Batumelebi | ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე: ექიმები თავდასხმისგან დაცვას ითხოვენ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე: ექიმები თავდასხმისგან დაცვას ითხოვენ – Batumelebi
RU | GE  

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე: ექიმები თავდასხმისგან დაცვას ითხოვენ

„ისეთ განვითარებულ ქვეყანაშიც კი, როგორც ამერიკის შეერთებული შტატებია, ასეულობით ათასი პაციენტი კვდება სამედიცინო შეცდომების გამო… ამით იმის თქმა მინდა, რომ არსებობს შეცდომები, რომლებიც გარდაუვალია. ჩვენ გვჭირდება პროაქტიული სისტემის განვითარება, რაც გულისხმობს მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილებას, როცა ეს შესაძლებელია,“ – ამბობს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, მარინა დარახველიძე. მას ვკითხეთ ე.წ. „სამედიცინო შეცდომებზე“ სახელმწიფო რეაგირების პოლიტიკა რამდენად ადეკვატურია და ეფექტური.

ექიმების პროფესიული თუ სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხზე მსჯელობა ძირითადად მხოლოდ კონკრეტულ ტრაგიკულ შემთხვევებში აქტიურდება. ბოლო ასეთი შემთხვევა 29 წლის მელანო ფუტკარაძის გარდაცვალება იყო. ის მწვავე აპენდიციტის დიაგნოზით „მედცენტრში“ გარდაიცვალა, თუმცა გარდაცვლილის ოჯახი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალს ადანაშაულებს, სადაც მელანო თავდაპირველად მივიდა. ამ საქმეს სამედიცინო რეგულირების სააგენტო უკვე სწავლობს. მიმდინარეობს გამოძიებაც.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, მარინა დარახველიძე ფიქრობს, რომ არსებული რეგულაცია, როცა თითოეულ ინდივიდუალურ შემთხვევას სამედიცინო რეგულირების სააგენტოს პროფესიული განვითარების საბჭო განიხილავს, მტკიცებულებაზე ორიენტირებული სისტემაა. იგი ასევე არ ეთანხმება შეფასებას, რომ ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხის განხილვა დროში გაწელილია.

„საბჭო გადაწყვეტილებას იღებს მტკიცებულებების შესაბამისად. ის არა ვარაუდებს, არამედ მხოლოდ საექსპერტო დასკვნებს ეყრდნობა. საბჭო იკრიბება თვეში ერთხელ და მსჯელობის საგანი ხდება ასევე არსებული გაიდლაინები; განიხილება, კლინიკური თვალსაზრისით გაწეული სამედიცინო დახმარება შეესაბამებოდა თუ არა ქვეყანაში არსებულ გაიდლაინებს, თითოეული ექიმის საქმე წყდება ამ გზით… შესაბამისად, დასკვნა უნდა იყოს ზუსტი და მისი განხილვა არ უნდა ემსახურებოდეს ფორმალიზაციის პროცესს… ვინც არ ეთანხმება საბჭოს გადაწყვეტილებას, შეუძლია მიმართოს სასამართლოს,“ – გვითხრა მარინა დარახველიძემ.

რატომ აქვთ ადამიანებს განცდა, რომ რეალურად არ ისჯებიან ექიმები? ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს ოფიციალური სტატისტიკაც შევახსენეთ, რომელიც „ბათუმელებს“ სამედიცინო რეგულირების სააგენტომ მოაწოდა და რომლის მიხედვითაც, 2018 წელს 348 ექიმის საქმიდან მხოლოდ ორს შეუჩერდა სრულად სახელმწიფო სერტიფიკატი.

„ის, რაც ჩვენთვის არის სტატისტიკა, კონკრეტული ადამიანისთვის არის სახელი და გვარი, ემოციური ფონი ძალიან მაღალია და ეს გასაგებია. პროფესიულმა საბჭომ პერსონალურად უნდა იმსჯელოს. არ ვლინდება ყოველთვის პაციენტის ან მისი ახლობლის განცხადებაში მოყვანილი ფაქტები… ზოგჯერ პაციენტის ან მისი ოჯახის შეხედულება არ ემთხვევა პროფესიული საზოგადოების შეხედულებას. პაციენტი ფიქრობს, რომ ექიმი უნდა მოქცეულიყო ასე და ასე, მაგრამ მას ხშირად სამედიცინო ცოდნა არ გააჩნია,“ – ამბობს მარინა დარახველიძე.

ჯანდაცვის ექსპერტის, თენგიზ ვერულავას თქმით, ევროპის ქვეყნებში უკვე მიღებული პრაქტიკაა სამედიცინო ინტერნეტპორტალზე კლინიკებისა და კონკრეტული ექიმების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის განთავსება. მისივე თქმით, პორტალზე პაციენტი ნახულობს ინფორმაციას ექიმების წარმატებისა და შეცდომების შესახებ.

„კულტურული თავისებურებების გათვალისწინების გარეშე, პირდაპირ გადმოღება არ იქნება მიზანშეწონილი… სავალდებულო არ არის ზუსტად გავიმეოროთ რომელიმე ქვეყნის მოდელი, თუ ის არ იქნება ადაპტირებული ჩვენი ქვეყნისთვის,“ – მიიჩნევს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მარინა დარახველიძე. მან ასევე გვითხრა, რომ ამ იდეაზე შესაძლოა პროფესიულმა წრეებმა იმსჯელონ.

განიხილავს თუ არა ხელისუფლება და კონკრეტულად ჯანდაცვის სამინისტრო ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის რეაგირების სხვა მოდელს? – მარინა დარახველიძის თქმით, ამ ეტაპზე რაიმე სხვა მოდელი არ განიხილება.

„მაგალითად, სამედიცინო პერსონალი მიიჩნევს, რომ ისინი თავდასხმის მსხვერპლნი არიან, მათ შორის, ფიზიკური. ისინი ითხოვენ დაცვას… ასე რომ ჩვენ ბევრი გვაქვს სამსჯელო,“ – დასძინა „ბათუმელებთან“ საუბრის დროს მარინა დარახველიძემ.

______________

მთავარ ფოტოზე: მარინა დარახველიძე. ფოტო: FB

ამავე თემაზე: 

ომბუდსმენი: სამედიცინო პერსონალის საქმიანობაზე მოქალაქეთა განცხადებების შესწავლა ჭიანურდება

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი