მთავარი,სიახლეები

ხელსაქმით გაყვანილი 7 წელი საპატიმროში

27.03.2019 • 1599
ხელსაქმით გაყვანილი 7 წელი საპატიმროში

„ქუთაისში სადაც დასაქმება მოვინდომე, ხელფასი ყველაგან 300 ლარია, როგორ უნდა იცხოვრო ამ ხელფასით? ბაზარში ორჯერ წასვლას არ ეყოფა, თან თუ ორი მცირეწლოვანი გყავს შინ“ – ამბობს ყოფილი პატიმარი და ამით ხსნის, რომ თვითდასაქმება ურჩევნია. 62 წლის ფოთოლა ხისგან ჩარჩოებს, საქანელებს, სკამებს ამზადებს, თექაზე მუშაობს, ქსოვს, ქარგავს და ნამუშევრებს შეძლებისდაგვარად ყიდის. 7 წელი გაატარა საპატიმროში და ხელსაქმით დააღწია თავი უიმედობას და რთულად გასაყვან დროს.

„ჩემი მეუღლე სოციალურად დაუცველთა კავშირის თავმჯდომარე იყო, ეს ხელს უშლიდა ვარდების რევოლუციის შემდეგ მაშინდელ ხელისუფლებას. ერთ-ერთი ამერიკული კორპორაციის, „ოქროს საწმისის“ თავმჯდომარეც იყო, კომპანიაში ერთად ვმუშაობდით. ერთ დღეს ჩვენს სახლში, გვიან ღამით 12 შეიარაღებული სპეცრაზმელი შემოიჭრა, არ ვიცი საიდან ჩამიდეს ნარკოტიკი, ჩანთაშიც, ღამის პერანგის ჯიბეშიც კი. ხელები შემიკრეს და მითხრეს, რომ ნარკომოვაჭრე ვიყავი და თურქეთიდან შემომქონდა ნარკოტიკი. თვალითაც არ მქონდა ნანახი ეს ნივთიერება, ვერ ვხვდებოდი რას და რატომ მაბრალებდნენ. შვიდწლიანი პატიმრობისას დავფიქრდი და მივხვდი, რომ ჩემი დაკავება არჩევნებს, ბიზნესის დატერორებას და წილების წართმევის პერიოდს დაემთხვა, ამ პერიოდს შეეწირა ჩვენი ოჯახიც. ქმარი ინსულტით გარდაიცვალა, დავკარგეთ ბინა, ქონება და შვიდი წლით ჩამსვეს ციხეში” – ამბობს ფოთოლა ლაგვილავა.

ყვება, რომ ნარკოტიკის შეძენა, შენახვა, გასაღების მუხლით გაასამართლეს. 2012 წლამდე საკანში რამდენიმე ქალთან ერთად ცხოვრობდა საკანში. ამნისტიის შემდეგ საკანში მარტო დარჩა და დღედაღამ ქარგავდა. ცდილობს ყველა გამოფენაზე წავიდეს, სადაც ნამუშევრების ჩვენებას შეძლებს, მაგრამ მიუხედავად ამისა ამბობს, რომ ნამუშევრების გაყიდვა ჭირს.

ქუთაისში რძალთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს.

„ხან ნამუშევრებს ვყიდი, ხან პენსია წამოგვეწევა და ასე გადის წუთისოფელი. ქუთაისში ვცხოვრობთ, ნაქირავებ ბინაში. ჩემი რძალი ვერ მუშაობს, ბავშვებს ვერ ტოვებს“ – ამბობს ყოფილი პატიმარი.

„ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში მას ხის დასამუშავებელი დაზგა გადაეცა, იმედოვნებს, რომ მომავალში ელექტროშალაშინისა და სახელოსნოსთვის აუცილებელი სხვა ხელსაწყოების შეძენასაც შეძლებს.

 

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: