მესამე დღეა სოცმუშაკები საპროტესტო აქციას მართავენ. გაფიცული სოცმუშაკები სისტემურ ცვლილებებს ითხოვენ იმისთვის, რომ ცარიელი ხელებით არ მივიდნენ ადამიანებთან, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ სახელმწიფოს ზრუნვა.
სახელმწიფო ანუ ჯანდაცვის სამინისტრო სოცმუშაკების მიერ დასახელებულ მოთხოვნებს ნაწილობრივ ეთანხმება, თუმცა სოცმუშაკების მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარს ამბობს. დავით სერგეენკოს უწყება პრობლემას ვერც გაფიცვაში ხედავს. სამინისტროში აცხადებენ, რომ სოცმუშაკების ფუნქციას ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლები შეასრულებენ.
ჯანდაცვის სამინისტრო შრომითი უფლებების დაცვაზეცაა პასუხისმგებელი. რა ჩანს საკუთარი თანამშრომლების მიმართ სამინისტროს ამგვარი დამოკიდებულებით? – „ბათუმელებმა“ რამდენიმე კითხვა იურისტს ანა დოლიძეს დაუსვა.
- ქალბატონო ანა, თქვენ რა დაინახეთ ჯანდაცვის სამინისტროს საკუთარი თანამშრომლების, ამ შემთხვევაში, სოცმუშაკების მიმართ დამოკიდებულებაში? ეს სამინისტრო პასუხისმგებელია შრომითი უფლებების დაცვაზეც.
სახელმწიფო უნდა იყოს სტანდარტების დამდგენი საზოგადოებისა და კერძო სექტორისთვის, როგორ უნდა მოუფრთხილდეს დასაქმებულ ადამიანს და უზრუნველყოს კარგი სერვისი. ჩვენ ვიღებთ პირიქით: ეს სფერო არ არის ჯანდაცვის სამინისტროსთვის პრიორიტეტი, მიგდებული და მარგინალიზებულია ეს სფერო. ამიტომაც არ აქვთ ამ თანამშრომლებს რესურსები. მეორეა, უშუალოდ გაფიცვასთან მიმართ დამოკიდებულება – ეს არის რეალურად ბარბაროსული დამოკიდებულება, რადგან თუნდაც კაპიტალისტურ ქვეყანაში, როგორიცაა ამერიკა და რომელსაც მე ძალიან კარგად ვიცნობ, იქაც კი, გაფიცულების მიმართ არის პატივსაცემი დამოკიდებულება, მათ უსმენენ განსაკუთრებით, როცა ადამიანები შრომითი უფლებებისთვის იბრძვიან. ჩვენთან კი, არის დამოკიდებულება, რომ თითქოს ვინც ხმა ამოიღო, დამნაშავეა. ხელისუფლება ამბობს, რომ მისი ლოზუნგი არის ადამიანი და ადამიანის უფლებების დაცვა. ამ დროს სოციალური მუშაკები მუშაობენ ყველაზე მოწყვლად, სოციალურად დაუცველ ჯგუფებთან და ეს ადამიანები გეუბნებიან, ცარიელი ხელებით ნუ მიშვებ მათთანო. ამ ადამიანებსაც კი არ უსმენს ხელისუფლება.
- ქვეყანაში, სადაც სიღარიბის მაჩვენებელი მაღალია, რატომ შეიძლება არ ინტერესდებოდეს ხელისუფლება იმ პრობლემებით, რაზეც სოცმუშაკები საუბრობენ?
მარტივი ახსნაა: ჩვენ გვაქვს არადემოკრატიული პოლიტიკა. მაგალითად, რატომ ვერ კრძალავს პარლამენტი აზარტული თამაშების რეკლამას? იმიტომ, რომ ამის უკან დგას უდიდესი ლობი, ვის დაკრულზეც დადიან ჩვენი პარლამენტარები. ადამიანები, ვისაც ემსახურებიან სოცმუშაკები, არიან მარგინალიზებულები და ჩვენ ხელისუფლებას მათი აზრი არ აინტერესებს. მათი დიდი ნაწილი არჩევნებზეც არ დადის, მათ ფული არ აქვთ და პირიქით, სახელმწიფოსგან სჭირდებათ მხარდაჭერა. ამ თემაში უნდა ჩაერთოს რაც შეიძლება მეტი ადამიანი. ეს უნდა გახდეს აქტიური დისკუსიის საგანი.
- რატომ ვერ გახდა სოცმუშაკების გაფიცვა აქტუალური თემა? სოციალური ქსელის გამოხმაურებიდან ჩანს, რომ საზოგადოების ნაწილს არც იმაზე აქვს ინფორმაცია, რომ სოციალური მუშაკი არ არის აგენტი, რომელიც სოციალურად დაუცველების ქულებს ითვლის, რის მიხედვითაც შემდეგ სტატუსს ანიჭებენ ან არ ანიჭებენ?
ამ თემას ნამდვილად სჭირდება საზოგადოებრივი ცნობიერება… ჩვენ უნდა ვუთხრათ საზოგადოებას, რომ არ მოხდებოდა, მაგალითად, იგივე ხორავას ქუჩის ინციდენტი, თუკი მსგავს სიტუაციას სოცმუშაკები პირველები გაიგებდნენ, რომ არსებობს დაძაბულობა მოზარდებს შორის და საჭიროა პრევენციული ღონისძიებები. ნორმალურ ქვეყნებში, როგორც წესი, ოჯახი, როცა მას რაიმე პრობლემა ექმნება, პირველ რიგში, მიმართავს სოციალურ მუშაკს, ამ სამსახურს…
ჩვენ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რაზე საუბრობენ სოცმუშაკები, მაგალითად, ქუჩაში დარჩენილი ბავშვი, რომელიც მშიერია და არსად წასასვლელი არ აქვს. სოცმუშაკი გეუბნება, რომ მას ხშირად არ აქვს არანაირი სერვისი, ამ ბავშვს შესთავაზოს. ის ბავშვს ვერაფრით ეხმარება. უნდა გავიაზროთ, რომ თუ არ გვინდა უბედურება უბედურებაზე გვქონდეს, გვჭირდება ძლიერი სოციალური სამსახური. ამის გარეშე წარმოუდგენელია.
- ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ინტერესი თუ გამოიწვია ამ გაფიცვამ?
ვერა და აქაც პრობლემაა: მთელი პოლიტიკური სპექტრი არის სოციალურად გაუცნობიერებელი, ჩვენი პოლიტიკოსები, ძირითადად, ელაპარაკებიან ერთმანეთს. ვინმეს აინტერესებს ქვეყანაში, რას ფიქრობს მდინარაძე ბესელიაზე ან ბესელია მდინარაძეზე? რამდენ ხანს შეიძლება ამაზე და მსგავს თემებზე ვილაპარაკოთ ქვეყანაში, სადაც არსებობს უამრავი გამოწვევა ტრანსპორტით დაწყებული, ბავშვების სიკვდილიანობით დასრულებული.