მთავარი,სიახლეები

ივანიშვილის რეზიდენციასთან მოშიმშილე 2 პირი შეუძლოდ გახდა, 3 აგრძელებს შიმშილობას

27.06.2019 • 2410
ივანიშვილის რეზიდენციასთან მოშიმშილე 2 პირი შეუძლოდ გახდა, 3 აგრძელებს შიმშილობას

მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელის, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან შეკვეთილში 5 ბათუმელი რამდენიმე დღეა შიმშილობს. გუშინ, 26 ივნისს, ერთი მოშიმშილე გიგა ნაგერვაძე შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა, თუმცა როგორც შემდეგ „ბათუმელებმა“ გაარკვია, მოშიმშილემ საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი განაცხადა და დახმარების აღმოჩენის შემდეგ, ისევ რეზიდენციასთან დაბრუნდა.

თუმცა დღეს, 27 ივნისს, როგორც ერთ-ერთი მოშიმშილე ხათუნა ბერიძე გვეუბნება, გიგა ნაგერვაძემ და კიდევ ერთმა მოშიმშილემ – მალხაზ მიქელაძემ ჯანმრთლობის გაუარესების გამო შიმშილობა შეწყვიტეს.

„შიმშილობას ამჟამად სამი ადამიანი ვაგრძელებთ, მათ შორის მეც“, – გვითხრა ხათუნა ბერიძემ.

ადგილზე იმყოფება სასწრაფო დახმარების ჯგუფიც.

შეკვეთილის რეზიდენციის წინ საღამოს 19:00 საათზე საპროტესტო აქციებს მართავენ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები და სხვა აქტივისტები, აქციის მთავარი მოთხოვნაა, – „არა ოლიგარქიას“. აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ თბილისში პარლამენტის წინ მიმდინარე რამდენიმედღიან საპროტესტო აქციას, სადაც საზოგადოების დიდი ნაწილი შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვს.

მთავარი ფოტო: ხათუნა ბერიძე, მინდია ადაძე და დავით შავაძე

____________

რა მოხდა?

19-20 ივნისს საქართველოში დაგეგმილი იყო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია. ასამბლეის პრეზიდენტი რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვია, რომელიც აღნიშნილ სესიას 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსულ ენაზე გაუძღვა. “ევროპული საქართველოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” პროტესტის შედეგად ღონისძიება ჩაიშალა და რუსეთის დელეგაცია იძულებული გახდა, დაეტოვებინა საქართველო.

20 ივნიის თბილისში გავრილოვის საქართველოში მოწვევასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები. აქციაზე მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომა, ასევე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 2020 წელს პროპორციული სისტემით.

ოპოზიციის ლიდერების ნაწილმა აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობაში შესვლისა და მისი დაკავებისკენ მოუწოდა. ხელისუფლებამ რამდენიმე საათში ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია. შედეგად დაშავდა 240-დე ადამიანი, მათ შორის, 80-მდე სამართალდამცავი. აქციაზე დაშავებულმა რამდენიმე ადამიანმა დაკარგა თვალი. არაერთი ადამიანის მდგომარეობა

მძიმეა. ძირითადად პოლიციის მხრიდან ნასროლი რეზინის ტყვიებით დაშავდა მედიის 30-ზე მეტი წარმომადგენელი. ვიდეოკადრებში ჩანს, პოლიციელთა ნაწილი მიზანმიმართულად როგორ ესვრის რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს. სულ დააკავეს 300-ზე მეტი ადამიანი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით.

დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ზაქარია ქუცნაშვილმა კი თქვა, რომ ტოვებს დეპუტატის მანდატს. აქციის მონაწილეებს ეს საკმარისად არ მიაჩნიათ და პროტესტს აგრძელებენ. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ ბრძოლა უნდა გააგრძელონ პოლიტიკოსების გარეშე.

თბილისში მიმდინარე მოვლენები “ანტირუსულ პროვოკაციად” შეაფასა რუსეთის ხელისუფლებამ და საქართველოსთან 8 ივლისიდან ავიამიმოსვლას აუქმებს, ასევე, რუსეთის დუმის დეპუტატები მოქალაქეებს ქართული პროდუქციისა და კურორტების ბოიკოტისკენ მოუწოდებენ.

საპროტესტო აქციის დარბევა

საქართველოს ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაარბია მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი.

დაზიანები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. რამდენიმე მოქალაქემ დაკარგა თვალი. დააკავეს 305 პირი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით. დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თუმცა აქციის მონაწილეებს ეს საკმარისად არ მიაჩნიათ და ითხოვენ როგორც შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, ისე – საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით და 20 ივნისის აქციის დარბევისას დაკავებულების გათავისუფლებას.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: