სუს-ის ყოფილი უფროსის ბინის ქურდობაში ბრალდებულები სასამართლომ გაამართლა


სუს-ის ყოფილი უფროსის, ირაკლი ერისთავის საცხოვრებელი ბინის ქურდობაში ბრალდებულები სასამართლომ გაამართლა. გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა დღეს, 10 ივლისს, მიიღო. შემთხვევა გასული წლის ნოემბერში მოხდა. ამ დროს ირაკლი ერისთავი სუს-ს ხელმძღვანელობდა აჭარაში.

სამართალდამცავებმა ამ ფაქტზე სამი პირი დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, ირაკლი ერისთავის საცხოვრებელ ბინაში დავით ხიმშიაშვილი და ილია აფხაზავა შევიდნენ. სამართალდამცველებმა ნაქურდალი მაჯის საათები, სამკაულები და ქანდაკება ნუგზარ ურუშაძის ავტომანქანაში აღმოაჩინეს. მას დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენას ედავებოდნენ.

„აბსოლუტურად კანონიერად მოიქცა მოსამართლე. არ იყო არც პირდაპირი და არც ირიბი მტკიცებულება იმისთვის, რომ მოსამართლეს გამამტყუნებელი განაჩენი გამოეტანა… გარკვეული მტკიცებულება წარმოადგინა პროკურატურამ, მაგრამ იგი არ იყო საკმარისი,“ – ამბობს ადვოკატი დავით ჯაფარიძე. იგი ნუგზარ ურუშაძის ინტერესებს იცავდა.

ადვოკატის თქმით, ამ საქმეში ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება იყო სუნზე ჩატარებული ექსპერტიზა, რომლის მიხედვითაც, ორი ბრალდებული ნამდვილად იმყოფებოდა ერისთავის ბინაში. პოლიციელებმა ამოიღეს სათვალთვალო ვიდეოკამერის ჩანაწერებიც, მაგრამ კადრებზე ბრალდებულების სახის ამოცნობა შეუძლებელი გახდა. რაც შეეხება მანქანაში აღმოჩენილ ძვირფასეულობას – ადვოკატი დავით ჯაფარიძე დასძენს, რომ ბრალდებულმა ის ქუჩაში შემთხვევით იპოვა და გადასამოწმებლად მიჰქონდა, ნამდვილი იყო თუ არა.

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი