„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რეზო ხარაზმა, დღეს, 30 ივლისს, აჭარის მთავრობის სახლის წინ აუდიტის სამსახურის დოკუმენტი მიიტანა, სადაც, მისივე თქმით, საუბარია აჭარის საგზაო დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებზე.
„აღნიშნული დოკუმენტი აუდიტის სამსახურს ჯერ ოფიციალურად არ გამოუქვეყნებია, თუმცა, ჩვენ ის მოვიპოვეთ,“- აცხადებს ხარაზი.
აუდიტის პირველად ანგარიშში [ასეა აღნიშნული წარმოდგენილ დოკუმენტზე], რომელიც 2016-2017 წლებს მოიცავს, საუბარია ხელვაჩაურში, შუახევსა და აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებში შიდა მოხმარების გზებზე შესასრულებელი სამუშაოების შესყიდვაზე.
ალამბარი-ზენითის გზის დაგებაზე ანგარიშში, რომელიც ხარაზმა ჟურნალისტებს წარუდგინა, წერია, რომ მიღება-ჩაბარებით ნაჩვენები სამუშაოს მოცულობები არ შეესაბამება განხორციელებულ სამუშაოებს – „გამოვლენილია დანაკლისი, რითაც ბიუჯეტს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი და შესაძლოა ფიქსირდებოდეს სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ მხარეთა შორის არამართლზომიერი გარიგებით საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა“.
ამავე ანგარიშის მიხედვით, საგზაო დეპარტამენტი მიმწოდებლისთვის საჯარიმო სანქციების აცილების მიზნით ცალკეულ შემთხვევებში აგრძელებდა ხელშეკრულების მოქმედებისა და სამუშაოს შესრულების ვადებს.
„დეპარტამენტმა რიგ შემთხვევებში არათანაბარი კონკურენციის პირობებში არაპროპორციული, დისკრიმინაციული მიდგომით შეარჩია პრეტენდენტები და გამარჯვებულად წარმოადგინა ყველაზე მაღალი ფასის წარმომდგენი პრეტენდენტები, რაც კონკრეტულ პირებზე მორგებას და საბიუჯეტო სახსრების არაეფექტური ხარჯვის რისკებს შეიცავს. რითაც ბიუჯეტმა დაკარგა 187 958 ლარი, ხოლო მოსახლეობამ დროულად ვერ მიიღო დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტი,“ – ნათქვამია წარმოდგენილ დოკუმენტში.
„ალამბარი-ზენითის საავტომობილო გზის რეკონსტრუქციაზე ოთხი კომპანია მონაწილეობდა. აქედან სამი დისკვალიფიცირებული იყო და გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „სამკუთხედი“. 2019 წლის 19 თებერვლისთვის კომპანიისთვის გადახდილი თანხის ოდენობა შეადგენს 1 938 797 ლარს, თუმცა, ფაქტობრივად, მხოლოდ 888 231 ლარის სამუშაოებია შესრულებული, რაც წარმოადგენს ბიუჯეტზე მიყენებულ ზიანს,“ – ნათქვამია აღნიშნულ დოკუმენტში.
ამავე დოკუმენტში ვკითხულობთ: „იმის გათვალისწინებით რომ იმავე გზის მონაკვეთის ასფალტ-ბეტონის საფარის პროექტი შესრულებულია შპს „გზაპროექტის“ მიერ, ხოლო გზის მოწყობის სამუშაოების პროექტი შპს „სამკუთხედის“ მიერ, წარმოშობს წინა პროექტის ხარვეზების დაფარვის მაღალ რისკს… აუდიტის ჯგუფის მიერ ზემოაღნიშნული გზის დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ სამუშაოები ხარვეზებით სრულდებოდა. დაზიანებული იყო გზის სავალი ნაწილი და გაბიონები.
შესრულების ანგარიშში კი ნაჩვენები სამუშაოს მოცულობა და შესრულებული სამუშაოები არ ემთხვევა ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოებს… სამუშაოები შესრულებულია არსებული სტანდარტების დარღვევით, რკინა-ბეტონის კიუვეტების მოწყობის სამუშაოებზე არ არის მოწყობილი ორფენიანი ფიდროიზოლაცია ბიტუმით, თუმცა მიმწოდებელზე გადახდილია 631 360 ლარი,“-ნათქვამია აღნიშნულ ანგარიშში.
რეზო ხარაზის მიერ წარმოდგენილ აუდიტის ანგარიშში, საუბარია ასევე სხვადასხვა კომპანიებისთვის ჩარიცხულ საბიუჯეტიო სახსრებზე, რომლითაც სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში შიდა მოხმარების გზების კეთილმოწყობა იყო გათვალისწინებული, თუმცა სამუშაოების შესრულება არ შეესაბამება სტანდარტებს.
შუახევის მუნიციპალიტეტში ხიჭაური-ნაღვარების გზის სამუშაოებისთვის მიმწოდებელს უნდა შეესრულებინა 154 862 ლარის მოცულობის სამუშაოები, შესრულებულია 109 ლარის სამუშაო. ნაცვლად იმისა, რომ დეპარტამენტს მიმწოდებლისთვის დაეკისრებინა 12 346 ლარის პირგასამტეხლო, მხარეთა შეთანხმებით შეიცვალა სამუშაოების შესრულების გრაფიკი.
ხელვაჩაურში, კირნათი-ჩხუტუნეთის გზის სამუშაოებზე მიმწოდებელს 2016 წელს უნდა შეესრულებინა 21 137 ლარის გაბიონის მოწყობის სამუშაოები, თუმცა მან დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადები, რის გამოც მას უნდა დაკისრებოდა პირგასამტეხლო 19 ათასი ლარის ოდენობით, რაც არ დაკისრებია.
„2016-2017 წლებზეა საუბარი, სადაც საგზაო დეპარტამენტმა ასობით ათასი ლარი გადაურიცხა სხვადასხვა კომპანიებს დაუსაბუთებლად. ვფიქრობთ, ამ დასკვნით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს. ასევე დასკვნაში საუბარია ავანსად გადახდილ თანხებზე.
მაგალითად, ბარცხანა-ორთაბათუმის გზის მონაკვეთზე ასფალტის საფარის მოწყობაზე შპს „გზებს“ სამუშაოები უნდა შეესრულებინა 6 ეტაპად 2017 წლის 20 დეკემბრამდე, ავანსი 500 ათასი ლარი ისე გადაუხადეს, რომ კომპანიას წარმოდგენილი არ ჰქონდა საბანკო გარანტიაც,“ – ამბობს რეზო ხარაზი.
აუდიტის პირველად ანგარიშში ასევე საუბარია ინერტული მასალების არაკანონიერად მოპოვებაზეც. აუდიტის პირველადი ანგარიში 2019 წლის 28 ივნისით თარიღდება.