მთავარი,სიახლეები

დასაქმება, ბინა და განათლება – რას სთავაზობენ ნორვეგიაში ყოფილ პატიმრებს [კვლევა]

28.03.2019 • 1626
დასაქმება, ბინა და განათლება – რას სთავაზობენ ნორვეგიაში ყოფილ პატიმრებს [კვლევა]

ნორვეგიული ციხეები ერთ-ერთ ყველაზე ჰუმანურ საპატიმრო დაწესებულებად მიიჩნევა მსოფლიოში. აქვთ ყოფილ პატიმართა სარეაბილიტაციო პროგრამებისა და განაჩენის გამოტანის ეფექტური პრაქტიკა. პენიტენციური სისტემის გამართულობასა და ეფექტურობაზე მიუთითებს ის, რომ ნორვეგიაში განმეორებითი დანაშაულის ყველაზე მცირე მაჩვენებელია მსოფლიოში.

არასამთავრობო ორგანიზაცია „არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი“-ის (ASB) 2017 წლის კვლევაში „ყოფილ პატიმართა და პრობაციონერთა რეაბილიტაცია: საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა“ დაწვრილებითაა განხილული, თუ როგორ მუშაობს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო პენიტენციური სისტემა ნორვეგიაში.

სამართალდამრღვევს, რომელიც სასჯელს იხდის, აქვს ყველა ის უფლება, რაც ნორვეგიაში მცხოვრებ სხვა ადამიანს. სისტემა ცდილობს შექმნას ისეთი პირობები, რაც დაეხმარება სამართალდამრღვევებს, საკუთარი ინიციატივით შეცვალონ დანაშაულებრივი ქცევა და თავი აარიდონ განმეორებით დანაშაულს.

2016 წლის მონაცემებით, ნორვეგიაში 100 000 მოსახლეზე 74 პატიმარი მოდის.

ქვეყანაში ჯამში 43 სასჯელაღსრულების დაწესებულებაა. ნორვეგიაში არ არსებობს სპეციალური ციხეები წინასწარი დაკავებისათვის.

იმ პატიმართა 99 %, ვისაც ციხის დროებით დატოვების უფლება ეძლევა, დანიშნულ დროზე ბრუნდება საპატიმროში. ციხის სისტემაში 3600 ადამიანი მუშაობს. პერსონალს მიღებული აქვს ორწლიანი განათლება აკადემიაში, სადაც სწავლობენ ფსიქოლოგიას, კრიმინოლოგიას, სამართალს, ადამიანის უფლებებსა და ეთიკას. ყველა პატიმარს ენიშნება საკონტაქტო პირი – ოფიცერი, რომელიც პატიმრებს ეხმარება მესამე მხარესთან – სერვისის მიმწოდებლებთან ან პენიტენციურ სისტემასთან კონტაქტის დამყარებაში. ციხის პერსონალი ნორვეგიაში შეუიარაღებელია და მის 40 %-ს ქალები შეადგენენ.

 

რეაბილიტაცია და განაჩენის გამოტანის პრაქტიკა

 

რაც უფრო დახურულია სისტემა, მით რთულია რესოციალიზაცია – ამ დასკვნამდე მივიდა საბოლოოდ ნორვეგიაში პენიტენციური სისტემა. მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პირები გათავისუფლების მოახლოებისას ნაკლებად მკაცრი რეჟიმის ან სამკურნალო-სარეაბილიტაციო დაწესებულებაში გადადიან.

თუკი სასჯელი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, პირი შეიძლება მოთავსდეს მეტად ან ნაკლებად მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში. გარდა ამისა, შესაძლებელია სამართალდამრღვევმა სასჯელის ნაწილი ან მთელი სასჯელი მოიხადოს სამკურნალო ან სპეციალური დანიშნულების დაწესებულებაში. შესაძლებელია პირობით ვადამდე გათავისუფლება სასჯელის ორი მესამედის მოხდის შემდეგ, რაც მინიმუმ 74 დღეს უნდა შეადგენდეს. სამართალდამრღვევს მოუწევს რეგულარულად გამოცხადდეს პრობაციის ოფიცერთან, თავი შეიკავოს ალკოჰოლის მოხმარებისგან და დაიცვას სხვა განსაზღვრული სპეციალური პირობები.

თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადა, რასაც სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს, 30 წელია, სასჯელის საშუალო ხანგრძლივობა კი – 8 თვე. იმ სასჯელთა 60 %-ის ხანგრძლივობა, რომლებიც თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, 3 თვეს არ სცილდება, ხოლო 90 %-ისა ერთ წელზე ნაკლებია.

 

 რეაბილიტაციის სერვისების მოდელი

რეაბილიტაციისა და რეინტეგრაციისთვის გადამწყვეტ სერვისებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრებს გარედან აწვდიან ადგილობრივი და მუნიციპალური მიმწოდებლები. თავად სასჯელაღსრულების დაწესებულებებს არ ჰყავს პერსონალი, რომელიც პატიმრებს მიაწვდის ჯანდაცვის, განათლების, დასაქმებისა თუ ბიბლიოთეკის სერვისებს. ამ სერვისებს საზოგადოებისგან იღებენ პატიმრები, რასაც დადებითი შედეგი მოაქვს – სამართალდამრღვევი ციხეშივე ამყარებს კონტაქტს სერვისის მიმწოდებელთან, პენიტენციურ სისტემაში საზოგადოების ჩართულობა კი უზრუნველყოფს ციხისა და პატიმართა იმიჯის გაუმჯობესებას. სერვისები, რომლებსაც სახელმწიფო არ აფინანსებს, სხვა მხარეების მიერ ფინანსდება.

 

 რეინტეგრაციის გარანტია

                                         

ნორვეგიის მთავრობამ გადაწყვიტა, იმ პირებს, ვინც სასჯელი მოიხადა, მისცეს რეინტეგრაციის გარანტია. მათ გარანტირებულად ექნებათ დასაქმებისა და განათლების მიღების საშუალება, მოსახერხებელი საცხოვრისი, შემოსავალი, მიეწოდებათ ჯანდაცვისა და დამოკიდებულების [ნარკოტიკები, ალკოჰოლი] მკურნალობის სერვისები და ვალის მართვის კონსულტაცია.

__________

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: