თავდაცვის სამინისტრო სარესტორნო მომსახურებისთვის 5 თვეში 300 000 ლარს გადაიხდის

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 2019 წლის აგვისტოდან დეკემბრის თვის ჩათვლით პერიოდში, სარესტორნო მომსახურებისთვის 300 ათასამდე ლარს გადაიხდის. საზოგადოებრივი კვების მომსახურება გათვალისწინებულია ადგილობრივი და უცხოელი სტუმრებისთვის თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში, სტუმრების ადგილმდებარეობის მიხედვით.

საზოგადოებრივი კვების [სარესტორნო] მომსახურების შესყიდვის მიზნით სამინისტრო ფასთა გამოკითხვას [ბაზრის კვლევას] ახორციელებს. პრეტენდენტებს კი შეუძლიათ თავიანთი ინტერესი 16 ივლისის ჩათვლით გამოხატონ.

სამინისტროს ინფორმაციით, გამარჯვებულად გამოვლინდება ის კომპანია, რომელიც სამინისტროს შესთავაზებს საზოგადოებრივი კვების ობიექტებთან საშუამავლო მომსახურების უმცირეს პროცენტს.

შესყიდვის სავარაუდო ჯამური ღირებულება 300 000 ლარია. სახელშეკრულებო ღირებულებაში კი შევა როგორც საზოგადოებრივი კვების ობიექტის მომსახურების ღირებულება, ასევე მიმდინარე ბაზრის კვლევაში გამარჯვებული კომპანიის მომსახურების პროცენტიც.

 

საჯარო დისკუსია შრომის უსაფრთხოებაზე

2019 წლის 10 ივლისს,  15:00 საათზე, ბათუმის ამერიკულ კუთხეში  გაიმართება საჯარო დისკუსია თემაზე: შრომის  უსაფრთხოება.  

დისკუსიის  მიზანია  მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და  ინფორმაციის  გაცვლა იმ ჯგუფებს შორის, რომლებიც, ერთის მხრივ, მუშაობენ შრომის  უსაფრთხოების თემაზე, მეორეს მხრივ კი თავად არიან ბენეფიციარები.

დისკუსიაზე  მოწვეული მომხსენებელი ისაუბრებს თუ რა პოლიტიკა, პრაქტიკა და მიდგომები აქვს საქართველოს სახელმწიფოს  შრომის პირობების გაუმჯობესების მიმართულებით,  როგორია რეალობა და რა საჭიროებების  წინაშეა აღნიშნული სფერო. შეხვედრის მონაწილეები   მიიღებენ ინფორმაციას   ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესზე, კერძოდ ევროკავშირის გამოცდილების, მოთხოვნებისა და სტანდარტების შესახებ შრომის უსაფრთხოების სფეროში.

მის.: ბათუმი, ვაჟა ფშაველას ქუჩა №21; ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის შენობა (ბათუმის ამერიკული კუთხე)

დღის  წესრიგი 

15:00 – 15:10  შეხვედრის  გახსნა და მისალმება

 მარიკა ზაქარაძე –  პროექტის „ევროინტეგრაციის  პროცესის  გაძლიერება მოქალაქეთა

ინფორმირების გზით“  დირექტორი.  

15:10 – 15:40  შრომის უსაფრთოების არსებული პოლიტიკა, ევროკავშირის გამოცდილება, მოთხოვნები და

სტანდარტები

მიხეილ ჯახუა – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

15:40 – 16:30  დისკუსია

16:30 – 16:40 ძირითადი საკითხების  შეჯამება

ასლან ჭანიძე – თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის თავმჯდომარე

16:40-17:00  დისკუსიის  დახურვა

[checklist]

  • კოფე – ბრეიქი;
  • კონტაქტების, ინფორმაციის გაცვლა;
  • კომენტარების, ინტერვიუების ჩაწერა

[/checklist]
 დისკუსია  გაიმართება პროექტის – „ევროინტეგრაციის პროცესის გაძლიერება მოქალაქეთა ინფორმირების გზით“ფარგლებში.

პროექტს ახორციელებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტი დაფინანსებულია „ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიერ [ევროინტეგრაციის პროგრამა]. დისკუსიაზე   გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

ელ.ფოსტა: batumiijh@gmail.com
ასლან ჭანიძე – მობ:593 30 71 55; 
მარიკა ზაქარაძე – მობ: 557 99 33 32

მერიასა და მუსლიმ თემს შორის მეჩეთზე შეთანხმება ვერ შედგა

ბათუმის მერია და მუსლიმი თემი ახალი მეჩეთის აგებაზე ვერ შეთანხმდნენ. შეხვედრა ბათუმის მერიაში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

„უშუალოდ ბათუმის მერი შეგვხვდა  – ლაშა კომახიძე… მოვისმინეთ ისევ იგივე, რომ მიწის ნაკვეთი უნდა გადავცეთ სამუფთოს. ეს დამოკიდებულება ჩვენთვის არის შეურაცხმყოფელი. მოლაპარაკების რესურსი უკვე ამოწურულია,“ – გვითხრა ტარიელ ნაკაიძემ, „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ ხელმძღვანელმა. მისივე თქმით, შეხვედრას სამუფთოს წარმომადგენელი არ დასწრებია და არც სხვა საკითხზე უმსჯელიათ.

სასამართლოსთვის მუსლიმი თემის მიმართვიდან ორი წელი გავიდა – ბათუმის მერიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი ააიპ „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმა“ 2017 წლის 10 ივნისს შეიტანა, რადგან ბათუმის მერიამ 2017 წლის 5 მაისს მუსლიმ თემს უარი უთხრა ქალაქში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე.

ამ საქმის განხილვა თვეობით ჭიანურდებოდა.

ბოლო სასამართლო სხდომა მეჩეთის მშენებლობის საკითხზე 12 ივნისს შედგა. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ კიდევ ერთხელ მისცა ბათუმის მერიას შესაძლებლობა, დალაპარაკებოდა მუსლიმ თემს. ამ დროისთვის უცნობია, როდის განახლდება სასამართლო პროცესი.

ამავე თემაზე:

ბათუმის მერი მუსლიმებთან შეხვედრის შემდეგ: დღეს მივიღეთ წინადადების უარყოფა

რუსეთის სანქციების ქრონიკა საქართველოს წინააღმდეგ – მოკლედ

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის  შეჩერების შემდეგ რუსეთში ქართული პროდუქციისთვის რუსული ბაზრის დახურვაზე და ფულადი გადარიცხვების აკრძალვაზე საუბრობენ.

მას შემდეგ, რაც საქართველო დამოუკიდებელი რესპუბლიკაა, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რუსეთი ეკონომიკურ ბერკეტებს იყენებს საქართველოს წინააღმდეგ.

  • 2005 წლის დეკემბერი – რუსეთში აიკრძალა საქართველოდან მცენარეული წარმოშობის პროდუქციის ექსპორტი. საბაბი იყო ფიტოსანიტარული ნორმების დარღვევა.
  • 2006 წლის მარტი – აიკრძალა ქართული ღვინის, ღვინომასალის, ბრენდისა და შუშხუნა ღვინოების რუსეთის ტერიტორიაზე ექსპორტი და რეალიზაცია. რუსეთი ამის მიზეზად ასახელებდა  პროდუქციის ნიმუშების შემოწმების შედეგებს.

[toggle title=”ჯაშუშების სკანდალი, რომელსაც ეკონომკური ბლოკადა მოჰყვა“]2006 წლის სექტემბერში საქართველოს შს სამინისტრომ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) 4 ოფიცერი და 11 საქართველოს მოქალაქე, რასაც რუსეთის ფედერაციის მწვავე რეაქცია მოჰყვა. პუტინმა საქართველო „სახელწიფო ტერორიზმში“ დაადანაშაულა და საქართველოდან გაიწვია რუსეთის ელჩი.[/toggle]

  • 2006 წლის აპრილი –  რუსეთის ტერიტორიაზე აიკრძალა  საქართველოში წარმოებული მინერალური წყლების ექსპორტი.
  • 2006 წლის ივლისი – რუსეთის მხარემ ცალმხრივად შეწყვიტა „ყაზბეგი-ზემო ლარსის“ გამშვები პუნქტის გავლით ფიზიკური პირების, სატრანსპორტო საშუალებებისა და ტვირთების გატარება, მისი რეკონსტრუქციის სამუშაოების დაწყების საბაბით.

[toggle title=”დაირღვა ხელმოწერილი შეთანხება – გაიგეთ მეტი“]ყაზბეგი-ზემო ლარსის გამშვები პუნქტი დაიხურა საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის ხელმოწერილი ,,საბაჟო საზღვარზე გამშვები პუნქტების შესახებ” შეთანხმების მოთხოვნათა უხეში დარღვევით.  შეტყობინება გამშვები პუნქტის რემონტთან დაკავშირებით მოძრაობის შეჩერების თაობაზე საქართველოს გაეგზავნა ფუნქციონირების შეწყვეტამდე 2 საათით ადრე, ნაცვლად შეთანხმებით დადგენილი ვადისა.  რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევამ მეტად რთული ვითარება შექმნა საზღვრის აღნიშნულ მონაკვეთზე, სადაც ბლოკირებული აღმოჩდნენ დიდი რაოდენობით  სამგზავრო და სატვირთო სატრანსპორტო საშუალებები, ასევე საქართველოს და სხვა ქვეყნის მოქალაქეები, რომელთა შორის იყვნენ მოხუცები, ბავშვები და პირები, რომლებიც საჭიროებდნენ სამედიცინო დახმარებას.[/toggle]

  • 2006 წლის სექტემბერი – საქართველოს მოქალაქეებისათვის შეჩერებულ იქნა ვიზების, აგრეთვე რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის შეძენასთან, მოწვევასთან, დროებითი ცხოვრების ნებართვისა და ბინადრობის მოწმობის აღებასთან დაკავშირებული დოკუმენტების გაცემა.
  • 2006 წლის ოქტომბერი – რუსეთმა შეწყვიტა საქართველოსთან საჰაერო, საავტომობილო, საზღვაო, სარკინიგზო მიმოსვლა და საფოსტო კავშირი.
  • 2006 წლის ოქტომბერი – რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს საკონსულო განყოფილების შენობის შესასვლელთან, სპეცდანიშნულების რაზმებმა დაიწყეს იქ მყოფი მოქალაეების საბუთების შემოწმება. დააკავეს 4 ადამიანი.

[toggle title=”რატომ იყო ეს პრობლემა – დაკლიკეთ აქ“]დაირღვა დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის მე-3 და 25-ე მუხლების მოთხოვნები, ვინაიდან საქართველოს დიპლომატიურ დაწესებულებას ფაქტობრივად არ მიეცა საშუალება განეხორციელებინა მისი ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია – დაიცვას თავისი სახელმწიფოს მოქალაქეთა ინტერესები ადგილსამყოფელ ქვეყანაში.[/toggle]

  • 2006 წლის ოქტომბერი –  რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოსთან არსებულ სასტუმრო სახლ ,,თბილისში’’, რომელიც  საქართველოს საელჩოს კომპლექსი იყო, შედის სპეცდანიშნულების რაზმი, იქ თითქოსდა უკანონოდ მცხოვრები პირების გამოსახლების მიზნით. ამოწმებენ მცხოვრებთა საბუთებს, ლუქავენ სასტუმრო სახლის ნომრებს. რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების მიერ უგულებელყოფილია ექსტერიტორიულობის პრინციპი, რაც წარმოადგენს დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ  1961 წლის ვენის კონვენციის დარღვევას.
  • 2006 წლის ოქტომბერი – რუსეთის ფედერაცია ცალმხრივად იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, საქართველოს ტერიტორიულ წყლებთან უშუალო სიახლოვეს (0.7 საზღვაო მილი ტერიტორიული წყლებიდან) იარაღის გამოცდისა და სამხედრო მანევრების განხორციელების შესახებ.

[toggle title=”ძალის გამოყენების მუქარა“]ამ ზონის ფარგლებში რუსეთის ხელისუფლების მიერ სამხედრო წვრთნების ჩატარება ეწინააღმდეგება საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკურ ინტერესებს, ვინაიდან ზღუდავს შავ ზღვაზე საქართველოს საზღვაო  პორტების ფუნქციონირებას, აფერხებს და საფრთხეს უქმნის საჰაერო და საზღვაო მიმოსვლას საქართველოს მიმართულებით და, ასევე, ლახავს საქართველოს, როგორც  საზღვაო სახელმწიფოს უფლებას,  განახორციელოს თავისი სუვერენული ინტერესები და იურისდიქცია განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, რაც განსაზღვრულია საზღვაო სამართლის შესახებ გაეროს 1982 წლის კონვენციის მე-5 ნაწილით. ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება გაეროს წესდებასა და ჰელსინკის დასკვნით აქტში ასახულ საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს, განიხილება, როგორც საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოყენების პირდაპირი მუქარა.[/toggle]

  • 2006 წლის ოქტომბერი – საქართველოში რუსეთის ფედერაციის საკონსულო უარს ეუბნება ორ ქართველ სამბისტს სავიზო ნებართვის  გაცემაზე, რის შედეგადაც ისინი ვერ იღებენ მონაწილეობას საერთაშორისო ტურნირში.  ამავე პერიოდში უქმდება საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მონაწილეობა სანკტ-პეტერბურგის საერთაშორისო ტურნირზე.
  • 2006 წლის ოქტომბერი –  მოსკოვში, მალაია პოლიანას ქუჩაზე, უცნობი პირები არბევენ გალერეას, სადაც მიმდინარეობს ქართველი მხატვრის ალექსანდრე ჯიქიას ნამუშევრების გამოფენა.  მასობრივ ხასიათს იძენს რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ისეთი საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების შემოწმება, რომელსაც ქართული დასახელება აქვს. სამართალდამცავები ამოწმებენ არბატზე არსებული ქართულ კულტურულ ცენტრს „მზიური“. საქართველოს მოქალაქეთა გამოვლენის მიზნით, რუსეთის მილიცია პასპორტებს უმოწმებს მოსკოვში არსებულ წმ. გიორგის ეკლესიის მრევლს.
  • 2007 წლის იანვარი – რუსეთის ფედერაციის სასამართლოების მიერ ამ დროისათვის გამოტანილი იქნა 4 634 გადაწყვეტილება რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების გაძევების შესახებ. სამი ადამიანი გარდაიცვალა პატიმრობაში.

[toggle title=”საქმე, რომელიც სტრასბუგის სასამართლოში საქართველომ მოიგო“]ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს დააკისრა 10 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მსხვერპლნი გახდნენ. სასამართლომ დაადგინა, რომ 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციაში განხორციელდა საქართველოს მოქალაქეების დაკავების, დაპატიმრების და გამოძევების კოორდინებული პოლიტიკა, რომელიც წარმოადგენდა ადმინისტრაციულ პრაქტიკას. ევროპულმა სასამართლომ, ასევე, მიუთითა, რომ საქართველოს მოქალაქეები იყვნენ უკანონოდ დაკავებული და გამოძევებული ევროპული კონვენციის მე-3 და მე-5(1),(4) მუხლების დარღვევით; ზემოაღნიშნული უფლებების დარღვევის მსხვერპლთათვის არ იყო ხელმისაწვდომი სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებები, რამაც გამოიწვია კონვენციის მე-13 მუხლის დარღვევა მე-3, მე-5 (1), (4) მუხლებთან და მეოთხე ოქმის მე-4 მუხლთან ერთობლიობაში.[/toggle]

საქართველოს მოქალაქეების პირველი გაძევებული ნაკადი 2006 წლის 6 ოქტომბერს სატვირთო თვითმფრინავით გამოუშვეს რუსეთიდან. სტრასბურგის სასამართლოში ქართველი მოწმეები ამბობდნენ, რომ თვითმფრინავში სკამების ორი რიგი არსებობდა, რომლებზეც ქალები და ბავშვები ისხდნენ, მამაკაცები იატაკზე ისხდნენ, ან ფეხზე იდგნენ, ხოლო კასრის მსგავსი ნივთი გამოიყენებოდა როგორც ტუალეტი და ტრიალებდა რიგებს შორის.

* მომზადებულია რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მიერ საქართველოს მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული ქმედებების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ანგარიშზე დაყრდნობით. 

2008 წლის აგვისტო – რუსეთმა აღიარა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა.

2008 წლის აგვისტო – შეწყდა დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის.

[toggle title=”2008 წლის აგვისტოს ომი”]2008 წლის აგვისტოში საქართველოს მიმართ რუსეთის მიერ გამხორციელებული სამხედრო აგრესიის გამო და რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს განუყოფელი ნაწილების ე.წ. აღიარების შემდეგ, საქართველომ გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან. 2009 წლის მარტში გაიხსნა საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექცია და რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია.[/toggle]

2019 წლის ივნისი – რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენა აუკრძალა. აკრძალვის ოფიციალური მიზეზი ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და რუსეთის მოქალაქეების დაცვაა.

[toggle title=”„გავრილოვის ღამის“ შედეგი”]19-20 ივნისს საქართველოში დაგეგმილი იყო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია. ასამბლეის პრეზიდენტი რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვია, რომელიც აღნიშნულ სესიას 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსულ ენაზე გაუძღვა. პროტესტის შედეგად ღონისძიება ჩაიშალა და რუსეთის დელეგაცია იძულებული გახდა, დაეტოვებინა საქართველო. 20 ივნისს  გავრილოვის საქართველოში მოწვევასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ თბილისში დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები, რომელიც დღემდე [9 ივლისი] გრძელდება. [/toggle]

2019 წლის ივლისი – რუსეთის დუმაში ქართული ღვინის, წყლის და ფულადი გზავნილების აკრძალვაზე იმსჯელებენ [ინფორმაცია განახლდება].

[toggle title=”ჟურნალისტის მიერ რუსეთის პრეზიდენტის გინება“]ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ 7 ივლისის გადაცემა რუსულ ენაზე დაიწყო და  რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს აგინა. არხის დირექტორმა ნიკა გვარამიამ მალევე განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია გამოხატვის ამგვარი ფორმა. “რუსთავი 2”-ის წამყვანის მიერ პუტინის გინებას მყისიერად გამოეხმაურნენ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერი და შეაფასეს როგორც პროვოკაცია და დესტაბილიზაციის მცდელობა. [/toggle]
[სტატია განახლების რეჟიმშია]. 

მოქალაქე ხელვაჩაურის მერს სასამართლოში უჩივის

ხელვაჩაურში მცხოვრები ირაკლი მესხი ხელვაჩაურის მერს სასამართლოში უჩივის. ირაკლი სოფელ მნათობში ცხოვრობს, სადაც მერიას შიდა სასოფლო გზა გაჰყავს. მოქალაქე ამბობს, რომ ხელვაჩაურის მერი გეოლოგის დასკვნას არ ითვალისწინებს და მისი სახლის დამეწყვრის საფრთხე არსებობს.

„ჩემს სახლთან არაერთხელ ჩამოწვა მეწყერი, პირველად 1989 წელს იყო ეს…“ – გვიყვება ირაკლი მესხი და სხვადასხვა დროს სახლთან ჩამოწოლილი მეწყრის ფოტოებს გვაჩვენებს. ირაკლის თქმით, სახლის ზემოთ მდებარე ფერდოზე ძველი გზა გადის, რომელიც ამჟამად უფუნქციოა და მერიამ მისი აღდგენა გადაწყვიტა. ეს გზა მოქალაქეებს ფერიის ცენტრალურ გზასთან მისვლას გაუმარტივებს.

ირაკლიმ გეოლოგის დასკვნა გვაჩვენა, რომელიც ხელვაჩაურის მერიის დაკვეთით მომზადდა, ვიდრე მნათობში გზის აღდგენას დაიწყებდნენ. გეოლოგიურ დასკვნაში ვკითხულობთ:

„საცხოვრებელი სახლის მოსაზღვრე ძველ მეწყრულ ფერდზე რაიმე სახის სამშენებლო სამუშაოების წარმოება გეოლოგიური თვალსაზრისით მიზანშეწონილი არ არის, რადგან ფერდზე სამუშაოები [გზის გაყვანა, ფერდის ჩამოჭრა, სამშენებელო მოედნის მოწყობა და სხვა] გამოიწვევს გრავიტაციული წონასწორობის დარღვევას და ხელს შეუწყობს მეწყრული პროცესების აქტივიზაციას“.

„ნახეთ, რა წერია დასკვნაში – ფერდზეო. ჩვენ არ ვეხებით ფერდს. გზა უკვე არსებობს და მხოლოდ მისი კეთილმოწყობის სამუშაოების მიმდინარეობს,“ – გვითხრა ხელვაჩაურის მერმა, ჯუმბერ ვარდმანიძემ.

„გზაზე ამჟამად მანქანით გავლა შეუძლებელია. ფერდზე ხელშეხების გარეშე შეუძლებელია გზის გაყვანა,“ – ამბობს მოქალაქე, რომელმაც უკვე მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს და მერის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობას ითხოვს, თუმცა გზის კეთილმოწყობის სამუშაოები დაწყებულია და ირაკლი მესხის სახლთან უკვე მუშაობს მძიმე ტექნიკა – სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სამუშაოების შეჩერებაზე უარი თქვა.

ირაკლი მესხი ამბობს, რომ გზის გაყვანის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ მერიამ დამცავი ჯებირი  და წყლის ამრიდი არხი უნდა მოაწყოს.

„ხელვაჩაურის მერს როცა შევხვდით, გვითხრა, რომ ახლა ვერ მოხერხდა და მომავალი წლის ტენდერში გაითვალისწინებენ… მე არ მაქვს ნდობა. არ ვიცი, გააკეთებენ თუ არა,“ – აღნიშნავს ირაკლი მესხი.

„გათვალისწინებულია ჯებირი და წყლის არხებიც,“ – ირწმუნება ხელვაჩაურის მერი. მას ვუთხარით, რომ მოქალაქის თქმით, ეს ჯებირი არ არის გათვალისწინებული გზის იმ მონაკვეთში, სადაც ირაკლი მესხის სახლია. ხელვაჩაურის მერმა გვითხრა, რომ მერიაში მისვლის შემთხვევაში გვაჩვენებს სრულ დოკუმენტაციას.

ირაკლი მესხის თქმით, ხელვაჩაურის მერმა მას რამდენიმე დღის წინ ტელეფონზე დაურეკა: „ჯუმბერ ვარდმანიძე დამემუქრა. მითხრა, რომ ჩემსას არ გამატანინებს, მეუბნებოდა შეურაცხმყოფელ სიტყვეს, მე მაინც ჩემსას გავაკეთებ და ჯობია კაცურად შევთანხმდეთო… იურისტებთან გავდივარ კონსულტაციებს. შესაძლოა პოლიციას მივმართო,“ – გვითხრა ირაკლი მესხმა.

მოქალაქის ნათქვამს მერი უარყოფს: „არსებობს სატელეფონო ჩანაწერი? არავითარი მუქარა არ ყოფილა,“ – ამბობს მერი.

ხელვაჩაურის მერია სამ სოფელში შიდასასოფლო გზის მოსაწესრიგებლად 228 999 ლარს დახარჯავს. ხელვაჩაურის მერს ასევე ვკითხეთ, რატომ გადაწყვიტა მერიამ შიდა სასოფლო გზის მოწესრიგება, როცა ამ სოფელში გზა უკვე არსებობს, ბევრ სოფელში კი სასოფლო გზაც მოუწესრიგებელია.

„ამით საინვესტიციო გარემოს ვქმნით… ხელისუფლების ვალდებულება ეს არის. როცა გზა იქნება და წყალი, იქ მერე ინვესტორიც მივა“, – დასძინა ხელვაჩაურის მერმა, ჯუმბერ ვარდმანიძემ „ბათუმელებთან“. მისივე თქმით, კონკრეტულ ინვესტიციაზე საუბარი ამ ეტაპზე არ არის.

სოფელი მნათობი ბათუმთან ახლოს, ფერიის მხარეს მდებარეობს.

მეწყერი ირაკლი მესხის სახლთან, 1989 წლის ფოტო.
ირაკლი მესხის სახლი, სოფელი მნათობი, ხელვაჩაური

 

ონიშენკო: საქართველოს ეკონომიკა ჩამოიშლება რუსეთის ბაზრის გარეშე

რუსეთის დუმის წევრმა, რუსეთის სანიტარული სამსახურის ყოფილმა უფროსმა, გენადი ონიშენკომ განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკა ჩამოიშლება რუსეთის ბაზრის გარეშე. იგი ამბობს, რომ მხარს უჭერს სანქციების დაწესებას და რუსული ბაზრის დახურვას საქართველოსთვის.

„საქართველოში მეღვინეობა უკვე ნამდვილად ჩამოიშლება [რუსეთის ბაზრის გარეშე]. თუ ჩვენ დავადებთ სანქციებს, ქართველმა ხალხმა უნდა ჰკითხოს თავის პოლიტიკოსებს, ვისზე მუშაობენ ისინი – ვაშინგტონისთვის თუ საკუთარი ხალხისთვის“, – განაცხადა ონიშენკომ.

მან ასევე განაცხადა, რომ მხარს უჭერს საქართველოდან რუსეთში ღვინისა და წყლების შეტანის აკრძალვას, მაგრამ არა როგორც ექიმი, არამედ როგორც პოლიტიკოსი.

ონიშენკომ ასევე აღნიშნა, რომ აკრძალვა ხდება „ძალიან მარტივად“: „გაიცემა ბრძანება, საბაჟო არ უშვებს. აიკრძალება და მორჩა“ – განაცხადა მან.

ქართული ღვინისა და მინერალური წყლებისათვის რუსული ბაზრის დახურვა პირველი შემთხვევა არ არის. 2006 წელს, როცა ონიშენკო რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმი იყო, მისმა უწყებამ რუსეთში ღვინის შეტანის აკრძალვა იმით განმარტა, რომ ქართული ღვინო ვერ აკმაყოფილებდა რუსეთის ფედერაციაში ღვინის ხარისხთან დაკავშირებულ მოთხოვნებს. რუსული ემბარგო 2012 წლის ბოლოს მოიხსნა.

2019 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან მსოფლიოს 44 ქვეყანაში 40,5 მლნ-მდე ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 6%-ით აღემატება. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 98 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 9%-ით მეტია. ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულია: რუსეთი (25 582 447), უკრაინა (3 752 488), ჩინეთი (3 554 127), პოლონეთი (1 821 802) და ყაზახეთი (1 656 318).

გუშინ, 8 ივლისს, რუსეთის დუმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ქართული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტის აკრძალვას მხარი დაუჭირა.

აჭარის განათლების სამინისტრო შენობის ნაწილობრივ რეაბილიტაციას გეგმავს

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შენობის ნაწილობრივი რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 67 ათასი ლარია გამოყოფილი. სამინისტრო ბათუმში, ლადო გუდიაშვილის ქუჩაზე მდებარე შენობაშია განთავსებული. სამუშაოები, რომელსაც სამინისტრო ტენდერით შეისყიდის, ძირითადად, შენობის სახურავისა და გარე ფასადის შეცვლა-მოპირკეთებას ითვალისწინებს. გარკვეული სარტემონტო სამუშაოები ჩატარდება შენობის შიგნითაც.

პროექტის შესაბამისად, სამუშაოები, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან, 40 დღეში უნდა დასრულდეს. წინადადებების მიღება 2019 წლის 21 ივლისს დაიწყება და 26 ივლისს დასრულდება.

აჭარის მთავრობა კომახიძის ქუჩაზე ახალი შენობის აშენებას გეგმავდა, რომელშიც აჭარის მთავრობა და ოთხივე სამინისტრო განთავსდებოდა [ამ შენობაში დღეს სამი სამინისტროა განთავსებული]. შესაბამის პროექტში აჭარის ბიუჯეტიდან 2018 წელს ნახევარ მილიონზე მეტი ლარიც გადაიხადეს, თუმცა, ახალი შენობის ასაშენებლად თანხა მიმდინარე წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის. მშენებლობისთვის თანხა არც 2020 წლის ბიუჯეტის მუშა პროექტში დევს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ახალი ადმინისტრაციული შენობის ასაშენებლად დაახლოებით 28 მილიონი ლარია საჭირო. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში კი ამბობენ, რომ შესაბამისი თანხა ამ ეტაპზე არ აქვთ.

ამ თემაზე:

აჭარის მთავრობა ახალი ადმინისტრაციული შენობის აშენებას გეგმავს

მთავარი ფოტო: აჭარის განათლების სამინისტროს შენობა ბათუმში, გუდიაშვილის ქუჩაზე

ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტი ღამის პირველის ნახევრამდე იმოძრავებს

ბათუმის მერიის ცნობით, ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს დილის 07:00 საათიდან საღამოს 00:30 საათამდე მოემსახურება.

მერიის ცნობით, ოპტიმიზაციის შედეგად ცვლილებები შევიდა სამარშრუტო ქსელშიც. კერძოდ:

  • #10 სამარშრუტო ხაზი, რომელიც მოძრაობდა აეროპორტი – ახალი ბულვარი – რუსთაველის ქ – მახინჯაური, ახლა მოძრაობს მარშრუტით: აეროპორტი – ახალი ბულვარი – რუსთაველის ქ – მახინჯაური – ბოტანიკურ ბაღი.
  • #8 სამარშრუტო ხაზი მოძრაობდა აღმაშენებლის ქ. – ჭავჭავაძის ქ. – მახინჯაური, ახლა მოძრაობს – აღმაშენებლის ქ. – ჭავჭავაძის ქ. – მახინჯაური – ბაღის ქ. (მწვანე კონცხის ხიდი).
  • დაემატა ახალი მარშრუტი #10 ა, რომელიც მოძრაობს მიმართულებით – აეროპორტი – ახალი ბულვარი – რუსთაველის ქ. – მახინჯაური – მწვანე კონცხი – სახალვაშო.
  • #16 სამარშრუტო ხაზი მოძრაობს მიმართულებით –  თბილისის მოედანი-ჭავჭავაძის ქ. – გონიო-კვარიათი – სარფი.
  • #17 სამარშრუტო ხაზი მოძრაობს მიმართულებით –  თბილისის მოედანი – გორგილაძის ქ. – გონიო-კვარიათი – სარფი.

 

ამავე თემაზე: 

ავტობუსში უბილეთო მგზავრობისთვის 20 ლარით დაჯარიმდებით – ცვლილება კანონში

სხვის ნაცვლად გამოცდის ჩაბარების მცდელობის კიდევ ერთი ფაქტი გამოვლინდა

დღეს, 9 ივლისს, აბიტურიენტები ბოლო სავალდებულო გამოცდას უცხო ენაში აბარებენ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წელს ორი ფაქტი გამოვლინდა, როცა აბიტურიენტის ნაცვლად სხვა პირი ცდილობდა გამოცდის ჩაბარებას.

ცენტრის ინფორმაციით, ორივე აბიტურიენტი მოიხსნა გამოცდიდან და „ამ ფაქტებთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება“. ერთ შემთხვევაში კი, აბიტურიენტმა მობილური ტელეფონი შეიტანა გამოცდაზე და ისიც მოიხსნა გამოცდიდან.

ცენტრის ინფორმაციით, ამ წუთებში საქართველოს მასშტაბით გახსნილ ოცდასამივე საგამოცდო ცენტრში უცხო ენების გამოცდა მიმდინარებს, დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან გამოცდაზე აბიტურიენტების 95 პროცენტი გამოცხადდა.

არჩევით საგნებში გამოცდების ჩაბარება 23 ივლისამდე გაგრძელდება.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 9  ივლისის 21 საათიდან 10  ივლისის 21 საათამდე აჭარაში და სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამის და დილის საათებში ზოგან ხანმოკლე წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი
  • ღამით: 17 – 22 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 17 – 22 გრადუსი 
  • ღამით: 7– 12 გრადუსი 

ზღვის წყლის ტემპერატურა 24 გრადუსია. ტალღის სიმაღლე:  7-12  დმ – 2-3 ბალი.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 11-12 ივლისს, მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

___________

ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“

„გახარია წადი“ – ბანერი ავტომაგისტრალზე [ფოტო]

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებმა დღეს, 8 ივლისს, ქობულეთის ავტომაგისტრალზე კვლავ გამოფინეს ბანერი – „გახარია წადი“. მსგავსი ბანერი გამოფინეს აქტივისტებმა მაგისტრალზე 5 ივლისსაც.

„გახარია წადი“ – ბანერი მაგისტრალზე

საპროტესტო აქციები საქართველოში 20 ივნისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც რუსეთის დუმის დეპუტატმა – გავრილომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამი დაიკავა, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა, აქციის მონაწილეები კი ძალის გამოყენებით დაშალეს. 20 ივნისიდან მოყოლებული საპროტესტო აქცია საქართველოში ყოველ დღე იმართება მოთხოვნით – გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია.

საქართველოს რკინიგზის თანამშრომლების ნაწილს ხელფასი 10 %-ით გაეზრდებათ

დღეს, 8 ივლისს  „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი და მენეჯმენტი კომპანიის დასაქმებულთა ნაწილს შეხვედა.

გენერალურმა დირექტორმა დასაქმებულებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ 2020 წლის 1 მარტიდან, „საქართველოს რკინიგზის“ ყველა თანამშრომელს, ვისი ხელფასიც არ აღემატება 1500 ლარს, სახელფასო ანაზღაურება10 %-ით გაეზრება. ამასთანავე, უკლებლივ ყველა რკინიგზელზე, წელიწადში 2-ჯერ ფიქსირებული თანხის ოდენობით ფულადი საჩუქარი გაიცემა.

“გასულ წელს, „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის და მენეჯმენტის მხრიდან დასქმებულებთან შეხვედრების დროს გაიცა გარკვეული დაპირებები, მათ შორის ითქვა, რომ გადაიხედებოდა სახელფასო პოლიტიკა. დირექტორატის ძალისხმევით შესაძლებელი გახდა დამატებითი სარეზერვო თანხების მოძიება და რკინიგზელთა საჭიროებების შეძლებისდაგვარად დაკმაყოფილება.

„საქართველოს რკინიგზა“ მუდმივად ზრუნავს დასაქმებულთა პირობების გაუმჯობესებაზე, ლოიალურობის ამაღლებასა და მათთვის სხვადასხვა სოციალური პროგრამების განხორციელებაზე,” – აღნიშნულია რკინიგზის განცხადებაში.

რას წერს რუსული მედია პუტინის გინებაზე – შეფასებები და განცხადებები

რუსული მედია „რუსთავი 2“-ის გადაცემა P.S.-ის ეთერს, სადაც ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს აგინა და შემდგომში განვითარებულ მოვლენებს, გუშინვე, 7 ივლისს, გადაცემის გასვლიდან მოკლე ხანში გამოეხმაურა.

ერთ-ერთი პირველი კომენტარი ამ თემაზე „რია ნოვოსტიზე“ გამოჩნდა. გამოცემამ თინა კანდელაკის კომენტარი გამოაქვეყნა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის გინებას „ტელეგრამზე“ გადაცემის გასვლიდან მოკლე ხანში გამოეხმაურა.

„გადაცემის დასაწყისში წამყვანი დიდხანს, ბინძურად და ქუჩურად აყენებდა შეურაცხყოფას ჩემი ქვეყნის პრეზიდენტს…

მე მივიჩნევ, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2, რომელიც 18 ივლისს თავის კანონიერ მფლობელს უნდა დაუბრუნდეს, ვალდებულია არამხოლოდ ბოდიში მოიხადოს ასეთი ქცევისათვის ჩვენი პრეზიდენტის წინაშე, არამედ ბოდიში უნდა მოიხადოს საქართველოს ხელისუფლებამაც. არ მგონია, რომ ვლადიმერ პუტინს ეს ბოდიში სჭირდება, მაგრამ ეს ერთადერთი საშუალებაა შეინარჩუნო „სახის ნარჩენები“ ქვეყანაში, სადაც შესაძლებელია ასეთი ეთერი“ – დაწერა კანდელაკმა „ტელეგრამზე“ 7 ივლისს, ღამე.

უკვე 8 ივლისს რუსულ მედიაში გამოჩნდა ოფიციალური პირების კომენტარები.

რუსეთის სახელმწიფო დუმის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრმა ევგენი პრიმაკოვმა განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა უნდა გაიყინოს.

„სიცივე აჯანსაღებს. უცნაურია მხოლოდ ის, რომ ამასთან შეკამათებას ცდილობენ სწორედ ქართველი ტურბო-პატრიოტები იმიტომ რომ ისინი ყველაზე მეტად ყვირიან – „თავი დაანებეთ საქართველოს, დაგვშორდით“. – დიახ, დაგვითანხმეთ, აღარ ჩამოვალთ თქვენთან, აღარ ჩამოვფრინდებით, უკვე თქვენით გამოსცურეთ“. „ოჰ, თქვე ვერაგო მტრებო, ასე როგორ შეგიძლიათ“. შეგვიძლია. ეს ჩვენ არ გვახარებს მაგრამ როგორც ჩანს, აუცილებელია“, – წერს პრიმაკოვი.

რუსეთის დუმის დეპუტატი ასევე წერს, რომ მართალია, საქართველოს პრეზიდენტმა დაგმო ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საქციელი, მაგრამ „ბოდიში არ გახმიანებულა.“

რუსულ მედიაში გავრცელდა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის კომენტარიც, რომელმაც საქართველოში მიმდინარე სიტუაციას „რუსოფობიური კრუნჩხვა“ უწოდა.

„ეს არაფერია, თუ არა ხელისუფლების მხრიდან სურვილის ან მზაობის უქონლობა, აღეკვეთა ექსტრემისტულად განწყობილი ჯგუფები თავიდანვე. ეს არის შედეგი, რომელსაც თვალს ვადევნებთ“ – განაცხადა პესკოვმა.

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ ჯაბაროვი კი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს.

„ამ ჟურნალისტმა შეურაცხყოფა მიაყენა არა მხოლოდ პრეზიდენტ პუტინს, არამედ მთელ ჩვენს ქვეყანას. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა რუსეთის ლიდერის შეურაცხყოფის ფაქტზე ამ არამზადას წინააღმდეგ საქმე უნდა აღძრას. ეს ცივილიზებულ ჩარჩოებს სცდება. მე უფრო შორსაც წავიდოდი და სავაჭრო ემბარგოსა და ხისტ სანქციებს დავაწესებდი. ჩემი აზრით, რეაგირებას მალე უნდა ველოდოთ. ვნახოთ, რას იტყვიან ევროპელები“, – განაცხადა ჯაბაროვმა.

საქართველოს მიმართ სანქციების თემა მალევე გახდა აქტუალური რუსულ მედიაში.

რუსეთის დუმის წევრმა, რუსეთის სანიტარული სამსახურის ყოფილმა უფროსმა, გენადი ონიშენკომ განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკა ჩამოიშლება რუსეთის ბაზრის გარეშე.

„საქართველოში მეღვინეობა უკვე ნამდვილად ჩამოიშლება [რუსეთის ბაზრის გარეშე]. თუ ჩვენ დავადებთ სანქციებს, ქართველმა ხალხმა უნდა ჰკითხოს თავის პოლიტიკოსებს, ვისზე მუშაობენ ისინი – ვაშინგტონისთვის თუ საკუთარი ხალხისთვის“ – განაცხადა ონიშენკომ.

მან ასევე განაცხადა რომ მხარს უჭერს საქართველოდან რუსეთში ღვინისა და წყლების შეტანის აკრძალვას, მაგრამ არა როგორც ექიმი, არამედ როგორც პოლიტიკოსი.

8 ივლისს, შუადღეზე, უკვე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის მმართველი პარტია „ედინაია რასია“ საკანონმდებლო ორგანოში საქართველოდან ღვინისა და მინერალური წყლის აკრძალვის ინიციატივა დააყენა. მიზეზი, დეპუტატის განმარტებით, საქართველოში არსებული “რუსოფობიური განწყობებია”, რომელიც მისი მტკიცებით რუსეთის მოქალაქეებს საფრთხეს უქმნის.

რუსეთის საგარეო უწყება რ2-ის წამყვან გიორგი გაბუნიას მიერ ვლადიმირ პუტინის გინებას “ქართველი რადიკალების მხრიდან მოწყობილ კიდევ ერთ პროვოკაციას უწოდებს”. ოფიციალური მოსკოვის განცხადებით, ამ ძალების მიზანი “რუსულ-ქართული ურთიერთობების გაუარესებაა”.

რუსეთის საგარეო უწყება ხაზს უსვამს რომ ამჟამად, განსხვავებით 20 ივნისის [გავრილოვის ინციდენტი] შემთხვევისგან, საქართველოს ხელისუფლებას “რადიკალების გამართლება” არ დაუწყია.

„საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარ თავში იპოვა ძალა, გაემიჯნა პროვოკატორებს და შეაფასა მათი ქმედებები. ვხედავთ სამართლიან აღშფოთებასაც, რომლითაც ქართულმა საზოგადოებამ მომხდარი მიიღო”, – აცხადებენ რუსეთის საგარეოში.

„რია ნოვოსტი“ წერს რუსი ჟურნალისტის, კრემლის ცნობილი პროპაგანდისტის, ჟურნალისტ ვლადიმერ სოლოვიოვის გამოხმაურებაზეც, რომელმაც განაცხადა რომ დროა „სიმართლეს თვალებში შევხედოთ“:

„იქნებ უკვე დროა შევზღუდოთ ჩვენი ბაზარი ქართული პროდუქციისთვის? ხოლო ჩვენი [რუსული] კომპანიების, რომელებიც ილტვიან ქართულ ბიზნესში დაბანდებისკენ, თანაგრძნობა საჭირო არაა. ისინი მშვენივრად ხვდებოდნენ ყველა რისკს. მოვიდა დრო მშვიდი, პრაგმატული და არა ემოციური პასუხების. კმარა მუდმივად ყველასთან ვალში ყოფნისა და ყველაფერში დამნაშავედ თავის გრძნობა“ – წერს სოლოვიოვი „ტელეგრამზე“.

ქართველი ჟურნალისტის გინებას პუტინის მისამართით გამოეხმაურა მომღერალი დიანა ღურწკაიაც.

„ეს სამარცხვინოა და ჟურნალისტის მოქმედება ხელისუფლებამ და სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა შეაფასონ. აქ სტანდარტული წუხილით შემოფარგვლა ვერ მოხდება, ქვეყნის ხელისუფლებამ ოფიციალურ დონეზე უნდა მოიხადოს ბოდიში“ – განაცხადა ღურწკაიამ, რომელიც რუსეთის დამსახურებული  არტისტი და საზოგადოებრივი პალატის წევრია.

თემას გამოეხმაურა ჟირინოვსკიც, ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერიც.

„საქართველოში სიტუაციის გამწვავების ერთ-ერთი მიზანი შეიძლება იყოს რუსების საბოლოო გაყვანა ქვეყნიდან და თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობის უკიდურესად გაუარესება, რათა მომზადდეს საქართველოში ამერიკული ავიაციის განთავსების საფუძველი, რომელიც შემდგომში ირანის დაბომბვისთვის იქნება გამოყენებული“ – წერს იგი „ტელეგრამზე“.

რუსული საბჭოთა ბოი-ბენდი, “ლასკოვი მაი (Ласковый май)“  გიორგი გაბუნიას გინების შემდეგ საქათველოში გასტროლებს აღარ გამართავს. ამის შესახებ ინსტაგრამზე მათი პროდუსერი, ანდრეი რაზინი წერს.

განცხადებაში რაზინი გიორგი გაბუნიას უცენზუროდ მოიხსენებს და ამბობს, რომ “ლასკოვი მაი“ საქართველოში გასტროლებს აღარასდროს ჩაატარებს.

„მივმართავ ყველა რუს არტისტს, მიბაძონ ჩვენს მაგალითს და აღარასდროს ჩავიდნენ საქართველოში,“- წერს ის.

________________________

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ 7 ივლისის გადაცემა რუსულ ენაზე დაიწყო და  რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს აგინა. არხის დირექტორმა ნიკა გვარამიამ მალევე განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია გამოხატვის ამგვარი ფორმა. ბოდიში მოიხადა “კვირის აქცენტების” წამყვანმა ეკა კვესიტაძემაც.

რუსთავი 2-ის წამყვანის მიერ პუტინის გინებას მყისიერად გამოეხმაურნენ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და თბილისის მერი და შეაფასეს როგორც პროვოკაცია და დესტაბილიზაციის მცდელობა. კახა კალაძემ ისიც განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყანა ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, დაუშვებელია “პატრიოტიზმით” შენიღბული ამ მასშტაბის პროვოკაცია მკაცრი რეაგირების გარეშე დატოვონ, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, ჟურნალისტის საქციელი შეაფასონ.

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა ბოდიში მოიხადა გაბუნიას გინების გამო, ამასთანავე, განაცხადა, რომ “კატეგორიულად დაუშვებლად მიიჩნევს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან თავდასხმებს და მუქარებს საპასუხო მკაცრი რეაგირების თაობაზე”.

ბათუმის მე-6 სკოლისთვის ახალი კორპუსი აშენდება

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე N6 საჯარო სკოლის არსებული კორპუსის ნაწილობრივი რეაბილიტაცია და მეორე კორპუსის მშენებლობის სამუშაოები 2019 წელს უნდა დაიწყოს და 2021 წელში დასრულდეს. რეაბილიტაცია-მშენებლობისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 3 491 578 ლარია გამოყოფილი. სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გამოაცხადა.

სატენდერო პირობების მიხედვით, N6 საჯარო სკოლის არსებული კორპუსის ნაწილობრივი რეაბილიტაცია უნდა დასრულდეს 5 თვის ვადაში. ვადის ათვლა დაიწყება შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისთვის გაგზავნილ წერილობით შეტყობინებაში დაფიქსირებული თარიღიდან. ეს სამუშაოები უნდა განხორციელდეს 2021 წელს [სავარაუდო პერიოდი: აპრილი – სექტემბერი]. ახალი [მეორე კორპუსის] მშენებლობა კი 24 თვეში უნდა დასრულდეს ხელშეკრულების დადების თარიღიდან.

„ვადის ცვლილების [გაზრდის] საფუძველს არ წარმოადგენს თოვლი, წვიმა და სხვა მსგავსი მეტეოროლოგიური მოვლენები [მოწოდების ვადა განისაზღვრა მსგავსი გარემოებების გათვალისწინებით], ასევე ობიექტის მიმდებარედ მიმდინარე სხვა სამუშაოები.“ – აღნიშნულია ტენდერის პირობებში.

სამინისტროს განცხადებით, პროექტის მიხედვით „უნდა აშენდეს სამსართულიანი შენობა, რომელიც გათვლილია 540 მოსწავლეზე ერთ ცვლაში. შენობაში განთავსდება 18 საკლასო ოთახი და დამხმარე ოთახები, ლაბორატორიები და ბიბლიოთეკა, სპორტული და სააქტო დარბაზები, სასადილო. შენობა ადაპტირებული იქნება, მოეწყობა ლიფტი, შესაბამისი სველი წერტილები და პანდუსი. ასევე, განხორციელდება არსებული შენობის სახურავის და ფასადის რეაბილიტაცია. ეზო სრულად კეთილმოეწყობა. აქვე განთავსდება ღია სპორტული მოედანი ტრიბუნებით“.

ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 20 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება.

ამ სკოლის არსებული შენობის მხოლოდ ნაწილობრივ რეაბილიტაციაზე ტენდერი სამინისტრომ 2018 წლის თებერვალშიც გამოაცხადა, თუმცა რამდენიმე დღეში ტენდერი შეწყვიტა. სატენდერო თანხა 610 769 ლარი იყო.

ტენდერის შეწყვეტის შესაბამის ოქმში ვკითხულობთ, რომ არსებული შენობის რეაბილიტაცია და ახალი კორპუსის მშენებლობა ერთი პროექტია, ამიტომ ის უნდა გადასცემოდა ბათუმის მუნიციპალიტეტს. თუმცა პროექტს ისევ სამინისტრო განახორციელებს.

ამ თემაზე:

აშენდება თუ არა ბათუმში ახალი საჯარო სკოლა

მთავარი ფოტო: მე-6 სკოლის ახალი კორპუსი / რენდერი პროექტიდან.

როგორ გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოება საგარეოს მიმართვას გაბუნიას საქციელზე

გამოეხმაურა თუ არა საერთაშორისო საზოგადოება და პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართვას „გაბუნიას საქციელზე?“ – „ბათუმელებმა“ ამ კითხვით სამუშაო დღის ბოლოს სამინისტროს მიმართა. უწყებაში გვითხრეს, რომ ამის შესახებ თვითონ გააკეთებენ განცხადებას.

„დაგიკავშირდებით, როცა გვექნება განცხადება“, – გვითხრეს სამინისტროს პრესსამსახურში.

გუშინ, 7 ივლისს, „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ, თავისი გადაცემა რუსულ ენაზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გინებით დაიწყო.

პირდაპირ ეთერში ვლადიმერ პუტინის რუსულ ენაზე გინებას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელმაც საერთაშორისო საზოგადოებას სთხოვა, „რუსთავი 2“-ის წამყვანის საქციელის სათანადოდ შეფასება.

„მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას და პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, სათანადო შეფასება მისცეს ტელეკომპანიის და კონკრეტულად ამ ჟურნალისტის საქციელს, რომელმაც უხეშად უგულვებელყო საერთაშორისო პროფესიული ნორმები და სტანდარტები”, – ეს არის ამონარიდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადებიდან.

იმავე შინაარსის განცხადება გაავრცელა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესის დეპარტამენტმა: „ველოდებით ადეკვატურ რეაქციას პროფილური საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციებისა და ჟურნალისტური საზოგადოების მხრიდან. ამ ტიპის გამოვლინებებს არ უნდა ჰქონდეს ადგილი ცივილიზებულ ქვეყნებში“.

 

აბაშიძე-კარასინის შეხვედრებში ბიუჯეტიდან 736 637 ლარი დაიხარჯა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ინფორმაციით, 2012 წლის ნოემბრიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლის, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობაზე ბიუჯეტიდან 736 637 ლარი დაიხარჯა.

ე.წ. კარასინი-აბაშიძის შეხვედრებს 2012 წლის ბოლოდან ჩაეყარა საფუძველი რუსეთთან 2008 წლის ომის შემდეგ გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობების პირობებში. როგორც მონაწილეები ამბობენ, ამ ფორმატში საუბარი სავაჭრო, სატრანსპორტო, ჰუმანიტარულ და კულტურულ საკითხებთან დაკავშირებულ პრობლემებზე მიმდინარეობს.

კარასინი-აბაშიძე

მაშველებმა მყინვარწვერზე ახალგაზრდა ქალი გადაარჩინეს

მაშველებმა მყინვარწვერზე საქართველოს მოქალაქე, ახალგაზრდა ქალი გადაარჩინეს.

„შემოვიდა ინფორმაცია, რომ მყინვარწვერზე, მეტეოსადგურის ტერიტორიაზე ქვედა კიდურების დაზიანებით, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა ახალგაზრდა ქალი, თუმცა ვერ ახერხებდა გადაადგილებას და დახმარება ესაჭიროებოდა“.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დასახმარებლად ადგილზე გავიდნენ ყაზბეგის სამაშველო და განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს მაშველები.

„რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, სამაშველო ჯგუფმა დაშავებული მოქალაქე სასწრაფო დახმარების ბრიგადამდე ჩამოიყვანა“.

ახალგაზრდა ქალი გადაყვანილია ყაზბეგის სტაციონარში, სადაც გაეწევა შესაბამისი სამედიცინო დახმარება.

საქართველოს მოსახლეობის 71% ენდობა ევროკავშირს – 2019 წლის კვლევა

ევროკავშირი საქართველოში 2019 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევას აქვეყნებს, რომელიც მიმდინარე წლის თებერვლიდან აპრილამდე პერიოდს მოიცავს. კვლევა ემყარება პირისპირ ინტერვიუებს 1,000 ადამიანისგან შემდგარ შერჩეულ ჯგუფებში ქვეყნის მასშტაბით.

ევროკავშირი საქართველოში ინფორმაციით, მსგავსი კვლევა უკვე ოთხი წელია ტარდება, პირველი ტალღა 2016 წელს დაიწყო.

მსგავსი კვლევები ასევე ჩატარდა აღმოსავლეთ პარტნიორობის დანარჩენ ხუთ ქვეყანაში: აზერბაიჯანში, ბელორუსში, მოლდოვის რესპუბლიკაში, სომხეთსა და უკრაინაში.

შედეგები ექვსი ქვეყნიდან ეროვნულ ანგარიშებში და კონსოლიდირებულ რეგიონულ მიმოხილვით ანგარიშში არის წარმოდგენილი.

კვლევა დაფინანსებულია პროექტის – „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ ფარგლებში.

კვლევის შედეგების მიხედვით:

  • საქართველოს მოსახლეობის 80% მიიჩნევს, რომ საქართველოს კარგი ურთიერთობები აქვს ევროკავშირთან.
  • საქართველოს მოსახლეობის 71% ენდობა ევროკავშირს (ეს შედეგი უცვლელია 2018 წლის შემდეგ).
  • საქართველოს მოსახლეობის 50% დადებითი აზრისაა ევროკავშირზე და  მხოლოდ 4%-ს უარყოფითი აზრი გააჩნია.
  • საქართველოს მოსახლეობის 74% (16%-ით მეტი 2018 წელთან შედარებით) ინფორმირებულია, რომ ევროკავშირი ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ქვეყანას, და 62%  მიიჩნევს, რომ ეს მხარდაჭერა ეფექტიანია.

„ყოველწლიური კვლევების მიზანია იმ მოსაზრების და ინფორმირებულობის დონის შესწავლა და უკეთ გაგებარომელიც ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების მოქალაქეებს აქვთ ევროკავშირის და მათ ქვეყანასთან ევროკავშირის ურთიერთობის შესახებ.

„რესპუბლიკურის“ ახალ შენობაში გაზმომარაგების შიდა ქსელის მოსაწყობად 5630 ლარია გამოყოფილი

ბათუმში, 170-საწოლიანი, მრავალპროფილური კლინიკური საავადმყოფოს გაზმომარაგების შიდა ქსელის მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და სამშენებლო სამუშაოებისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 5 630 ლარია გამოყოფილი. მომსახურების შესყიდვა ელექტრონული ტენდერით განხორციელდება, რომელიც შპს „სტადიონმა“ გამოაცხადა.

სატენდერო პირობის მიხედვით საავადმყოფოს გაზმომარაგების შიდა ქსელის მოწყობის საპროექტო დოკუმენტაციის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს დღგ-ს გარეშე 420 ლარს, ხოლო სამუშაოების ღირებულება – 5 210 ლარს.

ტენდერში გამარჯვებულმა გაზმომარაგების შიდა ქსელის მოწყობაზე ტექნიკური პირობის აღება, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა, რეგიონის გაზგამანაწილებელ ლიცენზიანტ კომპანიასთან შეთანხმება და სამშენებლო სამუშაოების მიწოდება უნდა განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.

ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 12 ივლისს დაიწყება და 15 ივლისს დასრულდება.

რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობა, რომლის მშენებლობაც 2018 წლის 18 მაისს უნდა დასრულებულიყო, აჭარის მთავრობას ამ დრომდე [08.07.2019] არ ჩაუბარებია.

ამ თემაზე:

ახალი კლინიკისთვის აჭარის 2019 წლის ბიუჯეტში თანხა არ იქნება – რაში დაიხარჯება 65 მილიონი ლარი

სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამაში ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობის აღჭურვისთვის თანხა გათვალისწინებული არ არის. ეს პროგრამა საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 28 იანვარს დაამტკიცა, ცვლილებები კი, 14 მაისს შეიტანა. ამ თემაზე: რატომ არ შეეხო რესპუბლიკურ საავადმყოფოს აღჭურვის პროგრამაში 14 მაისს შესული ცვლილებები

ბათუმში მეზღვაურთა დღე 12 ივლისს აღინიშნება

მეზღვაურთა საერთაშორისო დღე 25 ივნისის ნაცვლად ბათუმში 12 ივლისს აღინიშნება. კადეტთა და მეზღვაურთა ტრადიციული საზეიმო მსვლელობა დილის 9:30-ზე დაიწყება ბათუმის ცენტრალური პარკიდან მე-11 ნავმისადგომისაკენ. ნავმისადგომზე  გაიმართება ღონისძიების ოფიციალური ნაწილი, ხოლო მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნება „მეზღვაურთა სკვერი“.

მეზღვაურთა დღესთან დაკავშირებით ბათუმის ბულვარში   საინტერესო და გასართობი ღონისძიებებია დაგეგმილი. დღის ბოლოს კი  სუხიშვილების კონცერტი გაიმართება.

ამავე თემაზე:

ბათუმში მეზღვაურთა დღის აღნიშვნა გადაიდო, ნახეთ როგორ აღინიშნებოდა წინა წლებში [ფოტო]

თელავში თიბისის მხარდაჭერით სასტუმრო Holiday Inn გაიხსნა

თელავში თიბისის მხარდაჭერით კიდევ ერთი ბრენდული სასტუმრო Holiday inn გაიხსნა. 85 ნომრიანი სასტუმრო თელავის ცენტრში მდებარეობს და სტუმრების მიღება უკვე დაწყებულია.

სასტუმროს ფრანჩაიზის ხელშეკრულება კომპანია “ინტერკონტინენტალ ჰოტელ გრუპს”-თან გაფორმდა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 5,000 ზე მეტი სასტუმროთი არის წარმოდგენილი. დაფინანსების სტრუქტურისა და პირობების გაუმჯობესის მიზნით,Holiday inn-ის პროექტი, თიბისი ბანკის მხარდაჭერით ჩაერთო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და აგრეთვე სახელმწიფო „უმასპინძლე საქართველოს“ დაფინანსების პროგრამებში.

თიბისი ბანკისთვის მნიშვნელოვანია რეგიონებში კორპორატული კლიენტების მხარდაჭერა და განსაკუთრებით ტურიზმის სექტორის განვითარების ხელშეწყობა. თიბისის ჯამური ინვესტიციის მოცულობა ტურიზმის სექტორში, კერძოდ სასტუმროების დაფინანსების მიმართულებით, შეადგენს 650 მილიონ ლარს.

„თიბისის გუნდის აქტიური ჩართულობა პროექტის საწყისი ეტაპიდან და მათი დაგროვილი გამოცდილება ტურიზმის მიმართულებით ძალიან სასარგებლო იყო ჩვენი პროექტის წარმატებულად განხორცილებაში. დარწმუნებული ვარ, მომავალშიც კიდევ ბევრ საინტერესო პროექტს გავაკეთებთ ერთად“ – აცხადებს სასტუმროს თანადამფუძლებელი ლევან ერისთავი.

„თიბისი ბანკისთვის როგორც რეგიონალური კორპორატიული კლიენტების განვითარება, აგრეთვე ტურიზმის  მზარდაჭერა პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.  ჩვენი გუნდი მოხარულია რომ მოგვეცა შესაძლებლობა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხოციელებაში მიგვეღო მონაწილეობა. ჩვენ მუდმივად ვფიქრობთ საერთაშორისო ფონდების დაფინანსების მოძიებას, რაც ეხმარება სასტუმროებს დაფინანსების ხარჯების ოპტიმიზაციაში“- აცხადებს ლევან შავკაციშვილი, თიბისი ბანკის კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის უფროსი.

თიბისი ბანკი აქტიურად განაგრძობს ტურიზმის სექტორის განვითარების მხარდაჭერას.

სასულიერო პირები აქციის მონაწილეებისგან პარლამენტის წინა ტერიტორიის გასუფთავებას ითხოვენ

ამ წუთებში სასულიერო პირები და ნაციონალისტური დაჯგუფება თბილისში, პარლამენტის წინა ტერიტორიის „გასუფთავებას“ ითხოვენ. ერთ-ერთი სასულიერო პირის, დავით ქვლივიძის თქმით, მან პოლიციას მიმართა, რომ ტერიტორია „გაასუფთავონ“, რადგან „აპირებენ მშვიდობისადმი მიძღვნილი პარაკლისის გადახდას“.

დეკანოზი დავით ქვლივიძე: „ჩვენი მიზანი არის ერთი მშვიდობიანი პარაკლისის გადახდა. ეს ადგილი არის თბილისელებისთვის საყვარელი ადგილი და ყველაზე მთავარი აქ იყო ტაძარი  ალექსანდრე ნეველის… დაინგრა და მთავრობის სახლი აშენდა და ხედავთ აქ გადადექი არ გადავდგები, სროლა, წივილი… ჩვენ ვთვლით, რომ აქ სულ ასე იქნება, სანამ ასეთი მდგომარეობაა. ჩვენ პარაკლის ვიხდით და ჩვენი მოთხოვნაა, რომ დამთავრდეს ეს აქ, რამდენი ხანი უნდა გაგრძელდეს ეს ძალადობა, შეურაცხყოფა…

გვინდა ჩვენ შვილებთან, შვილიშვილებთან მშვიდობიანად ვისეირნოთ. ვთხოვთ პოლიციას, რომ აიღოს ეს ყველაფერი“.

თბილისში 20 ივნისის აქციის დარბევის შემდეგ, 19:00 საათზე იწყება აქცია და ღამის 12 საათზე წყდება. აქცია სახელწოდებით „სირცხვილია“, რომლის მონაწილეებიც შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ, დღესაც უნდა გაიმართოს. თუმცა ტერიტორია უკვე დაიკავა მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა.

 

 

 

„აჭარის ტელევიზიის“ ახალ დირექტორს 10 ივლისს აირჩევენ

„აჭარის ტელევიზიის“ მრჩეველთა საბჭომ ტელევიზიის დირექტორობის კანდიდატებთან გასაუბრება დაიწყო. საბოლოო გადაწყვეტილება ბორდმა ზეგ, 10 ივლისს, საღამოს 7 საათზე უნდა მიიღოს.

„აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორობა სულ 12 კანდიდატს სურს. დღეს, 8 ივლისს, მრჩეველთა საბჭო დავით ჩხარტიშვილს, შოთა ზოიძეს, ირმა ზოიძეს და თინათინ ცისკარიძეს მოუსმენს. ხვალ, 9 ივლისს საკუთარ ხედვებს წარმოადგენენ კანდიდატები: დავით დიასამიძე, შოთა გურაბანიძე, ფირუზ ბოლქვაძე და ნუგზარ ჩხეიძე. 10 ივლისს კი, ბორდი გიორგი კოხრეიძეს, მერაბ წულუკიძეს, გიორგი წულაიას და ციალა ქათამიძეს მოუსმენს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის კონკურსი უკვე მეორედ იმართება. პირველ ჯერზე კონკურსი 31 მაისს გაიმართა და დირექტორის პოსტზე სულ რვა კანდიდატი განიხილებოდა, აქედან მეორე ტურში ოთხი კანდიდატი გადავიდა, თუმცა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო კონკურსში გასამარჯვებლად საჭირო რაოდენობის ხმების მოგროვება და კონკურსი ხელახლა გამოცხადდა.

მეორე ჯერზე კონკურსში მონაწილეობს ყველა ის კანდიდატი, რომლებიც პირველ ჯერზე მონაწილეობდნენ კონკურსში, გარდა ნათია ზოიძისა და თორნიკე მჟავანაძისა.

ნათია ზოიძემ, რომელიც ამჟამად საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელია, პირველი კონკურსის შემდეგ განაცხადა, რომ მრჩეველთა საბჭო არის პოლიტიკურად მოტივირებული და ამ პროცესს არაფერი აქვს საერთო იდეებთან, ღირებულებებთან და არ ეფუძნება პრობლემების მქონე თანამშრომელთა მიმართ სოლიდარობის  განცდას.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ადგილი 19 აპრილიდან არის ვაკანტური, როცა მრჩეველთა საბჭომ ნათია კაპანაძე თანამდებობიდან გადააყენა.

 

მთავარი ფოტო: ბორდის სხდომა. ფოიტო არქივიდან

ქორიძე რ2-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე: ხელისუფლების განცხადებები არანაკლებ პროვოკაციულია

რუსთავი 2-ის გარშემო მას შემდეგ განვითარებულ  მოვლენებს, რაც ამ არხის ტელეწამყვანმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს რუსულად აგინა პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტი ზვიად ქორიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა. საქმე იმაშია, რომ რუსთავი 2-თან შეკრებილი მოქალაქეები ამ წუთებში არხის გაუქმებას, ასევე გიორგი გაბუნიას და ნიკა გვარამიას გადადგომას ითხოვენ. არხმა მაუწყებლობა შეწყვიტა. მანამდე ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებმა ტელეწამყვანის ამ განცხადებას უწოდეს „პროვოკაცია საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ“ და თქვეს ისიც, რომ ამას „რეაგირების გარეშე“ არ დატოვებენ.

ზვიად ქორიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

რაკი გიორგი გაბუნიას დღევანდელმა რეპლიკამ ასეთი გაცხოველებული საჯარო დისკუსია გამოიწვია, მსურს ჩემს ფეისბუქ-მეგობრებს რამდენიმე მოსაზრება გაგიზიაროთ.

1. მიმაჩნია, რომ გაბუნიას რეპლიკა იყო უხამსი. ცუდია, როდესაც მედიასაშუალება სარედაქციო პოლიტიკის ფორმირებისას უარს არ ამბობს უხამსობაზე. ამაზე მუდმივად შეგვიძლია ვიკამათოთ, თუმცა ეს საკითხი ვერაფრით გასცდება თვითრეგულირების სფეროს;

2. მიმაჩნია, რომ თვითრეგულირების სფეროს უფრო მკაცრი რეგლამენტაცია, როგორიც დღეს გვაქვს, უკვე ცენზურის მცდელობა იქნება. ამიტომ არის სახიფათო ხელისუფლების წამომადგენელთა განცხადებები მედიის კონტროლისა და საპასუხო ქმედებების შესახებ;

3. მიმაჩნია, რომ ხელისუფლებამ პოლიტიკური სასაუბროდან უნდა ამოაგდოს გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი ზომების ჩამონათვალი. რამდენადაც ხშირად ვიტყვით, რომ “აიკრძალოს რუსთავი-2”, “აეკრძალოს გაბუნიას სატელევიზიო ეთერში ყოფნა” და მსგავსი განცხადებები, მით მალე დავემსგავსებით ისეთ არადემოკრატიულ ქვეყნებს, როგორც თავად რუსეთია;

4. მიმაჩნია, რომ რუსეთთან ურთიერთობის საფუძვლებზე სერიოზული საზოგადოებრივი და პოლიტიკური დისკუსია უნდა გაიმართოს, რათა დავრწმუნდეთ, რომ რუსეთის ამოცანა არის ქართული სახელმწიფოს დასუსტება და მისი დემოკრატიულობის ხარისხის დაცემა;

5. მიმაჩნია, რომ ამ წუთებში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ოფიციალური განცხადებები არანაკლებ პროვოკაციულ და საზოგადოების დემორალიზების ხასიათს ატარებს, ვიდრე გიორგი გაბუნიას უხამსი რეპლიკა.

დღეს კიდევ ერთ ტესტს ვაბარებთ დემოკრატიაზე. მთავარია, არ დავუშვათ საბედისწერო შეცდომა. “რუსთავი-2”-ს და მისი წამყვანის საეთერო მომავალი მაყურებლის გადასაწყვეტია და არა ხელისუფლების. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ მსგავსი უხამსობა ჩემთვის პერსონალურ ურთიერთობებშიც მიუღებელია და პროფესიულ საქმიანობაშიც.

ამავე თემაზე:

გაბუნიამ პუტინს პირდაპირ ეთერში რუსულად აგინა, გვარამიასთვის ეს მიუღებელია

რა მოხდა რუსთავი 2-ზე “პოსტსკრიპტუმის” პირდაპირ ეთერში [მოკლედ]

დღეს, 7 ივლისს, „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსკრიპტუმის“ წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ თავისი გადაცემა რუსულ ენაზე, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გინებით დაიწყო. ტელეწამყვანმა თავის მიმართვაში ასევე გინებით მოიხსენია რუსეთის პრეზიდენტის გარდაცვლილი მშობლებიც.

ჟურნალისტის ამ მონოლოგს საზოგადოების მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა.

გიორგი გაბუნიას გაემიჯნა არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელმაც ფეისბუქ ლაივში თქვა რომ ის “არ აპირებს პუტინის გინების გამო ბოდიშის მოხდას, თუმცა მიუღებელია ამგვარი ფორმით თვითგამოხატვა და ეს არ არის არხის დამოკიდებულება”.

პირდაპირ ეთერში ვლადიმერ პუტინის რუსულ ენაზე გინებას ტვიტერზე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე.

“რაც რუსთავი 2-ზე დღეს ვიხილე ვიხილეთ არაფერია თუ არა პროვოკაციის ამაზრზენი აქტი და ქვეყნის დესტაბილიზაციის მსცდელობა. ის, რაც აბსოლუტურად დაუშვებელია” –  წერს პრემიერ-მინისტრი.

რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში მომხდარ ფაქტზე განცხადება გაავრცელა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ.

“რუსეთის პრეზიდენტის მიმართ გაკეთებული არაეთიკური განცხადებები ზიანს აყენებს არა მხოლოდ “რუსთავი 2-ს”, არამედ ქართულ ეთიკურ მედიას, ხელს უწყობს მედიისა და ჟურნალისტების მიმართ ნდობისა და პატივისცემის შემცირებას, სიძულვილის ენის ტირაჟირებას,  აზიანებს ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებსა და განვითარებას. სწორედ პასუხისმგებლიანი და ეთიკური მედიაა მთავარი იარაღი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლაში. გადაცემის წამყვანის ამგვარი არაეთიკური და უპასუხისმგებლო განცხადებები აღვივებს მედიის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ ხელისუფლების მისწრაფებების აქტუალობას და ცვლილებებისადმი საზოგადოების ნაწილის მხარდაჭერას, მით უფრო მაშინ, როდესაც ბოლო პერიოდში მაღალი თანამდებობის და სხვა საჯარო პირები თვითრეგულირების შესუსტების ინიციატივებით არაერთხელ გამოვიდნენ”, –  ნათქვამია განცხადებაში.

“რუსთავი 2”-ის წამყვანის მიერ პირდაპირ ეთერში პუტინის გინებას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც გამოეხმაურა.

“პრეზიდენტი გმობს ერთ-ერთი ტელეკომპანიის წამყვანის მიერ მეზობელი ქვეყნის მეთაურის პროვოკაციული და შეურაცხმყოფელი ტერმინებით მოხსენიებას. პატრიოტიზმი სხვა რამ არის და ქვეყნის ინტერესების დაცვა აგრესიით, დესტაბილიზაციით და არეულობით არ ხდება. ჩვენი გზა მშვიდობიანი გზა არის, ჩვენი პერსპექტივა ევროპა, ჩვენი ძალა კი სტაბილურობა. ქვეყნის დაშლა ორ ბანაკად, გარე დაპირისპირების წაქეზება და რეგიონში დაძაბულობის გაღვივება ჩვენი მხრიდან დაუშვებელია! ეს ან ახალი ომის პროვოცირებას ემსახურება, ან რევანშია დაუსრულებელ გადატრიალებაზე? ყოველშემთხვევაში ეს არის ქმედება ქვეყნის წინააღმდეგ! საქართველოსთვის რაც უკადრებელია, ის იკადრა! სახელმწიფოს ინტერესების დაზიანება ამას ჰქვია!”, – პრეზიდენტის ამ განცხადებას მისი პრესსამსახური ავრცელებს.

პირდაპირ ეთერში ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მიერ პუტინის გინებას გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეც.

“რაც დღეს რუსთავი 2-ის ეთერში მოვისმინეთ, არის პირდაპირი პროვოკაცია საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ. კითხვები აღარ არსებობს, რომ ეს პოლიტიკური ჯგუფი საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს”, – წერს არჩილ თალაკვაძე ფეისბუქზე.

“მარაზმი იყო, რაც გაბუნიამ ჩაიდინა და სრულიად გასაგები და სამართლიანია აღშფოთება, მაგრამ ისიც არანაკლებ შემაშფოთებელია, ყოველი ასეთი ეპატაჟური გამოხტომა არარაციონალურ სუმბურულ გრძნობებს და შეფასებებს რომ აშლის ხოლმე ფბ-ზე. მაგალითად: რ2 რუსეთიდან ფინანსდება; არიქა, პუტინი დაგვბომბავს; ნიადაგს უმზადებენ რუსეთის აგრესიას; რ2-ს ბიძინა აფინანსებს და ა.შ. ხვალ უკეთესი და, იმედია, უფრო ღირსეული დღე გვექნება ყველას ერთად,” – წერს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი სერგი კაპანაძე.

 

ცოტნე ანანიძე: რესოციალიზაცია არის სასჯელის ყველაზე ჰუმანური მიზანი

ცოტნე ანანიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე

სამწუხაროდ, სტერეოტიპები საზოგადოებაში ყოფილ პატიმრებზე არსებობს. ეს მემკვიდრეობა ჩვენ საბჭოთა კავშირიდან მივიღეთ, რადგან არ ვცნობდით სასჯელის ყველაზე მთავარ მიზანს – რესოციალიზაციას.

საზოგადოებამ, მათ შორის, დამსაქმებლებმაც რესოციალიზაცია უნდა აღიქვან ჯეროვნად. ყოფილი პატიმარი არ ნიშნავს იმას, რომ ის ხელახლა ჩაიდენს დანაშაულს – ამ თემაზე მეც მისაუბრია დამსაქმებლებთან. როცა ყოფილი პატიმარი მზადაა იშრომოს, ამას სჭირდება ხელშეწყობა და შემხვედრი ნაბიჯები. უფრო მეტი სამიზნე პროგრამებია საჭირო ამ კუთხით, რომ ყოფილ პატიმრებს უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცეთ საზოგადოებაში დამკვიდრებისთვის და არ იფიქრონ ქვეყნის დატოვებაზე. ჩვენ არ გვყავს დასაკარგი ადამიანები.

ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს მსჯავრდებულთან, ასევე მსჯავრის მოხდის შემდეგ განათლების მიღების, პროფესიული გადამზადების, თუ დასაქმების კუთხით, იმისთვის, რომ მან გაიაზროს – დანაშაული არის არა მხოლოდ საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული ქმედება, არამედ საკუთარი თავის მიმართაც.

ძალიან კარგია, რომ ასეთ კამპანიას თქვენ, „ბათუმელები“ აკეთებთ. მე მინახავს თქვენს გვერდზე არაერთი ყოფილი პატიმრის ისტორია, რომელმაც დასაქმება შეძლო. მედიის ჩართულობა უმთავრესია, რომ არ მოხდეს ამ ადამიანების იზოლაცია.

მე ვეთანხმები ექსპერტებსაც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ყოფილი პატიმრების რესოციალიზაციისთვის საკმარისი პროგრამები არ არსებობს, მაგრამ არსებითად ეს გამომდინარეობს გლობალური – უმუშევრობის პრობლემიდან.

 

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

 

რას წერენ ფეისბუქში 20 ივნისის მოვლენებზე უმაღლესი საბჭოს დეპუტატები

20 ივნისის მოვლენებს – საპროტესტო აქციის დარბევას, საერთაშორისო, თუ ადგილობრივი ორგანიზაციების კრიტიკულ შეფასებებს, პარლამენტში შესვლის მცდელობას, ასეულობით ადამიანის დაშავებას, მშვიდობიანი დემონსტრანტების თვალის დაკარგვას, თუ ამ ამ დრომდე მიმდინარე საპროტესტო აქციას აჭარის უმაღლესი საბჭო ოფიციალურად არ გამოხმაურებია. დეპუტატები არც ფესბუქში აქტიურობენ. ისინი, ძირითადად, პირად ამბებზე წერენ, ან 20 ივნისის მოვლენებზე კახა კალაძის ფეისბუქლაივებს აზიარებენ. დეპუტატები მხოლოდ ტელეკომპანია „იმედის“ სიუჟეტებს ენდობიან, უფრო ზუსტად იმ სიუჟეტებს, სადაც იუწყებიან, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მზადდებოდა.

გამონაკლისი რამდენიმე დეპუტატია, ვინც 20 ივნისიდან დღემდე პოლიტიკურ პროცესებს პოსტებით აქტიურად ეხმაურება.

მაგალითად, ირაკლი ჭეიშვილმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, 21 ივნისს პოსტი გამოაქვეყნა, რომ 20 ივნისის მოვლენებმა 11-12 მარტის ბათუმის მოვლენები გაახსენა. მას მიაჩნია, რომ აქცია ბათუმში, დავით-გარეჯსა თუ 20 ივნისს, წინასწარ შემუშავებული გეგმის ნაწილი იყო.

„ჯერ იყო 11 მარტის მოვლენები ბათუმში (პოლიციასთან შეტაკება), მაგრამ არ გამოუვიდათ! მერე იყო დავით გარეჯი, არაფრიდან გამოწვეული პროვოკაცია, მაგრამ არც ეს გამოუვიდათ!
შემდეგ აჭარაში დამოუკიდებლობის დღეს გაშლილი რუსეთის დროშები და არც მანდ გამოუვიდათ,იმიტომ რომ რეაგირება იყო დროული! მაგრამ დღეს კი მაინც შეგვისრულეს!
ამას ხომ შეუიარაღებელი თვალითაც მიხვდება ნებისმიერი ადამიანი, რომ ეს ყველაფერი ერთი დიდი გეგმის ნაწილია, რომლის ავტორიც რუსეთია. მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ ეს ოკუპანტი ქვეყანა, ამ ყველაფერს საქართველოში არსებული პოლიტიკური (ვითომდა დასავლური) ძალებით ახორციელებს!“ – წერს ირაკლი ჭეიშვილი.

სხვა პოსტებში ჭეიშვილის მთავარი გზავნილი არის ის, რომ საპროტესტო აქცია თბილისში აპოლიტიკური არ არის. დეპუტატი არაფერს ამბობს აქციის დარბევის, ან დაშავებული ადამიანების შესახებ.

რატომ არ დაისაჯა ვინმე და რა ქნა ხელისუფლებამ, თუკი ბათუმში, 2017 წლის მარტში სახელმწიფო გადატრიალება მზადდებოდა? – ეს შეკითხვა გვინდოდა ირაკლი ჭეიშვილისთვის დაგვესვა, მაგრამ მან ჩვენ სატელეფონო ზარს არ უპასუხა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის მარტის მოვლენების შემდეგ მხოლოდ მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკვია დასაჯეს – ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისთვის, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს. მაშინ სასამართლო პროკურატურის ვერსიას –  ჯგუფური ძალადობის ორგანიზების შესახებ არ დაეთანხმა. ორივე დაკავებული დღეს თავისუფალია.

არ გვიპასუხა დეპუტატმა ვლადიმერ მგალობლიშვილმაც. მასთან გვქონდა შეკითხვა: ჰქონდა თუ არა ასლან აბაშიძის ასოციაცია, როცა გააზიარა ტელეკომპანია „იმედის“ სიუჟეტი სახელმწიფო გადატრიალების შესახებ წარწერით – „რას გადაურჩა სახელმწიფო 20 ივნისს“. დეპუტატს წესით ნანახი უნდა ჰქონდეს ასლან აბაშიძის მმართველობის პერიოდში მომზადებული ფილმი მსგავსი სათაურით: „რას გადაურჩა აჭარა“.

ერთ-ერთ ფეისბუქპოსტში დეპუტატი ლადო მგალობლიშვილი ასევე წერს, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ჩავარდნას „არ პატიობს ოპოზიცია გახარიას“, ანუ დეპუტატი არ იმჩნევს აქციაზე მყოფ იმ ასეულობით ამომრჩეველს, რომელიც ღიად აცხადებს, რომ აპარტიულია. დეპუტატს ასევე არ აქვს კითხვები შინაგან საქმეთა მინისტრთან აქციის დარბევის მიუხედავად და იმის მიუხედავად, რომ ლადო მგალობლიშვილი წლების წინ აჭარის რეგიონში სახალხო დამცველის წარმომადგენლად მუშაობდა.

21 ივნისს ლადო მგალობლიშვილმა ასევე ფეისბუქპოსტში პარლამენტთან მომხდარ ამბავს „ექსტრემიზმი“ უწოდა. „რაც პარლამენტთან ხდება, ეს უკვე გასცდა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და არის ექსტრემიზმი. სამწუხაროდ, პოლიტიკური პარტიები მიზანმიმართულად იყენებენ ობიექტურად აღშფოთებული ადამიანების პროტესტს. პ.ს მელიას მოწოდება პარლამენტში შევარდნის თაობაზე ეს უკვე დანაშაულებრივი მავნებლობის პიკია,“ – წერს ლადო მგალობლიშვილი.

20 ივნისის მოვლენებს 29 ივნისს გამოეხმაურა ვახტანგ წულაძე, აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეც. მანაც სხვა რამდენიმე დეპუტატის მსგავსად ტელეკომპანია „იმედის“ სიუჟეტი გააზიარა და დაწერა:

„დავიწყებ იმით, რომ საშინელი ამბავი მოხდა. ძალიან საშინელი. ვერაფერს ვეტყვი იმ მომიტინგეებს და პოლიციელებს, რომლებიც იმ ღამით დაშავდნენ, რადგანაც არ ვიცი რა ვუთხრა…
და არ ვიცი რა ვუთხრა ჩემს სამშობლოს, საქართველოს… ვინ დაიწყო… ვინ დაამთავრა… ვისი ბრალია… ვიცი, რომ დაზარალდა და ზარალდება საქართველო…ამ პოსტს ვწერ, როგორც რიგითი ქართველი. არა იმიტომ, რომ რაღაცის გაპრავება მინდა… უბრალოდ, გთხოვთ, უყურეთ და ყველამ თქვენთვის და საქართველოსთვის სასურველი დასკვნა გააკეთეთ,“ – აღნიშნულია ფეისბუქპოსტში. 

პარლამენტთან მომხდარი ამბავი არ შეუფასებია, მაგრამ 21 ივნისს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ნინო ჩხეტიამ აქციაზე დაშავებული ირაკლი ხვადაგიანის ფოტო გააზიარა მინაწერით – „განსაკუთრებით მიყვარხარ“. ირაკლი ხვადაგიანი საბჭოთა კვლევის ლაბორატორიის მკვლევარია. ის აქციაზე დაშავდა და ადმინისტრაციული წესით დააპატიმრეს.

ამ დეპუტატმა პოსტი დადო 24 ივნისსაც, როცა ბიძინა ივანიშვილმა ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ ქვეყანას პროპორციულ სისტემით არჩევნების ჩატარებას სთავაზობს. სხვა დეპუტატებისგან განსხვავებით დეპუტატმა ბოდიში მოუხადა აქციაზე დაზარალებულებს და მადლობაც უთხრა ახალგაზრდებს.

„ხელისუფლება, რომელიც საზოგადოებრივ აზრს უწევს ანგარიშს. ხელისუფლება,რომელიც ქვეყანაში ამკვიდრებს რეალპოლიტიკის ელემენტებს. ხელისუფლება, რომლის ცენტრალური ხაზი იყო რბილი საშინაო პოლიტიკა. ცოტაც გაგვიჭირდა, ცოტაც გაგვირთულდა, მაგრამ მაინც ამ ხაზის ერთგულად ვრჩებით. დავიწყებ ბოდიშით. ბოდიში ყველა დაზარებულ აქციის მონაწილის. მადლობა ახალგაზრდებს. იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევქმნით უკეთეს საქართველოს,“ – დაწერა ნინო ჩხეტიამ 24 ივნისს ფეისბუკპოსტში. 

20 ივნისის მოვლენებს ფეისბუქში საერთოდ არ გამოხმაურება ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე – ცოტნე ანანიძე. პოლიტიკასთან დაკავშირებული აქტივობა ამ დეპუტატს არ ჰქონია, თუ არ ჩავთვლით 22 ივნისს კაჭრეთის ამბასადორიალში თამაზ მეჭიაურთან ერთად გადაღებულ ფოტოს.

„მე პოლიტიკური შეფასებებისთვის ვიყენებ მედია საშუალებებს, იშვიათად ვაკეთებ პოლიტიკურ შეფასებებს ფეისბუქში,“- გვითხრა ცოტნე ანანიძემ.

20 ივნისის მოვლენების შესახებ არაფერი დაუწერიათ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე – ნუგზარ სურმანიძეს და საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარე – გიორგი რომანაძეს.

ფეისბუქპოტს, „იმედის“ სიუჟეტს – „რას გადაურჩა სახელმწიფო 20 ივნისს“, ან კახა კალაძის ფეისბუკლაივს, ვერ იპოვით ვერც დავით გაბაიძის ფეისბუქგვერდზე. ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეა.

 

 

შეკვეთილში საპროტესტო აქცია გაგრძელდა – შიმშილობს სამი აქტივისტი

საპროტესტო აქცია შეკვეთილში, ივანიშვილის რეზიდენციასთან გაგრძელდა. დღეს, 6 ივლისს შეკვეთილში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის და „ნაციონალური მოძრაობიოს“ აქტივისტი შეიკრიბნენ. რეზიდენციასთან კარავში ამ დრომდე რჩებიან მოშიმშილეები.

„მე უკვე 14 დღეა ვშიმშილობ. გუშინ მნახა ექიმმა და სასტიკად ამიკრძალა შიმშილი, მაგრამ არ მივდივარ არსად, ვიდრე გახარია არ გადადგება. ახლაც სასწრაფოს ველოდები… მოვითხოვთ, დაისაჯოს ყველა კრიმინალი, ვინც 20 ივნისის ღამეს მშვიდობიანი ადამიანები დააშავა,“ – გვითხრა ორგანიზაციის „ალტერნატივა“ აქტივისტმა, ხათუნა ბერიძემ. მისი თქმით, მან რეზიდენციასთან კარვის გაშლამდე დაიწყო პროტესტის ნიშნად შიმშილობა.

საპროტესტო აქცია შეკვეთილში 25 ივნისიდან დაიწყო. თავდაპირველად 5 ადამიანი შიმშილობდა, ორი მათგანი რამდენიმე დღის წინ შეუძლოდ გახდა და შიმშილობა შეწყვიტამათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.

რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები თბილისში 20 ივნისს დაიწყო, როცა რუსეთის დუმის დეპუტატს – გავრილოვს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაუთმეს. ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი. დაზიანებები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი. ადმინისტრაციული წესით დააკავეს 305 პირი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობდნენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით. დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, გადაწყდა 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება, თუმცა აქციები მაინც არ წყდება და იგი შინაგან საქმეთა მინისტრი გახარიას გადადგომის მოთხოვნით გრძელდება.

 

ქობულეთისა და ხელვაჩაურის რამდენიმე სოფელში შუქი გაითიშება

ხვალ, 7 ივლისს, დაბა ჩაქვის ნაწილს და სოფელ ჩაისუბანს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება დილის 11-დან საღამოს 5 საათამდე.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, შუქი ორშაბათსაც გაითიშება ქობულეთის სოფლებში: ჩაისუბანში, ხალაში, სახალვაშოში, ზენითსა და მიმდებარე სოფლებში დილის 11-დან საღამოს 6 საათამდე.

ორშაბათს, 8 ივლისს, დილის 10-დან საღამოს 6-მდე  შუქის მიწოდება შეიზღუდება დაბა ხელვაჩაურსა და ქედის სოფლებში: სიხალიძეებში, ხარაულასა და დანდალოში.

ენერგოკომპანიის ინფორმაციით, ენერგომომარაგება სამუშაოს დასრულებისთანავე აღდგება.

მათი ასი წელი

აჭარაში ასი ან ას წელს გადაცილებული სულ 34 ადამიანი ცხოვრობს – 33 ქალი და 1 კაცი. მათგან ყველაზე უხუცესი 114 წლისაა, ფიქრიე ირემაძეა და ხულოს მუნიციპალიტეტში ცხოვრობს.

გასული ერთი თვის განმავლობაში „ბათუმელები“ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ხანდაზმულ ადამიანებს ხვდებოდა.  გთავაზობთ მათ ისტორიებს მოკლედ.

101 წლის აიშე ბერიძე-ლორთქიფანიძე

აიშე ბერიძე-ლორთქიფანიძე 101 წლისაა. ცხოვრობს ქედაში. ჰყავს ოთხი შვილი და 17 შვილიშვილი.

აიშე დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადა, სიცოცხლის უმეტესი ნაწილი – 70 წელი კომუნისტურ რეჟიმში იცხოვრა და მეორედ მოესწრო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას.

ამბობს, რომ ცხოვრებაში არაფერზე გული არ სწყდება, მისი ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლო კი, სავარაუდოდ, ჯანსაღ კვებაშია.

„ბევრს ვშრომობდი. დავდიოდი მთაში, ვუვლიდი ძროხებს, ვამუშავებდი მიწას, მომყავდა თამბაქო. ვიკვებებოდით ჩვენ მიერ მოყვანილი ნატურალური პროდუქტით,“ – ყვება 101 წლის ქალი. მას ვკითხეთ, კომუნისტურ ეპოქაში უკეთესი იყო ცხოვრება თუ ახლა – დამოუკიდებელ ქვეყანაში. ამბობს, რომ ახლა, რადგან მაშინ ბევრს ამუშავებდნენ, მაგრამ მათ ნაშრომს არავინ აძლევდა. ახლა რამდენსაც გინდა, იმდენს იმუშავებო.

100 წლის ამირან ბოლქვაძე

ამირან ბოლქვაძე 100 წლის 1-ელ ივლისს გახდა. სწორედ ის არის ერთადერთი კაცი აჭარაში, ვინც ერთი საუკუნე იცხოვრა. ამირანი ხულოს მუნიციპალიტეტში ცხოვრობს.

ჰყავს 6 შვილი, 27 შვილიშვილი, 49 შვილთაშვილი და შვილთაშვილის შვილი. ჯამში მისი შთამომავლობა 82-ს აღწევს.

ამირანი ამბობს, რომ არ არსებობს საქართველოს რეგიონი, სადაც მისი შთამომავლები არ ცხოვრობენ.

 

მთავარ ფოტოზე კი 98 წლის თამარა ქავთარაძეა. 75 წელზე მეტია ცხოვრობს შუახევში, სოფელ ცხემლისში. თუმცა თუ ჰკითხავთ, საიდან არის, აუცილებლად გიპასუხებთ, რომ მაჭახლის ხეობიდან.

ჰყავს ოთხი შვილი, თორმეტი შვილიშვილი და ოცი შვილთაშვილი.

თამარა ქავთარაძე ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

ოფიციალური მონაცემებით, 100 წელს მიღწეული ყველაზე მეტი ადამიანი აჭარაში ცხოვრობს.

 

 

„ლოტუ გულის“ და ლავასოღლის გარემოცვას წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

ათივე პირს, რომელიც გუშინ, 5 ივლისს ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დააკავეს, წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა.

ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის, მიშა მუზაშვილის თქმით, ბრალდების მხარეს მათთვის არ გადაუცია მტკიცებულებები, რითაც დაკავებულების ბრალეულობა დადასტურდებოდა. საუბარია ფარულ ჩანაწერებზე. „ამის მიუხედავად სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მოთხოვნა და ათივე დაკავებული პატიმრობაში დატოვა“, – აცხადებს ადვოკატი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ, 5 ივლისს ბათუმში, მესტიაში, მარნეულში, დმანისში, რუსთავსა და თბილისში 10 პირი დააკავა, ერთ პირს კი, ბრალი N17 პენიტენციურ დაწესებულებაში წარუდგინეს.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, აქტიურად მონაწილეობდნენ ე.წ. ქურდული სამყაროს საქმიანობაში, ასევე, თავიანთი ქმედებებით ავრცელებდნენ ქურდული სამყაროს სპეციალურ წესებს, როგორიცაა სარგებლისა და უპირატესობის მიღება, ძალაუფლებისა და გავლენის მოპოვება-მინიჭება და ქურდული სამყაროს საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის განხილვა-გადაწყვეტა.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ბრალდებულებს 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ელით.

შემდეგი სასამართლო სხდომა 30 აგვისტოს გაიმართება.

შს სამინისტრო ლავასოღლისთან კავშირში 2018 წლის ოქტომბერშიც დააკავა 10 პირი.

ამავე თემაზე: 

შსს: ქურდული სამყაროს წევრობის და მხარდაჭერის ბრალდებით 6 პირია დაკავებული

რა უნდა გააკეთოს მთავრობამ, როცა რუსი ტურისტები ჯავშნებს აუქმებენ? – ექსპერტის შეფასება

„ხელისუფლებამ უნდა სცადოს მცირე ბიზნესის და თვითდასაქმებულების საკრედიტო ვალდებულებების შემსუბუქება,“ – მიიჩნევს ტურიზმის ექსპერტი, კომპანია „ჰელისკი ჯორჯიის“ დამფუძნებელი, ვატო ასათაშვილი. მას რუსი ტურისტების მიერ ბათუმში საოჯახო ტიპის სასტუმროებში ჯავშნების გაუქმების თემაზე ვესაუბრეთ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მონაცემებით, ამ სეგმენტში რუსმა ტურისტებმა ჯავშნების დაახლოებით 80 პროცენტი გააუქმეს.

რა ალტერნატივაზე შეიძლება იმუშაოს ამ დროს ხელისუფლებამ? – ტურიზმის დეპარტამენტში გვითხრეს, რომ გაუქმებული ჯავშნების ფონზე მარკეტინგული ღონისძიებების გააქტიურებას, ასევე შიდა ტურიზმის აქტიურ წახალისებას აპირებენ.

„ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ნებისმიერი რაოდენობის თანხა, რაც არ უნდა დაიხარჯოს მარკეტინგზე, მიმდინარე საზღვაო სეზონის ბოლომდე, სამწუხაროდ, შეღავათს ვერ მოიტანს. ეს იქნება ზედმეტი ფულის ყრა, რადგან ამ დროში ტურისტების ახალი ნაკადის მოძიება შეუძლებელია… მთავრობამ უნდა დაიწყოს შუამდგომლობა საფინანსო ინსტიტუტებთან, რომ დაეხმარონ მცირე მეწარმეებს სასესხო ვალდებულებების გადახდაში, ან მათ გადავადებაში. მე არ ვსაუბრობ გაუქმებული ჯავშნების კომპენსაციაზე,“ – ამბობს ვატო ასათაშვილი. მისი აზრით, ჯავშნების გაუქმება, ძირითადად, მცირე და ნაწილობრივ საშუალო ბიზნესს, ასევე თვითდასაქმებულებს დააზარალებს. ექსპერტის აზრით, მომდევნო წლის სეზონისთვის შესაძლებელი იქნება ამ დანაკლისის შევსება, თუკი სახელმწიფო და კერძო სექტორი ერთად ახალ ბაზრებზე იმუშავებენ.

„ხაზგასმით შემიძლია ვთქვა, რომ ნებისმიერი მარკეტინგული კამპანია რუსულ ბაზარზე არის ფულის ყრა. რუსულ ბაზარზე ქართული ბიზნესის დამოკიდებულება არის დანაშაული, რადგან რუსეთს ნებისმიერ დროს შეუძლია მარტივად ჩაკეტოს საზღვარი დ საერთოდ აღარავინ შემოუვას. გამოსავალი უნდა იყოს არა ის, რომ რუსეთის ბაზარი დავიბრუნოთ, არამედ ალტერნატიული ბაზრის ძიება,“ – გვითხრა ვატო ასათაშვილმა.

ტბელ აბუსერიძე: ხელისუფლებას ეშინია, რომ დამარცხდება დემოკრატიასთან

ბათუმელი ტბელ აბუსერიძე, რომელიც ამერიკაში, მერილენის St. John’s College-ში თავისუფალი მეცნიერებების ფაკულტეტზე სწავლობს, არდადეგებს თბილისში ატარებს. ის 20-21 ივნისს, თბილისში პარლამენტის წინ აქციაზე იმყოფებოდა და მას შემდეგ, თითქმის ყოველდღე უერთდება აქციის მონაწილეებს. ტბელი 20 ივნისის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ფოტოებზეც ასახავს.

„არ მინდა ამას ვიღებდე. არ მინდა ჩემხელა ბავშვებს ვხედავდე სისხლიან ქუჩაში. ფესტივალზე მინდა ვუღებდე ბავშვებს, როგორ ერთობიან და იცინიან და არ გაზის ბალონს და ტყვიებს, რომელსაც დაუნდობლად ესროდნენ  მშვიდობიან მოსახლეობას“, – წერს ის ფეისბუკის გვერდზე, სადაც ამ დღეების ამსახველი ფოტოები აქვს განთავსებული.

„ამ აქციებზე დგომა ბევრი რამის გამოა პრინციპული, რადგან აქ მხოლოდ გახარიას გადადგომაზე არ არის საუბარი, თუმცა ეს ერთ-ერთი მოთხოვნა იყო და არის. პირველ რიგში იმიტომ ვდგავარ, რომ ჩვენ დემოკრატიული პრინციპები გვამოძრავებს, როცა მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი ითხოვს ცვლილებას, ეს უნდა იყოს ხელისუფლების მიერ გათვალისწინებული.

20 ივნისის შემდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები თბილისში
ფოტო: ტბელ აბუსერიძე

იმ დანაშაულისთვის, რომელიც ხელისუფლებამ, შს მინისტრმა ჩაიდინა, პასუხი უნდა აგონ. დემოკრატიულ ქვეყნაში ამაზე მყისიერი პასუხი ექნებოდა სახელმწიფოს და 15 დღე ჩვენ არ ვიდგებოდით ქუჩაში“, – ამბობს ტბელი.

ტბელის აზრით, ის, რომ ხელისუფლება ჯიბრში ჩაუდგა საზოგადოებას, ეს მის სისუსტეზე მეტყველებს.

„მას ეშინია, რომ საზოგადოებრივი აზრი გაიმარჯვებს და ამ პრეცენდენტის ეშინია. ხელისუფლებას ეშინია, რომ დამარცხდება დემოკრატიასთან. ამ დროს, ხალხი არის ის, ვისიც უნდა ეშინოდეს ხელისუფლებას, ამიტომ ეს ბრძოლა ხალხის გამარჯვებით უნდა დასრულდეს“.

ტბელის აზრით, შს მინისტრის გადადგომა იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ის არის პასუხისმგებელი ძალის გადამეტებაზე.

„მე არ გამიცია ბრძანება“, – გამართლება არ არის, იმიტომ ხარ შს მინისტრი, რომ ყველაფრის საქმის კურსში იყო. თუ არ ხარ, ესე იგი ღირსეული მინისტრი არ ხარ. ამიტომ, ორივე შემთხვევაში პასუხისმგებლობა გახარიას აკისრია“, – გვეუბნება ტბელი.

ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ რუსთაველზე მიმდინარე აქციები რუსოფობიაში გადაიზარდა, რასაც არ ეთანხმება სტუდენტი.

კადრი თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციიდან.
ფოტო: ტბელ აბუსერიძე

„მე მსგავსი რამ აქციაზე არცერთი გამომსვლელისგან არ მომისმენია. ნებისმიერი, ვინც აღიარებს, რომ საქართველოს 20 პროცენტი რუსეთს აქვს ოკუპირებული, მათთან ღვინოსაც დავლევთ, არ აქვს მნიშვნელობა რუსია თუ სხვა. რუსეთი ჩვენ გვებრძვის არა მარტო ტანკით, არამედ იდეოლოგიურად, პროპაგანდის მანქანით. შესაბამისად, ვინც ამას არ აღიარებს, ის ვერ იქნება ჩვენი თანამოაზრე, რადგან ამ აქციის ერთ-ერთი მოთხოვნა სწორედ ის არის, რომ საქართველო გათავისუფლდეს რუსული იმპერიალისტური ძალებისგან და ეს არ არის ფობია“.

კადრი თბილისის საპროტესტო აქციებიდან
ფოტო: ტბელ აბუსერიძე

ტბელ აბუსერიძის აზრით, იმისათვის, რომ ხალხი ენდოს ხელისუფლებას, გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია: „საზოგადოება ძალიან ფხიზელი უნდა იყოს არჩევნებზე, ხელისუფლებაში რომ ვეღარ მოვიდნენ  რუსეთზე ორიენტირებული პოლიტიკოსები და ვეღარ დაგვისვან გავრილოვები პარლამენტში. ამიტომ, არჩევანი უნდა გავაკეთოთ რაციონალურად და დაფიქრებით“.

სტუდენტი ამბობს, რომ საქართველოში ზაფხულის არდადეგებს ატარებს და იმედოვნებს, რომ ამერიკაში დაბრუნებამდე აქციაზე მდგომი ხალხის აზრი გაიმარჯვებს.

სალომე ზურაბიშვილი: ამ წელს შვებულება საქართველოში გაატარეთ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყველას მოუწოდებს შვებულება საქართველოში გაატარონ. ზურაბიშვილი დღეს აჭარაში იმყოფება და მოკლე ვიდეომიმართვაც ჩაწერა ინგლისურ ენაზე, შავი ზღვის სანაპიროს ფონზე.

პრეზიდენტმა ვიდეომიმართვის გასაზიარებლად გამოიყენა ჰეშთეგი  #SpendYourSummerInGeorgia, რომელიც მსგავს მიმართვებს აერთიანებს. 

მომდევნო 12 თვეში ტურისტული შემოდინებების ჯამური ზრდა დაბალი, თუმცა პოზიტიური იქნება

„თიბისი კვლევების“ ივნისის თვის მაკრო ეკონომიკური მიმოხილვისა მიხედვით, გლობალური ზრდის პროგნოზები შემცირდა. ამასთან, აშშ დოლარი შედარებით დასუსტდა და ასევე გაიზარდა განვითარებადი ქვეყნების მიმზიდველობა.

მაისის თვეში ეკონომიკის ზრდამ საქართველოში 4.7% შეადგინა. მაშინ, როდესაც ძირითადად ერთჯერადი ფაქტორების გამო, ექსპორტი და სამშენებლო სექტორები სუსტი, ტურიზმისა და გზავნილების ზრდის ტემპი მაღალი იყო. ასევე ძლიერი იყო ფისკალური სტიმული და შეინიშნებოდა საკრედიტო აქტივობის ზრდის ტემპის დასტაბილურება. ძლიერი ფისკალური სტიმულის მიუხედავად, საგარეო ბალანსი უმჯობესდებოდა.

ბოლო პერიოდში არსებული შემცირების დინამიკის შემდეგ, ივნისში თურქეთიდან ვიზიტორების მკვეთრი მატება დაფიქსირდა. აღნიშნული, სხვა წყაროებიდან მზარდ ნაკადებთან ერთად, ამყარებს პროგნოზს, რომლის მიხედვითაც, რუსეთიდან ტურისტული შემოდინებების განახევრების შემთხვევაშიც კი, მომდევნო 12 თვეში ტურისტული შემოდინებების ზრდა დაბალი, თუმცა პოზიტიური იქნება. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის მაისამდე, როდესაც ტურისტების მატება რუსეთის გადამწყვეტი წვლილის გამო 18%-მდე გაიზარდა, ტურიზმის ზრდის ტემპი საკმაოდ ზომიერი იყო.

ლარის გაცვლითი კურსი რუსეთთან საჰაერო მიმოსვლებისა და ღვინის ექსპორტის ნაწილის შეზღუდვების გაჟღერებამდეც, არაერთი შეფასებით გაუფასურებული იყო. საბაზო სცენარით, ლარის გამყარებაა მოსალოდნელი შემდეგი არგუმენტების გათვალისწინებით – დაახლოებით 200 მილიონ დოლარიანი წმინდა დანაკარგი შემოდინებებში მომდევნო 12 თვის განმავლობაში არ არის ის თანხა, რაც საგარეო დისბალანსს გამოიწვევს. საგარეო ბალანსი მაინც დადებითი, თუმცა უფრო ზომიერი იქნება. ამასთან, ლარის არსებული რეალური ეფექტური კურსის პირობებში, მნიშვნელოვნად იზრდება ინფლაციის რისკები. არსებული შეფასებებით, ევრო/დოლარის, დოლარის მიმართ სხვა მნიშვნელოვანი რეგიონული ვალუტებისა და სასაქონლო ფასების სტაბილურობის პირობებში, 5%-მდე ინფლაციის მისაღწევად დოლარი ლარის გაცვლითი კურსი 2.7-ზე რამდენადმე მყარი უნდა იყოს.

ეკონომიკის ზრდის პროგნოზის მხრივ, რუსეთიდან ტურისტული შემოდინებების განახევრების შემთხვევაშიც კი, მომდევნო 12 თვეში 4%-იანი ზრდა რეალისტური დაშვებაა. აღნიშნული, 2019 და 2020 წლებისათვის 4%-ზე მცირედით მეტ ზრდას გულისხმობს.

იხილეთ უფრო მეტი თიბისი კვლევების ყოველთვიურ მიმოხილვაში, რომელიც გამოქვეყნდება საიტზე www.tbcresearch.ge.

თუ გსურთ, „თიბისი კვლევების“ პუბლიკაციების მიღება, გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი ელექტრონული მისამართი „subscribe“ უჯრაში ამავე საიტზე.

ბათუმში რუსი ტურისტების 80%-მა სასტუმროს ჯავშანი გააუქმა – რას გეგმავს ტურიზმის დეპარტამენტი

მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში დასვენებისგან თავის შეკავება ურჩია და რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენა [8 ივლისიდან] დროებით აუკრძალა, ბათუმში რუსი ტურისტების 80-მა პროცენტმა სასტუმროს ჯავშანი გააუქმა. ეს მონაცემი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში დაგვისახელეს. ამავე უწყების მონაცემით, გაუქმებული ჯავშნებით პრობლემა ძირითადად საოჯახო ტიპის სასტუმროებს და ასევე იმ სასტუმროებს შეექმნათ, სადაც ნომრების რაოდენობა 50-ზე ნაკლებია. რუსი ტურისტების ძირითადი ნაწილი ამ სექტორს ირჩევდა დასასვენებლად.

„ამ ტიპის სასტუმროებში ჯავშნების რაოდენობა გაუქმებულია ან სტატუსი აქვთ შეჩერებული… ჩვენ სამ დღეში ერთხელ ვამოწმებთ მონაცემებს. გუშინ ვამოწმებდით და იყო შემთხვევებიც, როცა იგივე რუსეთის მოქალაქეებს ე.წ. გადაჯავშნები გაუკეთებიათ, თუმცა ასეთი შემთხვევა არ არის ბევრი. პრობლემა არ შეხებია დიდ სასტუმროებს, სადაც ნომრების რაოდენობა 100 და უფრო მეტია, იქ არ ჰქონდათ ბევრი ჯავშანი რუს ტურისტებს,“ – გვითხრა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, თინა ზოიძემ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, მონაცემი ჯავშნებს გაუქმებაზე ვერ იქნება ზუსტი, რადგან ისინი ძირითადად სასტუმროს მფლობელების მიერ მოწოდებულ ციფრებს ეყრდნობიან. დეპარტამენტის მონაცემებით, სასტუმროები, სადაც 100 და მეტი ნომერია, რუსეთის მოქალაქეებიდან დაახლოებით 20 პროცენტს ჰქონდა ჯავშანი გაკეთებული. რუსი ტურისტებისგან ჯავშნების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იმ საოჯახი ტიპის სასტუმროებშია, სადაც 15 და ნაკლები გასაქირავებელი ოთახი აქვთ.

დეპარტამენტის მონაცემებით, 20 ივნისის პერიოდთან შედარებით, ბოლო დღეების განმავლობაში დაახლოებით 23 პროცენტით შემცირდა მგზავრთა ნაკადი რუსულ ავიახაზებზეც. თინა ზოიძე ხაზს უსვამს იმას, რომ კლების ამ მაჩვენებლის მიუხედავად, მზარდია სხვა ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა.

შეავსებს თუ არა, ან რამდენი პროცენტით, სხვა ქვეყნებიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა რუსი ტურისტების გაუქმებულ ჯავშნებს?

„რეალურად უნდა აღვიქვათ შექმნილი მოცემულობა. ეს კერძო სექტორზე, რა თქმა უნდა, მოახდენს ზეგავლენას,“ – გვითხრა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, დეპარტამენტმა მარკეტინგული და სარეკლამო ღონისძიებები გააძლიერა სამიზნე ქვეყნებში. აჭარაზე მომზადებული სარეკლამო კლიპები წელს პირველად Travel Channel-სა და National Geographic-ზე გავა. თინა ზოიძე ვერ ამბობს, კონკრეტულად რა ოდენობის ზიანი მიადგება რეგიონს, თუკი რუსი ტურისტები აღარ ჩამოვლენ.

ტურიზმის დეპარტამენტში ვერ დაგვისახელეს კონკრეტული ღონისძიება, რაც ალტერნატივა იქნება რუსი ტურისტებისგან ჯავშნების გაუქმების, თუ არ ჩავთვლით შიდა ტურიზმის სტიმულირებას. დეპარტამენტს არც დამატებით საბიუჯეტო თანხა მოუთხოვია მარკეტინგული და სხვა სახის ღონისძიებების გასაძლიერებლად, ან ახლის შესაქმნელად.

„დაგვემატა რეისები ესტონეთის მიმართულებით. სექტემბერში გვექნება ვილნიუსი, ასევე დაგვემატა ბაქო, პოლონეთიდან გვექნება ასევე ფრენები… ჩვენ გავაძლიერეთ პიარკამპანია სამიზნე ქვეყნებში, აქტიურად ვიყენებთ ამისთვის დიდ პლატფორმებს და ასევე ვახდენთ შიდა ტურიზმის სტიმულირებას, აქტიურად ხდება მათი პოპულარიზაცია, ამას აუცილებლად ექნება შედეგი,“ – გვითხრა თინა ზოიძემ, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ.

ამ თემაზე:

„8 მილიონამდე მაინც ავალთ წელს რუსი ტურისტების გარეშე“ – ეკონომისტი

 

 

 

 

Exit mobile version