მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

დაზიანდა თუ არა ივანიშვილის ხის გადატანის გამო გზა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 2 მილიონი დაიხარჯა

28.03.2019 • 2824
დაზიანდა თუ არა ივანიშვილის ხის გადატანის გამო გზა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 2 მილიონი დაიხარჯა

ქობულეთში, ალამბარი-ზენითის გზა, რომლის შეკეთებაში 2018 წელს აჭარის ბიუჯეტიდან 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯა, ზოგიერთ ადგილზე უკვე დაზიანებულია. ამ გზით გადაიტანეს სოფელ ზენითში ბიძინა ივანიშვილის დენდროპარკისთვის განკუთვნილი მრავალწლოვანი ხე. მოსახლეობის თქმით, ახალგაკეთებული გზა და რკინის მოაჯირი სწორედ გიგანტური ხის ტრანსპორტირებისას დაზიანდა; რკინის მოაჯირი კი ერთ ადგილზე მოხსნეს და სხვა ადგილზე, დაზიანებულის ნაცვლად დაამონტაჟეს.

აჭარის გზების დეპარტამენტის წარმომადგენელი გიგანტური ხის გადატანის გამო გზის დაზიანებას არც უარყოფს და არც ადასტურებს. გზის შემკეთებელი კომპანია კი, რომელსაც სხვა ტენდერებიც აქვს მოგებული, უარყოფს გზის დაზიანებას ხის ტრანსპორტირების გამო.

„დაზიანების შესახებ ვიცით. გაბიონი გადახრილია და ასფალტის საფარზეც არის დაზიანება. მაგრამ კომპანიას, რომელმაც გააკეთა ეს გზა, აქვს მისი მოვლა-შენახვის ვალდებულება სამი წლის განმავლობაში. ასე, რომ ეს პრობლემა არაა. კომპანიამ გაბიონთან დაკავშირებით იცის. ასფალტის რაღაც კუთხეა ჩამოტეხილი –  ამინდში გავლა, ამას უნდა აზომვა და იმის მიხედვით იქნება რეაგირება“, – გვითხრა ერეკლე კახიძემ, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ქობულეთის განყოფილების უფროსმა.

ალამბარი-ზენითის გზის შეკეთებაზე, აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტსა და ტენდერში გამარჯვებულ შპს „სამკუთხედს“ შორის ხელშეკრულება 2018 წლის 29 ივნისს გაფორმდა, ჯამური ღირებულებით [ანუ გადასახადების ჩათვლით] 1 943 999 ლარზე. ხელშეკრულებაში ცვლილება სამჯერ შევიდა და, შესაბამისად, დოკუმენტების მიხედვით, საბოლოოდ კომპანიას შესრულებული სამუშაოსთვის თანხა – 1 931 315 ლარი სრულად აუნაზღაურდა.

ხელშეკრულების მიხედვით, საგარანტიო ვადა 3 წელია [2021 წლის ჩათვლით], რომლის განმავლობაშიც კომპანიამ საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს დეფექტების აღმოფხვრა მიმართვიდან 30 დღეში.

უკავშირდება თუ არა გზის დაზიანება ბიძინა ივანიშვილისთვის სოფელ ზენითში მოთხრილი გიგანტური ხის ტრანსპორტირებას? – გზების დეპარტამენტის ქობულეთის განყოფილების უფროსი ამბობს, რომ მას ამის არც დადასტურება შეუძლია და არც უარყოფა.

„მაგ გზაზე ახლა  მოძრაობს მძიმე ტექნიკა და რაღაცამ გამოიწვია დაზიანება. კონკრეტული ფაქტის მომსწრე რომ ვყოფილიყავი, რაღაცას დაგიდასტურებდით. ვისი ბრალიც არ უნდა იყოს, კომპანიამ რა საფარიც მოაწყო, იმან უნდა გაუძლოს დატვირთვას. თუ უარყოფს კომპანია და იტყვის ჩემი ბრალი არ არისო, მაშინ უნდა დაიწყოს მოკვლევა, დამტკიცება… მაგრამ არ არის ისეთი საგანგაშო დაზიანებები“, – გვითხრა ერეკლე კახიანმა.

მისივე თქმით, არაგაბარიტული და მძიმეწონიანი ტვირთის აღნიშნულ გზაზე ტრანსპორტირება მის განყოფილებასთან შეთანხმებული არ ყოფილა: „ამიტომ ვერ გეტყვით იმ კომპანიას, რომელმაც ხე გადაიტანა. არაგაბარიტული ტვირთის გატანას შესაბამის უწყებებს შეათანხმებდა. ეს გზა გათვლილია ნებისმიერ ტვირთზე, რაც სოფელში გადაადგილდება, მაგრამ  ზუსტი წონის და გაბარიტების შესახებ ვერ გეტყვით. ახლა ხეების ტრანსპორტირების საკითხია, თორემ მაქ შეიძლება მშენებლობა ჰქონდეს ვინმეს და ტრაილერით გაიტან-გამოიტანოს ტვირთი, ყველაფერს ხომ არ შეათანხმებს“.

„ბათუმელები“ შპს „სამკუთხედის“ დირექტორს, ზაზა ჩხაიძეს დაუკავშირდა, რომელმაც ჩვენს ხელთ არსებული ფოტოების მისთვის გადაგზავნა გვთხოვა.

„ხის გადატანის მიზეზი ეს არ უნდა იყოს. არც რკინის მოაჯირები მოგვიხსნია და გადაგვიტანია სხვა ადგილზე. გაბიონს რაც შეეხება, მაქ მთიდან ნიაღვარი მოდის და შეიძლება სტიქია იყოს მიზეზი. საგანგაშო მდგომარეობას ვერ ვხედავ, აღვადგენთ. ასფალტის საფარიც არ მგონია დაზიანებული იყოს. ამ ფოტოების მიხედვით, რაც გადმომიგზავნეთ, მეტს ვერაფერს გეტყვით. გავალ ადგილზე და დავათვალიერებ… 3 წლის განმავლობაში მაქვს გზის მოვლის ვალდებულება“, – გვითხრა შპს „სამკუთხედის“ დირექტორმა ზაზა ჩხაიძემ.

შპს „სამკუთხედმა“ ბათუმში, „ჭაობის უბანში“ მდებარე ქუჩების რეაბილიტაციაზე გამოცხადებულ ტენდერშიც გაიმარჯვა. 7 068 657 ლარზე ხელშეკრულება კომპანიასთან ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ 2019 წლის 22 მარტს გააფორმა. ამ ხელშეკრულებით „სამკუთხედმა“ 19 ქუჩაზე სამუშაოები 2020 წლის 14 ივნისამდე უნდა დაასრულოს.

ეს ქუჩებია: ჰ. აბაშიძის, ლუკა ასათიანის, ვაჟა-ფშაველას, აჭარისწყლის შესახვევი, ბაგრატიონის ჩიხი, გონიოს, თ. გორგილაძის, ლადო ასათიანის ჩიხი, ლუკა ასათიანის შესახვევი, მ. ვარშანიძის შესახვევი, პ. მელიქიშვილის ჩიხი, ლ. გელაძის, პ. მელიქიშვილის მე-2 შესახვევი, ნ. გვარიშვილის, ს. ხიმშიაშვილის ქუჩის N109-113, ურეხის ქუჩა, ურეხის ჩიხი, დ. თავდადებულის შესახვევი და მ. ვარშანიძის 1-ლი შესახვევი.

„სამკუთხედმა“ უნდა მოაწყოს ქობულეთში მუხაესტატე-ბათნიძეების გზაზე ასფალტბეტონის საფარიც. აჭარის გზების დეპარტამენტსა და კომპანიას შორის ხელშეკრულება ღირებულებით – 368 688 ლარი, 2019 წლის 4 თებერვალს გაფორმდა.

სოფელ ზენითიდან ზენითი-ალამბარის გზით კიდევ რამდენიმე გიგანტური ხეა გადასატანი.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, „ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე საავტომობილო ტრანსპორტით არაგაბარიტული და ზენორმატიული ტვირთის გატარება დასაშვებია საპატრულო პოლიციასა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან შეთანხმებით [რეკომენდაციით]“.

რომელმა კომპანიამ გადაიტანა ხე, არც ქობულეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურში გვითხრეს: „ჩვენთან ტვირთის ტრანსპორტირებაზე შეთანხმება არ ყოფილა“.

საქართველოს კანონმდებლობით, „გზის ან საგზაო ნაგებობების დაზიანებისთვის, რომელიც გამოიწვია საგზაო მოძრაობის წესების და ამ წესის მოთხოვნების დაუცველობამ, პასუხისმგებლობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ეკისრებათ ტვირთის გადამტან ორგანიზაციას და ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლს“.

„ბათუმელები“ საპატრულო პოლიციას არ დაკავშირებია, ვინაიდან შსს-დან ტვირთის გატარების შეთანხმება-არშეთანხმებაზე [კვირიკეს კარიერის შემთხვევაში], ჩვენს კითხვებზე პასუხები მეთორმეტე დღეა არ მიგვიღია.

ასე გამოიყურება ალამბარი-ზენითის ახალშეკეთებული გზა დღეს:

სოფელ ზენითის გზაზე ასფალტის საფარი ბიძინა ივანიშვილის პარკში გადასატანი ხის ტრანსპორტირებისას დაზიანდა / მარტი, 2019

ალამბარი-ზენითის გზაზე გაბიონები 2018 წელს მოეწყო და უკვე დაზიანებულია / 28.03.2019

ალამბარი-ზენითის გზაზე, მოსახლეობის თქმით, ამ ადგილზე ლითონის მოაჯირი მოხსნეს და იქ გადაიტანეს სადაც მოაჯირი ივანიშვილის პარკში გადასატანი ხის ტრანსპორტირებისას დაზიანდა / 28.03.2019

ალამბარი-ზენითის გზა, რომლის გაკეთებაში [მათ შორის გაბიონების მოწყობაში] 2018 წელს 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯა აჭარის ბიუჯეტიდან / 27.03.2019

გადაბეჭდვის წესი


ასევე: