17 წლის მოზარდები ოთხწლიანი სამუშაო გამოცდილებით


ზაფხული აჭარაში ტურისტებისთვის დასვენებასთან ასოცირდება, აჭარაში მცხოვრებ ზოგიერთ არასრულწლოვანთათვის კი – სეზონურ, საზაფხულო სამუშაოსთან. მოზარდები ძირითადად მომსახურების სფეროში საქმდებიან აჭარაში: სასტუმროებში, მაღაზიებში ან ზაფხულის დადგომისთანავე ჩაისა და თხილის საკრეფად თურქეთის სხვადასხვა ქალაქში მიდიან.

ლუკა ქათამაძე 17 წლისაა და უკვე მუშაობის 4-წლიანი გამოცდილება აქვს. 14 წლის იყო, როცა თხილის საკრეფად პირველად თურქეთის ქალაქ ორდუში წავიდა. 40 დღის განმავლობაში ყოველდღე მუშაობდა – დილის შვიდიდან საღამოს ექვს საათამდე – დღეში 45 ლირას უხდიდნენ. არასრულწლოვანი კვირაში 77 საათს მუშაობდა, რაც საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებულ ნორმაზე სამჯერ მეტია – 14 წლიდან 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის სამუშაო დროის ხანგრძლივობა კვირაში 24 საათს არ უნდა აღემატებოდეს.

ლუკა ქათამაძე: ,,დამსაქმებელი მთელი დღე გვერდით გიდგას და გიკონტროლებს სამუშაოს. თუ არ მოეწონები, შეუძლია ხელფასი არც გადაგიხადოს. მქონია ასეთი შემთხვევაც – მიმუშავია და არ გადაუხდიათ. ჩაი უხარისხო აღმოჩნდა – არ ჩაიბარეს ქარხანაში, კრეფაც არ ვიცოდი და ტყუილად ვიმუშავე“

„პატარა ვიყავი, იქაურ პირობებთან, ხალხთან შეგუება თავიდან მიჭირდა. აკლიმატიზაციის პერიოდიც რთული იყო.

როცა მეპატრონე თავზე გადგას, ცდილობ არ შეგეზაროს მუშაობა, შენიშვნების თავიდან ასაცილებლად – „მიდი, იმუშავე ჩქარა, აქ იმიტომ ხარ, რომ ფული გადაგიხადო“.

მეორე წელსაც წავედი თხილის საკრეფად,  მერე ჩაის საკრეფად წავედი. ძალიან რთული სამუშაო იყო, საშინელ სიცხეში მიწევდა მუშაობა. დილის შვიდიდან საღამოს 5 საათამდე ხელში მაკრატელი გიჭირავს და ფიქრობ, რაც შეიძლება მეტი ჩაი დაკრიფო, კარგად რომ გამოიმუშავო. დამსაქმებელი მთელი დღე გვერდით გიდგას და გიკონტროლებს სამუშაოს. თუ არ მოეწონები, შეუძლია ხელფასი არც გადაგიხადოს. მქონია ასეთი შემთხვევაც – მიმუშავია და არ გადაუხდიათ. ჩაი უხარისხო აღმოჩნდა – არ ჩაიბარეს ქარხანაში, კრეფაც არ ვიცოდი და ტყუილად ვიმუშავე“, – იხსენებს ლუკა.

4 სხვადასხვა სამუშაო ადგილზე არასრულწლოვანი ლუკა უკონტრაქტოდ მუშაობდა. თურქეთში არასრულწლოვანთა გადასვლა მუშაობის მიზნით აკრძალულია. არალეგალურად დასაქმებული კი სამართლებრივად ვერ მოსთხოვს დამსაქმებელს შრომა აუნაზღაუროს, თუ ხელფასს არ გადაუხდიან. დამსაქმებელს ლუკასთან კონტრაქტი არც საქართველოში დაუდია, როცა ლუკამ გონიოში ხილ-ბოსტნეულის გამყიდველად დაიწყო მუშაობა.

„ჯერ იმ ასაკში არ ვარ, რომ საკუთარ თავზე ვიფიქრო ეს და ეს მჭირდება-მეთქი, თურქეთში სამუშაოდ ოჯახის დასახმარებლად დავდივარ. უნივერსიტეტში ვაბარებ და სწავლისთვის საჭირო ფულის დასაგროვებლად იძულებული ვარ ახლაც თურქეთში წავიდე თხილის საკრეფად“, – ამბობს ლუკა. თურქეთში თხილისა და ჩაის საკრეფად ზაფხულობით მასთან ერთად, ძირითადად, არასრულწლოვნები მუშაობენ აჭარიდან.

17 წლის ლუკა ოთხწლიანი სამუშაო გამოცდილებით

ლუკა ჩვიდმეტი წლისაა. ბავშვობიდან მუშაობს. ხან ჩაის კრეფს თურქეთში და ხან თხილს. ამბობს, რომ ოჯახს არჩენს. წელს კი აპირებს თანხა შეაგროვოს იმისთვის, რომ უნივერსიტეტში სწავლა შეძლოს. არასრულწლოვანთა შრომა

Posted by ბათუმელები • Batumelebi.ge on შაბათი, 27 ივლისი, 2019

17 წლის ბარბარე თურმანიძე ბათუმშია დასაქმებული, ისიც ლუკას მსგავსად 14 წლიდან მუშაობს. ამ ასაკში ყავას და ბლინებს ყიდდა, 450 ლარს უხდიდნენ, მუშაობდა სეზონურად, ზაფხულობით: ორ დღეს მუშაობდა და ორსაც ისვენებდა, ბარბარეს ლუკასგან განსხვავებით დამსაქმებელმა კონტრაქტი გაუფორმა მშობლებთან შეთანხმებით. ოთხწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს და ახლა 21-ნომრიანი სასტუმროს ადმინისტრატორია. როგორც ბარბარე ამბობს, ყველა სამსახურში ის კონტრაქტით იყო დასაქმებული, ისევე როგორც ახლა, 21-ნომრიან სასტუმროში, სადაც ის ადმინისტრატორის მოვალეობას ასრულებს. საუბრობს ინგლისურად, რუსულად და სწავლობს თურქულს. სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიცია ბარბარესთვის პირველი სამსახურია, სადაც უკვე არა სეზონურად, არამედ მთელი წელი იმუშავებს, დღეში 12-საათიანი გრაფიკი აქვს – ერთ დღეს მუშაობს, ერთს – ისვენებს.

ბარბარე თურმანიძე: ,,მე გამიმართლა და სწორ ადამიანებთან აღმოვჩნდი, უკონტრაქტოდ არასდროს მიმუშავია”.

გასაუბრებაზე ბარბარეს უთხრეს, რომ სექტემბრიდან, როცა სკოლაში სწავლა დაეწყება, მას თანამშრომელი შეენაცვლება და მუშაობასა და სწავლაში მოქნილი გრაფიკის საშუალებით ხელი არ შეეშლება. აპირებს, რომ გაკვეთილების მერე იმუშაოს, რეპეტიტორებთანაც იაროს და უნივერსიტეტის მისაღები გამოცდებისთვისაც მოემზადოს.

„ვფიქრობ, იურიდიულ ფაკულტეტზე ჩავაბარო, მაგისტრატურაში კი საზღვარგარეთ მინდა ვისწავლო. ვიმუშავებ და ფულს ჩემით შევაგროვებ“, – ამბობს ბარბარე.

17 წლის მაგდა კომახიძე ბათუმის ერთ-ერთ მარკეტშია დასაქმებული კონტრაქტით, დღეში 8 საათს მუშაობს შაბათ-კვირის ჩათვლით. როგორც მაგდა ამბობს, შაბათ-კვირას მას დასვენების უფლება კონტრაქტით აქვს, თუმცა ჯერ ამ უფლებით არ უსარგებლია. მოზარდი კვირაში 56 საათს მუშაობს. საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით კი, 16-18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 36 საათს.

გამომუშავებულ თანხას მაგდა წვრილმანი საჭიროებებისთვის ხარჯავს – ოჯახის, და-ძმების, საკუთარი თავისთვის. უნივერსიტეტში ჩაბარებას აპირებს. ,,ვისწავლი კარგად და ნორმალურ სამსახურს დავიწყებ. შაბათ-კვირის დასვენების უფლებით თითქმის არ ვსარგებლობ, მხოლოდ ერთხელ დავისვენე. როცა დამწყები ხარ გერთულება ყველაფერი, მაგრამ მერე ეჩვევი გარემოს და  სირთულე ნულდება. იღლები მორალურად, ფიზიკურად, მაგრამ სამსახური მაინც კარგია. იგებ რა ფასი აქვს საკუთარი შრომით გამომუშავებულ ხელფასს. ფულის სწორად გადანაწილებას სწავლობ“, – ამბობს მაგდა.

მაგდა კომახიძე: ,,ვისწავლი კარგად და ნორმალურ სამსახურს დავიწყებ. შაბათ-კვირის დასვენების უფლებით თითქმის არ ვსარგებლობ, მხოლოდ ერთხელ დავისვენე. როცა დამწყები ხარ, გერთულება ყველაფერი, მაგრამ მერე ეჩვევი გარემოს და  სირთულე ნულდება. იღლები მორალურად, ფიზიკურად, მაგრამ სამსახური მაინც კარგია”.

სამსახურიდან შინ ღამის 12 საათზე ბრუნდება – ბათუმიდან სოფელ განთიადში. ამ დროს მისი სოფლისკენ ტრანსპორტი იშვიათად მოძრაობს და ღამით დაახლოებით ერთ კილომეტრს გადის ფეხით გაჩერებამდე მისასვლელად.  „წლებია ასე დავდივარ და მივეჩვიე, გამომიმუშავდა სიბნელესთან, ღამესთან, ხალხთან შეჩვევის უნარი“, – ამბობს მაგდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევის მიხედვით, ბავშვთა შრომაში ჩაბმული ბავშვების 63.9% (16 ათასამდე ბავშვი) სახიფათო შრომაშია ჩართული და მათი უმრავლესობა – 9 ათასი ბავშვი ღამის საათებში მუშაობს, 5 500 ბავშვი – სახიფათო გარემოში, ხოლო 4 700 ბავშვი  მუშაობს სახიფათო ინსტრუმენტების, მოწყობილობებისა და მანქანა-დანადგარების გამოყენებით ან ატარებს მძიმე ტვირთს. სახიფათო შრომით დაკავებულია ბავშვთა შრომაში ჩართული ბიჭების 67.4% და გოგონების 51.4%.

17 წლის კონსულტანტი განთიადიდან

მაგდა კომახიძე 17 წლისაა, იგი განთიადის საჯარო სკოლაში სწავლობს და ბათუმში ერთ-ერთ მარკეტში, კონსულტანტად მუშაობს. "ეს სამუშაო დამეხმარა იმაში, რომ ვისწავლე საკუთარი შრომის ფასი. საკუთარი შრომით გამომუშავებული თანხის ფასი, როგორ დავხარჯო სწორად…"

Posted by ბათუმელები • Batumelebi.ge on ოთხშაბათი, 24 ივლისი, 2019

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თამარ ნერგაძე არის "ბათუმელების" რეპორტიორი 2017 წლის ოქტომბრიდან