მთავარი,სიახლეები

საათები, ბიჟუტერია, ქანდაკება – რა მოიპარეს სუს-ის უფროსის, ირაკლი ერისთავის ბინიდან

12.11.2018
საათები, ბიჟუტერია, ქანდაკება – რა მოიპარეს სუს-ის უფროსის, ირაკლი ერისთავის ბინიდან

„ქანდაკება, ბიჟუტერია, საათები…“ – ამ ნივთების ქურდობას სამ პირს ედავება გამოძიება. საუბარია ბათუმში სუს-ის უფროსის – ირაკლი ერისთავის ბინის ქურდობაზე. ბრალდებულებს უკვე შეუფარდეს წინასწარი პატიმრობა, თუმცა ისინი ბრალს არ აღიარებენ.

სუს-ის უფროსის, ირაკლი ერისთავის ბინის გაქურდვის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 ნოემბერს „რუსთავი 2“-ში გასული სიუჟეტის შემდეგ გაავრცელა. ამ დროისთვის უკვე ერთი კვირის დაკავებული იყვნენ ბრალდებულები, ქურდობის ფაქტი კი, მანამდე ორი დღით ადრე მოხდა.

გამოძიების ვერსიით, ირაკლი ერისთავის ბინაში, რომელიც ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარეობს, ორი პირი შევიდა – დ.ხ. და ი.ა, რომლებმაც სხვადასხვა ნივთი მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ამავე საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს – ნ.უ., რომელსაც პირადი ჩხრეკის დროს სარეალიზაციოდ გამზადებული ნაქურდალი ნივთები აღმოუჩინეს. ნ.უ.-ს საცხოვრებელი ბინის და ავტომანქანის ჩხრეკისას დანარჩენი ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დაკავებულების ინტერესებს ადვოკატი მზია დიასამიძე დაიცავს. ის ამბობს, რომ საქმის მასალები ჯერ არ ჩაბარებია. აღკვეთის შეფარდების დროს სასამართლოში ბრალდებულებს ადვოკატი არ ჰყავდათ.

„დღეს, სავარაუდოდ, ჩავიბარებ მასალებს… ჯერ ბრალდებულებს არ შევხვედრივარ. საათებზე, მაგალითად, დაკავებულების ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მათი საკუთრებაა. საუბარია საათებზე, რომლებიც ჩხრეკის დროს სამართალდამცველებმა ამოიღეს,“ – გვითხრა ადვოკატმა.

ბრალდებულებიდან ერთ-ერთი დ.ხ. ქურდობის ამ შემთხვევამდე იყო მიცემული პასუხისგებაში. მას გამოძიება ბათუმში, ერთ-ერთ საცხოვრებელი ბინიდან ფაიფურის თეფშების მოპარვას ედავებოდა. საპატიმრო ვადის გასვლამდე ცოტა ხნით ადრე, სასამართლომ დ.ხ. გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. ამ საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძეს გასული კვირის ორშაბათს, 5 ნოემბერს უნდა გამოეცხადებინა.

„დასკვნითი სიტყვები არ იყო ნათქვამი. პროცესი გადაიდო, რადგან ის შაბათს დააკავეს… ჩვენ ამ საქმეზე გამამართლებელ განაჩენს ველით,“ – ამბობს ადვოკატი ზაზა პაპიძე. იგი ბრალდებულის ინტერესებს იცავს წინა ქურდობის საქმეზე.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია ხალვაში, რომელიც მანამდე პოლიციაში მუშაობდა, ამბობს, რომ დ.ხ.-ს ფარულად უთვალთვალებდნენ, რადგან მას ბრალს ვერ უმტკიცებდნენ და ამ გზით აღმოჩნდა, რომ ბრალდებული უფროსის სახლში შესულა.

„ის იმყოფებოდა ფარული მეთვალყურეობის ქვეშ, უთვალთვალებდნენ სუს-ის თანამშრომლები, თუმცა მან უფროსის სახლში შეღწევა მოახერხა,“ – გვითხრა ორი დღის წინ გია ხალვაშმა, როცა ბათუმში სუს-ის უფროსის ბინის გაქურდვის შესახებ ინფორმაცია გაჟღერდა.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: