შპს „სტადიონი“ ოფისს გაარემონტებს – შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია


შპს „სტადიონი“, რომლის 100% აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა და რომელიც მრავალმილიონიან პროექტებს ახორციელებს, ოფისის გარემონტებას გეგმავს. ადმინისტრაციული შენობა, რომელშიც კომპანიის ოფისია განთავსებული, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. შენობა ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაze, №16-18-ში [აჭარის მთავრობის სახლის უკან] მდებარეობს. „სტადიონი“ 200 კვადრატული მეტრი ფართობის გარემონტებას გეგმავს, რისთვისაც ფასთა კვლევა ჰქონდა გამოცხადებული საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისთვის საჭირო ღირებულების დასადგენად.

ვინაიდან ადმინისტრაციული შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, წარმოდგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოსთან შესათანხმბელად აუცილებელ ყველა დოკუმენტაციას.

სარემონტო-სარეკონსტრუქციო საპროექტო დოკუმენტი ასევე უნდა მოიცავდეს ყველა იმ ნაწილს, რომელსაც შეეხება რემონტი ან/და რეკონსტრუქცია – არქიტექტურული, კონსტრუქციული, საინჟინრო-მექანიკური და ა.შ. აგრეთვე ინტერიერის დიზაინისა და ავეჯის განლაგების პროექტს, შესაბამისი ვიზუალის ამსახველი ფოტოებით.

„სტადიონს“ დოკუმენტაციის შესყიდვაზე ჯერ ტენდერი არ გამოუცხადებია, შესაბამისად, უცნობია როგორც დოკუმენტაციის შედგენის, ასევე ოფისის გარემონტებისთვის საჭირო თანხის ოდენობა.

შპს „სტადიონის“ ოფისი

შპს „სტადიონი“ აჭარაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალბიუჯეტიანი სახელმწიფო ორგანიზაციაა. რეგიონის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ის 72 მილიონ 300 ათასი ლარით იყო დაფინანსებული, 2019 წელს აჭარის ბიუჯეტიდან კი ამ კომპანიისთვის 65 მილიონი ლარია გამოყოფილი.

შპს „სტადიონი“ ბათუმში იმ მრავალმილიონიანი პროექტების განხორციელებაზეა პასუხისმგებელი, რომლებიც აჭარის ბიუჯეტიდან ფინანსდება [ბათუმის საფეხბურთო სტადიონი, რესპუბლიკური საავადმყოფო, სპორტსკოლა ლეონიძის ქუჩაზე, ყინულის სასახლე, ამას დაემატება ძალოსნობის ბაზა ჩაქვში].

 

მთავარი ფოტო: შენობა ბათუმში [შუაში], რომელშიც შპს „სტადიონის“ ადმინისტრაციაა განთავსებული
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com