Batumelebi | პრობლემები, რის გამოც მშენებელი ისევ დაუცველი რჩება – შეხვედრა მერიაში პრობლემები, რის გამოც მშენებელი ისევ დაუცველი რჩება – შეხვედრა მერიაში – Batumelebi
RU | GE  

პრობლემები, რის გამოც მშენებელი ისევ დაუცველი რჩება – შეხვედრა მერიაში

„შრომის ინსპექცია სადამსჯელო ორგანიზაცია კი არ უნდა გახდეს, არამედ ბიზნესის პარტნიორი იმისთვის, რომ ჩვენ ეს სტანდარტი ერთად დავნერგოთ,“ – მიმართა დღეს, 10 ივლისს, სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს პარლამენტის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა. ის უწყებათშორის სამუშაო ჯგუფს წარმოადგენს, რომელიც შრომის უსაფრთხოების კუთხით მუშაობს. შეხვედრას მერიაში ბიზნესომბუდსმენი და ბათუმის მერიც ესწრებოდნენ.

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რასაც შრომის უსაფრთხოების კუთხით მშენებლები გამოყოფენ, შრომის უსაფრთხოების ინსპექტორია. ინსპექტორის ყოლას კანონი პირველი იანვრიდან უკვე ყველა სამშენებლო კომპანიას ავალდებულებს, თუმცა შრომის ინსპექციას ამ დრომდე არ შეუსწავლია, რამდენმა კომპანიამ გააფორმა კონტრაქტი ინსპექტორთან, რომელიც დამსაქმებელს და დასაქმებულ მუშებს უსაფრთხოების წესების დაცვას დაავალდებულებს.

„მე თვალნათლივ ვნახე თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ჩამონგრეული მშენებლობა… იქ იყვნენ მაშველები და ცდილობდნენ დაშავებულების გამოყვანას. უსაფრთხოების სპეციალისტს ჰქონდა მოწოდება, რას შვრებით, გამოდით, თორემ ისევ ჩამოინგრევაო. შემდეგ აღმოჩნდა, რომ იმ მშენებლობაზე უსაფრთხოების სპეციალისტი არ მუშაობდა,“ – მიმართა მშენებლებს დიმიტრი ცქიტიშვილმა.

„გასაგებია, მაგრამ სერტიფიკატი, რასაც უსაფრთხოების სპეციალისტებს აძლევენ, უნდა გადამოწმდეს და გამკაცრდეს. დამსაქმებლები ხედავენ, რომ რეალურად უსაფრთხოების სპეციალისტს შესაძლოა საკმარისი და სპეციფიკური ცოდნა არ ჰქონდეს, ესაა პრაქტიკულად,“ – უთხრა პარლამენტის წევრს ირაკლი სურმანიძემ. იგი წარსულში მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსად მუშაობდა და ახლა რამდენიმე სამშენებლო კომპანიაში მუშაობს მენეჯერად. დიმიტრი ცქიტიშვილმა მას უთხრა, რომ ამას სელექციის პრინციპი დაარეგულირებს და კონკურენციის პირობა.

მერიაში შეხვედრას ესწრებოდნენ სამშენებლო უსაფრთხოების სპეციალისტებიც. რამდენიმე სამშენებლო კომპანიაში მომუშავე თემურ თურმანიძემ აღნიშნა, რომ მთავარი პრობლემაა არა აღჭურვა და დამსაქმებლების ნება, არამედ დასაქმებულების სურვილი – დაცული იყოს შრომის უსაფრთხოება.

„ერთმა მუშამ მითხრა, მე რომ ეს ყველა აღჭურვილობა გავიკეთო, ახლა თუ 20 კვადრატულს ვასწრებ დღეში, მერე ათსაც ვეღარ მოვასწრებ, ცოლ-შვილი მელოდება სახლშიო…  არის შემთხვევებიც, როცა კომპანიას ჯარიმის გადახდა ურჩევნია სპეციალისტის დაქირავებას,“ – აღნიშნა თემურ თურმანიძემ.

მუშების მხრიდან უსაფრთხოების მიმართ მგრძნობელობის პრობლემას ხაზი გაუსვა პარლამენტის წევრმაც.

„ჭიათურის შახტაში როცა 6 კაცი დაიღუპა, მეშვიდე, ვინც გადარჩა, საავადმყოფოში ვნახე… მას არ უთქვამს, რომ უსაფრთხო გარემო არის პრობლემა და ამაზე უნდა ვიმუშაოთ. მას მხოლოდ ერთი თხოვნა ჰქონდა, ხელფასის გაზრდა,“ – აღნიშნა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

 

 

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი