განათლება,მთავარი,სიახლეები

სქესობრივი განათლება სკოლაში სასულიერო პირების ჩართულობით – ჯაშის კომენტარი კილაძის ინიციატივაზე

28.03.2019 • 3933
სქესობრივი განათლება სკოლაში სასულიერო პირების ჩართულობით – ჯაშის კომენტარი კილაძის ინიციატივაზე

საქართველოს პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ არ იცნობს ბავშვთა კოდექსში იმ ჩანაწერს, რომელიც მოზარდის სქესობრივ აღზრდას უკავშირდება და რომელზეც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი მუშაობს.

„აღნიშნულ ჩანაწერს მე არ ვიცნობ, როგორც კი დავბრუნდები პარლამენტში, მექნება კონსულტაცია სოფო კილაძესთან და ვეცდები ჩემი გამოცდილება, გაეროს ბავშვთა ფონდში მოღვაწეობის დროს, მათ შორის რეპროდუქციული ჯანმრთელობის განათლების თვალსაზრისით, გავუზიარო და შევჯერდეთ იმ მიდგომაზე, რომელიც იქნება როგორც საზოგადოებისთვის მისაღები, ასევე იქნება მნიშვნელოვანი და აუცილებელი ინფორმაცია ბავშვებისთვის შესაბამის კონტექსტში მისაწოდებელი“.

„ბათუმელების“ კითხვაზე, მისი აზრით, უნდა იყოს თუ არა მხოლოდ მშობლის სურვილზე დამოკიდებული, მიიღოს მოზარდმა სქესობრივი განათლება? მარიამ ჯაში ამბობს, რომ მშობლის ჩართულობა სასწავლო პროცესში არის მნიშვნელოვანი, „მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა გავეცნო საფუძვლებს, რის ბაზაზეც მოხდა შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. ალბათ არსებობს ისეთი სენსიტიური საკითხები, სადაც მშობელთა უფრო აქტიური ჩართულობა სასურველი იქნება. არ ვიცნობ დეტალებს, ამიტომ როცა გავეცნობი დამატებით კომენტარს შემდეგ გავაკეთებ“.

საქართველოს პარლამენტი აპირებს „ბავშვთა კოდექსში“ ჩანაწერის გაკეთებას, რომლის მიხედვით, მიიღოს თუ არა მოზარდმა სქესობრივი განათლება, ამის გადაწყვეტილებას მშობელი იღებს.

გუშინ, 27 მარტს, ამის შესახებ განცხადება გააკეთა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ კომიტეტის სხდომაზე „ბავშვთა კოდექსზე“ საუბრის დროს.

მან თქვა, რომ „სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები დასაშვები იქნება მხოლოდ და მხოლოდ მშობლის თანხმობით“.

ასევე, თუ ოჯახი მოითხოვს კონკრეტულ კრიზისულ შემთხვევებში მართლმადიდებელ ეკლესიას და სხვა კონფესიებს (ვისაც მოითხოვს ოჯახი), „უფლება ექნებათ, ჩაერთონ და კონსულტაციები გაიარონ ამ კონკრეტულ საკითხთან მიმართებით”.

არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან კრიტიკული გამოხმაურების შემდეგ, აღნიშნულ კომიტეტში განმარტეს, რომ სოფო კილაძე საუბრობდა სასულიერო პირების ჩართვაზე სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან დაკავშირებით, რამაც კიდევ უფრო მეტი კითხვები გააჩინა.

როგორც მარიამ ჯაში ამბობს, ბავშვთა კოდექსთან დაკავშირებით, განათლების კომიტეტს არ უმსჯელია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: