მთავარი,სიახლეები

გაფიცვის ერთ-ერთ ლიდერ სოცმუშაკს შვებულების უფლება არ მისცეს და სამსახურიდან წავიდა

30.07.2019 • 2117
გაფიცვის ერთ-ერთ ლიდერ სოცმუშაკს შვებულების უფლება არ მისცეს და სამსახურიდან წავიდა

„უსუსური და უსამართლო აღმოჩნდა ჩვენი ქვეყანა სოციალური დაცვის კუთხით და მათ შორის, სოცმუშაკებისთვის,“ – თქვა ჩვენთან საუბრის დროს ინგა დავითაძემ. ინგა უკვე ყოფილი სოციალური მუშაკია – გუშინ, 29 ივლისს, მას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება ჩაჰბარდა. რამდენიმე თვის წინ ინგა კოლეგებთან ერთად გაიფიცა და სისტემური ცვლილებები მოითხოვა. ივლისის დასაწყისში კი, მან კანონით გათვალისწინებული უფასო შვებულება მოითხოვა,  რაზეც უარი უთხრეს. შვებულებაზე უარის შემდეგ ინგა დავითაძემ სამსახურის დატოვებაზე დაწერა განცხადება.

რის გამო დატოვა სამსახური სოციალურმა მუშაკმა, რომელიც სოცმუშაკების გაფიცვის პროცესში ერთ-ერთი ლიდერი იყო ბათუმიდან და რა ხდებოდა სააგენტოში მას შემდეგ, რაც გაფიცული სოცმუშაკები სამსახურში დაბრუნდნენ? – „ბათუმელები“ ინგა დავითაძეს სოციალურ ქსელში ესაუბრა. იგი ამჟამად ესპანეთში იმყოფება.

ინგა, თავდაპირველად გვითხარით, რის გამო დატოვეთ სოციალური მომსახურების სააგენტო და გაასაჩივრებთ თუ არა სააგენტოს უარს უფასო შვებულებით სარგებლობაზე?

მე ვარ ნათელი მაგალითი იმის, რომ შესაძლოა 18 წლის განმავლობაში იბრძოლო და ვერაფერს მიაღწიო. უსუსური და უსამართლო აღმოჩნდა ჩვენი ქვეყანა სოციალური დაცვის კუთხით, მათ შორის, სოცმუშაკებისთვის… ბრძოლა არ დასრულებულა, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ ვერ მივაღწიეთ იმ ადამიანების უფლებების დაცვას, ვისთვისაც ვიბრძოდით. ჩვენი ბრძოლა „ბათუმელებიდან“ დაიწყო, სადაც პირველად ვისაუბრეთ მე და ჩემმა კოლეგებმა არსებულ პრობლემებზე. ეს იყო სტატია „ზრუნვა ცარიელი ხელებით“. მახსოვს, ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა ამას ჩვენი ხელმძღვანელობისა და სამსახურების მხრიდან – როგორ გავბედეთ და გამოვამზეურეთ ასე პრობლემები, გადარეულია სამმართველოს უფროსიო, მეუბნებოდნენ.

ახლაც არ მინდა კონკრეტული სახელებისა და გვარების დასახელება, მაგრამ თბილისიდან დამირეკეს და მომთხოვეს კონკრეტული ოჯახები, რომლებსაც სოციალური მუშაკები პირადად, საკუთარი ხარჯებით დავეხმარეთ. სტატიაში ვსაუბრობდი ერთ-ერთ ბავშვზე, რომლის დედაც კვების პროგრამაში ჩართვას ითხოვდა, ამას კი რამდენიმე თვე სჭირდებოდა და ჩვენ, სოცმუშაკები ვუგროვებდით თანხას. როცა დარეკეს, ვუთხარი, რომ ახლა ის ბავშვი უკვე ორი წლისაა და ცოცხალია. არც ამ სატელეფონო ზარების შემდეგ მისულან იმ ბავშვის ოჯახში, სამწუხაროდ.

სამწუხაროა, რომ ეს მიდგომა არც გაფიცვის შემდეგ შეიცვალა. გაფიცვის დღეებში ჩვენ მოგვმართა ერთ-ერთმა მშობელმა, ვისი შვილიც შენობიდან ჩამოვარდა და ძლივს გადარჩა. დედა ითხოვდა რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართვას. გაფიცვის დღეებში აცხადებდნენ სამინისტროში, რომ ჩვენ ჩაგვანაცვლეს და პრობლემა არ შექმნილა. სინამდვილეში კი, მე იმ ბავშვის დედის განცხადება სამუშაო მაგიდაზე დამხვდა.

კონკრეტულად რა მოტივით გითხრეს უარი უფასო შვებულებაზე?

უფასო შვებულებას ვითხოვდი ჩემი შვილის პრობლემების გამო. ვიდრე სოციალური მუშაკი ვიყავი, ოჯახი თითქმის მიტოვებული მყავდა… ჩემს შვილს ჰქონდა მეტყველების პრობლემა და საბავშვო ბაღში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, გადაიზარდა ლოგონევროზში [იგულისხმება 2017 წელს ბათუმის მე-14 საბავშვო ბაღში მომხდარი შემთხვევა, სადაც მშობლის თქმით, ბავშვებს ერთმანეთის თანდასწრებით აშიშვლებდნენ პარაზიტებზე შემოწმების მიზნით. ეს შემთხვევა ამ დრომდე გამოუძიებელია].

მე, სოციალური მუშაკი, შევესწარი უშუალოდ ბავშვზე ძალადობის შემთხვევას, დავრეკე 112-ზე და რეაგირება იყო ის, რომ მე მისაყვედურეს, ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომელმა როგორ გავაპროტესტე ისევ ჯანდაცვის სამინისტროს ტენდერით განხორციელებული სამუშაო. ამ პროექტს ახორციელებდა ბაღების გაერთიანება და ბათუმის პირველი პოლიკლინიკა. სამსახურში მომთხოვეს ახსნა-განმარტების დაწერა მაშინ იმის გამო, რომ ერთი საათით დავტოვე სამსახური. არადა, აღმზრდელმა დამირეკა ბაღიდან, რომ ჩემი შვილი ტიროდა, ვერ აჩერებდნენ და იყო ცუდად. აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა კი მედიით გააკეთა შეფასება, ყველა ხელის დაბანაზე მშობელს ვერ დავურეკავთო. ბავშვის თანატოლებთან გაშიშვლება და ბავშვზე ძალადობა ხელის დაბანას არ უნდა შეადარო, ნამდვილად.

ამჯერად მოვითხოვე უფასო შვებულება 90 დღით, რადგან ლოგონევროზზე, სამწუხაროდ, საქართველოში ვერ მუშაობენ. მითხრეს, რომ „საჭიროებიდან გამომდინარე“ ვერ მივიღებდი უფასო შვებულებას. სააგენტოს არ დაუკონკრეტებია, რა იყო ეს საჭიროება. იძულებული გავხდი, სამსახურიდან წასვლა მომეთხოვა, რაც დამიკმაყოფილეს. ჯერ არ ვიცი, ვიდავებ თუ არა სამართლებრივად სააგენტოს წინააღმდეგ, პროფესიულ კავშირთან გავდივარ კონსულტაციას.

რა ხდებოდა გაფიცვის შემდეგ, ანუ აპრილიდან, როცა სამსახურში დაბრუნდით – რამდენად შეცვალა თქვენ მიმართ დამოკიდებულება ხელმძღვანელობამ?

მოგეხსენებათ, რომ გაფიცვის არც ერთი პირობა არ შესრულებულა. როცა დავბრუნდით, არ მოსულა ჩვენთან არც ერთი ხელმძღვანელი და არ უთქვამს, რომ რამე გამოსწორდება. პირიქით, ჩვენთან შემოვიდა რუსუდან სალუქვაძე [სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელის მოადგილე] და გვისაყვედურა, ამდენი საქმე რომ დაყარეთ და წადით, ერთ-ერთი მაინც დარჩენილიყოო. ანუ ჩვენ თურმე კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით ვერ უნდა ვისარგებლოთ, ხელმძღვანელობას ზედმეტი საქმე რომ არ მისცემოდა. ფილიალის ხელმძღვანელი, თემურ ქარცივაძე, საერთოდ არ შემოსულა და არაფერი უთქვამს. ის ისე იქცეოდა, ვითომც არაფერი მომხდარა.

გაფიცვის დროს სამინისტრომ თქვა, რომ თქვენ ხელმძღვანელების სამსახურებრივი ავტომანქანებით შეძლებდით გადაადგილებას. იყენებდით იგივე თემურ ქარცივაძის ავტომანქანას? 

არა, მე პირადად არასდროს გამომიყენებია. ეს არის კომუნიკაციის პრობლემა. ძირითადად ასევე ექვსი საათის შემდეგ ხდებოდა შემთხვევები, სადაც გასვლა იყო საჭირო და გადაადგილება იყო პრობლემა. ამ დროს კი, ხელმძღვანელობა ძირითადად სამსახურში აღარ არის.

ახალი ტენდენცია, რაც გაფიცვის შემდეგ მოხდა, იყო საჩივრები სოციალური მუშაკების წინააღმდეგ. მე 18 წელი ვმუშაობდი და წელი ისე გავიდოდა, საჩივარი არ იწერებოდა. ახლა კი ერთდროულად 4 საჩივარი დაიწერა, მაგალითად, ჩემ წინააღმდეგ. მე არ მისაუბრია ბენეფიციარებთან, რატომ დაწერეს საჩივრები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს მიზანმიმართულად ხდებოდა. სხვების წინააღმდეგაც აწერინებენ საჩივრებს. ერთ-ერთი საჩივრის შემდეგ, რუსუდან სალუქვაძემ დამიბარა და მითხრა, რომ საყვედური უნდა დამიწეროს. ვუთხარი, რომ ჯერ საქმის შესწავლაა საჭირო. ეს ის ქეისი იყო, რომელიც სასამართლომაც გამოიყენა, როგორც სოციალური მუშაკის დასკვნა. ჩემთვის საბოლოოდ არ დაუწერიათ საყვედური, მაგრამ ეს პროცესი გააქტიურებულია.

გავიგეთ, რომ განიხილება სოციალური მუშაკების ჯანდაცვის სისტემისგან ჩამოშორება და ტრეფიკინგის ფონდის დაქვემდებარებაში გადაყვანა. თქვენ თუ გსმენიათ ამის შესახებ?

კი, ეს საკითხი განიხილება. რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტროს ინტერესია მოიშოროს სოციალური მუშაკები. „ეს სოციალური მუშაკები“, „ეს ბავშვზე ზრუნვის დეპარტამენტი“ – ასე მოგვიხსენიებდნენ ბოლო პერიოდში, ეს გვესმოდა. ვფიქრობ, არ იქნება ცუდი ტრეფიკინგის ფონდის დაქვემდებარებაში გადასვლა, რადგან ტრეფიკინგი არის ჩვენი სამუშაოს ერთ-ერთი მიმართულება და არ შეიძლება სოციალური მუშაკი 32 საქმეს ერთდროულად აკეთებდეს. ვფიქრობ, ასე შესაძლებელია უფრო მეტად მოახერხოს ხელისუფლებამ ამ კუთხით მუშაობა.

სოციალური მუშაკების გაფიცვა ბათუმში. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: