ბათუმი,მთავარი,სიახლეები

მთავრობამ გოლფის მოედნის მოსაწყობად ინვესტორი იპოვა – პრემიერი დღეს პრეზენტაციას დაესწრება

27.03.2019 • 3856
მთავრობამ გოლფის მოედნის მოსაწყობად ინვესტორი იპოვა – პრემიერი დღეს პრეზენტაციას დაესწრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ქობულეთში დღეს, 14:00 საათზე, მწვანე ქალაქისა და გოლფის მოედნის „Green Resort“-ის მშენებლობის ადგილს დაათვალიერებს. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის პრემიერი აღნიშნული პროექტის პრეზენტაციას დაესწრება.

გოლფის მოედნისა და ე.წ. მწვანე ქალაქის მოსაწყობად აჭარის მთავრობამ კომპანია „გრინ რეზორტს“ ქობულეთში 180 ჰექტარამდე მიწა, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით გადასცა. მიწის ნაკვეთები ზღვიდან 700 მეტრში, ფიჭვნარის თავისუფალ ტურისტულ ზონასა და ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალთან მდებარეობს.

ქობულეთში მდებარე სამ ნაკვეთზე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ „გრინ რეზორტსთან“ ნასყიდობის ხელშეკრულებები 2019 წლის 21 მარტს გააფორმა. ნაკვეთების საერთო ფართობი 1 796 308 კვ.მ-ია.

შპს „გრინ რეზორტსი“, რეგისტრაციის დროს, როგორც „გოლფ რეზორტი“,  2018 წლის ივნისში დაარეგისტრირეს ლევან შერაზადიშვილმა, სლოვაკეთის მოქალაქემ [კომპანიის წილის 25%-ის მესაკუთრემ და კომპანიის დირექტორმა], ასევე ჩეხეთის მოქალაქეებმა: რედეკ ბრაზდამ [25%] და მარეკ საკიმ[50%].

2018 წლის ოქტომბერში შეიცვალა საფირმო სახელწოდება და ამასთან მარეკ საკიმ კუთვნილი წილის ნახევარი 1 ლარად მიჰყიდა ასევე ჩეხეთის მოქალაქე რომან ვივოდას. შესაბამისად, „გრინ რეზორტსის“ წილებს დღეს თანაბრად ფლობს ეს ოთხი პიროვნება. კომპანიის დირექტორი კვლავ ლევან შერაზადიშვილია.

ლევან შერაზადიშვილი 50% წილს ფლობს ასევე შპს „ელერ კომპანიში“ და ამავე კომპანიის ერთ-ერთი დირექტორია.

ქობულეთში გოლფის საკურორტო კომპლექსის ასაშენებლად ინვესტორებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო გასული წლიდან ეძებს. „ბათუმელები“ წერდა, რომ მაშინ აჭარის მთავრობა ინვესტორისთვის 240 ჰექტარი ტერიტორიის გადაცემას ჰპირდებოდა.

ინვესტორს ასევე ჰპირდებოდნენ:

  • ხელმისაწვდომ მიწის ნაკვეთებს [შესაბამისი გარანტიის საფუძველზე];
  • რომ ტერიტორია დაკავშირებული იყო ქობულეთის თავისუფალ ტურისტულ ზონასთან;
  • კომუნალური სისტემის მოწესრიგებას;
  • მუნიციპალური მომსახურების უზრუნველყოფას.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, გოლფის მოედნებისა და „მწვანე ქალაქის“ [მათ შორის სასტუმროების] მშენებლობის პირობით, აჭარის მთავრობამ ქობულეთში მიწის ნაკვეთები „გრინ რეზორტსს“ 6 040 265 ლარად გადასცა. სახელშეკრულებო პირობით, კომპანიამ ამ ტერიტორიაზე 250 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. 

ამ თემაზე: 

240 ჰექტარი ზღვასთან გოლფის მოედნისთვის – აჭარის მთავრობა ინვესტორს ეძებს

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბათუმში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესსაც გაეცნობა.

დღესვე, საღამოს 7 საათზე, პრემიერ-მინისტრი ბათუმის ილია ჭავჭავაძის დრამატული თეატრის საზეიმო გახსნის ცერემონიას დაესწრება. დღეს თეატრში გაიმართება სპექტაკლი პრემიერა დავით კლდიაშვილის ნაწარმოებების მიხედვით – „KLDIASHVILI.GE“ 

თეატრის გახსნას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც დაესწრება.

ბათუმის რეაბილიტირებული დრამატული თეატრი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ერთხელ უკვე გახსნა.

ოფიციალური ცნობით, პრემიერმა თეატრი 2018 წლის 25 ნოემბერს, დილის 11 საათზე გახსნა, თუმცა არ შემდგარა გახსნის ოფიციალური ცერემონია, რომელსაც ფართო საზოგადოება დაესწრებოდა – შეხვედრა მედიისთვისაც დახურული იყო. ჟურნალისტები შენობის გარეთ დარჩნენ, მათ თეატრის გახსნის და მსახიობებთან შეხვედრის გაშუქების შესაძლებლობა არ მიეცათ.

ამ თემაზე:

ბათუმის დრამატული თეატრის დახურული გახსნა

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: