მთავარი,სიახლეები

არა ჩაბეტონებას – „ბათუმი რივიერას“ პროექტის წინააღმდეგ ხელმოწერებს აგროვებენ

29.07.2019 • 1216
არა ჩაბეტონებას – „ბათუმი რივიერას“ პროექტის წინააღმდეგ ხელმოწერებს აგროვებენ

ბათუმში, მემედ აბაშიძის #1-ში, „იუნკერთა სკვერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაეები ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილ სამშენებლო პროექტს აპროტესტებენ. ისინი აქციაზე მივიდნენ ტრანსფარანტებით – „რივიერა ცათამბჯენების გარეშე“, „ბეტონყმობა“, „ურბანული კოლიტი“.

დაგეგმილი პროექტი ხუთი ცათამჯენის მშენებლობას ითვალისწინებს, მოლაქეები მიიჩნევენ, რომ ეს ადგილი მაღალმა შენობებმა არ უნდა ჩაკეტოს, შესაბამისიად არ უნდა დაიკარგოს ზღვის სივრცე, ჰაერის გადანაწილების შესაძლებლობა და ხედი.

აქციაზე პროექტის საწინააღმდეგო ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყეს.

ბათუმის საკრებულომ  16 ივლისს, ხმაურის ფონზე, მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ბათუმის მერიას დაევალა დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება „რივიერას“ ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის [გრგ] დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტის  მოსამზადებლად. პროცედურა პროექტის [გრგ-ის] საჯარო განხილვასაც გულისხმობს.

რივიერას ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმა საბოლოოდ ბათუმის საკრებულომ უნდა დაამტკიცოს.

საპროტესტო საფრთხობელა რივიერაზე. ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

პროექტი „ბათუმი რივიერა“ დაახლოებით ცხრა ჰექტრამდე ტერიტორიას მოიცავს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, აქედან  59 042 კვ/მ ტერიტორია უშუალოდ „სილქ როუდის“ საკუთრებაშია, 923 კვ/მ ნავსაყუდელის ნაგებობა და იქვე არსებული 8 533 კვ/მ მიწის ნაკვეთი 20-წლიანი იჯარით აქვს აღებული კომპანიას, 10 226 კვ/მ ტერიტორია აჭარის საკუთრებაშია, ხოლო 8 631 კვ/მ ბათუმის მუნიციპალიტეტის [ჭაჭის თაუერი] საკუთრებაა.

ბათუმელი აქტივისტები ამ მშენებლობას იმ მოტივით ეწინააღმდეგებიან, რომ კოშკების აშენების შემთხვევაში შეიცვლება ისტორიული ქალაქის იერსახე და გაუარესდება თანამედროვე ქალაქის ვენტილაცია. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ტერიტორია კომპანია „გეოგრაფიკის“ სპეციალისტებმა ისტორიული ბათუმის საზღვრებში შეიტანეს. ისტორიული ბათუმის საზღვრების რუკა კომპანიამ ბათუმის მერიის დაკვეთით შექმნა. ისტორიული ზონის საზღვრებში კი, არ შეიძლება არსებულ განაშენიანებაზე მეტი სიმაღლის შენობების აშენება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: