განათლება,სიახლეები

ვინ ისწავლის საირმის ტურიზმის სკოლაში, რომელმაც 200 კადრი უნდა დაასაქმოს წელიწადში

30.07.2019 • 1596
ვინ ისწავლის საირმის ტურიზმის სკოლაში, რომელმაც 200 კადრი უნდა დაასაქმოს წელიწადში

განათლების სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვით, საირმეში უნდა გაიხსნას ტურიზმის სკოლა, რომელიც წელიწადში  საშუალო რგოლის 200 სპეციალისტს მოამზადებს და „სპეციალისტები ავტომატურად დასაქმდებიან“.  სკოლა სასტუმრო და სარესტორნო საქმის სპეციალისტებს გამოუშვებს.

სამინისტროს ინფორმაციით, სკოლისთვის აკადემიურ პერსონალს საერთაშორისო პარტნიორები მოამზადებენ.

სად და როგორ დასაქმდება ყოველ წელს ტურიზმის სფეროს 200, საშუალო რგოლის სპეციალისტი? – მასპინძლობის ინსტიტუტის დამფუძნებელი მანანა უგულავა, რომელიც საირმეს ტურისტული სკოლის ბიზნესპარტნიორია, ამბობს, რომ ამ პროექტში ათი უმსხვილესი კომპანიაა ჩართული.

„მაგალითად, ისეთი კომპანიები, როგორიცაა: „სილქ როუდი“, „რედიქსი“, „სტემ ჯგუფი“ და ა.შ. ასე ვთქვათ, ეს არის კორპორატიული პარტნიორობა, 15-15 ადგილი იქნება გამოყოფილი ყველა კომპანიიდან ამ სპეციალისტების დასასაქმებლად.

ყველა ამ ჯგუფს, რაც ვახსენე, დიდი გეგმები აქვს, ახალ-ახალი სასტუმროები იხსნება. ამიტომ, საშუალო რგოლის მენეჯმენტის საჭიროება არსებობს“, – გვითხრა უგულავამ.

მისი თქმით, სკოლა შეასრულებს რეგიონული ჰაბის ფუნქციასაც, რაც გულისხმობს იმას, რომ სკოლა ორიენტირებული იქნება საერთაშორისო სტუდენტებზე. თუმცა განათლების სამინისტროში ვერ აკონკრეტებენ, 200 ადგილიდან უცხოელ სტუდენტებზე რამდენი ადგილია გათვალისწინებული.

სკოლაში პროფესიულ განათლებას მიიღებენ მეზობელი ქვეყნების მოქალაქეებიც. „ასევე იქნება აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი, რადგან მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია და შვეიცარული სკოლაა ჩართული ამ პროექტში“, – ამბობს მანანა უგულავა.

რა ფორმითაა განათლების სამინისტრო პროექტში ჩართული? – ვკითხეთ მანანა უგულავას, რომელიც გვეუბნება, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც დაიწყო სახელმწიფომ, შემდეგ კი პროცესში კერძო სექტორი ჩაერთო.

საირმის ტურისტულ სკოლაში მიღება სექტემბრიდან უნდა დაიწყოს. სკოლას წელიწადში ორჯერ ექნება მიღება. სწავლება ექვსთვიანია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: