გამქირავებლები აქციას გეგმავენ

05.03.2019 • 2492
„ჩემი შემოსავალი ეს იყო, რა ვქნა ახლა?“ – კვადროციკლის გამქირავებლები აქციას გეგმავენ

„ეს რომ აკრძალეს, ვინმემ ჩვენზე თუ იფიქრა, რა უნდა ვქნათ?“ – ეს კვადროციკლისა და ელექტრომობილების ერთ-ერთმა გამქირავებელმა გვითხრა ბათუმის ბულვარში. ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, პირველი მაისიდან ბათუმის ბულვარში კვადროციკლების, მოტოციკლებითა და ელექტრომობილებით სეირნობა აიკრძალება. ეს გადაწყვეტილება საკრებულომ დღეს, 5 მარტს, მიიღო.

საკრებულოს გადაწყვეტილების საპასუხოდ ბულვარში საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან. კვადროციკლის გამქირავებლები ეთანხმებიან ბულვარის ადმინისტრაციას და საკრებულოს იმაში, რომ სიტუაცია ხშირად უმართავი იყო, თუმცა მათი აზრით, აკრძალვა გამოსავალი არ არის.

„უნდა მიეღოთ რეგულაციები, როგორ გაუმჯობესებულიყო. კი, იყო ქაოსი, მაგრამ ახლა რა უნდა ქნას ამდენმა ხალხმა? იცით თქვენ რამდენი ადამიანი მუშაობდა ამ საქმეზე? ხალხს სესხი აქვს აღებული და ტენდერს უცდიდა ისევ. რომ იძახიან დაზიანდა ხალხიო, არავინ არ დაზიანებულა ჩემთან. ან თუ დაზიანებაა, ველოსიპედით მოსიარულეც ზიანდება მასე,“ – ამბობს ნოდარ დუმბაძე.

ბადრი ყურშუბაძე დანახარჯზე ამახვილებს ყურადღებას, რაც მან და კვადროციკლის სხვა გამქირავებლებმა გაიღეს. მისი თქმით, საკრებულოს გადაწყვეტილება ათეულობით ოჯახს დააზარალებს.

„ერთი კვადროციკლი, ჩამოყვანის ხარჯიანად, 700 დოლარი ჯდება. მე არ დამიხარჯავს, მეგობრისაა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს. 100 ცალი იყიდა და ამის იმედი ჰქონდა… ითქვა, რომ სხვაგან შეიძლება მოეწყოს ამისთვის ადგილიო, მაგრამ სხვაგან სად, ქუჩაში ვერ ივლი ამით,“ – გვითხრა ბადრი ყურშუბაძემ.

მოსაზრებას, რომ კვადროციკლით ხშირად ადამიანები ზიანდებოდნენ, ეთანხმება ელექტრომანქანების კიდევ ერთი გამქირავებელი მამუკა ქათამაძეც. იგი მიიჩნევს, რომ თუკი დაცვის პოლიცია სიტუაციას გააკონტროლებდა, პრობლემა მოგვარდებოდა.

„პრობლემა იყო ასევე კვადროციკლების დიდი რაოდენობა. თუკი იმ რაოდენობის კვადროციკლი იქნებოდა აქ, როგორც ეს ტენდერით იყო გათვალისწინებული, მაშინ აღარ იქნებოდა პრობლემა…. დაცვის პოლიციას კი არ უნდა ეძინოს, უნდა ნახოს, ვინ სად დადის და დააჯარიმოს, თუ ვინმე ზოლზე არ მოძრაობს.

მე ახლაც სეზონს ვუცდიდი, რომ რამე მეშოვა. ამით ვირჩენდი თავს, ახლა რა ვქნა? ქვევითაც თქვეს ბიჭებმა საპროტესტო აქცია გავმართოთ მერიასთანო, სხვა გამოსავალი არ ვიცი“, – უთხრა „ბათუმელებს“ მამუკა ქათამაძემ.

ნოდარ დუმბაძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: