მთავარი,სიახლეები

„8 მილიონამდე მაინც ავალთ წელს რუსი ტურისტების გარეშე“ – ეკონომისტი

27.06.2019 • 2546
„8 მილიონამდე მაინც ავალთ წელს რუსი ტურისტების გარეშე“ – ეკონომისტი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, „ბათუმელებმა“ გამოთვალა, რომ საქართველოში, ერთ ვიზიტზე, 2018 წლის მონაცემებით, ერთი რუსი ტურისტი თვეში საშუალოდ 1 803-მდე ლარს ხარჯავდა. ანუ შარშან რუსმა ტურისტებმა საქართველოში თვეში საშუალოდ 211 126 500 ლარი დახაჯეს, რამაც წელიწადში 2 533 575 600 ლარი შეადგინა [მთლიანად ტურისტების მიერ საქართველოში 2018 წელს დახარჯული თანხის 19,5%].

საქსტატის მონაცემებით, ყველაზე მეტ თანხას ტურისტი საქართველოში ხარჯავს საკვებსა და სასმელში, შემდეგ – განთავსებაში, გართობაში, საყიდლებში, ადგილობრივ ტრანსპორტში, ხანგრძლივი მოხმარების, ასევე, ძვირფასი ნივთების შეძენაში და სხვ.

ამავე ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 2018 წელს რუსეთის ფედერაციიდან 1 240 800 ტურისტი ჩამოვიდა [თვეში საშუალოდ 100 400 ტურისტი], რაც ქვეყანაში მთლიანი ვიზიტორების 20,9%-ია. ამასთან, რუსმა ტურისტებმა საქართველოში გასულ წელს 1 405 200 ვიზიტი განახორციელს [თვეში საშუალოდ 117 100 ვიზიტი].

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს დროებით აუკრძალა რუსეთის ფედერაციიდან საჰაერო გადაყვანები საქართველოს მიმართულებით, მათ შორის, კომერციული ხასიათის. აკრძალვა შეეხება ქართულ ავიაკომპანიებსაც.

პუტინის განკარგულებით, ტუროპერატორებისა და აგენტებისთვის რეკომენდებულია, აკრძალვის პერიოდში თავი შეიკავონ ისეთი ტურისტული პროდუქტის რეალიზაციიდან, რომელიც საქართველოში მოგზაურობას შეეხება. პუტინმა რუსეთის მთავრობას დაავალა, მიიღოს ზომები საქართველოს ტერიტორიაზე დროებით მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად.

როგორ აისახება შემოსავლებზე რუსი ტურისტების რაოდენობის შემცირება ან საერთოდ არშემოსვლა? 

„პირველ რიგში, რაც მოხდა, მხოლოდ ის არის ფაქტი, რომ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო რეისები შეჩერდება. ამასთან, ცნობილია, რომ რუსეთიდან საჰაერო სივრცით რუსი ტურისტების მხოლოდ 21% შემოდის, შესაბამისად, ეს არ გავრცელდება დანარჩენ 79%-ზე, ანუ ტურისტების შემცირება გაცილებით ნაკლები იქნება“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“  უფროსი ანალიტიკოსი.

„ასეთ შემთხვევაში ვვარაუდობთ, რომ 2019 წლის მომდევნო 6 თვეს,  ტურიზმიდან შემოსავლების კლება იქნება დაახლოებით 100 მილიონი აშშ დოლარი [მე ვეყრდნობი ტურიზმის ეროვნულ სააგენტოს 2017 წლის  კვლევას, რომლის მიხედვითაც რუსი ტურისტი ამ წელს საქართველოში ხარჯავდა 400 დოლარს]. მაგრამ ახლა თუ საერთოდ საზღვარს გადაკეტავს და საერთოდ არ შემოუშვებს, მაშინ, ბუნებრივია, ეს ზარალი მნიშვნელოვნად გაიზრდება. თუმცა, ამის შანსი ახლა ნაკლებადაა.  ამასთან, პირდაპირ მოსკოვიდან, ან რუსეთის სხვა ქალაქებიდან თუ ვერ იფრენენ, არის შემოვლითი გზები, ბელარუსიდან, სომხეთიდან და სხვა – შესაძლოა ამ შემოვლითი გზებით მაინც ჩამოვიდნენ. ან სახმელეთო გზით შემოვიდნენ, რადგან საჰაერო არ იქნება… დავუშვათ ყველაზე ცუდი  სცენარი, რომ საერთოდ აღარ შემოვიდეს პირველი ივლისიდან ერთი რუსი ტურისტიც კი. ამ შემთხვევაში, წელს საქართველოში შემოვა დაახლოებით 800 ათასი რუსი ტურისტით ნაკლები [400 ათასამდე წელს უკვე შემოსულია] და ამ მაჩვენებლითაც კი 2019 წელს საქართველოში მთლიანად ტურისტების რაოდენობა მაინც ავა დაახლოებით 8 მილიონამდე. ეს 2017 წლის მონაცემების ტოლია, ცოტათი მეტიც კი“, – ამბობს ბესო ნამჩავაძე.

მისივე თქმით, გვექნება ტურისტების მნიშვნელოვანი კლება, თუ ვერ მოვახერხეთ რუსეთის ჩანაცვლება სხვა ქვეყნებით: „ყველაზე ცუდ შემთხვევაში, წელს 400-500 მილიონი დოლარით ნაკლები შემოსავლით რაღაც კატასტროფა არ ხდება. 2017 წელიც ასე იყო და მე მახსოვს, 6 მილიონ ტურისტზე რომ ავედით, აღვნიშნეთ და 8 მილიონამდე მაინც ავალთ წელს რუსეთის გარეშე. მაგრამ თუ დარჩენილ პერიოდში გავააქტიურებთ მუშაობას სხვა ქვეყნების მიმართულებით, თან უკვე დაიწყო სხვადასხვა კამპანია რუსეთის პასუხად… შეიძლება ზარალი ნაკლებიც იყოს“.

„ტურისტების რიცხვის შემცირება რომ ცუდია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, დანაკარგიც იქნება, მაგრამ ეს თავისუფლების ფასია“, – ამბობს ბესო ნამჩავაძე. მისივე თქმით, 2020 წლიდან რა იქნება, „ეს უფრო რთული განსაჭვრეტია“.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის პირველ კვარტალში [იანვარი-თებერვალი-მარტი] საქართველოში რუსეთის ფედერაციის 222 600 მოქალაქე [ტურისტი] შემოვიდა [სულ კი მათ მიერ 254 100 ვიზიტი განხორციელდა].

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: