მთავარი,სიახლეები

10 შეკითხვა USAID-ის მისიის დირექტორს საქართველოში – ინტერვიუ

28.03.2019 • 3293
10 შეკითხვა USAID-ის მისიის დირექტორს საქართველოში – ინტერვიუ

რა მიმართულებებია პრიორიტეტული USAID-ისათვის (ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო) საქართველოში, როგორ მონაწილეობს USAID-ი ანაკლიის პროექტში, რა ეტაპზეა სასამართლო რეფორმა, რა არის მთავარი გამოწვევა დღეს ქართული მედიისა და არასამთავრობო სექტორისთვის – ამ და სხვა თემებზე „ბათუმელები“ გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს USAID-ის საქართველოს მისიის დირექტორთან, პიტერ ვიბლერთან.

  • რა სფეროებია ამჟამად პრიორიტეტული USAID-ისთვის საქართველოში  და რა საქმიანობას ახორციელებთ ამ პრიორიტეტების ხელშესაწყობად?

ფართოდ თუ შევხედავთ, USAID-ს დღეს აქვს ორი მთავარი პრიორიტეტი – ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის  და დემოკრატიისა და მმართველობის ხელშეწყობა. დემოკრატიისა და მმართველობის კონტექსტში ჩვენ ხელს ვუწყობთ მარგინალიზებული ადამიანების ჩართულობას და, ზოგადად, სოციალურ განვითარებას. ჩვენი ხედვით, ეს ორი პრიორიტეტი საკვანძოა საქართველოსთვის, რომელსაც ევროკავშირის წევრობა და დასავლეთთან მჭიდრო ინტეგრაცია სურს.

ჩვენი უმთავრესი მიზანია, საქართველო ყოველმხრივ დაუახლოვდეს ევროპას, როგორც ეკონომიკურად, ისე მმართველობის თვალსაზრისით. ასევე ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ საქართველოს, თვითონ დაგეგმოს და წარმართოს საკუთარი განვითარების პროცესი. ყველა აქტივობა, რომელსაც მხარს ვუჭერთ ამ ქვეყანაში, სწორედ მისი პოტენციალის გაძლიერებას ემსახურება.

  • სასამართლო რეფორმის ფარგლებში როგორ უწყობს USAID ხელს სასამართლოს გაძლიერებას?

ჩვენი სტრატეგიაა სასამართლო სისტემის ორივე მხარესთან მუშაობა – საზოგადოებასთან, რომელსაც სასამართლო სჭირდება და სასამართლოსთან, რომლის დამკვეთიც საზოგადოებაა. მოსამართლეებს ვაცნობთ ევროპულ და ამერიკულ პრაქტიკას, იქაურ პროცედურებს; ვეხმარებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და იუსტიციის უმაღლეს სკოლასაც. ერთი სიტყვით, ჩვენი მხარდაჭერა აქვს სასამართლო ხელისუფლებას, რომელიც ახორციელებს მართლმსაჯულებას ამ ქვეყანაში და სამოქალაქო საზოგადოებასაც, რომელიც სასამართლო სისტემის რეფორმაზე სხვადასხვა ფორმით მუშაობს. ეს ორი მიმართულება ერთობლიობაში ქმნის პროგრამას, რომელიც ხელს უწყობს სასამართლო რეფორმას და, ამავე დროს, მოიცავს როგორც სამოქალაქო საზოგადოებას და სასამართლო სისტემის მიღმა არსებულ ჯგუფებს, რომლებიც რეფორმების ადვოკატირებას ეწევიან, ასევე იმ ჯგუფებს, რომლებიც თავად ახორციელებენ ამ რეფორმებს.

  • ბოლო თვეებია, საქართველოში აქტიურად განიხილება სასამართლო რეფორმა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში, მოხსენიებულია სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები. როგორ ხედავთ თქვენი მხარდაჭერის შედეგს სასამართლო სისტემაში?

სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების შესახებ იმ კვლევისა და ანალიზის საფუძველზე მზადდება, რომელიც ტარდება როგორც საქართველოში, ჩვენს საელჩოში, ისე ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტში. სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ იმით, თუ როგორი საზოგადოებრივი დისკუსია გამოიწვია ამ ანგარიშმა. ვნახე მოსამართლეების, მთავრობის წევრების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების განსხვავებული რეაქციები. ეს კარგია, აშკარაა, რომ მიმდინარეობს დემოკრატიული დისკუსია და ეს პოზიტიური რამაა, მიუხედავად იმისა, თუ რას ფიქრობენ კონკრეტული ადამიანები ანგარიშში მოყვანილ ფაქტებსა და ანალიზზე.

რაც შეეხება ჩვენი პროგრამების შედეგებს – ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ბატონი უილსონი, საელჩოს სხვა თანამშრომლები, პირადად მეც, საჯაროდ აღვნიშნავთ, რომ საქართველოს სასამართლო სისტემის რეფორმაში უდავო პროგრესია, თუმცა ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ზოგადად, სასამართლო რეფორმა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან ერთად მის ეკონომიკაზეც აისახება, რადგან დამოუკიდებელი სასამართლო ინვესტორისთვის კაპიტალის უსაფრთხოდ დაბანდებას ნიშნავს. საქართველო ინვესტირებისა და ბიზნესის განვითარების მიმზიდველი და უსაფრთხო ადგილი უნდა იყოს ინვესტორისთვის, სულერთია, ქართველი იქნება ის თუ უცხოელი. ამგვარი შედეგის მისაღწევად, როგორც უკვე აღვნიშნე, ჯერ კიდევ ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან მთავრობასა და პარლამენტში, რომ სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა რაც შეიძლება სწრაფად წავიდეს წინ. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ საქმე არა მხოლოდ სწრაფად, არამედ სწორადაც გაკეთდეს. ჩვენ მრავალმხრივი მხარდაჭერა აღმოვუჩინეთ პარლამენტს და ჩვენს პარტნიორებს ამ მიმართულებით და ამ მხარდაჭერას მომავალშიც გავაგრძელებთ.

  • ადრე სასამართლო რეფორმაზე ელიტა მსჯელობდა, ახლა განხილვებში საზოგადოება მეტად ჩაერთო. საზოგადოება შიშობს, რომ ერთი გავლენიანი ჯგუფის ხელში აღმოჩნდება სასამართლო სისტემა. რაში ხედავს გამოსავალს USAID, როგორ შეიძლება გაძლიერდეს სასამართლო სისტემა?

ჩვენ რეფორმების ხელშეწყობა, ცხადია, ახლა არ დაგვიწყია, ბოლო ათი წელია, ვეხმარებით საქართველოს, თვითონ შეძლოს მართლმსაჯულების ეფექტიანად განხორციელება და მიაღწიოს შედეგს. აქტიურად ვთანამშრომლობთ პარტნიორებთან საქართველოს პარლამენტში, მთავრობაში, ვმუშაობთ საერთაშორისო პარტნიორებთანაც, მათ შორის ევროპის საბჭოსთან და ევროკავშირთან. ელჩი უილსონი ხშირად ესაუბრება სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს, რათა  საქმე სწრაფად წავიდეს წინ. ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ ისეთ საკითხებზე, რომლებიც პრიორიტეტულად მიგვაჩნია და რომლებიც ასე შეიძლება შევაჯამოთ:  წარდგენისა და შერჩევის პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე, შეძლებისდაგვარად ღია და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი; კანდიდატები და უზენაეს სასამართლოში წარდგენილი პირები უნდა შეირჩნენ კარგად განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე, ეს კრიტერიუმები კი უზენაესი სასამართლოს მოსამართლისთვის საჭირო კვალიფიკაციას უნდა მოითხოვდეს. შერჩევის კრიტერიუმებში ისიც უნდა აისახოს, რომ ადამიანები სასამართლო სისტემაში სხვადასხვა გზით შეიძლება მოხვდნენ, ასეთი მიდგომა ევროპულ პრაქტიკაში მიღებულია, ვგულისხმობ იმას, რომ იმისთვის, რომ გახდე კარგი მოსამართლე, არ არის აუცილებელი უკვე გქონდეს მოსამართლეობის გამოცდილება.

  • როგორ აფასებს USAID საქართველოში მდგომარეობას ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, თუ ადევნებთ თვალს ისეთ საქმეებს, როგორიცაა აფგან მუხთარლის, ვიტალი საფაროვის საქმეები?

რა თქმა უნდა, თვალყურს ვადევნებთ იმას, რაც ხდება. ამერიკის საელჩომ, რომლის ნაწილიც არის USAID, უკვე გააკეთა კომენტარი ამ კონკრეტულ საქმეებზე და მე ამაზე  აღარ ვისაუბრებ. USAID მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობაში არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ჩვენ ამაზე ვმუშაობდით ყველა მისიაში, სადაც კი მე მიმსახურია. პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში მხარს ვუჭერთ სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებს, ჟურნალისტებს, თავისუფალ მედიაზე ხელმისაწვდომობას, სიტყვის თავისუფლებას, რელიგიის თავისუფლებას, ტოლერანტობას უმცირესობების და მარგინალიზებული ხალხის მიმართ. ამ  ყველაფერს ვაკეთებთ ადამიანის უფლებების მხარდასაჭერად. მე ვამაყობ იმ სამუშაოთი, რაც საქართველოში გავწიეთ, როგორც ტოლერანტობის ხელშეწყობის კუთხით, ასევე ადამიანის უფლებების  დამცველთა მხარდაჭერით. ეს არიან ადამიანები, რომლებიც აქ საქართველოში უშიშრად იცავენ სხვა ადამიანების უფლებებს. მათ შორისაა “ ბათუმელებიც”.

  • ანაკლიის პროექტზე მინდა გკითხოთ – როგორ მონაწილეობს USAID ანაკლიის პროექტში? TBC ბანკის ირგვლივ მიმდინარე პროცესები რა გავლენს იქონიებს ამ პროექტზე?

რამდენიმე კვირის წინ ვიყავი ანაკლიაში, სადაც ღონისძიება გვქონდა ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ერთად. მაშინ ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ USAID ამაყობს ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან პარტნიორობით. USAID არ მონაწილეობს პორტის მშენებლობაში, ჩვენ არ ვართ ინვესტორები, ჩვენი მიზანია ანაკლიის მიმდებარე დასახლებების ეკონომიკური თვითგანვითარებისა და ზრდის მხარდაჭერა. ეს დასახლებები საკმაოდ მარგინალიზებულია, ისინი  ხომ აფხაზეთთან ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარეობენ. აქ მოსახლეობის დიდი ნაწილი საკმაოდ ხელმოკლედ ცხოვრობს. მათ ნამდვილად სჭირდებათ ყურადღება და ეკონომიკური შესაძლებლობები.

ჩვენი პროექტი „ზრდა“, ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან თანამშრომლობით, ანაკლიის მიმდებარე დასახლებებს სთავაზობს ტრენინგებს და საგრანტო შესაძლებლობებს, რითაც ხელს ვუწყობთ ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც თავის მხრივ, დაეხმარება ანაკლიის პორტის მუშაობას მისი აშენების შემდეგ. რაც შეეხება TBC ბანკის თემას, როგორც ანაკლიაშიც აღვნიშნე და როგორც ელჩმა უილსონმაც თქვა, მსოფლიო აკვირდება, თუ როგორ მოიქცევა ამ შემთხვევაში საქართველო. ამას აკვირდებიან არა მხოლოდ სხვა ქვეყნების მთავრობები, არამედ ბიზნესები, საერთაშორისო ბანკები და ინვესტორები. ინვესტორებმა თავი უსაფრთხოდ უნდა იგრძნონ და უნდა ჰქონდეთ სისტემის ნდობა. თუ ისინი ჩადებენ ფულს რომელიმე ქვეყანაში ან ეკონომიკურ პროექტში, უნდა იცოდნენ, როგორ დაიცვან საკუთარი ინვესტიცია და როგორ მიიღონ შესაბამისი სამართლებრივი ზომები თუკი საქმე ცუდად წავა. ეს ყველაფერი ასე სწორხაზოვანია. ამ შემთხვევაში, მთელი რიგი ნიშნები გამოჩნდა, რამაც კითხვები აღძრა პოტენციურ ინვესტორებში. უნდა გვახსოვდეს, რომ მნიშვნელოვანია როგორც უცხოური ინვესტიციები, ასევე ადგილობრივი ბიზნესის განვითარება, რადგან სწორედ ინვესტიციები ქმნის სამუშაო ადგილებს და ხელს უწყობს ეკონომიურ განვითარებას, ეს კი საქართველოში ყველას სურს.

  • ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესს წარუდგინა ახალი წლის ბიუჯეტი, რომელშიც USAID-ისთვის დაფინანსების შემცირებას სთავაზობს. ელით თუ არა რომ თქვენი ბიუჯეტი შემცირდება და, თუკი შემცირდება, როგორ ასახება ეს საქართველოზე?

თბილისში ჩამოსვლამდე, USAID-ის საბიუჯეტო ოფისის დირექტორის მოვალეობას ვასრულებდი, ასე რომ, ამ კითხვის პასუხი კარგად ვიცი. ამერიკის შეერთებულ შტატებში ბიუჯეტის სისტემა ასე მუშაობს – თეთრი სახლი ან ადმინისტრაცია კონგრესს სთავაზობს ბიუჯეტს  და კონგრესი განიხილავს მას. პრეზიდენტმა ტრამპმა, როგორც აღმასრულებელი შტოს ხელმძღვანელმა, კონგრესს გადასცა საკუთარი ხედვა. უკვე მესამე წელია, თეთრი სახლი კონგრესს სახელმწიფო დეპარტამენტის და USAID-ის ბიუჯეტის შემცირებას და პრეზიდენტისთვის პრიორიტეტული სფეროების დაფინანსების გაზრდას სთავაზობს. პრეზიდენტის ვადის პირველი ორი წლის განმავლობაში, კონგრესი არ დათანხმდა შემცირებას და შეინარჩუნა დაფინანსების ადრინდელი დონე სახელმწიფო დეპარტამენტისა და USAID-ისთვის მთელ მსოფლიოში.

ბოლო ბიუჯეტში დახმარების პროგრამებისთვის საქართველოს დაფინანსება კონგრესმა გაზარდა კიდეც. ეს ასახავს ამერიკის კონგრესის მხარდაჭერას საქართველოს  და მისი დემოკრატიული რეფორმების მიმართ. ყურადღება ექცევა იმასაც, რომ საქართველო რთულ და სახიფათო სამეზობლოში მდებარეობს. კონგრესი შეაფასებს 2019 წლის ბიუჯეტს და ვნახავთ თუ რა დაფინანსდება. როგორც უკვე მოგახსენეთ, ბოლო ორი წლის განმავლობაში კონგრესმა თეთრი სახლის წინადადებას ბიუჯეტის შემცირების შესახებ მხარი არ დაუჭირა.

  • USAID საქართველოში დიდი ხანია მხარს უჭერს მედიას, როგორ უწყობთ ხელს მედიას საქართველოში ამჟამად და, თქვენი აზრით, რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა მედიისთვის?

ჩვენ ახლა მხარს ვუჭერთ რეგიონულ მედიას საქართველოში და ამას  ჩვენი  შესანიშნავი პარტნიორის მეშვეობით ვაკეთებთ, ჩვენ ადგილობრივ მედია საშუალებებს, იქნება ეს ონლაინმედია თუ რადიო, ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ ტექნიკურ დახმარებას და, ზოგიერთ შემთხვევაში, საგრანტო მხარდაჭერას ან მატერიალურ დახმარებას ვაწვდით, რათა მათ გააფართოვონ აუდიტორია, გაძლიერდნენ და წვლილი შეიტანონ ინფორმაციის თავისუფალ მიმოცვლაში. დამოუკიდებელი მედია სასიცოცხლო როლს თამაშობს ნებისმიერ დემოკრატიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში იქნება ეს, ევროკავშირში თუ აქ, საქართველოში. დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერა არის ჩვენი სტრატეგიის საკვანძო ნაწილი.

საქართველოში ყველაზე დიდი გამოწვევა მედიისთვის ისაა, რომ აქ პოლარიზებული სისტემაა, ასეთ გარემოში კი ორგანიზაციების ობიექტურობის ხარისხი იკლებს და მათ სულ უფრო მეტად უძნელდებათ დამოუკიდებლობის შენარჩუნება. მეორე გამოწვევა უფრო გლობალური ხასიათისაა. მედია ინდუსტრია ძალზე დინამიური ინდუსტრიაა, ხდება მედია კომპანიების კონსოლიდაცია გლობალურ დონეზე, მცირე მედია საშუალებებს კი სულ უფრო და უფრო უჭირთ შემოსავლების მოზიდვა და თვითკმარ ორგანიზაციებად ჩამოყალიბება.

  • USAID-ის შეფასებით, რა მიმართულებით სჭირდება გაძლიერება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს?

ეს საკითხი ძალიან ახლოსაა ჩემს გულთან. მე ბევრ ქვეყანაში ბევრი მიმუშავია სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაზე. პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა, ვისაც კი შევხვდი და ვისთანაც კი ვიმუშავე იმ მოკლე დროში, რაც საქართველოში ვარ. მთელ რიგ ორგანიზაციებს დედაქალაქში, ვისთანაც USAID მჭიდროდ თანამშრომლობს, აქვთ გამორჩეული ტექნიკური ცოდნა, ჰყავთ მაღალკვალიფიციური თანამშრომლები, ინსტიტუციურადაც საკმაოდ ძლიერები არიან. ძალიან მინდა, რომ მსგავსი ორგანიზაციები მრავლად იყოს ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისსა და მთელ საქართველოში.

მეორე რაც ამ ქვეყანას სჭირდება, არის ის, რომ უფრო მეტმა ორგანიზაციამ იმუშაოს ერთად. თუმცა არა მხოლოდ მედია, სამოქალაქო საზოგადოებაც კი პოლარიზებულია. კარგი იქნება თუ გვექნება მეტი ქსელი, კოალიცია, ფორუმი, სადაც ერთმანეთისგან განსხვავებული ორგანიზაციები ერთად იმუშავებენ საერთო საზრუნავზე და საერთო მიზნისთვის, აი, თუნდაც ბათუმში რომ გაერთიანებულიყვნენ კულტურული სივრცეების დასაცავად. ამის მაგალითია კოალიცია მართლმსაჯულების რეფორმისთვის.

და მესამე – საქართველოში უნდა განვითარდეს ადგილობრივი ქველმოქმედება. ქვეყანაში არიან შეძლებული ადამიანები და ძლიერი კომპანიები. კარგი იქნება, თუ ისინი მხარს დაუჭერენ  სამოქალაქო მიზნების მისაღწევად აუცილებელ აქტივობებს.

  • თქვენ თუ ხედავთ პრობლემას იმაში, რომ მთავრობა აკრიტიკებს არასამთავრობო ორგანიზაციებს? ცოტა ხნის წინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ის ფაქტები მოხვდა, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეაგროვეს. ის, რომ ეს ფაქტები სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა, ნიშნავს თუ არა იმას, რომ ისინი, უბრალოდ, ფაქტები კი არ არის, არამედ მინიშნებაა სისტემურ პრობლემაზე?

სახელმწიფო დეპატამენტის ანგარიშზე ადამიანის უფლებების შესახებ ისაუბრებენ სახელმწიფო დეპარტამენტი და ჩემი კოლეგები ამერიკის საელჩოდან. USAID-ის პარტნიორია საქართველოს მთავრობა, ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოს სასამართლო სისტემასთან, პარლამენტთან, მთელ რიგ სამინისტროებთან, მათ შორის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, ეკონომიკის სამინისტროსთან, ფინანსთა სამინისტროსთან, იუსტიციის სამინისტროსთან. ჩვენ პარტნიორები ვართ, ძლიერი პარტნიორები და ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება.

ჩვენ აგრეთვე ვართ სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორები, იმიტომ, რომ გვჯერა, რომ სამოქალაქო საზოგადოება, დამოუკიდებელი ინსტუტუტები, როგორებიცაა არასამთავრობო ორგანიზაციები, საგამოძიებო ჟურნალისტიკა, ზოგადად, თავისუფალი მედია, სასიცოცხლო და არსებით როლს თამაშობენ დემოკრატიის განვითარებაში.

რაც შეეხება კრიტიკას, ის ორმხრივია, სამოქალაქო საზოგადოება აკრიტიკებს ლიდერებს პარლამენტსა და მთავრობაში, ხოლო მთავრობა აკრიტიკებს სამოქალაქო საზოგადოებას. მთავარია, კრიტიკა იყოს კონსტრუქციული და პროფესიონალური. ასეთი კრიტიკა მისაღებია. ვიმედოვნებთ, რომ არცერთი მხარე არ გადაკვეთს ზღვარს და არ მიაწებებს ერთმანეთს დაუმსახურებელ იარლიყებს, არ გამოიყენებს ისეთ რიტორიკას როგორიც ვნახეთ საპრეზიდენტო არჩევნებზე და ზოგიერთ სხვა სიტუაციაში.

აქ საკვანძო სიტყვაა “კონსტრუქციული“. კონსტრუქციული კრიტიკა არის დემოკრატიული ცხოვრების ჯანსაღი ნაწილი. ორგანიზაციებს, რომლებიც დამოუკიდებლები არიან, უნდა ჰქონდეთ უფლება, აკრიტიკონ მთავრობა თუკი მიიჩნევენ, რომ ის, რასაც მთავრობა აკეთებს არ შედის საზოგადოების ინტერესებში, ზუსტად ისევე, როგორც მთავრობას აქვს უფლება და ვალდებულება, გააკეთოს ის რის გასაკეთებლადაც აირჩიეს. USAID-ში იმედი გვაქვს, რომ კრიტიკა იქნება კონსტრუქციული.

 

USAID-ის საქართველოს მისიის დირექტორის, პიტერ ვიბლერის შესახებ: პიტერ ვიბლერი USAID-ის საქართველოს მისიის დირექტორი გახდა 2018 წლის ივლისში. სანამ საქართველოში შეუდგებოდა საქმიანობას, პიტერ ვიბლერი იყო USAID-ის ვაშინგტონის ოფისში ბიუჯეტისა და რესურსების მართვის ოფისის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.

პიტერ ვიბლერი, საგარეო საქმეთა სამსახურის უფროსი მოხელეა. მას დიდი გამოცდილება აქვს დემოკრატიის განვითარების სფეროში. სანამ ამჟამინდელ თანამდებობაზე დაიწყებდა მუშაობას, ის ხელმძღვანელობდა დემოკრატიის და მმართველობის მიმართულებას USAID-ის სხვადასხვა მისიაში. პიტერ ვიბლერი მუშაობდა ავღანეთში, დასავლეთ სანაპიროზე/ღაზას სექტორში, სერბეთში, უკრაინაში, ბელარუსსა და მოლდოვაში.

სანამ USAID-ს შეუერთდებოდა 2002 წელს, ის 7 წლის განმავლობაში უძღვებოდა ფრიდომ ჰაუსის ბუდაპეშტის რეგიონულ ოფისს.

პიტერ ვიბლერი ფლობს გერმანულ, რუსულ და სერბულ ენებს.

გადაბეჭდვის წესი