მთავარი,სიახლეები

შეკვეთილში საპროტესტო აქცია გაგრძელდა – შიმშილობს სამი აქტივისტი

06.07.2019
შეკვეთილში საპროტესტო აქცია გაგრძელდა – შიმშილობს სამი აქტივისტი

საპროტესტო აქცია შეკვეთილში, ივანიშვილის რეზიდენციასთან გაგრძელდა. დღეს, 6 ივლისს შეკვეთილში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის და „ნაციონალური მოძრაობიოს“ აქტივისტი შეიკრიბნენ. რეზიდენციასთან კარავში ამ დრომდე რჩებიან მოშიმშილეები.

„მე უკვე 14 დღეა ვშიმშილობ. გუშინ მნახა ექიმმა და სასტიკად ამიკრძალა შიმშილი, მაგრამ არ მივდივარ არსად, ვიდრე გახარია არ გადადგება. ახლაც სასწრაფოს ველოდები… მოვითხოვთ, დაისაჯოს ყველა კრიმინალი, ვინც 20 ივნისის ღამეს მშვიდობიანი ადამიანები დააშავა,“ – გვითხრა ორგანიზაციის „ალტერნატივა“ აქტივისტმა, ხათუნა ბერიძემ. მისი თქმით, მან რეზიდენციასთან კარვის გაშლამდე დაიწყო პროტესტის ნიშნად შიმშილობა.

საპროტესტო აქცია შეკვეთილში 25 ივნისიდან დაიწყო. თავდაპირველად 5 ადამიანი შიმშილობდა, ორი მათგანი რამდენიმე დღის წინ შეუძლოდ გახდა და შიმშილობა შეწყვიტამათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.

რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები თბილისში 20 ივნისს დაიწყო, როცა რუსეთის დუმის დეპუტატს – გავრილოვს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაუთმეს. ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი. დაზიანებები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი. ადმინისტრაციული წესით დააკავეს 305 პირი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობდნენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით. დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, გადაწყდა 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება, თუმცა აქციები მაინც არ წყდება და იგი შინაგან საქმეთა მინისტრი გახარიას გადადგომის მოთხოვნით გრძელდება.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: