მთავარი,სიახლეები

“იქნებ, პრემიერმა თეატრიდან მაინც გადმოგვხედოს” – კვადროციკლის მფლობელების აქცია

27.03.2019
“იქნებ, პრემიერმა თეატრიდან მაინც გადმოგვხედოს” – კვადროციკლის მფლობელების აქცია

კვადროციკლებისა და ელექტრომობილების მფლობელები დღეს, 26 მარტს, ბათუმის დრამატულ თეატრთან ახლოს, საოცრებათა სკვერში, მოულოდნელად შეიკრიბნენ. მათ პრემიერთან შეხვედრის იმედი აქვთ.

“იქნებ პრემიერთან მოვახერხოთ შეხვედრა, ან იქნებ თეატრიდან მაინც გადმოგვხედოს – იკითხოს, რა უნდა აქ ამდენ ხალხსო,” – ამბობენ აქციაზე შეკრებილები.

კვადროციკლის მფლობელები ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც ელექტრომობილები ბულვარის ტერიტორიაზე პირველი მაისიდან ვეღარ იმოძრავებენ. ინიციატორი ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია იყო.

“ჩვენ პირობას ვდებთ, რომ 300-მდე კვადროციკლი დარჩება ბულვარში, დაბალი სიჩქარით ვიმუშავებთ და მხოლოდ ამ ზაფხულს გვამუშაონ… გაფრთხილებული არ ვყოფილვართ, ისე გვტოვებენ ლუკმა-პურის გარეშე, საბანკო სესხებით,“ – გვითხრა მამუკა დავითაძემ.

20 მარტს კვადროციკლების მფლობელებმა საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობის აპარატის შენობასთან გამართეს. არჩილ ჩიქოვანი, აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი, აქციის მონაწილეებს ბათუმის საკრებულოსთან შუამდგომლობას დაჰპირდა.

აქციის მონაწილეების თქმით, მათ საკრებულოდან და აჭარის მთავრობიდან პასუხი ჯერ არ მიუღიათ, ისე გამართეს მორიგი საპროტესტო აქცია.

“პასუხი არ მიგვიღია, მაგრამ რამდენ ხანს უნდა ველოდოთ… ჩვენი მოსმენა არავის უნდა,” – ამბობს აქციის კიდევ ერთი მონაწილე, ჯაბა გოხიძე.

“კვადროციკლების მფლობელების წერილი გადაგზავნილია საკრებულოსა და ბულვარის ადმინისტრაციაში შემდგომი რეაგირებისთვის,” – გვითხრეს აჭარის მთავრობის პრესცენტრში.

“ამ ეტაპზე სამუშაო პროცესი მიმდინარეობს და მიღებული გადაწყვეტილებები უახლოეს პერიოდში გახდება  ცნობილი,” – ეს კი ბათუმის საკრებულოს პრესცენტრში გვითხრეს.

„ჩემი შემოსავალი ეს იყო, რა ვქნა ახლა?“ – კვადროციკლის გამქირავებლები აქციას გეგმავენ

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: