30 ივლისს, ღამის საათებში სამი ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით დაჭრეს ბათუმში, ახალ ბულვარში, მოცეკვავე შადრევნების მიმდებარე ტერიტორიაზე.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, დაჭრილ პირებს შორის ერთ-ერთი აზერბაიჯანის მოქალაქეა. უცხოელია დანარჩენი ორი დაზარალებულიც.
დაჭრილები სასწრაფო დახმარების სამედიცინო სამსახურმა ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ორმა მათგანმა უკვე დატოვა კლინიკა, მათი ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გამხდარა, ერთს კი ოპერაცია ჩაუტარდა და როგორც რეფერალურ ჰოსპიტალში გვითხრეს, „გაუმჯობესებული მდგომარეობით აგრძელებს სტაციონარულ მკურნალობას.“
შს სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენაში მხილებული მონაწილე პირი არის 2001 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო – ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება.