მთავარი,სიახლეები

შსს: დაკავებულია „ლოტუ გულისა“ და ლავასოღლის გარემოცვა – ამოღებულია „ობშიაკის“ თანხა

05.07.2019
შსს: დაკავებულია „ლოტუ გულისა“ და ლავასოღლის გარემოცვა – ამოღებულია „ობშიაკის“ თანხა

შს სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 2 დღის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით, ქურდული სამყაროს 10 წევრი დააკავეს, 1 პირს კი ბრალი N17 პენიტენციურ დაწესებულებაში წარუდგინეს.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავების ღონისძიებები მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. კერძოდ, ბათუმში, მესტიაში, მარნეულში, დმანისში, რუსთავსა და თბილისში. ერთ-ერთი ბრალდებული წითელ ხიდზე იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ქვეყნის დატოვებას ცდილობდა.

დაკავებულები არიან: 1992 წელს დაბადებული ჯ.შ., 1996 წელს დაბადებული თ.მ., 1973 წელს დაბადებული რ.კ. (მეტსახელად „ლამბო“), 1974 წელს დაბადებული ა.ა. ( მეტსახელად „ოსკარი“, იგივე „ალესკერი“), 1980 წელს დაბადებული ა.ვ. (მეტსახელად „ხომეინი“), 1980 წელს დაბადებული დ.ბ. (მეტსახელად „გოჭი“), 1985 წელს დაბადებული რ.ჯ. (მეტსახელად „ჯოლო“), 1985 წელს დაბადებული რ.კ. (მეტსახელად „ბაჩო“), 1981 წელს დაბადებული თ.ქ. (მეტსახელად „წიე“) და 1988 წელს დაბადებული ი.გ. (მეტსახელად „ყურშა“). სამართალდამცველებმა 1986 წელს დაბადებულ ლ.ა.-ს (მეტსახელად „ლერის“) ანალოგიური დანაშაულისთვის ბრალი N17 პენიტენციურ დაწესებულებაში წაუყენეს.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, აქტიურად მონაწილეობდნენ ე.წ. ქურდული სამყაროს საქმიანობაში, ასევე, თავიანთი ქმედებებით ავრცელებდნენ ქურდული სამყაროს სპეციალურ წესებს, როგორიცაა სარგებლისა და უპირატესობის მიღება, ძალაუფლებისა და გავლენის მოპოვება-მინიჭება და ქურდული სამყაროს საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის განხილვა-გადაწყვეტა.

დაკავებულთა შორის 4 პირი ღიად აღიარებდა ე.წ. ქურდულ სამყაროს და მისდამი მხარდაჭერას საჯაროდ გამოხატავდა. ისინი ე.წ. კანონიერი ქურდების – „გულის“, მისი ძმის – ნამიკ სალიფოვის და მათი გარემოცვის სასარგებლოდ, ასევე, მათი სახელის გამოყენებით, მოქალაქეებს აშინებდნენ, ემუქრებოდნენ და თანხას სძალავდნენ. კერძოდ, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა ერთ-ერთ მოქალაქეს თავისი კუთვნილი ავტომობილი გამოსძალეს, ხოლო სხვა მოქალაქეს ქურდული სამყაროსათვის სარგებლის მისაღებად 4 000 ლარის გადაცემა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მას შვილებისა და შვილიშვილებისთვის საფრთხის შექმნით დაემუქრნენ.

გამოძიებით,  ასევე, დადგინდა, რომ ციხეში მყოფი ქურდული სამყაროს წევრი, მეტსახელად „ლერი“ კრიმინალური გავლენების გამოყენებით აგროვებდა ე.წ. „საერთოს“ (იგივე „ობშიაკს“) და აგზავნიდა თურქეთში მყოფი კანონიერი ქურდის – მინდია ლავასოღლის გარემოცვასთან. მასთან ერთად ამ პროცესში მონაწილეობდა დაკავებულთა შორის მყოფი, ე.წ. ქურდული სამყაროს 5 წევრი.

შს სამინისტროს ცნობით, მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია მინდია ლავასოღლის გარემოცვისთვის გადასაცემი ე.წ. „ობშიაკის“ თანხა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე: ვინ არის „ლოტუ გული“

_________________

ფოტოზე: ე.წ. კანონიერი ქურდები: ლოტუ გული და ლავასოღლი 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: