მთავარი,სიახლეები

როგორ ცხოვრობენ ყოფილი მეზღვაურები ხმელეთზე

30.07.2019 • 6831
როგორ ცხოვრობენ ყოფილი მეზღვაურები ხმელეთზე

მეზღვაურის პროფესია ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესიაა შრომით ბაზარზე. გარდა მაღალი ხელფასისა, მეზღვაურები ბევრს მოგზაურობენ და თავიანთი ცხოვრების მანძილზე მსოფლიოს უმეტესი ქვეყნის მოვლას ახერხებენ.

თუმცა, როცა მეზღვაურები ასაკში შედიან, სირთულეები იწყება. წლების მატებასთან ერთად ნელ-ნელა რთულდება პრესტიჟულ საზღვაო კომპანიებში დასაქმება.

ასაკოვან მეზღვაურებს უწევთ ნაკლებანაზღაურებად და ნაკლებად პრესტიჟულ გემებზე მუშაობა. ეს კი, რიგ შემთხვევებში, ნიშნავს გემთმფლობელების მხრიდან დასაქმებულების „გადაგდებას“, კუთვნილი ანაზღაურების თვეობით ლოდინს, არასათანადო სამუშაო პირობებს და დარღვეულ შრომით უფლებებს.

როცა ზღვაში წასასვლელად ასაკი გადაულახავი ბარიერი ხდება, სირთულეების ახალი ეტაპი იწყება ხმელეთზე.

მაღალი ანაზღაურების მიუხედავად, იშვიათი გამონაკლისების გარდა, მეზღვაურები ვერ ახერხებენ იმდენი თანხის დაგროვებას, რომ ხმელეთზე სიბერე მშვიდად გაატარონ.

დავით გურგენიძე ყოფილი მეზღვაურია. გემიდან ცხრა წლის წინ ჩამოვიდა და მას შემდეგ ზღვაში აღარ წასულა.

დავითი ისეთ დიდ საზღვაო კომპანიაში მუშაობდა, როგორიც „კოლუმბია შიფმენეჯმენტია“.

„1981 წელს დავამთავრე ბათუმში ტექნიკუმი, მერე საზღვაო სასწავლებელი დავამთავრე და წავედი ზღვაში. ხარატი ვიყავი. როცა ნაპირზე გადმოვედი, ყველაფერი სხვანაირად დავინახე. ძნელია ხმელეთზე დაბრუნება. მეზღვაური თავისი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს წლებს ზღვაში ატარებს და ხმელეთზე რა ხდება, არ იცის. ჩამოვა გემიდან, სანამ ფული აქვს, დადის აქეთ-იქით, ამასობაში მოდის წასვლის დრო, წავა ზღვაში და ასე. წრეა. ასე გადის ცხოვრება,“ – ამბობს დავითი.

მისი თქმით, ერთ დღესაც, როდესაც მეზღვაური ნაპირზე სამუდამოდ ბრუნდება, აღმოაჩენს, რომ არ არის მზად იმ ცხოვრებისთვის, რაც ხმელეთზე ხვდება.

„მე, მაგალითად, ვარ ხარატი, მაქვს ისეთი პროფესია, რომელიც ბევრს სჭირდება. ავდექი, გავხსენი ჩემი სახელოსნო და ვმუშაობ. მაგრამ როცა შტურმანი გადის პენსიაზე, მისთვის სამსახურის პოვნა ძალიან ძნელია. კი შეიძლება საზღვაო ადმინისტრაციაში დასაქმდეს, მაგრამ ისიც სავსეა.  პორტში რამდენი უნდა დასაქმდეს? უმეტესობა უმუშევარი რჩება და მერე იწყებს მძღოლად მუშაობას, ტაქსაობს. უმეტესობა, სიმართლე რომ ვთქვათ, დარდისგან ავადდება, ზოგი კიდევ ალკოჰოლს ეტანება,“ – ამბობს დავითი.

როცა მეზღვაური ხმელეთზე ბრუნდება

დავით გურგენიძე ყოფილი მეზღვაურია. მთელი ცხოვრება ზღვაში გაატარა და მაღალანაზღაურებად პოზიციაზეც მუშაობდა. ხმელეთზე დაბრუნებისას აღმოაჩინა, რომ "გემიდან ჩამოსულ" მეზღვაურს ცხოვრების გასაგრძელებლად სრულიად სხვა უნარები სჭირდება

Posted by ბათუმელები • Batumelebi.ge on ორშაბათი, 22 ივლისი, 2019

ზღვიდან დაბრუნებულ მეზღვაურებს გარემოსთან ადაპტაცია რომ უჭირთ, ამაზე საუბრობს ზურაბ ქაჯაიაც. ყოფილი გემწამყვანი, გემიდან ჩამოსვლის შემდეგ ლექტორად მუშაობდა ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში.

„ძნელი იყო ნაპირზე დაბრუნება – არავინ არ მოიტყუოს. წლების განმავლობაში, როცა მთელი ახალგაზრდობა გემზე, ზღვაში, სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ხალხთან ურთიერთობებში გაატარე, მერე ამას რომ მოწყდები, ცოტა გულზე გიჭერს, გენატრება…

ვერ არიან კარგად ის მეზღვაურები, რომლებიც ზღვის გარეშე რჩებიან. იმიტომ, რომ ზღვაში ვერ მიდიან და ხმელეთზეც კავშირი აღარ აქვთ. წარმოიდგინეთ, მთელი ცხოვრება გადის ზღვაში და ერთ დღეს უცებ წყდები ყველაფერს. ქალაქში ნაცნობებიც აღარ გყავს, იმიტომ, რომ სულ ზღვაში იყავი. ყველა შენი ახალი ნაცნობი კი, ისევ ზღვაშია. რა უნდა ქნა ნაპირზე?

ძალიან უჭირთ ამ ბიჭებს. როცა მეზღვაური ხარ, მთელ მსოფლიოში მიდი-მოდიხარ, სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს ხვდები, გეამაყება, რომ უზარმაზარი, ლამაზი გემით შედიხარ იტალიაში, გერმანიაში, ინგლისში, იაპონიაში და ერთ მშვენიერ დღეს აღმოჩნდები ბათუმის ქუჩებში. ბათუმი კი, საყვარელი ქალაქია, მაგრამ… ზოგ ყოფილ მეზღვაურს ისიც უწევს, რომ აგურები ჩააწყოს და მშენებლობაზე იმუშაოს. რთულია, რა თქმა უნდა. მით უმეტეს, რომ კარგად იცით, დღეს სამსახურის პოვნა ნაპირზე ურთულესია,“ – ამბობს ზურაბ ქაჯაია.

ზურაბ ქაჯაიას ხმელეთზე დაბრუნება

ზურაბ ქაჯაია ბოლოს შორეულ ნაოსნობაში 18 წლის წინ იყო – 60 წლის იყო გემიდან როცა ჩამოვიდა. ცხოვრების უმეტესი ნაწილი ზღვაში გაატარა. მერე ჰქონდა სალექციო კურსები – საზღვაო სასწავლებელში. ახლა არც იქ მუშაობს. ყოფილი მეზღვაური და ყოფილი ლექტორი საუბრობს იმ სირთულეებზე, რომელიც გემიდან ჩამოსულ მეზღვაურს ხმელეთზე ხვდება.

Posted by ბათუმელები • Batumelebi.ge on კვირა, 28 ივლისი, 2019

როგორც ზურაბ ქაჯაია ამბობს, მას  ბევრი სხვა მეზღვაურისგან განსხვავებით გაუმართლა – უნივერსიტეტში დაიწყო მუშაობა. თუმცა აკადემიურ სივრცეში შებიჯებას ყველა ყოფილი მეზღვაური ვერ ახერხებს.

„ჩემი ბიძაშვილი, სულიკო ქაჯაია არის კაპიტანი, რაღაც საბუთებს აკეთებდა. ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში მივიდა და იქ კანცლერს უკითხავს, – „სულიკო, ლექციებს ხომ არ წაიკითხავდიო“. „მე ვერა, ქალბატონო ლალი, გემზე ვბრუნდები, მაგრამ ბიძაშვილი მყავს, ახალი ჩამოსულია გემიდან, არაფერს აკეთებს, ეზოში ზის და იმას შეუძლიაო. ქალბატონ ლალის უთქვამს მომიყვანეო და ასე გავხდი ლექტორი.

მივედი. თავიდან ძველ ლექტორებს მაყოლებდნენ ლექციებზე, მამოწმებდნენ და გავამართლე. ვასწავლიდი საზღვაო ნავიგაციას, გემის აგებულებას და გემის აგებულების თეორიას. სერიოზული საგნებია, რომლებიც უნდა იცოდეს ნებისმიერმა მეზღვაურმა. მე გამიმართლა, ყველა ყოფილ მეზღვაურს ასე არ უმართლებს,“ – ამბობს ზურაბ ქაჯაია.

ზღვიდან ნაპირზე დაბრუნებული მეზღვაურები პენსიაში გასვლის შემდეგ სტანდარტულ პენსიას იღებენ. ამასთან, ჯერჯერობით ქვეყანაში არ არსებობს რაიმე სპეციალური კურსები, რომლებიც ყოფილ მეზღვაურებს გადაამზადებს და ე.წ. ხმელეთის პროფესიების დაუფლებაში დაეხმარება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: