მთავარი,სიახლეები

ისევ ბულვარის კონცეფცია – „ოაზისი“ „ბათუმის ბულვარს“ სასამართლოში უჩივის

21.02.2017 • 3487
ისევ ბულვარის კონცეფცია – „ოაზისი“ „ბათუმის ბულვარს“ სასამართლოში უჩივის

კომპანია „დრიმლენდ ოაზისი“, რომელსაც სხვა სამუშაოებთან ერთად, ბათუმის ბულვარის კონცეფციაც უნდა შეემუშავებინა, ბულვარის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივის.

2015 წელს კონცეფციის შემუშავება კომპანიას ბათუმის ბულვარმა დაავალა, თუმცა კონცეფციის ის ვარიანტი, რომელიც ძველ ბულვარში შუა ალეის, ანუ სამიდან ერთ-ერთი ხეივნის გაუქმებას ითვალისწინებდა, საზოგადოებამ გააპროტესტა.

საზოგადოების პროტესტი კიდევ უფრო გაამწვავა იმან, რომ აჭარის მთავრობამ კონცეფციაზე მუშაობა და ალეის გაუქმება პარალელურ რეჟიმში დაიწყო. აჭარის მთავრობა საბოლოოდ იძულებული გახდა ალეის გაუქმებაზე უარი ეთქვა და განაცხადა, რომ კომპანიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

ალეა შენარჩუნდა, თუმცა, როგორც “ბათუმელების” ხელთ არსებული დოკუმენტებიდან ირკვევა, ბათუმის ბულვარმა კონცეფცია აღარ ჩაიბარა, ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტა და კომპანიას თანხა არ გადაურიცხა.

„დრიმლენდ ოაზისი“ ამჯერად სასამართლოსგან ითხოვს, რომ „ბათუმის ბულვარს“ კომპანიის სასარგებლოდ მინიმუმ 96 ათასი ლარის გადახდა დაეკისროს.

ხელშეკრულების შეწყვეტა

ბულვარის ადმინისტრაციამ ბათუმის ბულვარის ტოპოგრაფიული გეგმისა და კონცეფციის შემუშავება-დაგეგმარებაზე ხელშეკრულება [თანხა 240 ათასი ლარი] გამარტივებული შესყიდვის წესით, ყოველგვარი ტენდერისა თუ კონკურსის გარეშე, შპს „სასტუმრო სანატორიუმი ოაზისთან“ [„დრიმლენდ ოაზისი“] 2015 წლის 7 ოქტომბერს გააფორმა.

აღნიშნული ხელშეკრულების ინსპექტირების ჯგუფი, „ბათუმის ბულვარის“ ინფორმაციით, ბულვარის დირექტორის ბრძანებით, მხოლოდ 2016 წლის 24 ივნისს შეიქმნა. შესაბამისად, ერთ თვეზე მეტი იყო გასული, რაც ბათუმის ბულვარისთვის კონცეფციის საბოლოო ვარიანტი „ოაზისს“ ჩაბარებული ჰქონდა [2016 წლის 13 მაისს].

„ინსპექტირების ჯგუფი 2016 წლის 28 ივნისს შეიკრიბა და მიიღო გადაწყვეტილება, ბათუმის ბულვარს წერილობით მიემართა კომპანიისთვის და ეთხოვა გამოვლენილი ხარვეზებისა და შენიშვნების უმოკლეს ვადაში აღმოფხვრა. ამასთან, მხარეთა შეთანხმებით მომხდარიყო 2015 წლის 07 ოქტომბრის ხელშეკრულების მოქმედების ვადის ერთი თვით გაგრძელება“, – მოგვწერეს ბულვარის ადმინისტრაციიდან.

28 ივნისს წერილობით მივმართეთ „დრიმლანდ ოაზისის“ ხელმძღვანელს, ბატონ ნიკოლოზ გეგუჩაძეს. წერილში აღნიშნულია, რომ კონცეფცია განხილული იქნა ინსპექტირების ჯგუფის მიერ. განხილვის დროს გამოვლენილი იქნა მთელი რიგი ხარვეზები. აღნიშნული ხარვეზების აღმოსაფხვრელად გაძლევთ ერთთვიან ვადას. ვინაიდან ჩვენს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა იწურება 2016 წლის 30 ივნისს, აღნიშნულიდან გამომდინარე გთხოვთ, მობრძანდეთ და მხარეთა შეთანხმებით საფუძველზე ხელშეკრულების მოქმედების ვადა გავაგრძელოთ 2016 წლის 30 ივლისის ჩათვლით“, – აცხადებს „ბათუმის ბულვარი“.

ბულვარის საპასუხო წერილში „დრიმლენდ ოაზისი“ აღნიშნავს, რომ კომპანიამ „სრულად და ჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მათ მიერ მომზადებული კონცეფცია სრულად შეესაბამება ტექნიკურ დავალებას; ისინი არ იზიარებენ ბათუმის ბულვარის წერილით წარმოდგენილი ინსპექტირების ჯგუფის ხარვეზებს და მიიჩნევენ, რომ არ არსებობს დამატებითი ვადის დაწესებისა და ხელშეკრულების გაგრძელების საჭიროება“.

ამონარიდი „ოაზისის“ წერილიდან, რომელიც ბულვარის ადმინისტრაციას გადაეგზავნა

ამონარიდი „ოაზისის“ წერილიდან, რომელიც ბულვარის ადმინისტრაციას გადაეგზავნა 2016 წლის 30 ივნისს

ბულვარიდან მოწოდებული დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ ბულვარი [ფაქტობრივად, აჭარის მთავრობა] და კომპანია, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებაზე, კონცეფციის ნაწილში, ვერ შეთანხმდნენ. კომპანია კი აცხადებს, რომ მან შეასრულა ის სამუშაო, რაც დამკვეთმა, ანუ ბულვარმა დაავალა:

ოაზისი

ამონარიდი „ოაზისის“ წერილიდან, რომელიც ბულვარის ადმინისტრაციას გადაეგზავნა 2016 წლის 30 ივნისს.

ბულვარში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ მიუხედავად მათი მოთხოვნისა, წარმოდგენილ კონცეფციაში შუა ალეას ადგილზე კვლავ მინდორი იყო, ანუ ალეა წარმოდგენილი კონცეფციის ბოლო ვერსიის მიხედვით, გაუქმებულია.

„მიმართვის მიუხედავად არ მომხადარა არც ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელება და არც ინსპექტირების ჯგუფის მიერ მიწოდებული მთელი რიგი ხარვეზების აღმოფხვრა, „დრიმლენდ ოაზისის“ მიერ არ არის სრულად და ჯეროვნად შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2016 წლის 18 ივლისს მივმართეთ „ქართუ ბანკს“ და ვთხოვეთ ბანკის მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიის  საფუძველზე, ჩაერიცხათ თანხა – 7 200 ლარი, ხოლო საავანსო საბანკო გარანტიის საფუძველზე – 64 ათასი ლარი“, – აცხადებს „ბათუმის ბულვარი“. ეს თანხა ბულვარის ანგარიშზე „ქართუს“ არ გადაურიცხია, მიმდინარე სასამართლო პროცესის გამო.

როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, „ოაზისს“ ბულვარმა გადაურიცხა ჯამში 144 ათასი ლარი, საიდანაც 64 ათასი ლარი, ბულვარის ინფორმაციით, დასაბრუნებელია უკან, რაზეც არსებობს „ქართუ ბანკისგან საგარანტიო წერილი“, დანარჩენი 80 ათასი ლარი კი კომპანიას სხვა სამუშაოების შესრულებისთვის [ტოპოგეგმა] ეკუთვნის. თავის მხრივ, „დრიმლენდ ოაზისი“ თანხას სრულად, ანუ 240 ათას ლარს ითხოვს, რისთვისაც კომპანიამ სასამართლოს მიმართა.

სასამართლოს ქრონოლოგია ბულვარისგან გამოთხოვნილი დოკუმენტების მიხედვით:

  • 2016 წლის 19 ივლისს „დრიმლენდ ოაზისმა“ სასამართლოს მიმართა განცხადებით სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზნით – რათა  ბათუმის ბულვარისათვის აეკრძალათ „ბანკი ქართუს“ მიერ გაცემული საბანკო გარანტიებით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურების მოთხოვნა;
  • 2016 წლის 20 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გამოიტანა განჩინება, რომლითაც დააკმაყოფილა „დრიმლენდ ოაზისის“ მოთხოვნა და სსიპ ბათუმის ბულვარს აეკრძალა საბანკო გარანტიებით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურების მოთხოვნა;
  • ბულვარის მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული ინფორმაციით, მოსამართლის მიერ გამოტანილ განჩინებამდე ბულვარს უკვე მოთხოვნილი ჰქონდა თანხა ბანკისგან [2016 წლის 18 ივლისს].

„ჩვენ მიერ გასაჩივრებული იქნა 2016 წლის 20 ივლისის განჩინება. ამ დროისთვის საბოლოო პასუხი არ არის ცნობილი. ასევე გავასაჩივრეთ აღსრულების ეროვნული ბიუროს გადაწყვეტილებაც, რომელმაც მიმართა ბანკს და აუკრძალა ნებისმიერი მოქმედების განხორციელება ბანკი ქართუს მიერ გაცემულ საბანკო გარანტიებზე… სასამართლოს მიერ ამ ეტაპზე საბოლოო გადაწყვეტილებები მიღებული არ არის“, – აღნიშნულია ბულვარის მიერ ჩვენთვის 2017 წლის 20 თებერვალს მოწერილ წერილში.

ბულვარის ინფორმაციით, 2016 წლის 28 ივლისს „დრიმლენდ ოაზისმა“ სარჩელი შეიტანა სასამართლოში, რომლითაც მოითხოვა:

  • სსიპ ბათუმის ბულვარისათვის დრიმლენდ ოაზისის სასარგებლოდ 96 000 ლარის გადახდის დაკისრება;
  • შესრულებულად და შეწყვეტილად იქნას აღიარებული 2015 წლის 7 ოქტომბრის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება;
  • დაეკისროს სსიპ ბათუმის ბულვარს დრიმლენდ ოაზისის სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის სახით, 96 000 ლარის წლიური 12%-ის ანაზღაურება 2016 წლის 25 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

„ბათუმის ბულვარმა აღნიშნულ სარჩელზეც შეიტანა შესაბამისი შესაგებელი, სრულად არ ცნობს სასარჩელო მოთხოვნებს… საქმის სასამართლო განხილვა ჯერ არ დაწყებულა“, – გვითხრეს ბულვარის ადმინისტრაციაში.

მოუწევს თუ არა „ბულვარს“ 96 ათასი ლარის [დამატებით წლიური 12%-ის] გადახდა, ბუნებრივია, საბოლოოდ სასამართლო გადაწყვეტს. თუმცა, ასეთი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ბულვარს მოუწევს ჩაიბაროს ის კონცეფცია, რომელიც ძველ ბულვარში უკვე ვეღარ განხორციელდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბულვარმა 160 ათასი ლარი გადაიხადა საქმეში, რომლისგანაც სარგებელს, ალბათ, ვერ ნახავს. ეს არის აჭარის ბიუჯეტის ფული, შესაბამისად, კანონით იმ პირების პასუხისმგებლობაც უნდა დადგეს, ვინც ეს თანხა არამიზნობრივად გახარჯა.


inspeqtirebis jgufi

ხელშეკრულების ინსპექტირების ჯგუფის შექმნის ბრძანება


ბულვარის თემაზე:

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, გასული წლის დეკემბერში უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, რომ მთავრობა ბათუმის ბულვარის კონსერვაციას აპირებს. მიმდინარე წლის იანვრიდან ბულვარის ადმინისტრაციას ეთერ მაჭუტაძე ხელმძღვანელობს.

მერია ბულვარზე უარს არ ამბობს, მაგრამ არც იბრუნებს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: