მთავარი,სიახლეები

გარდაცვლილი პაციენტის, თემურ გაბაიძის დედის მიმართვა ექიმებს, მოქალაქეებსა და მთავრობას

26.03.2019 • 4728
გარდაცვლილი პაციენტის, თემურ გაბაიძის დედის მიმართვა ექიმებს, მოქალაქეებსა და მთავრობას

2017 წელს კურორტ გოდერძიზე დაშავებული და ბათუმში გარდაცვლილი თემურ გაბაიძის დედა, ნაირა დიასამიძე 29 წლის მელანო ფუტკარაძის გარდაცვალებასა და ჯანდაცვის სისტემაში არსებულ სიტუაციას წერილით ეხმაურება. „ბათუმელები“ სტილის დაცვით, მცირე შემოკლებით გთავაზობთ წერილს, რომელიც ნაირა გაბაიძემ თავად მოგვაწოდა. 

ნაირა დიასამიძე, თემურ გაბაიძის დედა 

კიდევ ერთი ლამაზი სიცოცხლე შეიწირა ექიმების გულგრილობამ და უცოდინარობამ. ვიზიარებ 29 წლის მელანო ფუტკარაძის ოჯახის მწუხარებას, უდიდეს სინანულს გამოვთქვამ მომხდარის გამო.

გამიახლდა ორი წლის წინ მიღებული ტკივილი. როგორც ცნობილია, მელანოს ექიმმა უფლებამოსილება შეიჩერა. ჩემს შემთხვევაში ჩემი შვილის – თემურ გაბაიძის გარდაცვალების გამო დასჯილ ექიმებს  ეყოთ თავხედობა და მომმართეს განადგურებულ დედას – თითქოს თემურისთვის გაწეული „მკურნალობა იყო ადეკვატური და რეგულირების სააგენტოს დასკვნა იყო მცდარი და არაზუსტი“. გათამამებულები პროფესიული საბჭოს სხდომას არც კი დაესწრნენ – ეგონათ დაუსჯელები დარჩებოდნენ ან რამდენიმე თვით შეუჩერებდნენ  საქმიანობას. როგორც ეს მიღებულია ექიმების დასჯად, რასაც კატეგორიულად არ ვეთანხმები…

2 ექიმი დაისაჯა, სერტიფიკატები გაუუქმეს, მაგრამ რა… როგორც გავიგე, ერთი ისევ საავადმყოფოში მუშაობს ექიმად. ეს არის დასჯა? რატომ მოხდა სამსახურიდან ასეთი მძიმე ფაქტის გამო დათხოვნილი ექიმის ისევ აყვანა ექიმად სხვა საავადმყოფოში? სწორად მიუმართავს მელანო ფუტკარაძის ერთ-ერთ ახლობელს პოლიციის უფროსისთვის: „თქვენ შეგიძლიათ გაიხსენოთ საქმე, როცა პაციენტი მოკვდა და ამის გამო ექიმი დასაჯეს?“ მე ვეთანხმები მათ მოთხოვნას, რომ განყოფილების გამგე უნდა დაისაჯოს.

განყოფილების გამგე უნდა იყოს საქმის კურსში, თუ რა ხდება მის განყოფილებაში. ჩემი შვილის შემთხვევაში რეანიმაციულის გამგე სრულად დაუსჯელი დარჩა და ყველაფერი ახალგაზრდა ექიმების თავზე გადატყდა. წარმოუდგენელი რაღაც მოხდა თემურის შემთხვევაში. პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა ანესთეზიის მინიმალურზე დაბალი დოზით. ოპერაცია მიმდინარეობდა ტკივილის ფონზე და ოპერაციიდან შვიდი დღის განმავლობაში პაციენტისთვის მორფი არ გაუკეთებიათ. სხვა რამე სახის მკურნალობაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ჩემს შვილს გამაყუჩებელი დაამადლეს – ამ ცოდვას სად წაუვლენ?! როგორც კი დაზღვევის თანხა ამოწურეს, იმ დღეს დალია სული ჩემმა შვილმა. ასეთი რაღაცები როცა ხდება, კლინიკამ უკან უნდა დააბრუნოს თანხა. თანხას ვიხდით მკურნალობისთვის და არა ჩვენი სიცოცხლის მოსასპობად. ეს მძიმე ფაქტი საავადმყოფოს  უფროსობამ რეაგირების გარეშე დატოვა. პირიქით, ჩვენ დავიცავთ ჩვენს ექიმებსო – ურცხვად გამოვიდნენ ტელევიზიით. სირცხვილი მათ… მათი შვილები რომ ყოფილიყვნენ, მაშინაც ასე იტყოდნენ?

პარლამენტის წინაშე უნდა დაისვას საკითხი – გათავხედებული კერძო კლინიკები უნდა ემორჩილებოდნენ ჯანდაცვის სამინისტროს… ისე კი არა, სასამართლოს უწყების გარეშე  შესვლის უფლება რომ არ აქვთ – ჯანდაცვის სამინისტრო უნდა იყოს უმაღლესი ორგანო. მე ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე და დაზარალებული გახლავართ. ბევრის უფლება არა მაქვს, მაგრამ საქმე დღითიდღე უკან მიდის. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება.

არ დაიჯეროთ თითქოს სამართალი აღსრულდება. 2 წელი და 3 თვე გავიდა ჩემი შვილის გარდაცვალებიდან. მწარე სიმართლე გარდაცვალებიდან 8 თვის შემდეგ გავიგე. საქმე კომისიური ექსპერტიზისთვის გასული წლის ივნისში გადაეგზავნა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს. ორი თვის შემდეგ ჩემი წერილით მიმართვის პასუხად მივიღე შემდეგი: „ექსპერტის წინაშე დასმული საკითხების გადასაწყვეტად საჭირო გახდა შესაბამისი ექიმი-სპეციალისტების მოწვევა ანესთეზია-რეანიმატოლოგიის დარგში, ნეიროქირურგიის და ინფექციონისტი ექიმ სპეციალისტების მოწვევა.“

უაზრო ლოდინით გაბეზრებულმა ამა წლის 8 თებერვალს განმეორებით მივმართე ექსპერტიზის ბიუროს წერილობით, საიდანაც მიპასუხეს, რომ „ექსპერტიზა წარმოების პროცესშია. ამ ეტაპზე ექსპერტიზის დასკვნის სავარაუდო ვადის განსაზღვრა შეუძლებელია“.  ასე მპასუხობს 8 თვის ძიების შემდეგ იურიდიული სამმართველოს უფროსი – ტარიელ ზამბახიძე. 2 წელი და 3 თვე გავიდა და არანაირი შედეგი. ასე ვპოულობთ სამართალს. კიდევ რამდენი წელი დამჭირდება? მე ეჭვი მაქვს, რომ საქმე ხელოვნურად ჭიანურდება. აი, ამდენი დრო რომ სჭირდება ასეთი გახმაურებული საქმის ძიებას (ტელევიზიები და ჟურნალისტები გვერდში მედგნენ) და ექიმები დაუსჯელად რომ იძვრენენ თავს დანაშაულიდან (რამდენიმე ხნით შეჩერება საქმიანობის, რაც მათთვის კურორტზე დასვენების ტოლფასია) – ამიტომ გახშირდა პაციენტების სიკვდილი.

საზოგადოებამ, მთავრობამ – ყველამ ერთად უნდა ვებრძოლოთ გულგრილობას, უპასუხისმგებლობას და უვიცობას. ხვალ, ზეგ იქნებ თქვენც აღმოჩნდეთ ჩვენს მდგომარეობაში. იქნებ თქვენს შვილებსაც ასე გაიმეტებენ. ასეთი ლამაზი, სიცოცხლითა და ენერგიით სავსე ახალგაზრდები რამდენ კარგს გააკეთებდნენ ქვეყნისთვის… თემურ გაბაიძე, ზუკა ფაღავა, მელანო ფუტკარაძე და კიდევ რამდენი სხვა…

ორი წლის წინ სათანადო რეაგირება რომ მოჰყოლოდა ჩემი შვილის გარდაცვალების საქმეს, სხვა ახალგაზრდების სიცოცხლეც არ გაქრებოდა.

სამართალი და სასამართლო არ არსებობს. მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. ჩემი შვილის უაზრო დაღუპვაში არავინ თავს დამნაშავედ არ გრძნობს. არც ის, ვინც ასეთი მძიმე ტრავმა მიაყენა… უბრალოდ ბოდიშიც კი არ მოუხდიათ… ხალხო, რამ გაგიყინათ გულები? მე ეჭვი გამიჩნდა, რომ ჩემი შვილის აშკარა მკვლელებს ხელს აფარებენ.

მე არ გავჩერდები, გვერდით დაგიდგებით. უნდა გამომზეურდეს რაც ხდება რეფერალურ საავადმყოფოში და სხვა საავადმყოფოებში.

პასუხი უნდა აგონ დამნაშავეებმა და საავადმყოფოს (უფრო სწორად, „სასაკლაოს“) უფროსობამაც. ვის უხდის მთავრობა ჩვენს კუთვნილ დაზღვევას და რისთვის?

ძალიან გამიგრძელდა, მაგრამ ჩემს გულისტკივილს სხვანაირად ვერ გადმოვცემდი, საერთო სენს ერთად უნდა ვებრძოლოთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: