პრობლემები, რის გამოც მშენებელი ისევ დაუცველი რჩება – შეხვედრა მერიაში

„შრომის ინსპექცია სადამსჯელო ორგანიზაცია კი არ უნდა გახდეს, არამედ ბიზნესის პარტნიორი იმისთვის, რომ ჩვენ ეს სტანდარტი ერთად დავნერგოთ,“ – მიმართა დღეს, 10 ივლისს, სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს პარლამენტის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა. ის უწყებათშორის სამუშაო ჯგუფს წარმოადგენს, რომელიც შრომის უსაფრთხოების კუთხით მუშაობს. შეხვედრას მერიაში ბიზნესომბუდსმენი და ბათუმის მერიც ესწრებოდნენ.

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რასაც შრომის უსაფრთხოების კუთხით მშენებლები გამოყოფენ, შრომის უსაფრთხოების ინსპექტორია. ინსპექტორის ყოლას კანონი პირველი იანვრიდან უკვე ყველა სამშენებლო კომპანიას ავალდებულებს, თუმცა შრომის ინსპექციას ამ დრომდე არ შეუსწავლია, რამდენმა კომპანიამ გააფორმა კონტრაქტი ინსპექტორთან, რომელიც დამსაქმებელს და დასაქმებულ მუშებს უსაფრთხოების წესების დაცვას დაავალდებულებს.

„მე თვალნათლივ ვნახე თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ჩამონგრეული მშენებლობა… იქ იყვნენ მაშველები და ცდილობდნენ დაშავებულების გამოყვანას. უსაფრთხოების სპეციალისტს ჰქონდა მოწოდება, რას შვრებით, გამოდით, თორემ ისევ ჩამოინგრევაო. შემდეგ აღმოჩნდა, რომ იმ მშენებლობაზე უსაფრთხოების სპეციალისტი არ მუშაობდა,“ – მიმართა მშენებლებს დიმიტრი ცქიტიშვილმა.

„გასაგებია, მაგრამ სერტიფიკატი, რასაც უსაფრთხოების სპეციალისტებს აძლევენ, უნდა გადამოწმდეს და გამკაცრდეს. დამსაქმებლები ხედავენ, რომ რეალურად უსაფრთხოების სპეციალისტს შესაძლოა საკმარისი და სპეციფიკური ცოდნა არ ჰქონდეს, ესაა პრაქტიკულად,“ – უთხრა პარლამენტის წევრს ირაკლი სურმანიძემ. იგი წარსულში მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსად მუშაობდა და ახლა რამდენიმე სამშენებლო კომპანიაში მუშაობს მენეჯერად. დიმიტრი ცქიტიშვილმა მას უთხრა, რომ ამას სელექციის პრინციპი დაარეგულირებს და კონკურენციის პირობა.

მერიაში შეხვედრას ესწრებოდნენ სამშენებლო უსაფრთხოების სპეციალისტებიც. რამდენიმე სამშენებლო კომპანიაში მომუშავე თემურ თურმანიძემ აღნიშნა, რომ მთავარი პრობლემაა არა აღჭურვა და დამსაქმებლების ნება, არამედ დასაქმებულების სურვილი – დაცული იყოს შრომის უსაფრთხოება.

„ერთმა მუშამ მითხრა, მე რომ ეს ყველა აღჭურვილობა გავიკეთო, ახლა თუ 20 კვადრატულს ვასწრებ დღეში, მერე ათსაც ვეღარ მოვასწრებ, ცოლ-შვილი მელოდება სახლშიო…  არის შემთხვევებიც, როცა კომპანიას ჯარიმის გადახდა ურჩევნია სპეციალისტის დაქირავებას,“ – აღნიშნა თემურ თურმანიძემ.

მუშების მხრიდან უსაფრთხოების მიმართ მგრძნობელობის პრობლემას ხაზი გაუსვა პარლამენტის წევრმაც.

„ჭიათურის შახტაში როცა 6 კაცი დაიღუპა, მეშვიდე, ვინც გადარჩა, საავადმყოფოში ვნახე… მას არ უთქვამს, რომ უსაფრთხო გარემო არის პრობლემა და ამაზე უნდა ვიმუშაოთ. მას მხოლოდ ერთი თხოვნა ჰქონდა, ხელფასის გაზრდა,“ – აღნიშნა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

 

 

 

 

 

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის კონკურსი მესამედ გამოცხადდება

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის კონკურსი ხელახლა გამოცხადდება. მაუწყებლის მრჩეველთა საბჭო განმეორებითი კონკურსის გამოცხადების მიზნით რიგგარეშე სხდომაზე 12 ივლისს, 12 საათზე შეიკრიბება.

დღეს, 10 ივლისს, საზოგადობრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სამეთვალყურეო საბჭომ მაუწყებლის დირექტორი ისევ ვერ აირჩია.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოში ხუთი წევრია: ნატა იმედაიშვილი, გიორგი ირემაძე, ბეჟან გობაძე, გიგა ჩხარტიშვილი და ირაკლი დარცმელიძე. მრჩეველთა საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ფარული კენჭისყრით. მაუწყებლის დირექტორის პოსტზე არჩეულად მიიჩნევა ის კანდიდატი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს.

ხმები ასე გადანაწილდა: ორი ხმა მერაბ წულუკიძემ მიიღო, ორი – თინა ცისკარაძემ. საბჭოს მეხუთე წევრმა არც ერთ კანდიდატს არ დაუჭირა მხარი და ბიულეტენს დააწერა – ნათია კაპანაძე.

ვრცლად ამ თემაზე: 

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ისევ ვერ აირჩიეს

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ისევ ვერ აირჩიეს

დღეს, 10 ივლისს, საზოგადობრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სამეთვალყურეო საბჭომ მაუწყებლის დირექტორი ისევ ვერ აირჩია.

ხმები ასე გადანაწილდა: ორი ხმა მერაბ წულუკიძემ მიიღო, ორი – თინა ცისკარაძემ. საბჭოს მეხუთე წევრმა არცერთ კანდიდატს არ დაუჭირა მხარი და ბიულეტენს დააწერა – ნათია კაპანაძე.

სამეურვეო საბჭოს წევრს ხელში უჭირავს ბიუტელენი, რომელზეც ხელითაა მიწერილი და შემოხაზული  ყოფილი დირექტორის, ნათია კაპანაძის სახელი და გვარი

დღეს მეორეჯერ შედგა კანდიდატების წილისყრა. პირველ ჯერზე მერაბ წულუკიძემ ასევე ორი ხმა მიიღო, თინა ცისკარაძემ – ორი, ხოლო შოთა გურაბანიძემ ერთი ხმა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის კონკურსი უკვე მეორედ გაიმართა. ამჯერად კონკურსში 12 კანდიდატი მონაწილეობდა: ირმა ზოიძე, შოთა გურაბანიძე, დავით ჩხარტიშვილი, ფირუზ ბოლქვაძე, თინა ცისკარაძე, დავით დიასამიძე, გიორგი კოხრეიძე, ბაჩუკი ჩხეიძე, მერაბ წულუკიძე, ციალა ქათამიძე, შოთა ზოიძე და გიორგი წულაია.

პირველ ჯერზე კონკურსი 31 მაისს გაიმართა და დირექტორის პოსტზე სულ რვა კანდიდატი განიხილებოდა, აქედან მეორე ტურში ოთხი კანდიდატი გადავიდა, თუმცა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ შესძლო კონკურსში გასამარჯვებლად საჭირო რაოდენობის ხმების მოგროვება და კონკურსი ხელახლა გამოცხადდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ადგილი 19 აპრილიდანაა ვაკანტური, როცა მრჩეველთა საბჭომ ნათია კაპანაძე თანამდებობიდან გადააყენა.

სოფელ ხელვაჩაურში სპორტული მოედანი და სკვერი მოეწყობა

სოფელ ხელვაჩაურში, საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყო მინი საბეხბურთო მოედნისა და სკვერის მოწყობა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სტადიონის ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 116 000 ლარს. ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „დიდგორი“. სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში დასრულდება.

ხმები გაიყო, გაიმართება ხელახალი კენჭისყრა – აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის არჩევნები

დღეს, 10 ივლისს, საზოგადობრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის არჩევნებზე ხმები გაიყო, ამიტომაც გაიმართება ხელახალი კენჭისყრა.

მეორე ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი გადავიდა – თინა ცისკარაძე და მერაბ წულუკიძე. მათ ორ-ორი ხმა მიიღეს.

გარდა ამისა, ერთი ხმა მიიღო შოთა გურაბანიძემ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოში ხუთი წევრია: ნატა იმედაიშვილი, გიორგი ირემაძე, ბეჟან გობაძე, გიგა ჩხარტიშვილი და ირაკლი დარცმელიძე.

მრჩეველთა საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ფარული კენჭისყრით. მაუწყებლის დირექტორის პოსტზე არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის კონკურსი უკვე მეორედ იმართება. ამჯერად კონკურსში 12 კანდიდატი მონაწილეობდა:

ირმა ზოიძე, შოთა გურაბანიძე, დავით ჩხარტიშვილი, ფირუზ ბოლქვაძე, თინა ცისკარაძე, დავით დიასამიძე, გიორგი კოხრეიძე, ბაჩუკი ჩხეიძე, მერაბ წულუკიძე, ციალა ქათამიძე, შოთა ზოიძე და გიორგი წულაია.

პირველ ჯერზე კონკურსი 31 მაისს გაიმართა და დირექტორის პოსტზე სულ რვა კანდიდატი განიხილებოდა, აქედან მეორე ტურში ოთხი კანდიდატი გადავიდა, თუმცა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ შესძლო კონკურსში გასამარჯვებლად საჭირო რაოდენობის ხმების მოგროვება და კონკურსი ხელახლა გამოცხადდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ადგილი 19 აპრილიდანაა ვაკანტური, როცა მრჩეველთა საბჭომ ნათია კაპანაძე თანამდებობიდან გადააყენა.

რა პრობლემები აქვს “შუახევი ჰესის” არეალში მცხოვრებ მოსახლეობას

„შუახევი ჰესი“ 2019 წლის ნოემბერში სატესტო რეჟიმში დაიწყებს მუშაობას.

ზემო აჭარის სოფლებში – გორხანაულში, ყინჩაურში, წაბლანში, მახალაკიძეებში, ჩანჩხალოსა და ღურტაში მცხოვრები ადამიანები, ისინი, ვისაც უშუალოდ შეეხო „შუახევი ჰესის“ მშენებლობა, ამბობენ რომ ჰესმა მათი საცხოვრებელი გარემო მნიშვნელოვნად შეცვალა ან დააზიანა. ნახეთ, რას ჰყვებიან ადგილობრივები და რას პასუხობს კომპანია.

ამავე თემაზე:

„შუახევი ჰესი“ ნოემბერში ამოქმედდება – უსაფრთხოა თუ არა აღდგენილი გვირაბები

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ტრაილერი გადაბრუნდა – დაიღუპა მძღოლი

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ტრაილერი გადაბრუნდა. სამშველო სამსახურის ინფორმაციით, დაიღუპა ტრაილერის მძღოლი. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახა.

შსს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ოფიციალური ინფორმაციით, სხვა პირები ავარიის შედეგად არ დაშავებულან.

ფოტო: ლაშა ადამია
ფოტო: ლაშა ადამია

[ინფორმაცია განახლდება]

შსს-ს განცხადებით, ივანიშვილის სახლთან მოშიმშილეების კარავი ადგილობრივებმა დაარბიეს

დღეს, 10 ივლისს, შეკვეთილში, ივანიშვილის რეზიდენციასთან აქციის მონაწილეებს კარავი დაუნგრიეს და ბანერები გაიტაცეს. ვიდეოში, რომელიც ადგილზე მყოფმა აქციის მონაწილემ გადაიღო, ამბობენ, რომ მათ „ოცნების“ წევრები დაუპირისპირდნენ, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი სხვა ვერსიაზე საუბრობს.

შსს-ს ცნობით, მოშიმშილეების აქციას ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი დაუპირისპირდა.

„ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი მივიდა აქციის მონაწილეებთან, მოშიმშილეებთან და მოუთხოვიათ, ჩვენი სოფლის ტერიტორია დატოვეთო, მოუხსნიათ ეს პლაკატები და ამას მოჰყვა შელაპარაკება. ჩაერია პოლიცია და ადგილობრივი მოსახლეობა, ვინც იქ მივიდა, განარიდეს იმ ადგილს. ამ წუთისთვის ვითარება სტაბილურია, სამართალდამცავები აკონტროლებენ სიტუაციას, ადგილზე იმყოფებიან და იცავენ მართლწესრიგს და აქ მყოფი მოქალაქეების, მათ შორის მოშიმშილეების უსაფრთხოებას,“ – გვითხრეს შს სამინისტროში.

ადგილი, სადაც აქცია იმართება, დასახლებული ტერიტორიიდან მოშორებით მდებარეობს, აქ მოსახლეობა არ ცხოვრობს.

მოშიმშილეების დარბეული კარავი ივანიშვილის რეზიდენციის წინ, შეკვეთილში

_________________________

 

ქვეყნები, საიდანაც აჭარაში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა

2019 წლის ექვსი თვის მონაცემებით, აჭარას 660 970 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.4 პროცენტით მეტია.

ოფიციალური ინფორმაციით, 41.3%-ით არის გაზრდილი ბათუმის აეროპორტის მაჩვენებელი. „მხოლოდ ივნისის თვის მაჩვენებელი კი წინა წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით 38.8 პროცენტით არის გაზრდილი“, – აცხადებენ ტურიზმის დეპარტამენტში.

ქვეყნები, საიდანაც ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა:

[checklist]

  • თურქეთი – 384 956
  • აზერბაიჯანი – 70 673
  • რუსეთი – 51 279
  • ისრაელი – 39 673
  • უკრაინა – 16 150

[/checklist]

 

საგანგებო: დღეს მაშველებმა შავი ზღვის სანაპიროზე 17 ადამიანი გადაარჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, დღეს, 10 ივლისს, მაშველებმა შავი ზღვის სანაპიროზე 17 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. მათგან 5 არასრულწლოვანი და 12 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დღეს დაბა ურეკში 2-დან 3 ბალამდე შტორმი ფიქსირდება. გამოფენილია წითელი ალმები და მაშველები დამსვენებელებს აფრთხილებენ, რომ წყალში არ ჩავიდნენ.

მას შემდეგ, რაც ცურვა დასაშვები იქნება, გამოიფინება თეთრი ალმები.

ამავე თემაზე: 

ცხრა რჩევა ზღვაში ბანაობის დროს

ენმ: შეკვეთილში ივანიშვილის რეზიდენციასთან მოშიმშილეებს კარვები დაურბიეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, შეკვეთილში ივანიშვილის რეზიდენციასთან მოშიმშილეებს კარავი დაუნგრიეს. ამ წუთებში რეზიდენციის წინ საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

ადგილიდან აქციის მონაწილე, მინდია ადაძე ვიდეოს ავრცელებს, სადაც ერთ-ერთი მოშიმშილე ამბობს, რომ გაურკვეველმა პირებმა მოშიმშილეების კარვები დაარბიეს.

„კარვები მიწასთან გაასწორეს, პოლიცია აქ იდგა მაგრამ რეაგირება აქ ჰქონია. ხელი არ შეუშალეს, უბრალოდ შუაში იდგნენ, რომ ჩხუბი არ მომხდარიყო. ბანერებიც კი გაიტაცეს“ – ამბობს აქციის მონაწილე დათო შავაძე. მისი თქმით, ზონდერებმა კარავში მყოფ ერთ პირს ხელიც დაარტყეს.  კარავში იმ დროისთვის ხუთი ადამიანი იმყოფებოდა, აქედან ორი შიმშილობდა.

მოშიმშილეების დარბეული კარავი ივანიშვილის რეზიდენციის წინ შეკვეთილში

ადგილზე მყოფი პირები ამბობენ, რომ ჩანიშნული აქვთ იმ ავტომანქანების ნომრები, სადაც ის ადამიანები ჩასხდნენ, ვინც კარვები დაშალა.

შეკვეთილში მოშიმშილეები შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ და ასევე აცხადებენ, რომ საქართველოში უნდა დასრულდეს ოლიგარქიული რეჟიმი. ივანიშვილის რეზიდენციასთან შეკვეთილში დღესაც, საღამოს 19:00 საათისთვის დაგეგმილია საპროტესტო აქცია. აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ თბილისში ანტისაოკუპაციო გამოსვლებს და აპროტესტებენ 20 ივნისს საპროტესტო აქციის დარბევას.

შეკვეთილში მე-16 დღეა შიმშილობენ.

ამავე თემაზე:

შეკვეთილში ივანიშვილის რეზიდენციასთან მოშიმშილე ერთი პირი კლინიკაში გადაიყვანეს

 

 

სუს-ის ყოფილი უფროსის ბინის ქურდობაში ბრალდებულები სასამართლომ გაამართლა

სუს-ის ყოფილი უფროსის, ირაკლი ერისთავის საცხოვრებელი ბინის ქურდობაში ბრალდებულები სასამართლომ გაამართლა. გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა დღეს, 10 ივლისს, მიიღო. შემთხვევა გასული წლის ნოემბერში მოხდა. ამ დროს ირაკლი ერისთავი სუს-ს ხელმძღვანელობდა აჭარაში.

სამართალდამცავებმა ამ ფაქტზე სამი პირი დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, ირაკლი ერისთავის საცხოვრებელ ბინაში დავით ხიმშიაშვილი და ილია აფხაზავა შევიდნენ. სამართალდამცველებმა ნაქურდალი მაჯის საათები, სამკაულები და ქანდაკება ნუგზარ ურუშაძის ავტომანქანაში აღმოაჩინეს. მას დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენას ედავებოდნენ.

„აბსოლუტურად კანონიერად მოიქცა მოსამართლე. არ იყო არც პირდაპირი და არც ირიბი მტკიცებულება იმისთვის, რომ მოსამართლეს გამამტყუნებელი განაჩენი გამოეტანა… გარკვეული მტკიცებულება წარმოადგინა პროკურატურამ, მაგრამ იგი არ იყო საკმარისი,“ – ამბობს ადვოკატი დავით ჯაფარიძე. იგი ნუგზარ ურუშაძის ინტერესებს იცავდა.

ადვოკატის თქმით, ამ საქმეში ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება იყო სუნზე ჩატარებული ექსპერტიზა, რომლის მიხედვითაც, ორი ბრალდებული ნამდვილად იმყოფებოდა ერისთავის ბინაში. პოლიციელებმა ამოიღეს სათვალთვალო ვიდეოკამერის ჩანაწერებიც, მაგრამ კადრებზე ბრალდებულების სახის ამოცნობა შეუძლებელი გახდა. რაც შეეხება მანქანაში აღმოჩენილ ძვირფასეულობას – ადვოკატი დავით ჯაფარიძე დასძენს, რომ ბრალდებულმა ის ქუჩაში შემთხვევით იპოვა და გადასამოწმებლად მიჰქონდა, ნამდვილი იყო თუ არა.

 

 

 

Black Sea Sound-ის ფარგლებში ბათუმში ქუჩის კონცერტები გაიმართება

26-28 ივლისს ბათუმში მუსიკალური ფესტივალის Black Sea Sound-ის ფარგლებში ქუჩის კონცერტები გაიმართება. მსმენელს სხვადასხვა მუსიკალური ჯგუფების თუ სოლოშემსრულებლების მოსმენა ქუჩაში, უფასოდ შეეძლება.

მუსიკოსებს, რომელთაც სურთ ფესტივალში მონაწილეობის მიღება, შეუძლიათ ეს სარეგისტრაციო ფორმა შეავსონ. ფესტივალი აანაზღაურებს მუსიკოსების მგზავრობის ხარჯებს და უზრუნველყოფს საჭირო ტექნიკით.

მუსიკალური ფესტივალი Black Sea Sound-ი 2014 წელს, ბათუმში დაარსდა. მისი მიზანი ქართველი ხელოვანების, განსაკუთრებით კი საავტორო, ექსპერიმენტული მუსიკის წარმომადგენლების მხარდაჭერა და საზოგადოებისთვის მათი შემოქმედების გაცნობაა.

ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი ექვსი წელია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.

ხიდაშელი: გაბუნიას განცხადების ყველაზე დიდი მოსარგებლე პუტინი აღმოჩნდა

თინათინ ხიდაშელი, პოლიტიკოსი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი: 

„გიორგი გაბუნიას განცხადების ყველაზე დიდი მოსარგებლე ვლადიმირ პუტინი აღმოჩნდა, ჩვენი ხელისუფლება კი მორიგ ჯერზე სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდა. ჯერ იმიტომ, რომ ერთმანეთის მიყოლებით გვიმტკიცებდნენ, რომ თურმე ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას გინების გამო რუსეთი ახლა დაგვბომბავდა, აქ ავიაციას გამოგზავნიდა და ტერიტორიების მორიგი ოკუპაცია მოხდებოდა. ამის შემდეგ რუსეთის დუმამ ასევე ისტერიული სერიალი მოაწყო, სადაც სრულიად წარმოუდგენელი, საქართველოს ხელისუფლებისმაგვარი განცხადებები კეთდებოდა და აი, „კეთილი ბიძია“, ვლადიმერ პუტინი გამოჩნდა, რომელმაც უცბად ყველა პრობლემა მოაგვარა, ყველა დააწყნარა და მარჩენალ, მხსნელ, ქართველებზე მოფიქრალ ადამიანად მოგვევლინა.

…იმის შემდეგ, რაც [პუტინმა] პირდაპირი აგრესია განახორციელა და ჩვენი ტერიტორიების ანექსია მოახდინა, იმის შემდეგ, რაც სამი სამხედრო ბაზა გახსნა საქართველოს მიწაზე, ორი -„საელჩო“, იმის შემდეგ, რაც ტანკი და ჩექმა ერთმანეთის მიყოლებით დააყენა ქვეყნის შუაგულში, ვლადიმერ პუტინმა შეცვალა სტრატეგია საქართველოსთან მიმართებაში. ცნობილი გამოთქმა, რომ არის, მათრახის და თაფლაკვერის პრინციპი, მათრახი გადადო გვერდზე ცოტა ხნით და ახლა თაფლაკვერის პრინციპით გველაპარაკება იმ დღიდან მოყოლებული, რაც მათრახმა თავისი ფუნქცია შეასრულა. გუშინდელი და დღევანდელი დღე იყო ამის კლასიკა და გიორგი გაბუნია ჩაეწერა პირდაპირი მნიშვნელობით ამ სცენარში, როგორც სასარგებლო იდიოტი, მან ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს ფუნქცია შეასრულა, რაც ძალიან სამწუხაროა.“

________________

წყარო: ტელეკომპანია პირველი

მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე 15 პროცენტი არ გამოცხადდა

დღეს, 10 ივლისს, მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდები დაიწყო. გამოცდაზე მასწავლებელთა 15 პროცენტი არ გამოცხადდა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცდაზე 25 ათასზე მეტი პედაგოგი იყო დარეგისტრირებული, აქედან 5 ათასი – მასწავლებლობის მსურველი, 20 ათასამდე კი – პრაქტიკოსი მასწავლებელი.

ცენტრის ინფორმაციით, დღევანდელი სესია პრაქტიკოსი პედაგოგების პროფესიული უნარების დადასტურებას დაეთმობა. ზაფხულის გამოცდაზე პენსიონერი პრაქტიკოსი პედაგოგებიც დარეგისტრირდნენ. ახალი რეგულაციით, პრაქტიკოსი პედაგოგი, რომელიც 2019 წლის ბოლომდე ვერ დაამტკიცებს საგნობრივ კომპეტენციას, 2020 წლიდან მისი ადგილი ვაკანტურად გამოცხადდება.

განათლების სამინისტრო პრაქტიკოს პედაგოგებს ურჩევს, აიღონ სახელმწიფო ჯილდო (ორი წლის ხელფასი ჯამურად) და გავიდნენ პროფესიიდან.

 

ბათუმში ძეგლზე უნებართვო სამუშაოებისთვის ხუთი მესაკუთრე 5-10 ათასი ლარით დააჯარიმეს

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წელს სააგენტოს კონტროლის ჯგუფის მიერ ქალაქ ბათუმში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე 21 სამართალდარღვევა იქნა გამოვლენილი, რის გამოც მესაკუთრეებს მიეცათ შესაბამისი გაფრთხილებები.

სააგენტოს ცნობით, დაჯარიმებულ იქნა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ხუთი მეპატრონე. კერძოდ:

სასტუმრო „ინტურისტი“ უნებართვო რეკლამის განთავსებისთვის 10 000 ლარით დაჯარიმდა; იგივე სასტუმრო დაჯარიმდა ტერასის კედლის ჩაჭრის გამო 10 000 ლარით;

მემედ აბაშიძის ქ. N9-ში მდებარე შენობის მესაკუთრე უნებართვო დაშენებისთვის 5 000 ლარით დაჯარიმდა;

შპს „აჭარწიგნი“ უნებართვო სამუშაოების გამო დაჯარიმდა 10 000 ლარით;

მემედ აბაშიძის ქ. N50-ში მესაკუთრე ინტერიერში უნებართვო სამუშაოებისთვის დაჯარიმდა 5 000 ლარით;

შპს ,,პრესტიჟი“ ექსტერიერსა და ინტერიერში უნებართვო სამუშაოების გამო დაჯარიმდა 10 000 ლარით.

აბაშიძის #9.
აბაშიძის #50.

მთავარ ფოტოზე: ფარნავაზ მეფის 34/46. მესაკუთრე შპს ,,პრესტიჟი“. 

 

ბათუმის კონფერენციას წელს პირველად ევროსაბჭოს პრეზიდენტი დაესწრება

წელს პირველად ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას „საქართველოს ევროპული გზა“ ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი დაესწრება. კონფერენცია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ დაფუძნების 10 წლისთავს ეძღვნება.

„სხვადასხვა თემა განიხილება, მათ შორის, ევროინტეგრაციის საკითხები, კარგი მმართველობა, საინვესტიციო შესაძლებლობები და ასე შემდეგ. ასევე გაფორმდება ორი ფინანსური დოკუმენტი, რომლის ფარგლებშიც საქართველო ევროკავშირისგან 47 მილიონამდე ევროს დახმარებას მიიღებს. ასევე გათვალისწინებულია საგარეო საქმეთა მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის ორმხრივი შეხვედრები თავიანთ კოლეგებთან,“ – უთხრა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა ჟურნალისტებს დღეს, 10 ივლისს, სასტუმრო „შერატონში“, სადაც ჯერ კიდევ საერთაშორისო კონფერენციის სამზადისია.

ორდღიან კონფერენციაზე ცხრა თემატური სესიაა დაგეგმილი. განიხილავენ შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს და ჰიბრიდულ გამოწვევებსაც. კონფერენციის ფარგლებში გაიმართება საინვესტიციო ფორუმიც, რომელშიც 400-მდე დელეგატი მიიღებს მონაწილეობას.

განიხილავენ თუ არა კონფერენციაზე „გავრილოვის ინციდენტის“ შემდეგ განვითარებულ პროცესებს? – კონსტანტინიდმა გვითხრა, რომ რუსეთთან ურთიერთობის თემა რამდენიმე პანელზე განიხილება, მათ შორის უსაფრთხოების კუთხით.

„ღირებული პარტნიორობის 10 წელი – განვლილი გზა და პერსპექტივები“ – წელს კონფერენცია ამ სლოგანით იმართება. ევროსაბჭოს პრეზიდენტის გარდა, კონფერენციას დაესწრებიან: ევროკომისარი ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში – ქრისტოს სტილიანიდესი, აღმოსავლეთ პარტნიორების ინიციატორი ქვეყნების – პოლონეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები – იაცეკ ჩაპუტოვიჩი და მარგოტ ვალსტრომი, ბულგარეთის ვიცე-პრემიერი ეკატერინა ზაჰარიევა, გერმანიის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრი მიხაელ როტი და სხვები.

კონფერენციას ხვალ, 11 ივლისს, გახსნიან პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.

 

 

საერთაშორისო კონფერენციის სამზადისი სასტუმრო „შერატონში“

 

რისთვის აძლევს ამჯერად ევროკავშირი საქართველოს 47 მლნ ევროს

ბათუმის მე-16 კონფერენციის ფარგლებში ევროკავშირისა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ორ შეთანხმებას მოაწერენ ხელს, რომლის მიხედვითაც საქართველო 47 მილიონამდე ევროს მიიღებს. კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ ბათუმში ხვალ, 11 ივლისს, იწყება.

„ეკონომიკური მმართველობისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების მხარდაჭერა“ – ასეა დასათაურებული ერთ-ერთი შეთანხმება. ამ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ საქართველო ევროკავშირისგან 19 მილიონამდე ევროს მიიღეს. პროგრამა საქართველოში ეკონომიკური მმართველობისა და დემოკრატიული ანგარიშვალდებულების განმტკიცებას ითვალისწინებს, მათ შორის, „გარე აუდიტის ეფექტურობის გაუმჯობესებას და საჯარო ფინანსების ზედამხედველობის პროცესში დამოუკიდებელი მონიტორინგის, ასევე საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფას“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ ინფორმაციაში.

ევროკავშირთან გაფორმებული მეორე შეთანხმება უსაფრთხოების სისტემების გაუმჯობესებას და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერას გულისხმობს. პროგრამა მოიცავს გადაუდებელი კრიზისული სიტუაციების მართვის პროცესის გაძლიერებას, ასევე კანონის უზენაესობის გაუმჯობესების გზით საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების გაძლიერებას. ამ პროგრამის ფარგლებში საქართველო ევროკავშირისგან 28 მილიონ ევროს მიიღებს.

წლევანდელი კონფერენცია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ დაფუძნების 10 წლისთავს ეძღვნება. საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად საქართველოს ევროკავშირის და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ეწვევიან.

ლატვია-საქართველოს ერთობლივი ფილმი თეოდორ სპადეზე „ანრის“ მხარდაჭერით

თეოდორ სპადე ლატვიის ეროვნული გმირია. პირველი მსოფლიო ომის დროს ის შავ ზღვაში დისლოცირებულ სამხედრო საზღვაო ფლოტში მსახურობდა.

1918 წლიდან თეოდორ სპადე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფლოტში მუშაობდა და დიდი წვლილი შეიტანა მის ფორმირებაში. ის იბრძოდა ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ და ქართველთა ჩქარმავალ კატერთა რაზმს და ნაღმმზიდს მეთაურობდა.

ლატვიის სამხედრო ატაშემ, რუდოლფ რუძუროგამ მადლობა გადაუხადა ბუსსს ანრის გენერალურ დირექტორს შორეული ნაოსნობის კაპიტანს ანზორ დიასამიძეს გაწეული დახმარებისათვის
ლატვიის სამხედრო ატაშემ, რუდოლფ რუძუროგამ, მადლობა გადაუხადა ბუსსს „ანრის“ გენერალურ დირექტორს შორეული ნაოსნობის კაპიტანს ანზორ დიასამიძეს გაწეული დახმარებისათვის

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ის ლატვიის სამხედრო ფლოტის ადმირალი გახდა.

ლატვია და საქართველო ერთობლივად იღებს ფილმს თეოდორ სპადეზე.

ბუსსს „ანრი“ გადამღებ ჯგუფს უანგაროდ დაუდგა გვერდით და დიდი ენთუზიაზმით მიიღო მონაწილეობა ამ ისტორიის ეკრანიზაციაში.

ლატვიის სამხედრო ატაშემ საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთში რუდოლფ რუძუროგამ მადლობა გადაუხადა ბუსსს „ანრის“ გენერალურ დირექტორს, შორეული ნაოსნობის კაპიტანს, ანზორ დიასამიძეს გაწეული დახმარებისათვის.

„მხოლოდ კაგებეშნიკს თუ შეუძლია იხტიბარგაუტეხლად ილაპარაკოს სხვა სახელმწიფოს ისტორიაზე“

ირაკლი ხვადაგიანი, ისტორიკოსი: 

„მხოლოდ კაგებეშნიკს და საბჭოთა ტოტალიტარული სახელმწიფოს მემკვიდრეს თუ შეუძლია იხტიბარგაუტეხლად ილაპარაკოს სხვა სახელმწიფოს 1918 წლის ისტორიაზე. ქვეყანას, რომელსაც ფორმალურადაც კი არ გაუსამართლებია საბჭოეთის დანაშაულებები, მასობრივი ტერორი და მათი პაპების (Деды) კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებები, მათ შორის სუვერენული სახელმწიფოების ოკუპაცია, ეთნიკური წმენდები და გენოციდები (ჩეჩნეთის მაგალითიც კმარა), გარდა ურცხვი ზღაპრებისა, ნეტა რა უნდა ჰქონდეს სათქმელი მსოფლიოსთვის ან ყოფილ და ახლანდელ მსხვერპლთათვის?

P.S. საზოგადოება რომ ერთი მხრივ პუტინისადმი მკაცრ პასუხს ელის ჩვენი სახელმწიფოსგან, ალბათ ავიწყდება, რომ ხელისუფლებას ჯერ ის ვერ გაურკვევია ჩვენი თანამედროვე სახელმწიფოებრივობა 1918-ში იწყება თუ 1991-ში და დამფუძნებელი კრების 100 წელს რობიკოს პასკვილით ხვდება და მკვლევრებისაგან რომ ითხოვს პასუხს, აბა რომელი მკვლევრების ნაშრომები უნდა გადაარტყან თავზე ამხ. ვლადიმერს – საკუთარი ქვეყნის არქივებში 3 და 1 ლარი რომ უნდა იხადონს თითო გვერდის ასლის გადაღებაში? ან საერთაშორისო საზოგადოებამ რა უნდა დაგუგლოს ამ პერიოდზე ინგლისურად, ამ პირობებში ჭაპანწყვეტით დაწერილი ორი-სამი ფუნდამენტური ნაშრომი და სტატია?!“

___________________

წყარო: facebook 

კავკასიის უნივერსიტეტი ბათუმში ახალ კამპუსს და სკოლას აშენებს

ბათუმში, აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, კავკასიის უნივერსიტეტი ახალ კამპუსს და სკოლას ააშენებს. მშენებლობის პრეზენტაცია დღეს, 10 ივლისს, გაიმართა.

“კავკასიის უნივერსიტეტის ახალი კამპუსი სრულიად ჯდება საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ განათლების ქალაქების კონცეფციაში, რომელიც გულისხმობს ერთ სივრცეში როგორც საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის, ასევე თანამედროვე საბიბლიოთეკო, საკონფერენციო, საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური ლაბორატორიების არსებობას,” – განაცხადა საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ პრეზენტაციაზე.

კამპუსი აღჭურვილი იქნება თანამედროვე ინფრასტრუქტურით, ბიბლიოთეკით, ლაბორატორიებით, სპორტული მოედნებით, საცურაო აუზით და სტუდენტური საერთო საცხოვრებლით. ახალი შენობა 1500 სტუდენტსა და 500 მოსწავლეზეა გათვლილი. უნივერსიტეტში ისწავლიან როგორც საქართველოდან, ისე უცხოეთიდან ჩამოსული სტუდენტები.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, კავკასიის უნივერსიტეტში ყოველწლიურად 10 ადგილობრივი სტუდენტი უფასოდ ისწავლის. 

იანვარი-ივნისის პერიოდში საქართველოში 3 862 444 ვიზიტორი შემოვიდა – ზრდა 8.4%-ია

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2019 წლის ივნისის თვეში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 471 979 შეადგინა, რაც 71 990-ით მეტია 2018 წლის მაჩვენებელზე – ზრდა +18%. ამ ინფორმაციას ტურიზმის ადმინისტრაცია შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, ივნისში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობამ 873 966 შეადგინა – ზრდა +20.2%.

უწყების მონაცემებით, 2019 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ  2 127 142 შეადგინა, რაც 193 368-ით მეტია 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე – ზრდა +10%.

6 თვეში საქართველოში 3 862 444 საერთაშორისო  მოგზაურების ვიზიტი განხორციელდა, ზრდა +8.4%.

პოზიტიური ტენდენცია შენარჩუნებულია ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: ავსტრია +71%, გერმანია +67.7%, გაერთიანებული სამეფო  +34.9%, ლატვია +30.2%, ნიდერლანდები +25.7%,  და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: საუდის არაბეთი +127.7%, იორდანია +91.4%, ყაზახეთი +78.4%, ჩინეთი +52.9%, კორეა +48%, თურქეთი +45.8% და სხვა.

ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი რუსეთიდან (+30.8%), თურქეთიდან (+45.8%), აზერბაიჯანიდან  (+8.8%) და სომხეთიდან (+9.7%) განხორციელდა.

ამავე თემაზე:

5 თვეში ტურიზმიდან საქართველოს შემოსავალი 9 პროცენტით გაიზარდა და 1.1 მილიარდი დოლარია

ბახტაძე პუტინის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციაში საქართველოს დადანაშაულებაზე

პუტინის განცხადებას, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტი საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და გენოციდში ადანაშაულებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გამოეხმაურა.

„სამწუხაროდ, პირველად არ გვესმის მსგავსი განცხადებები, რომელიც ეყრდნობა ფაქტების ფუნდამენტურად არასწორ ინტერპრეტაციას. საქართველოს ისტორია არის ის, რითაც თითოეული ჩვენგანი ამაყობს. საქართველოს ისტორია არის ევროპული ისტორიის ნაწილი და გარწმუნებთ, ევროპელებს, ისევე, როგორც მსოფლიო თანამეგობრობას აქვს ძალიან კარგი და დეტალური ცოდნა ჩვენი ისტორიის შესახებ. როგორც ჩვენ ვამაყობთ ჩვენი წარსულით, ასე ამაყობს ევროპაც, ვინაიდან, ჩვენ ვართ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი.

ჩვენი ამოცანაა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას ჰქონდეს სწორი ინფორმაცია არა მხოლოდ ისტორიის შესახებ, არამედ მომავალი გეგმების შესახებ და მომავალი გეგმა არის ძალიან ერთმნიშვნელოვანი და მარტივი – საქართველო გააგრძელებს ერთიანი სახელმწიფოს მშენებლობას და ამ მშენებლობაში მიიღებს მონაწილეობას თითოეული ადამიანი, რომელიც საქართველოში ცხოვრობს – ჩვენი ოსი და აფხაზი ძმები და თითოეული ეთნიკური წარმოშობის ადამიანი, რომელიც ცხოვრობს ჩვენს საერთო სამშობლოში, ეს არის ის, რაზეც სახელმწიფო უნდა იყოს ორიენტირებული.

ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი მთავრობა და პასუხისმგებლიანი მთავრობის მთავარი ამოცანაა, რომ დაიცვას ეროვნული ინტერესები და თავისი მოქალაქეების ეკონომიკური ინტერესები“ – ეს განცხადება პრემიერ -მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, 10 ივლისს, ქობულეთში გააკეთა.

გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, საქართველო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და გენოციდში დაადანაშაულა. პუტინმა ასევე არაერთი ისტორიული ფაქტი გააყალბა და ისიც კი თქვა, რომ მე-19 საუკუნის დასაწყისში „არავითარი საქართველო არ არსებობდა“.

ამავე თემაზე:

პუტინი საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და გენოციდში ადანაშაულებს

 

ბათუმში განათლების მინისტრის მოადგილის სიტყვით გამოსვლის დროს ბანერი ჩამოვარდა

საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილის, ირინე აბულაძის სიტყვით გამოსვლისას ბანერი ჩამოვარდა. ინციდენტი დღეს, 10 ივლისს, ბათუმში,  კავკასიის უნივერსიტეტის ახალი კამპუსისა და სკოლის მშენებლობის დაწყების პრეზენტაციის დროს მოხდა.

მინისტრის მოადგილე არ დაშავებულა. ჩამოვარდნილი ბანერი პრეზენტაციის მონაწილეებმა გაასწორეს. ინციდენტიდან რამდენიმე წუთში ირინე აბულაძე ტრიბუნასთან დაბრუნდა და თქვა:

“ეს მივიღოთ როგორც ნიშანი იმისა, რომ ეს პროექტი იქნება ძალიან წარმატებული, იმიტომ, რომ ერთობლივი შრომითა და ძალისხმევით ჩვენ ყველაფერს მივაღწევთ” .

ბათუმში კავკასიის უნივერსიტეტის ახალი კამპუსის მშენებლობა აჭარის მთავრობის ხელშეწყობით ხორციელდება. კამპუსი აღჭურვილი იქნება თანამედროვე ინფრასტრუქტურით, ბიბლიოთეკით, ლაბორატორიებით, სპორტული მოედნებით, საცურაო აუზით და სტუდენტური საერთო საცხოვრებლით. 1 500 ადგილობრივ და საერთაშორისო სტუდენტზე, ასევე, 500 მოსწავლეზე გათვლილი სივრცის მშენებლობა სამ წელიწადში დასრულდება.

რუსეთი საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენაზე ფიქრობს – რუსული მედია

რუსული მედია „კომერსანტზე“ დაყრდნობით წერს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის შესაძლოა აღდგეს ავიამიმოსვლა. იმავე წყაროების თქმით, გამოცემა „კომერსანტი“ ამ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსული წყაროების თქმით, რუსეთი კმაყოფილია საქართველოს ხელისუფლების რეაქციით, რაც ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას უცენზურო გამონათქვამებს მოჰყვა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიმართ. „საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ თუ საქართველოში შეწყდება რუსოფობია და ხელისუფლება იქნება თანმიმდევრული, არ გამორიცხავენ უვიზო რეჟიმის შემოღებას“.

„გარდა ამისა, პერსპექტივაში რუსეთი არ გამორიცხავს დაუბრუნდეს მოლაპარაკებას საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე,“ – წერს გამოცემა ლენტა.რუ კომერსანტზე დაყრდნობით.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსთან ავიამიმოსვლა ვლადიმერ პუტინმა ბევრად ადრე აკრძალა [რუსი დეპუტატის, გავრილოვის გაძევების შემდეგ საქართველოს ხელისუფლების მიერ გაკეთებული შეფასებების საპასუხოდ], ვიდრე ჟურნალისტი გიორგი გაბუნია შეაგინებდა პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტს.

გუშინ ვლადიმერ პუტინმა საქართველოზე საუბრის დროს თქვა, რომ მე-19 საუკუნის დასაწყისში „არავითარი საქართველო არ ყოფილა, ეს იყო ტფილისის გუბერნია“.

ნახეთ, რას ფიქრობს რუსეთის პრეზიდენტი საქართველოზე:

https://netgazeti.ge/news/379568/

უჩივლებს თუ არა საქართველო რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში

საქართველოს მიმართ სანქციების დაწესების შესახებ განცხადება რუსეთის დუმამ დღეს, 9 ივლისს, მიიღო. საქართველოს რუსული სანქციებისა და ემბარგოს დიდი გამოცდილება აქვს, თუმცა ამჯერად შესაძლებელია საქართველოს მთავრობამ რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში WTO უჩივლოს. ეს ის ორგანიზაციაა, რომლის წევრობასაც რუსეთი 19 წელი ითხოვდა და საბოლოოდ – 2012 წელს გახდა. 2012 წელს რუსეთის წევრობას WTO-ში საქართველომაც დაუჭირა მხარი.

„WTO-ს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც შესასრულებელი იქნება, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ რუსეთმა ვალდებულება მარტივად შესაძლოა არ შეასრულოს… ამის მიუხედავად, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ და რუსეთს მაქსიმალური დისკომფორტი შევუქმნათ ყველა საერთაშორისო ფორუმზე,“ – მიიჩნევს სერგი კაპანაძე, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი და საქართველოს პარლამენტის წევრი.

მას შემდეგ, რაც რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი გახდა, მან სხვადასხვა ვალდებულებასთან ერთად, „გლობალურ სავაჭრო სისტემაში ღია და არადისკრიმინაციული ქმედების“ პირობა დადო.

მიმართავს თუ არა საქართველოს მთავრობა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას რუსეთის წინააღმდეგ? – საგარეო საქმეთა სამინისტროში ამ ეტაპზე ვერ მოგვაწოდეს ინფორმაცია ამ ბერკეტის შესახებ, რომლის გამოყენებაც საქართველოს მთავრობას შეუძლია.

სერგი კაპანაძე იხსენებს კონკრეტულ შემთხვევას, როცა WTO-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ რუსეთი იძულებული გახდა, დაწესებულ სანქციაზე უარი ეთქვა.

„2014 წელს იყო ეს, როცა რუსეთმა თითქოს ღორის გრიპის ეპიდემიის გავრცელების საბაბით უარი თქვა ევროკავშირიდან ხორცის პროდუქტების იმპორტზე. სინამდვილეში რუსეთი იყო განაწყენებული უკრაინაში მიმდინარე პროცესებით. მაშინ WTO-ს გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეასრულა რუსეთმა და ესტონეთსა და ლიეტუვაში წარმოებული ხორცპროდუქტები რუსულ ბაზარზე დაბრუნდა“, – გვიყვება სერგი კაპანაძე.

რის გამო დაეთანხმა საქართველო 2012 წელს რუსეთის წევრობას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში?

„მაშინ ჩვენ მივიღეთ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ტვირთების მონიტორინგის ხელშეკრულება. მივიღეთ საშუალება, რომ არალეგალური ვაჭრობა ცხინვალსა და აფხაზეთში მოქცეულიყო საერთაშორისო მონიტორინგის ქვეშ. სამწუხაროდ, ჩვენი მთავრობის პირობებში ჯერ კიდევ ეს ამოქმედებული არ არის. რუსეთმა კი მიიღო პრაქტიკული სარგებელი – ლიბერალური სავაჭრო პირობები სხვა ქვეყნებთან“, – აღნიშნავს სერგი კაპანაძე.

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია 1995 წელს დაარსდა. დღეს ის 170-მდე ქვეყანას აერთიანებს. საქართველო WTO-ს წევრი 2000 წელს გახდა.

_____

20 ივნისის თბილისში მიმდინარე ანტისაოკუპაციო დემონსტრაციების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოს მიმართულებით ფრენები აკრძალა. „რუსთავი 2“-ის ეთერში ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მიერ პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის რუსულად გინების შემდეგ, რუსეთში ძალიან ბევრი თანამდებობის პირი სანქციებზე ალაპარაკდა. დღესვე რუსეთის დუმამ საქართველოს მიმართ სანქციების შესახებ განცხადება მიიღო. დღესვე, მოგვიანებით რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ საქართველოსთვის სანქციების დაწესების წინააღმდეგია, „რადგან ქართველ ხალხს სცემს პატივს“.

მთავარი ფოტო: „სირცხვილის“ აქცია თბილისში.

ამ თემაზე:

რუსეთის სანქციების ქრონიკა საქართველოს წინააღმდეგ – მოკლედ

 

„შუახევი ჰესი“ ნოემბერში ამოქმედდება – უსაფრთხოა თუ არა აღდგენილი გვირაბები

„შუახევი ჰესი“, რომლის ორი გვირაბი ექსპლუატაციაში გაშვებიდან ორ თვეში ჩამოინგრა და  ორი წელია გაჩერებულია, 2019 წლის ნოემბერში სატესტო რეჟიმში დაიწყებს მუშაობას.

მანამდე კი, ოქტომბერში, ოპერირებას დაიწყებს „სხალთა ჰესი“, დაიწყება ტურბინების ტესტირება და დიდაჭარა-შუახევის გვირაბის შევსება. „აჭარისწყალი ჯორჯიაში“  ამბობენ, რომ „შუახევი ჰესი“  2020 წლის მარტიდან სრული დატვირთვით იმუშავებს.

„ყველა მეტრი შეფასებული და შესწავლილია. სწორედ ამ შეფასებებზე დაყრდნობით, გვირაბების 70 % იქნება მოპირკეთებული,“ – ამბობს პრაშანტ ჯოში, „აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი. ის ასევე ამბობს, რომ რეაბილიტირებული გვირაბები  უსაფრთხოა.

2017 წელს ორი თვის გახსნილ „შუახევი ჰესის“ 37-კილომეტრიანი გვირაბი რამდენიმე ადგილას ჩამოინგრა. მათ შორის, სხალთა-დიდაჭარის დამაკავშირებელი სადერივაციო გვირაბი ორ ადგილას, ხოლო დიდაჭარა-შუახევის დამაკავშირებელი სადაწნეო გვირაბი – ექვს ადგილას.

დიდაჭარის კაშხალი, რომელიც მხოლოდ ორი თვე იყო წყლით სავსე  ფოტო: ბათუმელები

“პროექტის მშენებლობის დაწყებამდე, ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასების ფაზის დროს,  ჩატარდა გეოლოგიური კვლევები – აიღეს სინჯები. სწორედ ამ სინჯებით წარმოდგენა გექმნება, როგორი ტიპის ქანებია საპროექტო არეალში და შესაბამისი ღონისძიებების გატარებაც ხდება. მაგრამ შეუძლებელია, რომ ყველა ერთ მეტრში აიღო ქანის სინჯები. როდესაც გვირაბი წყლით შეივსო და ეს შევსება საკმაოდ დიდი ხანი გრძელდებოდა, წყალთან რეაქციაში შევიდა ეს ქანები, გამოავლინა სისუსტე და  გაიბერა. წყლით გაიჟღინთა ქანები და ის გამაგრება, რაც ჩვენ გვქონდა გამოყენებული, საკმარისი არ აღმოჩნდა ამ ქანების შესაჩერებლად.

ეს იყო უნიკალური შემთხვევა, რომელიც ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის ფაზაში და მშენებლობის დროს არ გამოვლენილა,” – ასე ხსნის “აჭარისწყალი ჯორჯიას” აღმასრულებელი დირექტორი მიზეზს, თუ რატომ ჩამოიშალა ორი წლის წინ ჰესის გვირაბები.

შემთხვევიდან ორი წლის შემდეგ „აჭარისწყალი ჯორჯიაში“ ამბობენ, რომ პრობლემა, რომელიც  „არაპროგნოზირებადმა ქანებმა“ გამოიწვია, უკვე მოგვარდა და მსგავსი რამ აღარ განმეორდება.

„აჭარისწყალი ჯორჯიასი“ არ სჯერა იმ სოფლების მოსახლეობას, რომლებსაც საერთო პრობლემა აერთიანებთ – სოფლებში გამქრალი სასმელი და სარწყავი წყლები, საფრთხის შემცველი საცხოვრებელი გარემო, დაბზარული სახლები და შიში, „რომ შეიძლება რამე უბედურება დატრიალდეს“.

გორხანაური, ყინჩაური, მახალაკიძეები, ჩანჩხალო, ღურტა, იაკობაძეები – აჭარის მაღალმთიანეთში მდებარე რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილ სოფლიდან ერთ-ერთში მაინც თუ მიხვალთ, იქ მცხოვრები ბავშვიც კი გეტყვით, რომ მათ სოფელს საფრთხე ემუქრება.

„ერთ დილას ჩვენ შეიძლება უბრალოდ აღარ ვიყოთ“, „ჩვენ ვამბობთ, არ გვინდა კომპენსაცია, მაგრამ მოგვეცით გარანტია, რომ რაიმე საშიშროება არ გვემუქრება“, „სამი დიდი და ტრაგიკულად დასრულებული კატასტროფა მოხდა ამ ხეობაში. ხალხი დაიღუპა. ესენი მოვიდნენ და ჰესი ააშენეს,“ – ამ ამბებს ადგილობრივები ჰყვებიან.

ადგილობრივების მტკიცებით, აქ წყარო გამოდიოდა და ჰესის მშენებლობის დაწყების შემდეგ დაშრა

სპეციალისტების აზრით, მართალია, საქართველოს მთავრობა მუდმივად საუბრობს დიდი ჰესების აუცილებლობაზე, მაგრამ აჭარაში განხორციელებულმა პროექტმა აჩვენა, რომ უმსხვილესი ინვესტიციის არსებობის პირობებშიც კი, შეუძლებელია გამართული ინფრასტრუქტურის აშენება.

შუახევში, სოფელ მახალაკიძეებში, 76 ოჯახი ცხოვრობს. სოფელი მდინარე ჩირუხის ორივე სანაპიროზეა გაშენებული. მდინარის მარცხენა სანაპიროზე სოფლის იმ ნაწილს, რომელსაც საფრთხე შეექმნა, რაბათის უბანი ჰქვია. სწორედ რაბათის უბანში მცხოვრები 22 ოჯახი ჩივის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში [EBRD]. EBRD-მა „აჭარისწყალი ჯორჯიას“  შუახევის ჰიდროელექტროსადგურის განვითარების, მშენებლობისა და ფუნქციონირების დასაფინანსებლად 86.5 მილიონი აშშ დოლარის (63.7 მილიონი ევრო) ოდენობის კრედიტი მისცა.

საჩივარში, რომელიც EBRD-ში 2018 წლის მარტში გაიგზავნა, მოსახლეობა თავის პრობლემას აღწერს, კერძოდ, წერს, რომ სოფლის თავზე გამავალი ჩირუხი-სხალთას დამაკავშირებელი გვირაბი გაბურღვის ნაცვლად „აჭარისწყალი ჯორჯიამ“ აფეთქებით გაიყვანა. შედეგად, გააქტიურდა მეწყერები, დაიწყო ქვათა ცვენა, გაქრა სასმელი და სარწყავი წყლები. საჩივარში ასევე წერია, რომ კომპანიამ არ მოუსმინა მოსახლეობას და სოფლის პრობლემებზე პასუხისმგებლობა არ აიღო.

რაბათის უბნის მცხოვრებლები ჰყვებიან, თუ რა ზიანი მიაყენა სოფელს “შუახევი ჰესის” მშენებლობამ

რაბათის უბანში მცხოვრები 22 ოჯახი ითხოვს „აჭარისწყალი ჯორჯიამ“ ჩაატაროს მოსახლეობის ქონების ინვენტარიზაცია, განსაზღვროს შესაბამისი საკომპენსაციო პაკეტები ინდივიდუალურად, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მოთხოვნების შესაბამისად.

პრაშანტ ჯოში, „აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი, ამბობს, რომ ის პრობლემები, რაზეც რაბათის უბანში საუბრობენ,  არავითარ კავშირში არ არის პროექტთან. ის ფიქრობს, რომ 22 ოჯახს ვიღაც ამხედრებს პროექტის წინააღმდეგ.

„არ არის ეს ჰესის მიერ გამოწვეული. როდესაც პროექტი ჯერ კიდევ დიზაინის ფაზაზე იყო, მაშინ გამოვლინდა, რომ ეს ტერიტორია არის მეწყრულად საშიში, სადაც ხდება ეროზიები, ქვების ცვენა და ა.შ. ხალხი ამბობს, როცა ასეთი მეწყრული ადგილია, როგორ შეიძლება იქ პროექტის დაგეგმვაო.  პროექტები, განსაკუთრებით ჰიდროპროექტები, მთელ მსოფლიოში გადის მთაში და ამ ადგილებშიც იგივე პრობლემებია, ქვების ცვენა, მეწყერი… ჰიდროპოტენციალი არის მთებში – ისე ხდება დიზაინის შემუშავება, მეთოდოლოგიის შერჩევა, რომ მოსახლეობა რისკის ქვეშ არ დადგეს. როდესაც ხალხი წინააღმდეგია ჰიდროპროექტების, ქმნიან ასეთ ამბებს,“ – ამბობს პრაშანტ ჯოში.

„აჭარისწყალი ჯორჯიასთან“, კომპანიასთან, რომელმაც „შუახევი ჰესი“ ააშენა, პრეტენზიები აქვთ სოფელ ღურტას, ჩანჩხალოს, გორხანაულისა და ყინჩაურის მცხოვრებთაც. პრობლემები აქაც იდენტურია, მოთხოვნები – სხვადასხვა.

მაგალითად, სოფელ ღურტის მოსახლეობის ნაწილი ითხოვს მუდმივ კომპენსაციას, რომელიც მანამდე უნდა გაიცეს, სანამ ჰესი იფუნქციონირებს;  გორხანაულში მცხოვრები ათი ოჯახი, ასევე, ითხოვს მიყენებული ზიანის ადეკვატურ კომპენსაციას; სოფელ ყინჩაურში მცხოვრები 55 ოჯახი  კი ითხოვს,  სოფელი სრულად გაასახლონ.

სოფელი ყინჩაური იმ ადგილიდან, სადაც ჩირუხი-სხალთის დამაკავშირებელი გვირაბი გადის, 3 კილომეტრზე მეტი მანძილითაა დაშორებული. სწორედ ამ მანძილზე აპელირებს „აჭარისწყალი ჯორჯია“, როცა თავიდან ირიდებს პასუხისმგებლობას სოფელ ყინჩაურთან დაკავშირებით.

მთავარი კითხვა, რომელსაც მოსახლეობა სვამს, არის – იქნება თუ არა უსაფრთხო ის გვირაბები, რომელთა რეაბილიტაციისათვის 100 მილიონი დოლარი დაიხარჯა.

პრაშანტ ჯოში – „აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

პრაშანტ ჯოში: “ბევრი გვეკითხება რეაბილიტაციას ორი წელი რატომ დასჭირდა. პირველად სამუშაოები დავიწყეთ იმისათვის, რომ გაგვეგო რა მოხდა და რატომ მოხდა. 1000-ზე მეტი სინჯი ავიღეთ გვირაბიდან, როგორც დაზიანებული, ისე დაუზიანებელი უბნებიდან. საუკეთესო ლაბორატორიებში იგზავნებოდა ქანის სინჯები შესამოწმებლად. და არამარტო ქანის, ის ცემენტი, რაც გამოყენებული იყო შიგნით, ის შურფები, რითაც გამაგრება იყო გაკეთებული, წყლის ანალიზებიც – ყველაფერი შემოწმდა. ძალიან დეტალური კვლევა ჩავატარეთ.

ამდენი ძალისხმევა და რესურსი მიმართული იყო იქითკენ, რომ შეგვემუშავებინა ისეთი გეგმა, რომლითაც ყველა უბანი გათვლილი და შესწავლილი იქნებოდა. ძალიან დეტალურად შევისწავლეთ იმისათვის, რომ მსგავსი შემთხვევა აღარ მოხდეს.

ახლა ყველა მეტრი შეფასებული და შესწავლილია. ამ შეფასებებზე დაყრდნობით, გვირაბების 70 % იქნება ჩაბეტონებული. დარწმუნებული ვართ, რაც გაკეთდა იქნება გრძელვადიანი და მსგავსი რამ აღარ მოხდება”.

[toggle title=”პრაშანტ ჯოშთან ჩაწერილი სრული ინტერვიუს სანახავად დააწკაპუნეთ”]

 2017 წლის ივლისში, მას შემდეგ, რაც ჰესი ექსპლუატაციაში გაუშვეს, ჰესის გვირაბები ჩამოიშალა. რამ გამოიწვია ორი წლის წინ გვირაბების ჩამოშლა, რამდენად სწორადაა გაკეთებული ახლა და არსებობს თუ არა საფრთხე ისევ ჩამოიშალოს? – ეს ის კითხვებია, რომლებიც „ბათუმელებმა“ „აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელ დირექტორს, პრაშანტ ჯოშს დაუსვა.

„შუახევი ჰესის“ გვირაბის ჩამოშლიდან ორი წლის შემდეგ თუ შეგიძლიათ გვითხრათ, რა იყო გვირაბის ჩამონგრევის კონკრეტული მიზეზი?

პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ გეოლოგია არის საკმაოდ რთული და მით უმეტეს როდესაც აშენებ ჰიდროელექტროსადგურს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკი, რაც შეიძლება პროექტის მშენებლობაში შეიქმნას, ეს არის გეოლოგია და ამ გეოლოგიის მიერ გამოწვეული სხვადასხვა დაზიანება პროექტში. სხვა ქვეყნების მაგალითები შეგვიძლია მოვიყვანოთ, იმიტომ, რომ შუახევი ჰესი ნამდვილად არაა გამონაკლისი, ბევრი მსგავსი შემთხვევები მომხდარა სხვა პროექტებშიც. გარდა ამისა, თვითონ გვირაბი არის საკმაოდ უნიკალური – არის 37 კმ-იანი სიგრძის. გვირაბის მშენებლობა 2014-ში დაიწყო 2016-ში დასრულდა. ამ მშენებლობის პროცესში რა დაკვირვებებიც მიმდინარეობდა, არანაირი ანომალიები არ გამოვლენილა.

პროექტის მშენებლობის დაწყებამდე, ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასების ფაზის დროს ჩატარდა გეოლოგიური კვლევები – აიღეს სინჯები. სწორედ ამ სინჯებით წარმოდგენა გექმნება, როგორი ტიპის ქანებია საპროექტო არეალში და შესაბამისი ღონისძიებების გატარებაც ხდება.

როდესაც გვირაბი წყლით შეივსო და ეს შევსება საკმაოდ დიდი ხანი გრძელდებოდა, წყალთან რეაქციაში შევიდა ეს ქანები და გამოავლინა სისუსტე და  გაიბერა. წყლით გაიჟღინთა ქანები და ის გამაგრება, რაც ჩვენ გვქონდა გამოყენებული, საკმარისი არ აღმოჩნდა ამ ქანების შესაჩერებლად.

ეს იყო უნიკალური შემთხვევა, რომელიც ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის ფაზაში და მშენებლობის დროს, არ გამოვლენილა.

იმის გამო, რომ სხვადასხვა ადგილის გეოლოგია ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, ამ ქანებში ისეთი ნივთიერებების შემცველი აღმოჩნდა, რომელიც რეაგირებდა წყალზე. მთლიანობაში, 37-კილომეტრიანი გვირაბიდან ის მონაკვეთი, რომელიც ჩამოინგრა, მხოლოდ რამდენიმე მეტრია. სხვადასხვა ადგილასაა, მაგრამ მანძილი მცირეა.

შუახევი ჰესს აქვს სამი გვირაბი, პირველი გვირაბი [ჩირუხი – სხალთა], რომელიც 6 კმ სიგრძისაა, საერთოდ არ ჩამოშლილა.

მეორე გვირაბი, სხალთა-დიდაჭარა,  ჩამოიშალა ორ ადგილას. მესამე გვირაბი, დიდაჭარა-შუახევი, 6 ადგილას ჩამოიშალა.

და ეს ვარიაციები, სხვადასხვა გეოლოგია, სხალთაში საერთოდ არ იყო, მეორე მონაკვეთში მცირე იყო და შუახევის მხარეს იყო უფრო მეტი. და ეს არის ზუსტად გეოლოგიის ის მრავალფეროვნება, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

რა ტიპის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა ჩამონგრეული გვირაბების აღსადგენად? რა თანხა დაიხარჯა, კონკრეტულად რა აღდგა, როგორ აღდგა, რამდენად მყარი კონსტრუქციებია. არსებობს თუ არა რისკი ისევ ჩამოინგრეს?

ჩამონგრეული გვირაბების სარეაბილიტაციოდ 100 მილიონი დოლარი გამოიყო. ჯერ არ გაგვიხარჯავს ბოლომდე. ფულის ნაწილი ჩვენ მივიღეთ დაზღვევიდან, რადგან გვირაბები დაზღვეული იყო. დარჩენილი თანხა ინვესტორებმა გამოყვეს [Tata Power  და Clean energy Group].

ბევრი გვეკითხება რეაბილიტაციას ორი წელი რატომ დასჭირდა. პირველად სამუშაოები დავიწყეთ იმისათვის, რომ გაგვეგო რა მოხდა და რატომ მოხდა. ამის გასაგებად უნდა შევსულიყავით გვირაბში. გვირაბი იყო წყლით სავსე და ჩამონგრეული.

გვირაბი უნდა ყოფილიყო უსაფრთხო, რომ ხალხი შეგვეშვა შიგნით. ამას დაახლოებით სამი-ოთხი თვე დასჭირდა. მეორე ეტაპი იყო თანხების მოძიება, რადგან ის თანხა, რაც გამოიყო პროექტის დასრულებისთვის, უკვე დახარჯული იყო. ჩვენ შევიმუშავეთ გეგმა სამუშაოების დასაფინანსებლად. სანამ მოხდებოდა ამ პროექტის დაფინანსება, თავად ინვესტორებმა გამოყეს თანხა, რომ გამოძიება ჩატარებულიყო გვირაბის ჩამონგრევის მიზეზის. 1000-ზე მეტი სინჯი ავიღეთ გვირაბიდან, როგორც დაზიანებული, ისე დაუზიანებელი უბნებიდან. საუკეთესო ლაბორატორიებში იგზავნებოდა ქანის სინჯები შესამოწმებლად. და არამარტო ქანის, ის ცემენტი, რაც გამოყენებული იყო შიგნით, ის შურფები, რითაც გამაგრება იყო გაკეთებული, წყლის ანალიზებიც – ყველაფერი შემოწმდა. ძალიან დეტალური კვლევა ჩავატარეთ.

ამდენი ძალისხმევა და რესურსი მიმართული იყო იქითკენ, რომ შეგვემუშავებინა ისეთი გეგმა, რომლითაც ყველა უბანი გათვლილი და შესწავლილი იქნებოდა. შემდგომში თავიდან რომ აგვერიდებინა ახალი ექსცესები. ძალიან დეტალურად შევისწავლეთ, იმისათვის, რომ მსგავსი შემთხვევა აღარ მოხდეს.

დარწმუნებული ვართ, მსგავსი რამ აღარ მოხდება.

დაახლოებით 30% იყო გვირაბების მოპირკეთებული. ამ გვირაბის დიზაინი თავიდან შემუშავებული იყო ნორვეგიული მეთოდით. ნორვეგიაში მოპირკეთება არ ხდება, როცა ქანი შეფასდება და მიენიჭება კლასიფიკაცია, იქ იღებენ გადაწყვეტილებას, რამდენად სჭირდება იმ გვირაბს მოპირკეთება. ჩვენს შემთხვევაში არ სჭირდებოდა მოპირკეთება.

წინასწარ კვლევები ჩატარდა, მაგრამ ასეთი მრავალფეროვნება გეოლოგიაში, არსად არ შეგვხვედრია. ეს იყო უნიკალური შემთხვევა ჩვენთვის. ახლა ყველა მეტრი შეფასებული და შესწავლილია. სწორედ ამ შეფასებებზე დაყრდნობით, გვირაბების 70 % იქნება მოპირკეთებული.

ეს მეთოდი ახლა რასაც ვიყენებთ, ერთპიროვნული გადაწყვეტილება არაა. სხვადასხვა დამოუკიდებელი ექსპერტები არიან ჩართული, ბანკების ექსპერტები მათ შორის, ერთობლივად მოხდა  გეგმის შემუშავება.

სოფელ გორხანაულის შესახებ მინდა გკითხოთ. სოფელში 10 ოჯახი ცხოვრობს იმ ადგილას, სადაც 2017 წლის ივლისში ფერდობები წყლით გაიჟღინთა. მოსახლეობა აბრალებს ჰესს, „აჭარისწყალი ჯორჯიას“ წარმომადგენელთან  2017 წელს ინტერვიუს მიხედვით, კომპანია საკუთარ ბრალეულობას გამორიცხავს. გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის  მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, კომპანიას ჰქონდა ვალდებულება ჰიდროგეოლოგიური კვლევა ჩაეტარებინა. ჩაატარა თუ არა კომპანიამ ეს კვლევა და რა დადგინდა?

ის, რომ ფერდობი წყლით გაიჟღინთა პროექტის გამო, არ არის სწორი. იმდენად უხვნალექიანი ეს რეგიონი, იმდენი წყალი იჟღინთება მიწაში, რომ შეადარო გვირაბიდან იმ რაოდენობის წყალი არ შეიძლება გამოვიდეს.

წყალი, რომელიც გვირაბში შედის, 99% მიმართულია იმისკენ, რომ დაატრიალოს ტურბინა და არ მოხდეს მისი გამოჟონვა. რაც ძალიან მინიმალურია იმისთვის, რომ გვირაბიდან წყალი გამოვიდეს. ამ ფერდობების წყლით გაჟღენთვა ხდება ნალექის გამო.

ხშირად, როდესაც ამხელა ინვესტორი შემოდის და ასეთი მასშტაბის პროექტი ხორციელდება, ხალხი ყველაფერს პროექტს უკავშირებს, პროექტს აბრალებენ.

როდესაც ხდება ფერდობების დატბორვა, ამის გზაც არსებობს, როგორ მოგვარდეს ეს პრობლემა, სადრენაჟო არხი უნდა გაკეთდეს და წყალს მისცენ მიმართულება. ამ გზას მიმართავენ იგივე სახელმწიფო პროექტებისას.

ერთი მომჩივანია მანდ, ჩვენ შევთავაზეთ, რომ კვლევას ჩავატარებდით და დრენაჟს მოვაწყობდით, მაგრამ უარი გვითხრა. თუკი ზოგადად, პროექტის ჰიდროგეოლოგიური კვლევაზე  გვეკითხებით, მაშინ გიპასუხებთ, რომ კი, ჩავატარეთ. ეს მთლიანად ჩატარდა და არა კონკრეტულად გორხანაულზე.

ჩვენ ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას და რაც ჩვენი გასაკეთებელია, გავაკეთებთ.

არსებობს გარანტია. რომ გვირაბი სხვა ადგილას არ ჩამოინგრევა?

იმის გათვალისწინებთ, თუ რა ტიპის სამუშაოები კეთდება, არ მგონია, რომ განმეორდეს. ეს ჩემი მოსაზრება კი არაა, ეს დასკვნაა. ეს რომ კიდევ განმეორდეს, მაშინ პროექტი დაიხურება.

კომპანიის წინააღმდეგ მოსახლეობამ საჩივარი შეიტანა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში. როგორ უყურებს კომპანია ამ საჩივარს?

ის პრობლემები, რაზეც მოსახლეობა საუბრობს, არავითარ კავშირში არაა პროექტთან. არ არის ჰესის მიერ გამოწვეული. ამას აკეთებს ის ხალხი, რომლებსაც ცოტა სხვა მიზნები აქვთ და მოსახლეობაშიც არასწორ აზრს აყალიბებენ. ეს პრობლემა ჩვენთვის ახალი არაა, მოსახლეობას იმდენჯერ მივაწოდეთ დოკუმენტაცია, ინფორმაცია, მაგრამ არის ვიღაც, ვინც მოსახლეობას ამხედრებს პროექტის წინააღმდეგ. კომისია რომ ჩატარდა სახლების შემოწმების, განისაზღვრა რადიუსი, მთავრობამ განსაზღვრა, გეოლოგიის დეპარტამენტმა, ამ რადიუსში ხვდება თუ არა სახლები.

როდესაც პროექტი ჯერ კიდევ დიზაინის ფაზაზე იყო, მაშინ გამოვლინდა, რომ ეს ტერიტორია არის მეწყრულად საშიში, სადაც ხდება ეროზიები, ქვების ცვენა და ა.შ.

ხალხი ამბობს, როცა ასეთი მეწყრული ადგილია, როგორ შეიძლება იქ პროექტის დაგეგმვაო. მთელ მსოფლიოში პროექტები, განსაკუთრებით ჰიდროპროექტები, გადის მთაში და ამ ადგილებშიც იგივე პრობლემებია, ქვების ცვენა, მეწყერი, ეროზია და ა.შ. ჰიდროპოტენციალი არის მთებში. მაგრამ ისე ხდება დიზაინის შემუშავება, მეთოდოლოგიის შერჩევა, მოსახლეობა რისკის ქვეშ არ დადგეს.

თავისთავად გათვალისწინებულია გეოლოგიური მდგომარეობაც. როცა გვირაბი გადის ბურღვა-აფეთქებით, არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ მთლიანად ირღვევა ეს ქანები. პირველად არის საცდელი აფეთქებები, სადაც ხდება დაკვირვება – ასაფეთქებელი ნივთიერება რა მასას მოარღვევს და როგორია ვიბრაციის დონე. ყველა მეტრში ხდებოდა ამის გაზომვა. ჩვენც არ გვაწყობდა, რომ მეტი მოგვერღვია, რადგან ჩვენთვის მეტი სამუშაო და მეტი თანხები იქნებოდა და მერე ის უნდა აღგვედგინა.

აფეთქების დროს მთლიანად კი არ ფეთქდება, ქანები ირღვევა და მერე ამ შესუსტებული ქანები გამოგაქვს.

ცუდი შედარება რომ გავაკეთო, ვინმეს რომ კლავ და ჩუმად გინდა მოკლა, ბალიშს ადებ, რომ ხმაური არ გავიდეს. ასე იყო, ეს ასაფეთქებლებიც რომ იდებოდა, ის ქანი სუსტდებოდა, რომელიც ჩვენ გვჭირდებოდა და არა მთლიანად. ეს მშენებლობის სტანდარტია, ყველა აფეთქების დროს უნდა ხდებოდეს ვიბრაციის მონიტორინგი, ის არ უნდა გასცილდეს 5-10 მეტრს. როდესაც სახლი 100 მეტრზე და მეტზე დგას, შეუძლებელია მას ზიანი მიადგეს. მაგალითად, მახალაკიძეებში ყველაზე  ახლო სახლი გვირაბიდან დაშორებულია 175 მეტრით.

როდესაც ხალხი წინააღმდეგია ჰიდროპროექტების, ქმნიან ასეთ ამბებს.

ხალხმა ასევე უნდა გაიგოს, რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროექტი. თუ გვინდა არ ვიყოთ დამოკიდებული სხვა ქვეყნების ელექტროენერგიაზე, როგორიც რუსეთი და აზერბაიჯანია, ჩვენ თვითონ უნდა შევქმნათ.

ყველას უნდა პირადი სარგებელი და ავიწყდებათ ის, რომ სამუშაო ადგილები შეიქმნა, ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა ბევრ სოფელში, გზები გავარემონტეთ.

იქნება თუ არა უსაფრთხო მოსახლეობისთვის ცხოვრება სოფელ ყინჩაურში, სოფელ მახალაკიძეებში [რაბათის უბანში. თუ კი, რის საფუძველზე კეთდება ეს პროგნოზი?

ჩვენ შეგვიძლია გარანტირებულად ვთქვათ, რომ პროექტიდან მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. პროექტი არ იქნება გამომწვევი.

ხალხი მეუბნება წერილობით მოგვეცი გარანტიაო. როდესაც ხალხი ბუნებრივად საფრთხის შემცველ გარემოში ცხოვრობს, მაგაზე როგორ შემიძლია წერილობითი გარანტია მივცე? მე გარანტიას ვაძლევ, რომ პროექტი არ გამოიწვევს საფრთხეს, მაგრამ იმაზე ვერა, რომ ბუნებრივად იქ რამე არ მოხდება.

მიუხედავად იმისა, რომ ექსპლუატაციაში გაშვებული არაა, ჩირუხი-სხალთის დამაკავშირებელ გვირაბში გამოდის წყალი. რატომ?

ეს ბუნებრივი გრუნტის წყლებია. გრუნტის წყლები ყოველთვის იქნება. ეს ნორმალურია. ნებისმიერ გვირაბს, რაც მსოფლიოში კეთდება, აქვს ბუნებრივად; სპეციალური მილები კეთდება, რომ გრუნტის  წყლების აკუმულირება ზემოთ სადმე არ მოხდეს და პირიქით გვირაბში ჩამოედინოს.

სოფელ ყინჩაურის მცხოვრებლები [სულ 55 ოჯახი] ითხოვს სრულ განსახლებას. არ არიან თანახმა სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ პროგრამაზე [25 ათასი ლარი თითო ოჯახს]. კომპანიას თუ აქვს რაიმე გეგმა ამ სოფლის მოსახლეობასთან დაკავშირებით?

კომპანია ყინჩაურთან რა შუაშია? ყინჩაური ჩვენი საპროექტო არეალი არაა. ყინჩაური სამი კილომეტრითაა დაშორებული ჩვენს საპროექტო არეალთან.

ტყეები ხმება. მარადმწვანე ნაძვები, ყველა იმ ადგილასაა გამხმარი, სადაც გვირაბი გადის. თუ ხართ ინფორმირებული ამის შესახებ?

ჰესის მშენებლობის არეალში მცხოვრები მოსახლეობა  ყველაფერს ჰესს უკავშირებს, მაგალითად, ფუტკარი დაიხოცა შუახევში, ისინი უკავშირებდნენ ჩვენს პროექტს. მერე აღმოჩნდა, რომ ფაროსანას წამალი რაც გამოიყენეს, იმის გამო იყო.

რა სარგებელს მიიღებს საქართველო ამ პროექტისგან?

ჯერ კიდევ მოლაპარაკების ეტაპზე ვართ მთავრობასთან ხელშეკრულების გაფორმებაზე ელექტროენერგიის შესყიდვასთან დაკავშირებით. მთავრობის მიზანია ელექტროენერგია გაიყიდოს საქართველოში. ხელშეკრულება არ არის ხელმოწერილი. როდის მოეწერება ხელი, ეს მთავრობაზეა დამოკიდებული.

[/toggle]

ჩირუხისწყალი – სხალთისწყალის დამაკავშირებელი სადერივაციო გვირაბი. სპეციალისტების აზრით, რადგან სხალთაჰესი არ ფუნქციონირებს, გვირაბში წყალი არ უნდა იყოს

მიუხედავად იმისა, რომ “სხალთაჰესი” ექსპლუატაციაში გაშვებული არ არის, გვირაბში, რომლითაც ჩირუხისწყალი სხალთისწყალს უკავშირდება, წყალი დგას.

„მწვანე ალტერნატივას“ ხელმძღვანელი მანანა ქოჩლაძე ამბობს, რომ ეს შესაძლოა საფრთხის შემცველი იყოს.

„რადგან ჩირუხი-სხალთას დამაკავშირებელი გვირაბი დაკეტილია და ეს წყალი არ მოდის მახალაკიძეებიდან, მაშინ რა წყალია? თუ გვირაბში წყლის კონტროლი არ ხერხდება და ამ რაოდენობის წყალი გამოდის, ნიშნავს იმას, რომ გვირაბი სახიფათოა და შეიძლება  ჩამოინგრეს.

გადაკეტილში თუ ამდენი წყალი მოდის და ვერ კონტროლდება, როგორ იმოქმედებს იმდენი წყალი ამ ყველაფერზე, გვირაბის კედლების სიმყარე რამდენადაა დაცული. ზოგადად, ჰიდროელექტროსადგურების გვირაბებში წყლის ინფილტრაცია არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, ვინაიდან ისინი რეცხავენ კედლებს და დროთა განმავლობაში სჭირდებათ რკინა-ბეტონში ჩასმა.

თავის დროზე, როდესაც გეოლოგიური კვლევები მიმდინარეობდა, არ იქნა კარგად შესწავლილი ამ ხეობის გეოლოგია და საკმაოდ არამყარ მასაში იყო გატარებული გვირაბი. ეს წყალი, შესაძლებელია, იყოს ის წყაროები, რომლებიც დაიკარგა სხვადასხვა სოფლში – გვირაბის გაჭრამ მისცა წყალს ახალი მიმართულება, გაჩნდა ახალი ნაპრალები, ხოლო ის ძველი ნაპრალები ამოივსო,“ – ამბობს მანანა ქოჩლაძე.

გვირაბში არსებულ წყალში საფრთხეს ვერ ხედავს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი და ამბობს, რომ ეს ნორმალურია.

„ეს ბუნებრივი გრუნტის წყლებია. გრუნტის წყლები ყოველთვის იქნება. ეს ნორმალურია. სპეციალური მილები კეთდება, რომ გრუნტის  წყლების აკუმულირება ზემოთ სადმე არ მოხდეს და პირიქით, გვირაბში ჩამოედინოს,“ – ამბობს პრაშანტ ჯოში.

  

რატომ ხმება ხეები აჭარაში

არაერთი სხვა პრობლემის გარდა, ჰესის მშენებლობის არეალში მცხოვრები მოსახლეობა ხეების გახმობის გამო წუხს. წიწვოვანი ხეები ბოლო ოთხი წელია ხმება. ხეები უმეტესად იმ ადგილებშია გამხმარი, სადაც „შუახევი ჰესის“ გვირაბები გადის.

გამხმარი ტყის ნაწილი სოფელ ღურტაში

ოფიციალური ინფორმაციით, წიწვოვან ხეებს აჭარის მაღალმთიანეთში მავნებელი მწერი –  კენწეროს ქერქიჭამია ანადგურებს. აჭარის სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე, ჯუმბერ აბულაძე პროცესს კლიმატის ცვლილებას უკავშირებს.

„კლიმატის ცვლილების უარყოფითი მხარე ბოლო სამი წლის მანძილზე გამოისახა ამაში – იქ, სადაც წიწვოვანი ხეებია შუახევსა და ხულოში, ზაფხულში 60-70 დღე წვეთი ნალექი არ მოდის. ამის გამო ძლიერ სიცხეში იქმნება მავნებლის განვითარების პირობები. ნიადაგიდან წყლის უკმარისობის გამო ხეები ვეღარ იღებენ წყლის საკმარის რაოდენობას, სუსტდებიან, მავნებელი ამ დასუსტებულ ხეს პოულობს და ანადგურებს,“ – ამბობს ჯუმბერ აბულაძე.

მისივე თქმით, ნაძვნარებში სააგენტო 2014 წლიდან ათავსებს მწერსაჭერ ფერომონებს, რომელიც მავნებლებს იჭერს და ანადგურებს. კითხვაზე, უკავშირდება თუ არა ხეების ხმობა შუახევი ჰესის მშენებლობას, ჯუმბერ აბულაძე ამბობს, რომ არა.

„უარყოფითი და არასწორი აზრია გავრცელებული, რადგან ბორჯომის ხეობაშიც იგივე მდგომარეობაა, შეიძლება ითქვას, უარესი. კონკრეტულად აჭარაში, ავიღოთ ნენია, ბუთურაული და ის მხარე, მდინარის გაღმა მხარე, სადაც საერთოდ არ არის გვირაბი, იქაც ხმება წიწვოვანი ხეები. სოფელ ბუთურაულის თავზე მასობრივად ერთ მონაკვეთში ცხრაასამდე ძირი აღვრიცხეთ, სრულად რომ გახმა. საერთოდ შორსაა ჰესის გვირაბთან. ამიტომ ეს არასწორი აზრია. დაემთხვა ისე, რომ სადაც ჰესია, იქ ხმება, მაგრამ მარტო იმ ზოლში არ ხმება, სხვაგანაც ხმება“.

შუახევი ჰესის მშენებლობის ისტორია

2013 წლის სექტემბერში ბათუმიდან 67 კილომეტრში, დაბა შუახევში, საქართველოში უმსხვილესი ინვესტიციის განხორციელება დაიწყო. დაანონსდა მდინარე აჭარისწყალზე სამი ახალი ჰესის აშენება. პროექტის მიხედვით,  მთები, რომლებიც დაბა შუახევს გარს აკრავდა, სადერივაციო გვირაბებით დაიქსელებოდა. შუახევის ცენტრიდან ერთ კილომეტრში, მდინარე აჭარისწყალზე, გაკეთდებოდა წყალსაცავი. საქართველოს მთავრობაში ამბობდნენ, რომ ეს იყო მომავლის პროექტი, რომელიც ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას უზრუნველყოფდა.

„შუახევი ჰესის“ საძირკვლის ჩაყრის ცერემონიალს ესწრებოდნენ:  საქართველოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი ბიორნ ბრანდზაგი, „Tata Power “-ის აღმასრულებელი დირექტორი ანილ სარდანა, „Clean energy Group“-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ბორდ მიკელსენი და IFC-ის უფროსი საინვესტიციო ოფიცერი ჟულიენ ტიურო, საქართველოში აკრედიტებული ნორვეგიის, ინდოეთის, თურქეთის ელჩები, დონორი ორგანიზაციების, აზიის განვითარების ბანკის, EBRD -ის და USAID -ის მენეჯერები აჭარაში.

2017 წლის ივნისში „შუახევი ჰესი“ საზეიმოდ გახსნეს. ჰესმა სატესტო რეჟიმში დაიწყო მუშაობა. თუმცა აგვისტოში ერთ-ერთი გვირაბი ჩამოიშალა და 600-მილიონიანი პროექტი გაჩერდა.

2019 წლის მდგომარეობით ჰესი ისევ გაჩერებულია. დაზიანებული გვირაბის რეაბილიტაცია ჰესის მშენებელ კომპანიას „აჭარისწყალი ჯორჯიას“ 100 მილიონი დოლარი დაუჯდა.

ჰესის მშენებლობაზე კომპანიამ 400 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა.

ბიძინა ივანიშვილი „შუახევი ჰესის“ საძირკვლის ჩაყრის ცერემონიალზე
ფოტო: კახი კალაძის ოფიციალური ფეისბუქგვერდიდან

კომპანიის აღმასრულებელი მენეჯმენტიდან მიღებული ინფორმაციით, ნოემბერში დაიწყება ტურბინების ტესტირება და დიდაჭარა-შუახევის გვირაბის შევსება – რაც იმას ნიშნავს, რომ ნოემბერში „შუახევი ჰესი“ სატესტო რეჟიმში დაიწყებს მუშაობას. „შუახევი ჰესამდე“ ოქტომბერში ოპერირებას დაიწყებს „სხალთა ჰესი“. საბოლოოდ, სრული დატვირთვით „შუახევი ჰესი“  2020 წლის მარტიდან დაიწყებს ფუნქციონირებას.

„ინტურისტი“ ისტორიული ღობის მოშლისთვის 10 ათასი ლარით დააჯარიმეს და შესაძლოა ისევ დააჯარიმონ

სასტუმრო „ინტურისტის“ ფასადზე სარეკლამო ბანერების უნებართვოდ განთავსების ამბავი მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ დღეს, 9 ივლისს, განიხილა. მოსამართლე დაინტერესდა, რამდენად არის რეკლამის განთავსება ისტორიულ შენობაზე „უნებართვოდ ძეგლზე სამუშაოს შესრულება“. ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ ამ საქმეზე სპეციალისტის – ხელოვნებათმცოდნის მოსაზრების მოსმენაა საჭირო. ამ მოტივით სასამართლო პროცესი გადაიდო.

სარეკლამო ბანერების უნებართვოდ განთავსებაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ 10 ივნისს შეადგინა. ოქმში აღნიშნულია, რომ სასტუმროს მესაკუთრე გააფრთხილეს, მაგრამ სარეკლამო აბრების დემონტაჟი არ მომხდარა. სააგენტო სასტუმრო „ინტურისტის“ მესაკუთრის – „მეტრო ინტურისტ ბათუმის“ 10 ათასი ლარით დაჯარიმებას ითხოვს.

ეს კომპანია რამდენიმე დღის წინ დააჯარიმა 10 ათასი ლარით მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ. საქმე ამ შემთხვევაში სასტუმროს ისტორიული ღობის ნაწილობრივ მოშლას ეხებოდა.

„თუკი 6 თვის ვადაში სასტუმრო ღობეს არ აღადგენს, ჩვენ სამმაგი ოდენობით დაჯარიმებას მოვითხოვთ,“ – განმარტავს ზაურ ახვლედიანი, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი.

რაც შეეხება სარეკლამო ბანერებს, მოსამართლე დაინტერესდა, რატომ არ დაჯარიმდა კომპანია, მაგალითად, რეკლამის შესახებ კანონით, რომლის მიხედვითაც უნებართვოდ რეკლამის განთავსება ასევე ჯარიმებს ითვალისწინებს.

„ჩვენ ვაჯარიმებთ იმ შემთხვევაში, როცა საქმე კულტურულ მემკვიდრეობას ეხება,“ – უპასუხა მოსამართლეს სააგენტოს იურისტმა, თამილა აბუსელიძემ.

მოსამართლის თქმით, კანონი განმარტავს, რა არის ძეგლზე უნებართვო სამუშაო, ხოლო კონკრეტულ პირობებზე სააგენტოს „ინტურისტთან“ ხელშეკრულება გაფორმებული არ ჰქონია.

„როცა ძეგლს ეხება საქმე, შესაძლოა, იქ ვან გოგის ნახატი ჩამოკიდოს და ძალიან მოუხდეს, მაგრამ უნებართვო თუ იქნება, ეს მაინც სამართალდარღვევა გამოვა…“ – მიმართა მოსამართლეს სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ოლეგ ბოლქვაძემ.

„თქვენ შეადგინეთ ოქმი და ახლა ფიქრობთ კონკრეტულ საფუძველზე… ცოტა კი არა, ღრმად გასაანალიზებელია ეს საკითხი,“ – უთხრა მოსამართლემ სააგენტოს ხელმძღვანელს.

„აკრძალულია ძეგლზე უნებართვო სამუშაოები, ამას ამბობს კანონი… ახლა ამას საიდან შემოუხვევთ, მაინტერესებს,“ – გაცხარდა სააგენტოს უფროსის მოადგილე, ოლეგ ბოლქვაძე.

გაბრაზდა მოსამართლეც: „რას ნიშნავს შემოუხვევთ? გადაწყვეტილება უკვე მიღებული რომ მქონდეს, აღარ მოგიწვევდით საერთოდ აქ… ასეთი დამოკიდებულება არ მიაჩნია სასამართლოს სწორად,“ – თქვა მან. მერე კი სააგენტოს ხელმძღვანელს და მის იურისტს შეახსენა, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის დროს მათ კანონის იმპერატიული მოთხოვნა დაარღვიეს.

„თქვენ არ მოგისმენიათ განმარტება იმ მხარის, ვისაც აჯარიმებდით…“ – დაასრულა მოსამართლემ.

სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ „მეტრო ინტურისტ ბათუმის“ წარმომადგენლები, თუმცა მათთვის მოსამართლეს კითხვა არ დაუსვამს. მათ განმარტებაზე უარი გვითხრეს სასამართლო განხილვის დასრულების შემდეგ.

ბანერი სასტუმროს ფასადზე

ქობულეთში პარაშუტი პლაჟზე ჩამოვარდა – დაშავდა ორი ადამიანი

ქობულეთის პლაჟზე პარაშუტის გაუმართაობის გამო ორი ადამიანი ჩამოვარდა. შემთხვევა 7 ივლისს მოხდა. პარაშუტი, რომელზეც ორი ადამიანი იყო ჩაბმული, ზღვაზე უნდა დაშვებულიყო, თუმცა პლაჟზე შევარდა, განათების ბოძს გამოედო და ჩამოვარდა.

როგორც ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში გვითხრეს, პარაშუტის ჩამოვარდნის შედეგად ორი ქალი დაშავდა, რის შემდეგაც ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„ჰქონდათ დაზიანებები, მაგრამ სიცოცხლისთვის შეუთავსებელი – არა. თბილისელები იყვნენ, ამიტომ მათი საცხოვრებელი მისამართის მიხედვით გადაიყვანეს,“ – გვითხრეს საავადმყოფოში.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 275-ე მუხლით, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობისა და უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

შემთხვევის შესახებ სამაშველო სამსახურში შეტყობინება ოფიციალურად არ შესულა.

______________________________

ფოტოზე: კადრი ფეისბუქზე გავრცელებული, თვითმხილველის მიერ გადაღებული ვიდეოდან

საბაჟო გამშვებ პუნქტებში მოქალაქეებს 15 840 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი ჩამოართვეს

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის 3-9 ივლისს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სადახლო-სავტომობილო“,  „სარფი“, „ნინოწმინდა“ და „წითელი ხიდი“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, „ეჭვის საფუძველზე, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეების ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 15 840 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ სომხეთის მოქალაქეს ჩამოერთვა საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და სანქციის სახით ფულადი ჯარიმა, ათასი ლარის ოდენობით შეეფარდა. ხოლო დანარჩენ სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და სანქციის სახით ფულადი ჯარიმა, ათას-ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ,“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

ევროპული მოედნების გამოფენა ბათუმში – მთავარი ელემენტი ადამიანია 

დღეს, 9 ივნისს, ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში რუმინეთის საელჩოს მხარდაჭერით მოეწყო ფოტოგამოფენა – ევროპული მოედნები და მათი ისტორიები. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იყო  ბუქარესტის უნივერსიტეტის მიერ გამოცემული წიგნი რუმინეთის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. წიგნზე მუშაობდა ეთნოგრაფი და ანთროპოლოგი კატალინ დ. კონსტანტინი.

ის საქართველოში, კერძოდ, თბილისში არსებულ მოედნებსაც სწავლობს. „ბათუმელებს“ მან უთხრა, რომ საქართველოს მოედნებს შემდეგ გამოფენებში უფრო ვრცლად წარმოადგენს. დღევანდელ გამოფენაზე კი წარმოდგენილი იყო თბილისის ორი – თავისუფლების მოედანი და მეტეხის ხიდთან არსებული მეიდანი.

ევროპული მოედნების გამოფენა ბსუ-ში
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

რა არის მთავარი მოედნისთვის, რა ღირებულება აქვს მას ქალაქის ცხოვრებაში? – ვკითხეთ ანთროპოლოგს. მისი თქმით, მოედნის მთავარი ელემენტი ადამიანია.

„თავისუფლების მოედანზე [თბილისი] ადამიანი ვერ გაჩერდება. ვერ დასხდებიან, ვერ ისაუბრებენ, თბილისის მეიდანზე კი ამას აკეთებენ ადამიანები. ქალაქის მთავარი მოედანი არ უნდა იყოს ცარიელი სივრცე, არამედ სივრცე ხალხის თავშეყრისთვის. იქ იწერება ისტორია და იქ ხდება ქალაქის კულტურისა და სოციალური მეობის ჩამოყალიბება“, – გვეუბნება კატალინ დ. კონსტანტინი.

კონსტანტინი ამბობს, რომ მისთვის, როგორც ანთროპოლიგისთვის, მთავარი სწორედ თბილისის მეიდანია და არა თავისუფლების მოედანი. „თბილისის მეიდანი ყველაზე კარგად ინახავს იმ ევროპული ქალაქის მოედნის სახეობას, საიდანაც შეიძლება მთელი ისტორია წაიკითხო. რაც უფრო ძველია მოედანი, რაც უფრო ისტორიულია, მით უფრო კარგად იკითხება მასში ქალაქისა და ქვეყნის ისტორია“, – გვეუბნება ის.

ევროპული მოედნების გამოფენას ბათუმის უნივერსიტეტში საქართველოში რუმინეთის ელჩიც ესწრებოდა
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

ბსუს-ს ევროპეისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამარ სირაძე ამბობს, რომ ჩვენ მოედნებისთვის ამ კუთხით არასდროს შეგვიხედავს და სწორედ ამიტომ არის ეს გამოფენაც მნიშვნელოვანი. „მთავარია, რომ ეს იდეა ჩაისახა ჩვენს ცნობიერებაში და შემდეგ ამ კუთხით შევხედავთ მოედნებს“, – გვითხრა მან.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო დრონით გადაღებული 50 ევროპული მოედნის ფოტო.

 

ბათუმის მერი მუსლიმებთან შეხვედრის შემდეგ: დღეს მივიღეთ წინადადების უარყოფა

დღეს, 9 ივნისს, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფს შეხვდა. შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო. ბათუმის მერის კომენტარი შეხვედრის შესახებ პრესსამსახურმა წერილობით მოგვაწოდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„პირველ რიგში, მკაფიოდ და ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ვერ დავეთანხმები იმ განცხადებებს, რომლებიც პრესით მოვისმინე, თითქოს შეურაცხმყოფელ შეთავაზებებს ვაკეთებდეთ. პირიქით, მინდა ჩემი ძალიან დიდი პატივისცემა და მოწიწება დავაფიქსირო ჩვენი მუსლიმი მრევლის მიმართ.

შესაძლოა საინიციატივო ჯგუფის წევრებისთვის შეხვედრა დასრულდა უშედეგოდ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რას თვლიან მხარეები შედეგად. იმ მიზნის მისაღწევად, იმ პრობლემის გადასაჭრელად, რაც მხარეების წინაშე დგას, ჩვენ კონკრეტული შეთავაზება გავაკეთეთ, მედიის საშუალებითაც ახსნილი იყო დეტალები არგუმენტირებულად და დასაბუთებულად, თუმცა, მიუხედავად ამისა, დღეს მივიღეთ წინადადების უარყოფა.

გულწრფელად ველოდები, რომ არის დარჩენილი რესურსი საერთო გამოსავლის პოვნისა. საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს, ასევე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მინდა ვუთხრა, რომ თემა ნამდვილად ფაქიზია და ითხოვს მნიშვნელოვან ყურადღებას.

ჩვენ, თვითმმართველობა, მუნიციპალიტეტი, ყველა ჩართული ორგანო, მზად ვართ იმისათვის, რომ პრობლემა იყოს გადაწყვეტილი მაქსიმალურად უმტკივნეულოდ და ურთიერთგაგებით.

ბათუმის მერიის ადმინისტრაციის თანამშრომლები შეხვდნენ ჯგუფის წევრებს და ჩვენი პოზიცია ოფიციალურად გააცნეს მათ, თუმცა ვერანაირ მზაობას ვერ ვხედავთ საპირისპირო მხრიდან“.

ბათუმის მერიის სახელით დღეს გავრცელებულ განმარტებაში არაფერი წერია იმის შესახებ, თუ რა კონკრეტული წინადადება შესთავაზა მერიამ მეჩეთის მშენებლობის სიანიციატივო ჯგუფს.

_____

როგორც ცნობილია, მუსლიმმა თემმა ბათუმში გენერალ აბასიძის ქუჩაზე მიწის ნაკვეთი შეისყიდა, სადაც იგეგმება მეჩეთის მშენებლობა. თუმცა, ბათუმის მერია მუსლიმებს მშენებლობის ნებართვას არ აძლევს. მერისა და მუსლიმებს შორის სასამართლო დავა რამდენიმე თვეა რაც მიმდინარეობს, სასამართლომ მხარეებს მორიგება შესთავაზა.

ბათუმის მერია მუსლიმებს სთხოვს, რომ მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი მუსლიმთა სამმართველოს გადასცენ, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან მუსლიმები. მათ მიაჩნიათ, რომ ეს არის ხელისუფლების მხრიდან მუსლიმებისთვის საკუთრების წართმევის მცდელობა.

ყველა მეჩეთი, რომელსაც დღეს მუსლიმთა სამმართველო განკარგავს, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. შესაბამისად, ამ უწყების საკუთრებაში გადავა თემის მიერ მეჩეთისთვის შეძენილი მიწის ნაკვეთიც იმ შემთხვევაში, თუ მას მუსლიმთა სამმართველოს გადასცემენ, როგორც ამას ლაშა კომახიძე სთავაზობს მრევლს.

მუსლიმები აცხადებენ, რომ ისინი მეჩეთის მშენებლობისთვის სამართლებრივ დავას გააგრძელებენ.

 

თავდაცვის სამინისტრო სარესტორნო მომსახურებისთვის 5 თვეში 300 000 ლარს გადაიხდის

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 2019 წლის აგვისტოდან დეკემბრის თვის ჩათვლით პერიოდში, სარესტორნო მომსახურებისთვის 300 ათასამდე ლარს გადაიხდის. საზოგადოებრივი კვების მომსახურება გათვალისწინებულია ადგილობრივი და უცხოელი სტუმრებისთვის თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში, სტუმრების ადგილმდებარეობის მიხედვით.

საზოგადოებრივი კვების [სარესტორნო] მომსახურების შესყიდვის მიზნით სამინისტრო ფასთა გამოკითხვას [ბაზრის კვლევას] ახორციელებს. პრეტენდენტებს კი შეუძლიათ თავიანთი ინტერესი 16 ივლისის ჩათვლით გამოხატონ.

სამინისტროს ინფორმაციით, გამარჯვებულად გამოვლინდება ის კომპანია, რომელიც სამინისტროს შესთავაზებს საზოგადოებრივი კვების ობიექტებთან საშუამავლო მომსახურების უმცირეს პროცენტს.

შესყიდვის სავარაუდო ჯამური ღირებულება 300 000 ლარია. სახელშეკრულებო ღირებულებაში კი შევა როგორც საზოგადოებრივი კვების ობიექტის მომსახურების ღირებულება, ასევე მიმდინარე ბაზრის კვლევაში გამარჯვებული კომპანიის მომსახურების პროცენტიც.

 

საჯარო დისკუსია შრომის უსაფრთხოებაზე

2019 წლის 10 ივლისს,  15:00 საათზე, ბათუმის ამერიკულ კუთხეში  გაიმართება საჯარო დისკუსია თემაზე: შრომის  უსაფრთხოება.  

დისკუსიის  მიზანია  მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და  ინფორმაციის  გაცვლა იმ ჯგუფებს შორის, რომლებიც, ერთის მხრივ, მუშაობენ შრომის  უსაფრთხოების თემაზე, მეორეს მხრივ კი თავად არიან ბენეფიციარები.

დისკუსიაზე  მოწვეული მომხსენებელი ისაუბრებს თუ რა პოლიტიკა, პრაქტიკა და მიდგომები აქვს საქართველოს სახელმწიფოს  შრომის პირობების გაუმჯობესების მიმართულებით,  როგორია რეალობა და რა საჭიროებების  წინაშეა აღნიშნული სფერო. შეხვედრის მონაწილეები   მიიღებენ ინფორმაციას   ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესზე, კერძოდ ევროკავშირის გამოცდილების, მოთხოვნებისა და სტანდარტების შესახებ შრომის უსაფრთხოების სფეროში.

მის.: ბათუმი, ვაჟა ფშაველას ქუჩა №21; ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის შენობა (ბათუმის ამერიკული კუთხე)

დღის  წესრიგი 

15:00 – 15:10  შეხვედრის  გახსნა და მისალმება

 მარიკა ზაქარაძე –  პროექტის „ევროინტეგრაციის  პროცესის  გაძლიერება მოქალაქეთა

ინფორმირების გზით“  დირექტორი.  

15:10 – 15:40  შრომის უსაფრთოების არსებული პოლიტიკა, ევროკავშირის გამოცდილება, მოთხოვნები და

სტანდარტები

მიხეილ ჯახუა – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

15:40 – 16:30  დისკუსია

16:30 – 16:40 ძირითადი საკითხების  შეჯამება

ასლან ჭანიძე – თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის თავმჯდომარე

16:40-17:00  დისკუსიის  დახურვა

[checklist]

  • კოფე – ბრეიქი;
  • კონტაქტების, ინფორმაციის გაცვლა;
  • კომენტარების, ინტერვიუების ჩაწერა

[/checklist]
 დისკუსია  გაიმართება პროექტის – „ევროინტეგრაციის პროცესის გაძლიერება მოქალაქეთა ინფორმირების გზით“ფარგლებში.

პროექტს ახორციელებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტი დაფინანსებულია „ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიერ [ევროინტეგრაციის პროგრამა]. დისკუსიაზე   გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

ელ.ფოსტა: batumiijh@gmail.com
ასლან ჭანიძე – მობ:593 30 71 55; 
მარიკა ზაქარაძე – მობ: 557 99 33 32

მერიასა და მუსლიმ თემს შორის მეჩეთზე შეთანხმება ვერ შედგა

ბათუმის მერია და მუსლიმი თემი ახალი მეჩეთის აგებაზე ვერ შეთანხმდნენ. შეხვედრა ბათუმის მერიაში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

„უშუალოდ ბათუმის მერი შეგვხვდა  – ლაშა კომახიძე… მოვისმინეთ ისევ იგივე, რომ მიწის ნაკვეთი უნდა გადავცეთ სამუფთოს. ეს დამოკიდებულება ჩვენთვის არის შეურაცხმყოფელი. მოლაპარაკების რესურსი უკვე ამოწურულია,“ – გვითხრა ტარიელ ნაკაიძემ, „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ ხელმძღვანელმა. მისივე თქმით, შეხვედრას სამუფთოს წარმომადგენელი არ დასწრებია და არც სხვა საკითხზე უმსჯელიათ.

სასამართლოსთვის მუსლიმი თემის მიმართვიდან ორი წელი გავიდა – ბათუმის მერიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი ააიპ „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმა“ 2017 წლის 10 ივნისს შეიტანა, რადგან ბათუმის მერიამ 2017 წლის 5 მაისს მუსლიმ თემს უარი უთხრა ქალაქში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე.

ამ საქმის განხილვა თვეობით ჭიანურდებოდა.

ბოლო სასამართლო სხდომა მეჩეთის მშენებლობის საკითხზე 12 ივნისს შედგა. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ კიდევ ერთხელ მისცა ბათუმის მერიას შესაძლებლობა, დალაპარაკებოდა მუსლიმ თემს. ამ დროისთვის უცნობია, როდის განახლდება სასამართლო პროცესი.

ამავე თემაზე:

ბათუმის მერი მუსლიმებთან შეხვედრის შემდეგ: დღეს მივიღეთ წინადადების უარყოფა

რუსეთის სანქციების ქრონიკა საქართველოს წინააღმდეგ – მოკლედ

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის  შეჩერების შემდეგ რუსეთში ქართული პროდუქციისთვის რუსული ბაზრის დახურვაზე და ფულადი გადარიცხვების აკრძალვაზე საუბრობენ.

მას შემდეგ, რაც საქართველო დამოუკიდებელი რესპუბლიკაა, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რუსეთი ეკონომიკურ ბერკეტებს იყენებს საქართველოს წინააღმდეგ.

  • 2005 წლის დეკემბერი – რუსეთში აიკრძალა საქართველოდან მცენარეული წარმოშობის პროდუქციის ექსპორტი. საბაბი იყო ფიტოსანიტარული ნორმების დარღვევა.
  • 2006 წლის მარტი – აიკრძალა ქართული ღვინის, ღვინომასალის, ბრენდისა და შუშხუნა ღვინოების რუსეთის ტერიტორიაზე ექსპორტი და რეალიზაცია. რუსეთი ამის მიზეზად ასახელებდა  პროდუქციის ნიმუშების შემოწმების შედეგებს.

[toggle title=”ჯაშუშების სკანდალი, რომელსაც ეკონომკური ბლოკადა მოჰყვა“]2006 წლის სექტემბერში საქართველოს შს სამინისტრომ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) 4 ოფიცერი და 11 საქართველოს მოქალაქე, რასაც რუსეთის ფედერაციის მწვავე რეაქცია მოჰყვა. პუტინმა საქართველო „სახელწიფო ტერორიზმში“ დაადანაშაულა და საქართველოდან გაიწვია რუსეთის ელჩი.[/toggle]

  • 2006 წლის აპრილი –  რუსეთის ტერიტორიაზე აიკრძალა  საქართველოში წარმოებული მინერალური წყლების ექსპორტი.
  • 2006 წლის ივლისი – რუსეთის მხარემ ცალმხრივად შეწყვიტა „ყაზბეგი-ზემო ლარსის“ გამშვები პუნქტის გავლით ფიზიკური პირების, სატრანსპორტო საშუალებებისა და ტვირთების გატარება, მისი რეკონსტრუქციის სამუშაოების დაწყების საბაბით.

[toggle title=”დაირღვა ხელმოწერილი შეთანხება – გაიგეთ მეტი“]ყაზბეგი-ზემო ლარსის გამშვები პუნქტი დაიხურა საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის ხელმოწერილი ,,საბაჟო საზღვარზე გამშვები პუნქტების შესახებ” შეთანხმების მოთხოვნათა უხეში დარღვევით.  შეტყობინება გამშვები პუნქტის რემონტთან დაკავშირებით მოძრაობის შეჩერების თაობაზე საქართველოს გაეგზავნა ფუნქციონირების შეწყვეტამდე 2 საათით ადრე, ნაცვლად შეთანხმებით დადგენილი ვადისა.  რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევამ მეტად რთული ვითარება შექმნა საზღვრის აღნიშნულ მონაკვეთზე, სადაც ბლოკირებული აღმოჩდნენ დიდი რაოდენობით  სამგზავრო და სატვირთო სატრანსპორტო საშუალებები, ასევე საქართველოს და სხვა ქვეყნის მოქალაქეები, რომელთა შორის იყვნენ მოხუცები, ბავშვები და პირები, რომლებიც საჭიროებდნენ სამედიცინო დახმარებას.[/toggle]

  • 2006 წლის სექტემბერი – საქართველოს მოქალაქეებისათვის შეჩერებულ იქნა ვიზების, აგრეთვე რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის შეძენასთან, მოწვევასთან, დროებითი ცხოვრების ნებართვისა და ბინადრობის მოწმობის აღებასთან დაკავშირებული დოკუმენტების გაცემა.
  • 2006 წლის ოქტომბერი – რუსეთმა შეწყვიტა საქართველოსთან საჰაერო, საავტომობილო, საზღვაო, სარკინიგზო მიმოსვლა და საფოსტო კავშირი.
  • 2006 წლის ოქტომბერი – რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს საკონსულო განყოფილების შენობის შესასვლელთან, სპეცდანიშნულების რაზმებმა დაიწყეს იქ მყოფი მოქალაეების საბუთების შემოწმება. დააკავეს 4 ადამიანი.

[toggle title=”რატომ იყო ეს პრობლემა – დაკლიკეთ აქ“]დაირღვა დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის მე-3 და 25-ე მუხლების მოთხოვნები, ვინაიდან საქართველოს დიპლომატიურ დაწესებულებას ფაქტობრივად არ მიეცა საშუალება განეხორციელებინა მისი ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია – დაიცვას თავისი სახელმწიფოს მოქალაქეთა ინტერესები ადგილსამყოფელ ქვეყანაში.[/toggle]

  • 2006 წლის ოქტომბერი –  რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოსთან არსებულ სასტუმრო სახლ ,,თბილისში’’, რომელიც  საქართველოს საელჩოს კომპლექსი იყო, შედის სპეცდანიშნულების რაზმი, იქ თითქოსდა უკანონოდ მცხოვრები პირების გამოსახლების მიზნით. ამოწმებენ მცხოვრებთა საბუთებს, ლუქავენ სასტუმრო სახლის ნომრებს. რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების მიერ უგულებელყოფილია ექსტერიტორიულობის პრინციპი, რაც წარმოადგენს დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ  1961 წლის ვენის კონვენციის დარღვევას.
  • 2006 წლის ოქტომბერი – რუსეთის ფედერაცია ცალმხრივად იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, საქართველოს ტერიტორიულ წყლებთან უშუალო სიახლოვეს (0.7 საზღვაო მილი ტერიტორიული წყლებიდან) იარაღის გამოცდისა და სამხედრო მანევრების განხორციელების შესახებ.

[toggle title=”ძალის გამოყენების მუქარა“]ამ ზონის ფარგლებში რუსეთის ხელისუფლების მიერ სამხედრო წვრთნების ჩატარება ეწინააღმდეგება საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკურ ინტერესებს, ვინაიდან ზღუდავს შავ ზღვაზე საქართველოს საზღვაო  პორტების ფუნქციონირებას, აფერხებს და საფრთხეს უქმნის საჰაერო და საზღვაო მიმოსვლას საქართველოს მიმართულებით და, ასევე, ლახავს საქართველოს, როგორც  საზღვაო სახელმწიფოს უფლებას,  განახორციელოს თავისი სუვერენული ინტერესები და იურისდიქცია განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, რაც განსაზღვრულია საზღვაო სამართლის შესახებ გაეროს 1982 წლის კონვენციის მე-5 ნაწილით. ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება გაეროს წესდებასა და ჰელსინკის დასკვნით აქტში ასახულ საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს, განიხილება, როგორც საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოყენების პირდაპირი მუქარა.[/toggle]

  • 2006 წლის ოქტომბერი – საქართველოში რუსეთის ფედერაციის საკონსულო უარს ეუბნება ორ ქართველ სამბისტს სავიზო ნებართვის  გაცემაზე, რის შედეგადაც ისინი ვერ იღებენ მონაწილეობას საერთაშორისო ტურნირში.  ამავე პერიოდში უქმდება საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მონაწილეობა სანკტ-პეტერბურგის საერთაშორისო ტურნირზე.
  • 2006 წლის ოქტომბერი –  მოსკოვში, მალაია პოლიანას ქუჩაზე, უცნობი პირები არბევენ გალერეას, სადაც მიმდინარეობს ქართველი მხატვრის ალექსანდრე ჯიქიას ნამუშევრების გამოფენა.  მასობრივ ხასიათს იძენს რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ისეთი საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების შემოწმება, რომელსაც ქართული დასახელება აქვს. სამართალდამცავები ამოწმებენ არბატზე არსებული ქართულ კულტურულ ცენტრს „მზიური“. საქართველოს მოქალაქეთა გამოვლენის მიზნით, რუსეთის მილიცია პასპორტებს უმოწმებს მოსკოვში არსებულ წმ. გიორგის ეკლესიის მრევლს.
  • 2007 წლის იანვარი – რუსეთის ფედერაციის სასამართლოების მიერ ამ დროისათვის გამოტანილი იქნა 4 634 გადაწყვეტილება რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების გაძევების შესახებ. სამი ადამიანი გარდაიცვალა პატიმრობაში.

[toggle title=”საქმე, რომელიც სტრასბუგის სასამართლოში საქართველომ მოიგო“]ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს დააკისრა 10 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მსხვერპლნი გახდნენ. სასამართლომ დაადგინა, რომ 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციაში განხორციელდა საქართველოს მოქალაქეების დაკავების, დაპატიმრების და გამოძევების კოორდინებული პოლიტიკა, რომელიც წარმოადგენდა ადმინისტრაციულ პრაქტიკას. ევროპულმა სასამართლომ, ასევე, მიუთითა, რომ საქართველოს მოქალაქეები იყვნენ უკანონოდ დაკავებული და გამოძევებული ევროპული კონვენციის მე-3 და მე-5(1),(4) მუხლების დარღვევით; ზემოაღნიშნული უფლებების დარღვევის მსხვერპლთათვის არ იყო ხელმისაწვდომი სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებები, რამაც გამოიწვია კონვენციის მე-13 მუხლის დარღვევა მე-3, მე-5 (1), (4) მუხლებთან და მეოთხე ოქმის მე-4 მუხლთან ერთობლიობაში.[/toggle]

საქართველოს მოქალაქეების პირველი გაძევებული ნაკადი 2006 წლის 6 ოქტომბერს სატვირთო თვითმფრინავით გამოუშვეს რუსეთიდან. სტრასბურგის სასამართლოში ქართველი მოწმეები ამბობდნენ, რომ თვითმფრინავში სკამების ორი რიგი არსებობდა, რომლებზეც ქალები და ბავშვები ისხდნენ, მამაკაცები იატაკზე ისხდნენ, ან ფეხზე იდგნენ, ხოლო კასრის მსგავსი ნივთი გამოიყენებოდა როგორც ტუალეტი და ტრიალებდა რიგებს შორის.

* მომზადებულია რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მიერ საქართველოს მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული ქმედებების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ანგარიშზე დაყრდნობით. 

2008 წლის აგვისტო – რუსეთმა აღიარა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა.

2008 წლის აგვისტო – შეწყდა დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის.

[toggle title=”2008 წლის აგვისტოს ომი”]2008 წლის აგვისტოში საქართველოს მიმართ რუსეთის მიერ გამხორციელებული სამხედრო აგრესიის გამო და რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს განუყოფელი ნაწილების ე.წ. აღიარების შემდეგ, საქართველომ გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან. 2009 წლის მარტში გაიხსნა საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექცია და რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია.[/toggle]

2019 წლის ივნისი – რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენა აუკრძალა. აკრძალვის ოფიციალური მიზეზი ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და რუსეთის მოქალაქეების დაცვაა.

[toggle title=”„გავრილოვის ღამის“ შედეგი”]19-20 ივნისს საქართველოში დაგეგმილი იყო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია. ასამბლეის პრეზიდენტი რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვია, რომელიც აღნიშნულ სესიას 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსულ ენაზე გაუძღვა. პროტესტის შედეგად ღონისძიება ჩაიშალა და რუსეთის დელეგაცია იძულებული გახდა, დაეტოვებინა საქართველო. 20 ივნისს  გავრილოვის საქართველოში მოწვევასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ თბილისში დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები, რომელიც დღემდე [9 ივლისი] გრძელდება. [/toggle]

2019 წლის ივლისი – რუსეთის დუმაში ქართული ღვინის, წყლის და ფულადი გზავნილების აკრძალვაზე იმსჯელებენ [ინფორმაცია განახლდება].

[toggle title=”ჟურნალისტის მიერ რუსეთის პრეზიდენტის გინება“]ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ 7 ივლისის გადაცემა რუსულ ენაზე დაიწყო და  რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს აგინა. არხის დირექტორმა ნიკა გვარამიამ მალევე განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია გამოხატვის ამგვარი ფორმა. “რუსთავი 2”-ის წამყვანის მიერ პუტინის გინებას მყისიერად გამოეხმაურნენ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერი და შეაფასეს როგორც პროვოკაცია და დესტაბილიზაციის მცდელობა. [/toggle]
[სტატია განახლების რეჟიმშია]. 
Exit mobile version